არჩილ თაბაგარი: „სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესსა და კერძო საკუთრებას საფრთხის ქვეშ აყენებს“

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა „ღვინის ქარხანა #1-ის“ სასამართლო _ სისტემის კეთილსინდისიერებისა და ბიზნესისადმი დამოკიდებულების საზომ ტესტად იქცა.
საქმე იმდენად ნათელი და, ამავდროულად, ჩახუჭუჭებულია, რომ მის სამართლებრივ დასრულებას არა მხოლოდ სასამართლო დავაში ჩართული მხარეები, არამედ ქართული ბიზნესი და ინვესტორებიც ყურადღებით აკვირდებიან.
უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილმა პრეცედენტმა შესაძლოა, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება და მრავალჭირნახული და კატაკლიზმებგამოვლილი ქართული ბიზნესი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენოს.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას და ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატ არჩილ თაბაგართან:
_ არჩილ, რატომ არის ეს საქმე ასე რეზონანსული და რატომ უქმნის საფრთხეს იგი ქართულ ბიზნესსა და სამართლებრივ სისტემას?
_ საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაშია 2014 წლის დეკემბრიდან. ანუ თითქმის ხუთი წელია, საქმეს სასამართლო განიხილავს და ქონებას ყადაღა ადევს, ეს ბიზნესისთვის დამანგრეველია. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა 2019 წლის 19 ივნისისთვის გადადო, როდესაც გასული წლის სექტემბრიდან ყოველდღე ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლო უკვე მეორედ განიხილავს ამ საქმეს და მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა ლამის დეტალურად იცის საქმის ყოველი ნიუანსი.
_ მაშინ რა არის საქმის გაჭიანურების მიზეზი?
_ რა იყო იმის მიზეზი, რომ პირველ ინსტანციაში გამოტანილი ვერდიქტი და მეორე ინსტანციის ვერდიქტი აბსოლუტურად გაუგონარი მოტივაციით არ გაითვალისწინა უზენაესმა სასამართლომ და საქმე კვლავ სააპელაციოს დაუბრუნა?
_ გულისხმობთ ზეწოლას ან გავლენას?
_ დიახ, მაქვს ამის ვარაუდის საფუძვლიანი ეჭვი. შეიძლება, ბიზნესი ხუთი წელი დავის პროცესში ამყოფო, ქონება დაუყადაღო, პარალელურად აღიარებდე, რომ საქმე გაქვს კეთილსინდისიერ მფლობელთან და აჭიანურებდე სასამართლოს ერთადერთი მოტივით _ დაათმობინონ ბიზნესი მეპატრონეს?!
_ ასეთი მოთხოვნა ვისგან იყო?
_ მათ არც დაუფარავთ საუბრებში, რომ ამ ობიექტში წილობრივი მონაწილეობა უნდათ. მე ვუთხარი მათ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს, რომ ამაზე საუბარი დაუშვებელი იყო და ეს თემა მოკვდა.
_ და…
_ მხარე, რომელსაც მე წარმოვადგენ, კატეგორიულად წინააღმდეგია რაიმე სახის გარიგებაზე წასვლის. ეს პირები სასამართლოს მეშვეობით 2015 წლის იანვრიდან ყადაღის ქვეშ ამყოფებენ ქარხანას. ამ ხნის განმავლობაში ყადაღის ქვეშ კომპანიის ყოფნა, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი განახლება, რეაბილიტაცია, რადგანაც ეს ობიექტი საკმაოდ ძველია და დიდი კაპიტალდანახარჯი სჭირდება, ფაქტობრივად, გაუსაძლისია. ამის შესახებ საქმის კურსშია ყველა _ ბიზნესომბუდსმენიდან დაწყებული, სხვა ყველა ინსტანციით დამთავრებული და ამის მიუხედავად არანაირი საშველი არ ჩანს.
_ ანუ შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლება საქმის კურსშია?
_ დიახ, ვერავინ იტყვის, რომ არ იცოდა ქარხნის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ არაფერი.
_ და მაინც, რა არის დავის საგანი?
