მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ქართული აფერა და სკანდალში გახვეული საერთაშორისო კომპანიები

2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასრულა ოსამა ასაად გობრაილ მასოუდის განაცხადის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელმაც საერთაშორისო კომპანიის (ოფიციალური ვებგვერდი viagogo.com) სახელი სკანდალში გახვია. ამ უდახვეწილესი აფერის ავტორი კი ქართველი აიტი-სპეციალისტი გიორგი თავაძეა, რომელიც დღესდღეობით სასჯელს საქართველოში იხდის.
წესით და რიგით, ამ სტატიას „ჰოლივუდის“ რომელიმე რეჟისორი ან პროდიუსერი თუ წაიკითხავს, შესანიშნავი სცენარის იდეას მივაწოდებთ.

„ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს დაზარალებული მხარე _ „ფუტურეტრაველგეორგიას“ დირექტორი, ოსამა ასაად გობრაილ მასოუდი:
_ ქართულ ბაზარზე 2015 წლის იანვრიდან ვიმყოფებით და ამ ხნის განმავლობაში საკმაო რეპუტაცია მოვიპოვეთ. კომპანია უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოყვანას ახორციელებდა, უზრუნველყოფდა მათ განთავსებას სასტუმროებში ქვეყნის მასშტაბით, ასევე დღიური ტურების დაგეგმვას. მოგვიანებით, ჩვენი კომპანიის მომსახურებას დაემატა ბილეთების სერვისიც. 2017 წლის დეკემბერში შეკვეთა მივიღეთ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე, რომელიც რუსეთში იმართებოდა. ჩვენს პარტნიორ კომპანიებს აღნიშნული თამაშის ბილეთებზე მოთხოვნა ჰქონდათ და მათი შეძენა და მათთვის მიწოდება ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო. ამაში მეხმარებოდა ჩვენი კომპანიის აიტი სპეციალისტი _ გიორგი თავაძე, რომელსაც დილერი ანუ გადამყიდველი კომპანია უნდა მოეძებნა დილერი ჩვენს კომპანიას მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებს კონკრეტული ტრაფიკის პირობებით შეუძენდა. ეს მოიცავდა თანხის ეტაპობრივად გადახდებს თვეებისა და თანხის რაოდენობის მიხედვით. გიორგი თავაძემ შემოგვთავაზა საერთაშორისო სადილერო კომპანია „ვიაგოგოს“ სერვისი და მეც დავთანხმდი. დავიწყეთ თანამშრომლობა. ყველაფერი _ ხელშეკრულების გაფორმებით დაწყებული და ანგარიშფაქტურებით დამთავრებული _ ელექტრონულად,ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდებოდა.
_ ე. ი. აზიელი კონტინგენტისთვის თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები უნდა შეგეძინათ?
_ დიახ. არა მარტო აზიელი კონტინგენტისთვის, ნებისმიერი მსურველისთვის. საერთო ჯამში, 550-მდე ბილეთის შეძენის მსურველი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამდენივეს განაცხადი „ვიაგოგოზე“ გადავაგზავნეთ. კონტრაქტის მიხედვით, ამ რაოდენობის ბილეთის გადასახდელი თანხა შეადგენდა 105 000 დოლარს, რაც, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, გარკვეულ ვადებში უნდა გადაგვეხადა paypal-ის საშუალებით. ასევე თანხა „ნონ-რეფუნდაბლე“ (უკან დაბრუნების გარეშე) იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ ჩვენი კომპანია ზემოთ აღნიშნულ თანხას სრულად ვერ გადაიხდიდა. შეთანხმებისამებრ, „ვიაგოგო“ ჩვენს კომპანიას მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გამოუგზავნიდა ბილეთების სრულ რაოდენობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი მარკეტი იყო არაბული, არ გაგვჭირვებია პარტნიორი კომპანიებისგან ბილეთების მოთხოვნა, ისინი ეტაპობრივად გვირიცხავდნენ თანხებს. ამ ფულს გიორგი თავაძეს ვაძლევდით და იგი paypal-ის საშუალებით რიცხავდა თანხებს „ვიაგოგოს“ ანგარიშზე.
