ვლადიმერ გოროზია: „ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს ვერ პოულობენ“

ახალგაზრდებისგან დაცლილი რაიონები და სოფლები ჩვენი რეალობის ნაწილი გახდა, რომელსაც ვერსად გავექცევით. სწორედ რეალობისგან და უპერსპექტივობისგან გარბიან ახალგაზრდები სოფლებიდან დედაქალაქში, დედაქალაქიდან კი _ საზღვრებს მიღმა.

რატომ არ აქცევს სახელმწიფო ახალგაზრდებს ყურადღებას და პრობლემებს მიზანმიმართულად აიგნორებს? რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა?
რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრსა და სამოქალაქო აქტივისტ ვლადიმერ გოროზიას ესაუბრა:
_ ვლადიმერ, რამ განაპირობა პოლიტიკით თქვენი დაინტერესება და თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ „თავისუფალ დემოკრატებში“ გაერთიანება?
_ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, აქტიურად ვადევნებდი თვალს პოლიტიკურ პროცესებს, მაინტერესებდა და მსურდა, დიდი დოზით ჩავრთულიყავი მასში. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, 2006 წლიდან ჩავები პოლიტიკურ პროცესებში დამოუკიდებლად, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ მქონია ურთიერთობა. 2010 წელს ისე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, ჩემთვის არსებითად მისაღები იყო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ჩემი შეხედულებებიც დაემთხვა პარტიის შეხედულებებს, გუნდიც პროფესიონალებით, საქმეზე ორიენტირებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი ვყოფილიყავი. 2010 წლიდან 2016 წლამდე გახლდით „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამოვედი.
_ რატომ დატოვეთ „თავისუფალი დემოკრატები“?
_ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ან ორი ადამიანი ერთმანეთთან რაღაც საკითხებზე თანხმდება, ყოველთვის არის გარკვეული თანხვედრის წერტილები, მაგრამ როდესაც დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვევენ და პარტია დროში ასცდება პოლიტიკურ პროცესებს, ჩემთვის, როგორც აქტიური მოქალაქისთვის, მსგავსი პოლიტიკური დღის წესრიგი მიუღებელია. ჩვენი ხედვები კონკრეტულ საკითხზე არ დაემთხვა _ როგორც პოლიტიკური პარტია და როგორც რიგითი მოქალაქე ვერ შევთანხმდით. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა „თავისუფალი დემოკრატები“, რის შემდეგაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.
_ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შემდეგ სხვა პარტიაში აღარ გაწევრიანდით, ამის მიზეზი იყო თუ არა ის, რომ პოლიტიკური პროცესები ისეთი ჯანსაღი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით?
_ მხოლოდ მსურდა, რომ პოლიტიკური აქტივობისგან თავი შემეკავებინა, უფრო მეტად დავკვირვებოდი პროცესებს და სამოქალაქო სექტორიდან უფრო განსხვავებული კუთხით შემეტანა წვლილი ჩემი ქვეყნის განსავითარებლად. არ არის სავალდებულო, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, თუ შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ რამე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გსურს, ამას არ სჭირდება პარტიის წევრის მანდატი. ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს თავისი შეხედულებისამებრ. არ არის აუცილებელი კონკრეტული ორგანიზაციის სახელი ქუდად გქონდეს მორგებული.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?
_ პირველ რიგში, ახალგაზრდების მთავარი გამოწვევაა თვითდამკვიდრების პრობლემა. უპირველესად, მაინც, განათლების ხარისხის დაბალი დონე და დასაქმება, ის სოციალური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს აწუხებს, არამედ სახელმწიფოებრივად პრობლემადაა ქცეული. ამ საკითხების გადასაჭრელად კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ისეთი პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც ქვეყანას დღევნდელი კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდებთან, რეგიონებშიც ხშირად მიწევს მათთან ჩასვლა, ბევრი ახალგაზრდა მხვდება, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საკუთარ თავს ვერ პოულობს საკუთარსავე ქვეყანაში. მათ იმის განცდა აქვთ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს საერთოდ არ აინტერესებს როგორ უნდა გადაიჭრას ახალგაზრდების პრობლემები. პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას მხოლოდ ცალსახად პოლიტიკურ პარტიებსა და მათ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ შეიძლება, ეს ორმხრივი საკითხია, თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე, თორემ ცალკე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე საუბრით სახელმწიფო არ შენდება.
_ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა. დღეს ქართველი ახალგაზრდები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას?
_ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი აქტიურ პროცესებშია ჩართული, თუნდაც პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული მიმართულებით, თუნდაც სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით ან თუნდაც ინდივიდუალურად, მაინც ვფიქრობ, რომ ეს არასაკმარისია შედეგის მისაღებად. თუ დეტალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების 5-10% შეიძლება იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესებში, რაც აბსოლუტურად არ განსაზღვრავს ახალგაზრდების შესაძლებლობებს. ამავდროულად, ხელისუფლებამ, კონკრეტულმა უწყებებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადადგან ისეთი ქმედითი ნაბიჯები და ისეთი ახაგაზრდული პოლიტიკა შეიმუშაონ, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს და თავის დამკვიდრების სტიმულს მისცემს. ადამიანური რესურსი _ ტვინები _ ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა იყოს ორმხრივი შეთანხმება და მოლაპრაკებები. ამას უნდა იზიარებდეს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ერთობლივად ვქმნით სახელმწიფოს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში.
აუცილებლად აღსანიშნია ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით თვითრწმენის არქონა, რაც ფობიებით არის გამოხატული, მაგალითად: „ჩემს აზრს არავინ ითვალისწინებს“, „მე არავინ არაფერს მეკითხება, არავინ მისმენს“… ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ძალიან ნიჭიერი თაობა მხვდება, იმაზე მეტად საქმეზე ორიენტირებული, ვიდრე დღეს არიან საკანონმდებლო ორგანოში. ამ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო ხედვები და იდეები აქვთ, ამ ყველაფერს კი გენერირება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება, რომ ახალგაზრადას არ ჰქონდეთ განცდა, თითქოს სახელმწიფოებრივ განვითარებას აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან.
_ სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდები მოწყვეტილები არიან სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს, მათ უპერსპექტივობის გამო უჩნდებათ ქვეყნის დატოვების სურვილი. რამდენად საგანგაშო ვითარებაა ამ კუთხით?
_ თუ გავითვალისწინებთ 2012 წლიდან 2018 წლამდე მონაცემებს, დაახლოებით მილიონ 800 ათასმა დატოვა ქვეყანა. ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს ვერ პოულობენ, თავის დამკვიდრება უჭირთ. სახელმწიფომ უნდა შექმნას ის დღის წესრიგი და სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს და თავის დამკვიდრების საფუძველს მისცემს. ვახსენე, რომ ხშირად მიწევს რეგიონებში სიარული. რაიონები და სოფლები აბსოლუტურად დაცლილია ახალგაზრდებისგან. მაგალითად, ვიყავი თიანეთში, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ მამალიც კი არ ყივის, ისეთი სოფლებია, ახალგაზრდებს საერთოდ ვერ შეხვდებით, ერთი-ორი თუ მოიძებნება. ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდებს რეგიონებში, სოფლებში დარჩენის სურვილი გავუჩინოთ, ჩვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის ისეთ რეალობას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა, ისეთ რეგულაციებს ახორციელებს, რომელიც თვითდამკვიდრების ყველანაირ წყაროს სპობს, ადამიანს იძულებულს ხდის, საკუთარ თავსა და ქმედებებზე უარი თქვას. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, _ განათლების სისტემის არარსებობა. ამ პირობებში არა მგონია, სატრაბახო გვქონდეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ განათლების კუთხით რეფორმატორები ვართ და იმ მოთხოვნებს ვპასუხობთ, რაც დაგვიწესა ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ა. შ. უმთავრესი პრობლემა ცოდნის კაპიტალის დანერგვა, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის განვითარებაა. ამ სამი ძირითადი ფუნდამენტური საკითხის გარეშე ახალგაზრდისა და მით უმეტეს, სახელმწიფოსა და ადამიანური რესურსის განვითარება ყოვლად შეუძლებელია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, საბოლოო ჯამში, მივდივართ განათლების პრობლემასთან. განათლებული თაობა და საზოგადოება ქმნის განათლებულ და ძლიერ სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული დღემდე უკვე მერამდენე ხელისუფლება შევიცვალეთ, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას დღის წესრიგში არ ჰქონია ნომერ პირველ პრობლემად დაყენებული სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია. წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე სახელმწიფოს არ ჰქონდეს თავისი სადემარკაცო ხაზი დადგენილი?! მაგალითად, მე არ ვიცი, სად არის საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის საზღვარი, ერთადერთი ვიცი საქართველო-თურქეთის საზღვარი, რომელიც სარფზეა. რუსეთის ფედერაციასთან საზღვრებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია! როდესაც სახელმწიფოებრივ პრობლემაზე ვსაუბრობთ, დიახ, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, ამ პრობლემის მოგვარების გარეშე არ შეიძლება თქვა, რომ შენ ხარ სახელმწიფო, ყოველგვარი დრამატიზებისა და გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ევროკავშირის ქვეყნები მოქმედებენ ერთი საზღვრის პრინციპით, მაგრამ მათ მაინც აქვთ საზღვრები დადგენილი. აშშ მკაცრად განსაზღვრავს მექსიკასთან საზღვარს; ისრაელიც, თურქეთიც. ჩვენთან კი არ არსებობს იმის პოლიტიკური ნება, რომ სადემარკაციო პოლიტიკა შემუშავდეს. პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგებით უნდა დაიწყოს და ასევე უნდა გატარდეს სახელმწიფოსთვის მისაღები განათლების პოლიტიკა.

ნენე ინჯგია