თაკო ჩარკვიანი: „ოცნება“ 100 ქარხანას გვპირდებოდა და, სინამდვილეში, „ტროლების ქარხანა“ გაგვიკეთა!“

10 მარტს ახალი პოლიტიკური პარტიის _ „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელმაც თავმჯდომარედ პუბლიცისტი თამარ ჩარკვიანი აირჩია. პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი გახდა, აღმასრულებელი მდივანი , იურისტი _ მიხეილ რამიშვილი, პოლიტიკური მდივნის თანამდებობა კი ახალგაზრდა ადვოკატმა და პოლიტიკისთვის სრულიად ახალმა სახემ, გიორგი ცობეხიამ დაიკავა. გამგეობის წევრია ქეთევან ენუქიძე.
ახალი პარტიის დამფუძნებელ ყრილობას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. სტუმრის სტატუსით ყრილობაზე იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ასევე შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ყრილობაზე საუბრისას, პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, რომ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკაში წასვლით ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება, ანუ ახალი პარტია, რომელიც აქცენტს ე. წ. ფეისებზე კი არა, სრულიად ახალ სახეებსა და ახალგაზრდებზე აკეთებს, რეალურად, გახდება ის ძალა, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
იმას, რომ არსებული ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც ადასტურებს და „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ მისი პარტია კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.
სხვათა შორის, „კანონი და სამართალი“ გამოჩნდა თუ არა, „ოცნების“ ტროლებიც გააქტიურდნენ. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილის „ტროლების ქარხნის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ თაკო ჩარკვიანი იყო, თუმცა თავდასხმების მიუხედავად, ახალი პარტია და მისი წევრები უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში რუსულ კორუფციულ სისტემას ერთხელ და სამუდამოდ ამოშანთავენ.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანთან:

_ ქალბატონო თაკო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. სწორედ ამ დროს იქმნება პარტია „კანონი და სამართალი“, რომლის თავმჯდომარეც ხართ.
რას და როგორ შეცვლით?
_ სახელიდანვე ჩანს, თუ რატომ შეიქმნა ეს პარტია. დღეს საქართველოში კანონი უზენაესი არ არის და არც სამართალია, ანუ კანონისა და სამართლის დეფიციტია.
ხომ ხედავთ, სასამართლო სისტემაში როგორი კატასტროფული ვითარებაა.
კორუფციაც, ცხადია, იმიტომ არსებობს, რომ უზენაესი კანონი არ არის. კორუფციულ ქვეყანაში კი კანონი უზენაესი ვერ იქნება, უკანონო ქვეყანაში დიდი კორუფციაა, ანუ ასეთი ვითარებაა. შესაბამისად, ჩვენს პარტიაში ყოველდღიური მუშაობა მიდის და ერთ კვირაში, მაქსიმუმ, ათ დღეში, ანტიკორუფციული პროექტი მზად გვექნება.
_ ამ ანტიკორუფციულ კანონპროექტს პარლამენტში წარადგენთ?
_ რა თქმა უნდა.
საერთოდ, ჩვენ კოალიციური მთავრობა გვინდა. პირადად მიმაჩნია, რომ ქვეყანა ცაიტნოტშია, წამმზომი ჩართულია და ამ ხელისუფლების ყოველი დღე იმაზე მუშაობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დარჩეს.
ესენი ხმამაღლა და პირდაპირ არასოდეს იტყვიან, აი, ჩვენ რუსეთი გვინდაო, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებს ისე მოშლიან და ევროპას, ასევე აშშ-ს ისე მოგვაცილებენ, თავიანთი ტროლებით დასავლეთის ისეთ დისკრედიტაციას და მოსახლეობის დეზინფორმაციას ახდენენ, რომ, პრაქტიკულად, რუსეთის პირისპირ დავრჩებით.
ამიტომ ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, პარტიის ყრილობიდან მეორე დღეს საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ.
_ ამერიკელ დიპლომატებს შეხვდით?
_ დიახ.
_ ამ შეხვედრაზე რის შესახებ ისაუბრეთ?
_ დღევანდელ ვითარებაზე ვისაუბრეთ, ასევე ჩვენს სტრატეგიულ ხედვებსა და სამომავლო ურთიერთობაზე.
