ტარიელ ფუტკარაძე: „დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობის გართულების ეშინია და ამიტომ ჩვენ გვწირავს!“

რუსულ ოკუპაციასა და ე. წ. ჰიბრიდულ ომზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა დღევანდელ ინტერვიუში „რუსული გაკვეთილების“ სხვა ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ბოლო დროს გააქტიურდა მოსაზრება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისს აღნიშვნა რუსული ნარატივია. სინამდვილეში, დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა ვიზეიმოთ.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ ბათუმის ყოფილ პრეფექტს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა:

_ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მოსაზრებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს კი არა, 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს. ბატონო ტარიელ, ეს მოთხოვნა თუ ინიციატივა გამართლებულია?
_ რა თქმა უნდა, გამართლებულია.
_ შეგიძლიათ, დაგვისაბუთოთ, გამართლებული რატომ არის?
_ ამის დასაბუთება ძალიან მარტივია: მსოფლიოს სახელმწიფოების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რამდენიმე საფუძველი აქვს: პირველი საფუძველი კონკრეტული სახელმწიფოს დაარსების დღეა; მეორე _ კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიაში გამორჩეული თარიღი, მაგალითად, საფრანგეთისთვის ასეთი თარიღი ბასტილიის აღების დღეა. რაც შეეხება მესამე საფუძველს, ყველა სახელმწიფო, სხვადასხვა დროს, დაპყრობილი იყო და, შესაბამისად, დამოუკიდებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღინიშნება. გეკითხებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე რომელია?
_ ამას რა კითხვა უნდა? _ 1991 წლის 9 აპრილი.
_ ჰოდა, თუ მსოფლიოს გამოცდილებას გავითვალისწინებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დაფუძნების დღე უნდა იყოს, თუმცა ეს დღე არავინ იცის, რადგან საქართველოს სახელმწიფო 23 საუკუნის წინათ დაფუძნდა, როცა ქუჯიმ და ფარნავაზმა დამოუკიდებლობა აღადგინეს; საქართველოს დამოუკიდებლობა აიეტის მიერ ისტორიული კოლხეთის დაფუძნების დღეს უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ეს დღეც არავის ახსოვს. თუ გვინდა, რომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ისტორიის რომელიმე გამორჩეული თარიღი იყოს, მაშინ ასეთი გამორჩეული თარიღი დიდგორის ბრძოლაა, როცა ქართველობამ ევროპისკენ მიმავალი თურქ-სელჯუკები, პრაქტიკულად, კავკასიონზე გააჩერა და საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა და განამტკიცა. კი ბატონო, თანახმა ვარ, რომ დიდგორის გამარჯვება, რომელიც აგვისტოში აღინიშნება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოვაცხადოთ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო თარიღი _ არც მეტი, არც ნაკლები _ 1991 წლის 9 აპრილია, რომელიც იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმითაა განმტკიცებული.
რაც შეეხება 26 მაისს, ეს ძალიან გამორჩეული თარიღია _ რუსეთის იმპერიის სამეფო დინასტიის განადგურების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელმაც სამი წელი იარსება. შესაბამისად, 26 მაისი პირველი რესპუბლიკის დაფუძნების დღეა, რომელსაც 70-წლიანი ახალი რუსული ოკუპაცია მოყვა. ამის შემდეგ კი საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ლოგიკურად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ რადგან საქართველოს დაფუძნების დღე არ გვახსოვს და არც დიდგორი გამოგვიცხადებია დამოუკიდებლობის დღედ, ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ბოლო დღეს, ანუ 9 აპრილს ვიზეიმოთ.
სხვათა შორის, კონსტიტუციაშიც ასე წერია და, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ამაში საკამათო რა არის.
_ საკამათო შეიძლება, არაფერია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი ითვლება. ისე, არსებობს მოსაზრება, რომ 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ძალებმა, საუბარია, აწ განსვენებულ შევარდნაძესა და მის გარემოცვაზე, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ მიზანმიმართულად გამოაცხადეს. ამაზე რას იტყვით?
_ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშნვა სრული გაუგებრობაა იმიტომ, რომ ვიღაცას არ აწყობს, ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა წინა პლანზე წამოიწიოს.
