„დღეს ღმერთიც გარბის ეკლესიიდან!“

ის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სასულიერო პირად მიიჩნევა. ამის გამო ვიღაცები, უმეტესად, ეკლესიის წარმომადგენლები, ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა „ქრონიკა+“-ს მამა პეტრე ეუბნება, რომ ბულინგისგან თავის დაცვა ისწავლა.
ამას გარდა, მამა პეტრე ჩვენს გამოცემასთან მწვავე განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება და ამბობს, რომ ადამიანების, განსაკუთრებით, სასულიერო პირების ხელში ღმერთი ეცოდება!

_ მამა პეტრე, როგორ ხართ? საზოგადოების მსგავსად თქვენც ნიჰილიზმმა და პესიმიზმმა ხომ არ დაგრიათ ხელი?
_ როგორ ვარ? _ შემიძლია, ეს კითხვა საკუთარ თავზე თქვენ დაგისვათ.
_ სიმართლე რომ გითხრათ, არც კარგად ვარ და არც _ ცუდად, ანუ არც მიწისა ვარ არც _ ცისა!
_ იცით, რა გამახსენდა?
_ რა?
_ ადამმა ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი მცნება რომ უარყო და ცნობადის ხის ნაყოფი იგემა, ღმერთმა დაუძახა: „ადამ, ადამ სადა ხარ?!“
_ ეს რა შუაშია?
_ განა, ღმერთმა არ იცოდა, რომელი ბუჩქის უკან იყო ადამი ამოფარებული, მაგრამ ქვეყნის შემოქმედს სურდა, რომ ადამისთვის ეგრძნობინებინა, თუ სადამდე იყო დასული ცოდვის შედეგად პირველი კაცი-ადამიანი… შეხედეთ, სად ხარ, რა მდგომარეობაში იმყოფებიო…
ჰო, მეც იქ ვარ, სადაც სხვები, სადაც ყველა… გვინდა თუ არა, ეს ამდენი უბედურება და იმედგაცრუება ყველას გვეხება…
_ ყველაზე ძალიან რას განიცდით და რა განერვიულებთ?
_ განვიცდი, ძალიან განვიცდი იმ ადამიანებისგან მორალის კითხვას, რომელთაც, წესით, საერთოდ არ აქვთ ხმა ამოსაღები!
ღმერთის რწმენა არ დამიკარგავს, ეს ძალიან ჩემია და რაც შინაგანად მე მეკუთვნის, იმას ადვილად ვერ დავკარგავ, მაგრამ ადამიანები?! ჰო, ადამიანებზე რა გითხრათ… ჯერ ერთი, სადღა არიან ადამიანები, მერე, თუ სადმე არიან, მათ მიმართ ნდობა გქონდეს, შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელია…
ჩემთვის ვარ _ ვწერ, ვკითხულობ, როგორც შემიძლია, ვლოცულობ და კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენს ხელში ღმერთი მეცოდება… განსაკუთრებით _ სასულიერო პირების ხელში…
_ ამას რატომ ამბობთ?
_ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ უფრო მეტი მოგვეთხოვება, მეტს დავატარებთ და ნაცვლად იმისა, რომ ამ მადლისა და წყალობის ღირსი გავხდეთ, უარესად დავამძიმეთ!
ისე, ყოველწამიერად ველოდები ღმერთთან შეხვედრას.
_ აი, ახლა, ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ეტყვით ან რას ჰკითხავთ?
_ კითხვები ჩამოწერილი მაქვს, თუმცა ყველაზე მეტად ერთი კითხვა მტანჯავს და მოსვენებას მიკარგავს: ამდენს როგორ, ან რატომ გვიძლებს?
_ ღმერთი ხომ იმისთვის არსებობს, რომ გაგვიძლოს?
_ მან უკეთ უწყის, როდის უნდა მოვიდეს, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, ამ პროცესს დავაჩქარებდი, რადგან სამუდამოდ დამთავრდეს ამდენი ფარისევლობა, ორპირობა, უსიყვარულობა, განკითხვა, სიძულვილი, აგრესია და პირმოთნეობა…
ასე მგონია, ჩვენ და ღმერთი ერთმანეთს ავცდით! თითქოს ისევ ბაბილონის გოდოლს ვაშენებთ და ღმერთთან სასაუბრო ენა დავკარგეთ… აი, ასე ვარ!..
_ რადგან ღმერთთან სასაუბრო ენა დავკარგეთ, ხალხი უიმედოდ ამიტომაც არის თუ საამისოდ სხვა მიზეზიც არსებობს?
_ ყველასგან განწირული ადამიანის უკანასკნელი ნავსაყუდელი ყოველთვის ღმერთი, ეკლესია იყო… თავის დროზე, პირველყოფილებმა, სხვადასხვა კერპისა და წარმოდგენის იმიტომ ირწმუნეს, რომ მათზე ძლიერის მიმართ კრძალვა და რიდი ჰქონოდათ.
