პანკისში ჰესს რუსი ბიზნესმენი აშენებს,რომელიც ფსბ-ს „მუშკაზე“ ჰყავს აყვანილი

ჯერ ყურადღებით წავიკითხოთ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან დაპირისპირებამდე, რა განცხადება გაავრცელა მშენებელმა კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“:
„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი-2 ჰესის“ მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი, ე. წ. მცირე ენერგეტიკას განეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც.

უახლოეს პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების მშენებელი კომპანიები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ, განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „ფერი“ ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი _ ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია, სახელმწიფოსთან ერთად, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემას. ძიბახევისა და ბირკიანის მოსახლეობას სპეციალურად შექმნილ ფონდში შეუტანს მოხმარებული დენის ადეკვატურ ღირებულებას (2018 წლის მოხმარების შესაბამისად). ძიბახევი-ბირკიანის ტერიტორიაზე, ალაზნის მიმდებარედ, მოაწყობს მარტივ, უსაფრთხო საბანაო ადგილს. ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოაყენებინებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს (სათავე ნაგებობების, ჰესის შენობებისა და მილსადენის თავზე სათხრელი სამუშაო ადგილების გარდა).
იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო სოფელ ბირკიანს წყლის პრობლემა შეექმნება, კომპანია დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ საკითხს. ასევე გარემონტდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი. მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ააშენებს ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს. ამასთან ერთად, კომპანია, ყოველწლიურად, ახლად შექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს. ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ისევ რეგიონის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ „ფერის“ კარგად იცნობენ ახმეტაში. პანკისის ხეობაში კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომელსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრებიც გადაამზადა, რომელიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებშია დასაქმებული“.
გარდა აქ მოჭრილ ხე-ტყეზე, სასმელი წყლის პრობლემებსა და ა. შ., საინტერესოა, საიდან შემოდის ეს მილიონები? ვინმე დაფიქრებულა, ვინ და რა ფული დგას ამ კომპანიების უკან? მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო პროექტზე. რატომ არსად გაჟღერებულა ის ფაქტი, რომ მშენებელი კომპანიის უმსხვილესი მეწილე რუსეთის მოქალაქეა და არც ისე დიდი ხნის წინ, ლამის, ყოველდღე იჯდა ფსბ-ს ოფისში _ დაკითხვებზე.
აქ მხოლოდ ფაქტებს მოვიყვანთ _ მეტს არაფერს! შეფასებისგანაც კი თავს შევიკავებთ.
ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3-ს“ კომპანია „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებს. „ალაზანი ენერჯი“ 2016 წელს ჩამოყალიბდა და მისი მესაკუთრე და დირექტორიც ლაშა იორდანიშვილია. ვინ არის ლაშა იორდანიშვილი, ქვემოთ მოგახსენებთ.

შპს „ფერი“ _ რუსეთიდან მართული ქართული მონოპოლისტი?!

