სიმონ მასხარაშვილი: „საქართველოში პრორუსული განწყობა მხოლოდ ავადმყოფსღა აქვს!“

9 მაისს თბილისში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, აქცია-მსვლელობები გაიმართა. ამ კუთხით განსაკუთრებით „უკვდავი პოლკი“ აქტიურობდა. ზოგადად, „უკვდავი პოლკი“ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა და მისი წევრები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რუსეთი ოკუპანტი არ არისო.
ის, რომ „უკვდავი პოლკი“ კრემლს ასხამს ხოტბას და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, გასაკვირი არც არის, რადგან „უკვდავი პოლკი“ რუსეთიდან იღებს სათავეს და, როგორც მკვლევრები ამბობენ, ის პირდაპირ პუტინის პროექტია.

„უკვდავი პოლკი“ არსებობის უვე 8 წელს ითვლის, ანუ ის პირველად 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში შეიქმნა. მოგვიანებით კი, კერძოდ, 2015 წლიდან, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და აქცია 17 ქვეყანაში გაიმართა. 2016 წელს „უკვდავმა პოლკმა“ 42 ქვეყანაში ჩაიარა. 2017 წლის 9 მაისს, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობამ, დაახლოებით, 50 ქვეყანა მოიცვა.
საქართველოში „უკვდავი პოლკი“ პირველად სწორედ 2017-ში გამოჩნდა. მაშინ, 9 მაისს, რუსული „უკვდავი პოლკის“ ქართული ე. წ. დანაყოფის მსვლელობის ორგანიზატორებად „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“ მოგვევლინენ. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე, ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობდნენ.
მართალია, ამხანაგი გოგიძე რუსეთთან კავშირს უარყოფდა და ამბობდა, რომ ჩვენი მოძრაობა პრორუსული არ არის და, უბრალოდ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს ვიხსენებთო, მაგრამ მკვლევრები საპირისპიროს აცხადებენ.
„ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკის“ იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად. რეალურად კი ეს მასშტაბური „საერთაშორისო მოძრაობა“ მოსკოვიდან ფინანსდება“, _ ამბობენ მკვლევრები.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით კი „უკვდავი პოლკი“ ე. წ. ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება, რომელმაც „საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს“.
პუტინის აზრითვე, „ისტორიის რევიზია გზას უხსნის მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამდგარი მსოფლმხედველობის, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების წაშლას“, რაც „ყველასთვის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული“.
სხვათა შორის, „საქართველოს უკვდავ პოლკს“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გვერდიც აქვს _ „Áåññìåðòíûé ïîëê Ãðóçèè. „ქართული უკვდავი პოლკის“ ფეისბუქგვერდი სულ 408 ადამიანს მოსწონს, მისი გამომწერი კი 422-ია.
როგორც აღვნიშნეთ, „უკვდავმა პოლკმა“ მსვლელობა წელს, 9 მაისსაც მოაწყო, თუმცა ამ აქციას, წინა წლების მსგავსად, უხმაუროდ არ ჩაუვლია. კერძოდ, „უკვდავი პოლკის“ მონაწილეები სირცხვილის დერეფანში გაატარეს. ამასთან, რუსეთის ერთ-ერთმა მეხოტბემ, შუახნის მამაკაცმა, რუსი ჟურნალისტის წინ დაიჩოქა და პუტინს სთხოვა, გვიშველე და დაგვეხმარეო.
აღსანიშნავია, რომ 9 მაისამდე სპეციალური ვიდეოკლიპი გავრცელდა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი სსრკ-ს უმღერის და ასეთ ფრაზებს ამბობს: „ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია… თითოეულისა და ყველასი _ რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი… ვფიცავ, ჩვენ ერთად, ფეხბურთის გუნდი ვართ… მაგრამ ვიღაცას აწყობს, რომ ჩვენ სოლო ვითამაშოთ…“
აღნიშნული ვიდეო „საქართველოს უკვდავმა პოლკმა“ 9 მაისისთვის დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებლად გამოიყენა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები ბელარუსსა და ყაზახეთში არ ჩატარებულა. არჩატარების მიზეზების გარკვევით კრემლი დაინტერესდა _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა და ისიც დასძინა, კრემლი დასკვნების გამოტანას არ იჩქარებსო.
