გიორგი ტიგინაშვილი: „ღმერთი არავის კერძო საკუთრება არ არის“

საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ვითარებასა და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო პერიოდში ატარებს, „ქრონიკა+“ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ესაუბრა:

_ ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისგან, მეტწილად, საპატრიარქოში დასაქმებული ღვთისმსახურებისა თუ საერო პირებისგან, ასევე ამ ჯგუფთან აფილირებული საერო პერსონების მხრიდან, ფაქტობრივად, ღია დაპირისპირებაა მსოფლიო საპატრიარქოსთან და კონკრეტულად მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. რატომ ხდება ეს და რასთან გვაქვს საქმე?
_ არ გაგიკვირდეთ, რომ სულ მალე საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ერესსა და მწვალებლობაში დასდოს ბრალი. ამჟამინდელი რუსული ნარატივი და კრემლის მდგენელი უკვე დაუფარავად ტირაჟირებს მსგავს წარმოდგენებს ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსზე. რეალურად, საქართველოს ეკლესიის იმიჯს ისედაც ძალიან სერიოზული დამღა აქვს და ამით საერთოდ იზოლაციასა და ობსკურანტულ პარადიგმაში მოვექცევით, რაც ალტერნატიულ ცენტრთან, ანუ რუსულ ორბიტასთან მონურ ქვეშევრდომობაში ოფიციალურად გადაიზრდება. სამწუხაროა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტენდენცია ამაზე მეტყველებს. ანუ კანონიკურ სიბრტყეზე თუ ვერა, „დოგმატურ“ ჭრილში მაინც „ამხელენ“ კონსტანტინოპოლელ უმაღლეს იერარქს და შესაძლოა, იმგვარი ტრაგიკომიკური სურათიც მივიღოთ, როცა „მართლმადიდებლობის მედროშე ბურჯად“ კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი თავი და მისი სამდივნო გამოაცხადოს!
_ იქნებ, რაიმე ობიექტურ გარემოებას ეყრდნობა ეს პროცესი?
_ სექტანტური სულიც სხვა არაფერია, თუ არა ყველგან საფრთხეების დანახვა და მხოლოდ შენში სიწმინდის „აღმოჩენა“, რისგანაც არც თუ ისე შორს ვართ! ფანატიზმი მხოლოდ შაჰიდის ქამრით სიარული და კამიკაძის ლენტით ტერაქტების მოწყობა არ არის; ფანატიზმია, როცა გაქვს რწმენა ცოდნის, სიყვარულისა და სულიერების გარეშე! როცა მიდიხარ არა შესახვედრად, არამედ საწინააღმდეგოდ! როცა ბრმა რიტუალიზმი _ თეთრი მაგია _ ხდება ჯალათი ინტელექტისა! როცა ჭეშმარიტების საზომი გაფეტიშებული ავტორიტეტია და არა ცოცხალი ქრისტე! როცა სასულიერო პირობა მიზანია და არა საშუალება!.. მძიმეა ჩვენი დღევანდელობა, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ღამის სიბნელეს ყოველთვის დილის სინათლე მოსდევს. ეს გარდაუვალია! ასე რომ, ფუნდამენტალისტების წამმზომი ჩართულია, ლენინიც ყარს მავზოლეუმში, უბირნი თავიანთი გულგოროზობით ჩიხში დგანან და ახალგაზრდობას აღარ სჯერა ლეგენდების, მითებისა თუ თქმულებების! მრევლი დინამიკას ითხოვს, ანუ ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების მაჯისცემას, რაც ასეთ სტაგნაციაში არ იგრძნობა. ასე დიდხანს ვერ გასტანს, კორპორაცია და მდარე სისტემა აუცილებლად უნდა ტრანსფორმირდეს, რისი რესურსიც ეკლესიას ნამდვილად აქვს მადლის მიერ!.. ამდენად, ბიბლიური შეგონების თანახმად: „ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, ხოლო ქუეყანაი ჰგიეს უკუნისამდე“!