შპს „ფერი“ 1991 წელს დაფუძნდა. 1996 წლის აგვისტოში, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დროისთვის, „ფერის“ ჰყავდა 11 დამფუძნებელი. ყველა დამფუძნებელი, ერთის გარდა, კომპანიაში მცირე წილს ფლობდა (1-5%); წილების დიდ ნაწილს კი _ 64 %-ს _ ფლობდა იოსებ მჭედლიშვილი. იგი იყო ასევე კომპანიის დირექტორი. დამფუძნებელთა წილებში ცვლილება 1998 წლიდან დაიწყო: 1998-2007 წლებში კომპანიის ოთხმა მეწილემ თავისი წილი იოსებ მჭედლიშვილის სასარგებლოდ დათმო. 2012-2013 წლებში კი იოსებ მჭედლიშვილმა მიიღო კიდევ ხუთი დამფუძნებლის წილი, რის შემდეგაც მჭედლიშვილი კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი გახდა 96%-ით. 4%-ს კახა შევარდნაძე ფლობდა. იოსებ მჭედლიშვილს ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა უკავია. კომპანიას ასევე ჰყავს დირექტორი (მთავარი მენეჯერი), ეს თანამდებობა 2005 წლიდან უკავია მერაბ იორდანიშვილს.
მასშტაბური კვლევა მიუძღვნა ამ საკითხს „მწვანე ალტერნატივამ“ და უპრეცედენტო ანგარიშიც წარმოადგინა.
1996 წელს კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 1 000 აშშ დოლარს, 2004 წელს ის გაიზარდა 400 ათას ლარამდე და 2005 წელს შემცირდა 2 ათას ლარამდე. 2013 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია „TBC ბანკის“ მოვალეა: მას დაგირავებული აქვს გვირაბგამყვანი ტექნიკა, კომპანიის 30%-იანი წილი შპს „ენერგიაში“ (დაგირავებულია ასევე შპს „ენერგიის“ მეორე მფლობელის, მევლუდ ბლიაძის 70%-იანი წილი), ასევე შპს „ენერგიის“ არსებული და სამომავლო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. „ფერის“ „TBC ბანკთან“ ასევე დადებული აქვს სალიზინგო ხელშეკრულებები (2011, 2012) მოძრავ ქონებაზე. 2012 წლის მაისში ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012-ზე“ კომპანია „ფერიმ“ ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა _ ის წლის საუკეთესო ბიზნესად აღიარეს; კომპანიას ჯილდო თავად საქართველოს პრეზიდენტმა _ მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. საინტერესოა, რომ წლის საუკეთესო ბიზნესად აღიარებიდან ერთი თვის შემდეგ, 2012 წლის ივნისში, განმუხურში უბედური შემთხვევა მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ფერი“ აწარმოებდა. ანაკლია-განმუხურის ცენტრალური წყალგაყვანილობის მონტაჟის დროს ჩამოშლილმა მიწამ მუშა იმსხვერპლა. მომხდარ ფაქტს მუშები დაჩქარებულ სამუშაოებს უკავშირებენ (ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ვიდეოწყაროს „ქრონიკა+“ ფლობს, _ რედ.). შემთხვევის გამოძიების შედეგები არ გახმაურებულა.
შპს „ფერის“ წილის მფლობელია ასევე შპს „ენერგია“, რომელიც 2010 წლის სექტემბერში დაფუძნდა. კომპანიაში შპს „ფერის“ (დირექტორი მერაბ იორდანიშვილი) წილი 30%-ს შეადგენს; დანარჩენ 70%-ს კი მევლუდ ბლიაძე ფლობს. კომპანიის დირექტორია გაიოზ უგრელიძე. კომპანია რეგისტრირებულია (იურიდიული მისამართი) შპს „პერის“ (მფლობელი და დირექტორი ლაშა იორდანიშვილი) კუთვნილ ფართზე. დაფუძნებისას კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა ორი ათას ლარს. კომპანიას „TBC ბანკში“ დაგირავებული აქვს ორივე მფლობელის წილები (შპს „ფერის“ 30% და მევლუდ
ბლიაძის 70%), ასევე შპს „ენერგიის“ არსებული და სამომავლო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
რეესტრიდან ამოღებული გირავნობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ბანკში 30 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებულია შპს „ენერგიის“ მიერ „მომავალში შეძენელი ან მისთვის მომავალში გადაცემული „ლარსის ჰიდროელექტროსადგურის“ ყველა და ნებისმიერი დანადგარი, მათ შორის, სადერივაციო-სადაწნეო მილსადენი და აგრეგატები; ყველა და ნებისმიერი სამომავლოდ შესაძენი მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელზედაც საკუთრების უფლება დამგირავებელს წარმოეშობა ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, მათ შორის, საკუთრებაში გადაცემული 19 მგვტ. „ლარსის ჰიდროელექტროსადგურის“ ყველა და ნებისმიერი დანადგარი, აგრეთვე სადერივაციო-სადაწნეო მილსადენი და აგრეგატები.
რეესტრიდან ასევე ირკვევა, რომ კომპანიას 2011 წელს სს ბანკ „რესპუბლიკასთან“ დადებული ჰქონდა საკრედიტო ვალდებულების დეპოზიტით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია დეპოზიტზე არსებული თანხიდან დამგირავებლის მოთხოვნის უფლება 1 200 000 აშშ დოლარის ოდენობით.
შპს „ენერგია“ ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, 19 მგვტ სიმძლავრის ლარსის ჰიდროელექტროსადგურს აშენებდა. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობას, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა (ესკო) და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს „ლარსი ჰესის“ მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
