რამ გამოიწვია ფინანსური კრიზისი საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისში“?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქუთაისის საფეხბურთო გუნდ „ტორპედო ქუთაისის“ ერთ-ერთმა ფანგვერდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუნდში ფინანსურმა კრიზისმა პიკს მიაღწია და კლუბი დაშლის პირასაა.

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე 2017 წლის 16 ივნისს გაიყიდა და ამ დროიდან ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას მფლობელობაშია. კლუბი აუქციონზე 300 000 ლარად შპს „ინტერნეიშნლ სოქერ ჰაუსმა“ შეიძინა. 2017 წლამდე გუნდი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარით ფინანსდებოდა. კლუბისგან განსხვავებით ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზეა „ტორპედოს“ სტადიონი. შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის“ გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელს 250 ლარია.
2017 წელს ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა კლუბში, ყოველწლიურად, მინიმუმ, 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შემსყიდველი ვალდებულია, საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება უზრუნველყოს. ინვესტორმა, თანამონაწილეობით, კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ასევე ფეხბურთელების შეძენის ხარჯები უნდა დააფინანსოს.
„ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები, კერძოდ კი სახელფასო დავალიანება რამდენიმე თვის წინათაც იყო. მაშინ მედიასთან საუბარში გუნდის მენეჯერი განმარტავდა, რომ პრობლემა მოგვარდა და კლუბს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. რაც შეეხება ამჟამინდელ პრობლემას, საუბარი კვლავ სახელფასო დავალიანებას შეეხება. პრობლემას ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობაც აღიარებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნულ დავალიანებას გაისტუმრებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი ფეხბურთელთა ნაწილმა დატოვა ან დატოვებას აპირებს, მცდარია“, _ აცხადებენ საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ პრესსამსახურში.

მედიასთან განცხადება გააკეთა გუნდის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამაც:
„პრობლემები შეგვიქმნა ჩინურ კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან“ კონტრაქტის გაწყვეტამ. მათ უარი თქვეს გუნდის დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის მმართველს და გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა თანამშრომლობას. მოლაპარაკება გვაქვს ორ კომპანიასთან, რომლებიც შესაძლოა, ჩინელების ნაცვლად მოვიდნენ გუნდის დასაფინანსებლად. თუ ყველაფერი დალაგდა, სავარაუდოდ, გუნდი ქუთაისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება“.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რომელიც „ტორპედო ქუთაისთან“ დაახლოებული პირია, თანხების ნაწილი, რომელსაც „ჰუალინგ ჯგუფი“ გუნდის ანგარიშზე რიცხავდა, თავად ზაალ ჩაჩავამ გაფლანგა და ახლა პასუხისმგებლობისგან გაქცევას ახალი ინვესტორების მოძიებით ან გუნდიდან წასვლით ცდილობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად კლუბის პრეზიდენტ მამუკა მოსიაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა მასთან გასაუბრება გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ: „ტორპედო ქუთაისი“ 1946 წელს დაარსდა და ეროვნული ლიგის ოთხგზის ოქროსა და სამგზის ვერცხლის მფლობელია. გუნდი ოთხჯერ გახდა საქართველოს თასისა და ერთხელ სუპერთასის მფლობელი. „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და კლუბის ისტორიაში დღესდღეობით ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ჰყავს.

შორენა ლაღაძე