1920 წლის აპრილი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-9.

აზერბაიჯანის გასაბჭოება

1920 წლის აპრილის უმთავრეს მოვლენას ბაქოში წითელი მეთერთმეტე არმიის შეჭრა წარმოადგენს. ბოლშევიკურმა რუსეთმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ძალის გამოყენებით დაამხო და ქვეყანაში საბჭოთა წყობა გამოაცხადა. ეს მოვლენა პირდაპირ გავლენას ახდენდა საქართველოს მომავალზე. ბაქოში შესვლით ცხადი გახდა, რომ რუსეთი მხოლოდ აზერბაიჯანის გასაბჭოებით არ დაკმაყოფილდებოდა და შემდეგი სამიზნე უთუოდ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნებოდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო საერთაშორისო ვითარებაც. 1920 წლის აპრილის მიწურულს, ბაქოს აღებით, წითლებმა ხელში ჩაიგდეს აზერბაიჯანის უმდიდრესი ნავთობის საბადოები და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მუშაობა შეაფერხეს. თუ ადრე საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანთან ერთად განიხილებოდა და იგი სტრატეგიული ნედლეულის გამტარ ქვეყანას წარმოადგენდა, ბაქოში წითლების გაბატონებით ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დასავლეთმა კავკასიის მიმართ ინტერესი დაკარგა. ფაქტობრივად, აზერბაიჯანის გასაბჭოება საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულს ნიშნავდა და თუ როდის შემოვიდოდა საქართველოში წითელი რუსეთი ეს უკვე დროის საკითხი გახდა.
აზერბაიჯანის გასაბჭოებას ქართული პერიოდული გამოცემები საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურნენ. ბაქოს აღების შესახებ პირველი ინფორმაცია გაზეთებში 29 აპრილს გამოჩნდა. გაზეთმა „ერთობამ“ პირველ გვერდზე მოზრდილი სტატია დაბეჭდა სახელწოდებით: „ბოლშევიკური გადატრიალება ბაქოში“. სინამდვილეში, არავითარი გადატრიალება არ ყოფილა. ქალაქში ბოლშევიკური მეთერთმეტე არმიის ნაწილები შევიდა, რომელსაც ჯავშანმატარებელი მიუძღოდა წინ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იმ დროს, ძირითადად, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული, მან წითელ არმიას წინააღმდეგობა, პრაქტიკულად, ვერ გაუწია: „27 აპრილს, დილით, ბალშევიკურმა ჯარებმა გადალახეს ადერბაიჯანის საზღვარი. იმავ დღეს 1 საათზე მათი ჯარის ნაწილები სადგ. ზარმასში მოვიდნენ. 28 აპრილს ღამის ორ საათზე ისინი უკვე ბალაჯარაში არიან. ბაქოში ბოლშევიკური გამოსვლები ხდება და ბაქო მათ ხელში გადადის.
მხოლოდ ამ ფაქტების აღნიშვნაც კმარა იმის გასაშუქებლად, თუ როგორ მოხდა გადატრიალება ადერბაიჯანის რესპუბლიკაში. აქ არ იყო არავითარი ომი, არავითარი თავდაცვა; ბოლშევიკები მოვიდნენ ჩრდილოეთიდან ისე, როგორც ჩვეულებრივი პასაჟირები მოდიან სასწრაფო მატარებლით. მათ წინ არ დახვედრიათ არავითარი წინააღმდეგობა, არავითარ ჯარს არ შეუშლია მათთვის ხელი. არც ერთი ხიდი არ აუფეთქებიათ, რკინის გზაზე ერთი რელსიც არავის აუყრია. გადმოლახეს საზღვრები და ჯავშნიანი მატარებლით მიადგნენ ბაქოს; ბაქოში კი უკვე წინადვე იყო დამზადებული ბალშევიკების თანამგრძნობი ელემენტები, რომელთა მზადებასაც თითქმის არავინ უშლიდა ხელს. გარედან ბალშევიკების ჯავშნიანი მატარებლები, შიგნიდან ამბოხება და მთვარობის სრული უმწეობა, უძლურება და უძრავობა.