_ ყველა გადახდის ქვითარი გქონდათ?
_ თითოეული გადახდის განხორციელებისთანავე შეტყობინება მეილზე მოგვდიოდა. 2018 წლის მაისში ჩვენს კომპანიას „ვიაგოგოსთვის“ გადარიცხული ჰქონდა 80 000 დოლარი და დარჩენილი გვქონდა 25 000 დოლარი, რომ ბილეთები გამოეგზავნათ. ეს ბოლო ჩარიცხვა იმ მიზეზით დაგვიანდა, რომ, თავის მხრივ, ერთ-ერთმა კომპანიამ დააგვიანა, რომელსაც 26 000 დოლარი უნდა ჩაერიცხა ჩვენს ანგარიშზე. ეს კომპანია გიორგი თავაძემ მოგვინახა. მანამდე მათთან არანაირი შეხება არ გვქონია, კომუნიკაცია მიმდინარეობდა მხოლოდ მეილების საშუალებით. მოკლედ, ეს კომპანია ბოლო წუთს უკვე აღარ გამოდიოდა კონტაქტზე, შესაბამისად, თანხის მოლოდინში „ვიაგოგოსთან“ ბოლო თანხის გადარიცხვა დავაგვიანეთ. და აი, ამ დროს მოდის „ვიაგოგოსგან“ წერილი, რომ თანხები მათ ანგარიშზე საერთოდ არ არის ჩარიცხული _ არც ერთი ცენტი და ვერც მივიღებთ ბილეთებს.
_ კი მაგრამ, 80 000 დოლარი ხომ გადაურიცხეთ?
_ კომუნიკაცია ჩვენსა და „ვიაგოგოს“ შორის მეილების საშუალებით ხორციელდებოდა. პასუხისმგებელი ამ საქმიანობაზე გიორგი თავაძე იყო. მეილებზევე ვიღებდით ოფიციალურ ინვოისებს, როგორც თანხის გადახდის დოკუმენტს და ჩვენს კომპანიას აღნიშნულ გადარიცხვებთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ გასჩენია. თავიდან არც ის ფაქტი გვეჩვენა საეჭვოდ, რომ უცხო ქვეყანაში paypal-ის საშუალებით გვიწევდა გადახდა.
_ კონკრეტულად რა შედიოდა გიორგი თავაძის მოვალეობაში?
_ გიორგი თავაძე გახლდათ ჩვენი კომპანიის აიტი-თანამშრომელი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა აიტი უსაფრთხოების კონტროლი, საიტის მართვა და რეკლამირება. იმ პერიოდში, როდესაც „ვიაგოგოზე“ 25 000 დოლარის ჩარიცხვა გვიანდებოდა, გიორგი თავაძე შემპირდა, რომ მის მეუღლეს მოსკოვში ბინა ჰქონდა, რომლის გაყიდვასაც აპირებდნენ და თუ დროულად გაიყიდებოდა, კომპანიას ბილეთების საფასურის დასაფარად თანხით დაეხმარებოდა. ხოლო როდესაც ფულს მივიღებდი პარტნიორი კომპანიებიდან, მას უკან დავუბრუნებდი. ასეთი შემთხვევაც იყო: გიორგი ოფისში ჩვილ ბავშვთან ერთად მოვიდა და განაცახადა, რომ მისი მეუღლე ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით მოსკოვში გადაფრინდა.
_ საბოლოო ჯამში, არსადაც არ გაფრენილა არა?