2012 წლის ივლისში შპს „ენერგიამ“ კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ დადო საქართველოს მთავრობასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს არის 5 მგვტ სიმძლავრის „შილდის ჰესი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩელთიზე. როგორც პროექტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტს თავდაპირველად ახორციელებდა სს „GGEDC“-ი. ეს არის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია (კორპორაციის 100%-იანი მფლობელობით), უშუალოდ ჰესის პროექტირებას და მშენებლობას კი აწარმოებდა შპს „ფერი“. მემორანდუმის საფუძველზე, 2012 წლის ივლისში, სს „GGEDC“-ის მიერ დაწყებული პროექტის განხორციელება შპს „ენერგიამ“ გააგრძელა. 2012 წლის სექტემბერში, პროექტის საჭიროებისთვის, შპს „ენერგიას“, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საკუთრებაში გადაეცა გარკვეული მიწის ნაკვეთები, საგურამო-წითელი ხიდის 972 მეტრი სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი, ასევე უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 99 წლის ვადით _ მდინარე ჩელთის კალაპოტის მიწები. 2012 წლის სექტემბერშივე შილდის ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა.
შპს „დარიალი ენერჯი“ დაფუძნდა 2010 წლის დეკემბერში. მას ორი დამფუძნებელი პარტნიორი ჰყავდა: აშშ-ში რეგისტრირებული „რობინს კომპანი“ (The Robbins Company) _ 30%-იანი წილით და შპს „ფერი“ _ 70%-იანი წილით. შპს „დარიალი ენერჯი“, ისევე როგორც შპს „ენერგია“ რეგისტრირებულ იქნა (იურიდიული მისამართი) შპს „ფერის“ (მფლობელი და დირექტორი ლაშა იორდანიშვილი) კუთვნილ ფართზე. აქვე დავძენთ, რომ კომპანიის საქმიანობის მიმართულებად განისაზღვრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. „დარიალი ჰესის“ პროექტის განვითარებისთვის 2011 წლის 19 მაისს საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალი ენერჯის“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდო ხელშეკრულება 109 მგვტ სიმძლავრის დარიალის ჰესის მშენებლობისა და ფლობის შესახებ. 2011 წლის სექტემბერში კომპანიამ სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაცია გადაწყვიტა და, სულ მალე, ის 33 333 333 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქციების 70%-ის მესაკუთრე კვლავ შპს „ფერი“ იყო, 30%-ის კი _ „რობინს კომპანია“. 2011 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილები ხელახლა გადანაწილდა _ კომპანიას გაუჩნდა ახალი აქციონერი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (JSC Georgian Energy Development Fund, GEDF) სახით, რომელმაც 10 მლნ აშშ დოლარად იყიდა კომპანიის სააქციო კაპიტალის 30%. ამ ცვლილების შედეგად შპს „ფერის“ წილი სააქციო კაპიტალში 40%-მდე შემცირდა, ხოლო „რობინს კომპანის“ იგივე დარჩა _ 30%. 2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ დირექტორიც შეცვალა; ამ დროიდან, 2013 წლის ჩათვლით, ლაშა იორდანიშვილის ნაცვლად, კომპანიის დირექტორად ზურაბ ალავიძე დაინიშნა. ზურაბ ალავიძე გიორგი კვირიკაშვილის კურსელი გახლდათ. 2015 წელს, კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ, იგი ჯერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ხდება, შემდეგ კი, 2016 წლის 29 ნოემბრიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
დავუბრუნდეთ პრეისტორიას: 2013 წლის აგვისტოში სს „დარიალი ენერჯიმ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო საფრთხის ქვეშ დგება პროექტის განვითარება და პროექტის დასრულებამ, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს. 2013 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთვის მიწერილ წერილში კომპანია არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მინისტრს შემდეგს სთავაზობს:
„პროექტის დასრულებისთვის აუცილებელია საბანკო დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც კომპანია დიდი ხნის მანძილზე აწარმოებს სამუშაოებს ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. სესხის დამტკიცების წინაპირობად ბანკები ითხოვენ, რომ კომპანიამ მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სს „დარიალი ენერჯიმ“ მოიძია შესაბამისი რესურსი _ შპს „ენეგია“ მზად არის განახორციელოს შენატანი კომპანიის კაპიტალში 10 მლიონი აშშ დოლარის სახით და გამოუყოს კომპანიას აქციონერთა სესხის სახით დამატებითი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 10%-ით. სანაცვლოდ შპს „ენერგია“ ითხოვს, რომ კომპანიას ჰქონდეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (შემდგომში GEDF) საკუთრებაში არსებული აქციების ყიდვის ოფცია ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 15 მილიონ აშშ დოლარად. სხვა გზა სს „დარიალი ენერჯის“ მიერ დამატებითი 20 მილიონი აშშ დოლარის მოპოვებისა, ამ ეტაპზე, არ არსებობს“.
წერილით სს „დარიალი ენერჯი“ ითხოვს თანხმობას, რომ GEDF-მა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს სს „დარიალი ენერჯის“ კაპიტალის გაზრდას და სესხის აღებას. 2013 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა კომპანიის ზემოთ აღწერილი მოთხოვნა _ გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომლითაც მოწონებულ იქნა აქციების განთავსებისა და აქციონერთა ხელშეკრულების პროექტი.