_ ეს ვიღაც ვინ არის?
_ ცოტა ვულგარულად რომ გითხრათ, ეს კლანი საქართველოს ხელისუფლებაში 1991-92 წლების პუტჩის შემდეგ მოვიდა. ეს კლანი საბჭოთა კავშირს უბედურებად არ მიიჩნევდა და ეს ინერცია დღემდე გრძელდება.
_ ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისის გამოცხადება რუსული ნარატივი და რუსული ე. წ. ჰიბრიდული ომის შედეგია?
_ საქართველოში რუსული ნარატივი და ჰიბრიდული ომის ნაწილი ძალიან ბევრი რამეა.
_ სახელდობრ?
_ პირველი რუსული ნარატივი 9 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებაა. ის, ვინც 9 აპრილს გლოვის დღედ აცხადებს ან რუსული საინფორმაციო ომის ზეგავლენის ქვეშ არის, ან რუსული საინფორმაციო ომის განმახორციელებელია! 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღეა და არა _ გლოვის!
მას, ვინც 9 აპრილს გლოვის დღედ აცხადებს, 26 მაისს კი _ დამოუკიდებლობის, აწყობს, რომ საბჭოთა რუსული აგრესია მიჩქმალოს და რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნა, გარკვეულწილად, ნორმად გამოაცხადოს. სხვათა შორის, ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ არ გაუქმებულა და ჟორდანიას დევნილობაში ყოფნაც დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, ველი იყოო. ეს რუსული იმპერიული აგრესიის, ანექსიისა და მამაძაღლობის ერთგვარი გაფერმკრთალებაა!
ისიც რუსული იმპერიული ველის და ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომ დამკვიდრებულია ტერმინები: „ქართულ-აფხაზურრი კონფლიქტი“, „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ და ა. შ. სინამდვილეში, საქართველოში არანაირი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ ყოფილა და არც არის. ის აფხაზები, რომლებიც საქართველოსთან კონფლიქტში შემოვიდნენ, სეპარატისტები არ იყვნენ.
_ აბა, ვინ იყვნენ?
_ ისინი რუსებისგან დაფინანსებული „ტიპები“ იყვნენ, მათ შორის, ქართველები, აფსუები და სომხები. ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს. ისინი ბათუმსა და თბილისში ცხოვრობენ. ასევე მყავს სოხუმელი სტუდენტები და მათ ქართველობასთან გართულება არ აქვთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არანაირი ქართულ-აფხაზური ეთნიკური დაპირისპირება არ არსებობს.
ასევე არ არსებობს ქართულ-ოსური ეთნიკური დაპირისპირება _ ქუთაისსა და თბილისში ჩემი მეზობლები ოსები არიან, მაგრამ მათთან პრობლემები არ მაქვს.
მოკლედ, პრორუსულად განწყობილი ოსები და აფხაზები სეპარატისტები კი არა, კოლაბორაციონისტები არიან.
_ სეპარატისტსა და კოლაბორაციონისტს შორის რა განსხვავებაა?
_ მას, ვისაც დამოუკიდებლობა კი არა, სხვა ქვეყანასთან შეერთება უნდა, კოლაბორაციონისტი ჰქვია.
ასე რომ, საქართველოში ტერმინოლოგიური და სტერეოტიპული დივერსიაა. ამის მაგალითია თუნდაც მთავრობის მიერ შექმნილი შერიგების სამინისტრო. ვის უნდა შევურიგდე, როცა აფხაზი და ოსიც რუსული იმპერიისგან ჩემსავით დაჩაგრულია და ჩვენ რუსეთთან ომი გვაქვს?! ასეთი მამაძაღლობები დღევანდელ მთავრობაშიც არსებობს და, საერთოდ, ამ მთავრობაში პუტჩისტური მთავრობის მიერ შექმნილი აზროვნება დარჩენილია!
_ ბატონო ტარიელ, ამბობთ, რომ 9 აპრილი გლოვის დღე არ უნდა იყოსო, მაგრამ ფაქტია: ამ დღეს ადამიანები დაიღუპნენ და მათ ხსოვნას პატივი არ უნდა მივაგოთ?
