კვირიკაშვილი წავიდა, ხაზარაძეს დაიჭერენ, რიგში კალაძეა, _ რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი?

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილს ჩააბარა, _ გვაუწყა, რომ დასავლური ტიპის ლიდერი მოგვიყვანა და პოლიტიკიდან წავიდა.

შეიძლება, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ კვირიკაშვილს ღარიბაშვილზე ბევრად მეტი უფლება ჰქონდა, საკადრო საკითხებსაც დამოუკიდებლად წყვეტდა და არც პარტიულ საქმიანობას უკონტროლებდა ვინმე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან „ოცნების“ გუნდს ახალი სახეები, ძირითადად, „ახალი მემარჯვენეებიდან“ შემატა, მისი მოკავშირე იყო დავით საგანელიძეც. არც მედია გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, „პალიტრა“ ჰოლდინგს დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო ნათესავები აკონტროლებდნენ, ტვ პირველი კი მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობრის, ავთანდილ („ჭუტა“) წერეთლის ვაჟის საკუთრება იყო. დანარჩენ მედიასთან კი სუსი ალაგებდა ხან ფულით, ხან _ კომპრომატებით.
გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით შს მინისტრის პოსტი გიორგი მღებრიშვილმა შეინარჩუნა, რომელმაც მისი ნდობა ე. წ. კახელების კარტელის ჩაშვებით და ჯანყარაშვილის ფინანსური სქემების გაშიფვრით მოიპოვა.
კვირიკაშვილს მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წევრების გარდა არაოფიციალური ჩრდილოვანი ფინანსური საყრდენებიც გაუჩნდა, _ მან ე. წ. შავი სალარო ძველ ბიზნესპარტნიორ რაფიელ სურამელაშვილს („რაფო“) ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბაჟო ტერმინალების, სიგარეტის დისტრიბუციის, ტენდერების „ატკატებისა“ და სხვა ფინანსური ნაკადების კონტროლი დაიწყო (ამ სქემებზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა და დეტალებზე აღარ შევჩერდებით). გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში გადაწყდა ანაკლიის პორტის მშენებლობის მამუკა ხაზარაძისთვის ჩაბარების საკითხიც. როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტში ბიზნესმენ თემურ ქარჩავას კანდიდატურას ლობირებდა. „ასავალ-დასავალის“ გარდა ქართული მედია სწორედ მამუკა ხაზარაძეს გულშემატკივრობდა და „ქრონიკა+“-მაც გარკვეული წვლილი შეიტანა ანაკლიის პროექტიდან თემურ ქარჩავას ჩამოშორებაში.
თამბაქოს დისტრიბუციის ბაზარზე მონოპოლიების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის ე. წ. მოლარე, რაფიელ სურამელაშვილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას შეუდგა. ძირითადად ყველა მსგავს ორგანიზაციაში რუსული ფული დატრიალდა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეებიც (წევრები) რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. „რაფოს“ ამ საქმიანობას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კორკელია. სწორედ ამ პერიოდში გამჟღავნდა საჯაროდ კვირიკაშვილის რუსებისადმი სენტიმენტები, როცა მან საქართველოში ჩამოსულ ბელარუსის პრეზიდენტს საკუთარ რუს ბებიაზე უამბო და როგორც ლუკაშენკო ამბობდა, ცრემლებიც კი გადმოღვარა რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო.
თბილისის ცენტრი და მაიდანი კიდევ ერთ რუს ბიზნესმენსა და კვირიკაშვილის მეგობარს, ზაზა ნიშნიანიძეს მიჰყიდეს, მათ შორის, თბილისის ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტიც.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის ლობისტების მეშვეობით დაიგეგმა გიორგი კვირიკაშვილის უცხოური ტურნე, მათ შორის, შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კვირიკაშვილი შეახვედრეს ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეხვედრებზე პრემიერი პირდაპირ წუწუნებდა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ხელს უშლის, მაგალითად კი „რუსთავი 2-ის“ საქმე მოჰყავდა. ეს მაშინ, როცა ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებზეც კი არ გამოჩენილა, პარტიის საქმიანობაში არ ჩარეულა და კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პარტიულ ვერტიკალს მოქმედი მერების მეშვეობით აკონტროლებდა.
