ვის ხელში ვართ?

როგორც ჩანს, ის, აი, ის დიდი ბრძენი კაცი პატარა შალვებმა დაარწმუნეს, რომ ხშირად უნდა გამოეცხადოს მოსესაებრ თაბორის მთიდან და ისიც გვეცხადება. ხან წერილობით _ ეპისტოლეებით, ხანაც ზეპირად _ ინტერვიუებით. ჯერ ხომ თვითონ მობღოჟავს და მოაბოდიალებს რაღაც კიტრობას და მერე დაეწყობიან მისი ბოსტნის შუშა კიტრები და თავს უკანტურებენ.

დაწერს ეპისტოლეს, რომლის ერთ აბზაცში უდრეკი ზვიადისტია, მეორეში _ „უტორმუზო“ ედიკისტი. აი, იმ ზვიად გამსახურდიას მომხრედ მოგვევლინა, ცოტა ხნის წინ მანერებს რომ უწუნებდა. ახლა კი აფუვდა და ქებად დაიღვარა, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადაო. ისიც დაწერა, არჩეული ხელისუფლება დავამხეთ, კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ ქვეყანაო… მომდევნო აბზაცში კი ეს ზვიადისტი ბიძინა უცებ ისეთ შევარდნაძისტად ტრანსფორმირდა, ედიკას მოჯამაგირეობაში მოღლილ ზოიძესაც რომ შეშურდებოდა. აი, იმ ზოიძეს, ახლა პარლამენტში რომაა ლუარსაბივით წამოკოტრიალებული და ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის, _ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედიაო! იკივლებს და იყვირებს ამას, აბა, რას იზამს? თვითონ მას ივანიშვილი ინახავს და მტკვარსაც არ წაუღია სარაჯიშვილი? ზუბალაშვილი ან ვინმე სხვა?
იკივლებს, აბა, რა იქნება, იმდენი კონკურენტი ჰყავს წმიდა ბიძინის ქებაში, როგორმე ხომ უნდა მიაწვდინოს ხმა ქებულსა და ცხებულსა? აგერ, ეპისტოლეზედ მელანი არ იყო შემშრალი, პრემიერი რომ გამოხტა და დააბუხუნა, დასმული აქცენტები მოუწონა ბატონს. მას არც კალა-მერი ჩამორჩა, ჯოისის პოზაში ჩადგა და შეაფასა: „ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული“.
მათ არც ცქიტიშვილი ჩამორჩა, მანაც დაინახა ანალიზი: „დავინახე ანალიზი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში“.
ასე დალაგდა და გამოლაგდა ყველა და შეაფასეს ბოდვითი ეპისტოლე. მერმე ცალკე პატარა შალვას შეძახილმა და ცალკე ამდენი „დიდი“ ქოცის ქებამ თავისი ქნა, ბატონი შეთამამდა და ტელევიზორშიც გამოვარდა და ისეთი ინტერვიუ მისცა, ქვეყანა შოკში ჩააგდო. იქ, იმ ეპისტოლეში, თუ ერთ აბზაცში ზვიადისტი იყო და მომდევნოში შევარდნაძისტი, აქ ბოლომდე აშალა აფრები და ღრმად შესცურა ბოდვის ოკეანეში. თავად განსაჯეთ, ერთსა და იმავე ინტერვიუში, რამდენიმე წუთიანი ინტერვალებით, სრულიად საწინააღმდეგო ჩვენებებს აწვებოდა და სრულიად ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებში გვარწმუნებდა. უფრო სწორად, ჩვენს დარწმუნებას ცდილობდა. ხან გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში აშკარად გაუმჯობესებულია მდგომარეობა, რომ რეალობა სულაც არაა ისეთი მძიმე, როგორი განცდა და აღქმაცაა. ეს ყველაფერი, ეს მცდარი განცდა და აღქმა „რუსთავი 2-ის“ ბრალი ყოფილა, რომლის მიერ ტირაჟირებულ სიცრუეს ვერ უსწორდება პატარა შალვას სიმართლე. მოკლედ, საზოგადოება გასული ვყოფილვართ რეალობიდან და რეალობაში ვყოფილვართ დასაბრუნებელი. გვიმტკიცებდა ამას, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით ადრე მქუხარე სახით გვიმტკიცებდა, თუ რაოდენ ტრაგიკული იყო მისთვის იმის გაგება, რომ ბოლო წლებში ხალხი გაღარიბდა. რომ თურმე ამის აღმოსაფხვრელად გაუნულებია სესხები, რამდენიმე წუთში კი ამ ღრმა სინანულს ღრმა რწმენა ენაცვლება, რომ ამ შვიდ წელიწადში, ანუ მის ხელში, ძალიან ბევრი შეღავათი მიიღო ხალხმა, მაგრამ ხალხი, უბრალოდ, მიეჩვია ამას და ვეღარ ხედავს, რადგან, თურმე, ხალხი კარგს მალე ეჩვევა! კიდევ სხვა მონაკვეთში კი იმას გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში მართლაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ ამაში „ქართულ ოცნებას“ წვლილი არ მიუძღვის! რომ ეს, თურმე, ქოცნების ბრალი კი არ ყოფილა, არამედ მთელი 21 წლის, რაც ქვეყანამ გამოიარა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან _ ბიძინას არჩევამდე!