ბევრი მიიჩნევს, რომ „უკვდავი პოლკის“ გააქტიურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებაზე მიანიშნებს, თუმცა ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ასე არ ფიქრობს, „უკვდავ პოლკს“ „ჩაძაღლებულ პოლკს“ უწოდებს და ამბობს, რომ პუტინის ეს წამოწყება ძალიან დიდი სიბრიყვეა. ამას გარდა, „ქრონიკა+“-თან სიმონ მასხარაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რაღაცები საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, რუსეთისადმი ზიზღს იწვევს.

დაგვანებებს თუ არა კრემლი თავს ოდესმე და რა უწყობს ხელს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდას? _ „ქრონიკა+“ ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილს ესაუბრა:

_ საბჭოთა კავშირი ლამის 30 წლის წინათ დაიშალა. ამის შემდეგ იყო აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომები, თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო დროს საქართველოში ე. წ. რუსული ნარატივები გაძლიერდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 9 მაისს ვიღაცებმა „უკვდავი პოლკის“ მარშიც გამართეს.
ბატონო სიმონ, რა ხდება, ადამიანები რატომ ვერ თუ არ ხვდებიან, რომ რუსეთი ოკუპანტია?
_ იცით, რა ხდება? ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალეთ, რუსეთ-საქართველოს ომის ნაწილია.
ზოგადად, ყველა ეს ომი რუსეთის სიბრიყვეს უსვამს ხაზს, ანუ რუსეთს საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა რომ არ ჰქონოდა, აი, ქართველებს დავჩაგრავ და უფრო დავიმორჩილებო, ქართველებსა და რუსებს შორის გაცილებით უკეთესი ურთიერთობა იქნებოდა. ეს კი არადა, კრემლს ნატოში ინტერგაციისთვის ხელი რომ არ შეეშალა, საქართველო, შესაძლოა, რუსეთის პირდაპირი სატელიტი ყოფილიყო, მაგრამ საწინააღმდეგოს აკეთებს და ახალგაზრდებს, ბავშვებსა და სტუდენტებს რომ ვუყურებ, მათში რუსეთის ყველა აგრესიული გამოვლინება, მათ შორის, საზღვრის გადმოწევა, ბორდერიზაცია და ე. წ. რბილი ძალის პოლიტიკა საშინელ უკურეაქციას იწვევს.
ამიტომ საქართველოს ახალგაზრდობაში ტოტალური ანტირუსული განწყობებია!
ისინი, რომლებიც ე. წ. რუსულ თემებს ახმოვანებენ, ერთი მხრივ, გადმონაშთები არიან, მეორე მხრივ კი, ჩვეულებრივი მოსყიდულები, რომლებსაც რუსული სპეცსამსახური კარგად ამუშავებს და რაღაცებს აკეთებინებს.
_ კარგია, რომ ახალგაზრდობაში ტოტალური ანტირუსული განწყობაა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუნდაც იმ ფაქტს, რომ 9 მაისს ვიღაცამ რუს ტელეჟურნალისტებს დაუჩოქა და ვიდეოკამერის წინ ოკუპანტ პუტინს დახმარება სთხოვა, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო!
_ ეს ადამიანი ჩვეულებრივი სულით ავადმყოფია და ცოდოა!
_ კი ბატონო, მაგრამ ასეთი რაღაცები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე თავის კვალს ხომ ტოვებს?
_ ასე არ არის. საქართველოში პრორუსული განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ავადმყოფსღა აქვს! საქართველოს დისკრედიტაცია ის იქნება, ასეთმა ადამიანმა რომ თქვას, საქართველოს გაუმარჯოსო! ის, რომ რუსეთს საქართველოში მომხრე ასეთი ტიპაჟები და ასეთი მენტალიტეტების არსებები დარჩა, რუსეთის დამთავრებას ნიშნავს!
