კახა მიქაია: „ნაცებისა“ და „ქოცების“ ცანგალები და გოგონები გვიტევენ, მაგრამ არ გვეშინია!“

პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალა გამოდის, უფრო სწორად, ეს ძალა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს დაკონსერვებული იყო. ყოველ შემთხვევაში, „დაიცავი საქართველოდან“ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ კახა მიქაია აქტიურობდა. ახლა კი ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი პოეტი დავით მაღრაძე გახდა. მართალია, საზოგადოების ნაწილს მაღრაძის გაოპოზიციონერებაში ეჭვი ეპარება და ჰგონია, რომ მის უკან ივანიშვილი დგას, მაგრამ „დაიცავი საქართველოს“ ძირძველი წევრი, კახა მიქაია, ამ ხმების გავრცელებას „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ „ბოტებს“ უკავშირებს და „ქრონიკა+“-თან განმარტავს, რომ „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურების მიზანი „ნაც-ქოცური“ კოჰაბიტაციის დასრულებაა.

როგორ დაასრულებს აღნიშნული ორგანიზაცია „ნაც-ქოცურ“ კოჰაბიტაციას და ვის დაუჭერს მხარს ზუგდიდის მერის არჩევნებში _ სანდრა რულოვსსა თუ „ოცნების“ კანდიდატს? _ ამ და სხვა კითხვებზე პასუხს იმ ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც „ქრონიკა+“-მა კახა მიქაიასთან ჩაწერა:

_ ბატონო კახა, ორგანიზაცია, რომელშიც, პრაქტიკულად, მარტოღა იყავით, გააქტიურდა _ „დაიცავი საქართველოს“ სათავეში პოეტი დავით მაღრაძე უდგება, არადა, ეს სახალხო მოძრაობა დღემდე თქვენ მოიტანეთ.
_ მე არაფერი მომიტანია! უბრალოდ, მოძრაობის აქტუალიზაცია ხდება და მედიამ ეს ძალიან ფართოდ გააშუქა. „დაიცავი საქართველოს“ აქტუალიზაციას რეაქცია მოყვა როგორც „ნაცებისგან“, ასევე „ქოცებისგან“ და ეს კარგია.
_ კარგი რატომ არის?
_ საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ კერპთაყვანისმცემლობა, ანუ ამ ორ პარტიასა და ადამიანს შორის დავა, არჩევნები და ზოგჯერ ჩახუტებებიც დასრულდეს და საქართველო მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაში არ ჩარჩეს! ჩვენ ამ მოძრაობას აქტუალიზაციას სწორედ ამ მიზნით ვუკეთებთ და საზოგადოებას ვეუბნებით, რომ „ქოც-ნაცური“ კოჰაბიტაცია და „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანა პოლიტიკურადაც განვითარდეს და _ ეკონომიკურადაც. ამ ჯადო წრეში ჩარჩენა საზოგადოებას კატასტროფას უქადის და ამას ხაზგასმით ვამბობ!
_ ორპოლუსიანობა, ცხადია, უნდა დასრულდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, საზოგადოების რეაქცია „დაიცავი საქართველოს“ კი არა, მაღრაძის გააქტიურებას მოყვა, რომელიც, ჯერ კიდევ, ორი-სამი თვის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, „ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერი იყო. დღეს კი ხელისუფლების ოპოზიციაშია.
_ დათო „დაიცავი საქართველოს“ სახელით გამოვიდა _ ის „დაიცავი საქართველოს“ ლიდერია!
რაც შეეხება მხარდაჭერას, ყველამ იცის, დათო მაღრაძე და ბევრი ის ადამიანი, რომელიც მალე, შეიძლება, „დაიცავი საქართველოში“ აღმოჩნდეს, ბიძინა ივანიშვილს რატომაც უჭერდა მხარს.
საერთოდ, ყველაფერს აქვს ზღვარი, ყავლი ყველაფერს გასდის და ყველას ეძლევა შანსი, სიტუაცია ისე გამოასწოროს, რომ ქვეყანა არ დაინგრეს.