ვინ არის შპს „ენერგიის“ მეპატრონე მევლუდ ბლიაძე?!

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე.
2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანია შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია „დარიალი ჰესი“, „ლარსი ჰესი“ და „შილდა ჰესი“. „ენერგიის“ 70% რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30% კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. მევლუდ ბლიაძე რუსეთში ფლობს კომპანია „პილონს“, რომელიც ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ახორციელებს. მას მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება.
შპს „პილონს“ სანკტ-პეტერბურგში უნდა გაეკეთებინა ე. წ. მწვანე ხიდის გრანდიოზული რეკონსტრუქცია. რუსული მედიის ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძე სწორედ იმ მშენებელთაგანია, რომელმაც „იახტენი“ ხიდის მშენებლობა დაიწყო კრესტოვსკის კუნძულზე. სანკტ-პეტერბურგის მთავრობამ, რომელმაც მანამდე საკმაო ფული გახარჯა ზენიტ-არენის მშენებლობაზე, დაასკვნა, რომ ბლიაძის ხიდისთვის (რომელიც ამ არენამდე უნდა მისულიყო) ფული აღარ ჰყოფნიდა. არადა, მარტო 2013-2016 წლებში „პილონმა“ 27 მილიარდი რუბლის კონტრაქტი დადო. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული მშენებლობა კომპანიის ოფისებში ფსბ-ს ჩხრეკით დასრულდა. მევლუდ ბლიაძის კომპანია აქტიურად აგრძელებდა ტენდერებში მონაწილეობას. 2018 წლის შემოდგომაზე ფსბ-მ მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარა „ლევანთოდორეში“, რომელსაც „პილონმა“ მთელი რიგი კონტრაქტები დაუდო. რუსული მედიაც არ მალავს იმ ფაქტს, რომ ფსბ უბრალო შემოწმებით არავისთან მიდის და მას სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონდეს ამისთვის _ რაც არ უნდა იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია . ამ მოვლენებიდან მალევე სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი იგორ ალბინი გადადგა.
დღეს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მევლუდ ბლიაძეს სახელმწიფო პირებთან უკანონო კორუფციულ გარიგებებში შესვლას ედავება, რაც საბიუჯეტო თანხების მითვისებას უტოლდება. შეიძლება ითქვას, რომ მას შეეწირა სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი. მევლუდ ბლიაძე არაერთგზის დაკითხა ფსბ-მ. პარალელები რთული გამოსაკვეთი არ უნდა იყოს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ იგივე პოლიტიკას ახორციელებს მისი კომპანია საქართველოში?! რა როლს თამაშობს ამაში რუსეთის მთავრობა და კერძოდ, ფსბ?!
ე. ი. პანკისში ჰესი უნდა აეშენებინა კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მეპატრონე არის რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე და რომელიც ფსბ-ს, ფაქტობრივად, „მუშკაზე“ ჰყავს აყვანილი.