_ ღმერთმა გისმინოთ და რუსეთის იმპერია მალე დასრულდეს, მაგრამ ყველაფერს პრაგმატულად შევხედოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ანუ ფაქტია, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურები გამალებით მუშაობენ და ამას თუდაც ის მოწმობს, რომ ვიღაცები „უკვდავი პოლკის“ მარშის ჩატარებას აპირებდნენ.
_ ახალგაზრდებში უკურეაქციას სწორედ ასეთი რაღაცები იწვევს.
სხვათა შორის, უკვდავი, მოკვდავი თუ ჩაძაღლებული პოლკის მარში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო და ეს პუტინის ხელწერაა, ანუ ჰგონია, რომ ამით რეკლამას იკეთებს, მაგრამ ეს დიდი სიბრიყვეა!
_ მართალია, ახალგაზრდები კრემლის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი, მაგრამ ეს რაღაცნაირად თაობებს შორის დაპირისპირებაში ხომ არ გადაიზრდება?
_ ასე ვერ ვიტყვი. თუ რუსეთს მეორე მსოფლიო ომის თემით ქართველების გულის მოგება უნდოდა, ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეეძლო.
_ როგორ?
_ სტალინისა და ბერიას რეაბილიტაცია მოეხდინა. ამასთან, რაც მთავარია, ვოლგოგრადისთვის ძველი სახელი _ სტალინგრადი დაებრუნებინა, მაგრამ რუსეთი ყოველთვის ცდილობს, რომ მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან სტალინი გააქროს და ეთნიკური ნიშნით მეორეხარისხოვანი ადამიანები წამოსწიოს. ამის გამო დაცინვასა და ზიზღს იმსახურებს!
თუ რუსეთს სურს, რომ ქართველებზე იმოქმედოს, აფხაზეთის დეოკუპაციაც უნდა მოახდინოს, ცხინვალისაც და ვოლგოგრადს ძველი სახელი დაუბრუნოს! ასევე სავიზო რეჟიმიც გააუქმოს. 7 წელია, საქართველოში ანტირუსული პათოსი და რიტორიკა აღარ არის, მაგრამ სავიზო რეჟიმს არ ხსნის.
ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს: მუქარა ქართველში ყოველთვის უკურეაქციას იწვევს! რუსეთი გვემუქრება, არაფერს გვითმობს და ეგრე სად არის?!
_ მახვილი სტალინის რეაბილიტაციაზე დასვით, ანუ, ბატონო სიმონ, თქვენ, როგორც ისტორიკოსი, მომხრე ხართ, რომ სტალინის განდიდება მოხდეს. სწორად გავიგე?
_ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში, ანუ ჰიტლერის დამარცხებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ ადამიანს აქვს შეტანილი და მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემი ოჯახის მტერი იყო, როგორც ისტორიული ფიგურა, უნდა დავაფასოთ!
სასაცილოა, რომ სტალინი დააიგნორო და მეორე მსოფლიო ომის მეათეხარისხოვანი ლიდერები გამოჩხრიკო!
წეღან ძველი თაობის რეაქციაზე მკითხეთ და იცით, აქ როგორი რაღაცაა? _ ახალ თაობას ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ ძველ თაობას გაახარებდა, რომ მეორე მსოფლიო ომში ქართველებისა და, მათ შორის, სტალინის ღვაწლი დაფასებულიყო, მაგრამ რუსები საპირისპიროს აკეთებენ და სტალინს ისევე დასცინიან და აიგნორებენ, როგორც ამას ხრუშჩოვის დროს აკეთებდნენ!
_ სტალინიზმიც, ჩემი აზრით, ისეთივე ბოროტებაა, როგორც ჰიტლერიზმი. ამას გარდა, სტალინის დროს საქართველოში ათასი უბედურება მოხდა. აქედან გამომდინარე, რუსებმა სტალინი როგორც უნდა დააფასონ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ტირანის ძეგლები დავდგათ. აი, მაგალითად, ორი დღის წინ თელავის რაიონის სოფელ აკურაში, როგორც ითქვა, სტალინის ძეგლი წამოჭიმეს. ამას მიესალმებით?
