1920 წლის ივლისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-12.

აჭარის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში

1920 წლის ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რა თქმა უნდა, საქართველოს შემადგენლობაში აჭარის დაბრუნება იყო. ეს არა მხოლოდ ივლისის, არამედ 1920 წლის უდავოდ მთავარი მოვლენაც გახდა. ბათუმის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კავკასიიდან უკანასკნელი საჯარისო ნაწილების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი უდიდებულესობის მთავრობამ ამის შესახებ ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებას, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე აცნობა. ივლისში კი ბათუმიდან უკვე ბრიტანული ადმინისტრაციის, საჯარისო ფორმირებებისა და სამხედრო ფლოტის დაჩქარებული გასვლა დაიწყო.
2 ივლისის ნომერში გაზეთი „ერთობა“ საქართველოს მთავრობის მიმართვას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ხელისუფლება რეგიონში მშვიდობის დასაცავად მოდიოდა. ამ მიმართვაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ამ კუთხის დედა სამშობლოსთან შეერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა: „საქართველოს მთავრობა გადაჭრით და საჯაროთ აცხადებს, რომ ყოველგვარი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ამ დრომდე ჩადენილი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ, პატივებულია, მისთვის პასუხს არავინ აგებს, თუ ეს პირნი ამიერიდან არ გაიმეორებენ თავის შეცდომას.
მაგრამ თუ ვინმე აღუდგა წინ ხალხის ნება-სურვილს, მთავარ სარდალს ნაბრძანები აქვს მიიღოს უსასტიკესი ზომები ასეთ ბნელ ძალების წინააღმდეგ. საქართველოს რესპუბლიკა მოდის თქვენთან და თან მოაქვს მშვიდობა და ძმური სიყვარული. რესპუბლიკის მხედრობა მოდის თქვენთან წესიერების დასამყარებლათ, ავკაცობის მოსასპობათ, ხალხის დასაცავათ და თქვენი თავისუფალი ცხოვრების განსამტკიცებლათ. ყველამ თავთავის ადგილზე მშვიდობიან მუშაობით ხელი შეუწყვეთ ახალი თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების დაწესებას. არ აყვეთ ბოროტ ხმებს, რომელსაც თქვენი და ჩვენი მოსისხლე მტრები ავრცელებენ.
სრული ამნისტია წარსულისთვის! ძმობა, ერთობა, თავისუფლების განმტკიცება მომავალისათვის, _ აი, რა აზრით მოდის საქართველოს დემოკრატიული ჯარი და სახალხო გვარდია რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილში _ ბათომის ოლქში“.
1920 წლის ივნისის ბოლოს აჭარის მიმართულებით ქართული საარმიო ნაწილებისა და სახალხო გვარდიის ქვედანაყოფების გადასროლა დაიწყო. მათი გადაადგილების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღე აქვეყნებდა ცნობებს. პირველ ივლისს დილის 4 საათსა და 30 წუთზე ჯარმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა ნატანები-ქობულეთის რკინიგზის ხაზი, სადგური ქობულეთი და კინტრიშის ხიდი. 3 ივლისს ღამით ქართული არმია გასცდა ჩაქვს და ბათუმის სიახლოვეს, ბარცხანაში გაჩერდა. 5 ივლისს ბარცხანაში სახალხო გვარდიასთან გამოცხადდა ბათუმში შექმნილი სახალხო გვარდიის ნაწილი. 6 ივლისს ბათუმის გენერალ-გუბერნატორმა კუკ-კოლისმა ბათუმის დატოვების თაობაზე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმის ქუჩებში თვალსაჩინო ადგილებში გამოაკრეს: „ქალაქს და ოლქს გადასცემენ საქართველოს 1920 წლის 7 ივლისს ნაშუადღევს. ამიტომ ბათომის ოლქის სამხედრო გუბერნატორი მთელი ბათომის და მისი ოლქის მცხოვრებლებს უბრძანებს დაიცვან სრული სიმშვიდე და ჩვეულებრივი მუშაობა განაგრძონ. ის ბოროტათ განწყობილი პირები, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეუშალონ ბრიტანეთის ძალების მშვიდობიან ევაკუაციას, ან საქართველოს ჯარების მშვიდობიან შემოსვლას, სამხედრო დროის მომქმედ კანონის თანახმად, სასტიკად იქნებიან გასამართლებულნი. საქართველოზე ძალა-უფლების გადაცემამდე ამ ბოროტად განწყობილ პირებს მიაკუთვნებენ ყველას, ვინც შეაშფოთებს მცხოვრებლებს, ვინც ყალბი ცნობებით ან სიტყვებით, ან საგაზეთო წერილებით ეროვნულ კლასიურ ბრძოლის გამოწვევას შეეცდება“.