პარტნიორებთან სასამართლო დავები, დაყადაღებული წილები და გადაგდებული კომპანიები

2005 წლიდან ზურაბ ალავიძეს ეკავა „VTB ბანკის“ („გაერთიანებული ქართული ბანკი“) გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა. 2009-2010 წლებში კი მას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ 1999 წელს დაფუძნდა სამი პარტნიორის მონაწილეობით: სიჩუანის ელექტროენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაცია _ 54%; კორპორაცია „ჰაინან ს.ი.ტ. ენტერპრაიზი“ _ 39%; შპს „ფერი“ _ 7%. კომპანიის საქმიანობებს შორის კომპანიის მთავარ მიმართულებად განისაზღვრა ხადორის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადება და განხორციელება. „ჰაინან ს.ი.ტ. ენტერპრაიზი“ კორპორაციამ დროთა განმავლობაში დათმო თავისი წილი კომპანიაში და, საბოლოდ, 2004 წლიდან დღემდე, წილები ასეა გადანაწილებული: 93% ეკუთვნის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციას (ჩინეთი) და 7% _ შპს „ფერის“. კომპანიის საწესდებო კაპიტალი დაფუძნებისას შეადგენდა 54 980 აშშ დოლარს, 2004 წელს კი 5.5 მლნ დოლარს გადააჭარბა. ჩინურმა კომპანიამ საწესდებო კაპიტალის გაზრდისთვის ფულადი შენატანი გააკეთა, შპს „ფერმა“ კი კომპანიას ხადორის ჰესთან ახლომდებარე „მინიჰესი II“ გადასცა. იურიდიული პირების რეესტრის ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიის მეწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოში დავაში იმყოფებოდნენ. დავის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიჩუანის ელექტროენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციის წილი (93%) დაყადაღდა. 2013 წლის პირველ ოქტომბერს დავაში მყოფი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ფერი“ უარს იტყოდა სარჩელზე და ყადაღის გაუქმებას მოითხოვდა; ჩინური მხარე კი 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეიძენდა შპს „ფერის“ 7%-იან წილს კომპანიაში 1 900 000 აშშ დოლარად. ამ პირობების შესრულების შემდეგ ჩინურ კომპანიას უნდა მიეცა გარანტია, რომ 10 წლის განმავლობაში კომპანია შპს „ფერის“ მისცემდა „ხადორი-2 ჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის საშუალებას მის კუთვნილებაში მყოფი ელექტროგადამცემი ხაზით, წლიური შეღავათიანი ტარიფით 50 ათასი აშშ დოლარი.
რა ხდება ამის შემდეგ?! ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შპს „ყაზბეგი ჰესი“, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს „ფერიმ“ 2011 წლის აგვისტოში 200 ათას ლარად შეიძინა. შპს „ყაზბეგი ჰესი“, პრივატიზაციის მომენტისთვის, ფლობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბროლისწყალზე (ხდისწყალი) განთავსებულ მცირე, 0.38 მგვტ სიმძლავრის ჰესს _ „ყაზბეგი ჰესს“. კომპანიის ყიდვიდან მოკლე ხანში, 2012 წლის აპრილში, შპს „ფერიმ“ მთლიანად გაასხვისა 100-პროცენტიანი წილი ფიზიკურ პირებზე _ ლაშა იორდანიშვილსა (66.67%) და ლელა იოსელიანზე (33.33%). საინტერესოა, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლელა იოსელიანის 33.33%-იანი წილის საფასურის გადახდა დაევალა არა თავად ხელშეკრულებით განსაზღვრულ მყიდველს _ ლელა იოსელიანს, არამედ იოსებ მჭედლიშვილს _ შპს „ფერის“ თანამფლობელს. ეს უკანასკნელი დათანხმდა ამ ვალდებულების შესრულებას. კომპანიამ 2013 წლის ჩათვლით სამჯერ შეიცვალა დირექტორი: პრივატიზაციიდან 2012 წლის 24 აგვისტომდე კომპანიის დირექტორი იყო გიორგი ფიცხელაური, შემდგომ ის ჩაანაცვლა ირაკლი შენგელიამ; ეს უკანასკნელი კი 2013 წლის ივნისში ჩაანაცვლა გიორგი გოგუამ.
კომპანიის პრივატიზაციის მთავარ პირობად განისაზღვრა შპს „ყაზბეგი ჰესის“ საკუთრებაში არსებული ჰესის სიმძლავრის გაზრდა 2.5 მგვტ-მდე, თუმცა, მოგვიანებით, ეს პირობა შეიცვალა და კომპანიას დაევალა ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის „ყაზბეგის ჰესის“ მშენებლობა იმავე მდინარეზე.
შპს „ფერისთან“ დაკავშირებული კომპანია გახლავთ Landsvirkjun Power