_ ძალიან ჭკვიანი ჟურნალისტი ხართ, შეგეკითხებით და მიპასუხეთ: დიდგორის ომის დროს, თურქ-სელჯუკებთან ბრძოლაში, ქართველობა დაიღუპა თუ არა?
_ ამას რა კითხვა უნდა? _ რა თქმა უნდა, დაიღუპა!
_ ისინი გმირები არიან!
_ დიახ, ასეა!
_ 9 აპრილი რუსეთის იმპერიასთან ომი იყო, რა დროსაც ადამიანები დაიღუპნენ და ეს ადამიანები გმირები არიან! მსხვერპლი მაშინაა, როცა, ვთქვათ, ხარაგაულში ჩინელი გვირაბს აშენებს, ეს გვირაბი ჩამოინგრევა და ქართველი ან ჩინელი დაიღუპება.
სხვათა შორის, 9 აპრილის მონაწილე მეც ვარ, მაგრამ როცა 8 აპრილს რუსთაველის გამზირზე მივდიოდი, ოჯახს ვუთხარი, შეიძლება, ცოცხალი ვერ დავბრუნდე-მეთქი, ანუ მე საქართველოსთვის ომში წავედი! ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო და როცა ბრძოლაა ან მოკვდები, ან გადარჩები! თუ ამ ბრძოლაში მოკვდები, გმირი ხარ და თუ გადარჩები, მაინც გმირი ხარ!
_ თქვენი არგუმენტი აბსოლუტურად ლოგიკურია იმის სადემონსტრაციოდ, თუ რატომ არ შეიძლება, 9 აპრილი გლოვის დღე იყოს… სხვათა შორის, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა და მოითხოვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს ოფიციალურად აღინიშნოს, თუმცა კანონმდებლებმა საკომიტეტო მოსმენებზე ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. კარგა ხანია, შევარდნაძის მმართველობა წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, ბატონო ტარიელ, პოლიტიკური ელიტის მიერ 9 აპრილის უარყოფას რით ხსნით?
_ ეს იმით აიხსნება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში შევარდნაძის მიმდევარი ან მისი სტერეოტიპით მოაზროვნე ადამიანი ძალიან ბევრია!
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომი გამძაფრებულია?
_ დიახ, გამძაფრებულია!
დღეს საქართველოს თავზე ძალიან ბევრი პრობლემა დამოკლეს მახვილივით კიდია, მათ შორის, რუსული ოკუპაცია, ანაკლიის პორტის საკითხი, დასავლეთის გზაჯვარედინი, ანუ რუსეთისა და თურქეთის გამყარებული კავშირის ფონზე დასავლეთს ერთადერთი შანსი აქვს, რომ ალიანსთან გზა კავკასიაში საქართველო იყოს. მოკლედ, ყველაფერი ეს საქართველოს თავზე ღრუბლებად არის თავმოყრილი და მსოფლიო დაპირისპირების ეპიცენტრში ვართ. როცა დაპირისპირების ეპიცენტრში ხარ, თავისთავად ცხადია, რომ აგენტურაც ძალიან გააქტიურებულია და დივერსიული თუ საინფორმაციო ომი ზენიტშია.
სხვათა შორის, ის ხანძრებიც, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა, სწორედ ამ დივერსიის ნაწილია.
პირადად მე კი, ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ საქართველოში სახელმწიფო ენის _ ქართულის სრული იგნორირება ხდება, ანუ პოლიტიკოსები, მაგალითად, მარნეულში რომ ჩადიან, ადგილობრივ მოსახლეობას უცხო ენაზე ესაუბრებიან, ასე იქცევიან სამეგრელოშიც.
მოკლედ, ყველაფერი ეს ერთ კონტექსტშია გასააზრებელი. პოლიტიკური სპექტრი ვერ აცნობიერებს, თუ რა ტერმინოლოგიას იყენებს და ამიტომ, ავტომატურად, ერთ ადგილზე ვტრიალებთ.
