დათო გამცემლიძე: „მათი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს საჯაროდ დამცირება“

პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთი მოსაზრება გამოითქვა. „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტთან და ანალიტიკოს დათო გამცემლიძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ „ჰესის მშენებლობა“ საბაბი იყო ქართული სახელმწიფოს დასამცირებლად.

_ მხოლოდ ჰესის მშენებლობის გამო დაიძაბა ვითარება პანკისში და ეს დაპირისპირება მოხდა, თუ სხვა მიზეზებიც არის?
_ ჰესის მშენებლობა მხოლოდ საბაბია. ის, რაც პანკისის ხეობაში მოხდა, არის ამჟამინდელი ხელისუფლების თვალსაჩინო, ყველაზე დიდი მარცხი 2012 წლის შემდეგ. არაფერი ისე არ ანადგურებს მმართველ გუნდს, როგორც საჯაროდ, ხილულად გამოჩენილი დაბნეულობა და სისუსტე. 2012 წელს სააკაშვილის მთავრობა დამარცხდა არა უშუალოდ „ციხის კადრების“ გამო, არამედ იმის შედეგად, რომ ამ ვიდეოკადრთა გამოქვეყნების შემდეგ იგი აშკარად დაიბნა და სისუსტე გამოიჩინა ხალხის თვალში.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში „ოცნების“ ხელისუფლებამ გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმი, გაუთვლელობა და არაკომპეტენტურობა გამოამჟღავნა, მაგრამ ბევრად სამწუხარო, არსებითი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობა დამარცხდა, არამედ დამარცხდა საქართველოს სახელმწიფოც!
_ ძალიან მკაცრი შეფასებაა, რას გულისხმობ?
_ აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ვრცელდება ქვეყნის კიდევ ერთ ტერიტორიაზე!
მეცნიერები შუა საუკუნეებიდან მსჯელობენ და კამათობენ იმაზე, რა არის სუვერენიტეტი. ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტი ფორმულა შემდეგია: „სუვერენიტეტი არის ხელისუფლებისა და ძალაუფლების ერთობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“. ანუ სუვერენიტეტი არის სახელმწიფოს უნარი, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელოს ძალაუფლება, ე. ი. შეინარჩუნოს სახელმწიფოს მთავარი თვისება: „მონოპოლია ძალაზე“.
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თუ მიიღო გადაწყვეტილება, მან ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა განახორციელოს. თუ ვერ ახორციელებს, თუ მასთან დაპირისპირებული ძალა უფრო „ღონიერი“ აღმოჩნდა, საჯაროდ დაამცირა და დაჩაგრა, ეს სახელმწიფო აღარ არის!
ზოგიერთს პარიზის მოვლენები მოჰყავს მაგალითად: „რა მოხდა მერე _ აი, ნახეთ, იქაც ხდება შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ორივე მხრიდან არიან დაშავებულნი, ზოგჯერ პოლიცია უკანაც იხევს და ა. შ“.
_ რეალურად ხომ ასეა, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე რამდენი ხანია, ვერაფერი მოუხერხა „ყვითელ ჟილეტებს“…
_ არა, ბატონო, ის რაც პანკისში მოხდა, ჩვენ თვალწინ, სულ სხვაა და აი, რატომ: ფრანგი „ყვითელი ჟილეტები“ ამჟამად ბობოქარ პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მილიარდი ევრო გამოიყო „ღვთისმშობლის ტაძრის“ აღსადგენად მაშინ, როცა „უამრავი ადამიანი შიმშილობს, უსახლკაროდაა“ და ა. შ. პროტესტის გამოსახატავად ისინი აწყობენ დემონსტრაციებს, არბევენ მაღაზიებს, ქვებს ესვრიან პოლიციას, იყენებენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიციაც იყენებს ძალას და ა. შ.
მაგრამ, აბა, ერთი გაბედონ ამ „ყვითელმა ჟილეტებმა“ და ფიზიკური ძალით სცადონ, ხელი შეუშალონ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, აღადგინოს ტაძარი, ანუ ალყა შეამოარტყან ნოტრ-დამს, არ შეუშვან იქ რესტავრატორები და ა. შ.
გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში საფრანგეთის სახელმწიფო მთელ მის სუვერენულ ძლევამოსილებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სახელმწიფოებრივი უმწეობის დემონსტრირება, მისი როგორც სახელმწიფოს დამცირება და უძლურების საჯარო დადასრტურება, მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ ვერშესრულება უღონობის გამო, ანუ, მთლიანობაში, სუვერენიტეტის დარღვევა. უკვე მიღებული გადაწყვეტილების „ვერშესრულება“ არის სახელმწიფოებრიობის ნგრევის დასაწყისი და სუვერენიტეტის ელიმინაცია, რადგან მეცნიერები იმაზე კი მსჯელობენ დღემდე, თუ რა არის სუვერენიტეტი, მაგრამ ერთზე არიან შეთანხმებულნი: „სანახევრო“ ან „ნაწილობრივი“ სუვერენიტეტი არ არსებობს. სუვერენიტეტი ან არსებობს მთლიანად, განუყოფლად, ან არ არსებობს მთლიანად“. ეს არის მისი არსი.
ზუსტად ამ მიზანს, ანუ საქართველოს სახელმწიფოს საჯაროდ დამცირება-დაბეჩავებას, მისი სუვერენიტეტის შებღალვას ისახავდნენ მიზნად პანკისის ხეობაში დაბუდებული ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ხეობაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, ლოიალურ, პატრიოტ მოქალაქეებს იყენებენ „ცოცხალ მასალად“ ანტისახელმწიფოებრივი მიზნის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ეს ძალები მოქმედებდნენ კადიროვის ჩეჩნეთისა და მაშასადამე რუსეთის „ზურგით“.
ვიმეორებ: მათი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს საჯაროდ დამცირება, მისი საჯაროდ, თვალსაჩინოდ დამარცხება ამ რეგიონში, საჯაროდ, დემონსტრაციულად აბუჩად აგდება. ხოლო „ჰესის მშენებლობა“, მხოლოდ და მხოლოდ, საბაბია. არ იქნებოდა „ჰესი“? _ სხვა საბაბს იპოვიდნენ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად იპოვიდნენ, რაკი ამ ძალთა მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ასეთის, დასჯა მისი დამცირება-აბუჩად აგდებით.
სამწუხაროდ, ამ ბოროტ მიზანს ანტისახელმწიფოებრივმა ძალებმა სრულად მიაღწიეს: საქართველოს სახელმწიფო საჯაროდ დაამცირეს, აბუჩად აიგდეს, ამ ტერიტორიაზე მისი სუვერენიტეტის არარსებობა დაადასტურეს.
_ ფაქტია, რომ სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, პოლიციამ, არ გამოიყენა მთელი თავისი ძალა…
_ რაც შეეხება ამ მოსაზრებას, რომ „საქართველოს სახელმწიფომ არ გამოიყენა მთელი თავისი ძალა, თორემ…“ _ ეს ჩვენ არ ვიცით: თუ საქართველოს სახელმწიფო მეტ ძალას გამოიყენებდა, მაშინ მოწინააღმდეგე ანტისახელმწიფოებრივ ძალებსაც შეძლოთ, „მეტი ძალა“ გამოეყენებინათ. აკი გვითხრეს პირდაპირ ეთერში: თუ რეზინის ტყვიების სროლას განაგრძობენ, ქვების ნაცვლად შეიძლება, ჩვენგან სხვა რამეც წამოვიდესო.
ანუ ვიმეორებ, _ ჩვენ არ ვიცით, შეძლებდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო თავისი სუვერენიტეტის განხორციელებას, ე. ი. მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებას თუ მეტ ძალას გამოიყენებდა, რადგან „მეტ ძალას“ შეიძლება „მეტი ძალა“ დაპირისპირებოდა, როგორც დაგვემუქრენ.
_ ანუ რა ხდება?
_ დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რაც თვალნათლივ ვნახეთ: საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება ფიზიკურად ვერ შეძლო, რაკი ძალა არ ეყო! მორჩა! ეს იმას ნიშნავს, რომ იქ საქართველოს სუვერენიტეტი არ ვრცელდება.