_ ეს რა შუაშია?
_ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ამან „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება გამოიწვია. ჩვენ ვერ დაველოდებით და არ გვჯერა ივანიშვილის დაპირებების!
_ რატომ არ გჯერათ?
_ ნათელი მაგალითია: არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ მთელი საზოგადოება გვერდით დაუდგა და სწორედ საზოგადოების ძალისხმევით „ოცნებამ“ პირველ ტურში წაგებული არჩევნები მეორეში მოიგო! ამის შემდეგ უარესობის მეტი არაფერი მომხდარა, ამიტომ დასრულდა. „ქოც-ნაცური“ ისტორიის ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რადგან ამ ჯადო წრეში ჩარჩენა კატასტროფას ხელისუფლებას კი არა, ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას უქადის! ისე, სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების ბედი არც მაინტერესებს! აი, ეს არის ჩვენი გააქტიურების მიზეზი!
_ ყველაფერი ეს მესმის, მაგრამ, ბატონო კახა, ის კითხვები აუცილებლად უნდა დაგისვათ, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ანუ ხალხის ნაწილს მაღრაძის ოპოზიციონერობის არ სჯერა.
_ გასაგებია, მაგრამ პირდაპირ იმას გეუბნებით, როგორც არის. საერთოდ, ყველას თავისი აზრი აქვს. ახლა არც იმას განვიხილავ, „ქართული ოცნების“ „ბოტები“, კალოშები თუ ფეისბუქტიპები რა ტყუილ-მართალს იტყვიან და რას მოგვაწერენ _ ეს არ მაინტერესებს. ამიტომ თქვენს კითხვას ვპასუხობ: დათო მაღრაძემ შესანიშნავად, ახსნა, თუ რატომ მოხდა „დაიცავი საქართველოს“ აქტუალიზაცია. „დაიცავი საქართველო“ მარტო დათო მაღრაძე არ არის. დათო მაღრაძე „დაიცავი საქართველოს“ ლიდერია და ამ ლიდერმა თავისი ორგანიზაციის აქტუალიზაცია დაიწყო.
ამ პროცესს ასე ვუყურებ. თუ კითხვები ბატონ დათოსთან გაქვთ, მას დაუსვით. აგიხსენით, დათო მაღრაძე, მე და ამ ორგანიზაციის სხვა წევრები ივანიშვილს, თავის დროზე, მხარს რატომ ვუჭერდით.
_ კი ბატონო, მაგრამ თქვენ ობიექტურობით გამოირჩევით. შესაბამისად, მაღრაძის მისამართით კითხვები არ გაგიჩნდათ?
_ არა. სანამ განცხადებას გააკეთებდა, დათო მაღრაძემ დამირეკა და მითხრა, ჩვენი ორგანიზაციის აქტუალიზაციას ვაპირებ და რა აზრის ხარო.
_ რა უპასუხეთ?
_ ვუპასუხე, ეს აქტუალიზაცია ცოტა დაგვიანებულიც არის-მეთქი.
მოკლედ, კითხვები არ გამჩენია იმიტომ, რომ დათო მაღრაძეს ვიცნობ და ვიცი, ვინ არის. ისიც ვიცი, ვინ არიან ჩემი მეგობრები. საერთოდ, აქ საუბარი პერსონალურად დათო მაღრაძეზე არ არის. რა თქმა უნდა, ის ჩვენი ლიდერია, მაგრამ ჩემთვის ის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება ჩვენი ორგანიზაციის აქტუალიზაცია.
„ქოც-ნაცური“ დაპირისპირება რომ დასრულდეს და საზოგადოება ამ ჯადო წრიდან გამოვიდეს, ვფიქრობ, პოლიტიკურ ძალებს შორის ძალიან დიდი კომპრომისია აუცილებელი. დიახ, დიდი კომპრომისია საჭირო, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება დასრულდეს და ამით საქართველოს უახლეს ისორიაში ახალი ფურცელი გადავშალოთ!