1920 წლის 7 ივლისს საქართველოს ჯარები ბათუმში შევიდნენ. იმ დღეს მცირე წვიმა მოდიოდა, მაგრამ ამას საზეიმო განწყობისთვის ხელი არ შეუშლია. ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით. მთელი ქალაქი ქართული ბაირაღებით იყო მორთული. ყველა სახლზე, მაღაზიებზე, ავტომობილებზე, ეტლებზე საქართველოს დროშა ფრიალებდა. ირგვლივ ყველაფერი ყვავილებში იძირებოდა. აივნებიდან ფერადი ხალიჩები გადმოეფინათ. ქართველ ჯარისკაცებს ღიმილით, სიხარულის ცრემლითა და ხმამაღალი ვაშას ძახილით ხვდებოდნენ, ესროდნენ ყვავილებს.
გაზეთი „ერთობა“ ქალაქის გადაცემის შესახებ სტატიას 10 ივლისის ნომერში აქვეყნებს. ამ რეპორტაჟში, რომელსაც გაზეთის თითქმის მთელი გვერდი უკავია, დაწვრილებით არის გადმოცემული იმ დღის ამბები. „ერთობის“ ინფორმაციით, ყველგან სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ქართულ ჯარს წინ მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე, გვარდიის შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი და გენერალი იოსებ გედევანიშვილი. მათ მოჰყვებოდა ქვეითი ჯარი, მეტყვიამფრქვევეთა გუნდი, საარტილერიო ნაწილი და კავალერისტთა ქვედანაყოფი. ქართულ ჯარს მიეგება აჭარის მეჯლისისა და ნაციონალური საბჭოების წარმომადგენლები. მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე მთავარსარდალ კვინიტაძეს სიმბოლური პურითა და მარილით გაუმასპინძლდა.
ქალაქის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი საღამოს 6 საათზე დაიწყო. გაზეთი „ერთობა“ ამ ცერემონიალს თავის მკითხველებს ასე მოუთხრობს: „6 საათზე სმეკალოვის ქუჩაზე გამწკრივდა ჩვენი ჯარი და სახალხო გვარდია, შუა ქუჩაში ჯარების ცეტრში აღმართულია ორი ანძა: ერთზე ფრიალებს ინგლისელების დროშა, მეორეზე საფრანგეთის. დროშის გასწვრივ ჯარების უკან აღმართულია ესტრადა. რომელზედაც მოთავსებულია საგარეო საქმეთა მინისტრი ე. პ. გეგეჭკორი, მოკავშირეთა მისიის წევრები (მათ შორის საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ბ. დე-მარტელი, რომელიც თფილისიდან გეგეჭკორთან ერთდ ჩამოვიდა), ბრიტანეთის ხმელთა შუა ზღვის ესკადრის ადმირალი სეისმური, პოლკოვნიკი სტოკსი, დამფუძნებელი კრების წევრები, მეჯლისი და ნაციონალური საბჭოები. ბრიტანეთის დროშის გასწვრივ მოთავსდა ინგლისელების მუსიკა. საფრანგეთის დროშის გასწვრივ მოთავსებულია ცხენოსან გვარდიელთა დივიზიის მუსიკა. ენერგიულად მუშაობენ ფოტოგრაფიული და კინემატოგრაფიული აპარატები. გაისმის სიტყვა „სმენა“ ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ჯარები გამწკრივდნენ მწყობრად. მოკლე და ჩქარი ნაბიჯით გენერალი კვინიტაძე და კუკ-კოლისი შემოუვლიან მოკავშირეთა და ჩვენ ჯარებს.
