ნოდარ ხარშილაძე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობაში უკიდურესად არაპოპულარულია“

ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე მესამე ძალა არ ჩანს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ყველანი თვალნათლივ ვხედავთ, რომ არაფორმალური მმართველი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად ღრმა კრიზისშია და უკანასკნელ შანსებს „ებღაუჭება“.

შუალედური არჩევნების წინ რამდენად დადებითად იმოქმედებს ივანიშვილის ხრიკები ამომრჩეველზე? აქვს თუ არა შანსი „ქართულ ოცნებას“, რომ 2020 წელს ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში? რა უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსებს?

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC)“ დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა:

_ბ-ნო ნოდარ, შუალედური არჩევნები იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია?
_ შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია არ იქნება იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიკურ უბნებში ტარდება არჩევნები, მთაწმინდა არ არის კლასიკური უბანი. საქართველოში უბნის მიხედვით დასკვნების გაკეთება რთულია. რაც შეეხება ზუგდიდს, დასკვნების გაკეთება იქაც რთულია. ჩემი აზრით, ზუგდიდში ოპოზიცია უფრო მობილიზებული იქნება, ვიდრე სხვა რეგიონებში. ზუგდიდში კანდიდატი საკმაოდ ძლიერი ჰყავთ. ასე რომ, ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ძალების გასინჯვა მნიშვნელოვანია, მაგრამ 2020-ის რეპეტიციად ვერ მივიჩნევ.
_ როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აპირებს გააქტიურებას, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
_ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, მაგრამ ის, ზოგადად, მაინც არის უკრაინის მოქალაქე და აინტერესებს, პოლიტიკური მომავალი იქაც რომ ჰქონდეს, რაც აბსოლუტურად გასაგებია. განსაკუთრებით იმ პირობებში თუ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მას ეს შანსები აქვს, შესაბამისად, რაიმე არასწორს ამაში ვერ ვხედავ. რაც შეეხება საქართველოში მის აქტუალიზაციას, მიშა რომ ფაქტორია, ამას ვერსად გავექცევით. მთავარია, მისი ამ ფაქტორის პოზიტიური გამოყენება მოხდეს და არ გადავიდეს ისევ ქუჩის სცენარებისკენ, რაც არ არის კარგი საქართველოსთვის.
_ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამ ფაქტორის პოზიტიურად გამოყენება?
_ იმ შემთხვევაში, თუ მიშას არ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ ისეთივე არაფორმალური მმართველი იყოს, როგორიც ბიძინაა. თუ სააკაშვილი პოლიტიკაში ყოფნას აპირებს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავექცევით. მას აქვს რაღაც ინოვაციური გეგმები და ამას თუ მიხედავს, შესანიშნავია, რადგან საქართველოს ცვლილება სჭირდება, მაგრამ ახალი სახეებით. მიშას შეიძლება ამ ყველაფერში როლი ჰქონდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი არ უნდა ჰქონდეს _ ეს არასწორი იქნება.
-მიშას უპირობო ლიდერად მიიჩნევენ
_ უპირობო ლიდერი ვერავინ ვერსად ვერ იქნება.
_ შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ივანიშვილიც გააქტიურდა, ვგულისხმობ მის სტუმრობას ხიბულაში და მოსახლეობასთან შეხვედრას. როგორ ფიქრობთ, „გაჭრის“ თუ არა ამჯერად არაფორმალური მმართველის ხრიკები?
_ ივანიშვილის სტუმრობას ხიბულაში, რა თქმა უნდა, შუალედურ არჩევნებს ვუკავშირებ, ეს საარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი იყო და, ჩემი აზრით, ამას მოსახლეობაში, ერთგვარად, დადებითი რეაქცია არ ექნება. მოსახლეობა ხვდება, რომ ეს წინასაარჩევნოდ გათამაშებული ხრიკია და იმედი მაქვს, ხალხი იმასაც მიხვდება, რომ საკუთარი ხმების 50 და 10 ლარად გაყიდვა მომდევნო წლებში ბევრად ძვირი გვიჯდება. იმედია, იმასაც გაიაზრებს, რომ წინასაარჩევნოდ ერთი კვირის მანძილზე რას აკეთებენ პოლიტიკოსები იმას კი არ უნდა უყურონ, არამედ იმას, 4 წელი რას აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ამ სპექტაკლებს ბატონი ბიძინასა და მისი პარტიის რეიტინგის ამაღლება მოჰყვეს.
_ რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს მმართველი პარტია?
_ „ოცნება“ ორი გამოწვევის წინაშე დგას: ეს არის არაკომპეტენტურობა და კორუფცია. ამ გამოწვევების საპასუხოდ ისინი არა მხოლოდ მზად არ არიან, არამედ ამის პოლიტიკური ნებაც არ გააჩნიათ. უმეტესობა კორუმპირებულია და საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს?! რაც შეეხება არაკომპეტენტურობას, ამას ვერ აგვარებენ, რადგან მთავარი, გადამწყვეტი პუნქტი ლოიალურობაა და ამის მიხედვით კომპენტენციები არ ისაზღვრება. ამიტომაც გვყავს მინისტრები, რომლებიც ლაპარაკობენ სისულელეებს, მათ შორის, ტელევიზიებში, ასევე ქვეყანაში არის ნელი და სტაგნაციური ეკონომიკური განვითარების ტემპები, კორუფციისა და კრიმინალის მატება, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებითაც მდგომარეობა გაუარესებულია და ა. შ.

_ თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ამ მოცემულობაში არის თუ არა იმის აუცილებლობა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და დათმობს თუ არა „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემას?
_ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლებელი რამ არ არსებობს მეცნიერებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეგ მოხდეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამას „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ გარე და შიდა ზეწოლა საკმაოდ ძლიერი იქნება, სხვა შემთხვევაში მას 2020-ში ცვლილებების შეტანა არაფერში აწყობს.
_ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე რამდენად მოსალოდნელია „მესამე ძალის“ გამოჩენა?
_ ვერანაირი მესამე ძალა ვერ გამოჩნდება. თუ რომელიმე ახალი ძალა გამოჩნდება ან „ქართული ოცნების“ ორბიტაზე იქნება, ან _ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ორბიტაზე, სხვა ორბიტაზე მესამე ძალის წარმოჩენა ერთ წელიწადში, თან მისი იმ დონეზე აყვანა, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშოს არჩევნებში _ ძალიან რთულია. ბატონი ელისაშვილის პროექტიც კი, ბოლოს და ბოლოს, გავა ან „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფორმატში, ან _ „ქართული ოცნების“ ფორმატში. დამოუკიდებლად არსებობა ვნახეთ, _ დამოუკიდებელი კანდიდატი ბატონი უსუფაშვილი იყო და 3%-ზე ნაკლები აიღო.
_ ამ მოცემულობით „ქართულ ოცნებას“ რამდენად აქვს იმის შანსი, რომ 2020 წელს პარლამენტში ისევ უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი?
_ 2020 წელს თუ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს გავაყალბებინებთ, მაშინ ის უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, თავისით „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. საპრეზიდენტო არჩევნები მათ წააგეს, უბრალოდ, ბიულეტენები ჩაყარეს. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ კადრები და ის ყველაფერი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხდებოდა. ხალხის ნება უნდა იყოს, მან რეაქცია უნდა გამოხატოს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. დიდი ხანია, უკვე ამ კუთხით დემოკრატიის ლიდერები აღარ ვართ. თურქეთსა და უკრაინაში ჩვენზე ბევრად უკეთესად ჩატარებული არჩევნები ვიხილეთ. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას დავაძალებთ, პატიოსანი არჩევნები ჩაატაროს, პატიოსანი არჩევნების პირობებში „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არანაირი შანსი აღარ აქვს რაიმე შედეგის დადების, რადგან მოსახლეობაში უკიდურესად არაპოპულარულია. ვისთანაც შეხება მიწევს, მისი მხარდამჭერი არავინ არის და, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მოსახლეობას ბევრი პარტიის არჩევის შესაძლებლობა ექნება. მთავარი კითხვაა _ გავაყალბებინებთ თუ არა? თუ არ გავაყალბებინებთ, ისინი ვერაფერს მოიგებენ.
_ რა ბერკეტები გვაქვს იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბებისგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი?
_ ხალხის ნებაზე უფრო ძლიერი ინსტიტუტი არც გამიგია და არც არსებობს. ხალხის ნება თუ იქნება, ბატონი ბიძინა ვერაფერს იზამს.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ფულის აღება მოუწია, მათ შორის, რამდენიმე კილო კარტოფილისა და ხახვის სანაცვლოდ დათმეს საკუთარი არჩევანი. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით რამდენად არის იმის შანსი, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი ხმის დაცვას?
_ სამწუხაროდ, ახლა ისე გაუჭირდათ, რომ რაღაცებს მიხვდნენ. რაც უფრო გაუარესდება ეკონომიკური ფონი და ეს პროცესი აქეთკენ მიდის, მით უფრო მიხვდება ხალხი, რომ კარტოფილზე გაყიდული ხმა მომავალი 4 წლის განმავლობაში მათ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს, რომ ამ კარტოფილის ყიდვის შესაძლებლობაც მოესპობა. ამიტომ გარკვეული გაკვეთილები, დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებით მოსახლეობამ უკვე მიიღო.
_ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით ყოველთვის ოპოზიციაზე წინ იქნება, ამას ოპოზიციამ რა უნდა დაუპირისპიროს?
_ ფინანსებში უმრავლესობას ოპოზიცია არ უნდა შეეჯიბროს, იქ არ უნდა ებრძოლოს, სადაც მასზე ძლიერია. საქართველოს ფინანსების გარკვეული ჭერი აქვს, რაღაც ფულზე მეტი, უბრალოდ, აღარ მოქმედებს და მაგდენი ფულის შოვნა ოპოზიციასაც შეუძლია, თუ კარგად მობილიზდება. ოპოზიცია ბატონ ბიძინას ფულით არ უნდა შეეჯიბროს, სოციალური და ეროვნული თემებით უნდა შეეჯიბროს, რომელშიც მას უდიდესი პრობლემები აქვს. ანუ იმით უნდა შეეჯიბროს, რა დაპირებაც მოუწია არჩევნებზე, „ერთი წელი მაცადეთ და ყველაფერს გავაკეთებ“, _ სწორედ აქ უნდა დაარტყან, ფულით შეჯიბრში ბიძინა, რა თქმა უნდა, ყველას გვაჯობებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიცია შეეცდება, გააკეთოს ის, რომ სოციალური და ემოციური ფონით მოუგოს არჩევნები და არა ფულით და გათვლებით, რაც ძალიან რთულია.

ნენე ინჯგია