„მინისტრები მოშინაურებული პინგვინებივით იქცევიან“

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დირიჟორი, გოგი ჭიჭინაძე, უკვე მეორე წელია, პოლონეთში, ქალაქ გდანსკში ფრედერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის პოზიციაზე მოღვაწეობს, ასევე ის თბილისის კონსერვატორიის საოპერო კათედრის გამგე და პროფესორია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ის პერიოდულად მაინც ახერხებს საქართველოში დაბრუნებას და საკუთარ სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებს.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა დირიჟორ გოგი ჭიჭინაძესთან, რომელიც პროფესიულ, პირად და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრა:

_ ბატონო გოგი, რამდენიმე წელია, რაც პოლონეთში, ფრედერიკ შოპენის სახელობის ფილარმონიის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად მოღვაწეობთ. ვიცით, რომ აქტიურად ეხმარებით ქართველ არტისტებსაც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თქვენი მოწვევით პოლონეთს… გვიამბეთ ამ ყველაფრის შესახებ…
_ მეორე წელია, პოლონეთში ქალაქ გდანსკში ვმოღვაწეობ. ეს უძველესი ქალაქია, ცალკე ზღაპარი, პოეტური და ძალიან ტრადიციული. უძლიერეს ორკესტრს ვხელმძღვანელობ, ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობ და გასტროლებიც ხშირად მაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ვტრაბახობ იმ ფაქტით, რომ ამ ორი წლის მანძილზე ჩემს ორკესტრს არაერთი ქართველი არტისტი ეწვია და სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ეწვევა. ბიძინა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი ევროპაში პირველად შესრულდა. ძალიან მალე სანდრო კანდელაკსა და ქალბატონ ელისო ვირსალაძეს ვუმასპინძლებთ, ასევე ვაპირებ ქართული კინომუსიკის კონცერტის გაკეთებას, ნიკა ნიკვაშვილი უკვე ამუშავებს პარტიტურებს და ამ პროგრამას ის გააკეთებს, დირიჟორიც ქართველი იქნება. პოლონელებს ძალიან მოსწონთ ქართული მუსიკა, განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა აქვთ ჩვენი ერის მიმართ, რატომ ვუყვარვართ ასე, არ ვიცი… ყველაფერი ქართული უხარიათ, არაჩვეულებრივი ხალხია, უდიდესი კულტურის მქონე. ჩემი კონტრაქტი პოლონეთში 2020 წლამდეა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, საერთოდ არ აპირებენ ჩემ გამოშვებას, ვნახოთ, რა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კონცერტი და გასტროლი მაქვს, საქართველოში სულ ვბრუნდები ჩემს სტუდენტებთან. მაქსიმალურად უნდა დავეხმარო, რომ მაგარი პროფესიონალები და ღირსეული ადამიანები გამოვიდნენ, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემი ორკესტრი საქართველოში ჩამოვიყვანო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ფანტასტიკური ორკესტრია. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ქართველი ხელმძღვანელობს ასეთი დონის ორკესტრს, ეს არ არის ძალიან ხშირი შემთხვევა… მომღერალი ბევრი გვყავს, მაგრამ დირიჟორი, რომელიც ასეთ უზარმაზარ ფილარმონიას ხელმძღვანელობს, _ ცოტა.
_ 43 წლის ასაკში გახდით მამა. ალბათ ძალიან რთულია, თქვენი შემოქმედებითი ცხოვრებიდან გამომდინარე, ოჯახიდან შორს ყოფნა.
_ რა თქმა უნდა, რთულია… მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი გიადვილდება, როცა შემოქმედებითად ბედნიერი ხდები, რასაც სხვებსაც უზიარებ. დაღლა და სირთულეები გიადვილდება. ახლა ხომ ნახეთ, რეპეტიციის შემდეგ თვალებში ფოკუსს ვერ ვასწორებ, მაგრამ მაინც შემართებით ვარ და მტერს არ ვუსურვებ უმოქმედობას.
