რატომ არ ჩატარდა „აბბას“ დაპირებული კონცერტი გვირილობის დღესასწაულზე ქუთაისში?

ქუთაისობა, რომელიც გვირილობის ან ორმაისობის სახელწოდებით ყოველწლიურად აღინიშნება, ორი ძველი ტრადიციის შერწყმაა. ორმაისობა ქუთაისის ადრეული ტრადიციაა. დღესასწაული მე-20 საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნება. ორმაისობა სახალხო დღესასწაული იყო. მაისის დღის აღნიშვნა ევროპის ქვეყნებიდან იღებს სათავეს. ორმაისობის დღესასწაულს წლების მერე გვირილობა შეერწყა.

გვირილობის ტრადიციაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, 10-იან წლებში გაჩნდა. დღეობა ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები ბულვარში მოსეირნე ქალაქის წარჩინებულებს მკერდზე გვირილას დააბნევდნენ. გვირილის მიმღებს ყვავილის სანაცვლოდ კალათაში გარკვეული თანხა უნდა ჩაეგდო. საბოლოო ჯამში, შეგროვებული თანხა ტუბერკულოზით დაავადებულებს ხმარდებოდა.
ათეული წელია, ქუთაისქალაქობამ ტრადიციული დღესასწაულის სახე მიიღო და ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბით ტარდება.
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ გალაკონცერტისთვის სცენის, გახმოვანებისა და განათების მომსახურების შესასყიდად 16 700-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საერთო ჯამში, გვირილობის ღონისძიება 2019 წელს 80 000 ლარი დაჯდა. ღონისძიებები წელსაც ტრადიციულია: ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მიერ, ჩოხოსანთა კურთხევა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიღება, ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა პერფორმანსი, ფოტოგამოფენა, დღის ბოლოს კი გალაკონცერტი.
მიმდინარე წლის მარტში „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის დღესასწაულზე, „ქუთაისი არენაზე“, ჯგუფ „აბბას“ კონცერტი გაიმართებოდა. ჯგუფი, რა თქმა უნდა, განახლებული შემადგენლობით ეწვეოდა მამაქალაქს. ამის შესახებ ჩვენს წინა ნომრებშიც წაიკითხავდით. თუმცა გვირილობის დღესასწაულის ღონისძიებების გამოქვეყნებისას მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ დაპირება დაპირებადვე დარჩა. ქუთაისის ნაცვლად კონცერტი თბილისში, ფილარმონიაში, 31 მაისს ჩატარდება. საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი „ქუთაისი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გახდა. ოქიტაშვილი ამბობს, არ აპირებს, პოლიტიკური საუბრებისა და დისკუსიების სამიზნე გახდეს და რომ ორგანიზაციამ უზურფრუქტით მხოლოდ შენობა აიღო, გარე ტერიტორიის მოწესრიგება კი მათ არ ევალებათ. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის მზადაა, შენობაც კი დათმოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საკრებულოს დადგენილებით ქუთაისის მერიამ „ქუთაისი არენას“, უფრო კონკრეტულად კი ავანგარდის ყოფილი ქარხნის შენობა საქართველოს კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადასცა. პირობის მიხედვით, ქარხნის 2104 კვ.მ.-სა და 6420 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს კულტურის პალატა ორი წლის მანძილზე გამოიყენებს. გადაცემა ე. წ. უზურფრუქტით მოხდა. უზურფრუქტი არის უფლება, სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, რომ ამ ქონებას არაფერი დააკლდება. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, ისე გამოიყენოს ქონება და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. მესაკუთრისგან განსხვავებით, მას ქონების გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება არ გააჩნია. ამ ნივთის (ამ შემთხვევაში _ შენობის) გაქირავების ან გაყიდვის უფლება მხოლოდ მეპატრონეს აქვს. უზურფრუქტი შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი, სასყიდლიანი ან უსასყიდლო. ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურის პალატამ დროებითი, უსასყიდლო უზურფრუქტით ისარგებლა. ქარხნის შენობა მას სიმბოლურ ფასად გადაეცა.

შორენა ლაღაძე