ჯერ იყო პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა), მერე მონოთეიზმი (ერთღმერთიანობა) ჩამოყალიბდა… ამ ორს შორის მანძილი ხანგრძლივი ისტორიული პროცესი იყო…
საბოლოოდ, ადამიანმა ერთადერთი ღმერთის რწმენა დაიმარხა გულში და განსაცდელის ჟამს სწორედ მასთან მიდიოდა… დღეს კი ღმერთიც გარბის ეკლესიიდან!
_ რას ნიშნავს, „ღმერთიც გარბის ეკლესიიდან“?
_ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც უმნიშვნელო რწმენა ჰქონდათ, მიმდინარე მოვლენებმა ისიც დააკარგვინა, თუმცა უნდა გვახსოვდეს: ღმერთს არაფერი დაუშავებია, ისევ ჩვენი ცოდვების გამო ავურიეთ ერთმანეთში რწმენა და ურწმუნოება, სიყვარული და სიძულვილი, განკითხვა და მხილება…
მავანი ამბობს, თუ ეკლესიაში ერთმანეთს ემტერებიან, თუ იქაც განუკითხაობაა, მაშინ სადღა წავიდეო?..
_ და მართლაც, სად უნდა წავიდეს ადამიანი?
_ არსად!
_ ეს როგორ?
_ ისევ უფლის წიაღში უნდა დავრჩეთ, რადგან თუ, მაგალითად, კონკრეტული მამა პეტრე შეცდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი და მისი სწავლებები ცდომილებაა…
_ შეიძლება, უფლის წყალობა ცდომილება არ არის, მაგრამ ცდომილება ის ნამდვილად არის, რომ ბოლო დროს ეკლესიასა და პოლიტიკას შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ქართული რეალობა ასეთია…
_ არ არის სწორი, რომ ეკლესია შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან ან პოლიტიკა _ ეკლესიისგან… ამას გაუაზრებლად თუ იტყვის ადამიანი.
_ რატომ?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას პოლიტიკური სარჩული, ანუ ნიზიბინის ზავი უძღოდა, საქართველოს უნდა აერჩია ბიზანტიის მხარე და უარი ეთქვა ირანზე… ეკლესიამ თავისი როლი და ფუნქცია არ უნდა დაკარგოს.
_ ეკლესიის უპირველესი ამოცანა რა არის?
_ ეკლესიის უპირველესი ამოცანა და მიზანი ადამიანების ნუგეში, მხარში დგომა, მათი სულიერი და მორალური აღზრდა, სწორ გზაზე დაყენება, კონსოლიდაცია უნდა იყოს… ეტყობა, ყველაფერი ეს ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ამიტომაც მატერიალურ კრიზისს სულიერი კრიზისიც დაემატა და საზოგადოების დიდი ნაწილი უიმედობამ მოიცვა…
არ გამოგვადგება სირაქლემის პოზიცია: ვაღიაროთ, რომ ყველა ჩვენგანს შველა სჭირდება… ყველაფერი ჩვენი არასწორი ცხოვრების ბრალია… დაგვძლია ამპარტავნობის, პატივმოყვარეობის, ანგარების, დიდებისმოყვარეობის ვნებამ…
_ ძნელია, არ დაგეთანხმოთ…
ისე, მთავარი სასულიერო დანიშნულება რა არის?
_ სიყვარული და პატიება!
ძალიან ცუდია, როცა ისმენ ქადაგებას, მაგრამ არ იგრძნობა სიყვარული. ბავშვობაში, სოფელში რომ ვცხოვრობდი, ეკლესიას ერთადერთი სასულიერო პირი სდარაჯობდა. მთელი სოფელი სკეპტიკურად უყურებდა. ეს იყო უღმერთობის ეპოქა. სწორედ მაშინ მომინდა მასთან სიახლოვე და ურთიერთობა. ის არ გამოირჩეოდა განათლებითა და ერუდიციით, მაგრამ ქრისტეს ისეთი სითბოთი ახსენებდა, თვალები უწყლიანდებოდა. სწორედ მან გადამაწყვეტინა, მეპოვა ჩემი გზა უფლამდე. ვწუხვარ, დღეს იგივეს იშვიათად განვიცდი.
სამაგიეროდ, გულისტკივილი, შეურაცხყოფა, სიძულვილი და აგრესია ბევრია. ამბიონზე გადმოდგებიან და ისეთი სიტყვებით გაგანადგურებენ, ყველაფერს იგრძნობ, გარდა ქრისტიანობისა. იმასაც ვერ ხვდებიან, ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, არამედ, მთელ ორგანიზმს, რადგან ყველა ერთი ეკლესიის წევრები ვართ.
ზოგი შეიძლება, ხეიბარი იყოს, მაგრამ განკურნება შეურაცხყოფით კი არა, სიყვარულითა და ქრისტესმიერი მზრუნველობით ხდება. ზოგს სარწმუნოების აღორძინება ეკლესია-მონასტრების მშენებლობა ჰგონია. დიახ, უნდა აშენდეს. მით უფრო, ჩვენს ქვეყანაში არავის უკვირს ტაძრების აღდგენა. ჯერ კიდევ თემურ ლენგის შემდგომ პერიოდში, ქვეყანა მიწასთან რომ იყო გასწორებული, საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდმა კომლზე 40 თეთრი დააწესა გადასახადი, შემოსული თანხა ტაძრებს რომ მოხმარებოდა. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეკლესიის შენება ადამიანის სულის ნგრევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მეტი კორექტულობა და დაფიქრებაა საჭირო.