_ ახლანდელმა მფლობელებმა აღნიშნული ობიექტი შეიძინეს 2013 წლის მარტში. 2013 წელს შპს „არტ ღვინომ“ ფიზიკურ პირ ვლადიმერ კვარაცხელიასგან 4 000 000 აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი კომპანია შპს „კატრი კაპიტალში“ (ს/კ: 404401544). ვლადიმერ კვარაცხელია მის კუთვნილ კომპანია შპს „კატრი კაპიტალის“ მეშვეობით საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი მისი ქონება ჩადებული ჰქონდა „თიბისი ბანკში“. ვლადიმერ კვარაცხელია ამ დროისთვის ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება კი, პრაქტიკულად, გადასული იყო „თიბისი ბანკის“ სრულ განკარგვაში. ამავე წელს შპს „არტ ღვინომ“ „საქართველოს ბანკისგან“, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საფინასო ორგანიზაციისგან, 5 550000.00 ლარად გამოისყიდა ქონების მეორე ნახევარიც. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენის _ შპს „არტ ღვინოს“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე _ სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხანა“. მის წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.
_ რამდენადაც მახსოვს, კბილაშვილს ამ ღვინის ქარხანასთან, უფრო სწორად, მის ყოფილ მფლობელებთან, ადრეც ჰქონდა პროფესიული კავშირი, თუ ვცდები?
_ არა, არ ცდებით. როგორც ირკვევა და ეს ჩვენთვის სასამართლო დავის დროს გახდა ცნობილი, 2004 წელს ქარხანა გაიყიდა. გაყიდა მისმა დირექტორმა ვინმე გიორგი მგალობლიშვილმა. შემდეგ აქციონერებმა მას იმ მოტივით უჩივლეს, რომ მას არ ჰქონია ქარხნის გაყიდვის უფლება. პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ საქმეში მგალობლიშვილის ადვოკატი გახლდათ ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც მაშინ ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილს კანონი არ დაურღვევია და მის მიერ დადებული გარიგება კანონის ფარგლებში იყო. ამ საქმეზე, რამდენადაც ვიცი, ათამდე ადამიანი დააკავეს. მგალობლიშვილი არ დაუკავებით, მან მაშინ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის მიმართ საქმე არ შეწყვეტილა და სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა.
_ ეს დევნა ახლაც გრძელდება?
_ არა. 2013 წელს, როდესაც ბატონი არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორი გახლდათ, მგალობლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.
_ საინტერესოა. და ამაზე რას ამბობს ბატონი კბილაშვილი?
_ ის აცხადებს, რომ პროკურატურაში უამრავი საქმე იყო და მგალობლიშვილის მიმართ რატომ შეწყდა დევნა, მისთვის უცნობია.
_ ანუ კარგად გამარკვიეთ: კბილაშვილი ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილი დამნაშავე არ იყო და ქონება გასხვისდა კანონის ფარგლებში, შემდეგ მგალობლიშვილის მიმართ დევნა შეწყდა და ახლა კბილაშვილი აცხადებს, რომ მგალობლიშვილის დროს ჩადენილ იქნა უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამის გამო 2004 წლიდან, ლამის, 30-ჯერ გაყიდული ქონებაზე დაობს?
_ დიახ, ბატონი კბილაშვილი, რეალურად, ამის დამტკიცებას ცდილობს.
_ კბილაშვილის ქმედებები, არაერთიკურთან ერთად, ამორალურადაც მეჩვენება, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით.
_ კბილაშვილს არანაირი პრეტენზია არ აქვს 2004-2006 წლებში სს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ დირექტორებთან და აქციონერთა ერთ ნაწილთან, რომელთა ქმედებებს, როცა ამის სურვილი აქვს, დანაშაულებრივსაც უწოდებს და თან ირიბად აღიარებს ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებას. რამდენადაც ვხვდები და ვვარაუდობ, ბატონ კბილაშვილს კონკრეტული ამოცანა აქვს _ პროცესი გაწელოს იმ ზომამდე, რომ კეთილსინდისიერ მფლობელებს მოსარჩელემ ან წილი გამოსტყუოს, ან დაქანცოს სამართლებრივი დავით და უარი ათქმევინოს ქონებაზე. მის მორალსა და ეთიკას არ შევეხები, ეს სხვებმა განსაჯონ.
