საქართველოს საპატრიარქო მიტაცებულ კათოლიკურ ტაძრებში ისტორიულ კვალს შლის

ქართველი კათოლიკეებისთვის გამორჩეულად მტკივნეულია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხი. სადავოდ მოხსენიებული ტაძრები ქუთაისში, გორში, ბათუმში, უდესა და ივლიტაში დგას.

ბათუმის კათოლიკური ეკლესია

ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1897 წლის 12 აპრილს და იგი 1903 წელს ეკურთხა. ეკლესია, ძირითადად, სტეფანე ზუბალაშვილის დაფინანსებით აშენდა. 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა კათოლიკური ეკლესია მორწმუნეებს ჩამოართვა. 1989 წლიდან ტაძარი უკანონოდ უჭირავს საქართველოს საპატრიარქოს და მას დღემდე განაგებს. ქართული წარწერებით დამშვენებული ზარები ტაძარს იტალიელმა კათოლიკეებმა შესწირეს. დღეს ტაძრის კათოლიკური ფრესკების ნაწილი დაზიანებულია; ამოშენებულია კანკელი.

სოფელ უდეს კათოლიკური ტაძარი

იგივე ბედი გაიზიარა სოფელ უდეში მდგარმა ტაძარმა. ადიგენის რაიონში მოსახლეობის უმრავლესობას დღემდე კათოლიკეები შეადგენენ.
„უდეს არის კათოლიკები 2120 სული მაშენებელი ამა საყდრისა. მაჰმადიანები 520 სული. ორივ ტომით ქართველნი, ღვთისმშობელო, შენ გწირამთ ჩვენ შრომასა“, _ წარწერა სოფელ უდეს კათოლიკური ტაძრის ფასადზე, რომელიც ქართველმა კათოლიკეებმა და ქართველმა მუსლიმებმა ერთად ააშენეს. ეკლესია 1904-1909 წლებში აიგო. 1930-იან წლებში ისიც, სხვათა მსგავსად, დაიხურა. 1989 წელს ეკლესია მოტყუებით გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას და დღემდე მის საკუთრებაშია _ უდელი კათოლიკეები ვეღარ სწირავენ წინაპართა მიერ აგებულ ტაძარში. ეკლესიას იერსახეც შეეცვალა.

გორის კათოლიკური ეკლესია

გორში კათოლიკეებს ეკლესია ჩამოართვეს 1755 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანტონ პირველის მიერ კათოლიკობის მიღების გამო დაწყებული მღელვარების გამო. ახალი კათოლიკური ეკლესია გორში 1810 წელს აიგო წმინდა ოჯახის სახელზე, უმეტესწილად, ზუბალაშვილების შემწეობით. 1930-იან წლებში გორელ კათოლიკეებს შენობა ჩამოართვეს. 1989 წელს ტაძარი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიკავა. აქედან მოყოლებული ჩატარდა მრავალი ე. წ. სარემონტო სამუშაო, რომლის მიზანიც კათოლიკური კვალის წაშლა იყო.

ქუთაისის კათოლიკური ტაძარი

ქუთაისის კათოლიკური ტაძარი იმ ადგილას აიგო, სადაც მეფე სოლომონ მეორემ 1800 წელს, წყალობის წიგნით, იგი კათოლიკე მღვდლებს უბოძა.
„ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ესე წყალობის წიგნი აღგიწერეთ… ჩვენს ერთგულს ჰექიმთ პატრებს… ადგილი თქვენ პატრებისთვის გვიბოძებია და მოგვიცია სამუდამოდ… უკეთუ ვინმემ ხელ ჰყოს ამ ჩვენ მიერ წყალობისა სამღვდელომან ან საერომან, რისხოს ღმერთმან რისხვითა საშინელითა და საუკუნოდ ჯოჯოხეთისა მემკვიდრედ გამოაჩინოს“, _ ამონარიდი იმერეთის მეფე სოლომონ მეორისა და დედოფალ მარიამის წყალობის წიგნიდან _ 1800 წლის 14 ნოემბერი.
ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა 1814 წელს, ხოლო 1862 წლის 4 ნოემბერს ღთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელზე იკურთხა. 1939 წელს, ქუთაისის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაძარი ჩამოერთვა ქუთაისის ქართულ კათოლიკურ საზოგადოებას, ხოლო 1989 წელს შენობა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიკავა და მას დღემდე განაგებს.
კათოლიკე ეკლესიას მცდელობა ჰქონდა, ქუთაისის ტაძარი სასამართლოს გზით დაებრუნებინა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სადავო ნაგებობა 1990 წლიდან მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით (მე-7 მუხლი, მე-3 პუნქტი), იგი საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენდა. კათოლიკეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განაჩენი გაასაჩივრეს.
უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკლესია დავის დროს მართლმადიდებლური იყო.

რა აწუხებს საქართველოს კათოლიკე ეკლესიის მრევლს? _ „ქრონიკა+“ აღნიშნულ თემაზე ესაუბრა პაპი გრიგორის პონტიფიკალური უნივერსიტეტის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფაკულტეტის სტუდენტ ვასილ ბალიაშვილს:

_ ვასილ, თქვენ მწვავედ გააკრიტიკეთ საქართველოს პატრიარქი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ იმ წერილისთვის, რომელიც მან რომის პაპს გუგზავნა, რატომ?
_ ეს ჩემი პირადი აზრია და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ქართული კათოლიკური ეკლესიის აზრს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რასაკვირველია, მიმაჩნია, ისევე როგორც მრავალ კათოლიკეს საქართველოში, რომ ილია II-ის მისამძიმრება, წუხილის გამოთქმა რომის პაპისადმი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის გამო, იყო ფარისევლური, რადგან საქართველოს საპატრიარქოს ხუთი კათოლიკური ეკლესია აქვს მითვისებული. წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ეკლესიაებში ისტორიული კვალი წაეშალათ. ამიტომ ძალიან უცნაურია საქართველოს საპატრიარქოს წუხილი დამწვარ ტაძარზე და მისამძიმრება რომის პაპისადმი, როდესაც საკუთარ ქვეყანაში კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრები წართმეული გაქვს.
_ როგორი იყო ამ ტაძრების აგებისა ჩამორთმევის ისტორია?
_ ქართველი კათოლიკეებისთვის გამორჩეულად მტკივნეულია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხი. კათოლიკე თემი წლების განმავლობაში მოითხოვს იმ ხუთი ტაძრის გადმოცემას, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს ჩამოერთვა და 90-იან წლებში სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მიაკუთვნა. სადავოდ მოხსენიებული ტაძრები ქუთაისში, გორში, ბათუმში, უდესა და ივლიტაში დგას. მათ იერსახე ეცვლება: ამოშენებულია კანკელი და წაშლილია ფრესკების მნიშვნელოვანი ნაწილი. ნაწილობრივ განადგურებულია ის წარწერები, რაც ტაძრების კათოლიკურობას ადასტურებდა. ყველა მათგანი აშენდა 1804-დან 1905 წლამდე კათოლიკური სამრევლოების თხოვნით იმ ადგილებზე, სადაც არავითარი ტაძარი არ არსებობდა. დღეს ხშირად შეხვდებით ისეთ ინფორმაციებს, თითქოს ეს ტაძრები გადაკეთებულია ან დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრების ადგილზე აიგო, რაც მცდარი მოსაზრებაა. ეს ტაძრები 1937 წლამდე აბსოლუტურად დახურა საბჭოთა ხელისუფლებამ, ისევე როგორც მართლმადიდებლური ეკლესიები.
_ ქუთაისის ამჟამინდელ ხარების ეკლესიაზე, როგორც ცნობილია, სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. რატომ არ გაგრძელდა აღნიშნული საქმე, თუნდაც, საერთაშორისო სასამართლოებში?
_ დიახ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის კათოლიკური ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს მიაკუთვნა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტლება ევროპულ სასამართლოებში უნდა გასაჩივრებულიყო. როგორც ვიცი, კათოლიკურმა ეკლესიამ თავი შეიკავა, რადგან ოფიციალურ ვატიკანს არ სურდა ურთიერთობების გამწვავება საქართველოს საპატრიარქოსთან. კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სიჩუმე შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ეს არის მათი მხრიდან მეგობრული და ქრისტიანული დამოკიდებულების გამოხატულება აშკარა უსამართლობაზე. კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში განახორციელოს დავა, მაგრამ ის მშვიდად ელოდება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, როდესაც ის სადავო ტაძრების კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ დღეს ეს ტაძრები რა მდგომარეობაშია?
_ ამ ეკლესიებში, პრაქტიკულად, კათოლოკური ეკლესიის კვალის წაშლას ცდილობენ, მათ შორის, ივლიტას ეკლესიაში, ასევე გორის კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც ქართველი კათოლიკე მღვდლების საფლავები დაბეტონებულია, გორის ეკლესიაში განადგურებულია ის ფრესკები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. გორის ეკლესიაზე არსებობს პრეზიდენტ შევარდნაძის ორი ბრძანებულება, რათა შეწყვეტილიყო ფრესკების ჩამოყრა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ჩამოფხიკეს და გაანადგურეს ფრესკები. იგივე საშიშროება არსებობს ბათუმის ეკლესიაშიც, რომელიც განადგურების პირასაა და რესტავრაცია არ ჩატარებია.
_ სახელმწიფოს რა პოზიცია აქვს დღეს ამ პრობლემურ საკითხზე?
_ სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს, რადგან საპატრიარქო ძალიან ძლიერი ინსტიტუციაა და ვერც ერთი ხელისუფლება გაბედავს, რომ ტაძარი ჩამოართვას და კანონიერ მფლობელს გადასცეს.
_ საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვით. ისტორიულად საიდან იღებს სათავეს კათოლიკური რწმენა ჩვენს ქვეყანაში?
_ კათოლიკური ეკლესიის მყოფობა საქართველოში სათავეს იღებს მე-13 საუკუნიდან. და თუ გავიხსენებთ, პირველი ქართული წიგნის სად დაიბეჭდა, პასუხი არის რომში, მე-17 საუკუნეში. გავიხსენოთ, ვინ არის საქართველოს ჰიმნის ავტორი, ქართველი კათოლიკე ზაქარია ფალიაშვილი, ვინ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი _ პეტრე მელიქიშვილი… უამრავი ადამიანია ასეთი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში. ყოველმა წიგნიერმა ქართველმა იცის, როგორი დიდია ქართველი კათოლიკეების როლი საქართველოს ისტორიაში. ზუსტად ამ ადამიანებმა ააშენეს და დაამშვენეს ეს ტაძრები. ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში უკრავდა, რომლის ორღანიც ნაჯახებით დაშალეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კვალი წაეშალათ… სამწუხაროა, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ გააჩნია მეგობრული დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის მიმართ და თუ ამბობ და პაპს სწერ, რომ მისთვის მლოცველი ხარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ისინიც უნდა გაინტერესებდეს, რომ შენს ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებს არ უნდა წაართვა ეკლესიები, სწორედ ეს არის უსიყვარულობის გამოხატულება. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ტაძრები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ კათოლიკური კვალი გაქრეს. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა ამ ეკლესიების არაკათოლიკურ წარმომავლობას. რაც არ უნდა აყალბონ ისტორია, სინათლე, საბოლოო ჯამში, მაინც გამოჩნდება.

ლევან ქემოკლიძე