მოხდა ის, რაც ხებოდა სამხრეთ რუსეთში: საბჭოთა რუსეთის ჯარების „ძლევამოსილებას“ მხოლოდ იქ აქვს ადგილი, სადაც მათ არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდება, სადაც მათ წინასწარ გამზადებული აქვთ გზები, სადაც ადგილობრივ მოშლილია ყოველი თავდაცვის ორგანიზაცია, რომელსაც სურვილი ჰქონდა ძალაუფლების ხელში შერჩენა და მის დასაცავად ბრძოლა მომდგარ მტერთან.
ამგვარად ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა წრიდან გამოდის ერთი წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ძლიერ სამწუხაროა: საკმარისია იმ გარემოების გახსენებაც, რომ ადერბაიჯანთან ჩვენ კეთილ-მეზობლურ განწყობაში და მშვიდობიან ურთიერთობაში და თანამშრომლობაში ვიყავით. დღეს კი მის ადგილას ჩნდება ახალი მეზობელი, რომელთანაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა განწყობილება გვექნება, რომელიც, როგორც მის მეთაურთა მიერ საქართველოს მიმართ აღებულ ტონიდან სჩანს, უფრო სამტროდ მოდის, ვიდრე სამეგობროდ“.
აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. 29 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული მთავრობის განცხადების მიხედვით, რომელიც საქართველოს ქალაქების, ერობების, თემების, გვარდიის შტაბებისა და აფხაზეთის კომისარიატისადმი იყო მიმართული, აღნიშნულია, რომ საქართველოს ჩრდილოეთიდან საშინელი საფრთხე ემუქრებოდა და თითოეული მოქალაქის ვალი იყო, სამშობლო დაეცვა.
ამავე ნომერში დაიბეჭდა თბილისის გამგეობის განცხადებაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება. თბილისიდან ჯარში იწვევდნენ 1889, 1891 და 1895 წელს დაბადებულ რეზერვისტებს. მობილიზებული მოქალაქეები თბილისის სამხედრო აღრიცხვის ნაწილის სამმართველოში 30 აპრილს უნდა გამოცხადებულიყვნენ. ჯარში იწვევდნენ 35 წელს გადაცილებულ ყველა ექიმსაც.
საქართველოს მთავრობის მიმართვა. გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 29 აპრილი: „ჩვენს ქვეყანას მოელის ისეთივე განადგურება და სისხლისგან დაცლა, როგორც განადგურებულია და დაუსრულებელ ომებით სისხლიდან იცლება რუსეთი. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენს მდგომარეობას ვიხსნით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ერთსულოვნება და მომხდურთა წინაშე მედგარ დარაზმვა. მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ქვეყანა ამ უბედურებისგან, ააცდინოს მშრომელ ხალხს ეს მწარე ფიალა, იხსნას ის დარბევისაგან და მოგიწოდებს თქვენ და თქვენთან ერთად მთელ დემოკრატიას, ფეხზე დააყენოთ მთელი თქვენი ძალა, შემოიკრიბეთ მთავრობის და დამფუძნებელი კრების გარშემო, დაუყოვნებლივ შეასრულოთ მთავრობის ბრძანებები, დაიცვათ შიგნით სასტიკი წესრიგი, შთაბეროთ ერთგული მხნეობა და ენერგია, სამაგიერო მიუძღვნათ ორგულთ და მოღალატეთ და მით გადაარჩინოთ სამშობლო აოხრებისაგან.
მთავრობამ უკვე გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა თავდაცვის საბჭო, აირჩია სარდალი, გამოაცხადა აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო წესები, მიიღო ყველა წინასწარი ზომები. დეე, თვითეული მოქალაქე, თვითეული თანამდებობის პირი იდგეს თავის პოსტზე და პირნათლად შეასრულოს თავის მოვალეობა. მთავრობის და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჟორდანია“.