_ დიახ, როდესაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ საზღვარიც არ ჰქონდა გადაკვეთილი. იმის თქმა მინდა, რომ გიორგი თავაძე მუდმივად კონტაქტზე იყო ჩემთან და ცდილობდა, „უანგაროდ“ დამხმარებოდა ყველა პრობლემის მოგვარებაში. სხვათა შორის, ამ პიროვნებას იმდენად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა კომპანიის ყველა თანამშრომელთან, რომ არავის შეუტანია ეჭვი მის საქმიანობასა და კეთილსინდისიერებაში. არასდროს ავიწყდებოდა თანამშრომლების დაბადების დღეები, ახალ წელს ნაძვის ხე მან მოიტანა და სეკრეტ სანტას პერიოდშიც არავინ დაუტოვებია უსაჩუქროდ…
_ აღგვიწერეთ გიორგი თავაძის მიერ დაგეგმილი აფერის სქემა.
_ ვიდრე ამ სქემას გაგიშიფრავდეთ, მინდა განვმარტო, რომ სრული სქემა შსს-მ გამოიძია. მანამდე ასეთი რამე ფილმებშიც არ მენახა. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კომპანიამ ბოლო დარჩენილი თანხა ვერ გადაიხადა, „ვიაგოგომ“ მოგვწერა, რომ ვერც ერთ ბილეთს ვერ მივიღებდით. პარალელურად, ყოველდღე ვიღებდით სატელეფონო ზარებსა და მუქარებს პარტნიორი კომპანიებისგან. ისინი ბილეთებს ან თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ. გადავწყვიტყე, შსს-სთვის მიმემართა, რათა, პირველ რიგში, ის გაერკვია, სად წავიდა გადარიცხული 80 000 დოლარი. აი, სწორედ მაშინ გაირკვა ყველაფერი, რომ გიორგი თავაძეს „ვიაგოგოს“ სახელზე მეილი და საიტი ჰქონდა შექმნილი, რომელიც სპეციალური ლინკის საშუალებით გადადიოდა „ვიაგოგოს“ ოფიციალურ საიტზე. თავაძე აყალბებდა ყველა ინვოისს, ფოტოშოპში ქმნიდა სხვადასხვა დოკუმენტაციას ჩვენი კომპანიის დირექტორთან და ბუღალტერთან წარმოსადგენად თანდართული ბეჭდებით. ანუ როცა ჩვენი კომპანიის მეილიდან იგზავნებოდა წერილი ვითომ „ვიაგოგოს“ მეილზე, სინამდვილეში, თავის შექმნილ მეილზე აგზავნიდა და თავადვე პასუხობდა. ამავე სისტემით ჰქონდა აწყობილი paypal-ით გადახდის სისტემა.
_ ანუ, რეალურად, გადახდის ქვითრები არ ჰქონდა?
_ არა. არასდროს მოუტანია გადახდის ჩეკი და არც არავის მოუთხოვია, ვინაიდან ავტომატურად მეილზე ვიღებდით „ჩარიცხვის“ მესიჯებს. ვერც დირექტორმა და ვერც ვერავინ ვერაფერი ვიეჭვეთ, ვინაიდან მიმოწერა ძალიან ჰგავდა ოფიციალურს, ასევე ხელშეკრულებაც, რომელიც ვითომდა დადებული იყო ჩვენ შორის. ბოლოს გამოჩენილი პარტნიორიც, რომელიც 26 000$-ის გადახდას აპირებდა, გიორგი თავაძის მხრიდან იყო. შესაბამისად, მან იცოდა, რომ ჩვენი კომპანია იმ დროისთვის დამოკიდებული იყო ამ თანხაზე და ბოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უკვე გადახდილ თანხასაც არავინ დააბრუნებდა უკან…
_ ანუ ნამდვილ კომპანია „ვიაგოგოსთან“ თანამშრომლობა არ შემდგარა და არც თანხები ჩარიცხულა მათ ანგარიშზე?
_ არა! გიორგი თავაძემ „ვიაგოგოს“ ბუტაფორია შეგვიქმნა და ყველა დაგვაჯერა, რომ სწორედ მათთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას.
_ როდის აიღეთ ეჭვი, რომ აღნიშნული აფერის სათავეში გიორგი თავაძე იდგა?