_ თვალახვეული გასაგებია, მაგრამ თემიდა ყრუა? ე. ი. სასამართლო კბილაშვილის დუდუკზე ცეკვავს და მის ნებაზე დადის?
_ ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აქ ხდება რაღაცა სახის მანიპულაცია. მიზანი _ ობიექტი ამყოფონ მუდმივად სასამართლო დავის რეჟიმში. ასეთ პრობებში ხომ რაიმე სახის ინვესტიციაზეც კი საუბარი ზედმეტია. ამჟამინდელი ინვესტორებიც გაოგნებულნი არიან. წლებია, ფული დაბანდებული აქვთ და არანაირი შედეგი, სარგებელზეც საუბარი ხომ ზედმეტია. მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში გარკვეული სახის ჩარევა მოხდა იმისთვის, რომ საქმეზე შედეგი არ დამდგარიყო და დავის სტატუსი შენარჩუნებულიყო. საქმე მთავრდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო _ ანუ ჩვენ გავმართლდებოდით, როგორც აქამდე გავმართლდით ყველა სხვა ინსტანციაში. ჩემი აზრით, ეს არ აწყობდათ. დააკვირდით: პირველ ინსტანციაში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე სს „სავანე ღვინის #1 ქარხანას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. თუმცა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა. ერთი წლის შემდეგ _ 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც _ შემადგენლობით: ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე _ სს „სავანე ღვინის #1 ქარხანას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
_ და რა ხდება უზენაეს სასამართლოში?
_ 2018 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შემადგენლობით: ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, ორი ინსტანციის მიერ საფუძვლიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ახლიდან შესწავლის“ მოტივით, განსახილველად უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
_ რომელიც, როგორც ვხვდები, განაჩენის გამოტანის პროცესს წელავს.
_ ასე გამოდის. ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი _ პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე. 2018 წლის სექტემბრიდან ყოველ თვე ტარდებოდა სხდომა. 22 მარტს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინათ, წინა დღეს თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა. მერე ყველა ავაწრიალე და საბოლოოდ დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა 19 ივნისისთვის გადაიდო.
_ და მაინც, უაღრესად საინტერესოა, რა იყო უზენაესი სასამართლოს მოტივი?
_ შევთანხმდეთ იმაზე, რომ, როგორც წესი, ასეთი საქმე უზენაეს სასამართლოში განსახილველად არ შედის და კასაცია დასაშვები არ არის. ამის მიუხედავად, რატომღაც, უზენაესი სასამართლო არსებითად იწყებს საქმის განხილვას. საბოლოოდ, მიღებულია გადაწყვეტილება საქმის უკან დაბრუნების შესახებ, რისი არანაირი არგუმენტაცია არ არსებობდა. საქმე იმდენად იყო შესწავლილი პირველ და მეორე ინსტანციაში, რომ მასში ახლად აღმოჩენილი ან სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა. საქმის უკან დაბრუნება, თან ამ მოცემულობაში, ბიზნესდავებში არის წარმოუდგენელი უსამართლობა. თუ რამე არასწორად იყო შეფასებული, უზენაეს სასამართლოს შეეძლო, კანონის ნორმა მიესადაგებინა, რომელსაც მართებულად მიიჩნევდა და დავა დაესრულებინა. მაგრამ ამას ვერ იზამდა, ამიტომ, სავარაუდოდ, რადგან უზენაეს სასამართლოს მოუწევდა, ძალაში დაეტოვებინა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რაც არ შედიოდა ბატონი კბილაშვილისა და მოსარჩელე მხარის ინტერესებში, მათ საქმის გაწელვისა და ბიზენსისთვის დამატებითი ზიანის მიყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბატონი კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოსთვის საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა და ფლობა არაფერს ნიშნავს, როცა მათ ინტერესებსა თუ გავლენის ქვეშ მოქცევაზეა საუბარი. ვიმეორებ: შეუძლებელი გახლდათ, ეს საქმე უზენაესი სასამართლოდან ისე დაბრუნებულიყო, რომ სერიოზული ჩარევა არ მომხდარიყო.
_ რამდენადაც ვხვდები, უზენაესი სასამართლო, სამართლებრივად, საკმაოდ უხეში პრეცედენტის ავტორი ხდება?
