მანანა ნაჭყებია: „შემოხეტებული ადამიანებითაა სავსე მმართველი პარტია“

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პრობლემების გააზრებისა და მათი გადაჭრის გზებზე „ქრონიკა+“ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ მდივან მანანა ნაჭყებიას ესაუბრა:

_ ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებით დავიწყოთ და იმაზეც ვთქვათ, ის არასახარბიელო მდგომარეობა, რაშიც ამჟამად სახელმწიფო იმყოფება, რისი ბრალია?
_ მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა. არ მაქვს პრეტენზია, რომ მაინცდამაინც მე ვიცი, რატომ და რისთვის, მაგრამ პარალელების გავლება დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოებსა და ჩვენს ქვეყანას შორის არც ისე რთულია. შევეცადოთ, ანალოგიები და განსხვავებები მოვძებნოთ მათსა და ჩვენს სახელმწიფო მოწყობას შორის და მივხვდებით, რომ ჩვენი პრობლემა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობაა. მთელი ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში ერთ ხელშია თავმოყრილი. სამწუხაროდ, ეს ერთი ხელი მმართველი პარტიაც კი არ არის. ეს რომ ასე ყოფილიყო, ცუდი იქნებოდა, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ვართ _ მთელი ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია. ეს იმას იწვევს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს ვერ აბალანსებს, ვერ აკონტროლებს, ვიღაცა კანონზე მაღლა აყენებს თავს და, შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობს. მოსახლეობისთვის ეს რთული გასაგებია და ყველას არც უნდა აინტერესებდეს. მოსახლეობა პარლამენტს ირჩევს და მერე ელოდება მისი საქმიანობის შედეგებს, დანაპირების შესრულებას და სულაც არ აინტერესებს, პარლამენტი მთავრობას გააკონტროლებს თუ არა, სასამართლო დამოუკიდებელი იქნება თუ არა, აღსრულდება თუ არა კანონი თანაბრად ყველას მიმართ. მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო სხვაგვარად ვერ მუშაობს, ეკონომიკა არ ვითარდება, კორუფცია, ნეპოტიზმი და კრონიზმი ბატონდება კონკურენციის ნაცვლად, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს, მონოპოლიები იმკვიდრებენ ადგილს, ვიღაც უსაზღვროდ მდიდრდება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღარიბდება, მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები. ასე რომ, დღევანდელი ვითარების სათავეები 2012-ში უნდა ვეძებოთ, ხოლო იმ „ავადსახსენებელი“ 9 წლის ნეგატიური შედეგებისა _ 2003-ში და ა. შ. მოკლედ, ამას ერთპიროვნული მმართველობა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის „ოქროს წესის“ უგულებელყოფა ჰქვია და შედეგებსაც ვიმკით.
_ თანამედროვე ქართული პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს _ „ოცნებას“ და საპარლამენტო ოპოზიციის დასავლურ ფრთას _ ძალიან მოსწონთ ერთმანეთისთვის განვლილი 9 წლისა და ჩავლილი 6 წლის წამოძახება. ამასობაში „იმ ცხრა წელსაც“ და „ამ ექვს წელსსც“ საერთო მახასიათებელი აქვს _ იმედგაცრუება. რა არის ამის მიზეზი? რატომ უშვებს ქართული საზოგადოება, უფრო სწორად, ქართველი ელექტორატი ასეთ შეცდომებს, როდესაც მაქსიმალური ნდობით ირჩევს ხოლმე ლიდერებსა და პოლიტიკურ ძალებს და მერე „აღმოაჩენს“ ხოლმე, რომ შეცდა.