დემოკრატიის განვითარების ხელშეშლაზე ლაპარაკობდა პრემიერ-მინისტრი, რომლის დროსაც ექსტრემისტებმა, ფაქტობრივად, გადაწვეს ბათუმი და მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, დასახმარებლად კი ძველ მეგობარს _ უფროს „გრეჩიხას“ მიმართა. კვირიკაშვილის პრემიერობის დროს აყვავდა ნარკობიზნესი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნარკოტიკები კვირიკაშვილის სახლის გვერდითაც კი თავისუფლად იყიდებოდა. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ისე თავხედობდა, რომ ღიად ემუქრებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ნარკოტიკების ჩადების ბინძური პრაქტიკაც კი დააბრუნა. ამ უსამართლობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ჩემი შვილიც იყო. როგორც მოგვიანებით სოსო გოგაშვილი თავს იმართლებდა, ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადება სწორედ გიორგი კვირიკაშვილის მოსასვენებელ ოთახში გადაწყდა, ის კი მხოლოდ სამთავრობო დავალების შემსრულებელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მიიღო გამამართლებელი განაჩენი ჩემი შვილის მიმართ, მოქმედ პრემიერს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ჩადებების პრაქტიკის დასაგმობად და არც უფიქრია დამნაშავე გიორგი მღებრიშვილის დასჯა, რომელიც ბოლოს იმ დონემდე დავიდა, საკუთარ თანამშრომლებს ბალასტს ეძახდა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ივანიშვილს კვირიკაშვილის უცხოურ ვოიაჟებზე ინფორმაცია მალევე მიაწოდეს, მაგრამ ის გადაწყვეტილების მიღებას მაინც არ ჩქარობდა.
გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ პარტიული ვერტიკალის სრულად გაკონტროლების პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას გეგმავდა, ვაკანტური პრემიერ-მინისტრის პოსტი კი ქვეყნის წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს უნდა დაეკავებინა, ამისთვის კი მისი სავარაუდო კონკურენტების წინასწარ გაშავება იყო საჭირო. პირველი სამიზნე საქართველოს რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე გახლდათ, რომლის კანდიდატურაც, ჯერ კიდევ, კვირიკაშვილის დანიშვნამდე განიხილებოდა ამ პოსტზე.
სახელისუფლებო მედია ბახტაძის კომპრომატებს ცხადია, ვერ გამოაქვეყნებდა, რადგან ამ თემით დაინტერესებული პირების ვინაობა არ დაიმალებოდა. სწორედ ამიტომ გეგმის განხორციელების ადრესატად „ქრონიკა+“ შეირჩა. ერთ-ერთი სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელის მეშვეობით მამუკა ბახტაძის „კომპრომატები“ მე მომაწოდეს. როგორც ჩანს, ამ იდეის ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩემი, როგორც ყველაზე სკანდალური გაზეთის, რედაქტორის კომუნიკაციის ყველა საშუალებას, მათ შორის, ვაიბერსაც, სუსი აკონტროლებდა, ამიტომ გამომგზავნის ვინაობის დადგენა უსაფრთხოების სამსახურისთვის ძნელი სულაც არ იქნებოდა. მასალები დასაბეჭდად მზადების პროცესში იყო, როდესაც მეორე დღეს აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მის მიერ მიწოდებული მასალები აღარ დამებეჭდა, რადგან ის უწყებაში დაიბარეს და სერიოზულად „მიაკაჩავეს“.
ბუნებრივია, სუსი აღნიშნულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილსაც მიაწვდიდა. სწორედ ამ თემას მოყვა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები და შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა, ფინანსთა მინისტრის პოსტი კი მამუკა ბახტაძემ დაიკავა. დაიწყო დიდი სახელისუფლებო ომი.
„ბასიანის“ დარბევასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ წერდა, მკითხველს მხოლოდ იმას შევახსენებთ, რომ ბაზარზე მკვლელი ნარკოტიკის გამოჩენას ჩვენი წყარო პირდაპირ კახელების კარტელის საბოტაჟს უკავშირებს, რადგან თბილისსა და მთელ საქართველოში ნარკობაზარს სწორედ კახელების კარტელი და გიორგი მღებრიშვილი აკონტროლებდა. სპეცოპერაციისას კრიმინალურმა პოლიციამ, რომელიც ისევ ბალასტ მღებრიშვილის კადრებით იყო სავსე, უფლებამოსილებას აშკარად გადააჭარბა, კლუბიდან ძალის უხეში გამოყენებით გამოყარეს იქ გასართობად მისული ადამიანები.
