ქუთაისის მერისა და საკრებულოს ორწლიანი ურთიერთობის ისტორია


ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის ბოლოს შეუდგა. მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომას ქალაქის თავი პირველად 2017 წლის 27 დეკემბერს ეწვია. მაშინ საკრებულომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დებულება განიხილა და ცვლილებები დაამტკიცა. მეორედ ახალარჩეული მერი წარმომადგენლობით ორგანოს 2018 წლის 18 იანვარს ეწვია, აღნიშნული წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განიხილა და ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკაც დაიმსახურა.

ამის შემდეგ გიორგი ჭიღვარიას ნაცვლად საკრებულოს სხდომებს მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. ქალაქის მერი არ დასწრებია არც იმ სხდომას, რომელიც მისთვის, როგორც ახალარჩეული მერისთვის, პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო დეპუტატებთან.
2018 წლის დეკემბრამდე გიორგი ჭიღვარია საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამს დაესწრო. დანარჩენ სხდომებზე ქალაქის მერს მისი მოადგილეები წარმოადგენდნენ. ქალაქის მერის მოადგილეები დაესწრნენ საკრებულოს რამდენიმე სხდომას 2019 წელსაც. მიმდინარე წელს გიორგი ჭიღვარია მხოლოდ იმ სხდომას ესწრებოდა, სადაც ქალაქის ბიუჯეტსა და მასში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერი საკმაოდ აქტიურად ჩნდებოდა ქუთაისში გამართულ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებზე, თვალს ადევნებდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესს. მერი რამდენჯერმე ესტუმრა ადგილობრივ და ცენტრალურ ტელევიზიებს. ყველა არხზე ის, ძირითადად, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე საუბრობდა. 2018 წლის მანძილზე ქუთაისის მერს არ ჩაუტარებია არც ერტი პრესკონფერენცია და ხშირად თავს არიდებდა ოპოზიციის შეკითხვებს.
2018 წლის დასაწყისში ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მედიასშუალებებთან ინტერვიუში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქალაქის ყოფილი მერის, შოთა მურღულიასგან განსხვავებით, გიორგი ჭიღვარია წარმომადგენლობით ორგანოში იშვიათად მიდიოდა, არ შეჰქონდა ინიციატივები და თითქმის არასოდეს პასუხობდა ოპოზიციის კრიტიკულ და მწვავე შეკითხვებს.
„ქუთაისის მერი კანონმდებლობით დაკისრებულ ყველა მოვალეობას ასრულებს. ესწრება და დაესწრება საკრებულოს ყველა სხდომას, სადაც მისი მონაწილეობა აუცილებელია“, _ ასე აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
გიორგი ჭიღვარია ქალაქის სათავეში მოსვლიდან აქტიურად აანონსებდა ქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებს, თუმცა ეს ამბები, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა. მაგალითად, მერის არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ვიდეო ანგარიში გამოქვეყნდა. ქუთაისის მერმა მედიისთვის ბრიფინგი გასული წლის 29 დეკემბერს ჩაატარა. ჭიღვარიამ წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ისაუბრა თეთრ ხიდზეც და მისი დამატებითი რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ჩატარება ქუთაისის ბიუჯეტს 436 000 ლარი დაუჯდა. გარდა იმისა, რომ სამუშაოები დროში გაიწელა, იგი უხარისხოც აღმოჩნდა.
განვიხილოთ, თუ რა ვალდებულებები აკისრია რეალურად ქალაქის მერს საზოგადოებისა და საკრებულოს წინაშე.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი თავის 48-ე მუხლში ვკითხულობთ: „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე“. კოდექსის 2017 წლის 29 ივლისის რედაქციით, მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას, საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებას. მერს ევალება, საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, ხოლო თუ საკრებულოს წევრთა ერთი მეოთხედი მოითხოვს, ვალდებულია რიგგარეშე ანგარიშის წარდგენისა. ქალაქის პირველი პირი ვალდებულია, წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები და დამტკიცების შემთხვევაში უზურუნველყოს მათი განხორციელება. მერმა არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უნდა გაუგზავნოს წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
რაც შეეხება მერის ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში, ასევე უპასუხოს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს. იგივე ვალდებულებას კანონი საკრებულოსაც აკისრებს.
მერისთვის კანონით გათვალისწინებული მოვალეობების ნუსხა საკმაოდ დიდია, თუმცა ვალდებულებების ამოსავალი წერტილი შეგვიძლია ერთ ფრაზაში ვიპოვოთ: „მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე“.
რაც შეეხება ქალაქის მერის მოადგილეების უფლებებსა და მოვალოეობებს, აქვთ თუ არა მათ უფლება, მერის ნაცვლად დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, ამ კითხვაზე პასუხს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ვიპოვით. კოდექსის მიხედვით, მერის მოადგილეები ხშირად ხელმძღვანელობენ ქალაქის პირველი პირის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, კონტროლს უწევენ სამართლებრივი აქტების განხორციელებას. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის დებულების მე-2 თავის მე-7 მუხლის მიხედვით, მერის პირველი მოადგილე, ასევე სხვა მოადგილეები, უფლებამოსილნი არიან, მერის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეითავსონ და შეასრულონ ყველა ის ვადებულება, რაც მერს ეკისრება. თუმცა ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე, ასევე 2018 წლის 31 იანვრისა და 28 მარტის სხდომებს მერის არც ერთი მოადგილე არ ესწრებოდა. ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მერის ყველა მოადგილე ერთად იშვიათად მიდის. სხდომებს, ძირითადად, ერთ-ერთი მათგანი ესწრება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, საკრებულოს სხდომებზე მის ნაცვლად მისი მოადგილეების წარგზავნით არ დაურღვევია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ესწრებოდა ყველა იმ სხდომას, სადაც მისი დაწრება აუცილებლობა გახლდათ. ყველა სხვა სხდომაზე მას მოადგილეები წარმოადგენდნენ, გარდა ზემოთ აღნიშნული გამონაკლისებისა. თუმცა ჭიღვარიას არ გაუთვალისწინებია კიდევ ერთი ვალდებულება _ ამომრჩეველთან შეხვედრა, ანგარიშის წარდგენა და მათი კითხვებისა თუ რეკომენდაციების მოსმენა. ქალაქის მერი ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას ხშირად დადიოდა ქუთაისის სხვადასხვა უბანში, პირადად ეცნობოდა განხორციელებულ სამუშაოებს, მაგრამ ოფიციალური შეხვედრის სახე ამ პროცესისათვის არ მიუცია. მუშაობის ანგარიშს 2017 წლიდან დღემდე გიორგი ჭიღვარია თანამოქალაქეებს, ძირითადად, სოციალური ქსელისა და ტელევიზიების მეშვეობით წარუდგენს.

შორენა ლაღაძე