_ საპატრიარქოს წარმომადგენლები მხოლოდ მსოფლიო პატრიარქს არ უპირისპირდებიან, მათ აქ _ ადგილზეც ჰყავთ არაერთი „საკბილო“… ელისო კილაძე, ნიკა გვარამია _ მტრების სახით, გოჩა ბარნოვი _ „პატარა იმპერატორის“ იმიჯით, აგრესიული თეოლოგები, რომელშიც შენც მოიაზრები. არც ისეთი ჟურნალისტები მოსწონთ, რომლებიც საეკლესიო პრობლემებზე მსჯელობენ. მოკლედ, საპატრიარქომ დიდი წრე შემოხაზა, სადაც მისთვის არასასურველი პირები მოაქცია.
_ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ვუსმინე რამდენიმე დღის წინ „ტვ. ერთსულოვნებაზე“ და უნდა ითქვას, რომ კვლავინდებურად „მოწოდების სიმაღლეზეა“ მისთვის ჩვეული „ქრისტესმიერი სიყვარულის, ობიექტური მსჯელობის, სულიერი ანალიზისა და მამობრივი შეფასებების“ გზაზე. ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვფიქრობდეთ კრიზისიდან გამოსავალზე, ადგნენ და ჩვენ დაგვიპირისპირდნენ. ე. ი. ის და მისი ძმანი ებრძვიან არა პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრეებს. საუბედუროდ, ეს ადამიანი ვერ ძლებს თეოლოგთა განკითხვის, მათზე მუქარის, ცილისწამებისა და უგვანო ჭორაობის გარეშე. იგი ყველაში მტერს ხედავს, ვინც ჩრდილოეთიდან არ მოელის მზეს, ვინც წიგნიერია და პერსპექტიული, ვინც პროგრესულად აზროვნებს და არა მონურად! კიკეთის უმშვენიერესი ტყიდან ორი დღის გამოსული და ლევან ვასაძის ნადიმიდან ახლად დანაყრებული, _ სულ ეს არის ანდრია ჯაღმაიძის „სამეცნიერო“ რეგალია. იგი ისევ მოურიდებლად და ურცხვად შეეხო თეოლოგთა ცოდნის დონეს და ნაცვლად საკითხებზე საგნობრივი და არგუმენტირებული მსჯელობისა, კვლავ რუსული რიგორიზმი მოიხმო და აქცენტების გადატანა სცადა თეოლოგ გოჩა ბარნოვის „პატარა იმპერატორად“ მოხსენიებით და მისი მეგობრების მიმართ სარკასტული ქირქილით, რაც მხოლოდ უღირს სამღვდელო პირებსა და კარიერაზე დაგეშილ ხიმანკლებს ახასიათებთ. სწორედ მისნაირ ადამიანებზე ამბობდა წმ. ანტონი დიდი: „უსწავლელნი და მდაბიონი სასაცილოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათი მსგავსი იყოს ყველა“.
_ რატომ ხდება ასე?
_ გავაგრძელებ წმ. ანტონი დიდის სიტყვებს და მიხვდებით: „ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მათზე უარესი იყოს ყველა, ჰგონიათ რა, რომ უკეთურთა სიმრავლის კვალობაზე თავიანთ თავს დაუდანაშაულებლობას მოუპოვებენ. ასეთი მოუძლურებული სული წარიწყმიდება და იმღვრევა ბოროტებისგან, აქვს რა მას თავის თავში გარყვნილება, ამპარტავნება, უძღებობა, მრისხანება, კადნიერება, მძვინვარება, დრტვინვა, შური, მტაცებლობა, სიცრუე, მშიშარობა, დასნებოვნება, ღვარძლი, გამკიცხველობა, ცთომილება, უმეცრება, შემაცდენლობა, ღვთის დავიწყებულობა. ამათგან და ამათ მსგავსადაც ისჯება უბადრუკი სული, თავისი თავის გამმიჯვნელი ღვთისაგან“! მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს უწყების ოფიციალურ პირს ცოტაოდენი ეთიკა, დიპლომატიური თავშეკავებულობა და სულიერი მოწიფულობა მართებს, მით უფრო ქრისტეს მღვდლად წოდებულს, თუმცა როგორც სხვა ყველა საკითხში, ამაშიც შერჩევითი და კორპორაციული მიდგომა აქვთ შორენა თეთრუაშვილის კალთას დამორჩილებულ ტრაგიკომიკურ ფიგურებს, რომელთაც ღმერთი საშუალებად დაუდევთ და არა მიზნად. წმ. წერილიც კი არ ზოგავს ასეთ გულგოროზ „მოღვაწეთ“ და ხისტად ამხელს მათ უკეთურებას: „უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა“. (II პეტ. 2, 21-22).