კრიმინალური ქრონიკა

1920 წლის აპრილი კრიმინალური ამბებით დახუნძლული აღმოჩნდა, თუმცა გაზეთებში გამოქვეყნებული შემთხვევიდან სამი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ყველაზე გახმაურებული კინტრიშის ხიდის აფეთქება იყო, რომელსაც აშკარად ტერაქტის ხასიათი ჰქონდა. სავარაუდოა, რომ ეს აფეთქება იმ ძალების მიერ იყო მოწყობილი, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა და სატრანსპორტო კომუნიკაციების დარღვევა სურდა. როგორც წესი, ასეთ დივერსიულ აქტებს მაშინ მიმართავენ, როდესაც რომელიმე სახელმწიფო აშკარა ომისთვის ემზადება. მსგავსი შემთხვევა, მაგალითად, 1918 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ომის დაწყების წინ სომეხმა დივერსანტებმა ძეგვის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს და საქართველოს სატრანსპორტო სისტემის პარალიზება გამოიწვიეს.
კინტრიშის ხიდი 1920 წლის 12 აპრილს ნაშუადღევის პირველ საათზე ააფეთქეს. ხიდი მდინარე კინტრიშზე იყო გადებული და ერთმანეთთან ქობულეთსა და ჩაქვს აკავშირებდა. დივერსანტებმა კონსტრუქციის შუა ნაწილი ააფეთქეს, რის შედეგადაც ის სავსებით ჩამოიქცა. შემთხვევის დროს ხიდის მცველი ბრიტანული ნაწილი ადგილზე არ იმყოფებოდა.
დაზიანების აღსადგენად თბილისიდან რკინიგზის სამმართველოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა. ადგილზე ვითარების გასარკვევად ჩავიდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ჟორდანია, თბილისის სასამართლოს ბრალმდებელი ტატიშვილი და სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია.
27 აპრილს გაზეთი „ერთობა“ კინტრიშის ხიდის აფეთქების შესახებ საინფორმაციო ცნობას აქვეყნებს: „ბათომიდან შემდეგი დეპეშა მივიღეთ: „კინტრიშის ხიდი ქობულეთთან ჩაქცეულია 10 საჟენის სიგრძეზე. ეტყობა აფეთქება მოწყობილია მცოდნე პირებისაგან. ჩვენი რკინის გზის მოსამსახურეები მხნეთ მუშაობენ მოძრაობის სასწრაფოთ აღსადგენათ, მაგრამ შეუძლებელია წესიერი მიმოსვლა თუ გზის დასაცველათ არ იქნა დაყენებული დაუყოვნებლივ ჩვენი ჯარი“, _ დამფუძნებელი კრების წევრნი საყვარელიძე, ფირცხალავა.
ხიდის აფეთქების გამო ბრიტანეთის სარკინიგზო ბიუროს გამგეს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს რკინის გზების დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ჭიჭინაძემ: „გავეცი განკარგულება, რომ დაუყოვნებლივ შეუდგნენ აფეთქებულ ხიდის შეკეთებას. მუშაობა განუწყვეტლივ სწარმოებს დღისით და ღამით. ხარჯების გასტუმრება უნდა დაეკისროს ბათომის ოლქში მყოფ ბრიტანეთის მართველობას, რომელიც ზომებს არ იღებდა ხიდისა და გზის დასაცავად ბათომის ოლქში და არც საქართველოს რკინის გზის მართველობას აძლევდა ამის საშუალებას. მთელი ხარჯების ანგარიშები თქვენ წარმოგედგინებათ გასასტუმრებლად. გთხოვთ დანიშნოთ თქვენი წარმომადგენელი, რომელიც მუშაობას თვალყურს ადევნებს იმ აზრით, რომ შემდეგში, ანგარიშების გასტუმრების დროს, თავიდან აცილებული იქნეს გაუგებრობა“.