იმავე საღამოს თბილისის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსდა.
სწორედ ამ დროს საერთო სქემაში უკვე „თეთრი ხმაური“ ერთვება და აქციის ინიციატორიც სწორედ ეს ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის, კახი კალაძის სახელს. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს „თეთრი ხმაური“ კახი კალაძეს ეხმარებოდა და მთავარი პირობა ქუჩასთან ის იყო, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბელარიზაცია მოხდებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, არ შესრულდა.
საპროტესტო აქციამ მხოლოდ ერთხელ მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა და ძირითად ულტიმატუმად შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა. პარალელურად, სუსისა და კახელების კარტელის მიერ კონტროლირებულმა ორგანიზაცია „ქართულმა მარშმა“ კონტრაქციის გამართვა დაიწყო. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, შინაგან საქმეთა მინისტრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. კონტრაქციის აგრესიულ მონაწილეებს რომ პოლიციის კორდონის გარღვევა მოეხერხებინათ, აქციის მონაწილეებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, რაც შეიძლება უმძიმესი შედეგებით დასრულებულიყო. ეს კი გახარიას კარიერის დასასრული იქნებოდა.
რაზე ილაპარაკეს პარლამენტის შენობაში შს მინისტრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. შეხვედრის მერე გიორგი გახარია აქციის მონაწილეებთან გამოვიდა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ასევე მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმ პოლიციელების მისამართით, რომელთაც აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ. პარალელურად კი კონტრაქციის წინააღმდეგ შს სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა გამოიყვანა, რითაც გასაგებად მიანიშნა სუს-საც, რომ აგრესიული ქმედებების განმეორების შემთხვევაში ის ამ ბრბოს, უბრალოდ, დაარბევდა. საბოლოოდ კი აქცია მშვიდობიანად დასრულდა და იმავე საღამოს რუსთაველზე კარვებიც აიშალა, თუმცა პოლიტიკოსების გეგმებში არ შედიოდა ეს მშვიდობა, ამიტომაც მეორე დილითვე აქცია ხელახლა დაანონსდა და პიკს საღამოს მიაღწია. თუმცა გიორგი გახარიამ ეს რაუნდი დამაჯერებლად მოიგო, აქცია მშვიდობიანად დაიშალა და აღარც კონტრაქციის დარბევა გახდა საჭირო. ასევე მშვიდობიანად დასრულდა 17 მაისის ლგბტ პირების აქციაც.
ამასობაში „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წყარო დეტალურად მოუყვა იმ სპეცჯგუფის შესახებ, რომელიც მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის დავალებით იყო შექმნილი და გიორგი კვირიკაშვილის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის კორუფციულ საქმიანობას იძიებდა. ამ ჯგუფში ფინანსური პოლიციის გამომძიებლებიც შედიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრი იყო, მან ვერ მიიღო დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მასალებზე მუშაობდა გამოძიება. სწორედ ამ მიზნით, ქუმსიშვილის რეკომენდაციით, ფინანსური პოლიციის უფროსად სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, გოგა თვაური უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ეს დანიშვნა ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა. სამაგიეროდ, თვაური მაინც გამოადგა ქუმსიშვილს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში სწორედ ქუმსიშვილის დავალებით და სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნა. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებები, ფაქტობრივად, განადგურდა.
სასამართლო გადაწყვეტილებას კი მთავარ პროკურატურასთან ხმაურიანი და ხალხმრავალი პროტესტი მოყვა, რომელიც ამჯერად უკვე კვირიკაშვილმა გამოიყენა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს თანამდებობის დატოვება მოუხდა. შოთაძის გადადგომის მერე კორუფციის, ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე თაროზე შემოდეს და მის დასრულებაზე აღარავის უფიქრია.
აქციის ორგანიზატორებს შორის პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს აქციები სწორედ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ინტერესებში შედიოდა, რადგან ამ მომენტისთვის ივანიშვილი უკვე ინტენსიურად ითხოვდა კვირიკაშვილის გადადგომას. კვალის დასაფარად კვირიკაშვილმა გახარიას ბოდიშის განმეორება სცადა და აქციაზე ჩავიდა, თუმცა მას ახალგაზრდებმა არ მოუსმინეს და ბოთლები ესროლეს.
