მითები რუსეთის მიერ სტრატეგიული ობიექტების დაპატრონებაზე

წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ყოველთვის იყო და დღესაც, 7 წლის შემდეგ, რჩება სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ რუსული ინვესტორების შემოყვანა სტრატეგიულ დარგებში.
ეს ბრალდებები ისმის უკვე მრავალი წელი ერთი და იგივე ტექსტით: „რუსებს მიჰყიდეს მთელი ეკონომიკა“ ან „რუსეთს ეკუთვნის ყველა სტრატეგიული დარგი“.

ამაზე უკვე დიდი ხანია, არავინ კამათობს და ამიტომაც საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შთაბეჭდილება შეექმნება, თითქოს ეს მართლაც ასეა.
ნიშანდობლივი ისიცაა, რომ ძალიან ხშირად ამ ბრალდებით გამოდიან ადამიანები, რომლებიც, ამავე დროს, ამბობენ: „რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ“, „დათვს ბაბაია უნდა დაუძახოთ“ _ პატრიოტიზმი და რუსეთის მიუღებლობა კი უეცრად ეღვიძებათ მაინცდამაინც „თელასისა“ და „ვარციხე ჰესის“ ხსენების დროს.
სასაცილოა ისიც, რომ ამ რიტორიკას ხშირად იყენებენ დღევანდელი ხელისუფლების ჩინოვნიკები და მომხრეები _ მაშინ, როდესაც სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით თუ წაყრუებით რუსეთის გავლენამ ქართულ ეკონომიკაზე მიაღწია მაქსიმუმს _ დღეს სწორედ რუსეთიდან ჩამოდის ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა და სწორედ რუსეთია ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი. ხვალ ან ზეგ, კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ამ ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ და ერთი ხელის მოსმით ქვეყანა დაკარგავს რუს ტურისტებსაც და რუსულ ბაზარსაც.
ეს მოცემულობა გაცილებით საშიშია, ვიდრე „თელასი“ რუსების ხელში, თუმცა ამას არავინ აქცევს ყურადღებას.
სინამდვილეში კი „მთელი ეკონომიკა“ ან, თუნდაც, „ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ხელშია“ _ არის მორიგი მითი, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
ალბათ ყველას გვინახავს საოცარი სიები, სადაც ჩამოთვლილია ყველა ობიექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გადაეცა რუსეთს.
სიები განსხვავდება აბსურდულობის დონით _ ზოგი მეტად აბსურდულია, ზოგი ნაკლებად, თუმცა დალაგებული, რაციონალური და რეალობასთან ახლო _ არც ერთი.
პირველ რიგში, სიებში მოყვანილია რუსული კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია არ ფლობენ მათთვის მიწერილ ობიექტებს _ მაგალითად, „მადნეულსა“ და „კვარციტს“ ამ სიების მიხედვით ფლობს რუსული კომპანია „Промышленные инвесторы“, მაშინ როდესაც, რეალურად, წლებია გასული ამ რუსული ბიზნესიდან _ საყდრისის მოვლენების წყალობით პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ობიექტებს ფლობს კომპანია ღMG. თუმცა, როგორც ჩანს, სიების ავტორები დიდი ხანია, ტელევიზორსაც კი არ უყურებენ.
ასევე გაუგებარია, რატომ აჩუქეს იგივე „Промышленные инвесторы“-ს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მაშინ, როდესაც სააკაშვილის პერიოდშიც კი ეს ქარხანა ეკუთვნოდა უკრაინულ „Приват групп“-ს, ანუ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე დაუძინებელ მტერს, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის.
ამით აბსურდის თეატრი არ სრულდება _ მთავარი საოცრებები ჯერ კიდევ წინაა.
სიაში ამოიკითხავთ კომპანია „იტერას“, რომელიც არათუ არ ფლობს არავითარ აქტივებს საქართველოში, არამედ საერთოდ არც არსებობს _ 2013 წელს მთელი მისი ქონება „როსნეფტმა“ იყიდა.
ეს კომპანია შემოვიდა საქართველოს გაზის რეგიონულ ქსელებში, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე გადავიდა, ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ ღრმა პერიოდში, „იტერამ“ ყველა თავისი ქართული აქტივი „სოკარ-გაზს“ მიჰყიდა.
