აქა ამბავი „სოლომონ ისაკიჩ“-სოსო გოგაშვილისა

ნოსტალგია რთული რამაა, ძალიან რთული. ნოსტალგია განსაკუთრებით მაშინაა მძლავრი და მძაფრი, როცა ერთ დღეში ზეკაცი ხდები, მაგრამ უცებ, ჰოპლა და ზეკაცობიდან ჩია კაცობამდე დადის შენი წონა.
არადა, ზეკაცნი არც ქონებას აგროვებენ და არც ფულს, უბრალოდ, ისინი სახელს იხვეჭენ სიკეთისა და სამართლიანობის თესვით.
ზეკაცი მარტო ის არაა, ვინც სიკეთეს აკეთებს, არა _ ზეკაცი ისაა, ვისი სიტყვაც და საქმეც სიმართლესთანაა ახლოს, სიმართლე კი სიკეთის გარეშე არ არსებობს.

ჰოდა, ამ ჩვენმა სოსომ რაც დაისვენა და სახლში წავიდა, კი შეუმსუბუქდა ყოველი დღე და ფიქრობდა, მეტი რაღა მინდაო _ ბიძინას სახელითა და ჩემი მარიფათით ჯერ ხომ ვალები სულ გავანულე, მერე სახლი ავიშენე, ჩემს გოგოს ცალკე ვუყიდე ბინა და უფროსს ბიჭს კიდევ, _ ცალკეო… შირაქში იმდენი მიწა ვიყიდე, რომ ჩემს შვილებსაც ეყოფათ და შვილიშვილებსაცო. მაგრამ ყველაზე მთავარი _ სახლი ისე გავაწყვე და გავკაზმე, რომ ერთი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის სახლის გახსნის ე. წ. პრეზენტაციაც კი მეკუთვნისო. ბუხარი და მარანი რა, მარტო თამაზაშვილს უნდა ჰქონდესო? ერთი „ხოდიანი“ მარანი მეც გავაკეთე, ყველაფერი უმაღლესად არის, საუკეთესოა და რაც მე ამ მარანში ქვეყნის პარლამენტისა და ბიძინას ბედი მიწყვეტია, იმდენი გახარება და შემოსავალი 100 წელი ჩემს შვილებსაო… ჰოდა, ამ ფიქრებით დაწყნარებულმა გადაწყვიტა, სახლში მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება… მაგრამ მთლად ვერ გამოუვიდა ეგ ამბავი, დარდმა და ფიქრმა შეყოლიება იცის და ცოტა არ იყოს, შიშებიც აეკვიატა, როგორც ჩანს. შიში იქით იყოს და ეს მთა-ბუმბერაზი კაცი უცებ დაივიწყეს და აღარც დილა მშვიდობისას ეუბნებოდნენ, აღარც 100-ობით კაცი ულოცავდა აღდგომას, აღარც ლხინში ეძახდნენ და დაიბნა ჩვენი სოსო…
არადა, იქ როგორ არის, სოლომონ ისაკიჩი რომ ამბობს ბოლოს, _ ის დრო სჯობდა, როცა ოჯახს უჭირდა, მაგრამ ერთად ვიყავით და ბედნიერებიო. ისიც კი ხვდება, ბოლოში რომ ქონება ბედნიერებას არ ნიშნავდა, სჯობდა ისევ ჩარჩებთან ევაჭრა ქათამ-წიწილით და ამდენი დარდი არა ჰქონოდა.
ჰოდა, ჯღანი ჯღანია, მეჯღანუაშვილი რომ ბაგრატიონ მუხრანსკი ვერ გახდებოდა, ბოლოს მიხვდა სოლომონი. ასე დაემართა ჩვენს სოსოსაც და მიხვდა, რომ არც ის იყი გენერალი-სიმუსი, _ იარა, იარა და თავისი გზა ისევ მოძებნა.

რას უყვება „ქრონიკა+“-ს ინკოგნიტო მეგობარი:
_ სამი სოფელია კახეთში, ერთი დაბაა უფრო: წნორი, ვეჯინი და ჩაილური. რამდენი ხანია, თითქმის ბოლო 2 წელია, რაც ქუჩაში გამოფენილი ხორცი აღარ იყიდებოდა. ბოლო ოთხი-ხუთი თვეა, გამოფენა-გაყიდვა დაიწყო.
_ ღია ცის ქვეშ?
_ რა თქმა უნდა და გგონია, ხორცი მოწმდება? ამდენი ტურისტი მოძრაობს და წარმოიდგინე, რას ხედავენ ამ სოფლებში _ ხორცის გამოფენა-გაყიდვაა ცენტრალური გზაზე.
_ რას აკეთებს ამ დროს სურსათის უვნებლობის სამსახური?
_ არაფერს. რა უნდა გააკეთოს? გაფრთხილებულები არიან, ეგ ბიზნესი გოგაშვილს ეკუთვნის და იქ ნუ ჩაერევით, სადაც თქვენი ადგილი არ არისო.
_ ანუ სოსო ხორცის ბიზნესს დაუბრუნდა?
_ კი, დაუბრუნდა და თან როგორ! _ მთავარი ისაა, რომ სოსომ ვანო მერაბიშვილის აწყობილი ხორცის ბიზნესიც გადაიბარა და თავისიც დაამატა.