_ ბატონო კახა, ხუთ წუთზე მეტია, ვსაუბრობთ და ეს აზრი უკვე არაერთხელ განავითარეთ, მაგრამ, დააკონკრეტეთ, კომპრომისზე რომელი პოლიტიური ძალები უნდა წავიდნენ? საქართველოში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ხომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“?
_ დიახ, მთავარი მოთამაშეები ესენი არიან და ყველაფერი დღეს და ხვალ არ დასრულდება.
_ აბა, როდის დასრულდება?
_ ჩვენი, ჩვენი მომხრეებისა და პარტნიორების მცდელობაა, რომ ამ ორი მთავარი მოთამაშის დაპირისპირება დასრულდეს, რადგან ამ დაპირისპირებას საქართველო უფსკრულისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. არ გეუბნებით, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ არენაზე აღარ იქნებიან, მაგრამ ვითარებამ მოიტანა, რომ ეს პროცესი დავიწყოთ. დათო მაღრაძე სწორედ ამ პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და მეც მხარს ვუჭერ!
_ კეთილი, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მაღრაძის გვერდით შესაძლოა, „ოცნებიდან“ წამოსულები, მაგალითად, ეკა ბესელია გამოჩნდეს. კახა მიქაია ის პოლიტიკოსია, რომელსაც ბესელია ბოლო წლებში უმწვავესად არაერთხელ გაუკრიტიკებია. ახლა ქალბატონი ბესელია „დაიცავი საქართველოს“ წევრი რომ გახდეს, საინტერესოა, როგორი რეაქცია გექნებათ?
_ გითხარით, ჩვენთვის მთავარი რა არის.
_ კიდევ ერთხელ გვითხარით, რა არის თქვენთვის მთავარი?
_ მოხდეს დიდი კომპრომისი და ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ჩარჩენილი საქართველო დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა ამ ორმოს გამოვტაცოთ! კი ბატონო, ბევრი გამიკრიტიკებია და ბევრსაც გავუკრიტიკებივარ, მაგრამ ახლა ერთმანეთს რომ გადავყვეთ, შენ მე გამაკრიტიკეო, მაშინ ამ ორი კაცის დაპირისპირების ამარა დავრჩებით, ერთმანეთის კრიტიკას ჩვენს ფორმატში გავაგრძელებთ და ამასობაში ქვეყანა დაიღუპება!
იცით, ჩვენს ორგანიზაციას „დაიცავი საქართველო“ რატომ ჰქვია?
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი საქართველო, ქვეყანა, სამშობლოა და არა რაღაც პიროვნული დაპირისპირებები, ვნებები და ზრახვები! ეს მცდელობა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ადვილად არაფერი კეთდება! პოლიტიკური სიტუაციის ცვლილება დრომ მოიტანა. დროთა განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევა ჩნდება და არ შეიძლება, ვთქვათ, 2003 ან 2012 წელში ჩავრჩეთ.
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს 2003-ში ჩარჩენა უნდოდა, ბიძინა ივანიშვილი კი ისევ 2012 წელშია. არადა, უკვე 2019 წელია. ჩვენ არ გვინდა, რომ 2003 ან 2012 წელში ვიყოთ დარჩენილები. ჩვენ განვითარება გვინდა. კომპრომისზეც ამიტომ ვსაუბრობ. პოლიტიკაში ახლის დაწყება და ახალი ფურცლის გადაშლა კომპრომისის გარეშე არ შეიძლება!
_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ „დაიცავი საქართველო“ ახალ ფურცელს როგორ გადაშლის, ანუ არსებული ვითარებიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მხარდამჭერებს თავისკენ როგორ „გადაქაჩავს“?
_ იცით, რა ხდება? _ აქ ლაპარაკი „გადმოქაჩვაზე“ არ არის.
_ აბა, რაზეა?