საზარელი მკვლელობაა აღწერილი გაზეთ „ერთობის“ 15 აპრილის ნომერში. საქმე ქალის მკვლელობას ეხება, რომლის სხეულიც ბოროტმოქმედებმა დაანაწევრეს და ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმოფანტეს. მილიციის თანამშრომლები გარდაცვლილის სხეულის ნაწილებს თბილისის სხვადასხვა რაიონში ორი დღის განმავლობაში პოულობდნენ: „9 აპრილს სომხების სასულიერო სემინარიის შენობასთან აღმოაჩინეს ხელ-ფეხი. როგორც ეტყობოდა ქალის. 10 აპრილს ელისაბედის ქუჩაზე აღმოჩენილ იქნა ქალის თავი, რომელიც გაზეთში იყო გახვეული. იმავე დღეს ალექსანდრეს ქუჩაზე #41 სახლის ეზოში აღმოაჩინეს ტანი. როდესაც ის ნაწილები შეაერთეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთ სხეულს შეადგენენ. გვამის მიხეილის საავათმყოფოში მიტანის შემდეგ გამოარკვიეს, რომ განსვენებული ყოფილა პოლკოვნიკის ქვრივი აგ. კიპინოვა. მკვლელობა ჩაუდენია: საქო სიმონიან ავეტისიანს, ხორენ სიმონიან ავეტისიანცს და სხვა, რომლებიც სისხლის სამართლის მილიციის მიერ დაკავებულნი არიან. მკვლელობის მიზეზი სიმონ ავეტისიანის პირადი შურისძიებაა კიპინოვას წინააღმდეგ, რომელსაც მისთვის წინათ უარი უთქვამს ცოლათ გაყოლაზე“.
10 აპრილს „ერთობის“ ცნობით, მომარაგების სამინისტროს სეიფიდან მნიშვნელოვანი თანხა _ 7 მილიონი მანეთი გაიტაცეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სეიფი წინასწარ შერჩეული გასაღებით იყო გაღებული. გამოძიებას სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ფაჩულია აწარმოებდა, რომელიც, პირველ რიგში, სამინისტროს თანამშრომელთა დაკითხვას შეუდგა. დაკითხვის დროს ფაჩულიამ შენიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, გვარად ჯაფარიძე, კითხვებს არეული და შეშინებული პასუხობდა. გამომძიებლის გადაწყვეტილებით ჯაფარიძე უფრო საგულდაგულო გამოკითხვისთვის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
იმავე დღეს ფაჩულიას ერთ-ერთმა აგენტმა აცნობა, რომ სასტუმრო „ფლორიდაში“ მცხოვრები გვარდიის ოფიცერი წივწივაძე თავის ნომერში მილიონ მანეთს ინახავდა. ჩხრეკისას მილიციამ წივწივაძის ოთახში მდებარე ბუხარში მართლაც აღმოაჩინა მილიონი მანეთი, რის შემდეგაც იგი დაატუსაღეს. მაგრამ როგორც გაირკვა, ეს კიდევ არ იყო დასასრული. ფაჩულიამ ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიიღო ცნობა, რომ კლუბ „ქიმერიონის“ მზარეული გიორგი ჯოხაძე ორ ტომარა ფულს ინახავდა კლუბში: „ნაშუადღევის 4 საათზე ბატონმა ფაჩულიამ გაჩხრიკა ჯოხაძე, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა 28 ათასი მანეთი. ჯოხაძემ განაცხადა, რომ ეს ფული მას გადასცეს იმათ, ვინც მიუტანა მას ორი ტომარა ფული. ფული უკანვე წაიღეს, მაგრამ ვინ იყო, არ იცის, მხოლოდ სახეზე კი იცნობს.