_ ჩვენი ელექტორატი მართლაც უშვებს შეცდომას და როგორც ვთქვი, ეს სამწუხარო ტრადიციად იქცა, მაგრამ ვნახოთ, არის კი ამაში დამნაშავე მხოლოდ ელექტორატი? ცხადია, არა. პოლიტიკოსები ელექტორატს სხვა გზას აღარ უტოვებენ. რაც უფრო „ჭარბი ნდობით“ მოდის ხელისუფლება, მით უფრო თავგასული ხდება იგი, რაც უფრო თავგასული ხელისუფლება გვყავს, მით მეტ შეცდომას უშვებს ქვეყნის მართვაში და მით მეტი პროტესტი გროვდება საზოგადოებაში. ამავე დროს, ეს თავგასული ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნდობით აღარ სარგებლობს, ყოველ მომდევნო არჩევნებზე ცდილობს, ყველაფერზე წავიდეს და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება _ საკუთარ თავზე ირგებს კანონმდებლობას, კანონდარღვევებზეც უარს არ ამბობს და ცდილობს, მიჩქმალოს და გაამართლოს ეს კანონდარღვევები. ეს კი ხალხს აიძულებს, იმ ძალას, იმ პიროვნებას დაუჭიროს მხარი, რომელიც ყველაზე მეტად მოახერხებს ხელისუფლების შეცვლას. 2003-ში ეს მიშა იყო, 2012-ში _ ბიძინა!
_ ზემოთ ვთქვი, _ მერე „აღმოაჩენს“ ხოლმე, _ ამ კონტექსტში მინდა ვიკითხო: ეს „მერე“ ხშირად იმდენად გვიანია, რომ ამასობაში უამრავი რამ ზიანდება. მაგრამ ვუყურებთ, ვეგუებით, ვითმენთ, იმედს ვიტოვებთ. ამ დროს საკუთარ თავს გვერდიდან თუ შევხედავთ, თავს ვიტყუებთ, ამასთანავე, პასუხისმგებლობასაც გავურბივართ ჩვენ მიერ გაცემული „ჭარბი ნდობის“ გამო. ან, იქნებ, თუ ქუჩის ჟარგონს გამოვიყენებ, გვიტყდება, რომ ბოლო 30 წელია, სულ შეცდომებს ვუშვებთ. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?
_ სამწუხაროდ, ხელისუფლებები, რომლებიც გვყავდა და გვყავს, ახლაც სხვა შანსს არ უტოვებს ხალხს. ასეთი დიდი მხარდაჭერით არჩეული პოლიტიკური ძალები თუ ლიდერები ერთ ვადას ასე თუ ისე გადააგორებენ, რადგან საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, ამასთან, თქვენი თქმის არ იყოს, „უტყდება“ შეცდომის აღიარება და კიდევ ერთ შანსს აძლევს, მაგრამ მეორე ვადაც გადის და კვლავ კრიტიკული სიტუაცია იქმნება. მერე ისევ გაერთიანებებზეა დაკვეთა, ისევ ერთი, მესიანისტური ძალის მქონე ადამიანის გაფეტიშება და ისევ ახალ წრეზე მივდივართ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები ყოველი მომდევნო არჩევნების შემდეგ მკაცრდება. ბოლო დასკვნაში წერია, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, პრაქტიკულად, ზღვარი წაშლილია! ეს ყველაზე ცუდი შეფასებაა, რაც კი ოდესმე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასა და არჩევნებზე დაწერილა! მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ „მოახერხა“, რომ 7 წლის თავზე ასეთი შეფასება დაემსახურებინა!
_ ერთი ჩემი დაკვირვება უნდა გაგიზიაროთ: საქართველოში არ მახსოვს მასობრივი პროტესტი სოციალურ თემებზე. ჩვენ არასოდეს ვაპროტესტებთ მინიმალურ პენსიებს ხელისუფლების მაქსიმალური მაძღრობის პირობებში; არ ვაპროტესტებთ ფასების ზრდას პურზე, საწვავზე; არ ვბრაზდებით გაზრდილი კომუნალური გადასახადების გამო და ა. შ. როდესაც მიზეზებზე დავიწყე ფიქრი, ასეთ დასკვნამდე მივედი, _ აქ, ამ ქვეყანაში, ლამის, ყველა „კუდაბზიკა აზნაურია“ და როგორ იკადრებს ათი თეთრით გაძვირებული პურის ფასის გაპროტესტებას ან 2 თეთრით გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს? „რას იტყვის ხალხი?“ რომ მე იმდენად მიჭირს, 10 თეთრის გამო ქუჩაში გავალ და თვალს ამოვითხრი? _ მგონი, ეს უბედურება გვჭირს თუ სხვა რამეა და ვცდები? ზოგადად, რას მივაწეროთ ჩვენი სოციალური ინდიფერენტიზმი, მაშინ როდესაც ბავშვები შიმშილობენ და მხცოვანებს წამლის ფულისა და თავის რჩენის საშუალება არ გააჩნიათ?