_ საქართველო მხოლოდ „ნაციონალებისა“ და „ქოცების“ მხარდამჭერი არ არის. უბრალოდ, მთელი საზოგადოება და ქვეყანა ამაშია ჩარჩენილი, თორემ თუ „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მხარდამჭერები, როგორც დათომ თქვა, კერპებს უარყოფენ, კერპთაყვანისმცემლობისგან განთავისუფლდებიან და მათგან თვითონ კერპებიც განთავისუფლდებიან, მაშინ კი ბატონო.
პოლიტიკაში ჩვენ გუშინ მოსულები არ ვართ და არარეალურ რაღაცას არ დავიწყებდით. ისინი ერთმანეთს ავსებენ და დაპირისპირებაში თავსაც ძალიან კარგად გრძნობენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას მივმართოთ და მოძრაობაში საზოგადოება ჩავრთოთ. ვიმეორებ: აქ ლაპარაკი „ნაცებისა“ და „ქოცების“ მომხრეებზე არ არის. ჩვენ ამის დასრულება გვინდა! ეს ძალიან წინააღმდეგობრივი და რთულია, მაგრამ წეღანაც გითხარით, რომ ეს მცდელობაა.
_ ბატონო კახა, ასეა თუ ისე, მგონია, რომ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ.
_ რეალობას თვალს ვუსწორებთ: საზოგადოებას ეს დაპირისპირება მობეზრდა!
_ შეიძლება, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მილიონზე მეტმა ადამიანმა „ოცნების“ კანდიდატს მისცა ხმა, 800 ათასმა კი _ გაერთიანებული ოპოზიციისას, ანუ ამ პატარა ქვეყანაში ორ მილიონამდე ადამიანს მოსწონს ის, რასაც თქვენ აპროტესტებთ. ასე არ არის?
_ სალომე ზურაბიშვილს ხმა ვინ მისცა? მან არჩევნების პირველი ტური წააგო. მეორე ტური კი სწორედ იმ საზოგადოებამ მოაგებინა, რომელიც პირველ ტურში წინააღმდეგიც იყო, გაბრაზებულიც და არჩევნებზე არ მივიდა. პირდაპირ გეუბნებით: მე ამ საზოგადოებაზე ვაპელირებ და არა _ „ქოცების“ მომხრეებზე, თუმცა ურთიერთობას არც მათთან გამოვრიცხავ!
რაც შეეხება „ნაცებს“, მათი რეიტინგი იმ ადამიანებმა გაზარდეს, რომლებსაც არც კი დაესიზმრებოდათ, რომ ოდესმე „ნაცებს“ მისცემდნენ ხმას. ამ რეალობის წინაშე რომ დავდექით, დათოსა და ჩვენი მეგობრების თაოსნობით გადავწყვიტეთ, ამ დაყოფისგან, ჭაობისა და ჯადო წრისგან საზოგადოება გაგვეთავისუფლებინა, უფრო სწორად, განთავისუფლების მცდელობა მოგვეხდინა.
ისე, „ქოცების“ რეიტინგიც ძალიან კარგად იცით და „ნაცებისაც“, მაგრამ როცა ალტერნატივა არ არსებობს და მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ არიან, საზოგადოება იძულებული გახდა, ის არჩევანი გაეკეთებინა, რომელიც გააკეთა!
პირადად ჩემს მაგალითს გეტყვით: საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როცა იმის რეალური საშიშროება დადგა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების იმედი და საფუძველი გასჩენოდა, იძულებითი არჩევანი გავაკეთე და ამის შესახებ ხმამაღლაც განვაცხადე!
ეს პოლიტიკაა და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. იძულებული არჩევანი საზოგადოების არაერთმა წევრმა გააკეთა ჩემნაირად. როცა ალტერანტივა არსებობს, საზოგადოება იძულებით არჩევანს არ აკეთებს! მაშინ საზოგადოება იმ არჩევანს აკეთებს, რომელიც უნდა.