Landsvirkjun Power, რომელიც ისლანდიური სახელმწიფო კომპანიაა. ის საქართველოში, სავარაუდოდ, 2010 წლიდან მუშაობს. სწორედ 2010 წელს Landsvirkjun Power-მა, ისლანდიურ საკონსულტაციო კომპანია Verkis-თან და ქართველ პარტნიორებთან ერთად, გაიმარჯვა UNDP/Global Energy Fund-ის პროექტში (Georgia – Promoting the Use of Renewable Energy Resources for Local Energy Supply) გამოცხადებულ ტენდერში. მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი ითვალისწინებდა საქართველოში სამი მცირე ჰესის (2.0-6,5 მგვტ) რეაბილიტაციასა და წინასაპროექტო კვლევების ჩატარებას სხვა ოთხი მცირე ჰესის პროექტისთვის. 2011 წლის ნოემბერში სარეაბილიტაციო სამი ჰესიდან ერთ-ერთი „ხადორი-2 ჰესი“ იყო. სავარაუდოდ, შპს „ფერისა“ და კომპანია Landsvirkjun Power-ს შორის თანამშრომლობა პირველად სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა. Landsvirkjun Power-სა და შპს „ფერის“ შორის თანამშრომლობა სხვა პროექტების ფარგლებშიც გაგრძელდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული (2011 წლის 20 ივლისით დათარიღებული) ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ, კვლავ საკონსულტაციო კომპანია Verkis-თან ერთად, შპს „დარიალი ენერეჯისთან“ დადო ხელშეკრულება 109 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესის“ პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, სატენდერო დოკუმენტებისა და საინჟინრო გადაწყვეტის მოსამზადებლად. კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ Landsvirkjun Power-მა, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტები დადო ქართულ კომპანიებთან: შპს „ფერისთან“, გეოლოგიური კვლევებისთვის _ შპს „გეოინჟინერინგთან“ (Geoengineering) და ტოპოგრაფიული და გეოდეზიური კვლევებისთვის _ შპს „გეოგრაფიკთან“ (Geographic).
ზემოთ ჩამოთვლილ ქართულ კომპანიებთან ისლანდიური კომპანიების თანამშრომლობა გაგრძელდა კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში; ესაა 20 და 25 მგვტ სიმძლავრის ჰესების მშენებლობის პროექტი მდინარე მაჭახელაზე. Landsvirkjun Power-მა და Verkis-მა დადეს ხელშეკრულება შპს „მაჭახელა ჰესი 1-თან“ სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებაზე (სატენდერო დოკუმენტების მომზადება, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და სხვ.).
ისევე როგორც „დარიალი ჰესის“ პროექტის შემთხვევაში, კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ ამ პროექტისთვისაც, Landsvirkjun Power-მა, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტები გააფორმა შპს „ფერისთან“, „გეოინჟინერინგთან“ და შპს „გეოგრაფიკთან“.