ეს განცხადება მილიციის უფროსს არ ეჩვენა სარწმუნოთ და შეუდგა შენობის გაჩხრეკას, რომელმაც გასტანა 4 საათიდან 8 საათამდე. ფული ვერ აღმოაჩინეს. საღამოს 8 საათზე მილიციის უფროსმა შეგზავნა თავისი შოფერი სამზარეულოს უკან ბნელ ოთახში, სადაც შეშები ეწყო და იქ შეშებსა და კედელს შუა აღმოჩნდა ორი ტომარა ფული. ფაჩულიამ ეს ფული კერძო პირების დასწრებით დაუთვლელად გადასცა ქალაქის მოურავს. მასვე გადასცა წივწივაძესთან აღმოჩენილი 1 მილიონი მანეთი და ჯოხაძისთვის ჩამორთმეული 28 ათასი მანეთი. ქალაქის მოურავმა კი ყველა ეს ფული გადასცა პალატის ბრალმდებელ ტატიშვილს“.
როგორც შემდეგ გაზეთი იტყობინება, სამივე დაკავებულმა, კერძოდ კი მზარეულმა ჯოხაძემ, ოფიცერმა წივწივაძემ და სამინისტროს თანამშრომელმა ჯაფარიძემ ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარეს. მეორე დღეს მილიციამ აიყვანა ძარცვის კიდევ ერთი მონაწილე _ გვარდიის ჯავშნოსანი ავტომობილის მძღოლი რუბენ ჩალმაგოვი. გაირკვა, რომ ძარცვის ინიციატორები ოფიცერი წივწივაძე და მზარეული ჯოხაძე იყვნენ.

მიწისძვრა თბილისში

1920 წლის 12 აპრილს, საღამოს 20 საათსა და 39 წუთზე თბილისში მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც გაზეთ „ერთობის“ 14 აპრილის ნომერშია დაბეჭდი, მიწისძვრის სიმძლავრემ რიჰტერის სკალით 3,6 ბალი შეადგინა, ის ნახევარი წამი გრძელდებოდა და ნგრევა არ გამოუწვევია. როგორც ჩანს, ეს მიწისძვრა იმ სეისმური აქტივობის გამოძახილი გახლდათ, რომელმაც ამავე წლის თებერვალში გორში დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვია.
თავად გორში კი, როგორც გაზეთის 15 აპრილის ნომერი იუწყებოდა, ნელ-ნელა ცხოვრება უმჯობესდებოდა. ქალაქში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე თავად დაათვალიერა. გორში არსებულ ვითარებას გაზეთი „ერთობა“ შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ამ უკანასკნელ დღეებში გორს გამოცოცხლება დაეტყო. გახიზნული ხალხი თანდათანობით უბრუნდება გორის ნანგრევებს. თუმცა მიწის ძვრა გრძელდება.
დღემდის ნანგრევებისა და სიცალიერის გარდა სამარისებური სიბნელეც სუფევდა და იმ თითო ოროლა თავგანწირულ მოქალაქეთაც, რომელნიც აქ დარჩნენ, ღამე ქუჩაში გამოსვლისას შიში ზარს სცემდა. მაგრამ აქაურმა ელექტრონის სადგურმა განაახლა მოქმედება და ქალაქის ნანგრევებიც განათდა.
გორში შესდგა სახლი პატრონთა კავშირი სახელწოდებით „პატრონი“, რომლის მიზანია, გორის აღდგენას და დაზარალებულ მესაკუთრეთ ერთგვარი დახმარება აღმოუჩინონ“.

შეიარაღებული ძალები

1920 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე საინტერესო დებატები გაიმართა, რომელიც საქართველოს არმიაში ჯარისკაცების ჩაცმულობას შეეხებოდა. როგორც სოციალ ფედერალისტური პარტიის დეპუტატის, მდივნის მოხსენებით ირკვეოდა, 1919 წლის 22 ივნისს დამტკიცებულ ფორმას სამხედროები იწუნებდნენ, ამიტომ შემოიღეს ახალი ფორმა, რომელიც სამხედრო კომისიამ მოიწონა.
