გია აბაშიძე: „სიტუაციური მოკავშირეობის“ თვალსაზრისით მმართველი გუნდი შიშველია“

2 აპრილს პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ მედიას ანგარიში წარუდგინა, სახელწოდებით: „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში“. აბაშიძე კვლევაში მიმოიხილავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და „ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ საქმიანობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, პოლიტოლოგი აღწერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდსა და ყოფილი მაღალჩინოსნების გადანაცვლებას არასამთავრობო სექტორში. მესამე ნაწილში კი გია აბაშიძეს შემოაქვს ტერმინი „სიტუაციური მოკავშირე“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს მოკავშირეებად განიხილავს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია აბაშიძეს ესაუბრა:
_ გია,რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ კვლევის მიხედვით?
_ ჩემი სუბიექტური, სამაგიდო კვლევის მიხედვით, ორი ტენდენცია გამოჩნდა. ერთი ტენდენციაა: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ჩინოსნებმა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს. ეს ორგანიზაციები ფართოდ არის გაშლილი როგორც რეგიონებში, სათემო დონეზე, თემატურად, ის ასევე თბილისშიც მოქმედებს; მეორე ტენდეცია გახლავთ ის, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა.
კვლევაში მითითებული, დაახლოებით, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი შეფასებით და ვარაუდით, დავაკავშირე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ „სიტუაციურ მოკავშირეებად“. ეს ის ორგანიზაციებია, რომელიც თავიანთი გამონათქვამებით კონკრეტულ სიტუაციურ ინტერესებში ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივებს და პოლიტიკურ გზავნილებს. ეს იყო ინტერნეტში არსებული გაშლილი ინფორმაცია. ჩავატარე სამაგიდო კვლევა და ამ არასამთავრობოების კონტენტ ანალიზი. ასევე ცნობილია თუ ვინ შექმნა და ვინ უდგას სათავეში ამ ორგანიზაციებს. კვლევაში წლების მიხედვით მითითებული მაქვს ორგანიზაციების შექმნის ეტაპები. პირველი ეტაპი 2009 წელს დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი _ 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობოების შექმნის კუთხით საკმაოდ გააქტიურდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ 25-გვერდიან კვლევაში ჩემი სუბიექტური მინიშნებებია, რომელსაც სამაგიდო კვლევის ხასიათი აქვს, ეს არის საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია _ განსჯისთვის.
_ თქვენ ახსენეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სახით სიტუაციური მოკავშირეები ჰყავს. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაში გამოიხატება მსგავსი სიტუაციური მოკავშირეობა?
_ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები სიძულვილის ენაზე საუბრობენ და საზოგადოების დაცვას ცდილობენ სიძულვილის ენის გავრცობისგან. თუმცა, რატომღაც, წინასაარჩევნოდ არ აქტიურობდნენ, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე, როგორც ქალ პრეზიდენტობის კანდიდატზე, ზღვარგადასული თავდასხმა ხორციელდებოდა და ასევე მისი მისამართით შეურაცხყოფებიც ისმოდა. არაენჯეოშნიკური „მანდატი“ მათ ამის უფლებას აძლევს. „სიტუაციური მოკავშირეობა“ გამოიკვეთა ისევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც „ფეიქ“ (ცრუ) ბრალდებები იყო ყალბი ID ბარათების დაბეჭდვასთან და არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან დაკავშირებით. რატომღაც, 3-3 არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ეს ბრალდება უნისონში იყო, თუმცა შემდეგ არ დადასტურდა და „ფეიქ“ ბრალდებად დარჩა. კიდევ ბევრი სხვა მსგავსი მაგალითია. შემოდგომაზე კვლევა ჩავატარე: „რუსთავი 2-ს“ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდი და აღმოჩნდა, რომ მის მიერ გავრცელებული ნიუსების 80% „ფეიქი“ იყო და მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებდა. გეტყვით, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა: „რუსთავი 2“ შაბათის ან კვირის გადაცემაში, საღამოს ეთერში აწევს რაღაც „ფეიქ“ თემას, ამის გასამყარებლად მოიწვევს სასურველ ექსპერტებს, რომლებიც არგუმენტებით „გაამყარებენ“ ამა თუ იმ „ფეიქ“ თემას და შემდეგ „ექსპერტულ“ ბრალდებებზე „ქართული ოცნების“ რომელიმე ჩინოვნიკს უწევს თავის მართლება, რის შემდეგაც აღმოჩნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ფეიქ“ თემის აწევა ხდება სწორედ ამ „სიტუაციური მოკავშირე“ „ენჯეოშნიკებით“ და ყოფილი მაღალჩინოსნებით.
_ რას უპირისპირებს ამას „ქართული ოცნება“ და რამდენად ზარალდება შექმნილი ვითარებით მმართველი გუნდი?