_ საერთოდ, მიმაჩნია, რომ სიმბოლიკას არ უნდა ვეომოთ. მაგალითად, ბერლინში ე. წ. განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი დღესაც დგას, რადგან ეს ისტორიაა, მაგრამ დღეს ძეგლები რატომ იდგმება, ამის შესახებ მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც დგამს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძველის დანგრევა მაინცდამაინც სასურველი არ არის.
_ ძველს არავინ ანგრევს _ იგივე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი უწინდებურად ფუნქციონირებს, მაგრამ ეგებ, ჩვენი პრობლემა ის არის, ანტისაოკუპაციო კანონი არ მუშაობს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს?
_ დიახ, ეს კანონი არ მუშაობს. სხვათა შორის, თავის დროზე, მეც მომხრე ვიყავი და ვამბობდი, დიახ, საბჭოთა სიმბოლიკა არსად უნდა იყოს-მეთქი. აი, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე საბჭოთა კავშირის გერბი არ უნდა იყოს გამოსახული და ეს ორჯერ-ორი ოთხია.
_ ეს კანონითაც იკრძალება.
_ დიახ, მაგრამ ის, რომ კერძო პირს რამე ძეგლი ედგას, აბსოლუტურად ჩვეულებრივი თემაა, ანუ ამაში გარკვეული შოუს ელემენტებიც არის. მაგალითად, შეიძლება, ვინმემ გააკეთოს მუზეუმი, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორების ბიუსტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ჰიტლერის, ჩინგიზ ხანის და ა. შ. ეს კანონით ხომ არ არის აკრძალული?!
_ მუზეუმი გასაგებია, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ სოფელში სტალინის ძეგლი დადგეს.
_ კონტექსტს გააჩნია, ანუ სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს დაფინანსებული. ამასთან, სახელმწიფო არც საბჭოთა სიმბოლიკას უნდა ინახავდეს. აი, დაუშვებელი ეს არის.
_ ბატონო სიმონ, მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რადგან კანონს სახელმწიფო ჩინოვნიკიც უნდა ემორჩილებოდეს და _ რიგითი მოქალაქეც.
_ კანონში შეიძლება, გარკვეული შეცდომებია.
_ ანუ?
_ დავუშვათ, ვინმეს საბჭოთა პერიოდის საათი აქვს, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკაა გამოსახული. გეკითხებით, ეს საათი უნდა დალეწოს?
_ ეს უტრირებული მაგალითია, თან ქვეყანაში, სადაც ოკუპაციის მუზეუმია, სტალინის ძეგლების დადგმა გამართლებული არ არის!
_ ძეგლი სახელმწიფომ არ უნდა დადგას.
_ როგორც გითხარით, ორი დღის წინ სტალინის ძეგლი სოფელ აკურაში დადგეს და არ მგონია, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში არ ყოფილიყო _ ბოლოს და ბოლოს, ძეგლისთვის ტერიტორია ხომ გამოიყო?
_ იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, კანონი დაირღვა თუ არა, ანუ ძეგლი შესაძლოა, კერძო პირმა კერძო საკუთრებაში დადგა.
_ ერთი სიტყვით, ეს კონკრეტული შემთხვევა რომ განვაზოგადოთ, არ გეჩვენებათ, რომ მსგავსი რაღაცებით ქვეყანაში რუსული გავლენები ძლიერდება?
_ რუსული გავლენების გაძლიერება მაშინ მოხდებოდა, რუსული თემების მიმართ პოზიტიური განწყობები რომ გვიჩნდებოდეს. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხს მის მიმართ ნეგატიური განწყობა ჰქონდეს!
ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, რუსული გავლენები სიგარეტის გაძვირებით ძლიერდება.
_ როგორ?
_ გეტყვით: დასავლეთის მოთხოვნაა ისეთი, რომელმაც მილიონზე მეტი ქართველი გააღიზიანა, ანუ ადამიანებს საბჭოთა პერიოდი მოენატრათ და ამით რუსული გავლენა გაძლიერდა.