_ პრინციპში გასაგები და თვალნათელია, რომ ეს დაპირისპირება, რაც პერსონალურად ჯაღმაიძის მხრიდან ჟღერდება, საპატრიარქოს პოლიტიკაა და მისი ასე გარეთ გამოტანა უკრაინის საკითხს ეხება, რადგანაც ეს თემა, პირველ რიგში, რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი. რეალობაა, რომ კოჭის გაგორების პოლიტიკა მიდის.
_ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მოსაყდრის ასისტენტი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ურცხვად და სარკასტულად ქილიკობს ექსპერტებსა და თეოლოგებზე, რომელთაც უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაზე (თავად დეკანოზი ამ ეკლესიას მხოლოდ „ახალ სტრუქტურად“ იხსენიებს) არასაპატრიარქოსეული პოზიციები აქვთ. მისი თქმით: „ე. წ. თეოლოგები და ექსპერტები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში საუბრობენ საკითხზე, რადგან კანონიკისა და სულიერების მათ არ ესმით. არც ერთ მათგანს თეოლოგიური ნაშრომები არ აქვს და მათი არ დაიჯერებაო“.
_ რას ეტყოდი მას ამის საპასუხოდ?
_ ამ უტიფრულ და ცინიკურ განცხადებაზე ამ სიტყვების ავტორს მინდა, ვკითხო შემდეგი:
1. თავად ვინ ხართ და რას წარმოადგენთ თქვენი კომპეტენციით, კვალიფიკაციითა და სპეციალობით, გარდა იმისა, რომ ლევან ვასაძის ახლობელი ხართ, რომ თქვენი ირწმუნონ და თქვენგან განსჯილი დაიწუნონ ან შეაფასონ? რა სტატუსი და რესურსი გალაპარაკებთ ასე რაფინირებულად და იმპერატიულად?
2. კვლავაც „კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ“ მიიჩნევთ მოსაყდრე შიოს? ყველამ მოისმინა თქვენი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ ამ თემაზე, თუ თაროდან ჩამოიღეთ მართვა-გამგეობის დამტვერილი დებულება და წაიკითხეთ და გაერკვიეთ, რომ პატრიარქობა არჩევითი თანამდებობაა და არა მემკვიდრეობითი?
3. ძალიან გვაინტერესებს, რა ნაშრომებს ფლობს თქვენი ზემდგომი მოსაყდრე შიო კანონიკაში, რომ მისი პოზიციები გავიაზროთ? თეკლათის დედათა მონასტერზე რომ ბროშურა გამოსცა, იქ მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებზეც წერია რამე და არ ვიცით?
4. თუკი თქვენთვის ჭეშმარიტების საზომი „თეოლოგიური წიგნების გამოცემაა“, გვაინტერესებს, ამ კუთხით რა ნაშრომები აქვს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს _ რომელიც სამეცნიერო-აკადემიური ხარისხით დოქტორიც კი არ არის. ამ შემთხვევაში არაფერი პირადული, მხოლოდ ფაქტები)
5. და რაკი არც კათოლიკოს-პატრიარქსა და არც წმინდა სინოდის მღვდელმთავართა 90%-ს არავითარი თეოლოგიური კვლევა არ გააჩნია, შემთხვევით, ირიბად, მათ პოზიციებს არაკვალიფიციურად ხომ არ მოიაზრებთ?
6. რაკი თქვენსავით გავლენიანი ბიზნესმენები და მთელი საპატრიარქოს აპარატი არ გვაფინანსებს, ამიტომ ფიქრობთ, რომ თვითმარქვიები და უცოდინარები ვართ?
7. თუკი ასეთი უვიცები და უცოდინარები ვართ, რაღატომ დაშვრებით და გავეშებული წუხდებით ხოლმე ჩვენი განცხადებების გაქარწყლების გზაზე?
8. ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ცნობილი კანონოლოგი და მრავალი წიგნის ავტორია ამ დარგში და თქვენი გადასახედიდან საინტერესოა, რა გამოდის _ ისიც ე. წ. თვითმარქვია და „პოლიტიკურ ჭრილში“ მოღვაწე ღვთისმეტყველია?
9. იქნებ, აღიაროთ, რომ თქვენ არც შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტები გაქვთ და არც სათანადო ღირსება _ ინტელექტუალური, რომ დიდაქტიკური პოზით არბიტრის როლი მოირგოთ, თუნდაც თქვენს „მაღალრეიტინგულ“ ტელეკომპანია „ერთსულოვნებაზე“.
10. ასე რომ, გირჩევთ _ კატას ნუ გამოთხრით, იყავით თქვენთვის და სულიერად, მშობლიურ ენაზე რომ გითხრათ:Îñòàâàéòåñü íà òîì, ÷òî ó âàñ åñòü! კიდევ ერთი რჩევა _ იქნებ, გამოფხიზლდეთ და რეალობა გაიაზროთ, რამეთუÁðåæíåâà áîëüøå íåò!
_ როდესაც ვსაუბრობთ კრიზისსა და პრობლემებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, გარდაუვალი ფაქტია, რომ მიმდინარეობს ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ამ მხრივ ინსტიტუციას აღმავლობის ნიშნები ნამდვილად ეტყობა.
_ კარგია მონასტრებისა და ტაძრების შენება, უდავოდ წმინდა საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი, მეტად საგულისხმო სიმპტომი, რომელმაც, პრაქტიკულად, დაასნეულა ბერ-მონაზონთა ჭეშმარიტი როლი და დანიშნულება საქართველოს ეკლესიაში, ვგულისხმობ გაუთავებელ მშენებლობებს, სადაც ლოცვის, ჭვრეტისა და კითხვისთვის მოწოდებული მამები და მორჩილები, ფაქტობრივად, კალატოზებად, მლესავებად, ქვის მჭრელებად, მტვირთავებად და მუშებად გვევლინებიან. თავისთავად ამ საქმიანობაში ცუდი და მიუღებელი არაფერია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მთელი დღის მანძილზე წერაქვის ქნევისგან და ლოდების თრევისგან დაღლილი ბერი რამდენად იცლის იმ უმთავრესისთვის, ეს ხომ დასაფიქრებელია.
ამდენად, შენობა-ნაგებობებისადმი სტიქიური აღტყინება ერთგვარ ტრენდად ჩამოყალიბდა, რაც მისტიციზმს, მეტაფიზიკურ ღვაწლსა და ტრანსცენდენტურის წვდომას ერთობ აფერხებს. ელემენტარული სტატისტიკაა, რომ იმ ეპარქიებში, სადაც მსგავსი ტენდენციაა, მუდმივად სახეზე გვაქვს სულიერი პრობლემები, მძიმე ცოდვაში დაცემები, ფსიქიკური დარღვევები და ა. შ. იშვიათი გამონაკლისია ისეთი მონასტრები, სადაც ტიბიკონი, წესგანგება და ატმოსფერო ჯანსაღი იყოს. მორჩილების გაგებაც რაღაც ყაზარმული ტიპის უსიყვარულო დისციპლინით ესმით. აღარაფერს ვამბობ ადრეულ ასაკში აღკვეცის მოდურობაზე, რასაც, როგორც წესი, ფატალური შედეგები აქვს ხოლმე. მოკლედ, ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა და სერიოზულ პრევენციასა და მკურნალობას საჭიროებს.
_ გასაგებია შენი პოზიცია. თუმცა ისევ მტრებისა და მოყვრის საკითხს დავუბრუნდეთ _ არა მხოლოდ საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლები, არამედ საერო პირების გარკვეული ნაწილიც არ ამჟღავნებს სწავლული თეოლოგების მიმართ სიმპათიებს. პარალელურად საპატრიარქო პერიოდულად გამოხატავს სენტიმენტებს მისი მხარდამჭერი საერო პირების მიმართ, რომელთა მოღვაწეობა პირდაპირ უკავშირდება რუსული პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში.