თუმცა ამ ახალი ფორმის წინააღმდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები გამოვიდნენ. კერძოდ, დეპუტატი ვეშაპელი აღნიშნავდა, რომ სამხედრო ფორმის საკითხი ისე არ იყო მოგვარებული, როგორც ეს ქართულ არმიას შეეფერებოდა. ვეშაპელის თქმით, ქართული სამხედრო სამოსი უცხოურის ძლიერ ზეგავლენას განიცდიდა. მაგალითად, სამხრეები ოსმალური იყო, ხოლო ქუდი _ ინგლისური და ა. შ. დეპუტატი ვეშაპელი: „ყურადღება იმას კი არ უნდა მიექცეს, თუ როგორ იცვამს ფრანგი, გერმანელი ან სხვა, არამედ იმას თუ როგორი ფორმაა მოსახერხებელი და ლამაზი…
დღეს საკმარისია ნახოთ ჩვენი ჯარი პარადებზე, რომ ისინი ცუდ შთაბეჭდილებას ჰქმნიან. ზოგს კახური ქუდი ხურავს, ზოგს რუსული. ვერ ნახავ ერთ მცირე ნაწილს, რომ ერთნაირად ეცვას. არ იყო საჭირო კანონის დამტკიცება, სამხედრო უწყების მეთაურები რომ სიყვარულით მოეკიდებოდნენ საქმეს. ისინი პატარა ნაწილებში მაინც დაიცავდენ საჭირო წესს, თუ ბატალიონებში არა.
ჩვენი სამხედრო ძალების ფორმა უნდა შეეფერებოდეს ჩვენს ტრადიციებს, ბუნებრივ ჩვეულებებს. ომის დროს ძნელი იქნება გარჩევა ჩვენი ჯარების რუსი ან სომხეთის ჯარებისაგან. ამას ადასტურებს ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა სომხებთან ომის დროს. მაშინ ჩვენ სასწრაფოდ დაგვჭირდა კაკარდების გაკეთება ჩვენი ჯარების გარჩევისათვის“.

თბილისის ცხოვრება

როგორც გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის პირველი აპრილის ნომერი იუწყება, თბილისში სასმელი წყლის პრობლემა შეიქმნა. გაზეთში დაბეჭდილი მცირე ცნობიდან ჩანს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში გაუფილტრავი და ჭუჭყიანი სასმელი წყალი მიეწოდებოდა. ამის მიზეზად წყალსაცავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდებოდა: „უკვე ერთი კვირაა, რაც ქალაქში ჭუჭყიანი სასმელი წყალი მოდის. ამის მიზეზი ის არის, რომ ავჭალის წყალსადენზე გაფუჭებულა ჰაუზებიდან წყლის დასაწმენდ ფილტრებში გაყვანილი მილები და აგრედვე შაბის სიმცირე. ქალაქის თვითმართველობის სატეხნიკო ნაწილმა უკვე მიიღო ზომები მილების შესაკეთებლად. აზერბაიჯანის სად. ტაუზზე შეძენილია აგრედვე საჭირო რაოდენობის შაბი. ამ ერთ კვირაში იმედი აქვთ მილები შეაკეთონ და ქალაქს კარგი ღირსების წყალი მიაწოდონ“.
საინტერესო ინფორმაციაა დაბეჭდილი გაზეთ „საქართველოს“ 7 აპრილის გამოცემაში, სადაც საუბარი ფუნიკულიორს ეხება. ქალაქის თვითმმართველობის სხდომაზე ხმოსანმა გოთუამ შეკითხვა დასვა, თუ რატომ არ ფუნქციონირებდა ფუნიკულიორი? ამ თემაზე დეპუტატებს შორის კამათი გაიმართა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ფუნიკულიორის მეპატრონე ბელგიური კომპანია იყო, რომელიც მიუხედავად ქალაქის მიერ ყველა მათი მოთხოვნის შესრულებისა, ფუნიკულიორის მუშაობას მაინც არ იწყებდა. ქალაქის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს ბელგიურ კომპანიას და თუ ფუნიკულიორის მუშაობა არ განახლდება, ბელგიურ კომპანიას ფუნიკულიორს იძულებით ჩამოართმევენ.