როცა ძალიან დაკავებული ხარ, შვილი გენატრება და მასაც ენატრები, ღამეებს ითვლის, როდის ჩამოვალ… ხანდახან პოლონეთში დამყავს ჩემი ოჯახი, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. რთულია, მაგრამ ტრაგიკული არ არის.
_ რა შეცვალა თქვენში შვილის დაბადებამ? როგორი მამა და მეუღლეა გოგი ჭიჭინაძე?
_ კიდევ ერთმა უზარმაზარმა სიყვარულმა დაიბუდა ჩემს გულში. არ ვარ ცუდი მეუღლე, თბილი ყოველთვის ვიყავი და არასდროს მრცხვენია საკუთარი ემოციების გამოვლენა, როცა მიყვარს… თუ ვინმე მიყვარს, ის მუდამ გრძნობს ჩემს სიყვარულს და ოჯახშიც ასეთი ვარ… ძალიან გამიმართლა, მანონი არაჩვეულებრივი ადამიანია. იცით, როგორია ჩემი მეუღლე? _ ძალიან ლამაზი და ზომიერი…
_ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ, თქვენი ეს თვისება კონფლიქტს ხომ არ წარმოშობს ოჯახურ თანაცხოვრებაში?
_ საზოგადოებაში ცოტა ფიცხი ადამიანის იმიჯი მაქვს, რეალურად კი ძალიან მშვიდი ვარ, ხმა არ ამიწევია არასდროს, არც მეუღლისთვის და არც ჩემი შვილისთვის. ეს გამორიცხულია. არც მახსოვს, რაღაცაზე ნერვები ამშლოდა, მაგრამ თუ ეს ხდება, ყოველთვის ვახერხებ ჩემი თავის მოთოკვას. ამდენი წელია, ერთად ვართ და არც კი გვიჩხუბია. ცოტა ძნელია, სულ მუსიკა გესმის და ხანდახან დაღლილი სახით მივდივარ სახლში. ასეთ დროს ჩემმა მეუღლემ უკვე იცის, ცოტა ხნით მარტო უნდა ვიყო. ჩემი პროფესია ძალიან დიდ ძალას მართმევს, ეს არ არის კეკლუცი, რადგან ჩვენი პროფესია არის ხელობა, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელობა არის ემოციის წარმოება და ამ საქმიანობიდან გამომდინარე, გვიწევს ვაწარმოოთ ემოციები. ამ ყველაფერს ცოდნის გარდა ძალიან დიდი ემოციური დატვირთვაც აქვს და რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაც! როდესაც ადამიანი კონცერტზე მოდის და ფულს იხდის ბილეთში, შენ, ბუნებრივია, მოუმზადებელი ვერ დახვდები. ის შენგან არ ითხოვს საკვებს, მას სჭირდება ემოციები და სწორედ ამიტომ მოდის მაყურებელი თეატრში.
_ ხელოვანი ადამიანების უმეტესობა ძალიან ემოციურია, სამყაროში ყველაფერს განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს. როგორ ფიქრობთ, ამ ემოციების კონტროლი შესაძლებელია?!
_ აღარ ვარ ისეთი ემოციური, როგორიც 23 წლის ასაკში ვიყავი. ახლახან შემისრულდა 50 წელი და ბევრად უკეთ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. დიდი ემოციების პატრონი ვიყავი ყოველთვის და ახლაც ვარ, უბრალოდ, ადრე ნაკლებად ვაკონტროლებდი. როცა შენს საქმეში მაქსიმალისტი ხარ და შენი ჭკუით სამართლიანობას იცავ, რთულია ასეთ დროს მართო ემოციები. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, პროფესიული თვალსაზრისით ემოციები უფრო ვაკონტროლო. ერთადერთი, სადაც თავის გაკონტროლება მიჭირს, ეს მოქალაქეობრივი პოზიციებია იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. როდესაც უმსგავსობას ვხედავ და სატელევიზიო ეთერში გამოსვლა მიწევს, იქ უკვე მეტყობა, რომ ზედმეტად აღელვებული ვარ და ხშირად მიჭირს თავის შეკავება.
_ პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება როდის მოვიდა პროფესიულ საქმიანობაში?