_ საპატრიარქოს სამდივნო და პრეს-სამსახური რომ ადვილად ავლენს და ამჟღავნებს საკუთარ თავს, ეს იმაშიც ნათლად გამოიხატება, როცა პროფესიით თეოლოგებს არ აღიარებს თეოლოგებად და საკმარისია, რაიმე ითქვას მათი მხრიდან, რომ მაშინვე იწყებს გმობას, უარყოფას, მათი მოსაზრებების განეიტრალებასა და გაქარწყლებას, ხოლო სავსებით გაურკვეველ, მოტივირებულ და უცოდინარ არნო ხიდირბეგიშვილს, ყველაფერში კომპეტენტურ დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს არასდროს უწუნებენ განცხადებებს, რადგან შინაარსობრივი ნარატივი მათ მხარესაა.
აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ საპატრიარქოს დუმილი მღვდელმთავართა ლანძღვაზე მათთან დაგეგმილ შეთქმულების ხასიათს ატარებს და რუსული სამდივნოს უნიჭო თუ მავნებლური გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მოსაყდრის კოლეგია ცდილობს, ჯანსაღ პოზიციებზე მდგომი და არარუსეთუმე მღვდელმთავრებისა და საკუთარი კონკურენტების დისკრედიტაციას და ამისთვის ის ყველაფერს კადრულობს. მოცემულობის შესაცნობად დააკვირდით, თუ ვის არ უხარია უკრაინის ავტოკეფალია და ვინ საუბრობს რუსულ საფრთხეებზე _ პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად დეკლარირებული კრემლისტები. ამდენად, ვინ ვის ემსახურება, ეს ნათელია.
საპატრიარქოს ადმინისტრაციის სამდივნო ცდილობს, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც განსხვავდება მათი პოზიციებისგან, წარმოჩინდეს ეკლესიის მტრობად, ქრისტეს ღალატად და სულიწმიდის გმობად, რაც ძალიან უტიფრული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტებელი სპეკულაციაა თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვერ ვეგუებით გამრუდებულ სისტემას, მონათმფლობელურ რეჟიმს, რუსიფიკატორულ მდგენელსა და მმკ-სეულ კონიუნქტურას.
_ მსჯელობა, ჯანსაღი პოლემიკა ამ სივრცეში თავად ეკლესიის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
_ სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით აწარმოონ ოპონირება თუ პოლემიკა, ისინი ირჩევენ სიცრუის, ყბედობის, ჭორაობისა და სიზმართ-მეზღაპრეობის ტრაგიკომიკურ გზას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ბრძოლის სიჯანსაღესა და მართებულობაზე.
ჩვენი ამოცანაა, რომ სარწმუნოებრივი კეთილსინდისიერებით, მოქალაქეობრივი პატიოსნებითა და პროფესიული პასუხისმგებლობით საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ ობიექტური ინფორმაცია და სინამდვილე. ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება და არა კომფორტი!
საუბედუროდ, საპატრიარქოს მესვეურნი ვერ აცნობიერებენ შექმნილ რეალობას და აბსოლუტურად არაკონტექსტურ, ხოლო ზოგ შემთხვევაში სულაც გროტესკულ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც საბჭოთა მენტალობის კლასიკურ რუდიმენტს წარმოადგენს.
_ ეკლესიის წიაღში მყოფ არაერთ ღვთისმსახურს მიაჩნია, რომ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში და მისი აზრი და მსჯელობა მუდამ უცდომელია.
_ ეკლესიაა უცდომელი, იმიტომ, რომ წმიდაა, რამეთუ მისი თავი ბრძანდება თავად მარადიული მღვდელმთავარი და ცოცხალი ღმერთი იესო ქრისტე! ეკლესია დგას არა ავტორიტეტებზე, არამედ სულიწმიდის ღვთივსულიერ განწესებაზე, მამათა გამოცდილებაზე და არა კონფორმისტული მენეჯმენტის ცოდვილ კოლეგიაზე. ღმერთი არავის კერძო საკუთრება არაა და, შესაბამისად, არც ეკლესიის, როგორც ცნების, პრივატიზების უფლება არ აქვს არც ერთ ადმინისტრაციას. კორპორაციული აზროვნება და იზოლაციონიზმი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მანკიერებების დაფარვის უბადრუკი მცდელობა, რასაც მდივან-რეფერანტის უწყება კადრულობს.