_ მაისში, როცა კომპანიამ უკვე ყველაფერი დაკარგა. აღარ ვიცოდით, ვისთან გაგვეგრძელებინა მოლაპარაკება და რა გზით დაგვებრუნებინა თანხა. მოხდა ისე, რომ ჩვენი კომპანიის მენეჯერის, ქეთი ბუაძის მამა აღმოჩნდა აიტი სპეციალისტი . სწორედ მან გაგვიშიფრა, რომ საიტი, ელექტრომეილები და ხელშეკრულება „ვიაგოგოს“ არ ეკუთვნოდა. მენეჯერმა ეს დეტალები მომახსენა, რის შემდეგაც შსს-ს მივმართე და გიორგი თავაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. როდესაც მას სახლში მიაკითხეს, აღმოჩნდა, რომ იგი არ ცხოვრობდა იმ მისამართზე, რასაც მანამდე ასახელებდა. მერე კონტაქტზე გამოვიდა და განაცხადა, რომ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
_ კი მაგრამ, აზიური მარკეტის მომხმარებლებისგან ჩარიცხულ თანხას რა ბედი ეწია? ბილეთები მათ, ფაქტობრივად, ვერ მიიღეს?
_ აღნიშნულმა ვითარებამ ჩემი კომპანია დაანგრია. ფაქტობრივად, 80 000 დოლარი დაიკარგა, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან ბილეთების შეძენის სანაცვლოდ მივიღეთ და ეს თანხა დღემდე ვალად მადევს. დავკარგე წლობით მოპოვებული ნდობა და კონტაქტები. თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დამტოვა, იმიტომ რომ ხელფასებს ვეღარ ვუხდიდი და ვერც ყოველთვიურ გადასახადებს ავუდიოდი. დღესდღეობით კომპანიაში არც ერთი ძველი თანამშრომელი აღარ მუშაობს მენეჯერისა და ბუღალტრის გარდა. ჩემი კომპანია, რომელსაც 2017 წლის ზაფხულში 100-მდე ჯგუფი შემოჰყავდა, დღეს თვითგადარჩენისთვის იბრძვის.
_ ადვოკატს რატომ უჩივით?
_ როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიის არც ერთ თანამშრომელს არ ჰქონია გამოცდილება მსგავს საკითხებთან მიმართებით და თავიდან ყველანი ძალიან დაბნეულები ვიყავით. როდესაც შსს-მ საქმე აღძრა, გამოძიება შეფერხდა და სულ გვეშინოდა, რომ გიორგი თავაძის პასუხისგების საკითხი არ დადგებოდა. მთელი ეს პერიოდი, სანამ თავაძე დანაშაულს აღიარებდა, ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებდა. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ფული საერთოდ არ მქონდა, დაკარგული თანხების დაბრუნების იმედით მომსახურების საფასურზე _ 3000 დოლარზე შევთანხმდით. მის სახლში მივედი და 1000 დოლარი გადავუხადე, სანაცვლოდ არანაირი საბუთი არ მიმიღია. მოგეხსენებათ, საქმე საკმაოდ რთული იყო და დროს მოითხოვდა. მას შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი ზაქრო კაპანაძე იძიებდა. ხაჭაპურიძე მპირდებოდა, რომ აუცილებლად მიიყვანდა საქმეს ბოლომდე და თანხის ნაწილსაც დააბრუნებინებდა გიორგის, თუმცა ეს დაპირება მხოლოდ სიტყვებად დარჩა. შალვა ხაჭაპურიძე არ დასწრებია არც ერთ სასამართლო სხდომას გიორგი თავაძის წინააღმდეგ და ჩვენს მხარეს სასამართლოზე წარმოადგენდა პროკურორი მარიამი. სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს… დროდადრო ვცდილობდით შალვასთან დაკავშირებას და იგი არასდროს პასუხობდა სატელელფონო ზარებს, მხოლოდ ავტომატურ შეტყობინებებს გვიგზავნიდა, რომ არ სცალია. მესიჯებით ვუსვამდით შეკითხვებს და არასდროს ვღებულობდით პასუხს. საბოლოო განაჩენის რიცხვიც ჩვენ შევატყობინეთ. იყო შემთხვევა, როცა ხაჭაპურიძეს ბოლოს საყვედურის წერილი მივწერეთ „whats app“-ში და მისი დამცინავი პასუხი მივიღეთ, რომ დარჩენილი თანხაც არ გვქონდა მისთვის გადახდილი და არც არასდროს აუღია ვალდებულება, საქმე გაეკეთებინა. ორი კვირის განმავლობაში ვცდილობდით დაგვეთანხმებინა შეხვედრაზე, რომ დავლაპარაკებოდით, მაგრამ სულ დაკავებული იყო ან არ გვპასუხობდა. ბოლო განაჩენის შემდგომ აღარანაირი კომუნიკაცია აღარ გვქონია.