აქ ერთ შედარებას მოვიყვან: იმისთვის, რომ მოსეს ხალხს უდაბნო გადაელახა, სამი თვე სჭირდებოდა, მაგრამ საზოგადოება დეზორიენტირებული იყო და ამიტომ ამ უდაბნოს გადასალახად 40 წელი დასჭირდა. დღეს ჩვენი საზოგადოება დეზორიენტირებული მხოლოდ გაურკვევლობის კი არა, პოლიტიკური სპექტრისა და ტელემედიის გამოც არის.
_ ბატონო ტარიელ, ყველაფერი, რასაც ამბობთ, მიზანმიმართულად კეთდება?
_ რა თქმა უნდა.
_ პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების დეზორიენტაციის მითითებას, თქვენი აზრით, საიდან იღებს?
_ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გარედან დაფინანსებული და მართვადია, ნაწილი კი უცოდინარია და პრობლემებში ვერ ერკვევა. პოლიტიკური სპექტრის ნაწილი კარგია, მაგრამ ეს ნაწილი ძალიან მცირეა და მისი ხმა არ ისმის!
_ კონკრეტიკაზე გადავიდეთ: მაგალითად, როცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო, ეს უცოდინარობის ნიადაგზე წამოცდენაა თუ გარედან მართვა-დაფინანსების შედეგია? სხვათა შორის, ახლახან გენშტაბის უფროსმა ბრძანა, საქართველომ სამი სამოქალაქო ომი გადაიტანაო და ეს განცხადება რუსულ ნარატივად მოინათლა…
_ გენშტაბის უფროსს საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენაც არ აქვს, რადგან საქართველოში ერთი სამოქალაქო ომიც არ ყოფილა!
_ აბა, 1991-92 წლების სისხლიანი მოვლენები რა იყო?
_ 1991-92 წლებში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რუსის ჯარმა დაამხო. 1992-93 წლებში სოხუმსა და ცხინვალშიც რუსეთი გვებრძოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ლეღვის ფოთლად ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნაწილი ჰყავდა აფარებული! საერთოდ, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსებმა კავკასიელების წინააღმდეგ კავკასიელებივე არაერთხელ გამოიყენეს!
რაც შეეხება ზურაბიშვილის ფრაზას, ომი საქართველომ დაიწყოო, როგორც ვიცი, მერე განმარტა, ასე არ მითქვამსო. არ ვიცი, ზურაბიშვილს გულში რა ჰქონდა და რა წამოსცდა, მაგრამ ერთ ძალიან მარტივ და ზუსტ ფრაზას გეტყვით: რუსეთმა საქართველოში და, ზოგადად, კავკასიაში ომი ზუსტად ორი საუკუნის წინ, ანუ მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში მეფობა და ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. ამით გაანადგურა ჩვენი კულტურა და ყველაფერი. ეს ორასწლიანი ომი დღემდე გრძელდება!
რუსეთის მიზანია, რომ გეოსტრატეგიულად საინტერესო კავკასია თავის ინტერესებს დაუქვემდებაროს და მას ქართველებიც ფეხზე ჰკიდია, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, ჩეჩნებიც, აფსუებიც, ინგუშებიც და ა. შ.!
_ ბატონო ტარიელ, კიდევ ერთი თემა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად რუსულ ოკუპაციას ებმის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობაა. ეს საკითხი ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც გამსახურდია აღესრულა. ეს ჩვეულებრივი, ლოკალური პიარია თუ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი?
_ ქვეტექსტების გარეშე გიპასუხებთ, ოღონდ ყველაფერი დაბეჭდეთ.
_ რა თქმა უნდა, ყველაფერს სიტყვა-სიტყვით გამოვაქვეყნებთ!
_ როცა 2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მეორე დღეს, 5 იანვარს, მისივე თხოვნით შევხვდი მას. მიშასთან გარკვეული ურთიერთობა ადრეც მქონდა და პრესაში ჩვენ შორის პოლემიკაც არსებობდა. მოკლედ, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, უფრო სწორად, როგორც პრეზიდენტმა, გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო კომისია შეექმნა, რომლის მიზანიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა და მისი თანმდევი პროცესების გამოძიება იქნებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების ტექსტში იკითხებოდა, რომ ეს გამსახურდიას მკვლელობისა და პუტჩის გამოსაძიებელი კომისია იყო. ამ კომისიის წევრები ვიყავით: მე, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მანანა ტაბიძე, მერაბ რაფავა და გიორგი ანდრიაძე.