ეკლესია, როგორც მისტიკური სავსება და ადმინისტრაცია _ სტრუქტურის პერსონალი, ცალკეული იერარქი და კერძო კლირიკოსი _ აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა, ისევე როგორც მედიცინა და მედპერსონალი. იმის გამო, რომ ვიღაც ექიმი ცუდია და ჩვენ ვწუნობთ, არ შეიძლება, ეს ვინმემ აღიქვას მედიცინის გმობად. ამდენად, ყოველი მცდელობა საზოგადოების დეზორიენტირებისა და ჩვენზედ ჩირქისცხებისა არის სავსებით აბსურდული ლოგიკის მატარებელი და განმსჭვალულია მხოლოოდენ მტრული და ვერაგული პათოსით!
_ რა თემაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ ეკლესიის საკითხის ირგვლივ, ვერასოდეს ავუვლით გვერდს დეკანოზ მამალაძის თემას, მით უფრო, რომ იმ ინტერვიუში, რომელიც ზემოთ ახსენე, ამაზეც იყო საუბარი. რა მოცემულობა გვაქვს ახლა ამ მიმართულებით?
_ საპატრიარქო უკან იხევს დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, რადგან მას ეშინია რეალური და შოკისმომგვრელი კომპრომატების, ანუ იმ ბრალდებების გარეთ გადმოღვრის, რომლის გამოც სასამართლო პროცესები დაიხურა და მთლიანად საგამოძიებო პერიპეტიები გრიფით საიდუმლო გახდა. ეს უმძიმესი ინფორმაცია კი დაკავშირებულია კათოლიკოს-პატრიარქის ბიოგრაფიასთან, დელიკატურ თემებთან, მის გარემოცვასთან და ჰომოსექსუალური ლობის არსებობასთან, რომელსაც კრემლი მფარველობს უკვე რამდენიმე ათეული წელია. აქედან გამომდინარე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხნის შემდეგ მსჯავრდებულს შეიწყალებენ, ვითომ და ჰუმანური მოტივით, სინამდვილეში კი მათივე მორალური თუ სამართლებრივი _ საეკლესიო თუ საერო შიშების გამო. მანამდე, თუ დააკვირდით, პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ „გარკვეული პირობების სანაცვლოდ მოხდება შეწყალება“, რაც სწორედ გაუთქმელობასა და დუმილს გულისხმობს მამალაძის შემთხვევაში, ანუ მან არ უნდა ისაუბროს საჯაროდ იმაზე, რაც იცის. დამოკლეს მახვილს საპატრიარქოში ჭირივით უფრთხიან, რადგან მათი სინდისი არ არის სუფთა, სამწუხაროდ.
ჯერ კიდევ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წერდა და ხმამაღლა აცხადებდა ჰომოსექსუალური და პედოფილური ლობის შესახებ ეკლესიაში, რის გამოც მასსა და ილია მეორეს შორის ურთიერთობა უმწვავესად დაიძაბა, რაც, საბოლოოდ, კათოლიკოს-პატრიარქის პუტჩისტების გვერდით დადგომით დაგვირგვინდა. ეს ყოველივე გაგრძელდა იმით, რომ როცა პრეზიდენტი გროზნოში იძულებით გაიხიზნა, საპატრიარქოს შენობაში გამართულ ბანკეტზე ზვიად გამსახურდიას „გაძევებულ სატანად“ იხსენიებს მიტროპოლიტი დანიელი, რომელმაც მსგავსი უზნეობა კათოლიკოს-პატრიარქის თანდასწრებით იკადრა თამადის რანგში, რაც თავად უწმინდესს არც გაუპროტესტებია.