_ ეს კვლევა დიდ დარტყმას აყენებს „ქართულ ოცნებას“, რადგან გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი, „სიტუაციური მოკავშირეობის“ თვალსაზრისით, არასამთავრობო სექტორთან სრულიად „შიშველია“, მას არ ჰყავს არც „სიტუაციური მოკავშირე“ და მეტიც, კვლევის პროცესში ვერ ვნახე მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ხაზგასმით ვამბობ: ეს პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნამდვილად არ არის ცუდი, პირიქით, ეს მისასალმებელია და ამდიდრებს ჩვენს დემოკრატიას. ნებისმიერ პლურალისტური დემოკრატიის გამდიდრების საშუალებაა. ეს ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: აშშ-ში, ბრიტანეთსა თუ სხვ. როდესაც მმართველი პარტია ხარ და აცხადებ, რომ ამომრჩეველთან კომუნიკაციის გაუმჯობესება გინდა, ამ დროს კი არ გყავს „სიტუაციური მოკავშირეები“, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს მმართველი გუნდის იმიჯსა და წინასაარჩევნო პოზიციებზე. საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება ხდება არა მხოლოდ პარტიული და უწყებრივი პრეს-სამსახურებით, არამედ ამას სჭირდება მუშაობა რეგიონებში სათემო დონეზე. არასამთავრობო სექტორი ყოველთვის ეხმარება სამთავრობო სექტორს რეფორმების წინ წაწევაში, მოსახლეობის ინფორმირებაში, გამოწვევებთან ბრძოლაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი ხელიხელჩაკიდებული უმკლავდება არსებულ პრობლემებს. ამ მხრივ „ქართული ოცნება“ სავალალოდ გამოიყურება.
_ როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდი სათანადოდ ვერ იაზრებს ამ მოცემულობას, რომ მათთვის არასამთავრობო სექტორთან მოკავშირეობა მნიშვნელოვანი და საჭიროა?
_ საჯარო სექტორში არაერთხელ მითქვამს, რომ 2016 წელს პარლამენტში არჩეული ზოგიერთი დეპუტატი, სამწუხაროდ, პოლიტიკოსად ვერ გაიზარდა. უკვე თითქმის სამი წელი გავიდა და ისინი კარგი გაგებით „პოლიტიკურ ცხოველებად“ ვერ იქცნენ. ჩემი სუბიექტური შეფასებით, მათი უმრავლესობა თუ არა უმცირესობა მაინც ვერ გაიზარდა, ვერ გააცნობიერა, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა პოლიტიკოსის საქმიანობა. ვერ იაზრებენ, რომ პოლიტიკოსმა ხელი უნდა შეუწყოს არა იმას, რომ მმართველმა პარტიამ სოკოებივით ჩამოაყალიბოს არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ხელი უნდა შეუწყოს ფართო, თავისუფალი სივრცის განვითარებას. ამ სივრცეში კი არ უნდა იყოს პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, გინდ სამთავრობო პარტიიდან, გინდ მთავარი ოპოზიციური პარტიიიდან. ანუ „ენჯეოების“ მოქმედებისთვის გარემო უნდა იყოს თანასწორუფლებიანი და თანაბარი. ამაში კი პოლიტიკოსების წვლილი ძალიან დიდია, ისინი ქმნიან არასამთავრობო გარემოს, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკურს. თუ „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებში გამარჯვება უნდა, საკმარისი არ არის მხოლოდ, როგორც ისინი უწოდებენ, ახალი სახეების, მე უფრო პიროვნებებს დავარქმევდი, მოძიება თავიანთ გუნდში, არამედ საჭიროა პრობლემების გამოსწორება რიგი მიმართულებებით. მათ შორის იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რომელიც მათ ახლა არსებულ არასამთავრობო სექტორის მეინსტრიმ ორგანიზაციებთან აკავშირებთ.
_ სად გადის ზღვარი ობიექტურ არასამთავრობოსა და ტენდენციურ, „სიტუაციურ მოკავშირე“ „ენჯეოს“ შორის? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არასამთავრობოები კონკრეტული პარტიების ინტერესებით მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში „ფეიქ“ თემებს ავრცელებენ, ვის უნდა ენდოს მოსახლეობა?
_ არასამთავრობო თუ ანალიტიკურ სექტორში, ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი ტენდენციურია. მას საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები და პოლიტიკური გემოვნება აქვს, ეს მიღებული პრაქტიკაა ყველგან. მხოლოდ უნდა იყოს კონკურენციული, თანასწორუფლებიანი გარემო და არ გვყავდეს პრივილეგირებული არასამთავრობოები, რომელიც წლიდან წლამდე იღებს გრანტებს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებისა და კონტაქტების გამო. ამ დროს კი არასამთავრობოების არმია გვყავს, მათ შორის, დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებშიც კი, რომელიც ვერ ახერხებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რადგან, სამწუხაროდ, პრივილეგირებულთა კასტაში არ არის.

ნენე ინჯგია