_ ალბათ, 2000 წელს, როცა ტოკიოში დირიჟორების საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც სრულიად მარტო, ვინმეს მფარველობის გარეშე წავედი. ასეთი დონის კონკურსები ძალიან კარგია, რათა საკუთარი შესაძლებლობები ექსტრემალურ პირობებში მოსინჯო. მსოფლიოს საუკეთესო ორას კონკურსანტს შორის რვა ადამიანი მოვხვდით ფინალურ ტურებში და მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორების ხუთეულში გავედი, მხოლოდ ორმა იაპონელმა გამისწრო. ამის შემდეგ ჩემი საერთაშორისო წარმატება დაიწყო. უკვე მეორე ეტაპი იყო, როცა ჩემმა მეგობარმა ნატო გაბუნიამ სრულიად შემთხვევით მანქანაში ჩემი საკონცერტო ჩანაწერი მოისმინა, ძალით გამომართვა და ამსტერდამში წაიღო. ძალიან გავლენიანი კომპანიის ცნობილ აგენტს მოასმენინა. იმ პერიოდში ვილნიუსში კონცერტი მქონდა. აგენტი ჩემ გასაცნობად იქ ჩამოფრინდა. მას შემდეგ იმ სააგენტოს არტისტი ვარ და ძალიან სერიოზული, ბევრი კონცერტი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
_ „ქართველები ნიჭიერი ერი ვართ“, _ ხშირად გვესმის ასეთი ფრაზა, თქვენც ასე ფიქრობთ? ფაქტია, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, ღირსეული წარმომადგენლები ჰყავს მსოფლიო ასპარეზზე…
_ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვთქვა, რომელიმე ერი გამორჩეულად ნიჭიერია-მეთქი. მაგრამ ჩემთვის ფაქტი ფაქტად რჩება, _ როცა საქართველოს ნაკრები რაგბიში 22 შეხვედრას მართავს რუსეთის ნაკრებთან, როცა საქართველოს მოსახლეობა არის 4 მილიონ-ნახევარი და რუსეთის მოსახლეობა შეადგენს 200 000 მილიონს… კი ბატონო, ჩვენი ძიუდოისტებიც გენიოსები არიან და ეს ინდივიდუალური სპორტია, მაგრამ ჩვენი ნაკრები როცა რუსეთის ნაკრებს 22 შეხვედრიდან 20-ს მოუგებს, ხომ ფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება ამ ერში?! მსოფლიოს არც ერთი თეატრი არ ყოფილა, სადაც ქართველი არ მღეროდეს, ეს უკვე ბრენდივით არის… და თუ რომელიმე თეატრში ქართველი მომღერალი არ მღერის, ამბობენ, რომ უნდა იმღეროს… ამ პაწაწინა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი და აღიარებული ადამიანის არსებობა ასე მარტივად არ ხდება. თითქმის ყველა სფეროში გვყავს წარმატებული ადამიანები, რომელთა სახელები მსოფლიოში კარგად იყიდება…
_ როგორ აფასებთ საქართველოში კულტურის მიმართ გატარებულ პოლიტიკას და რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის კულტურის განვითარება?
_ აბსოლუტურად მიუღებელი და ცუდი პოლიტიკაა, არანაირად არ უფრთხილდებიან იმას, რაც უკვე არის და გვაქვს. ფაქტობრივად, კულტურა არ იციან, ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია იგი საქართველოსთვის. ჩვენ რაღაც მილებით და გაზით ვერავის გავაკვირვებთ, ამის გამო საინტერესო ვერასდროს ვიქნებით… ჩვენ რის გამოც ვართ საინტერესო, ეს ხომ კარგად ვიცით… ამ მიმართულებით არაფერს ექცევა ყურადღება და სწორედ კულტურა უნდა იყოს მაგისტრალური ხაზი ქვეყნისთვის. სად იხარჯება ბიუჯეტის თანხები ან რა პროექტებში?! _ კაციშვილმა არაფერი იცის! მართლა ძალიან ცუდად არის საქმე. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, არც ძველსა და არც ახალ სისტემას არასდროს არაფერი გაუკეთებია, მეტიც, _ ხელის შეშლის მეტი არაფერი! ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, ალბათ, არ ვარ ამ თვალსაზრისით დიდად მებრძოლი, რომ იდეები ბოლომდე გავიტანო, რომ 24 საათი ვურეკო, ვუდარაჯო, ეს იქნება სამინისტრო, პარლამენტი თუ სხვა… ამ ქვეყანაში იდეების გატანა და რამის გაკეთება ხომ კედლების განგრევით არის შესაძლებელი. არ შემიძლია, ასეთ რაღაცებზე დავხარჯო დრო. ათ დღეში საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი კონცერტი მაქვს და ამიხსენით: რატომ უნდა დავიწყვიტო ნერვები იმ სისტემაზე და პოლიტიკაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს კულტურის მიმართულებით? როგორც ვთქვი, ალბათ, მეც ვარ დამნაშავე იმ თვალსაზრისით, რომ კედლების განგრევის სურვილი არ მაქვს.