დადგა ყველაზე მეტად საზეიმო მომენტი. გენერალი კუკ-კოლისი საკრებულოს გუმბათისკენ იშვერს ხელს, საიდანაც წინასწარ გამზადებულ დროშის აწევით ნიშანს აძლევენ ბრიტანეთის კრეისერს. გაისმის ჯარების უფროსების ხმა, ჯარმა თოფები მოიმარჯვა და შორიდან გაისმა ზარბაზნების ხმა. ყველას თვალები მიმართულია ანძებისაკენ, რომელზედაც დროშები არის აღმართული“.
ამის შემდეგ ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშები ძირს დაუშვეს და მოხსნეს. სამხედრო ორკესტრმა დაუკრა საქართველოს ჰიმნი და მისი დასრულების შემდეგ ანძაზე უკვე ჩვენი ქვეყნის დროშა აღმართეს. დროშის აწევას ქუჩაში შეკრებილი ათეულ ათასობით მოქალაქის „ვაშა“ მოჰყვა. ცერემონიალი დასრულდა და აჭარა კვლავ საქართველოს ნაწილი გახდა.
აჭარის შემოერთების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ოლქში ქართული წეს-წყობილების დამყარებას შეუდგა. ბათუმის საგანგებო კომისრად დაინიშნა ბენია ჩხიკვიშვილი. გაუქმდა საბაჟო პუნქტი, რამაც რეგიონში სურსათსა და სხვა პროდუქტებზე ფასების განახევრება გამოიწვია. მთვარობის განკარგულებით დააპატიმრეს ბათუმის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი ვინმე უსტინოვი და პროკურორის ყოფილი ამხანაგი ვიშნიაკოვი. გაზეთი არ აკონკრეტებს თუ რის გამო დაკავეს ისინი, მაგრამ, სავარაუდოდ, ქართული ხელისუფლება მათ საოკუპაციო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაში ადანაშაულებდა.
ჩხიკვიშვილის მითითებით ყველა სავაჭრო, კერძო და საზოგადო დაწესებულებას ორი კვირის ვადაში უნდა შეეცვალა მაღაზიებისა და დაწესებულებების წარწერები სახელმწიფო ენაზე. გამოქვეყნდა ბრძანება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას ეხებოდა. ამ ბრძანების მიხედვით, სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრებისა და სახალხო გვარდიელების გარდა აკრძალული იყო ყველანაირი იარაღის ტარება. ამ წესის დამრღვევები ისჯებოდნენ სამი თვის პატიმრობით, ან 25 ათასი მანეთის ჯარიმით. გამონაკლისს შეადგენდნენ მხოლოდ ადგილობრივი მუსლიმი ქართველები, რომლებსაც იარაღის ტარების უფლება ჯერ კიდევ ბრიტანული ადმინისტრაციის დროს ჰქონდათ აღებული. მათ ეს უფლება ამჯერად ქართულ ადმინისტრაციასთან უნდა განეახლებინათ და მილიცია ასეთ შემთხვევებში შესაბამის მოწმობასაც გასცემდა.
