გოჩა ბარნოვი: „უკრაინა ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს ავტოკეფალიური ეკლესიის ქონას“

რამდენიმე დღის წინ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის ისტორიული, კანონიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ასპექტები“. კონფერენციის მიზნებსა და მის ფარგლებში გაჟღერებულ მოსაზრებებზე „ქრონიკა+“ თეოლოგს, ასოცირებულ პროფესორ გოჩა ბარნოვს ესაუბრა:

_ რატომ გადაწყდა ამ კონფერენციის ჩატარება და რა მიზანს ისახავდით მისი ორგანიზატორები?
_ მოგეხსენებათ, რაოდენ დიდია საქართველოს მოსახლეობაში აღნიშნული საკითხით დაინტერესება და როგორ გვჭირდება მსგავს პრობლემებზე კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებათა გაცნობა. ამ მიზნით გადავწყვიტეთ დასახელებული ღონისძიების ჩატარება და ვფიქრობთ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ კიდეც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო კონფერენციის მონაწილეთა მიმართ, იმ ახალგაზრდა თეოლოგებისადმი, რომლებიც სპეციალურად კონფერენციისთვის ჩამოფრინდნენ საქართველოში და აკადემიური მოხსენებებით წარდგნენ მსმენელთა წინაშე. ასევე მედიას, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ს და „ტვ პირველს“, რომელმაც მიმდინარე პროცესები გააშუქეს; დამსწრე საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს.
_ განსაკუთრებით საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ საკმაოდ აქტიურობდნენ ახალგაზრდები. ცხადია, მათ უმნიშვნელოვანესი სამუშაო ჰქონდათ გაწეული თითოეული საკითხის ანალიზისას. რა არის ამ აქტიურობის მიზეზი და როგორ ფიქრობთ მომავალი თეოლოგები, რამდენად შეძლებენ, სწორი გზავნილები მიიტანონ საზოგადოებასთან არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის, არამედ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის ისტორიულ საფუძვლებთან დაკავშირებით?
_ სწორად აღნიშნეთ, მათი აქტიურობა და წვლილი მართლაც განუზომელია ამ საქმეში. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ მხოლოდ საღვთისმეტყველო საკითხების გაშუქებით არ შემოიფარგლება მათი აქტივობა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც „ჰიბრიდული ომის“ პირობებში სხვადასხვა და, მათ შორის, საეკლესიო საკითხებზე მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციები, ორმაგად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, ენთუზიაზმით გაჯერებული და ევროპაში მყოფი სტუდენტების ჩართულობა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცის გარეთ, პირადადაც იცნობენ სხვადასხვა ეკლესიის საკმაოდ ცნობილ იერარქებს, საკუთარი თვალით უყურებენ შიდასაეკლესიო პროცესებს, რაც ერთიორად ზრდის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ მიზანს ისინი წარმატებით გაართმევენ თავს.
_ კონფერენციით შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისმა მონაწილეებმა უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსიც წაიკითხეს და საეკლესიო კანონიკაზე, ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტებზე დაყრდნობით ერთმნიშვნელოვნად დაასკვნეს, _ უკრაინის ეკლესიას ეკუთვნის ავტოკეფალია! საინტერესოა, რამდენად ობიექტურია ეს მსჯელობა და დასკვნა?
_ რა თქმა უნდა, თითოეულ მონაწილეს არა მხოლოდ ტომოსი, არამედ საკითხის ირგვლივ არსებული სრული პერიპეტიები ჰქონდა სიღრმისეულად შესწავლილი და სწორედ ამ საფუძველზე გაკეთდა უკლებლივ ყველასგან ის დასკვნა, რომ უკრაინა ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს ავტოკეფალიური ეკლესიის ქონას. უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს სურდა, რომ ჰქონოდა საეკლესიო დამოუკიდებლობაც, რისთვისაც პატივით უპირატეს, კონსტანტინოპოლის საყდარს მიმართა. უკრაინის დედაეკლესია მსოფლიო საპატრიარქოა, რომელიც საეკლესიო კანონიკისა და ისტორიული რეალობის მიერ მისთვის ბოძებული უფლებების გამოყენებით, დამოუკიდებლად ანიჭებს რომელიმე ეკლესიას ავტოკეფალიას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო კრებების შემდგომ პერიოდში მინიჭებული ყველა ავტოკეფალია, მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოსა და არა კრების მიერაა გამოცხადებული. უბრალოდ, სხვადასხვა ეკლესიის მხრიდან ახალი მოცემულობისადმი შეგუებას ყოველთვის სჭირდებოდა დრო და იგივე პროცესი დღესაც მიმდინარეობს.
_ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოს საპატრიარქოში ვის აქვს მინდობილი ტომოსის წაკითხვა, ვინ არიან შესაბამისი ჯგუფის წევრები და რამდენად ემორჩილებიან ისინი საპატრიარქოს კონიუნქტურას?