_ მოქალაქეობრივი პოზიცია ახსენეთ, რას ფიქრობთ, როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი ხელოვანები ჩადიან და კონცერტებს მართავენ?
_ ჩემს ცხოვრებაში არ ჩავალ რუსეთში! დავიწყოთ თავიდან და იყო პერიოდი, როცა მეძახდნენ, მეხვეწებოდნენ და კატეგორიულ უარს ვამბობდი. არ წავედი მარინის თეატრში, როცა დამპატიჟეს, ამ შემოთავაზებაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. კარგად მახსოვს 2008 თუ 2009 წელი, როცა საქართველოში იმ ხალხის დევნა დაიწყო, ვინც რუსეთში მოღვაწეობდა… ჩემი პოზიცია იყო: ეს არის მორალური საკითხი, რომელიც თვითონ ადამიანის გადასაწყვეტია და თუ ამაზე ვთანხმდებით, მაშინ რას ნიშნავს, სახელმწიფო ჩაერიოს და ვიღაცა დასაჯოს, დააბრკოლოს ამის გამო? ასეთი რაღაც არ შეიძლება. იმ პერიოდში მახსოვს, რომ პროტესტის ნიშნად, პრინციპულად წავედი მოსკოვში (ოღონდ კრემლში და პუტინისთვის კონცერტი არ ჩამიტარებია). უმნიშვნელო ფესტივალი იყო და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გავფრინდი. ასეთი მიდგომა არ შეიძლება და შენ ნუ მიბედავ და ნუ მეუბნები, მე სად დავუკრა და სად _ არა… მაშინ, როცა გაზი, შუქი, პროდუქტი და ყველაფერი რუსეთიდან შემოგაქვს!
_ მახსოვს, ამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ე. წ. შავ სიაში იყავით, როგორ ფიქრობთ, რატომ? დღესაც არსებობს ეს სია?
_ მახსოვს, როცა შავი კი არა, არ ვიცი, რა ფერის იყო ის სია… კატეგორიულად აკრძალული იყო ჩემთან ინტერვიუს ჩამორთმევაც. კარგად მახსოვს და თქვენც იცნობთ იმ ადამიანს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა, ვეხუმრე: რა აზრი აქვს, მაინც არ გაგაშვებინებენ-მეთქი, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაუშვეს და ჰოი, საოცრებავ! საკუთარი თავი ვერ ვიცანი, ისე იყო მიჭრილ-მოჭრილი მთელი ინტერვიუ. დღეს კი რა ხდება? ვფიქრობ, რომ ასეთი სიები არ არსებობს. საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვიმყოფები საქართველოში, გამოვედი და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ და მწვავედ ვაკრიტიკებ ახლანდელ მთავრობას, თუმცა ისინი ჩემს უმწვავეს კრიტიკას მორჩილად ისმენენ, როცა თავზე ვახურავ… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ტელევიზიამ ამის გამო დამბლოკოს. ზოგიერთი ხელოვანის მესმის, რომელიც სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელია… ალაბთ ვერც გავამტყუნებ, ისინი ცდილობენ, იმ ადამიანებს დაუახლოვდნენ, ვის ხელშიც არის ამა თუ იმ ფინანსური საკითხის გადაწყვეტა. ჩვენს ქვეყანაში ყველა ცდილობს საკუთარი თავისთვის რაღაცის მოპოვებას და ამას ჩვეულებრივად ვერ მოიპოვებენ, თუ მთავრობასთან არ იქნებიან დაკავშირებული… სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოსთვის!
_ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე რა იტყვით?
_ უკვე სასტიკად მაღიზიანებენ და ერთადერთი პლუსი ის არის, რომ პირდაპირი მკვლელები არ არიან, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, დანარჩენს სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ! სასტიკად მაღიზიანებს ამ მთავრობის განუვითარებლობა, თუმცა არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულებაა. ყველა აქებს ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს, ჩანს, რომ რაღაცას ცდილობს, ასევე ვიღაცებისთვის კარგია თბილისი მერი კახი კალაძე, თუმცა, ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომლებშიც იგი გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ისიც ჩანს, რომ რაღაცას აკეთებს. გამიხარდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება, უნამუსობა იქნება, რომ ის ყველაფერი არ აღინიშნოს, რასაც თბილისისთვის ცდილობს… ვიცი, რომ ამ მთავრობის პირობებში გაკეთდა გზები და, საერთო ჯამში, ამ ხელისუფლებამ უფრო მეტი გზა დააგო, ვიდრე ნებისმიერი მთავრობის დროს დაგებულა. ამბობენ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს, თუმცა რასაც აკეთებენ, არ ჩანს, იმის უნარიც არ გააჩნიათ, რომ მოსახლეობას გაკეთებულზე ინფორმაცია მიაწოდონ. მაღიზიანებს მთავრობის მდუმარება და სიჩუმე მცოცავ ოკუპაციაზე, რამე ხომ შეიძლება გამაგებინონ ან მითხრან, რომ ჩამოვლენ და მალე გორსაც აიღებენ, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება, თუ არ ხდება? იქნებ, ცრუ ინფორმაციაა და არაფერი ხდება, რაღაცა ხომ შეიძლება გვითხრან და აიღონ პასუხისმგებლობა!.. ასევე ყველამ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი ადამიანის უფლება დაირღვა და მაინტერესებს, სამართლიანობა თუ აღსრულდა ვინმესთვის?!
_ მახსოვს თქვენი განცხადებები, როდესაც სამართლიანობის აღდგენის მომხრე იყავით და აქტიურად უჭერდით მხარს „ქართულ ოცნებას“ უვადო მოსამართლეების დანიშვნაზე. რას ფიქრობთ, სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე?
_ ზოგი ამბობს, უპრინციპოები არიან, მაგრამ ძლიერი პროფესიონალებიო… ვერ ვხვდები, რას ნიშნავს უპრიციპო პროფესიონალი მოსამართლე? როცა ხალხი ემოციურად ასე განწყობილია და მაინც რომ აწვები, ეს მაგიჟებს! მაგალითისთვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ავიღოთ, რა გააკეთა? გამოვიდა და რაღაც რომ ჩაარტყა მსოფლიო ჩემპიონს თავში. ამ ფაქტმა შემძრა. გასაგებია, რომ მსგავსი ფაქტი სხვაგანაც ხდება, მაგრამ ასეთ დროს ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოძალადე ტოვებს თანამდებობას, მაგრამ ეს უვიცი მაინც იბრძვის თანამდებობისთვის! ატყდა ერთი ამბავი, ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, აიგინეს და ურცხვად, თითქოს არაფერი ესმის, გეგეშიძეს შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი. რა მნიშვნელობა აქვს, მართალი ხარ თუ მტყუანი იმ სიტუაციაში, როცა ადამიანს თავში ურტყამ?! რა გაძლებინებს? რატომ ეტენები? სად ეტენები? როცა იცი, რომ იმ ადამიანების უმეტესობას ეზიზღები, რომლებთან ერთადაც მუშაობა უნდა გააგრძელო. ვერ წარმომიდგენია, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით კონსერვატორიაში, რომელიმე კათედრის ნახევარს რომ ვეზიზღებოდე, მე კი წყნარად მოვდიოდე და არ მაწუხებდეს. რა გამაჩერებს ასეთ გარემოში?
