პიჯაკების საქმის მორიგი პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „პიჯაკების საქმის“ განხილვა გრძელდება. პროკურატურა გენერალ თემურ ჯანაშიას წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, პროკურორი ნათია სონღულაშვილი, რომელმაც გენერალ ჯანაშიას ბრალი წარუდგინა, დააწინაურეს და ის დღეს აჭარის პროკურორია.

რა წერია ჯანაშიას ბრალის დადგენილებაში?

2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში თეიმურაზ ჯანაშია იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე პერიოდში, საპრეზიდენტო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებით.
2009 წლის მარტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მასაჟისტ დოროთი შტეინის _ „დოქტორ დოტის“ საქართველოში ვიზიტი და მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან.
ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გმოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით, მიეილ სააკაშვილმა, თითქოსდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი პირადი მოტივით, გადაწყვიტა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყოფა, რაც განხორციელდა სამსახურის უფროსების ოთარ ქველიძისა და თეიმურაზ ჯანაშიას მონაწილეობით.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით არსებული სამართლებრივი საფუძვლების ხელოვნურად შესაქმნელად ზემოაღნიშნულმა პირებმა 2009-2013 წლებში გრიფით საიდუმლო წერილებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თითქოსდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ.
ამდენად, თეიმურაზ ჯანაშიამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, დ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
როგორც ბრალის დადგენილებიდან ირკვევა, პროკურატურა თემურ ჯანაშიასთან ერთად სამსახურის უფროს ოთარ ქველიძესაც ედავებოდა იგივე დანაშაულს, თუმცა ამ დრომდე მას ბრალი წარდგენილი არ ჰქონდა და ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში ირიცხებოდა.
16 მაისს გამართულ სხდომაზე სწორედ ბრალდების მხარის მოწმე ოთარ ქველიძე დაიკითხა. როგორც გაირკვა, მას 2019 წლის 3 მარტს წარუდგინეს ბრალი.
არ ვიცი, რამდენად ფიქრობდა სახელმწიფო ბრალდება იმას, რომ ოთარ ქველიძე ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებას მისცემდა სასამართლოს, მაგრამ, რეალურად, მისი ჩვენებიდან სულ სხვა რამ გაირკვა: ოთარ ქველიძის ჩვენებამ დაადასტურა ის, რასაც ჯანაშიას დაცვის მხარე სისტემატურად აცხადებდა.
რეალურად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხარჯების გაწევა დაიწყო ოთარ ქველიძის უფროსობის პერიოდში.
ოთარ ქველიძემ ხარჯების გაწევაზე (ხარჯები, რაც მანამდე ადმინისტრაციის მიერ გაიწეოდა) დავალება მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ეკატერინე შარაშიძისგან, რომელიც მთავარ პროკურატურას არც გამოძიების მიმდინარეობისას დაუკითხავს და არც სასამართლო განხილვების დროს.
ოთარ ქველიძეს პრეზიდენტ სააკაშვილთან ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მან დაადასტურა, რომ პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც, იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის შესასრულებლად სავალდებულო იყო და რევიზიას არ ექვემდებარებოდა.
ოთარ ქველიძემ დაადასტურა, რომ როდესაც თეიმურაზ ჯანაშია სამსახურის უფროსად დაინიშნა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ხარჯების გაწევის პრაქტიკა უკვე არსებობდა და ამ პრაქტიკის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამდენად, ჯანაშია მოქმედებდა უმაღლესი მთავარსარდლის წერილობითი განკარგულების შესაბამისად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთარ ქველიძეს 2019 წლის 3 მარტს წარედგინა ბრალდება, როდესაც ანალოგიურ საკითხზე თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია 2014 წლიდან და შეზღუდულია უფლებებში.
ქველიძის მიმართ არც ყადაღა ყოფილა გამოყენებული, არც სხვა კანონით დადგენილი შეზღუდვები, ბრალის წარდგენა კი, სავარაუდოდ, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს, ან ქველიძე პროკურატურამ მისთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე ვერ დაითანხმა.

ბექა ბასილაია _ თემურ ჯანაშიას ადვოკატი:
_ შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთარ ქველიძის ჩვენებამ ნათელყო პროკურატურის მიერ წარმოებული ტენდენციური და არასრულყოფილი გამოძიება. მისთვის ბრალდების 2019 წელს წარდგენა პროკურატურის მხრიდან წლების მანძილზე თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ წარმოებული შერჩევითი მართლმსაჯულების აღიარებაა, თუმცა პროკურატურის ეს ქმედება ფარისევლობაა, რამდენადაც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, _ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნული ანზორ ჩუბინიძის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე თანხების ხარჯვა კანონიერი ქმედებაა, რატომ არის იგივე ტიპის ხარჯების გაწევა დანაშაული თეიმურაზ ჯანაშიასთვის და ოთარ ქველიძისთვის?

შეგახსებებთ: „პიჯაკების საქმის“ მომდევნო პროცესი 3 ივნისს გაიმართება და ამჯერად ბრალდების მხარის სხვა მოწმეები დაიკითხებიან.

ელისო კილაძე