ამას გარდა, რუსული გავლენები იმითაც გაძლიერდება, თუ დასავლური ორგანიზაციები, ვთქვათ, ერთსქესიანთა წყვილის მიერ შვილის აყვანის დაკანონებას მოგვთხოვენ.
_ ბატონო სიმონ, ასეთი მოთხოვნა დასავლეთს არ აქვს და ამიტომ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ!
_ დიახ, არ ითხოვს…
რუსულ გავლენებს ისიც გააძლიერებს, თუ, დავუშვათ, ისლამური ქვეყნები ჩვენ მიმართ რამე ნეგატიური მოთხოვნებით გამოვლენ.
რუსულ გავლენებს რუსეთთან უვიზო რეჟიმი და ეკონომიკური კავშირებიც გააძლიერებდა, მაგრამ ასეთი რაღაცები არ ხდება და ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რუსული გავლენები ძლიერდება.
ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, რუსულ გავლენებს ასუსტებს _ ცხინვალთან რუსული ტანკები თუ „უკვდავი პოლკის“ წინ და უკან სიარული ხალხში რუსეთის მიმართ ზიზღს იწვევს!
_ შეიძლება, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ საზოგადოების ნაწილს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს და ამბობს, აი, მაშინ კარგად ვცხოვრობდი, არ მშიოდაო, ანუ როცა შია, ხალხისთვის პატრიოტიზმი და, ზოგადად, მაღალი მატერიები მნიშვნელოვანია?
_ ერთი ფაქტია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ესტონეთისა და ბელარუსის გარდა, ყველა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი და ცხოვრების დონე იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რომ ხალხს საბჭოთა პერიოდის, ანუ სოციალისტური ეკონომიკის ნოსტალგია ჰქონდეს. მაშინ სოციალური დაცვა მაღალ დონეზე იყო: ბინებით უზრუნველყოფდნენ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აფასებდნენ და ა. შ.
ყველაფერი ეს თანამედროვე ყოფას აკლია და ვიმეორებ, ბუნებრივია, რომ სოციალისტური სისტემის გარკვეული ნოსტალგია ჩნდება, მაგრამ ეს რუსეთის დამსახურება კი არა, ჩვენი უხეირობის შედეგია _ ამდენი წელია, დამოუკიდებლები ვართ და ქართული ეკონომიკა ვერ შევქმენით.
_ ბატონო სიმონ, მოკლედ, ვერ გავიგე, იზიარებთ თუ არა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარება ხდება?
_ არ ვიცი, რუსეთისთვის გადაბარებაში ოპოზიცია რა გულისხმობს.
_ იმას, რომ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა და მეტი არაფერი.
_ მე ასე ვიტყვი: ყველაფერი ის, რაც დღეს საქართველოს ასუსტებს, ჩვენი მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში, რუსეთის ინტერესებშია! ამის თქმა ზოგადად შეიძლება, თუმცა გადაბარებაზე საუბარს არგუმენტები და კონკრეტული ფაქტები სჭირდება! ამასთან, ყველა კონკრეტული ფაქტი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ!
_ ვიდრე საუბარს დავასრულებთ, ერთ თემასაც შევეხები: პარლამენტმა საქართველო წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა და 12 მაისს წილხვედრობის დღესასწაულიც დააწესა. მეტიც, პარლამენტის განათლების კოიტეტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა, სიტყვა-სიტყვით განაცხადა, ჩვენ ქრისტიანობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება შეგვიძლიაო.
_ ძალიან კარგია _ ყველაფერ ამით ჩვენს ქრისტიანული მისიას ხაზი გაესმება.
_ უკაცრავად, რადგან აქამდე წიხლხვედრი ოფიციალურად არ ვიყავით, საქართველოს ქრისტიანული მისია დაკნინებული იყო?
_ ეს აქტი იმას ნიშნავს, რომ, რასაც ეკლესია ამბობდა, სახელმწიფომაც ცნო, ანუ სახელმწიფოებრივი აღიარება მისცა.