_ როცა სრულიად ახალგაზრდა პარტიასთან კომუნიკაციას ამერიკელი დიპლომატები ამყარებენ, ეს, თავისთავად, კარგია, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ წეღან ტროლი ახსენეთ. ქალბატონო თაკო, როგორც ცნობილი გახდა, „ოცნების“ ტროლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყავით.
„ქართული ოცნება“ თქვენმა პოლიტიკაში გამოჩენამ რატომ შეაშფოთა და აღაშფოთა?
_ ზოგადად, ინტუიცია არსებობს. ვინ-ვინ და, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები, მაგალითად, მიხეილ რამიშვილი, ირაკლი ღლონტი, რომლისთვისაც საოკუპაციო ხაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე ახალგაზრდა და ძალიან გონიერი ბიჭი გიორგი ცობეხია იდეის გარშემო ვართ გაერთიანებულნი.
რაც შეეხება ტროლებს, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედი სიბინძურის _ ნუგზარ ფოფხაძისა და მისი ბანდის _ სტუ-კაცების ტროლთა ქარხანა დაგვიპირისპირდა.
პარტია „კანონი და სამართალი“ ცოტა ხანში ფოფხაძის „კარტოთეკას“ გახსნის და ის დატოვებს ამ ქვეყანას, გამწარებული ხალხი დაატოვებინებს!
ეს უბედურება და სიბინძურე ვერ გაანადგურებს საქართველოს!
საკმარისია, რა ზიანიც უკვე მიაყენა ამ დაქირავებულმა უცხო ქვეყნის მოსამსახურემ ჩვენს ქვეყანას!
ახლა გადამწყვეტი ბრძოლაა ქვეყნისთვის! ამიტომ მაგრად უნდა ვიყოთ, „კანონით და სამართლით“ მოვერევით ამ ახლად გაცოცხლებულ სიბინძურეს!
„კანონი და სამართალი“ საქართველოსთვისაა!
დიახ, კანონი და სამართალი სწორედ ფოფხაძის ბანდას დასჭირდება, როცა გამწარებული და მათ მიერ ტალახშესხმული ხალხი გასამართლებას დაუპირებს, სწორედ მაშინ დასჭირდებათ მათ ქვეყანაში კანონი და სამართალი!
მაგიტომ მოვდივართ, რომ ეს გარეწრები, რომლებიც საქართველოს მრავალი წელია, ძირს უთხრიან, კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ!
ეგებ, მუშაობის დროს ცოტა მაინც შეუყვარდეთ ეს ქვეყანა!
მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის ბიუჯეტით ან უცხო ქვეყნიდან საკუთარი ქვეყნის გაყიდვისთვის აღებული ფულით ცხოვრობენ და ერთხელ ქვეყნისთვისაც იშრომონ. შრომა მაგათთვის სასჯელია და ეგებ, შრომის დროს მაინც შეუყვარდეთ საქართველო!
ჰოდა, ერთად, დიდი გაერთიანებით უნდა შევცვალოთ ქვეყანაში არსებული ვითარება!
სხვათა შორის, ტროლებს ახლა ეძახიან, თორემ ეგენი ადრეც იყვნენ და იგივე მამაჩემის თაობაში ჰყავდათ თავიანთი პატარ-პატარა ყანდიაშვილები… ეგენი თაობებს წამლავდნენ და ჩვენს მშობლებს ინფარქტებს მართებდენ!
მახსოვს, მამა თამამ ლექსს რომ დაწერდა, ათი დღის შემდეგ სადღაც გაზეთ „კომუნისტში“ ან სხვაგან მოსათხრელი წერილი ქვეყნდებოდა ხოლმე. გჯერათ, რომ 70-იან წლებსა და 80-იანებშიც „კომუნისტში“ წერილი ისე დაბეჭდილიყო, რომ ზემოდან არ ყოფილიყო გაკონტროლებული?
ესენი ჭორების პროფესიონალები არიან! მათ ძალიან დიდი ხანია ვუყურებ და გადავწყვიტე, ბოლომდე მივყვე!
ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა გამოუცხადოს ბრძოლა და იმ მრავალთაგან ერთ-ერთი ვიქნები, ვისაც უნდა, რომ ეს უბინძურესი ბრიგადა დამთავრდეს!