თუმცა, ალბათ, ესეც არაფერს ცვლის, რადგან ზოგიერთ სიაში „სოკარიც“ კი ნახსენებია, როგორც რუსული კომპანია. რატომ და რა მიზეზის გამო აღმოჩნდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სასწაულებრივად რუსული _ არავინ იცის. ასეა, ეტყობა, საჭირო და იმიტომ.
„სოკართან“ ერთად, ყველა სიაში ჯიუტად ფიგურირებს რუსული „ყაზტრანსგაზი“ _ ვინმემ უთხარით საწყალ ნაზარბაევს, რომ მისი ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია, თურმე, რუსულია.
ეტყობა, სიების ავტორები არ ერკვევიან შუა აზიის არც გეოგრაფიაში და არ პოლიტიკაში და ყაზახეთი ყირგიზეთთან ერევათ. არ იციან, რომ ყაზახეთი არის ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო, ის არ თამაშობს არავის დაკრულზე და თუ რამეს აწერია „ყაზ“ _ ეს არის „ყაზ“ და არა შენიღბული „რუ“.
საოცრებათა თეატრის კიდევ ერთი პერსონაჟი _ ჩეხური „ენერგო პრო“, რომელიც წლების მანძილზე ჯიუტად მოიხსენიება, როგორც რუსული. რატომ, რა უფლებით და რომელი ლოგიკით კომპანია, რომლის პრეზენტაციაზეც, თავის დროზე, იყო ჩეხეთის ეკონომიკის მინისტრი და რომელსაც აღებული აქვს სესხი ჩეხეთის იმპექს-ბანკში _ არის რუსული? არავინ იცის. ალბათ, ესეც საჭიროა.
სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ „ლუკოილი“, „ბილაინი“ და „ვითიბი ბანკი“. როგორც ჩანს, სიების ავტორებმა არ იციან, რას ნიშნავს „სტრატეგიული ობიექტი“. სინამდვილეში, სტრატეგიული არის ზოგადსახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც ერთადერთი და შეუცვლელია, მაგალითად: ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები, ენერგოგამტარი ხაზები, მილსადენები.
ვერანაირი ნავთობკომპანია, რომელიც ფლობს ბაზრის მცირე ნაწილს, ვერ ჩაითვლება ვერანაირ „სტრატეგიულ ობიექტად“; ისევე როგორ კომერციული ბანკი, რომელიც არ შედის უმსხვილესი ბანკების ხუთეულშიც კი; ისევე როგორც მობილური კავშირგაბმულობის კომპანია, რომელსაც კონკურენციას უწევს 2 უმსხვილესი მოთამაშე.
საბოლოო ჯამში, კარგად რომ დავფერთხოთ სიები და რეალობას შევხედოთ, ხელთ შეგვრჩება მხოლოდ ერთი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ნამდვილად ფლობს რუსული კომპანია _ ეს არის „თელასი“.
თუმცა აქაც უზუსტობაა _ „თელასი“ მიეყიდა „რაოს“ არა სააკაშვილის პერიოდში, არამედ 2003 წლის სექტემბერში. შესაბამისად, ეს იყო რეალობა, რომელიც დახვდა „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„ინტერ რაოს“ ასევე ეკუთვნის რამდენიმე მცირე ჰესი _ სიების ავტორებს უყვართ სახელების დიდი ჩამონათვალი ისე, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საუბარია მთელ ენერგოსისტემაზე, თუმცა რეალურად მათი ჯამური სიმძლავრე არაფერია ენგურისა და სხვა მსხვილი ელექტროსადგურების ფონზე.
სინამდვილეში კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის რეალურად. „რუსეთისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტების“ „შემაძრწუნებელი“ სია არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ჭიდაობის ბერკეტი.
პოლიტიკა კი ისეთი რამეა, როდესაც საჭიროა, „ყაზტრანსგაზი“ იქნება ყაზახური და როდესაც საჭიროა _ რუსული. ხვალ ვინმეს რომ დასჭირდეს _ ჩინურიც იქნება…
არ გეგონოთ, რომ ეს წარსულია _ იგივე ხდება დღესაც, ოღონდ საპირისპირო მხრიდან: მაგალითად, არაფრით დასაბუთებული ბრალდებები, რომ „როსნეფტი“ ყიდულობს „ვისოლს“ ან ბრალდებები, რომ „ხელისუფლებას ქვეყნის ნავთობის ბაზარზე რუსები შემოჰყავს „გალფის“ მეშვეობით“ მაშინ, როდესაც „გალფი“ საქართველოში შემოვიდა 2010 წელს და მაშინაც მისი მფლობელი იყო რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.
საქართველოში ხომ პოლიტიკაა ყველაფერი…

თენგიზ აბლოთია