მუსიკა არაფორმალურ განათლებაში _ ჯადოსნური კომუნიკაცია

2019 წლის 12-21 მარტს პოლონეთში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „Fundacja Inkubator Innowacji“-მ ათამდე ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელს ქალაქ ზაკოპანეში პროექტ „The Melody of NFE“-ის („მუსიკა არაფორმალურ განათლებაში“ _ პროექტი დააფინანსა ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+“-მა) ფარგლებში უმასპინძლა. ეს გახლდათ სასწავლო ტრენინგ-კურსი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვთ ახალგაზრდებთან საკუთარ ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ მუსიკაზე დაფუძნებული მეთოდებისა და აქტივობების არაფორმალურ განათლებაში შემოღების შესახებ.

და მაინც, რატომ არის არაფორმალური განათლება ასეთი მნიშვნელოვანი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მუსიკამ? _ სპეციალისტების თქმით, მსგავსი მიდგომებით ადამიანს არაფორმალურ გარემოში უქმნიან მოტივაციას, რათა თავისუფლად იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. თანამედროვე ადამიანს განვითარებისთვის, საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა და რეალიზებისთვის აუცილებლად სჭირდება ეფექტიანი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და ჯანსაღი დისკუსიის უნარები. არაფორმალური განათლება სწორედ ასეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„ქრონიკა+“ ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა პოლონეთში და აღნიშნული სასწავლო პროგრამის მონაწილე გახლდათ. რა გამოცდილება მიიღეს მონაწილეებმა და რაში უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა?!