11 ივლისის ნომერში გაზეთი „ერთობა“ საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთებას ეხება. სხდომაზე საზეიმო სიტყვით დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე გამოვიდა: „საქართველოს ხალხმა მიაღწია თავის ისტორიულ მიზანს, საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც დღემდე საქართველოს ხალხისა და ერის მავნე ელემენტების მოქმედებას, სამწუხაოდ გასავალი ჰქონდა. დღეს ეს ტერიტორია საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და იქ ფრიალებს საქართველოს ერის დროშა. დროშა სისხლში განბანილი, ბრძოლის ცეცხლიდან გამოტანილი საქართველოს მუშა ხალხისა და დემოკრატიის მარჯვენის წყალობით.
მე მგონია, მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, გამოვთქვამ საერთო აზრს და მისწრაფებას, თუ ვიტყვი, რომ დღეიდან დაწყებული ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დაგვირჩა, რომ მთელი ჩვენი ძალა, უნარი და ნიჭი, სახელმწიფოებრივი გამოცდილება მოვანდომოთ იმას, რომ ეს მხარე არ ჩამორჩეს ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს. დემოკრატიულ საქმიანობის, დემოკრატიულ წესწყობილების განმტკიცების დროს ჩვენ ვემყარებით ადგილობრივ მცხოვრებთ და მათი მისწრაფებანი დაკმაყოფილებული იქნება…
საქრისტიანო საქართველო სამუსულმანო ნაწილთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული, თავიანთ დამფუძნებელი კრებისა და ხალხის ნდობით აღჭურვილ მთავრობის ბრძნულ ხელმძღვანელობით დასძლევენ ყოველივე დაბრკოლებებს და მიაღწევენ იმ მიზანს, რომელიც დემოკრატიამ დაისახა. ბათომის გადმოცემა, _ ეს ნიშნავს პირდაპირ გზის გაკაფვას ევროპისაკენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი რესპუბლიკა, რომ აღორძინდეს ეკონომიურად ჩვენი სახელმწიფო, აყვავდეს ჩვენი ხალხის დოვლათი და გაძლიერდეს კულტურა. ამ იმედით მივესალმები გაერთიანებულ საქართველოს ერს, საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს და ვუსურვებ ჩვენს სახელოვან გუშაგებს _ ჩვენს ჯარს და გვარდიას გამარჯვებას და დღეგრძელობას“.

შალვა მაღლაკელიძის სასამართლო

1920 წლის ივლისში თბილისის საოლქო სასამართლოში გახმაურებული საქმის გარჩევა დაიწყო, რომლის დეტალურ ანგარიშსაც გაზეთი „ერთობა“ თავის მკითხველს მთელი ივლისის განმავლობაში აწვდიდა. საქმე ეხებოდა თბილისის ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის სასამართლო პროცესს, სადაც გენერალს სახელმწიფო ქონების მითვისებაში, ქრთამის აღებასა და თანამდებობის ანგარებით გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. სასამართლო სხდომა, რომელიც ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით ირჩეოდა, თბილისში 6 ივლისს დაიწყო. 11 ივლისის ნომერში გაზეთი „ერთობა“ მაღლაკელიძისა და ამ საქმეში დასახელებული სხვა პირების მიმართ არსებულ ბრალდებებს აქვეყნებს: „1. მაღლაკელიძეს, ჩაჩიბაიას და აზნაუროვს ბრალი ედებათ მასში, რომ პირველმა ორმა ახალციხეში მაზრის უფროსად მაღლაკელიძის ყოფნის დროს მილიციის შესანახად მიღებულ თანხიდან ურთიერთ შორის შეთანხმებით მიითვისეს 16288 მანეთი და შემდეგ ბოროტ-მოქმედების დასაფარავად შეადგინეს ყალბი ხელწერილები. 2. მაღლაკელიძეს, ჩაჩიბაიას და იუშკევიჩს _ მასში, რომ 1918 წლის დასასრულს ურთიერთ შორის წინასწარ შეთანხმებით მიითვისეს საგუბერნიო ბათალიონის შესანახად გამოწერილი ფული 20 ათასი მანეთი და ბოროტ-მოქმედების დასაფარავად შეადგინეს ყალბი ხელწერილები“.