_ ბიძინა ივანიშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია?
_ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ვერ გავიგე, ივანიშვილი რას აკეთებს… ვერ ვხვდები, სად მიდიან მინისტრები, ვის აბარებენ ანგარიშს? და თუ არაოფიციალურ პირს აბარებენ და თუ შენ გაბარებენ ანგარიშს, მაშინ რატომ არ იღებ ოფიციალურად პასუხისმგებლობას, თავად მართო ეს ქვეყანა?! როგორ იქცევიან ეს მინისტრები, პარლამენტარები, გადაწყვეტილებებს ვინ იღებს და ესენი რატომ ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს?! მგონია, რომ ეს მინისტრები მოშინაურებული პინგვინებივით იქცევიან, რაც ცოტა არასასიამოვნო შესახედია. არ ვიცი, ვინ მართავს ჩემს ქვეყანას.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდა. ფაქტია რომ „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების ნდობაც ნელდება, წინ არის საპარლამენტო არჩევნები. უშვებთ თუ არა რომ, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში?
_ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთხელ ამ თემაზე განცხადება გავაკეთე, რომ ახია თქვენზე-მეთქი. ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან და რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია. რაც შეეხება „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამის წარმოდგენაც არ მინდა, რა პარტიებადაც არ უნდა დაიყოს ის. მე მათ ხროვას ვეძახი, ოფიციალური მკვლელები და სადისტები არიან. არ მინდა, სადისტები და მკვლელები ვნახო ჩემი ქვეყნის მართვის სადავეებთან. ახლა როდესაც მათ ვხედავ და ჭკუას გვასწავლიან პარლამენტში, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მიმაჩნია. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელში მომავალსაც ვეღარ ვხედავ… ვოცნებობ და მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს მესამე ძალა, სადაც იქნებიან განათლებული ადამიანები და ნიჭიერი ახალგაზრდები.
_ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სხვადასხვა სატელვიზიო გადაცემაში ძალიან აქტიურობდით და თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებდით. დღეს რას ფიქრობთ, როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ეს ღირსეული არჩევანი იყო?
_ ძალიან დიდი ბოდიში, ვინც ვერ მიხვდა იმას, თუ რა განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. ვიღაცებმა გაიგეს, რომ თითქოს მან თქვა: ჩვენ დავიწყეთ ომი, ჩვენ ვართ დამნაშავეები და ვითომ ჩვენ ვართ აგრესორები… ახლა ხომ ხედავენ, ხომ გაჩუმდნენ და შეძვრენ თავიანთ სოროებში? ხომ დავინახეთ, რომ უკვე ოფიციალურ დონეზე საქართველოს პრეზიდენტმა უმკვეთრესი განცხადებები გააკეთა, ისეთი, როგორიც არასდროს გაკეთებულა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე ხაზგასმით თქვა მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში, სადაც ის საუბრობს, თუ რა არის სინამდვილეში რუსეთი ჩვენთვის! ის ხალხი ახლა სად არის, რომ ჭიჭყინებდა?! როგორი ბინძური კამპანია აუგორეს ზურაბიშვილს, ამაზრზენად იჭორავეს და რა აღარ დააბრალეს! ამ ქალბატონის მიმართ ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა თავი, მაგრამ როცა დავინახე იმ ნაგავს, ლაფს, საზიზღრობას, რაც აკადრეს, როგორ ითმენდა, მისი საქციელი ამ ყველაფრის მიმართ იყო ღირსეული და იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პოლიტიკოსს შეეფერებოდა. არასდროს ვგიჟდები და არ მეკეტება ჭკუა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ეს ჩემი სტილი არ არის, ღმერთმა დამიფაროს! ახლა შემიძლია, სალომეზე გითხრათ, რომ უფრო მშვიდად და ამაყად ვიგრძნობ თავს, თუკი ამ ქალბატონთან ერთად მოვხვდები ქვეყანაში, სადაც კონცერტი მექნება.

ლევან ქემოკლიძე