ჩვენ გვინდა, ალტერნატივა გავაჩინოთ და ადამიანები იმ შიშისგან გავათავისუფლოთ, აი, თუ არა „ნაცი“ და „ქოცი“, ქვეყანა დაინგრევაო. არაფერი დაინგრევა! პირიქით, ქვეყანა „ნაც-ქოცური“ დაპირისპირებითა და კოჰაბიტაციით ინგრევა! უკვე მერამდენედ ვიმეორებ: ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება ამისგან გავათავისუფლოთ! ეს ჩვენი მცდელობაა და მეტი არაფერი!
_ ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია და მცდელობას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ისე ხომ არ მოხდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ სალომე ზურაბიშვილი შეუერთდეს, ანუ თქვენი მოძრაობა ქალბატონი პრეზიდენტის პოლიტიკური დასაყრდენი გახდეს?
_ იცით, რა? _ ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ ვის შეუერთდება და ვერც ჭორაობას დავიწყებ. როგორც დათომ თქვა, ამ მოძრაობას ახლა ვიწყებთ და 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან გავაქტიურდებით. არ ვიცი, ვინ შემოუერთდება, რა და როგორ იქნება _ ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ, უბრალოდ, საზოგადოებას ჩვენი სურვილი გავანდეთ _ ამ მოძრაობის დაწყება გვინდა, რადგან ამის აუცილებლობას ვხედავთ.
_ ე. ი., თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ „დაიცავი საქართველოზე“ შესაძლოა, ისეთივე ნადირობა დაიწყოს, როგორც ოპოზიციის სხვა ფრთაზე, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რომ ნადირობს?
_ ეს უკვე დაწყებულია.
_ ამ ნადირობის კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?
_ „ნაცებისა“ და „ქოცების“ ცანგალები და გოგონები უკვე გვიტევენ, მაგრამ ამის არ გვეშინია!
_ შეტევის კონკრეტული მაგალითის დასახელება გთხოვეთ, ბატონო კახა.
_ შედით „ფეისბუქზე“ და ნახავთ! „ქოცებიც“ ძალიან გაბრაზებულები არიან და _ „ნაცებიც“, მაგრამ ეს ჩვენთვის მთავარი არ არის!
_ აბა, მთავარი რა არის?
_ ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ ეს მოძრაობა დაგვეწყო და, მგონია, რომ დათომ სწორი ნაბიჯი გადადგა! არ დაგიმალავთ: დიდი ხანია, ეს მინდოდა.
_ თუ დიდი ხანია, გინდოდათ, რატომ იგივე მაღრაძეს არ ეუბნებოდით, გავაქტიურდეთო?
_ როგორ არ ვეუბნებოდი, ვსაუბრობდით, მაგრამ ყველაფრის დაწყებას თავისი დრო და ფორმა აქვს. როცა დათომ დამირეკა, კმაყოფილებით დავთანხმდი, რომ ეს მოძრაობა, რა თქმა უნდა, დასაწყები იყო!
ჩვენ არავის არსად „ვექაჩებით“ და ხელისუფლებას ვეუბნები: მაშინ არ შეგვშინებია, როცა მიხეილ სააკაშვილი ხალხს ციხეში უაპელაციოდ ყრიდა, ანაკლიის ზღვაში აგდებდა და სრული ტერორი იყო! ყველამ _ მტერმაც და მოყვარეაც _ იცის და აღიარებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ „დაიცავი საქართველო“ იყო!
ახლა გვინდა, რომ საზოგადოება მარტო მიხეილ სააკაშვილისგან კი არა, ბიძინა ივანიშვილისგანაც გავათავისუფლოთ იმიტომ, რომ მათ შორის, რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, საზოგადოებამ უკვე ტოლობის ნიშანი დასვა!
დათოს გამოსვლა ასეთი აქტუალური არ გახდებოდა და „ტროლებიც“ არ გააქტიურდებოდნენ, ეს საკითხი მნიშვნელოვანი და დროული რომ არ იყოს! ეს დათომ ძალიან კარგად იგრძნო და ჩვენც დავეთანხმეთ!
პირდაპირ ვაცხადებ: ჩვენ ამ მოძრაობას დავიწყებთ, „დაიცავი საქართველო“ უფრო გააქტიურდება და მარტო პარტიული სტრუქტურა არ იქნება. ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა.