მოკლედ, მოკლე შინაარსი ასეთია _ მთელი 21 წელი იქცეოდით, ნადგურდებოდით, მამა მშიერი გყავდათ, დედას დიდი ჯაფა ადგა, მე მოვედი, გიხსენით და კიდევ მე მთხოვთ პასუხსო?
ან რა პასუხიღა უნდა მოსთხოვო კაცს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ერთსა და იმავე ინტერვიუში სრულიად საწინააღმდეგო აზრებს ერთნაირი შემართებითა და გზნებით, ერთნაირი ექსტაზით ავითარებს?
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ეპისტოლეში თვითონ ქადაგებდა _ ერთიანობასა და კონსოლიდაციას, იმას თვითონვე რომ ჰკრა ხელი და ყველა სათითაოდ და პერსონიფიცირებულად ლანძღა, ვინც კი განუდგა. ყველა „ნაცებთან“ შეკრულად, „ნაცების“ მიერ ნაყიდად გამოაცხადა! ყველგან იყიდე-გაყიდე ელანდება! მისი აზროვნებით სტრუქტურაში ყველაფერი იყიდე-გაყიდეზე დაიყვანება! მას რომ უსმინო, „ნაცებს“ უყიდიათ გუბაზ სანიკიძეც, თქვენ წარმოიდგინეთ, დავით უსუფაშვილიც, ხუხაშვილიც, შალვა შავგულიძეც! მას რომ ჰკითხო, მიხეილ სააკაშვილს ქუსლებზე მაზოლი ამოსვლია „ოცნებაში“ შოპინგით. არადა, იმ მიხეილმა აქეთ მას შეადარა თავისი გარემოცვიდან არაერთი…
ივანიშვილს არც სხვა განდგომილთა ლანძღვა დავიწყნია, არც მაღრაძის, არც ბესელიასი და ბესელიასთან ერთად გასულების. სხვების ლანძღვას ვინ ჩივის, ამ გაგანია თათხვაში საკუთარი ძმაც შემოეთათხა, _ ჩემმა ძმამ სპირტის მარტო მოხმარება იცის, ღვინო უყვარს, დღეში სამჯერ სვამსო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბრძენმა ბოდვაი საკვირველი გვიჩვენა, მაგრამ რა გინდა? გამოლაგდა ისევ დიდქოცობა და აღავლინა ოსანა.
წულუკიანმა ორკეცად მძივი დაიკიდა, აი, დაახლოებით, იმსისხო და იმხელა, რამხელა ჯაჭვითაც ამირანი მიაბეს კავკასიონზე და ამ თეა-პრომეთე-ამირანმა შემდეგი ცეცხლი გაგვიზიარა: მე ვეთანხმები ბატონ ბიძინას. ძნელია, დამალო გაოცება, როდესაც შავგულიძეს „ნაცებთან“ ხედავო.
ისევ დალაგდა და გამოლაგდა ყველა და ახლა ინტერვიუ უქეს და უდიდეს ბატონ ბიძინას, მაგრამ რაც თავისიანებისგან ქება ისმინა, ის სულ გაუნიორწყლა ოპონენტების შეფასებამ. აგერ, გუბაზ სანიკიძემ, _ ფსიქიატრთან არის წასაყვანი, სამკურნალოაო… არც სხვებს დაუკლიათ მსგავსი შეფასებები. გია ხუხაშვილმა, ჯერ კიდევ, ინტერვიუმდე, ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ, ურჩია, _ წერილების წერას, სჯობს, ლექსების წერა დაიწყოსო.