18 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი სავალდებულო დადგენილება იუწყებოდა, რომ ქალაქის გამგეობის ბრძანებით თბილისში მდებარე ყველა რესტორანსა და გასართობ ადგილს მუშაობა საღამოს 11 საათზე უნდა შეეწყვიტა. აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა თეატრისა და კლუბების წარმომადგენლებს. რით იყო გამოწვეული ეს აკრძალვა, ამ ცნობიდან არ ჩანს.
1920 წლის გაზაფხულიდან გაზეთის ფურცლებზე საგრძნობლად იმატა რესტორებისა და კაფეების სარეკლამო განცხადებებმა. გაზეთი „საქართველო“, მაგალითად, კომერციულ განცხადებებსა და, მათ შორის, რესტორნების რეკლამას პრიორიტეტულ პირველ გვერდს უთმობს. 2 აპრილის ნომერი იუწყება, რომ პირველხარისხიანი რესტორანი „მტკვრის პირას“, რომელიც ვორონცოვის ძეგლთან (დღევანდელი საარბრიუკენის მოედანი) მდებარეობდა, სტუმრებს ევროპული და აზიური კერძებით უმასპინძლდებოდა. აქვე აღნიშნული იყო, რომ რესტორანში აგრეთვე მოწყობილი იყო მყუდრო საოჯახო დარბაზები.
იმავე ნომერში მოთავსებულია რესტორან „ედემის“ რეკლამაც, სადაც წერია, რომ რესტორანი სულ ახალი გახსნილია და იგი ვერაზე მდებარეობს. გაზეთ „ერთობის“ 6 აპრილის ნომერში კი ამ რესტორნის გაშლილი სარეკლამო ტექსტია მოცემული და დაწვრილებით არის გადმოცემული, თუ რას სთავაზობს „ედემი“ მოქალაქეებს: „ბაღი ედემი“ დიდი რემონტის შემდეგ ისევ იღება ამა 7 აპრილიდგან. ბაღში მოწყობილია დარბაზები და ბესედკები, გვაქვს პიანინო, მასთან არის დიდი როტონდო და შუშიანი ბალკონები ამხანაგურ სადილ-ვახშმისათვის. ბაღში დიდი მოიდანი და ხეივანია. მოიდანს ამშვენებს დიდი 300 წლიანი 4 ვერხვი, რომლის ჩრთილებიდ შუძლიან ისარგებლოს 100 კაცმა. რესტორანთან არსებობს ბუფეტი. გვაქვს ყოველნაირი ადგილობრივი და საზღვარგარეთული სასმელები. კუხნა ევროპიულ-აზიური, ხელმძღვანელობით გამოცდილ მზარეულითა. ვღებულობთ საამხანაგო სადილებსა და ვახშმებს 200 კაცამდე. ვაჭრობა წარმოებს. ყოველივე მიცემული ზაკაზი იშვება ბუფეტიდგან ნაღდათ გადახდის შემდეგ. პროცენტები მოსპობილია“.
4 აპრილის გაზეთი „საქართველო“ მკითხველს აუწყებს, რომ ჩრდილოეთიდან დევნილთა დიდი ნაკადისა და ზაფხულის მოახლოების გამო თბილისში ეპიდემიის საფრთხე შეიქმნა. გაზეთი არ აკონკრეტებს, რომელ გადამდებ სენზეა საუბარი. თუმცა ქალაქის თვითმმართველობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასანიტრო განყოფილებამ უკვე დაიწყო წინასწარი ზომების მიღება მოსალოდნელი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და ქალაქის სანიტარიული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. აქვე ნათქვამია, რომ თბილისის საავადმყოფოები მედიკამენტებისა და საამბულატორიო ხელსაწყოების მწვავე კრიზისს განიცდიან. ვითარების გამოსასწორებლად ქალაქის საექიმო სასანიტრო საბჭომ იმ ხელსაწყოების დაწვრილებითი სია შეადგინა, რომელთა შესყიდვა საზღვარგარეთ იყო განზრახული.