_ გიორგი თავაძე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, თქვენ კი საქართველოში ცხოვრების უფლება შეგიზღუდეს. რატომ?
_ საქართველოში ხუთი წელია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა და ქართულ სკოლაში დადის, ბიჭი წლინახევრისაა და საქართველოში დაიბადა. ისინი ეგვიპტის მოქალაქეები და, ამავე დროს, ქრისტიანები არიან. ეგვიპტეში არც სახლი გვაქვს და არც კარი, იქ ვერ დავბრუნდებით. 2018 წელს, ამ შემთხვევის შემდეგ, მთელ ჩემს ოჯახს უარი მოუვიდა საქართველოს მოქალაქეობაზე. სარჩელი გავასაჩივრეთ და სასამართლოში შევიტანეთ, მაგრამ იგივე პასუხი მივიღეთ, _ თურმე, საქართველოსთვის საშიშროებას წარმოვადგენთ, თუმცა რა საშიშროებას _ ვერ გავიგე! დღესდღეობით ყოველ სამ თვეში ერთხელ დროებითი ბინადრობის უფლების განახლება მიხდება. ჩემმა ოჯახმა არ იცის, რა ქნას ან სად წავიდეს. ბინის ქირის გადასახდელი ფულიც აღარ მაქვს. არადა, გიორგი თავაძის გამოჩენამდე კომპანიას უცხოელი ტურისტები შემოჰყავდა საქართველოში, უზრუნველყოფდა მათ განთავსებას სასტუმროებში ქვეყნის მასშტაბით. არაბულ მარკეტზე ძალიან კონკურენტუნარიანები ვიყავით. 2017 წელს მონაწილეობა მივიღეთ დუბაის, ბერლინის, ლონდონისა და რუსეთის საერთაშორისო გამოფენებში, ასევე უკრაინის, ესტონეთის, ჩინეთის გამოფენებზეც ვიყავით. ჩემი კომპანიის შემოსავლები საშუალებას მაძლევდა, რომ ქველმოქმედებაში მიმეღო მონაწილეობა. დავაფინანსეთ ქართველი გოგონა ნინო ჩიქოვანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ასევე პატარა თანხებით რამდენჯერმე დავეხმარე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს და მოხუცთა თავშესაფარს. ჩემი გოგონა კერძო სკოლაში დამყავდა და გამოვიყვანე. ფულს ვეღარ ვუხდი და სახლში ზის. ვერ ვამთავრებინებ მეორე კლასს. საჯარო სკოლაშიც ვერ გადამყავს, ვინაიდან ბინადრობის სტატუსი შემიჩერეს. ერთი რამ ვერ გამიგია _ რა დავაშავე მე ან რა დააშავა ჩემმა ოჯახმა, ასეთ რეპრესიებში რომ ამოვყავით თავი?! ჩვენ ხომ არავინ მოგვიტყუებია. აქეთ მომატყუეს და წლობით მოპოვებული ბიზნესი და სახელი წამართვეს. თქვენს გაზეთს ყველა კითხულობს. მინდა, იუსტიციის მინისტრს მივმართო, _ რა დავაშავეთ?.. იქნებ, განმიმარტოს!

თამარ როსტიაშვილი