მაისსა და ივნისის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე „ქართული ოცნების“ ოფისში დიდი გარჩევები პოლიტსაბჭოს გახმაურებულ სხდომაზე გაიმართა. ივანიშვილმა კვირიკაშვილი ღალატსა და მის ზურგსუკან შეთქმულებაში ღიად დაადანაშაულა. ამავე პოლიტსაბჭოს სხდომაზე პირველად გაჟღერდა მამუკა ხაზარაძის გვარიც და მას ივანიშვილმა საპროტესტო აქციების დაფინანსებაში დასდო ბრალი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ დიმიტრი ქუმსიშვილს მაგიდაზე ჩანაწერი დაუდო, სადაც ის აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ გოგიტა ვაშაძეს აქციების გაგრძელებასა და დაფინანსებაზე ელაპარაკებოდა.
საბოლოოდ, გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, გადადგა მას შემდეგ, რაც კაბინეტის დატოვებაზე ექვსმა მინისტრმა შიდა განცხადება გააკეთა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კვირიკაშვილს პარლამენტში ხელახალი ნდობის მოპოვება დასჭირდებოდა, რასაც ვერ მიიღებდა. თანამდებობიდან წავიდა დიმიტრი ქუმსიშვილიც, ზურაბ ალავიძე ოდნავ ადრე შესწირეს კრიზისის დაძლევის გეგმას. დღეის მდგომარეობით, მთავარ პროკურატურაში დაკითხულია ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მათგანს საქართველოდან გასვლა აკრძალული აქვს.
ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა. მას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმაზე მეტად მძიმე დახვდა, ვიდრე ეს წარმოედგინა. ამის დასტურია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და ყველა რესურსის გამოყენება მეორე ტურის მოსაგებად.
უმრავლესობა იშლება. დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ ფლობს და, პრინციპში, არც სჭირდება, რადგან კონსტიტუცია უკვე მიღებულია. თუ ივანიშვილი ამერიკელებმა საარჩევნო გარემოს რეფორმაზე და 2020-ში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე დაითანხმეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციაც დაუჭერს მხარს და ყოფილი „მეოცნებეების“ ხმები საინტერესო აღარ იქნება.
გიორგი გახარიას მხოლოდ ყოფილი მინისტრები არ მტრობენ, მას ღიად მტრობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელსაც არნახული გავლენები ჰქონდა სუს-სა და მთავრობაში, ნებისმიერ დროს მიდიოდა გიორგი კვირიკაშვილთან და მას ასევე ხშირად ხედავდნენ „მოდულის“ შენობაში სოსო გოგაშვილთან. გიორგი გახარია მეუფე იაკობის გავლენებს არ ცნობს. მეტიც: ჩვენი წყარო ამბობს, რომ სუს-ში უკვე დასრულებულია გამოძიება სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ და მას არა მხოლოდ საკუთარი მაქინაციები, ცოლის სახელზე გაფორმებული ქონებებიც ამოუყარეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილის დაჭერა გადაწყვეტილია და მან დასახმარებლად სწორედ მეუფე იაკობს მიმართა, რომელთან ერთადაც საპატრიარქოს წიაღში ბევრი შავბნელი საქმე, მათ შორის, ციანიდის სკანდალიც შეკერა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მეუფე იაკობი დაუპატიჟებლად იყო ჩასული ბიძინა ივანიშვილის დედის ორმოცზე და მან იქ სოსოს შეწყალება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო, შს სამინისტროში შეხვედრაზე კი გიორგი გახარიამ უარი უთხრა. ამას მოყვა მეუფე იაკობის ცნობილი განცხადება, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას არ დაუშვებდა.
გოგაშვილის დაკვეთების უბადლო შემსრულებელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ჯღარკავამ, შს მინისტრი სოციალურ ქსელში ღიად დააშანტაჟა „რაღაც პირადი საქმით“, მაგრამ გახარიაზე არც ამ შანტაჟმა გაჭრა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კანონთან სერიოზული პრობლემები აქვს ნინო ჯღარკავას ძმას _ გუჯა ჯღარკავას და ამ პრობლემების მოსაგვარებლად „ქართული ოცნების“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი მირიან ყარაულაშვილი დღემდე დარბის, მაგრამ გახარიასთან არც თხოვნები ჭრის და არც _ შანტაჟი. გიორგი მღებრიშვილისგან განსხვავებით, არც ბინძური დავალებების შესასრულებლად სჭირდება ჯღარკავა და მისი მრევლი.