_ თქვენი მიზანი რა არის?
_ ჩემთვის, დათოსთვის და სხვა ლიდერებისთვის მთავარი მიზანი, მაინცდამაინც, პარლამენტში მოხვედრა და ხელისუფლებაში ყოფნა არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველო ორი მთავარი მონსტრისგან _ „ქოცებისა“ და „ნაცებისგან“ განთავისუფლდეს და დავიცვათ! საზოგადოებას შეუძლია, ეს დაიჯეროს ან არა, მაგრამ ჩვენი საქმიანობით ამას დავამტკიცებთ! ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული!
_ ბატონო კახა, ნებისმიერ პოლიტიკურ აქტიურობას ფინანსები სჭირდება. „დაიცავი საქართველო“ ფულს საიდან მოიტანს?
_ ეს გამჭვირვალე იქნება. მოძრაობის გააქტიურებზე საუბარი რამდენიმე დღეა, დავიწყეთ და ახლა ვერ გეტყვით, ფინანსებს საიდან მოვიზიდავთ და ამ საზოგადოებრივ მოძრაობას ვინ დააფინანსებს, მაგრამ საზოგადოებისთვის დამალული ერთი თეთრიც კი არ იქნება!
არ ვამბობ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.
_ თქვენ როგორ გინდათ?
_ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველაფერი ეს ძალიან დიდ მოძრაობაში გადაიზარდოს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ჩვენი მხრიდან მცდელობას არ დავაკლებთ, რომ განვახორციელოთ, რაზეც ახლა ვლაპარაკობ!
_ „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება ზუგდიდში, მთაწმინდასა და კიდევ რამდენიმე რაიონში შუალედურ არჩევნებს დაემთხვა. ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?
_ კარგი შეკითხვაა. ზუგდიდის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ ვასწრებთ, რადგან საამისოდ მზად არც ფინანსურად ვართ და არც _ სხვა მხრივ, თუმცა თუ გაინტერესებთ, შემიძლია, ზუგდიდის მერის არჩევნებზე ჩემი აზრი გითხრათ.
_ რა თქმა უნდა, მაინტერესებს. ამ არჩევნებში „დაიცავი საქართველო“ „ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს მხარს?
_ როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ კანდიდატი ვინ იქნება?
_ ეს, მგონი, თავად „ოცნებამ“ არ იცის და მე საიდან უნდა ვიცოდე?
_ იცით, რაა? ზუგდიდში საქმე სხვანაირად არის.
_ ანუ?
_ გულწრფელად გეტყვით: სანდრა რულოვსს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს!
_ ე. ი., „ოცნების“ კანდიდატს დაუჭერთ მხარს?
_ როგორც ამბობენ, „ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შესაძლოა, გიგა შენგელია დაასახელოს. გიგას ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ, კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდაა, მაგრამ ეს რიგითი არჩევნები არ იქნება. ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იქნება! მიმაჩნია, რომ ყველა იმ უბანზე, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, მნიშვნელოვანი, მათ შორის, მთაწმინდაზე მნიშვნელოვანიც ზუგდიდის მერის არჩევნები იქნება!
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ზუგდიდში ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე ძლიერი, სამწუხაროდ, ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ პარტიამ, თუ შეიძლება ითქვას, ტატამზე თავისი ფავორიტი _ სანდრა რულოვსი გამოიყვანა, თუმცა ამ სიტუაციას უფრო სხვანაირად მოვნათლავ.
_ მაინც, როგორ?
_ აქ მთავარი არც ზუგდიდის მერობაა და, სამწუხაროდ, არც _ ზუგდიდის ინტერესები. ამ არჩევნებზე ზუგდიდის „ელ კლასიკო“ გაიმართება და იცით, ვისა და ვის შორის?
_ ვის შორის?