ამავე კომისიის ფარგლებში პროკურატურის კომისიაც შეიქმნა, რომელმაც ორი-სამი თვე იმუშავა და დაადგინა, რომ გამსახურდია დამნაშავე არ იყო და არაფერი გაუტაცია. ამიტომ დადგა საკითხი, რომ ის გამოგვეძიებინა, გამსახურდიას, როგორც დამნაშავის წინააღმდეგ, საქმე ვინ აღძრა, ანუ, რეალურად, შევარდნაძის საქმე უნდა გამოგვეძიებინა, მაგრამ, აი, აქ სააკაშვილი „გაიჭედა“.
_ რას ნიშნავს, „გაიჭედა“?
_ გამოძიება აღარ გაგვაგრძელებინა და ჩვენდამი მოცემული პირობა-განკარგულება, რომ გამსახურდიას მკვლელობას გამოიძიებდა, გააჩერა. ეს საქმე დღემდე გაჩერებულია.
ზოგადად, გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება მხოლოდ ამ მკვლელობის კი არა, არამედ, პუტჩისა და სხვა თანმდევი მოვლენების გამოძიებაც უნდა იყოს, რაც საერთაშორისო თემებზე გადის.
_ ანუ?
_ გამსახურდიას ხელისუფლება ბალტინთან გარიგებით დაემხო.
_ ბატონო ტარიელ, მაპატიეთ, მაგრამ მე სხვა კითხვა დავსვი, ანუ „ოცნებას“ გამსახურდიას საქმის გაცოცხლება რაში აწყობს _ პიარისთვის იყენებს?
_ ყველაფერ ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს ისტორიაა.
_ ამ ისტორიაზე „ქრონიკა+“-მა რამდენიმე კვირის წინ მერაბ რაფავასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
_ დღეს ივანიშვილი ამბობს, რომ გამსახურდიას მკვლელობა გამოძიებული უნდა იყოს. ეს სააკაშვილმაც თქვა, მაგრამ ვერ განახორციელა, ანუ შეიძლება, ეს განცხადება ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გააკეთა, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ არაფერი გამოიძიოს, თუმცა შეიძლება, გამოიძიოს კიდეც. მოკლედ, ვნახოთ.
_ ბატონო ტარიელ, მეჩვენება, რომ კითხვაზე არ მპასუხობთ, ამიტომ ჩაგეკითხებით: მართალია, როცა გაზეთი დაიბეჭდება, 19 მაისის არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება, მაგრამ ზუგდიდში მანანა არჩვაძის ჩასვლამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ „ოცნება“ გამსახურდიას ოჯახს პოლიტიკური პიარისთვის იყენებს. აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, ვინც სამეგრელოში „ოცნების“ ერთ-ერთი სახეა, გამსახურდიას დევნის ოპერაციაში მონაწილეობდა და ამაზე ცოტნე გამსახურდიამ ღიად განაცხადა. ერთი სიტყვით, თქვენი შეფასებით, ეს რა თამაშია?
_ იმაზე პასუხი, ვინ რა თამაშს თამაშობს, არ მაქვს, მაგრამ იმ თემაზე, რაც მკითხეთ, კონკრეტულად გიპასუხებთ:
პუტჩისა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების განცხადებები წინასაარჩევნო დაპირებაა თუ რეალობა, აი, ეს არის გასარკვევი. თუ ივანიშვილი გამსახურდიას მკვლელობას და მის თანმდევ მოვლენებს არ გამოიძიებს, ეს მისთვის კატასტროფა იქნება, მაგრამ თუ გამოიძიებს, ეს მისი გადარჩენა იქნება!
_ საუბარს ისევ რუსული ჰიბრიდული ომით დავასრულებ, თქვენი დაკვირვებით, კრემლისგან რა საფრთხეს უნდა ველოდოთ?