საერთო ჯამში, სასამართლო შალვა მაღლაკელიძეს და ამ საქმეში ბრალდებულ სხვა პირებს, ხუთ ეპიზოდში, ასეულ ათასობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა-მითვისებას ედავებოდა. სასამართლო პროცესის დროს შალვა მაღლაკელიძემ თავი დამნაშავეთ არც ერთ ეპიზოდში არ ცნო. მაგალითად, მან სასამართლოს განუმარტა, რომ ახალციხეში ყოფნის დროს, სადაც 16800 მანეთის მითვისებაში ედავებოდნენ, მას ფული არ მიუთვისებია. მისი თქმით, ახალციხე მაშინ გარშემორტყმული იყო მტრისგან და მან, როგორც ქალაქის ერთადერთმა პატრონმა და მთავრობის რწმუნებულმა, დიდი მუშაობა გასწია მის გადასარჩენად. მაღლაკელიძის განმარტებით, ეს თანხა მან წითელგვარდიელებისა და ახალციხის თავდაცვის საჭიროებისათვის დახარჯა.
სასამართლოზე გამოვდინენ მოწმეები. მოწმე გენერალმა არჯევანიძემ, რომელიც მაღლაკელიძის ახალციხეში ყოფნის დროს, მთავრობის მიერ განსაკუთრებული მინდობილობით იყო გაგზავნილი, მაღლაკელიძე დაახასიათა, როგორც პატიოსანი და რესპუბლიკისადმი თავდადებული პატრიოტი. მისი თქმით მაღლაკელიძე კვებავდა ყველა გვარდიელს და ისტუმრებდა მათ ხარჯს. არჯევანიძის მსგავსად მაღლაკელიძეს დადებითად ახასიათებდნენ საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეებიც.
საქმე პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის წევრებთან და ამიტომ სასამართლომ დაკითხვაზე უამრავი სახელმწიფო მოღვაწე დაიბარა. ჩვენება მისცეს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ, დამფუძნებელი კრების წევრმა გ. ცისკარიშვილმა, გ. ფაღავამ, ნ. იმნაიშვილმა და კალაძემ; აკაკი ჩხენკელმა და ნოე რამიშვილმა. რამიშვილის თქმით, 1918 წლის სექტემბერში მან მაღლაკელიძეს ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 400 ათასი მანეთი გადასცა. ამასთან რამიშვილმა დაამატა, რომ მას არ ჰქონია მიცემული წერილობითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაეხარჯა ეს ფული და მაღლაკელიძეს ნებისმიერი ხარჯის გაწევა საკუთარი შეხედულებით შეეძლო. ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ამ თანხის ანგარიშის შემოწმებისას საეჭვო გარიგებები არ ყოფილიყო..
მაღლაკელიძის საქმეზე ჩვენება მისცეს მთავრობის სხვა წევრებმაც. ბენია ჩხიკვიშვილი: „მაღლაკელიძეს კარგის მხრით ვიცნობდი, იგი ჩემთან იყო ქუთაისის მაზრის კომისრად და მე თვითონ მომხრე ვიყავი მისი გადმოყვანისა თფილისის გუბერნიის კომისრად.“ ნოე ხომერიკი: „მაღლაკელიძე გავიცანი ახალციხეში, სადაც მან დიდი ტაქტი, ხასიათის სიმტკიცე და რესპუბლიკისათვის თავდადება გამოიჩინა. მას ახალციხეში მფრინავი რაზმი ჰყავდა. მახსოვს, გამოწვეულ იქნა გვარდია, არ ვიცი რა კრედიტიდან იქნა გაღებული ფული გვარდიის შესანახად, მაგრამ ის კი გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მის ხარჯს იღებდა მაღლაკელიძე, რომლის ხელშიც იყო ამ დროს მთელი სამხედრო და სამოქალაქო ძალა-უფლება“.