_ თითქოს ასეა, მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას მაინც მძიმე სოციალური მდგომარეობა აიძულებს. უფრო სწორად, შეიძლება 5 თეთრით გაძვირებული პურის გამო არ გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ, საბოლოოდ, გაძვირებული პურიც, მომატებული გადასახადიც, უმუშევრობაც და სიდუხჭირეც იმ მასშტაბებს აღწევს, რომ ადამიანებში უსამართლობის განცდის გამო პროტესტი გროვდება. სიდუხჭირე კი უსამართლო სახეს მაშინ იღებს, როცა ხალხი ღარიბდება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი მდიდრდებიან. ჩვენში ახლა ზუსტად ეს პროცესი მწიფდება. ადამიანები მზად არიან გაიჭირვონ, თუ ხელისუფლებასაც უჭირს, მაგრამ შენ რომ გშია და გცივა და ვიღაც პარლამენტში თუ სასამართლოში კანში ვეღარ ეტევა, შეიძლება ქუჩაში გამოხვიდე კი არა, ფიწალსაც წამოავლო ხელი. უკიდურესი პოლარიზაციაა პროტესტის სათავე. გვამადლიან, მეტი რა გინდათ, ხომ აღარ გშიათო, მაგრამ დღეს საზღვრები ისე გახსნილია, ინფორმაციის მიღება ისეთი მარტივია, რომ ადამიანები ხედავენ, როგორი დაცულია სოციალურად ხალხი წარმატებული დემოკრატიის ქვეყნებში. ეს ჩუმი პროტესტი თანდათან მასობრივ უკმაყოფილებაში გადაიზრდება. რეალურად, დღეს ხომ ოჯახები საზღვარგარეთ წასული ნათესავების შრომით ინახავენ თავს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
_ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, რასაც ცალკეული ექსპერტები, პოლიტიკოსები საზოგადოებრივ ინდიფერენტიზმად აფასებენ. ვფიქრობ, ეს ხელოვნური ნარატივია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შემფასებლები საკმაოდ აქტიურად პოზიციონირებენ და კომფორტულად გრძნობენ თავს. ნახეთ, რას ვგულისხმობ, ხომ უდიდესი სიკეთეა, როცა საინფორმაციო შეზღუდვები არ გვაქვს და ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის წუთებში მიღების საშუალებაც გაგვაჩნია, მაგრამ სწორედ ამ ვითარებაში მანიპულირებენ ჩვენით. პარალელურად, არ ხდება პოზიტიური და „ჯანმრთელი აზრის“ კულტივირება. საზოგადოების გონიერი ნაწილი ვერაფრით ახერხებს სხვის შექებას ინდივიდუალურ დონეზე და სხვები მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც პირადად მას უდგება არასახარბიელო დღეები. როგორ ხდება ეს, რომ ამ ინფორმაციის საუკუნეში ასე გათითოკაცებულნი ვართ და ასე ურთიერთმიუღებლები?