_ სამწუხაროდ, არ ვიცი ასეთი ჯგუფის არსებობის შესახებ, შესაბამისად, ვერც ვიმსჯელებ, ემორჩილებიან თუ არა მისი წევრები ამა თუ იმ კონიუნქტურას. ზოგადად, საეკლესიო კანონიკის მიხედვით, ამგვარ საკითხებს წყვეტს წმინდა სინოდი და არა საქართველოს საპატრიარქო. შესაბამისად, წმინდა სინოდის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ წაიკითხოს ტომოსის ტექსტი, არამედ დეტალურად განიხილოს თითოეული წვრილმანი და ისე განაცხადოს საკუთარი პოზიცია წმინდა სინოდის სხდომაზე.
_ ხომ არ აპირებთ, კონფერენციის მასალები გადაუგზავნოთ საპატრიარქოს, რათა მათაც შეძლონ გაჟღერებული არგუმენტების მოსმენა?
_ ჩვენი კონფერენციის კარი ყველასთვის ღია იყო. შესაბამისად, მისი მასალების გასაიდუმლოებასაც არ ვაპირებთ, პირიქით, ჩვენი მიზანი სწორედ მეტი და მეტი ადამიანის კვალიფიციური ინფორმაციით მომარაგებაა. ჩვენ შევთავაზეთ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ადმინისტრაციას კონფერენციაში მონაწილეობა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. რაც შეეხება საპატრიარქოსადმი მათ მიწოდებას, ეს თავად საპატრიარქოზეა დამოკიდებული, რამდენად დაინტერესდება და გვთხოვს, რომ ინფორმაცია გავაცნოთ მისთვის საინტერესო საკითხზე.
_ კონფერენციაზე გაჟღერებული მასალები და არგუმენტები როგორ უნდა მოაწოდოთ არა მხოლოდ დაინტერესებულ პირებს, არამედ ამაზე გახსნათ ფართო დისკუსია და მსჯელობის საგნად აქციოთ. მეტიც, ამ მასალებს ხომ არ წარუდგენდით სინოდის წევრებს?
_ კონფერენციის რამდენიმე მოხსენების ვიდეოჩანაწერი ინტერნეტშიც განთავსდა უკვე და საზოგადოებაც ეცნობა, გამომსვლელები მოხსენებათა ბეჭდური ვერსიის ატვირთვასაც აპირებენ, რათა უფრო მეტი დაინტერესებული პირი გაეცნოს მას, შეიძლება აკადემიური ფორმატითაც გამოიცეს. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და გახსნილობისთვის. რაც შეეხება წმინდა სინოდის წევრებს, თქვენი ნებართვით, გავიმეორებ იმას, რაც საპატრიარქოსთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ეს თავად მათზეა დამოკიდებული. თუკი დაინტერესდებიან და გვთხოვენ, სიამოვნებით დავეხმარებით.
_ რამდენად არის შესაძლებელი, თეოლოგების ჯგუფმა მოითხოვოს სინოდის წინაშე წარდგომა, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გაიმართება მსჯელობა ან რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ სინოდმა მოგისმინოთ?
_ მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია წმინდა სინოდის სხდომაზე დასწრება და მასში მონაწილეობა, შესაბამისად, არც მექანიზმი გვაქვს, რომ ამ ფორმატით კომუნიკაცია შედგეს. ერთადერთი რეალური გზა ის იქნება, რომ თავად წმინდა სინოდი დაინტერესდეს სპეციალისტების პოზიციით, მოითხოვოს კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი და შესაბამისად მოხდება ინფორმაციის მიწოდება პირადი თუ დისტანციური სახით.
_ რადგან საქართველოს საპატრიარქო აპელირებს კანონიკაზე და ტომოსის კითხვისას სწორედ ამ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს, რაც სავსებოთ გასაგები და სწორიც არის, პროცესი დაცლილი რომ იყოს პოლიტიკური შემადგენლიდან, თქვენ, როგორც თეოლოგს, საკუთარი გადასახედიდან და იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გამოქვეყნდა და არსებობს უფრო მეტი წყარო, ერთმნიშვნელოვნად შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სრულიად ჯდება საეკლესიო პრაქტიკისა და კანონიკის მოთხოვნაში?
_ ვიყოთ გულწრფელები, საკითხს არა კანონიკურ-თეოლოგიური, არამედ პოლიტიკური პროცესები ართულებს. ეს წმინდა სინოდის წევრების მხრიდანაც გაჟღერდა. უბრალოდ, ხანდახან წმინდა წყლის პოლიტიკური სიტუაცია კანონიკის საბურველით იფარება ხოლმე. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, გავიმეორებ, რაც ზემოთ უკვე ვთქვი, რომ დიახ, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სრულად შეესაბამება საეკლესიო პრაქტიკისა და კანონიკის მოთხოვნებს.
_ დაბოლოს, რა გეგმები აქვთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული კრიზისის დაძლევაში წვლილის შეტანისა და საკითხით დაინტერესებული პირების, თეოლოგების რესურსების ამ მიზნით გამოსაყენებლად?
_ თქვენ მიერ დასმულ კითხვას ერთი პასუხი აქვს და ორი ნაწილისგან შედგება. 1) რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის ხელშეწყობა, რომ უცხოეთის წამყვან საღვთისმეტყველო სასწავლებლებში დასპეციალდნენ, და 2) მაქსიმალურად გულწრფელად, ამომწურავად და გასაგებ ენაზე მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. ჩვენი კონფერენციაც ამ გეგმის მცირედი ნაწილი გახლავთ, რომლის შესრულებაშიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი განუზომლად დიდ წვლილს ასრულებს.

არმაზ მეტრეველი