მაღლაკელიძის საქმეზე სასამართლო პროცესი 21 ივლისამდე მიმდინარეობდა. გაზეთი „ერთობა“ ამ გახმაურებულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ განაჩენს 23 ივლისს ბეჭდავს. ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს და იგი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან იმ დღესვე გაათავისუფლეს. მაღლაკელიძესთან ერთად გაამართლეს ალექსანდრე აზნაუროვი. სახელმწიფო თანხების მითვისებაში დამნაშავეთ ცნეს პორუჩიკი ჩაჩიბაია, რომელსაც ორწელიწად-ნახევარი მიესაჯა. ვალენსი იუშკევიჩის სასჯელი წელიწად-ნახევრით განისაზღვრა, იგივე განაჩენი გამოიტანეს დავით შენგელიასა და ნესტორ ხოშტარიას მიმართაც.

ტერორისტული აქტი თბილისში

1920 წლის ივლისში თბილისში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა. მოკლეს აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰასან-ბეგ აგაევი. გაზეთი არაფერს იუწყება თუ ვინ დაესხა თავს აგაევს. თუმცა როგორ წლების შემდეგ გაირკვა, აგაევი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი, სომეხმა ტერორისტებმა იმსხვერპლეს. სომეხმა ტერორისტებმა, ოპერაცია „ნემეზიდას“ ფარგლებში, თბილისში ორი აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე მოკლეს, რომლებიც ბაქოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს აფარებდნენ თავს. გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 23 ივლისი: „20 ივლისს ღამით ბროსეს ქუჩაზე უცნობმა ბოროტ-მოქმედებმა მაუზერიდან ოთხი ტყვიის გასროლით მოჰკლეს ჰასან-ბეგ აგაევი _ ადერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. გარდაცვლილის გვამი გადაიტანეს მიხეილის საავადმყოფოს ანატომიურ თეატრში. მკვლელობის ადგილს მივიდა პროკურორის ზედამხედველობის საგამომძიებლო ნაწილი, სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის წევრები. მკვლელების აღმოსაჩენად მიღებულია ზომები. საქმის გამოძიება მიენდო საგანგებო საქმეთა გამომძიებელ დილევსკის“.

ქართველი სამხედროების დახვრეტა აზერბაიჯანში

1920 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საინფორმაციო ბიურომ ბაქოდან მიღებული შეტყობინება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამი ქართველი სამხედრო დახვრიტა. გაზეთი „ერთობა“. 1920 წლის 8 ივლისი: „ბაქოში მყოფ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელის _ ალშიბაიას ცნობით, 26 ივნისამდე ბაქოში დახვრეტილია 3 ქართველი ოფიცერი: პოლკოვნიკი ნიკოლოზ თუმანოვი, გენერალი ა. გ. მაყაშვილი და კორნეტი ა. თოფურიძე, რომელიც მსახურობდა საგანგებო მინდობილობათა მოხელეთ ბაქოს „საგრადონაჩალნიკოსთან“.
პოლკოვნიკი თუმანოვი დახვრიტეს მაისის შუა რიცხვებში, როდესაც საბჭოთა ადერბაიჯანი ეომებოდა საქართველოს და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ალშიბაია ციხეში იჯდა, ხოლო გენერალ მაყაშვილსა და კორნეტ თოფურიძეს, _ სულ 49 კაცს, მიუსაჯა სიკვდილით დასჯა ბაქოს „ჩრეზვიჩაიკამ“ 12 ივნისს. 13 ივნისს ადერბაიჯანის რევოლიუციონურ კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუსეინოვმა განაჩენი დაამტკიცა და 17 ივნისს ღამით იგი იქმნა სისრულეში მოყვანილი გენერალ მაყაშვილის და კორნეტ თოფურიძის მიმართ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ალშიბაია განთავისუფლებულ იქმნა ციხიდან დროებითი ზავის ძალით 29 მაისს… გენერალ მაყაშვილისა და კორნეტ თოფურიძის დახვრეტის თავიდან აცილება მან ვერ შესძლო, რადგანაც სიკვდილის განაჩენი მასზედ გამოტანილი იყო 12 ივნისს, როცა ის იმყოფებოდა აღსტაფაში“.