_ ეს არ მგონია, მარტო ჩვენი პრობლემა იყოს ან მხოლოდ ამ პერიოდის. ზოგადად, ადამიანის ბუნებაა ასეთი. მას ნორმალური ცხოვრება უნდა, არ მოსწონს მუდმივი რყევები, დესტაბილიზაცია. მშვიდი და სტაბილური გარემო უნდა. მაგრამ როცა საჭიროა, პროტესტსაც გამოთქვამს და უსამართლობის წინააღმდეგაც იბრძვის. ჩვენი ხალხიც ასეთია. ნუ დავუკარგავთ იმას, რაც მას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის, ღირსების დასაცავად გაუკეთებია წლების განმავლობაში. თუმცა საქართველოში კონკრეტულ ამ პერიოდს ერთი თავისებურება აქვს: ეს მიშას და „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორია! ამ ფაქტორით სპეკულირებს დღევანდელი ხელისუფლება: ჩვენ არ გინდივართ? აბა, მიშა გდომებიათ! „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ყოფილხართ! ჩვენ თუ წავალთ, იცოდეთ, მიშა მოვა! ასე დააკომპლექსეს საზოგადოება! პროტესტი „ოცნების“ მიმართ უდრის „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას! არადა, ეს ასე არაა! მიშას მობრუნების შიშით ქვეყნის განვითარებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჯერ ერთი, ახლა 2003 წელი არაა და მიშა ერთპიროვნულად და იმ სახით, როგორც 2003-2012 წლებში იყო, ვერასოდეს მობრუნდება. მას ყავლი უკვე გაუვიდა. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. რეალობა უნდა აღვიქვათ. „ნაცმოძრაობას“ მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არა იმდენი, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს. მას აუცილებლად დააბალანსებს სხვა პოლიტიკური ძალები. სხვათა შორის, ასე მგონია, რომ ეს ძალიან კარგად იცის „ოცნებამ“, მაგრამ ამ თემით სპეკულირებს. თუ გვინდა, მომავალი უკეთესი იყოს, უნდა შევძლოთ, 2020 წლის არჩევნების შედეგად მრავალპარტიული, რამდენიმე პოლიტიკური ძალით დაკომპლექტებული პარლამენტი მივიღოთ.
_ ჩვენ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მრავლად გვყავს აქტორები, რომლებიც 30 წელია, ამ სცენაზე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთხელ მიუღწევიათ რაიმე სახის წარმატებისთვის არა მხოლოდ პირადად, არამედ სახელმწიფოსთვის, მაინც პოზიციონირებენ და არც კი ცდილობენ, ახალი ადამიანები შემოიკრიბონ. ცალკე საკითხია პოლიტიკური ეკლექტიკა, როდესაც ცალკეულ მომენტებში ეს ადამიანები თუ პოლიტიკური ჯგუფები ერთიანდებიან და მერე სამკვდრო-სასიცოხლოდ იშლებიან. ცხდია, რომ ხელისუფლებებიც არ აკლებენ მონდომებას ოპონენტების დისკრედიტებას. მეტწილად არ ჩანს ახალი იდეები, არსებული გამოწვევების სწორი შეფასებები. ვიზავი _ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი; რეალობა _ სხვადასხვა; შეფასებები _ ვისთვის მესია და ვისთვის იუდა, სისხლისმსმელი, ოლიგარქი; პასუხი გამოწვევაზე, _ დავამხოთ, გავაგდოთ, დავსაჯოთ. ამ ფონზე მართლა გასაკვირია, რომ ქართველი პასიონერი სკეპტიკურად უყურებს ქართველ პოლიტიკოსებს? და სად არის გამოსავალი ამ ვითარებიდან?
_ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და ამ თემითაც ხდება სპეკულირება. განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში გამოჩნდა სოციალურ ქსელებში ამ თემის აქტუალურობა. ადამიანები, რომლებიც „ოცნების“ თავგადაკლული მხარდამჭერები იყვნენ, დღეს იმდენად აღარ „ეფარებიან“ მმართველ პარტიას, უფრო სწორად, პირდაპირ რომ ვთქვათ, თავიანთ ფავორიტ ბიძინა ივანიშვილს! პარტია მათთვის ბიძინაა! ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე „ოცნების“ შეუცვლელობაზე და ერთადერთობაზე საუბარი, მისი გამართლება ყველაფერში. მაგრამ ნახეთ, რა ხდება? „ოცნებას“ კი არ აკრიტიკებენ, ვექტორი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე გადააქვთ და ამბობენ, ცვლილებები კი გვინდა, მაგრამ თქვენ, ძველი სახეები კი არ გვჭირდებით, სხვა, ახალი პოლიტიკური ძალები გვჭირდებაო. არადა, სწორედ აქ არის საშიშროების სათავე.
_ რა საშიშროებას გულისხმობთ?