_ ეს იქნება „ბარსელონა“ და „რეალ-მადრიდი“, ანუ გახარია და სანდრა რულოვსი, ე. ი., ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
_ მაინც არ მეუბნებით, ბატონო კახა, „დაიცავი საქრთველო“ მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს თუ არა?
_ გითხარით, რომ სანდრა რულოვსს ხმას არ მივცემ. ჩვენ გადავწყვეტთ, „ქართულ ოცნებას“ მხარს დავუჭერთ თუ არა.
_ თუ „ოცნებას“ დაუჭერთ მხარს, ის ხმა, რომ „დაიცავი საქართველო“ ივანიშვილის პროექტია, გამართლდება, არა?
_ არა, არა, არა! არ გეუბნებით, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუჭერთ მხარს. ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს.
მოდით, ეს კითხვა ჰაერში დავტოვოთ და მაშინ გიპასუხებთ, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
_ კითხვების დასმა ჩემი პრეროგატივაა, პასუხების გაცემა კი _ თქვენი.
_ მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ტვ „პირველის“ პირდაპირ ეთერში გახარიამ აღიარა, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეუბნებით: ახლაც ზუგდიდში არჩევნებს გახარია ჩაატარებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ზუგდიდი და ზუგდიდის პრობლემები მეორე პლანზე გადაინაცვლებს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, როცა „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ თამაშობს, ფსონს ლესიჭინეს „ლოკომოტივზე“ არავინ დადებს!
ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა და ძალიან არ მინდა, რომ ისევ ამ დაპირისპირებაში შევიდეთ.
_ სხვათა შორის, თავის დროზე, მახსოვს, ამბობდით, 2016 წლის ზუგდიდის არჩევნები სანდრამ მოიგოო.
_ დიახ.
_ დღეს სამეგრელოში ისევ არის განწყობა, რომ სანდრას შესაძლოა, არჩევნები გაუყალბონ?
_ ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: მიხეილ სააკაშვილი იმდენად ბრიყვი არ არის, რომ სამეგრელოში არსებულ სიტუაციას ვერ გრძნობდეს.
_ ეს რა შუაშია?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებს მოიგებს და სანდრა რულოვსის კანდიდატურაც ამიტომ დააყენა. რეალობა ასეთა: ზუგდიდში ბრძოლა, რეალურად „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის გაიმართება. ჩვენი მოძრაობა გუშინ დაიწყო და ამ რეალობას ვერ შევცვლით. საერთოდ, პოლიტიკურ შეფასებას ყოველთვის რეალურად ვაკეთებ და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება. ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან მძიმე არტილერია ჩაერთვება.
_ ანუ მოვლენები შესაძლოა, კორცხელის სცენარით განვითარდეს?
_ დიახ, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან, როგორც გითხარით, ზუგდიდის არჩევნები „ელ კლასისკო“ იქნება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ არჩევნები ევროპულად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად ჩატარდეს, მაგრამ ზუგდიდში ისეთი დაძაბულობაა, რომ რაღაც გადახრებსა და ექსცესებს არ გამოვრიცხავ!
_ ე. ი., ქართული პოლიტიკა უფრო მძიმე სტადიაში გადადის, ვიდრე აქამდე იყო?
_ რა თქმა უნდა!
_ არადა, ხალხი ყველაფერ ამით დაიღალა და საზოგადოებამ რა უნდა ქნას?
_ ჩვენ სწორედ ამ დაღლილი ხალხის განთავისუფლება გვინდა, რადგან ისე არ დაიღალოს, რომ, საბოლოოდ, ფეხზე ვეღარ წამოდგეს! ამ ხალხს ქვეყანა აქვს ასაშენებელი და სამშობლო ოკუპანტისგან _ დასაცავი! ხალხი ამ ბრძოლაში უნდა დაიღალოს და არა _ ამ ორი მონსტრის დაპირისპირების ყურებაში!
ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას და ამაში პათეთიკა არაა! ჩვენ ყოველთვის საქართველოს დავაყენებთ მაღლა და არა _ ვიწრო პარტიულ ინტერესებს!

გიორგი აბაშიძე