ბუნებრივია, ამ სახელისუფლებო ომში ბევრი დაფარული მხარეა, რომლის დეტალებიც მედიაში ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არაა, ის ბიზნესის კანონებით მართავს ქვეყანას. „პა ბიზნესუ“ კი ხაზარაძე დამნაშავეა, რადგან მას ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ ჰქონია, დღესაც ღიად აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება რევანშია და ამის დაშვება არ შეიძლება. ივანიშვილის გადმოსახედიდან ხაზარაძემ დადგენილი თამაშის წესები დაარღვია და დასასჯელია, დასჯა კი ფულის გათეთრების 11 წლის წინანდელი ისტორიაა, რაზედაც ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ფული ავთანდილ („ჭუტა“) წერეთლისგან ისესხა და არ იცოდა, რომ, თავის მხრივ, წერეთელს ფული „თიბისი ბანკიდან“ ჰქონდა ნასესხები (ამ საქმის სხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ მხარეებს „ქრონიკა+“ სამომავლოდ დაუბრუნდება).
მამუკა ხაზარაძემ წააგო, მან საფრთხე რეალურად იგრძნო. გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ წრე კიდევ უფრო დავიწროვდა და ამ ჯგუფმა ბოლო კოზირი გადმოაგდო, _ მამუკა ხაზარაძის გამოსვლა პარლამენტში და მისი ხმაურიანი განცხადება გიორგი გახარიას მუქარის წერილის თაობაზე.
ეს გიორგი კვირიკაშვილის შურისძიებაცაა, რადგან ამ გამოსვლამდე სწორედ გიორგი გახარია მოიაზრებოდა პრემიერ-მინისტრობის ყველაზე რეალურ კანდიდატად.
რატომ წერილი? და ვინ იყო შუამავალი?
ცოტა დაუჯერებელია, შს მინისტრს ეპისტოლარული ჟანრისთვის მიემართა და თან წერილი პირადად გადაეცა შუამავლისთვის, მით უფრო, რომ ხაზარაძემ შუამავლის ვინაობა არ დაასახელა. არადა, წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება მხოლოდ ჟურნალისტს, ადვოკატსა და მღვდელს აქვთ, მამუკა ხაზარაძე კი არც ჟურნალისტია, არც _ ადვოკატი და მით უმეტეს _ არც მღვდელი.
ლონდონში გამგზავრების წინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სასტუმრო „რუმსში“ საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე, _ სთხოვდა თუ არა ივანიშვილი მას წილების გაფორმებას გიორგი გახარიას მეშვეობით? _ ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არა, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ბოდვაა.
რა შეიცვალა ამ ბრიფინგის შემდეგ? ხაზარაძე ლონდონში ჩავიდა, ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრის მერე კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
რატომ გადაწყვიტა გახარიას წერილზე საჯაროდ საუბარი ხაზარაძემ პარლამენტში?
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ის გამუდმებით ვაჭრობდა წერილის თემით, მაგრამ მას, უბრალოდ, არ მოუსმინეს. იგივე წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ წარუმატებლად დასრულდა ავთანდილ წერეთლის მცდელობა, დამოუკიდებლად დაელაგებინა ურთიერთობა შს მინისტრთან.
როგორ განვითარდება მოვლენები?
მამუკა ხაზარაძემ ჯოკერი უკვე გამოიყენა. ფაქტია, რომ ზაზა ოქუაშვილისგან განსხვავებით მას აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არ აქვს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას პასუხის გაცემა მოუწევს ფულის გათეთრების სქემაზე და იმის დასაბუთება, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხაზარაძე ვალდებულებებს არ ასრულებდა და ინვესტიციებზე საუბარი, მისი მხრიდან, მორიგი ბლეფი იყო.
ჩვენ კი ისევ ველით პასუხს მარადიულ კითხვაზე: წერილი გვინდა თუ სიხარული?

ელისო კილაძე