_ სრულიად ლეგიტიმურია დღევანდელი მთავრობის კრიტიკა: რომ არა მისი არაპროფესიონალური, გაუთვლელი, არაკომპეტენტური ქმედებები, ე. ი., რომ არა მცდელობა, აეშენებინა ჰესი, არც არაფერი მოხდებოდა…
_ კი ბატონო, მაგრამ ამით არსი არ იცვლება: უბრალოდ, საჯაროდ არ დადასტურდებოდა ის, რაც ამ მოვლენების შედეგად „გამოჩნდა“ და ჩვენ ასე თვალსაჩინოდ, ასე თვალანთლივ ვერ დავინახავდით საზარელ რეალობას: ამ ტერიტორიაზე საქართველოს სუვერენიტეტი არ ვრცელდება. შესაბამისად, იურისდიქციაც ვრცელდება, მხოლოდ და მხოლოდ, იმდენად, რამდენადაც მას, ჯერჯერობით, „ნებას რთავენ“ ხსენებული ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას „იყენებენ“.
ვთქვათ ასე _ „პოლიტკორექტულად“, „ჰესი“ კი ნამდვილად საბაბია და არა _ მიზეზი. მით უმეტეს მიზანი.
_ პანკისთან და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაისმა: რუსეთი, რუსეთუმეები. რამდენად რეალურია რუსეთის ინტერესები ხეობაში?
_ ხსენებული გეგმის, ე. ი. საქართველოს სახელმწიფოს საჯაროდ დასამცირებლად, საქართველოს სახელმწიფოზე შურის საძიებლად, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს პანკისის ხეობაში აუცილებლად სჭირდებოდათ და როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყენეს ჩვენებური „სასარგებლო იდიოტები“. ზოგადად, „სასარგებლო იდიოტთა“ ლეგიონი, რომელიც საქართველოში, ტრადიციულად, ძალზე მრავალრიცხოვანია, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურებაა დამოუკიდებლობის დღიდან _ დღემდე. ზოგიერთ კომენტარს რომ ვუსმენ, ამაში საბოლოოდ ვრწმუნდები.
_ იქნებ, დააკონკრეტო, რას გულისხმობ?
_ რატომღაც, ყველას „დაავიწყდა“, რომ პანკისის ხეობა სწორედ ის რეგიონია, სადაც არსებობს „პოლიტიკური ისლამის“, „რელიგიური ფანატიზმის“, „ვაჰაბიზმისა“ და „სალაფიზმის“ უკიდურესად რადიკალური მიმართულებების ძალზე სერიოზული პრობლემა; ასევე ყველას „დაავიწყდა“, რომ ამ რეგიონიდან უამრავი ექსტრემისტი გაემგზავრა შავბნელი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ საომრად. ამ მხრივ, ლამის, მსოფლიო ლიდერები არიან და იმ ტერორისტული „სახელმწიფოს“ ძალისმიერი „სტაფიც“ დააკომპლექტეს „თავდაცვის მინისტრიდან“ დაწყებული; ყველას „დაავიწყდა“, რომ პანკისის ხეობა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩეჩნური სამოქალაქო სეპარატიზმის ერთ-ერთი ცენტრი იყო და იქ ჯერ კიდევ რუსლან გილაევის ეპოქიდან _ ფრთხილად ვიტყვი _ აღურიცხავი იარაღის პრობლემაც არსებობს; ასევე არავინ მიაქცია ყურადღება, რომ როდესაც ჩეჩნურმა სამოქალაქო სეპარატიზმმა, რამზან კადიროვის სახით, მიაღწია ისტორიულ კომპრომისს კრემლთან და მის „ჩაფრად“ იქცა (გავიხსენოთ, რამდენი ჩეჩენი იბრძოდა დონბასზე უკრაინის წინააღმდეგ), ეს კომპრომისი პანკისის ხეობასაც ეხებოდა, ანუ პანკისელი ელიტებიც შეუერთნენ ამ პუტინ-კადიროვის ისტორიულ კომპრომისს და რამზან კადიროვის, მაშასადამე, კრემლის ლოიალურნი გახდნენ.