წმინდა მირონის ხარშვა

აღდგომის წმინდა დღესასწაულთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 7 აპრილის ნომერში მკითხველს იმ ღონისძიებებისა და სიახლის შესახებ ამცნობს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ირკვევა, ხარების დღესასწაულზე დილის 9 საათზე მისი უწმინდესობა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე, კარის ეკლესიაში შეასრულებდა წმინდა ლიტურგიას. იმავე დღეს საღამოს 4 საათზე დასრულდებოდა წმინდა მირონის ხარშვის წესი და დამზადებული წმინდა მირონი ჩაისხმებოდა ალავასტრში.
დიდ ხუთშაბათს მისი უწმინდესობა თბილისის სამღვდელოების თანამსახურებით ლიტანიით გადაასვენებდა წმინდა მირონს კარის ეკლესიიდან სიონის ტაძარში და შემდეგ ჩატარდებოდა ლიტურგია. აკურთხებდნენ წმინდა მირონს და შეასრულებდნენ ფეხის ბანის წესს. იმავე დღეს საღამოს 6 საათზე მისი უწმინდესობა სიონის ტაძარში შეუდგებოდა ათორმეტი სახარების კითხვას. დიდ პარასკევს კარის ეკლესიაში შესრულდებოდა მწუხრი და ლიტანიით გადაასვენებდნენ გარდმოსახვას სიონის ტაძარში. შაბათის განთიადისთვის კი კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე წაიკითხავდა ღვთისმშობლის გოდებას.
4 აპრილის ნომერში კი გაზეთი „საქართველო“ საინტერესო სტატიას ბეჭდავს მირონის ხარშვასთან დაკავშირებით: „ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიას არ დაუმზადებია თავის სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის წმინდა მირონი. განთავისუფლებისთანავე საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა უფლება წმ. მირონის დამზადებისა.
პირველად წმ. მირონი საქართველოს განთავისუფლებულმა ეკლესიამ დაამზადა განსვენებულ კათალიკოზ-პატრიაქის კირიონის დროს, თითქმის ორი წლის წინად. წრეულს საქართველოს ეკლესიას მეორედ უხდება წმინდა მირონის დამზადება. ეს ადვილი საქმე არ იყო ორი წლის წინეთაც და ახლა ხომ თითქმის შეუძლებელი იყო საჭირო მასალების უქონლობისა გამო. ფარმაცევტ ვ. ახვლედიანის უანგარო შრომას უნდა მიეწეროს, თუ წრეულსაც საქართველოს ეკლესია შესაძლებლად სთვლის წმ. მირონის დამზადებას. მან დიდის გაჭირვებით გამონახა ყოველივე საჭირო მასალა და თავის თავზე უსასყიდლოდ მიიღო წმ. მირონის ხარშვის ზედამხედველობა.
თანახმად ჩვეულებისა, წმ. მირონის დამზადება დაიწყება ვნების კვირის ორშაბათს. ამ დღეს, ნაშუადღევის პირველ საათზე, კათოლიკოზ-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების სრული შემადგენლობის თანამსახურებით, შეასრულებს წყლის კურთხევის წესს და შემდეგ ამისა აკურთხებს წმ. მირონისათვის დამზადებულ ძვირფას და იშვიათ მასალას. თავის ხელით აავსებს მირონის ქვაბს ზეთით, ღვინით და სუნნელებით და აღანთებს მის ქვეშ ცეცხლს, რომელიც არ დაჰქრება, სანამდის წმ. მირონი არ დამზადდება. მსურველთ აქვთ სრული უფლება დაესწრონ წმ. მირონის ხარშვას“.

მიხეილ ბასილაძე