საინტერესო ამბები სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ შესახებ

სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“ საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის სერვისს უზრუნველყოფს, მათ შორის, ერთ-ერთია სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევების ჩატარება. „გამა კონსალტინგი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, სს „დარიალი ენერჯის“ „დარიალი ჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ავტორია. „გამა კონსალტინგმა“ ასევე მოამზადა მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი) შპს „ყაზბეგი ჰესის“ მიერ დაგეგმილი „ყაზბეგი ჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გადამუშავებული ვერსია (მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროში პირველად წარდგენილი გზშ _ გარემოზე ზემოქმედების შეფასების _ ანგარიში დაიწუნეს). „გამა კონსალტინგსა“ და შპს „ფერის“ შორის თანამშრომლობა შედგა ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში.
რაც შეეხება „თბილწყალგეოს“, ის 2000 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა. „თბილწყალგეომ“ შპს „ენერგიის“ დაკვეთით ჩაატარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება „ლარსი ჰესის“ პროექტისთვის; ასევე ამავე ორგანიზაციამ მოამზადა მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი) შპს „ყაზბეგი ჰესის“ მიერ დაგეგმილი „ყაზბეგი ჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსია (ვერსია, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწუნა _ არ გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა).
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰესების უმრავლესობას შპს „ფერი“ და მასთან წილებით დაკავშირებული კომპანიები ახორციელებდნენ. ერთადერთი გამონაკლისია 8 მგვტ სიმძლავრის „არაგვი ჰესის“ პროექტი მდინარე თეთრ არაგვზე, რომელსაც შპს „ენერგოარაგვი“ ახორციელებდა. თუმცა ამ პროექტშიც შპს „ფერი“ იყო ჩართული. ამ შემთხვევაშიც ის შპს „ენერგოარაგვის“ დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველ კომპანიებს შორის იყო შპს „ფერიც“. კომპანიამ 2010 წლის 19 თებერვალს მმართველ პოლიტიკურ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა, 2012 წელს კი უკვე, საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიებს უკვე აკრძალული ჰქონდათ შემოწირულობების მიღება კომპანიებისგან. ამასთან, ფიზიკური პირებისთვის პარტიებისთვის შემოწირულობების წლიურ ზედა ზღვრად 60 ათასი ლარი განისაზღვრა. როგორც პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მონაცემებიდან ირკვევა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებს შორის კვლავ აღმოჩნდნენ შპს „ფერისთან“ დაკავშირებულ კომპანიებთან ასოცირებული პირები. ესენი არიან: ზურაბ ალავიძე, სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი _ მან მმართველ პარტიას 2012 წლის 30 ივლისს 35 ათასი ლარი შესწირა; ლაშა იორდანიშვილი, სს „დარიალი ენერჯის“ ყოფილი დირექტორი, შპს „ყაზბეგი ჰესის“ თანამფლობელი _ მან მმართველ პარტიას 2012 წლის 10 ივლისს 40 ათასი ლარი შესწირა; ამავე დღეს იოსებ მჭედლიშვილმა (შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მფლობელი) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა _ 60 ათასი ლარი შესწირა.

„ფერის“ მიერ განადგურებული ტერიტორიები?

2010 წელს უპრეცედენტო სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღეს კომპანია „ფერის“ („დარიალ ენერჯის“ პარტნიორი) სასარგებლოდ, იყო მთავრობის განკარგულება #460 „მდ. ალაზანზე „ხადორი-2 ჰესის“ მშენებლობის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისგან განთავისუფლების შესახებ“.
„ქართული ოცნების“ მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის სინქრონულ ქმედებებს შეეწირა კიდევ ერთი _ ბუნების ძეგლი _ ხდის ხეობა. კომპანია „ფერის“, მთავრობისა და პრეზიდენტის ძალისხმევით (გამოცემული აქტების საფუძველზე), მანამდე გაუგრძელდა მემორანდუმის პერიოდი, სანამ ამ ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა არ მიიღო.
2009 წლის 22 მაისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #292-ე ბრძანებით შპს „ფერის“ უარი ეთქვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიში ძალზე უხარისხო იყო.
„რა საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესს უკავშირდებოდა 1,8-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა, ყოვლად გაუგებარია. ხელისუფლების გაუმჭვირვალე და საეჭვო ქმედებებს განეკუთვნება ამავე კომპანიის სასარგებლოდ ხდის ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც. ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგების გათვლის გარეშე, შპს „ყაზბეგი ჰესის“ მესაკუთრეთა სურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურამ (ადგილობრივი თვითმმართელობა, ეკონომიკის სამინისტრო, პრეზიდენტი), შეთანხმებულად, სულ ერთ კვირაში, მიიღო გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენების შესახებ (მათ შორის, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაც #04/06/02, 2012 წლის 4 ივნისი).
ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებს გადაწყვეტილების მიღება ორჯერ მოუწიათ. 2013 წლის გაზაფხულზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა, რასაც ამ სამინისტროზე სერიოზული ზეწოლა მოყვა პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. ასევე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომპანია „ფერის“ გაუგრძელდა „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის შესახებ მემორანდუმის მოქმედების ვადა, რომელიც დაირღვა უხარისხო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გამო მშენებლობის ნებართვის მიუღებლობით“, _ წერია ორგანიზაციის დასკვნაში.

თამარ როსტიაშვილი