ზოგი მათ საქართველოს წინააღმდეგ „მეხუთე კოლონას“ ეძახის, მაგრამ ეს ნუგზარ ფოფხაძის სიბინძურის ნამდვილი ბანდაა, რომელიც პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს!
ეს ის კაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგე ახალგაზრდების დახვრეტას ითხოვდა!
მას ზვიად გამსახურდიაც პირდაპირ ადებდა ხელს!
შეიძლება, ადამიანებამდე ინფორმაცია ხანდახან გვიან მიდის, მაგრამ ამ ქვეყანზე დაფარული არაფერია და მთელმა საქართველომ უკვე იცის, რომ ეს ადამიანები თითით საჩვენებლები არიან!
ამბიციად არ ჩამითვალოთ, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, ცვლილებებს ყოველთვის იდეალისტები ახერხებენ.
იმ დღეს ვიხუმრეთ, ჩვენ იდეალისტთა გუნდი ვართო და, დიახ, მართლაც ასეა. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი გულწრფელობით, პოლიტიკაში პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი არ მივსულვარ.
პოლიტიკაში ჩემი გამოჩენა ჩემი ქვეყნის ერთ წრეზე 30-წლიანმა სიარულმა და წვალებამ გამოიწვია. ეს ნაბიჯი იძულებით გადავდგი. განა, მართლა რა უნდა 3 მილიონი ადამიანის მოვლას და პატრონობას?!
ზოგი მეკითხება ხოლმე, თქვენ, რა, პოზიცია შეიცვალეთო?
არა, ბატონებო, მე პოზიცია არ შემიცვლია და მყარად ისევ იქ ვარ, სადაც ვიყავი!
პოზიცია იმ ადამიანებმა შეიცვალეს, რომლებიც 2012 წელს 100 ქარხანას გვპირდებოდნენ და, სინამდვილეში, „ტროლების ქარხანა“ გაგვიკეთეს!
პოზიცია მათ შეიცვალეს, რომლებიც საწარმოებს გვპირდებოდნენ და მარიხუანის საწარმო შემოგვთავაზეს!
პოზიცია მათ შეიცვალეს, რომლებიც პენსიის გაზრდას გვპირდებოდნენ და 180 ლარზე დატოვეს მოხუცები!
ესენი მოხუცებს კარგ სიბერესაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ამ ხალხის სიბერე ჯიბეში ჩაიდეს და მოხუცები გატყავებულები დატოვეს!
„ოცნება“ იმასაც გვპირდებოდა, ემიგრანტებს დავაბრუნებო, მაგრამ ბოლო მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოდან ემიგრაციაში მილიონი ადამიანი წავიდა.
ქვეყანაში მიწის რეგულაციები არ არსებობს, ამ პრობლემაზე ძალიან ბევრი წელია ვლაპარაკობ და ვამბობ, ეს საკითხი თუ არ მოგვარდა, საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდება-მეთქი.
ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, _ ქალბატონო თაკო, მიწა არ უნდა გაიყიდოსო? ჩვენ მემარჯვენე, დასავლური ვექტორის პარტია ვართ და არ ვამბობთ, მიწა არ უნდა გაიყიდოსო, მაგრამ საამისოდ რეგულაციებია საჭირო, თორემ წარმოგიდგენიათ, ჩვენი სამშობლო იაფი და „ორღია“ გახადეს!
თუ ჩვენს მიწას ფასს არ დავადებთ, სხვას ეს ფასი როგორ ეცოდინება?
ქვეყანაში ინვესტიციები აღარ ხორციელდება, საძოვრები მიტოვებულია.
მოკლედ, ყველა მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა, ამიტომ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვხედავ.
_ ამ საბოტაჟის მიზანი რა არის?
_ როცა მიწის საკითხებს გადავხედე, ისეთი სტაგნაცია დავინახე, რომ მომეჩვენა, საქართველო გააუქმეს-მეთქი!
დიახ, დღეს ჩემი ქვეყანა გაუქმებულ მდგომარეობაშია. ამიტომ ვიბრძვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალი კოალიციური მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპოექტები შევქმნათ.
აქედან ერთ-ერთი, როგორც გითხარით, ანტიკორუფციული პროექტია, რომელსაც შეჯერებაღა სჭირდება.
ჩვენ რეგიონული განვითარების ძალიან საინტერესო პროგრამაც გვაქვს და მგონია, რომ სწორი გზით მივდივართ!