_ კი ბატონო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.
_ გასაგებია, რომ სეკულარული სახელმწიფო ვართ და ეს დეკლარაციაა, მაგრამ დიდი ბრიტანეთი სეკულარული სახელმწიფოა თუ არა?
_ ამით მინიშნებას რაზე აკეთებთ, ბატონო სიმონ?
_ ეს ჩვეულებრივი ტრადიციაა.
_ მესმის, მაგრამ ბოლო დროს ხელისუფლება რელიგიაში ზომაზე მეტად გადაიჭრა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ყველაფერი ეს უფრო მასებზე თამაშს ჰგავს.
_ ეს ცუდი კი არა, კარგი რამეა და ნეტავ, მასების გული სულ ასეთი კარგი რაღაცებით მოიგონ!
სხვათა შორის, ისიც კარგია, რომ ე. წ. უნარების გამოცდები გააუქმეს.
_ უნარების გამოცდების გაუქმება კარგი რატომ არის?
_ ეს სიმახინჯე იყო!
მოკლედ, ხელისუფლება კარგს რასაც გააკეთებს, უნდა მოვუწონოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, ცუდს რასაც აკეთებს!
_ ამაში გეთანხმებით, მაგრამ ისევ დიდ პოლიტიკას დავუბრუნდეთ: რუსეთისთვის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის?
_ საქართველო რუსეთისთვის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მხოლოდ კავკასიის კი არა, სპარსეთის ყურისა და ხმელთაშუა ზღვის სივრცის გასაღებია.
ამას გარდა, გენოფონდითაც თუ რუსეთს ოდესმე რამე ეღირსა, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ, როცა რუსეთის სათავეში ქართველი იდგა! უბედურება ისაა, რომ 200 წელია, რუსეთი ჩალიჩობს, გასაღები ვერ მოგვიძებნა და ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ჩვენში რუსეთის მიმართ უკურეაქციას იწვევს.
_ ე. ი., კრემლი არასოდეს დაგვანებებს თავს, არა?
_ რუსეთი ცდილობს, თავი არ დაგვანებოს, მაგრამ, როგორც გითხარით, არასწორად იქცევა და თუ ასე გააგრძელა, მოუწევს, თავი დაგვანებოს. რუსეთმა იმდენი მოახერხა, რომ უკრაინელი გადაიმტერა. თავისი ბრიყვული პოლიტიკით ბელარუსებსაც ის განცდა გაუჩინა, რომ ცალკე ერი შექმნან.
_ 200 წელია, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ბრიყვულ პოლიტიკას ატარებს და როდისღა მიხვდება, რომ ასე არ შეიძლება?
_ თუ არ მიხვდება, კიდევ ერთხელ დაიშლება _ რუსეთი ამ 200 წელიწადში ორჯერ დაიშალა და მესამედაც დაიშლება!
_ ბატონო სიმონ, ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი სამხედრო ნეიტრალიტეტისკენ რატომ გვიკიჟინებს? ეს ავტომატურად რუსეთის ინტერესების ლობირებაა, არა?
_ ის, ვინც ამბობს, ნეიტრალიტეტი გვინდაო, ჩვეულებრივად, ბრიყვია!
_ ნატო თავის კარს რატომ არ გვიხსნის?
_ დასავლეთს არ ეშინია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ჩაგვყლაპავს, რადგან რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტები აქვს. ამიტომ, როგორც ჩანს, დასავლეთს ჩვენზე მეტის დახარჯვა, ჯერჯერობით, არ უღირს.
იცით, რას გეტყვით? _ ჩვენი მხსნელი რუსეთი ან დასავლეთი კი არა, ჩვენივე თავია! ჩვენი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ საქართველო საკუთარ თავზე დაფუძნებული სახელმწიფო იყოს!
საამისოდ კი საჭიროა, რომ ეროვნული სულისკვეთების ადამიანები მოვიდნენ სათავეში! ფანტასტიკური ახალი თაობა მოდის, რომელიც ყველა პრობლემას გადაწყვეტს!

გიორგი აბაშიძე