„ქრონიკა+“ ესაუბრა პაულინა დრაიზს _ არასამთავრობო ორგანიზაცია „Fundacja Inkubator Innowacji“-ის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორს:
_ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ქართულ მედიასთან ურთიერთობა, პირველად მაქვს ეს შესაძლებლობა და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. როგორც ვიცი, საქართველოში „ქრონიკა+“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ამ პროექტის შესახებ ბევრი ადამიანი წაიკითხავს.
_ დიდი მადლობა. როგორც ვიცი, აქტიურად თანამშრომლობთ საქართველოში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან…
_ მინდა გამოვყო ურთიერთობა ქართულ ორგანიზაციასთან, ასოციაცია „ათინათთან“. ორი წლის წინ „ათინათის“ წარმომადგენელ ლიკა როგავას შევხვდი პოლონეთში და მისი ორგანიზაციის შესახებ შევიტყვე. შარშან პატივი მქონდა, საქართველოში ჩავსულიყავი და ისინი ადგილზე მენახა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოსთან და ეს ძალიან მიხარია.
_ „მუსიკა არაფორმალურ განათლებაში“ _ ეს ახალი და უცხო თემა იყო ტრენინგის მონაწილეებისთვის. საიდან გაჩნდა ეს იდეა? რა იყო პროექტის მიზანი და სად გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას?
_ იდეას წინ უძღოდა ორი ამბავი: პირველი ის, რომ როდესაც მუშაობ და მონაწილეობ „ერასმუს+“-ის პროექტებზე და გაკეთებული გაქვს ძალიან ბევრი ტრენინგ-სემინარი _ ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თუ ამ ყველაფერს მონაწილის თვალით შეხედავ, შეიძლება, ეს ყველაფერი მოსაწყენი და უინტერესო მოგეჩვენოს. მეორე ამბავი კი ის იყო, რომ შევხვდი ჩვენს ძირითად ტრენერ ბურაქ საგირკაიას. ეს მოხდა ავსტრიაში, სადაც ტრენერებისთვის ტრენინგი ტარდებოდა თემაზე „სხვადასხვა თემის ადაპტირება ლტოლვილი უმცირესობებისთვის“. მონაწილეებს დავალება გვქონდა, ვორქშოფი ჩაგვეტარებინა ლტოლვილი ბიჭებისთვის, რადგანაც უმრავლესობაში იყვნენ ბიჭები ავღანეთიდან და სირიიდან… სწორედ იქ ვნახე ბურაქი, თუ როგორ უტარებდა იგი მათ სიმულაციურ თამაშს და არც ერთ სიტყვას არ იყენებდა. ბიჭებს საკომუნიკაციო ენის პრობლემა ჰქონდათ, ზოგს ოდნავ ესმოდა გერმანული, ზოგს _ ინგლისური, უმეტესობა მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობდა და ზოგიერთი საერთოდ არც ერთ ენაზე არ კონტაქტობდა. როდესაც ვნახე, თუ როგორ უხსნიდა სიტყვების გარეშე, რითმების საშუალებით ამ ყოველივეს, დავფიქრდი და შევეცადე, ზემოთ ჩამოთვლილი ორი მიზეზი საერთაშორისო პროექტისთვის დამეკავშირებინა. ამდენი წლის გამოცდილებით ძნელად, მაგრამ მაინც ვისწავლე, რომ პროექტის დაწყებამდე არ უნდა მქონდეს მოლოდინები მონაწილეებთან ან ჯგუფთან დაკავშირებით. მიზანი იყო ახალგაზრდული მუშაკების აღჭურვა ახალი მეთოდებით და ცოდნით. ამ პროექტის ყველა მონაწილე დაკავშირებულია ახალგაზრდებთან და ვიმედოვნებ, ყველას პროფესიულ ან თუნდაც პიროვნულ დონეზე მაინც მიაქვს თავისი წილი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთ ქვეყანაში მუშაობისას. პროექტის დასრულების ბოლოს მონაწილეებს ვთხოვეთ, შეჯამებისას დაეწერათ, რას ფიქრობდნენ ამ ტიპის პროექტების შესახებ და რას ისურვებდნენ ამ პროექტის მეორე ეტაპად… იმისთვის, რომ დავფიქრდე, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, პირველ რიგში, უნდა წავიკითხო მათი ნაწერები. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ახლა პოლონეთის ეროვნულ სააგენტოში პროექტი შევიტანე, რომელიც დაფინანსების შემთხვევაში საქართველოში განხორციელდება და აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან თანამშრომლობას.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის მთავარ ტრენერ ბურაქ საგირკაიასთან:
_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმ ახალ მეთოდებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიაწოდეთ და გამოცდილება გაუზიარეთ ტრენინგის მონაწილეებს.
_ გულწრფელად რომ გითხრათ, მუსიკის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება, ახალი მეთოდია განათლებაში. სადაც ესწრებოდით, დაინახავდით, რომ ჩვენ თავად ვქმნიდით რითმებს, მუსიკას და ვაკვირდებოდით პროცესს. სწორედ აქედან ვღებულობთ გამოცდილებასა და ცოდნას. შემდეგ მოდის მეორე შეკითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის? პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მეთოდები, რასაც ვიყენებთ, როდესაც ადამიანებს სხვადასხვა საკითხზე ვუზიარებთ ცოდნას. თქვენთან მუშაობისას ერთი კონკრეტული მეთოდი არ გამომიყენებია, არამედ ბევრი სხვადასხვა. ეს ყველა პროცესი ღიაა და შეგიძლიათ შეცვალოთ ის ან ახალი გამოიგონოთ მათზე დაყრდნობით. მუსიკის, ხელოვნების, დრამისა და ცეკვის გამოყენება ახალგაზრდულ სფეროში სხვადასხვა კუთხით ყოველთვის დიდი პლუსია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ხელოვნებამ შეგვქმნა. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ეს ტრენინგი ძალიან წარმატებული იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ.
_ როგორ მიიღეს მონაწილეებმა ეს სიახლე და სავარჯიშოების პრაქტიკაში გამოყენებისას საჭიროა თუ არა, ტრენერი ფლობდეს მუსიკალურ განათლებას პროფესიონალურ დონეზე?
_ პროცესს სრულად მართავდნენ მონაწილეები. ამ სახის პროცესებში აუცილებელი არ არის, პროფესიონალურ დონეზე ფლობდე მუსიკის ხელოვნებას. აქ მნიშვნელოვანია, ყველაფერი განვითარდეს ბუნებრივად და ჩვენ უბრალოდ დავინახოთ, როგორ ვქმნით საკუთარ მუსიკას და სავარჯიშოებს, რომლის დახმარებითაც შევძლებთ, მარტივად გადავცეთ ცოდნა ადამიანებს. ჩვენ არ გვქონია არანაირი წინასწარ დაწერილი გეგმა, ყოველდღიური უკუკავშირების მერე ვსხდებოდით და მომდევნო დღის პროგრამას ვქმნიდით, ადამიანების გრძნობებსა და შეგრძნებებზე დაყრდნობით. ჩემთვის ამ პროექტს 3 საფეხური ჰქონდა: დავწერეთ პროექტი, შემდეგ ჩამოვედი ზაკოპანეში პროექტის ჩონჩხით, მაგრამ ყოველდღიურად ვცვლიდი პროგრამას და საჭიროებისამებრ ვაკეთებდი ცვლილებას.
_ ქართველ ჯგუფზე რას ფიქრობთ?
_ ქართველები იყავით ძალიან ენერგიულები, სავსე ხართ სიყვარულით. სამივეს ძალიან განსხვავებული ენერგეტიკა გაქვთ და აღფრთოვანებული ვარ, რომ სამივეს გაქვთ გადაკვეთის წერტილი. თქვენი ენერგეტიკით ჩართული იყავით ყველა პროცესში და თქვენ აქ ნამდვილად ცოდნის მისაღებად ჩამოხვედით. დარწმუნებული ვარ, აქ მიღებულ გამოცდილებას საქართველოში გამოიყენებთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლემბაც ეს მეთოდები პირველად შეისწავლეს საქართველოდან.