გროზნოსა და მოსკოვში კი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს პროცესებს. ადგილობრივ მოსახლეობას, ადამიანური და სხვა კონტაქტების თვალსაზრისით, ჩეჩნეთთან, ე. ი. რუსეთთან, უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვს, ვიდრე დანარჩენ საქართველოსთან.
სწორედ ამიტომ სჯობდა, მთავრობას ეს გარემოებები გაეთვალისწინებინა, დაემალა სამარცხვინო რეალობა და არც კი ეცადა გადაწყვეტილების განხორციელება იქ, სადაც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, როგორც აღმოჩნდა, არ ვრცელდება. ამით არ შეექმნა სახიფათო საბაბი გარეშე ჩარევისთვის. ათასობით „ბოევიკი“ კადიროვს საამისოდ მზად ჰყავს.
_ ჩვენთვის ცნობილია, და ახსენე კიდეც, რომ არაერთი პანკისელი მონაწილეობდა სირიაში მიმდინარე პროცესებში. არის თუ არა შესაძლებელი, „დაბრუნებულებს“ ჰქონდეთ რაიმე სახის ინტერესები და რა სახის შეიძლება იყოს ეს ინტერესი?
_ ზემოთ ვთქვი, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს „საქართველოს სახელმწიფოს დასჯა“ უნდოდათ-მეთქი მისი საჯაროდ დამცირება-შეურაცხყოფით და სუვერენიტეტის დანგრევით. ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: რატომ? რით არიან უკმაყოფილო?
_ ჰო, სრულიად გულწრფელი კითხვაა, _ რატომ?
_ პირველ რიგში, სწორედ იმით არიან უკმაყოფილონი, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელს უშლის სირია-ერაყში სამართლიანად ჩაკლული „ისლამური სახელმწიფოდან“ უკან, პანკისის ხეობაში „ბოევიკების“ თავისუფალ, უსაფრთხო, დაუსჯელ დაბრუნებას; აპატიმრებს თვით ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრებს, ავიწროებს კრიმინალებს, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ თბილისიდან იტაცებდნენ ბიზნესმენებს გამოსასყიდის მოთხოვნით; ცდილობს, გააკონტროლოს კონტაქტები კადიროვის ჩეჩნეთთან საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის, მათ შორის, საქართველოს სამხედრო გზის გავლით _ ზამთრობით და ა. შ.
ბუნებრივია, დიდი როლი შეასრულა 2017 წლის ტრაგედიამ, როდესაც ქართველი სპეცრაზმელის გასროლას პანკისში სპეცოპერაციისას, ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა. ხოლო თვით ეს სპეცოპერაცია პანსკისში რამდენიმე კვირით ადრე, თბილისის ღარიბ-ღატაკ, მაგრამ მშვიდობიან რაიონში მოწყობილ სასაკლაოს მოყვა, როდესაც ფანატიკოსებმა მიიჩნიეს, რომ მომავალი შურისძიების შიშით, საქართველოს სახელმწიფო ვერ გაბედავდა, მათთვის თბილისში ხელი ეხლო, მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებებისა.
აი, ამ უკმაყოფილებამ გადმოხეთქა ბოლო მოვლენებში და სამწუხაროდ, გამოუვიდათ საქართველოს სახელმწიფოს დასჯა მისი საჯარო დამცირებით!
„ჰესი“ მხოლოდ, „საბაბია“ _ ერთგვარი „კაზუს ბელლი“.
_ ცხადია, რომ პანკისი დენთის კასრიც არის. იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ვერც კი აკონტროლებდა ამ რეგიონს და თუნდაც ჩრდილოეთიდან მომდინარე მუქარები იმ დროისთვის მიზეზად აქ არსებულ ტერორისტებს ასახელებდა. რამდენად არის შესაძლებელი არა მხოლოდ მუქარების განმეორება, არამედ ამჟამად წყნარი რეგიონის ისევ არევა?