გენერალი მაყაშვილი აზერბაიჯანის არმიაში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1919 წლის 16 ივნისს გაფორმებული სამხედრო შეთანხმების საფუძველზე მსახურობდა. საბჭოთა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მაყაშვილი ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისა და აგრეთვე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ქალაქ განჯაში მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტა. კორნეტ თოფურიძეს კი მუსავატური ხელისუფლების კონტრდაზვერვაზე მუშაობის ბრალდება წაუყენეს.
როგორც გაზეთ „ერთობის“ 6 ივლისის ნომერი იუწყება, 5 ივლისს ახალციხეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გენერალ მაყაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ესწრებოდნენ დამფუძნებელი კრების წევრი თ. კიკვაძე, გენერალი ვაშაკიძე და სხვები. აგრეთვე სხვადასხვა რანგის სამხედრო ჩინები, მაზრის კომისარი, ქალაქის თავი, სკოლების ინსპექტორი და უამრავი მოქალაქე.

მოკლე ამბები

20 ივლისს გორში კვლავ დაფიქსირდა საგრძნობი მიწისძვრა. შეშინებული ხალხი ქუჩაში გამოვარდა და სახლებში აღარ ბრუნდებოდა. მართალია, გაზეთი არ აკონკრეტებს თუ რა სიმძლავრის იყო ნიადაგის რყევა, მაგრამ აღნიშნავს, რომ მას ნგრევა არ მოჰყოლია.
19 ივლისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ საშინელი წყალდიდობა მოხდა რაჭაში. ნიაღვარმა წალეკა ამბროლაურის, ზნაკვის, ნიკორწმინდის თემები. განადგურდა ჭირნახული და შინაური პირუტყვი. დაინგრა სახლები და წისქვილები. დაზიანდა გზები და ხიდები.
დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ დადებითი შეფასება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკის ტელეგრაფისა და ტელეფონის ქსელის გაფართოებას ემსახურებოდა. ამ პროექტით სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირი საქართველოს თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტს შორის უნდა დამყარებულიყო.
მიწათმოქმედების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1920 წლის შემოდგომიდან სამუშაოები დაიწყებოდა ფოთის ჭაობების ამოსაშრობად. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი. სამინისტროს ვარაუდით ეს სამუშაოები ორ წელიწადში სრულად უნდა დასრულებულიყო.
თბილისის გამგეობამ მედუქნეებსა და წვრილ მევაჭრეებს აუკრძალა პურისა და მჭადის გაყიდვა. აკრძალვა შეეხო ქუჩაში პურით ვაჭრობასაც. როგორც გაზეთიდან ვიგებთ, ამ ღონისძიებით ქალაქის მმართველობა ცდილობდა, მოქალაქეებს პური პირდაპირ გლეხებისგან შეეძინათ და ამ გზით მოესპოთ გადამყიდველების მიერ პურზე ფასების ხელოვნური მატება.
დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ მოიწონა ცნობილი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი ნოე ჟორდანიას ქანდაკების პროექტი. როგორც გაზეთი აღნიშნავს, კომისიამ ნიკოლაძეს წინადადება მისცა, შესდგომოდა ქანდაკების გაკეთებას, რომელსაც შემდეგ დამფუძნებელი კრების დარბაზში დადგამდნენ.