_ საქართველოს ძალიან დიდი საფრთხეები ელის იმიტომ, რომ რუსეთს გიუმრის ბაზასთან სახმელეთო კავშირი დე იურედ არ გააჩნია. ამასთან, რუსეთს თავისი იმპერიული ამბიციებისთვის კავკასიის კონტროლი სჭირდება.
ერთი სიტყვით, საქართველო, როგორც იტყვიან, სახმელეთო და საჰაერო ხაზების დიდი ყურადღების ცენტრშია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მშვიდი ცხოვრების პერსპექტივა გვაქვს, თუმცა ღმერთმა იცის, პროცესები როგორ განვითარდება _ იქნებ, საქართველო გადარჩეს!
_ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება საქართველოს რუსეთს აბარებს. ამის ნიშნებს ხედავთ?
_ არა, ამ ნიშნებს ვერ ვხედავ!
_ უცნაურია!
_ პირიქით, ვხედავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აზიასა და, კერძოდ, კავკასიაში, ერთადერთი დასაყრდენი საქართველოა და თუ ჭკუა ეყოფა, ჩვენი დამოუკიდებლობა და ასევე ქართულ ფასეულობებზე ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურები უნდა განავითაროს!
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ანტიდასავლურად განწყობილი ძალების ხელში ჩავარდება და ასეთი ძალა მარტო რუსეთი არ არის, მაშინ დასავლეთი ეკონომიკური და სხვა მიმართულებებითაც ბევრს წააგებს!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რუსული სპეცსამსახურების გავლენას გრძნობთ?
_ ეს სხვა კითხვაა, რომელზედაც ასე გიპასუხებთ: ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისადმი არაადეკვატურია!
_ ჩვენი მთავარი გამოწვევა რა არის?
_ მთავარი გამოწვევა ის არის, რომ რუსულ ოკუპაციას თავი დავაღწიოთ!
_ ბოლო შვიდი წელია, მცოცავი ოკუპაცია მძვინვარებს და რუსულ ოკუპაციას თავი როგორ უნდა დავაღწიოთ?
_ რუსულ ოკუპაციას თავი რომ დავაღწიოთ, ამისთვის საჭიროა, წინა პლანზე საქართველოს ერთგული პოლიტიკური სპექტრი გამოვიდეს! ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის მესაჭეა, ამიტომ ეს საჭე ათას პარტიაგამოცვლილ და გაურკვეველი ორიენტირების მქონე ადამიანებს არ უნდა ეპყრათ!
_ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური სპექტრი წინა პლანზე თავისით გამოვა თუ ამას საზოგადოებამ უნდა შეუწყოს ხელი?
_ ამას დრო უნდა.
_ 30 წელია, ეს დრო რით ვერ მოვიდა?
_ წეღან ხომ გითხარით, რომ მოსეს ხალხს უდაბნოს გადასალახავად სამი თვე სჭირდებოდა. სანამ საზოგადოებაში საქართველოს ერთგული ადამიანები არ გააქტიურდებიან და ცხრაპარტიაგამოცვლილ ხალხს არ გაამარგინალებენ, მანამდე საქართველოს ბედნიერი ცხოვრება არ უწერია! თუ მოსახლეობა და პოლიტიკური სპექტრი ერთიანი იქნება, წინ იოლად და სწრაფად წავალთ!
_ დღეს პოლიტიკური სპექტრი გამყიდველია?
_ დიახ, დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სანდო არ არის!
_ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ნატო და ევროკავშირი თავიანთ რიგებში რატომ არ გვიღებენ?
_ დასავლეთმა შეცდომა არაერთხელ დაუშვა, მათ შორის, 90-იან წლებში, როცა გამსახურდიას მხარი არ დაუჭირა და, საბოლოო ჯამში, ბალტინის გარიგების ტყვე აღმოჩნდა. დასავლეთმა შეცდომა 2008-შიც დაუშვა, როცა მაპი არ მოგვცა და რუსეთს საქართველოში შემოჭრის შანსი მისცა. დასავლეთი შეცდომას ახლაც უშვებს _ დასავლეთი საქართველოს კი არ სჭირდება, არამედ უფრო მას ვჭირდებით, მაგრამ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობის გართულების ეშინია და ამიტომ ჩვენ გვწირავს!

გიორგი აბაშიძე