მთავარი საზოგადოება საბერძნეთში ქართველი პატიმარის ღია წერილი საქართველოს ელჩს ათენში

საბერძნეთში ქართველი პატიმარის ღია წერილი საქართველოს ელჩს ათენში

478
0
გაზიარება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს-ი.ნანობაშვილს.

“მოგესალმებით, ბატონო იოსებ, ვარ საქართველოს მოქალაქე, ემიგრანტი და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მისჯილი სიმონ “სოსო, გურამის ძე კარანაძე. მე თქვენთან არაერთხელ მქონია სატელეფონო საუბრის საშუალება და პიროვნული სიმპათით ვარ თქვენ მიმართ განმსჭვალული, ასევე მინდა დიდი პატივისცემით მოვიხსენიო მთელი საელჩოს თანამშრომლები, განსაკუთრებით ბატონი ზურა ვაჩეიშვილი, რომელიც წლებია ჩახედულია ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ არასამართლიან ქმედებებში საბერძნეთის ხელისუფლებისგან.

მრცხვენია, რომ ვაკრიტიკო და აუგად მოვიხსენიო საბერძნეთის სასამართლო სისატემა, რომლის მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით, თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, იმ საქართველოსი, რომლის სასამართლო სისტემა უსუსური და სამარცხვინოა.

მინდოდა და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ქართული მართლმსაჯულების სამართლიანობით წელში გამართული ვყოფილიყავი და ისე მებრძოლა ბერძნული მართლმსაჯულების უსამართლობებზე ჩემი ოჯახის მიმართ, ახლა კი, ხელ-ფეხ შეკრული, საბჭოთა ნაგალივით მოხრილი, მაგრამ უროსავით მტკიცე სულით ვუძალიანდები ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებულ უსამართლობას.

დეპრესიაში ვარ ჩაძირული და წლებია ზედაპირზე ამოსვლას ვცდილობ. მეგონა ჩემი დუმილი ხმაურზე მეტი იყო, მაგრამ ამაოდ. მახსენდება თქვენ მიერ გაკეთებული კომენტარი, ბატონო იოსებ, როცა თქვით,რომ რაც თქვენ გახდით ელჩი საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქეებს წერილობით არ მოუმართავს საელჩოსთვის, მათი უფლებების დარღვევით, მაგრამ თვითონაც იცით, რომ აქ, ამ ქვეყანაში, არაერთხელ დარღვეულა საქართველოს მოქალაქეების უფლებები. მაგალითისთვის ჩემი ოჯახიც კმარა. ბევრჯერ დაესწრო საელჩოს წარმომადგენლის სტატუსით ბატონი ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესებს და მის თვალწინ არაერთხელ დარღვეულა ჩვენი უფლებები. დარწმუნებული ვარ, ბატონო იოსებ, თქვენ კარგად იცით, რომ სასამართლოზე ჩემი ოჯახის მიმართ განაჩენის მისაღებად, ბრალდება საკმარისი აღმოჩნდა. იმის საშუალებაც კი არ მოგვეცა, რომ თავი გვემართლებინა…

დეტალების კითხვით არ გადაგღლით, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ, რომ 7 მაისს მაქვს ჩანიშნული ჩემი საქმის განხილვა ბოლო ინსტაციაში. დიდი ალბათობით უადვოკატოდ მომიწევს ამ პროცესზე გასვლა, მართალია აქაური კანონმდელობა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ადვოკატის დანიშვნას, მაგრამ თქვენ კარგად იცით,რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და სამართლის მოლოდინი არც უნდა მქონდეს.

მერწმუნეთ, ბატონო იოსებ, თავისუფლების გასაღები მხოლოდ სიმართლეში არ არის, უდანაშაულოები ამ ქვეყანაში ხშირად ხვდებიან ციხეში, მაგრამ ფულიანი უდანაშაულოები იშვიათად იხდიან სასჯელს, უდანაშაულო ადამიანებს ძვირადღირებული ადვოკატების დაქირავების ფუფუნება არ გააჩნიათ, ასეთი ადვოკატები ძირითდად დამნაშვეთა ინტერესებს იცავენ. ბევრისთვის ფული უმართავ ამბიციებს ნიშნავს, ჩემთვის კი თავისუფლების ელექსირს.

ადამიანთა უმეტესობა პატიოსნებაზე პრეტენზიას აცხადებს, ნუთუ პატიოსნება ის არის, ვინც სიმართლის მტკიცებას მოერიდება და უსამართლობაზე თვალს დახუჭავს.
სხეულზე მიყენებული ჭრილობა შეიძლება თავისით მოშუშდეს, მაგრამ სულში მიყენებულს მალამოს გარეშე ვერ განკურნავ, ჩემთვის კი ეს მალამო სამართლიანობით მიღებული თავისუფლებაა,რის მოლოდინშიც უკვე შვიდი წელი გავატარე.

დამერწმუნეთ, ბატონო იოსებ, არავინ არ აფასებს გვერდით დგომას, ისე როგორც ის, ვინც მისი ნაკლელობა საკუთარ თავზე გამოცადა.

დიდი პატივისცემით, სოსო კარანაძე”

დატოვეთ კომენტარი