მიხეილ ქუმსიშვილი: „აშშ უფრო მეტს აკეთებს ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვიდრე _ ჩვენი ხელისუფლება“

ქართული პოლიტიკა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. ამ მოცემულობაში კი ახალი სახეებისა და, ზოგადად, ახალგაზრდების გამოჩენა არსებითად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუმცა იმ რთული რეალობის წინაშე ვდგავართ, როდესაც ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან და მათი უმრავლესობა ნიჰილიზმშია. ასეთ დროს კი საზოგადოება ახალი თაობის სათქმელს და მათ მოსაზრებებს უნდა ისმენდეს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ქრონიკა+“ გთავაზობთ რუბრიკას „ახალგაზრდა პოლიტიკოსები“.

„ქრონიკა+“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილს ესაუბრა:
_ საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის პრეტენზიები პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, შექმნილი პოლიტიკური ვითარების მისამართით, თუმცა, რეალურად, საზოგადოება ქმნის პოლიტიკას და მისი ნებართვით მოდიან პოლიტიკოსები მმართველებად. როგორ აღიქვამთ ამ პროცესს და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას?
_ გარკვეულწილად, გეთანხმებით, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, საზოგადოების დადანაშაულება. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ საზოგადოების ანარეკლია ხელისუფლება, მაგრამ პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი მატყუარაა, ის ატყუებს ხალხს, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, პატიოსან ხალხს მატყუარები დავარქვათ. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ხალხის ანარეკლს არ წარმოადგენს. დღეს ჩვენი ხელისუფლება ფულის გარშემო გაერთიანებული ძალაა, რომლის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მყარად ჩაეჭიდოს ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე საკუთარი ბიზნესისა და მისი ბელადის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გაითვალისწინონ. რასაც არ უნდა გადავავლოთ თვალი, ყველგან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ფიგურირებს, მთელი ხელისუფლება კი მის დაკრულზე ცეკვავს. მეორე მხრივ, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიძულვილის გამო მხარი დაუჭირა. უბრალოდ, ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. დღეს იმაზე კი არ ვდაობთ, ვინ გამოიყვანს ქვეყანას ჩიხიდან, არამედ იმაზე, ვინ უფრო ნაკლებად შეიყვანს ჩიხში. ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ. მე, როგორც რიგით მოქალაქეს და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ეს პროცესი ძალიან არაჯანსაღად მიმაჩნია, რადგან უკვე წლებია, ქვეყანა ერთგვარ რუტინაში ცხოვრობს. ორი პოლიტიკური ძალა ერთ წრეზე ტრიალებს და რაც ყველაზე ცუდია, ერთმანეთს აძლიერებს. „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაიმარჯვებს არჩევნებში მანამ, სანამ მისი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. „ოცნება“ ყოველთვის მოუგებს ერთი ხმით მაინც, რადგან ამ პოლიტიკურ ძალაზე ძალიან ბევრი კომპრომატი და წამოსაძახებელი რამ არსებობს. როგორი რებრენდინგიც არ უნდა განახორციელოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაინც ვერ ჩამოირეცხავს იმ 9 წლის მანძილზე ჩადენილ ცუდ ქმედებებს.
_ რატომ ვერ გახდნენ სხვა პოლიტიკური პარტიები მთავარი ოპოზიციური ძალები? რა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ისინი? თქვენი პარტიის მაგალითზე განვიხილოთ.
_ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარეა. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესი რომელ პოლიტიკურ პარტიას დააფინანსებს. დასავლეთის ქვეყნებში ძალიან მიღებული და ჩვევაში გამჯდარი ფაქტია, რომ ბიზნესი უნდა აძლიერებდეს პოლიტიკურ პარტიას. თუ ბიზნესის მთელი რესურსი მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში აკუმულირდება, ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც საქართველოშია, _ რომელსაც აფინანსებს, ეს ბიზნესი იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მსხვერპლი გახდება, რაც, მაგალითად, „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში მოხდა. თუნდაც გავიხსენოთ „ომეგა ჯგუფის“ საქმე, როდესაც მათ ხელისუფლება შემოუტრიალდა და ჩაძირა, თავის დროზე კი „ომეგა“ ამავე ხელისუფლებას აფინანსებდა და შავ ხაზინაში ფულსაც კი უხდიდა. ჩვენ, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალური დოკუმენტებით გავარკვიეთ, ბიზნესმა რა რაოდენობის დაფინანსება გაიღო შემოწირულობის სახით პოლიტიკურ პარტიებში. აღმოვაჩინეთ, რომ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 100-ზე მეტი ბიზნესსუბიექტისგან ჰყავს დამფინანსებელი და ჯამში 10 მილიონამდე თანხა შემოუვიდა კერძო ბიზნესიდან, მათი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“ ათობით ბიზნესმენისგან არის დაფინანსებული, მილიონობით ლარი აქვთ მიღებული, „ლეიობორისტულ პარტიას“ ამ კომპონენტში აბსოლუტურად ნული ლარი აქვს, _ არც ერთ ბიზნესმენს ერთი თეთრიც არ შემოუტანია იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო ეროვნული, სახალხო, პოლიტიკური პარტია, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს. უბრალოდ, არავინ მოინდომა, რომ ფინანსურად ოპოზიცია გაეძლიერებინა. დღევანდელი სისტემის ორპოლუსიანობაში დიდი „წვლილი მიუძღვის“ მედიას, რადგან იგი თავად არის ორპოლუსიანი, გვაქვს ორი ბანაკი _ ერთი სახელისუფლებო, რომელშიც შედის ტელევიზიების უმრავლესობა, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის ოპოზიციის წინააღმდეგ; მეორე ბანაკში კი არის ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ტელევიზია, რომელთა მთავარი გაშუქების ობიექტი, ისევ და ისევ, „ნაციონალური მოძრაობაა“, შედარებით ჩრდილში რჩება „ლეიბორისტული პარტია“. ასევე არის მესამე კომპონენტში. ამ ორპოლუსიანობის წარმოშობაში ეს არის ამომრჩევლის პასუხისმგებლობა და მათი მენტალობის დონე. ელემენტარულია: კარტოფილის სანაცვლოდ არ უნდა მისცე ხმა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტვ-ში მისვლასა და მოსახლეობასთან საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევს, ის აბსოლუტურად გაურკვეველი იდეოლოგიის ადამიანია, რომელიც, გარკვეულწილად, კარტოფილმა მოიყვანა ხელისუფლებაში.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სპექტაკლის ილუზიას დგამენ, რომ დღეს თითქოს მხოლოდ ისინი არიან ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი მოთამაშეები. ამ სამ კომპონენტს სათავისოდ იყენებენ, ასევე ქმნიან ილუზიას, რომ არსებობენ სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურად არიან წარმოდგენილი, მაგრამ, რეალურად, ისინი მათი ნაწილი არიან. ჩვენ ბევრი შექმნილი პარტია ვიცით, მაგალითად, ახლა ბესელია ქმნის პარტიას, „ოცნებას“ გამოეყო, თან ბიძინა ივანიშვილზე ცუდს არაფერს ამბობს, თავის თანაპარტიელებს ვითომ უპირისპირდება. ეს არის თამაშის ნაწილი, რომლის წესებიც წინასწარ განსაზღვრულია. მეორე მხარეს თაკო ჩარკვიანმა შექმნა პარტია, რომელიც ვითომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ ფურცელზე არსებული პარტიების რიცხვს შეურთდება. ამ 11 პარტიის წევრი კი სულ 2-3 ადამიანია, ანუ ისინი ერთ დიდ ილუზიას ქმნიან. უნდა აღვნიშნო, რომ „ოცნება“ იმ შეცდომებს იმეორებს, რასაც, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, მათ შორის, სასამართლოშიც. „ოცნება“ პირდაპირ სასამართლოს უზურპაციას და მისი საკუთარი ინტერესების ქვეშ დაქვემედებარებას ახდენს. რეალურად, ამ პარტიებს შორის განსხვავება არ არის.
_ ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად ახალგაზრდები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, უმრავლესობაში ნიჰილიზმია, ახალგაზრდების ქვეყნიდან გაქცევა _ ეს „ოცნების“ მონაპოვრად შეიძლება მივიჩნიოთ. რა არის გამოსავალი?
_ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები არ არის, რუტინაა _ ეს ყველაფერი მაპროვოცირებელია, რომ ახალგაზრდებმა საქართველო დატოვონ. ამ შემთხვევაში ადამიანში, სავარაუდოდ, ორი გრძნობა ჩნდება: პირველი _ ის ყრის ფარხმალს, თავის შემოსავლის წყაროსა და უკეთეს გარემოს საზღვარგარეთ ეძებს. ბევრმა დატოვა კიდეც ქვეყანა და ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა; მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ამ მდგომარეობამ მეტი ბრძოლის უნარიანობა და საპროტესტო მუხტი გააჩინოს.
ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არიან მიზანდასახული და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები, რომლებიც არ ეგუებიან რეალობას და მის შეცვლას ცდილობენ. პირველ რიგში, ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მაგალითს მოვიყვან: ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ვმართავთ აქციებს და გვინდა, უფრო მეტი რესურსი გვქონდეს, რათა მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა. სხვა პარტიებსაც ჰყავთ სწორად მოაზროვნე ახალგაზრდები, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ისინი მათ უფროს კოლეგებს ნამდვილად არ ჰგვანან, პირიქით, _ პოპულიზმის ნაცვლად ორიენტირებული არიან საქმის კეთებაზე; ერთმანეთზე შეურაცხყოფის მიყენების ნაცვლად _ თანამშრომლობენ. ასეთი მიდგომები რაღაც ნაპერწკალს გააჩენს სამომავლოდ. სანამ ეს მოხდება, მანამ ძალიან სერიოზული პროცესი გველის წინ, არსებული ხელისუფლება ძალაუფლების წყაროს უნდა ჩამოვაცილოთ. დღევანდელი ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შემხედვარეს მახსენდება, ბავშვობაში როგორ ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშ Counter Strike-ს. ამ თამაშში შემეძლო ვყოფილიყავი ტერორისტიც და ტერორისტებთან მებრძოლიც. დღეს ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა: ეკა ბესელია გუშინ ბოროტების მხარეს იყო, დღეს კი ვითომ საპირისპირო მხარეს გადმოვიდა და ბოროტებას „ებრძვის“.
_ რა არის აუცილებელი, იმისთვის, რომ რეალურად ახალი სახეები გამოჩნდნენ პოლიტიკაში და არა კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის მსგავსი გამხმოვანებლები?
_ თუ მდინარაძე-კობახიძე-თალაკვაძეს, ვატო შაქარაშვილს „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს დავარქმევთ, ეს იქნება ახალგაზრდების შეურაცხყოფა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი პიროვნული ღირებულებები და სახელმწიფოებრივი ხედვა. მათ აქვთ მხოლოდ ერთი უნარი, რომ გამოუვალ სიტუაციაშიც კი თავიანთი მონოლოგებით, რაღაცნაირად, შეამსუბუქონ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა. გამოსავალი ერთია: პოლიტიკურ პარტიაში იმდენი კულტურა უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა არ აქციონ მხოლოდ ბრძოლის ინსტრუმენტად და თავიანთი შეხედულებების, ვიწრო ინტერესების გამჟღერებლად. თავის მხრივ, ახალგაზრდებს მეტი მონდომება უნდა ჰქონდეთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდები დღეს ყველაზე ნაკლებად არიან პოლიტიკით დაინტერესებულები, მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, რაც ძალიან ცუდია, რადგან ახალგაზრდებს დიდი ძალა აქვთ, რომლისაც ნებისმიერ ხელისუფლებას ეშინია. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა: მათ აქვთ სუფთა წარსული, ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს, ასევე არ აქვთ ბიზნესინტერესები, უფრო მეტად იდეალისტები არიან. მათ აქვთ თანამედროვე მიდგომების გამოვლენის საშუალება და თავისუფალი აზროვნების უნარი. ჩვენი თაობა ინფორმირებული თაობაა, მათ შორის, ინტერნეტისა და ევროპასა და აშშ-ში გატარებული პერიოდის გამო. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არსებული მდგომარეობა სხვა ქვეყნებს შეადარონ და ლოგიკური დასკვნების გამოტანის შემდეგ ადეკვატურად იმოქმედონ. თუმცა ხელისუფლება არ უწყობს ხელს ახალგაზრდების შესაძლებლობების გამოვლენას. მათ შორის, არც მედია. ძალიან მიხარია „ქრონიკა+“-ის წამოწყება ამ რუბრიკის სახით _ ახალგაზრდებს საუბრის საშუალება გვექნება, ეს დიდი მიღწევაა, რადგან აქამდე ბეჭდურ მედიაში მსგავსი რამ არ არსებობდა. პირველ რიგში, ახალგაზრდების ხმამ უნდა მიაღწიოს საზოგადოებამდე, თუ ეს შესაძლებელი იქნება. მერწმუნეთ, ძალიან სერიოზული ახალგაზრდული ძალები გამოვლენ წინა პლანზე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ბოლოს, მინდა მნიშვნელოვანი ფაქტი აღვნიშნო: საერთაშორისო ორგანიზაციებმა NDI-მ და IRI-მ USAID-ის დაფინანსებით დაიწყეს პროექტი „ევროპის დემოკრატიული ახალგაზრდული ქსელი“, რომელიც აღმოსავლეთი ევროპის 10 სახელმწიფოს აერთიანებს. ამ ქვეყნებიდან წარმოდგენილი ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში შეეცდებიან პრობლემების იდენტიფიცირებას, მოგვარებასა და პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ჩართვას. საქართველოდან ორგანიზიციაში, ამ ეტაპზე, მე შემარჩიეს, ეს პატივი მხვდა წილად. ჩვენი რიგების გაზრდას ვგეგმავთ _ საქართველოდან კიდევ 5 ახალგაზრდა შემოგვიერთდება. საწყენია, რომ აშშ ბევრად მეტს აკეთებს ქართველი ახალგაზრდების განსავითარებლად, ვიდრე _ ჩვენი ხელისუფლება. ვეჭვობ, სწორედ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ახალგაზრდული სექტორი გაძლიერდეს.

ნენე ინჯგია