_ ეს რეგიონი „წყნარი“ იყო იმდენად, რამდენადაც „წყნარია“ დენთის კასრი. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მეტ პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას არ გამოამჟღავნებს. პრობლემის მისაჩუმათებლად „მგლის თავზე სახარების კითხვა“, „მეტი კომფორტის“ შექმნა, მიუხედავად „სასარგებლო იდიოტთა“ გავრცელებული აზრისა, პრობლემას კი არ შეამსუბუქებს, არამედ, პირიქით, დაამძიმებს და ანტისახელმწიფოებრივი ინტენციის ძალებს კიდევ უფრო გაათავხედებს. სტრატეგია არა „მეტი კომფორტი“, არამედ „ნაკლები კომფორტი“ უნდა იყოს ყველა თვალსაზრისით. გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. სხვებისთვის ახსნას აზრი არ აქვს. ისინი დარჩებიან „სასარგებლო იდიოტების“ მდგომარეობაში. კაცობრიობის ისტორიამ კი დაამტკიცა, რომ ეს არ იკურნება.
_ ცხადია, რომ ხელისუფლებები არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ უამრავ სხვა საკითხზე ვერ ახერხებს ინტერაქციას ხალხთან. რამდენად აზიანებს ეს ვითარება მთლიანად ხელისუფლებას და სახელმწიფოებრივ პროცესებს?
_ არა „პასპორტით“, არამედ „გულით“ საქართველოს მოქალაქეებთან ინტერაქცია შესაძლებელია. მაგრამ შეუძლებელია ინტერაქცია იმ ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან, რომლებიც არა საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნის რეგიონზე არიან ორიენტირებულნი, უცხო ქვეყნიდან იმართებიან და ვისთვისაც „ჰესი“ მხოლოდ საბაბი იყო, ხოლო რეალური ინტენცია _ ანტიქართული ბოღმის გადმონთხევა, საქართველოს სახელმწიფოს დამარცხება მისი საჯარო დამცირებით. პოლიტკორექტულობა კი მოითხოვს, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ.
_ წელიწადზე მეტია, ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. რამდენად სასარგებლოა ხელისუფლებისთვის ასე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული საქმე და რა არის საუკეთესო გამოსავალი?
_ ამ საქმიდან არათუ „საუკეთესო“, არამედ „კარგი“ გამოსავალი არ არსებობს, რადგან „გამოსავლად“ ნამდვილად ვერ ჩაითვლება იმ სპეცრაზმელზე „ხელის შეწმენდა“, მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნება, ანუ სამიზნედ ქცევა, ვინც ის საბედისწერო გასროლა განახორციელა.
ოპოზიცია დღეს რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს, ეჭვი მეპარება, საქართველოს ნებისმიერმა ახალმა მთავრობამ ან ახალმა ხელისუფლებამ გაბედოს მთავარი მოთხოვნის შესრულება და იმ სპეცრაზმელის სახელისა და გვარის გამოქვეყნება, ვინც გასროლა განახორციელა.
_ დაბოლოს, რამდენად არის შესაძლებელი პანკისის მოვლენების რეზონირება ან მისი ქვეცნობიერში დალექვა _ შენახვა სასურველ დრომდე, თუნდაც კავკასიონის გადაღმა?
_ სამწუხაროდ, უკვე გააკეთეს თავისი გასაკეთებელი: მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ იმ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტი არ ვრცელდება. იურისდიქციაც ვრცელდება მხოლოდ ნაწილობრივ და „გარკვეულ დრომდე“… სანამ ნებას რთავენ და სჭირდებათ. აი, ეს რეალობა „დაფიქსირდა“, ხოლო მასობრივ ქვეცნობიერში ის „დაილექა“, რომ საქართველოს სახელმწიფოს, რამე რომ იყოს, იოლად დაჩაგრავენ.
რასაკვირველია, ვლაპარაკობ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებზე და არა პანკისის მთელ მოსახლეობაზე _ მიყვარს პოლიტკორექტულობა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ძალები აკონტროლებენ იქ ბევრ რამეს და „ქმნიან ამინდს“.
მათი გავლენის რეალური მოშორება-ამოშანთვა და სუვერენიტეტის აღდგენა „კომფორტის შემცირებით“ და არა „კომფორტის გაზრდით“ საქართველოს სახელმწიფოს გრძელვადიანი ამოცანაა.

არმაზ მეტრეველი