რას ფიქრობენ თავად ტრენინგის მონაწილეები მუსიკის არაფორმალურ განათლებაში გამოყენებაზე?

რუდოლფოს პარტოსი 24 წლის _ საბერძნეთი:
_ მე ვარ მუსიკოსი და მომავალში სხვას უნდა გავუზიარო ჩემი ცოდნა, რადგანაც ეს არის ჩემი საქმიანობის სფერო _ ორკესტრის დირიჟორობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი. ეს ძალიან საინტერესო იყო. ყველა აქტივობა და სავარჯოშო მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული ტრენინგი. გამოვიყენებ თითქმის ყველა მეთოდს, რაც აქ ვნახე და შევისწავლე. მქონდა შესაძლებლობა, ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვედროდი, რომლებთანაც ურთიერთობის შანსი მანამდე არასდროს მქონია, მაგალითად აზერბაიჯანი. ძალიან მომწონს, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ ერთ გუნდად ფორმირება და არ ვიკეტებოდით ჩვენს ეროვნულ ჯგუფებში. პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა.

სალომე გარდავა, 30 წლის _ საქართველო:
_ ვმუშაობ ასოციაცია „ათინათში“ სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე. როდესაც პირველად ამ პროექტის სახელწოდება ვნახე, ძალიან დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა დამეკავშირებინა მუსიკა არფორმალურ განათლებასთან. გამიჩნდა სურვილი, ამ ყველაფრის მონაწილე ვყოფილიყავი. თემა ძალიან მრავალფეროვანია და მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის. თითქმის ყველა სავარჯიშო ჩემთვის უცხო და სასარგებლო იყო. პროექტს სხვა პროექტებისგან გამოარჩევდა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების უნარი, რომ ცოდნა, რომელიც თეორიულად მივიღეთ, პრაქტიკულად განგვეხორციელებინა. ამის შესაძლებლობაც მოგვეცა და ზაკოპანეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვორქშოპი ჩავუტარეთ, რაც ერთგვარი გამოწვევა იყო.