_ საქმე მხოლოდ დააბრუნა და ამის გამო ეს მსუბუქი შეფასებაა. უზენაესმა სასამართლომ ბიზნესს მიუტევებელი დარტყმა მიაყენა. 2004 წლიდან დღემდე ამ ობიექტზე 30-მდე უძრავი ქონების გასხვისების ტრანზაქცია მოხდა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ ყიდულობთ უძრავ ქონებას, მერე მოდის ათი წლის წინანდელი მესაკუთრე და გეუბნებათ, _ მართალია, თქვენთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ათი წლის წინ ვიღაცამ მე დამაზარალა და ამის გამო ქონება უნდა დამიბრუნოთ. თან იმ გარიგებაზე არის ხელმოწერა. ეს ყველაფერი მოხდა ხელშეკრულებებით და ყოველმა შემდგომა მესაკუთრემ სათანადოდ იხეირა. აქ არ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ვიღაცამ უარი თქვა საკუთრებაზე, არამედ ყველა გაყიდვა ნებაყოფლობით მოხდა. ახლა ვიღაცას ის ფასი არ მოსწონს, რადაც გაყიდა და მას უნდა დაუბრუნდეს ქონება? მხოლოდ ჩვენ კონკრეტულ ტრანზაქციაში _ შეძენაში, ბიუჯეტში 1 მილიონი გვაქვს გადახდილი. ანუ, რა გამოდის, ბიუჯეტის ჩათვლით ყველამ სარგებელი ნახა და, თურმე, ახლანდელმა მესაკუთრემ ქონება უნდა დაუბრუნოს იმას, ვისგანაც იგი არ შეუძენია და არანაირი შემხებლობა არ ჰქონია?
_ ე. ი. უზენაესმა სასამართლომ ბიზნესი საფრთხის ქვეშ დააყენა?
_ დიახ და თქვა, რომ ბიზნესს არანაირად არ დაიცავს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი.
_ საქმეში „საქართველოს ბანკი“ ჩართული გყავთ?
_ დიახ და გაოგნებულნი არიან. ისინიც, თავის მხრივ, კეთილსინდისიერი მყიდველები იყვნენ, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მიმართ ბიზნესის მთავარი პრეტენზია ის გახლავთ, რომ მან არ გადაწყვიტა ბიზნესდავა. არ შეიძლება, სასამართლომ ამდენი ხანი ამყოფოს ბიზნესი დავაში, რადგან დრო ბიზნესის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სასამართლო დავის არსებობა და ბიზნესის განვითარება ერთად არ ხდება _ არსად მსოფლიოში. სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ბიზნესდავები მალე დაასრულოს და თუ მტყუანია, გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, თუ მართალია _ გაამართლოს. ამავე დროს, სასამართლომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი ქაღალდზე დაწერილ ცნებად აქცია. დაბოლოს: წარმოუდგენელი რამ, _ უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ როდესაც შედიხარ კომპანიაში, არა მხოლოდ უნდა შეისწავლო ქონების სამართლებრივი სტატუსი, არამედ დირექტორების კეთილსინდისიერებაც. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?
_ უკაცრავად, ვერ მივხდი…
_ ანუ თქვენ თუ რომელიმე წარმატებულ კომპანიაში აქციებს შეიძენთ და მერე აღმოჩნდება, რომ ამ კომპანიის რომელიმე დირექტორი, თურმე, არაკეთილსინდისიერი ყოფილა, თქვენ ხელთ შეგრჩებათ შპს-ს წესდების ქაღალდი ქონების გარეშე. წარმოგიდგენიათ, რა პრეცედენტი დაუშვა? ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ იურიდიული პირი ფიქციაა. ამ დროს მე იმიტომ ვყიდულობ კომპანიის აქციებს, რომ იმ ქონების ინტერესი მაქვს და არა შპს-ს წესდების.
_ წარმოუდგენლად მეჩვენება, გარედან, ინტერესის გარეშე, უზენაეს სასამართლოსა და სააპელაციოს, საქმის ასეთი გაჭიანურებით, დარტყმა მიეყენებინათ სასამართლოს რეპუტაციისთვის…
_ დიახ, ასეა, მაგრამ ვიმეორებ: სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესსა და კერძო საკუთრებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

გოჩა მირცხულავა