იცით, „კანონისა და სამართლის“ ვის ეშინია? _ მათ, ვინც უკანონობის მომხრეები არიან და საქართველო 30 წელია, ერთ წრეზე დაჰყავთ! სხვას „კანონის და სამართლის“ აბა, რატომ უნდა ეშინოდეს?
ჩვენ ისეთი სახელმწიფოს შექმნა გვინდა, სადაც ყველა კანონმორჩილი იქნება. ასეთი სახელმწიფო კი მაშინ აშენდება, როცა სასამართლო თავისუფალი იქნება. მაგალითად, მთავარ პროკურორს ოპოზიცია აირჩევს. დღეს კი ქვეყანაში რუსული კორუფციული მართვის სტილია.
სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ სათავეში მურუსიძეები იყვნენ, ხეები აქეთ-იქით აპროწიალონ და საქართველო ჯიბეში ჩაიდონ, ეშინიათ ცვლილებების, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის!
ამ ადამიანებმა ხალხის ფული წაიღეს. ვიღაც გამოვა და იტყვის, აი, 700 მილიონია წაღებულიო, მაგრამ ამას არავინ იძიებს.
ამ სიტუაციაში ადგნენ და ღარიბაშვილი მოაბრუნეს. ფეოდალის ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?
იმის გამო, რომ გარკვეულ ადამიანებს თანამდებობებზე ნიშნავს და ფულს უხდის, დანარჩენმა ოთხმა მილიონმა ქართველმა მადლობა უნდა ვუთხრათ? თან ხალხს, რომელიც დამშეული დატოვა, ეჩხუბება, ხმას რატომ იღებო.
_ პარტიული საქმიანობა, მით უმეტეს, ახალი პარტიის აშენება, რუტინაა. საქართველოში უამრავი პარტია არსებობს, მათ შორის, ისეთიც, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე წარმატებულია. არ გერჩიათ, ახალი პარტია კი არ შეგექმნათ, რომელიმე არსებული პარტიის სახე გამხდარიყავით?
_ მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ჩვენი პარტიის ყრილობაზე, მგონი, იყავით და თავად ნახეთ, ხალხს „კანონის და სამართლის“ მიმართ როგორი ნდობა აქვს.
თავს მოვიკლავთ და ხალხის ამ ნდობას გავამართლებთ იმიტომ, რომ ეს გაერთიანებისთვის ბრძოლის ბოლო შანსია, ანუ ახლა ეს ქვეყანა არ უნდა დავთმოთ და სახელმწიფო ინსტიტუციები მიწასთან არ უნდა გავასწოროთ!
რუსეთის ვასალმა გადაწყვიტა, საქართველოში მონარქი იყოს და, როგორც ფეოდალმა, მთელი საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. თუ ამის საშუალებას მივცემთ, ძალიან სულელები ვიქნებით, მაგრამ პირადად მე ძალიან ჭკვიან და მაგარ საქართველოს ვიცნობ!
_ საქართველოში პარტიები აქცენტს აკეთებენ, როგორც წესი, ე. წ. ცნობად სახეებზე _ მომღერლებზე, მსახიობებზე, პოეტებსა თუ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანებზე, თუმცა თქვენმა პარტიამ ეს გზა არ აირჩია. რატომ?
_ ყრილობაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ყველა ცნობილ ადამიანს ვენაცვალე _ ზოგის თვალწინ გავიზარდე, ზოგიც ჩემი ბავშვობაა, მაგრამ იცით, რა ხდება?
_ რა?
_ მგონია, რომ წლების განმავლობაში ეს ხალხი ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია.
_ რატომ?
_ როგორც გითხარით, 30 წელია, ქვეყანა ერთ წრეზე დადის და არჩევნების წინ სულ ამ ადამიანებს იყენებენ ხოლმე. მერე პოლიტიკოსები დაპირებებს არ ასრულებენ და მოსახლეობა იმ სახეების მიმართ, რომლებიც დაპირებებზე საუბრობდნენ, ღიზიანდება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არავინ უნდა ჩაგვეყენებინა!
ახლა „ფეისების“ გამოჩენის დრო აღარ არის _ ისინი 25-30 წელია, პოლიტიკაში ისედაც ჩანან. ჩვენთან, პარტიაში, უმეტესად იურისტები და ეკონომისტები არიან. კონსულტანტებად უცხოელები მოვიწვიეთ.