ოლივია აჯაჯი, 25 წლის _ საფრანგეთი:
_ ისეთ ტრენინგს ვეძებდი, სადაც შევძლებდი, უფრო მეტი გამეგო იმ მეთოდების შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა მუსიკა ახალგაზრდებთან მუშაობისას. პროფესიით ლოგოპედი ვარ, 7-8 წლის ბავშვებთან ვმუშაობ, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. ბუნებრივია, არ ვარ მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ ჩემს საქმიანობაში ძალიან ხშირად ვიყენებ ამ ხელოვნებას. მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა დამეკავშირებინა მუსიკა სწავლებისას. მეორე მოტივაცია იყო ახალ ქვეყანაში ჩამოსვლა, შეხვედრა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ახალ ადამიანებთან და გამოცდილების გაზიარება. ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინები სრულად გამიმართლდა. მინდოდა, ძალიან ბევრი ახალი იდეით დავბრუნებულიყავი საფრანგეთში და მეტად დარწმუნებული ვყოფილიყავი მუსიკის გამოყენებაში. დღეს, რა თქმა უნდა, ვიცი, როგორ გავაკეთო ეს და დიდი მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. პროექტის მიმდინარეობისას ვგრძნობ, რომ სხვადასხვა სახის ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ ვისაუბრეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ბევრი რამ… უცნაურია, მაგრამ ასევე ვგრძნობ, რომ გავიზარდე და ცოტა შევიცვალე კიდეც გარკვეული კუთხით.
_ რას ფიქრობთ ქართულ ჯგუფზე?
_ თქვენ სამივე განსხვავებული პიროვნებები ხართ, ძალიან ძლიერი გუნდი შექმენით, ზრუნავდით და ეხმარებოდით ერთმანეთს და ეს მომეწონა. ვგრძნობ, რომ ბევრი რამე გავუზიარეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა, ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ურთიერთობას მომავალშიც.

ლიკა როგავა, 33 წლის _ საქართველო:
_ ლიკა, მოგვიყევი ასოციაცია „ათინათის“ შესახებ და, ზოგადად, იმ საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სადაც აქტიურად მონაწილეობ.
_ ასოციაცია „ათინათი“ 1995 წელს შეიქმნა. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ქალაქ ზუგდიდში და დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს. „ათინათის“ მთავარი მიზანია განათლებული, ტოლერანტი და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით „ათინათი“ სხვადასხვა დონორის დახმარებით ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: ახალგაზრდების, ბავშვებისა და პედაგოგებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამებს; საჯარო სკოლებში ჩამოყალიბებული აქვს ახალგაზრდული კლუბები, ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; „ათინათი“ ასევე ჩართულია ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+“-ში და ახორციელებს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებს.
_ რას ფიქრობთ ტრენინგკურსზე, რომლითაც პოლონეთში იმყოფებოდით? რა იყო თქვენი ინტერესი და რაში გამოიყენებთ მიღებულ ცოდნა- გამოცდილებას?
_ ძალიან საინტერესო ორი კვირა გავატარეთ. პროექტში მონაწილეობდა 8 ქვეყნის 24 წარმომადგენელი. საქართველოდან ტრენინგს ვესწრებოდით ასოციაცია „ათინათიდან“: მე, სალომე გარდავა და მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, მესამე მონაწილე მოვიწვიეთ, გაზეთ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი, ლევან ქემოკლიძე. ტრენინგი იყო ინოვაციური და ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენაც. რაც შეეხება მიღებულ ცოდნას, მას ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდებთან მუშაობისას გამოვიყენებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან მოეწონებათ ეს სიახლე.
_ საქართველოში ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია, როგორ გახდეს საერთაშორისო პროექტების მონაწილე…
_ 2008 წელს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრები საზღვარგარეთ იყვნენ მოხალისეთა პროგრამით. დავინტერესდი, ინფორმაცია მოვიძიე და ასე აღმოვჩნდი ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონში“, რომელიც თბილისში საქმიანობს და ძალიან ბევრ ახალგაზრდას უხსნის გზას საერთაშორისო პროექტებისკენ. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში და გამოვყოფ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და განვითარების აკადემიას“, რომელმაც ბევრი შესაძლებლობა მომცა. ამჟამად კი საერთაშორისო პროექტებში ჩემი ჩართულობა პირდაპირ დაკავშირებულია ასოციაცია „ათინათთან“, სადაც შემიძლია, მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა საშუალება და განვვითარდე როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, ბოლომდე გამოიყენოს შესაძლებლობები და მონაწილეობა მიიღოს მსგავსი ტიპის აქტივობებში. ინფორმაცია ინტერნეტშია განთავსებული. საჭიროა მხოლოდ მონდომება და ამ ინფორმაციის მოძიება. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ახალგაზრდას შესაძლებობა აქვს, შეხვდეს და გაიცნოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი.

ლევან ქემოკლიძე