ანტისანიტარიასთან ბრძოლის საბაბით, თბილისის გამგეობამ დეზერტირების ბაზარზე არსებული ყველა სასადილო დახურა. საერთოდ, საქართველოს დედაქალაქის სანიტარიული მდგომარეობა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. მწირი დაფინანსების გამო ვერ ხერხდებოდა ქალაქიდან ნაგვის დროული გატანა. ქალაქი სავსე იყო დევნილებით, მაწანწალებითა და უპატრონო, დაავადებული ძაღლებით. დროულად ვერ ხერხდებოდა ქუჩების დასუფთავება. ეს ვითარება განსაკუთრებით ზაფხულში ხდებოდა საშიში, როდესაც ანტისანიტარიის გამო გადამდები დაავადებების სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობა იქმნებოდა. გაზეთ „ერთობის“ 28 ივლისის ნომერში მოცემულია ქალაქის თვითმმართველობის სხდომის ანგარიში, სადაც საუბარი სწორედ მოსალოდნელ ეპიდემიას ეხებოდა: „ქალაქის სანიტარული ინსპექტორი მეუნარგია აკეთებს მოხსენებას ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესახებ. მიღებული ცნობებით ყირიმში გაჩენილა ხოლერა, სტამბოლში კი _ შავი ჭირი.
შესაძლებელია ეს ეპიდემიები ბათომიდან შემოტანილ იქმნას თფილისში, რომელიც ამჟამად მძიმე ანტისანიტარულ მდგომარეობაში იმყოფება. მის გასაწმენდათ საჭიროა ნაგვის გასაზიდ და საორგანიზაციო ტრანსპორტის მოწყობა. ამას დასჭირდება 48 მილიონ 500 ათასი მანეთი, რომელი თანხაც ქალაქს არ მოეპოვება. მომხსენებლის წინადადებით, საბჭო ადგენს, შუამდგომლობა აღძრას მთავრობის წინაშე, რათა ქალაქს დახმარების სახით მიეცეს ეს თანხა ზემოაღნიშნული მიზნით“.
წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს გაზეთ „ერთობის“ 16 ივლისის ნომერში გამოქვენებული სტატია, რომელიც 4 ადამიანის სიკვდილს ეხება. როგორც ირკვევა, თბილისში არსებული ერთ-ერთი სასურსათო საწყობის გამგეს, ვინმე ანდრო რამიშვილს, საწყობში ცხოვლების ფერმაც ჰქონია მოწყობილი და ცხოვლების მოსავლელად იგი მუშებს ქირაობდა. საგაზეთო სტატიის მიხედვით, რამიშვილი ძალიან მკაცრი ადამიანი იყო და ნებისმიერ დანაკარგს მუშებს ხელფასიდან უქვითავდა. ასე მაგალითად: მოყვანილია შემთხვევა, როდესაც დედა ღორმა სადგომში გოჭი გაჭყლიტა, მისი ფული კი მომვლელის გადასახდელი გახდა.
12 ივლისს ერთი გოჭი შემთხვევით სიბინძურეებით სავსე ფეხსალაგში, იგივე კლოაკაში ჩავარდა და მუშებმა ამ გოჭის ამოყვანა გადაწყვიტეს. გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 16 ივლისი: „რამიშვილის რისხვის შიშით დაუძახეს მუშებს _ მეჯინიბეებს სისო არუთინოვს და გიორგი ჩიტაძეს, რომ გოჭი გადაერჩინათ. პირველად ფეხის ალაგის ორმოში საქმის მწარმოებლის განკარგულებით ჩავიდა არუთინოვი, რომელიც შიგ ჩაიხრჩო, მას მიეშველა დავით ავალიშვილი, ისიც შიგ ჩაიხრჩო. უკანასკნელის ყვირილზე მათ მიეშველა პეტრე იორდანიშვილი და თეოფილე გამცემლიძე, რომელნიც ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს“. როგორც ჩანს, იორდანიშვილი და გამცემლიძე სიბინძურის ორმოდან გულწასულები კი ამოიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და ისინი არუთინოვისა და ჩიტაძის მსგავსად დაიღუპნენ.

მიხეილ ბასილაძე