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტმა ამის მეტი არა იცის რა, ჰოდა, ახლა სოსოს ექსმეგობრებთან ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება:
„კი ვიცით, რომ რაღაც ბიზნესებისთვის ხელშეუხებლობა ითხოვა იმის გარანტად, რომ მშვიდად იქნებოდა სახლში და მას რაღაც სტაბილური შემოსავალი გაუჩნდებოდა. ეს ხორცს ეხება, რძეს თუ ყველს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ რაც მისი სფერო იქნება, იქ არავინ შეუშლის ხელს“.

ასე იცის სოლომონობამ, _ თოფი მეთოფესო, ქუდი მექუდესო და მექუდე კიდევ _ სოფელსო. მაგრამ სოფელში ერთი კარგი გამონათქვამიც აქვთ ქიზიყელებს, _ ქუდი ღირსებით უნდა გქონდეს სავსე და არა ქაქითო.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ არაერთხელ მოითხოვა, რომ ცენტრალურ გზაზე აიკრძალოს ხორცისა და სხვა მალფუჭებადი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა… მაგრამ ფაქტია _ შედეგს რწმუნებულის აპარატი მაშინ აღწევდა, როცა მას არავინ ეღობებოდა, ახლა კი ნაჩუქარ ბიზნესს ჯერ ხელს ვერ უშლიან
მაგრამ, აი, ეს მაგრამ…
გოგაშვილმა თავისი მიწების გაყიდვის პროცესი უკვე დაიწყო. მის ნათესავებსა და მას უკვე კანადისა და ამერიკის ვიზებზე აქვთ დაწყებული აქტიური ჩალიჩი.
კანადაში საქართველოს ელჩი ვერ აღმოჩნდა ხელწამოსაკრავი, რის გამოც სოსომ ვერ მიიღო ოჯახის წევრებისთვის 6-წლიანი ვიზები.
მეორე სტრატეგიული გეგმა, რასაც ის ამუშავებს, არის „ევროპულ საქართველოში“ ლობის პოვნა. მიზეზი მარტივია: მას უნდა, უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს 2020-ში.
რაც შეეხება ვახა მაჩალიკაშვილის თემას, ეს სოსოსთვის საფრთხილოა, მაგრამ საფუძველს აძლევს, სახელმწიფოს მოსთხოვოს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვა.
თუმცა სწორედ ამ ბოლო მოთხოვნაზე ივანიშვილისგან უარი მიიღო. როგორც ბიძინამ იკითხა, _ და რამდენი კაცი უნდა დავიცვათ? ერთი ოჯახი? ორი? სამი? იმდენი მიიღო სარგებელი, თავადაც შეუძლია აიყვანოს დაცვა ან არადა მივიდეს და შეხვდეს პირისპირ მაჩალიკაშვილს და მას გასცეს პასუხი.
მარტივი არაა, შეეპასუხო ბიძინას…
არც გადამდგარი გენერლის ცხოვრება აღმოჩნდა ადვილი. პირიქით, თურმე, როცა შეტოპავ ან იქ რჩები, ან ნაპირზე სუფთად გამოდიხარ.
მაგრამ… მაინც ბედის ირონიაა სოსოს ამბავი, მეხორცე _ გენერლად აქციეს და გენერალი _ ისევ მეხორცედ.
ჭოტის ამბავივით ესეც საინტერესოა.
რა იქნება ხვალ? ზეგ?
ველოდები მყიდველს, ვინც მის მიწებს იყიდის. რაც მთავარია, თიამ ევროპაში უკვე შეარჩია სკოლაც და სახლიც, სადაც თავის მომავალს ხედავენ გოგაშვილები.
ასე რომ, დრო ხანდახან მკურნალი არ არის, ჩემო სოსო.

P. S. „ქრონიკა+“ აპრილში 6 წლის გახდა. ყველანაირი ლაფი გვესროლეთ, ლაფი არ იკმარეთ და დათო დაიჭირეთ… სამართალმა პური ჭამა, რაც იმას ნიშნავს, რომ დათო ხარშილაძე მართალი და თავისუფალი კაცია.
მე და შენ ხომ ვიცით, სოსო, რომ მე ვერ მიყიდე…
ჰოდა, წადი და ბიძინას დაუჯერე. ისე, იცოდე, ვერ გიშველის ევროპული საქართველოს ლობირება.

მაკა მოსიაშვილი