_ ისევ გამოჩნდება ვიღაც, რომელიც ყველაზე მაგრად დაირტყამს გულზე მჯიღს და ყველაზე მეტ გაუთვლელ დაპირებას გასცემს. დიდი ალბათობით, ეს ისევ „ოცნების“ წიაღიდან იქნება! ჩვენ ხომ დაჩაგრულის მანტიის მორგების დიდოსტატები ვართ და მერე _ ამ მანტიამოსხმული ადამიანების გაფეტიშების! ამიტომ გვმართებს დაფიქრება! ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის თქმის არ იყოს, მარსიდან ვერ ჩამოვიყვანთ ახალ პოლიტიკურ ძალებს! რაც არის, ეს არის. და მეორეც, ბევრ მათგანს რას ვემართლებით? რა დააშავეს? იყვნენ როდესმე ხელისუფლებაში და ჰქონდათ ძალაუფლება, რომ თავიანთი სიკარგე ან სიცუდე ეჩვენებინათ? პარლამენტში ყოფნა ხელისუფლებაში ყოფნას არ ნიშნავს.
ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსებად მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში ყალიბდებიან. შეიძლება, პროფესიონალი იყო, მაგრამ პოლიტიკოსად ვერ გამოდგე. ამას გამოცდილება სჭირდება, რომელსაც მხოლოდ პარტიაში იძენ. შეადარეთ: ვინ უფრო პოლიტიკოსია? ბესელია თუ მისი „ვიზავი“ პოლიტიკოსები? ცხადია, ბესელია ჯიბეში ჩაისვამს თავისი გამოცდილებით. ამიტომ უნდა დავალაგოთ ეს პოლიტიკური სპექტრი იდეოლოგიის, პოლიტიკური გემოვნების, საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით და ვინც მოგვწონს, იმას მივცეთ ხმა. პარტიებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ მუდმივი განახლება და შიდადემოკრატია სჭირდებათ. ესაა და ეს.
_ მე ვესაუბრები არა მხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ ინტელექტუალსაც, რომელმაც კარგად იცის თავისი ქვეყნის ისტორია, ამიტომ ასეთი რამ უნდა გკითხოთ: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ მეფის მეფური სიტყვა და ქმედებები _ დავით აღმაშენებლის ეპოქა ავიღოთ თუნდაც: პერიოდები, როდესაც ეკლესია იყო სახელმწიფოს პოლიტიკური, კულტურული და სულიერი იდენტობის განმსაზღვრელი, განსაკუთარებით იმ პერიოდში, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა მყიფე იყო ან არც კი გვქონდა; დრო, როდესაც ერის გზა ინტელექტუალებმა განსაზღვრეს _ თერგდალეულები, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვათა საქმეები და მოღვაწეობა რომ გავიხსენოთ. ამჟამად, თითქოს ყველა ეს ეტაპი გამოვიარეთ _ მეფეებმა და ვეზირებმა _ ვგულისხმობ პრეზიდენტებსა და მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებს _ ზოგმა ცუდად თუ ზოგმა კარგად _ საკუთარი საქმე შეასრულეს და ვერ იზრდებიან, ეკლესიამ კომუნისტრური იდეოლოგია ჩაანაცვლა, მაგრამ მეტი სულიერი და ეროვნულ-პატრიოტული საზრდო ვერ მისცა ქვეყანას. ხომ არ არის დრო, რომ ინტელექტუალებმა _ არ ვგულისხმობ კომუნისტურ ნომენკლატურას, რომელიც მოდას აყოლილი გახდა პატრიოტი, ეგეც საკითხავია თუ გახდა _ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის რეალიზებაში? და როგორ უნდა გაკეთდეს ეს, თუ მეთანხმებით. ან იქნებ, სხვა რამეა საჭირო?