ეს ხუხაშვილი გადაგრევს, რა! აჩიკუდა თალაკვაძის მოლოგინებული ალუჩა არ გვეყო და ახლა ბიძინას ცდუნებული ჭანჭური გვინდა? ხუხაშვილი რჩევების მიცემას არ იშლის და პროზიდან პოეზიაზე გადასვლას ურჩევს ბრძენ კაცს. იქ, ბათუმში კი ის ვერ გაურკვევიათ, ტერენტი გრანელი პროზაიკოსია თუ პოეტი? უფრო სწორად, ოპოზიციამ გადასარევად იცის, ვინცაა ტერენტი გრანელი, ეს „ოცნებას“ ჰგონია, რომ ტერენტი გრანელი პროზაიკოსია. ორში ერთია _ ან ლექსები პროზა ჰგონიათ, ან ჰგონიათ, რომ ტერენტი წერდა მოთხრობებსა და სხვა პროზაულ თხზულებებს. დასკვნა კი ერთია: არაფრის გარტყმაში არ არიან და გებადება ერთი კითხვა, _ საიდან შეიყარნენ, ვინ შეჰყარა ერთად, ვინ შეგვყარა ეს ყველაფერი?
ცხადია, კითხვა რიტორიკულია და ყველამ გადასარევად ვიცით, რომ ამ ყველაფრის ავანჩავანი სწორედ ის კაცია, ეპისტოლეების წერას რომ შესდგომია!
მართლაც და ვის ხელში ვართ? _ იმ კაცს ხელში, ვინც ჩვენებას წამიერად ცვლის და აზრები ციყვივით დაუხტის. მის მიერ შეყრილ იდიოტების ხელში და მის მიერ ხახვით, კარტოფილით, ძალადობით თავსმოხვეულ პრეზიდენტის ხელში! რომელსაც არაფერი ამქვეყნად არ ავალია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღისას სიტყვა თქვას და იმასაც ვერ ამბობს!
რა ჰქვია იმას, რაც მან 9 აპრილს ქნა?
საერთოდ არ ახსენა თამარ ჭოველიძე! შეცდომით წაიკითხა ეკა ბეჟანიშვილის გვარი! გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, საქართველოში ბევრმა არ იცის 9 აპრილს დაღუპულის ყველა გვარი და სახელი, მაგრამ ყველამ იცოდა თამარ ჭოველიძისა და ეკა ბეჟანიშვილის სახელი! სრულიად გასაგები მიზეზის გამო _ ყველაზე პატარები იყვნენ და თავისუფლებას შეეწირნენ! დიახ, გემზე კი არ შეახტნენ და კი არ გაიქცნენ, აქ, რუსთაველზე შეასკდნენ ტანკებს! ეს მეჩითოვებს ჰგონიათ, რომ ვინც იქ იყო, შოუს სანახავად მივიდა, თორემ ყველამ კარგად იცოდა, რაზედაც იყვნენ მისულები და რისთვისაც!
და ახლა რა ხდება? ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტს, რომელმაც არც თამარ ჭოველიძე იცის, არც _ ეკა ბეჟანიშვილი! სად ეცალა ქალბატონ სალომე ქართველს ამ გვარების მაშინ დასამახსოვრებლად? გავეშებული ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა და იმისთვის სცხელოდა, რომ რუსის ჯარის მიერ აჩეხილი გოგოების გვარი და სახელები დაემახსოვრებინა?
მაშინ დამახსოვრებას ვინ ჩივის, კითხულობდა და დაწერილი ვერ წაიკითხა. ხომ გაირკვა, განაცხადეს კიდეც, _ ჭოველიძე ეწერა და ქალბატონ პრეზიდენტს სტრიქონი გამორჩაო! ბეჟანიშვილის დედა კი იმედოვნებდა, _ პრეზიდენტს ვინც ტექსტი მიაწოდა, იმან არ დაუწერა სწორად გვარიო, მაგრამ იმ სიაში, როგორც ირკვევა, სწორად ეწერა…
ახლა გეკითხებით, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტს ტექსტი უდევს და სწორად ვერ კითხულობს გვარს? რა ჰქვია იმას, როდესაც ადამიანი ტექსტის კითხვისას სტრიქონს ახტება? და გეკითხებით მე თქვენ, პრეზიდენტი აირჩიეთ თუ თხასთან მძინარე შერკინებული გიგო?