მოკლედ, სწორედ ამის გამო არავინ შემიწუხებია, რომ ახალ პარტიაში პოლიტიკურ სახედ გამოჩენილიყო! ეს სწორად არ მიმაჩნია და ჩემი გუნდიც დამეთანხმა.
_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, აქტიურ პოლიტიკაში დარჩებით?
_ ეს დროის ამბავია. ჯერ მთავარი ხელისუფლების შეცვალაა. თუ შემიძლია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ერთი აგური დავდო, აუცილებლად დავდებ! ვერ ავიტან, რომ საქართველო მაჩანჩლა მდგომარეობაში იყოს!
ჩემს სიცოცხლეშივე უნდა ვეღირსო, რომ საქართველო დიდ ოკეანეში გავიდეს!
_ გავა?
_ დიახ, გავა და მერე, როცა ყველაფერი კარგად იქნება, ჩემს თავს დასვენების უფლებას აუცილებლად მივცემ!
_ ქალბატონო თაკო, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ „კანონი და სამართალი“ პრორუსული ფლანგის გარდა, ყველა პოლიტკურ ძალასთან ითანამშრომლებს. „ოცნებიდან“ წამოსულები პარტიას ქმნიან. მათთან ითანამშრომლებთ?
_ მათი არ მჯერა!
_ რატომ არ გჯერათ?
_ მურუსიძეზე ახლა ყვირიან, ვაიმეო, მაგრამ შარშან და შარშანწინ იგივე მურუსიძის აღზევებაზე ხელი აქვთ მოწერილი და მათი დღევანდელი პროტესტი ხომ სასაცილოა? მათი ოპოზიციონერობის ვინმეს სჯერა?
_ კიდევ ერთი თემა, ქალბატონო თაკო: იმ 20 პარტიის გაერთიანებასთან, რომელიც საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს, თანამშრომლობას თქვენი პარტიაც აპირებს. ამ 20 პარტიაში ერთ-ერთი ბურჯანაძის პარტიაა. თქვენი თანამშრომლობა როგორ გამოვა?
_ იქ, სადაც ნინო ბურჯანაძე იქნება, მონაწილეობას არასოდეს მივიღებ, რადგან ჩვენს პარტიას მისგან აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმა აქვს. ქალბატონ ბურჯანაძეს ღიად აქვს გაცხადებული, რომ უნდა, საქართველო მარტო დარჩეს. ეს პირდაპირ რუსეთის შემოსვლას ნიშნავს. დიახ, ყველამ იცის, რომ მას საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება სურს!
რაც შეეხება მილიონ ხელმოწერას, ეს ხელმოწერები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გროვდება, თორემ გაერთიანებულ ოპოზიციაშიც ჩემს პოზიციაზე არიან და არავითარი ბურჯანაძე _ ჩვენი მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება!
_ ბოლო კითხვა: „კანონი და სამართალი“ ის მესამე ძალა იქნება, რომელიც რეალურ ცვლილებებს დაუდებს სათავეს?
_ ასეთი დანომრვა არ მიყვარს, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.
დღეს ხალხის მხრიდან ნდობას ვგრძნობ და ამით ბედნიერი ვარ! ხალხს არასოდეს ვუღალატებთ!
_ ისე, პოლიტიკოსის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობთ?
_ სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ როცა გაჭირვებულ და გაწვალებულ ხალხს ვუყურებ, ამას ძალიან განვიცდი.
ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობით გაოცებული ვარ, ამიტომ იქ უნდა მოვხვდეთ, სადაც ხმის უფლება გვექნება და ისეთი კანონები გავიდეს, რომელიც ხალხსაც უშველის და ქვეყანასაც!
აი, სწორედ ამან გამოიწვია, რომ ჩვენი პარტია კოალიციურ მთავრობაში მოვიდეს!
საერთოდ, საქართველო ნაწილ-ნაწილ ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს! მთავარი გაერთიანებაა, თორემ სირცხვილია, იმას მშვიდად ვუყუროთ, რაც ახლა საქართველოში ხდება. ჩვენ მანქურთები არ ვართ, ეს ჩვენი ქვეყანაა და ამ ქვეყანას შველა სჭირდება!
_ წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო თაკო!

გიორგი აბაშიძე