_ მძიმე ბრალდებებს აჟღერებ…
_ გაგახსენებთ საქართველოს დამაქცევარი პუტჩისტების ერთ-ერთ მორიგ შეკრებას, სადაც პატრიარქს საპატიო ადგილი ეკავა კრების პრეზიდიუმში. შეკრება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა სპორტის სასახლეში 1992 წლის 21 თებერვალს. პუტჩისტების სამხედრო საბჭოს გაფართოებულმა სხდომამ კვლავ დაადასტურა 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი სამხედრო საბჭო _ ჯაბა იოსელიანის, თენგიზ . კიტოვანისა და თენგიზ სიგუას მიერ გამოცემული ყველა ადრინდელი განკარგულება. სხდომამ დამხობილად გამოაცხადა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და მთავრობა, გააუქმა უზენაესი საბჭო, დაითხოვა ყველა ადგილობრივი მმართველობითი ორგანო და გააუქმა პრეფექტების ინსტიტუტი. გააუქმა იმჟამინდელი კონსტიტუცია და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია. სხდომაზე ერთხმად მოიწონეს მათდამი დაქვემდებარებული გასამხედროებული შენაერთებისა და „მხედრიონის“ მიერ, დასავლეთ საქართველოსა და, განსაკუთრებით, სამეგრელოში გამსახურდიას ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ გატარებული სამხედრო ძალისმიერი სადამსჯელო ღონისძიებები.
_ გასაგებია, საითაც მიგყავს საუბარი, თუმცა პატრიარქის ბოლო ქადაგებაც გავიხსენოთ _ ზვიად გამსახურდიას მძიმე ჯვარზე საუბარს ვგულისხმობ.
_ მაგრამ დავივიწყოთ ფაქტები? გაინტერესებთ, რეალურად რას ფიქრობდა და როგორ „ემხრობოდა“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას? აი, ერთი დოკუმენტი, რომელიც არავისთვის არის დამალული _ ილია მეორე: „მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ. კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილ დეპეშის ასლს. გთხოვთ, მიიღოთ ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად“.
დღეს კი თქვა პატრიარქმა ილიამ, რომ „მძიმეა ჯვარი ზვიად გამსახურდიასიო“ და შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ, რადგან ამ ჯვრის სიმძიმე, დიდწილად, სწორედ პატრიარქის „კაგებეშნიკური“ დამოკიდებულების კისერზეა, რომელიც მან ზვიადის მიმართ ჩაიდინა. ვერ აპატია ის, რომ ზვიადი ამხელდა სოდომიას ეკლესიაში და „კაგებეს“ აგენტებს. სამაგიეროდ, შევარდნაძის წინაშე დააჩოქა ხალხი, კიტოვანსა და ჯაბას ეროვნული გმირები უწოდა.
_ ამის პარალელურად არსებობს უამრავი კარგი საქმე, რომელიც პატრიარქის სახელს უკავშირდება. მე ვიტყოდი, დიდი საქმეებიც კი…
_ პატრიარქს საკმაოდ საბედისწერო შეცდომები აქვს დაშვებული, კარგ საქმეებთან ერთად. ყველაზე თვალში საცემი რაც არის _ ის არასოდეს წასულა კრემლის „დერჟავნიკული“ იდეოლოგიის, რუსული იმპერიალიზმის, წითელი თუ კოლაბორაციონისტი ინტელიგენციის წინააღმდეგ. მას მიაჩნია, რომ პუტინი ბრძენია, სტალინი _ მორწმუნე, ჯაბა იოსელიანი _ ეროვნული გმირი, ხოლო შევარდნაძე _ საქართველოს გადამრჩენელი. მე რომც გავჩუმდე, „ქვანი იწყებენ ღაღადს“ მის არასწორ ქმედებებზე. გარდა ამისა, მან შექმნა საკუთარი თავის კერპი და ხალხი მიიყვანა არა ქრისტემდე, არამედ პირად თაყვანისმცემლობამდე. ადამიანი თუ ეცდები იყო გულწრფელი, ობიექტური და ნეიტრალური, ამ ყველაფერს აუცილებლად დაინახავ. ამასთან, აღარაფერს ვამბობ მის ფუფუნებაზე, ფეშენებელური კომფორტის მიმართ ლტოლვაზე. შედით საპატრიარქოში და ნახავთ, რომ ლუვრსა და ერმიტაჟს არაფრით ჩამოუვარდება „ცოცხალი წმინდანისა“ და „ნამდვილი ბერის“ რეზიდენცია!

გეგა სილაგავა