ან რა ედგა წინ იმას, რომ აგერჩიათ ის, ვინც ზეპირად იცნობს ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის გმირებს? იმათ, ვისმა სისხლმაც მოიტანა დღევანდელი თავისუფლება?
მაგრამ დღეს ხომ ხელისუფლებაში სწორედ ის ძალაა, რომელიც სწორედ ამ თავისუფლებას ებრძვის? აგერ, გამობრძანდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც, თურმე, არ სჭირდება ხალხი, ვინც მაცივრის შესაძენად კრედიტს იღებს, სამაგიეროდ, მას სჭირდება გაზის შეძენა რუსეთიდან! რა უნდა უთხრა ასეთებს? თურმე, XXI საუკუნეში ადამიანმა უმაცივროდ უნდა იცხოვროს! ფუფუნების საგნებსა და იმ ფუფუნების საგნების შესაძენად სესხის აღებაზე კი არ ლაპარაკობს, ლაპარაკობს ყოფა-ცხოვრებისთვის უკიდურესად საჭირო ნივთზე! არ არის ახლა ეს ღირსი, უმაცივროდ აცხოვრო და ცხელ ზაფხულში ატლეკინო გამლღვალ-ამძაღებული კარაქი და დუბელა წყლით გაბერო?
ძნელია, არ დაეთანხმო „ოცნებიდან“ სულ ახლახან გაქცეულ „შაქარას“ (ვატო შაქარაშვილს), რომ „ოცნება“ ჯალათების პარტიაა. აბა, ჯალათის გარდა სხვა ვინ გაიმეტებს ადამიანს უმაცივრო ცხოვრებისთვის? ის ცალკე თემაა, „შაქარამ“ ეს ახლა რომ აღმოაჩინა და კიდევ უფრო უარეს ჯალათებთან რომ გაიქცა.
ის ლექსი ხომ გახსოვთ, „ვაშლი და შაქარა“? აი, მაღლა ფოთლებში რომ ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი და ცელქი შაქარა რომ შესცქერის?
ჰოდა, ახლა „შაქარამ“ სხვა ხის ქვეშ ისკუპა. იმედია, ბატონი ბიძინა ვატო შაქარაშვილსაც არ აწყენინებს და მასაც მიშას მიერ ნაყიდად არ გამოაცხადებს. რა სწრაფი და წარმავალია ცხოვრება, სულ ახლახან არ იყო, ეს ბიჭი, „შაქარა“, ქოფაკივით რომ იცავდა „ოცნებას“? ერთი წკაპანი და ახლა გვიმტკიცებს, რომ „ოცნება“ ჯალათების პარტიაა. იტყვით, გონება გაუნათდაო. არასოდეს არის გვიანო. და ვის დაუდგა გვერდით საქართველოს დასაცავად? მას, ვისგანაც პირველ რიგშია დასაცავი ქვეყანა!
ზურაბიშვილს გმირების გვარები არ ახსოვს, მგოსან მაღრაძეს, ვგონებ, თავისი გმირობები აღარ ახსოვს, მაგრამ მისი მხედრიონული გმირობები ჩვენც კარგად გვახსოვს და ჯაბა იოსელიანმაც „უკვდავყო“ თავის „მესამე განზომილებაში“, სადაც იხსენებს, რომ ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ „საგანგებო კომიტეტში“ სხვებთან ერთად შეიყვანა დავით მაღრაძე, რომ „ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისთვის დავით მაღრაძე“.
აიკრიფა ფული _ „სასიქადულო“ ინტელიგენციაში შეძენილ იქნა იარაღი, იმ იარაღით გაუსწორდნენ მტერს კი არა, ქართველებს… დღეს საქართველოს „იცავენ“… თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, კიდევ ააგროვებს ფულს. მე შენ გეტყვი, ინტელიგენცია აღარ გვყავს თუ რა? ისევ იყიდიან იარაღს და დაგვერევიან. მე შენ გეტყვი და არ აქვთ გამოცდილება…
ვის ხელში ვართ?

რეზო შატაკიშვილი