_ თქვენ იმ თემას მიადექით, რომელზედაც სულ ვფიქრობ. თითქოს ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალების დეფიციტი არ არის, მაგრამ მათი როლი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მცირეა. მდგომარეობა განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში დამძიმდა. დღეს პოლიტიკა და პოლიტიკოსები დისკრედიტებული არიან. ზოგი სამართლიანად, ზოგი _ უსამართლოდ. უამრავი ჭკვიანი ადამიანი შეიძლება მოვიდეს პოლიტიკაში ბუნებრივი გზით, ანუ პარტიაში გაწევრიანებით და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენით, მაგრამ არ მოდიან! რატომ? ბევრი მიზეზია: ერთი უკვე გითხარით. პოლიტიკა „ცუდი“, „სამარცხვინო“ საქმე გახდა! პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა _ არაპრესტიჟული. იმისთანებს მოისმენ დღეს ე. წ. პოლიტიკოსებისგან, შეგრცხვება. მეორე: პოლიტიკაში ყოფნა არც თუ უხიფათოა. ან მმართველ პარტიაში უნდა იყო, ან თუ მათ არ ეთანხმები და ოპოზიციაში წახვალ, დარტყმის ქვეშ უნდა დააყენო შენი კარიერა და მომავალი. ოპოზიციონერებს სახელმწიფო სამსახურში არ აჩერებენ. ამიტომ აღარ მოდიან წარმატებული, ინტელექტუალური ადამიანები პოლიტიკაში. სხვათა შორის, ამას სხვა ქვეყნებში ამჩნევენ. ჩვენს პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დრო, როცა ინტელექტუალები და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა მიხვდება, რომ ქვეყანა არ უნდა ჩაუგდონ ხელში შემთხვევით, ვიღაცის თუ რაღაცის წყალობით ხელისუფლებაში შემოხეტებულ ადამიანებს. მაპატიოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილმა, მაგრამ სწორედ რომ შემოხეტებული ადამიანებითაა დღეს სავსე მმართველი პარტია. დარწმუნებული ვარ, მომავალი ეკუთვნის იდეოლოგიურ საფუძველზე დამყარებულ პოლიტიკურ პლატფორმებს. პოლიტიკური პარტიები სახეცვლილებას განიცდიან მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც მალე ასე მოხდება. ამ პლატფორმებს ინტელექტუალებიც მიუერთდებიან და მათ შორის ბევრი ახალგაზრდაც იქნება.
_ მიმაჩნია, რომ თანამედროვე საქრთველოს სამი უმთავრესი გამოწვევა აქვს: რუსეთი, არასაკმარისი განათლება და მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გულარხეინობა. ეს გამოწვევები, სხვა უამრავ წვრილმანთან ერთად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. როგორ გავუმკლავდეთ, როგორ გადავრჩეთ?
_ გულარხეინობაში ვერ დაგეთანხმებით. ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ როგორც შეუძლიათ და როგორც ამის საშუალებას ქვეყნის მმართველები აძლევენ. განათლება და რუსეთის გამოწვევა ცოტა სხვადასხვა მიდგომას ითხოვს. თუ პირველი მთლიანად ჩვენს ხელთაა, რუსეთის თემის მოგვარება მეტად რთულია. ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება უნდა შეიქმნას, რომ ეს დაუძინებელი მტერი პრობლემას აღარ გვიქმნიდეს. თუმცა ამ ვითარების შექმნას ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი. როგორ? რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და პოლიტიკა არ უნდა იცვლებოდეს მარტის ამინდებივით. მეტი სიმყარე გვმართებს და მეტი მხარდაჭერის მოპოვება მეგობარი სახელმწიფოებისგან. ყველას თავისი პრობლემა აქვს და შენ თუ არ შეახსენე საკუთარი თავი, განუწყვეტლივ თუ არ იზრუნე, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდე, ისე ყველა დაგივიწყებს. გერმანიის მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ _ არაღიარების პოლიტიკისგან არ გადაუხვევიათ და მიაღწიეს კიდევაც გაერთიანებას, როგორც კი ხელსაყრელი გარემო შეიქმნა. სხვათა შორის, გაგიკვირდებათ ოპოზიციონერისგან და ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები მნიშვნელოვანი იყო. კარგია, რომ უპირველეს საკითხად ეს მიიჩნია. განათლებას კი მეტი ფული სჭირდება. ბიუროკრატიის ხარჯებს თუ შევამცირებთ და ეკონომიკასაც განვავითარებთ, დღეს ისეთი მოდელებია მსოფლიოში, რომ მათი გადმოღებისა და გონივრული რეფორმების შემთხვევაში, შედეგი გვექნება. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს. აქ თუ არ ასწავლი, წავა და სხვაგან ისწავლის. ვეღარავინ შეაჩერებს, საბედნიეროდ!

კოკა წერეთელი