ყველაზე შემზარავი მოსასმენი მღვდლებს შორის ერთმანეთის განკითხვაა. რა უნდა ისწავლოს მრევლმა, როცა თავად საკუთარ ძმას არ ინდობ? თუ ამას საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისთვის აკეთებენ, მაშინ ნაპოლეონის სიტყვებს შევახსენებ:
„ალექსანდრემ, იულიუს კეისარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? _ ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან, თავიანთი ცხოვრება შესწირონ მას“.
პავლე მოციქულის სიტყვებით კი: „უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რამე ვარ…“
ჩვენ ადამიანებს არ ვიცნობთ და ისე ვლანძღავთ. სირცხვილია, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს და პასუხს, როგორც მინიმუმ, ცილისწამებისთვის ვაგებთ!
_ დღე არ გავა, მკვლელობის, ყაჩაღობისა თუ სხვა დანაშაულის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია. ქვეყანაში აგრესია რატომ ჭარბობს, _ მეორედ მოსვლის ჟამი მართლა ხომ არ მოახლოვდა?
_ ყველა ეპოქას ახასიათებდა მეორედ მოსვლის ნიშნები. კატაკლიზმების შემთხვევაში იტყოდნენ, მეორედ მოსვლა მოგვიახლოვდაო. ასე მიიჩნევდნენ დიდი თურქობის დროს და შემდგომ პერიოდშიც, სტიქიური უბედურებების გამო, მონღოლთა შემოსევების ეპოქაშიც…
ჩვენი ცხოვრება არ არის დაზღვეული. არც ის ვიცით, როდის იქნება მეორედ მოსვლა, მაგრამ იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება?!
დღითიდღე მძიმდება სიტუაცია, რთულდება ცხოვრება, რაც გამოწვეულია მასობრივი უსაქმურობით, სხვების ცხოვრების განკითხვით, აგრესიით, სიძულვილით. ამას ხელს უწყობს უუნარო ხელისუფლება, ტოტალური შიმშილი, უსამსახურობა, მატერიალური დისბალანსი, ადამიანებს შორის უსამართლობა…
გახშირდა სუიციდის ფაქტები, მომრავლდნენ მკვლელები… არ მგონია, სოდომსა და გომორაში უარესი მომხდარიყო…
ამას ართულებს ერთმანეთზე გადაბრალებები. რომ ჰკითხო, ყველა მხარე მართალია, ყველა უცოდველია… აქამდე გვითმენს ღმერთი, მაგრამ თუ გონს ვერ მოვეგეთ, განსაცდელიც არ აგვცდება.
ისე, ამის დეფიციტს არ განვიცდით, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ!
_ სიძულვილის ენაც ჩვენი ყოველდღიურობა გახდა _ ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად, ღვთისმოშიშებად მიიჩნევენ, სხვის გაქილიკებას არ ერიდებიან. რა გამოდის _ ქრისტიანობის არსი შეიცვალა?
_ ქრისტიანობის კი არა, ე. წ. ქრისტიანების არსი და ქრისტესადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ნამდვილი ქრისტიანი სხვისი განკითხვით და აგრესიით კი არ დაკავდება, პირიქით, გზასაცდენილს გვერდით დაუდგება და გამოსავლის პოვნაში დაეხმარება!
დღევანდელ ეკლესიურებში უფრო მეტი აგრესია და ძალადობა სჭარბობს, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუღია ეკლესიის კარი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ფსალმუნს კითხულობ დღეში. მნიშვნელოვანია, რა გულით კითხულობ და რატომ კითხულობ…
თუ ყველაფერ ამას იმისთვის აკეთებ, რომ თავი მოიწონო ან უსაქმურობის გამო დრო მოკლა, ცხადია, შედეგზე ვერ გახვალ. ამდენი ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და ამდენი სასულიერო პირის მიუხედავად, სულიერად ძალიან გვიჭირს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ყველაფერი ზედაპირული, მოჩვენებითი და ყალბია!
_ სიძულვილის ენა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, უცხო არც ზოგიერთი სასულიერო პირისთვის არის _ ქადაგებებისა თუ სხვა საჯარო გამოსვლებისას მღვდლები არასასურველ პირებს უხეშად მოიხსენიებენ. ამას რა ახსნა აქვს?
_ ერისკაცს, მით უფრო, სასულიერო პირს, არ აქვს უფლება, ვინმე უხეშად და უხამსად მოიხსენიოს! სწორედ ამის გამო ადამიანებისთვის ღვთისმსახურები აღარ არიან ავტორიტეტები!
ბოლო დროს ხშირად მესმის, ტაძარში მრევლი აღარ დადისო… იქნებ, იმაზე ვიფიქროთ, რომ ყველაფერ ამაში ჩვენ, სასულიერო პირებს მიგვიძღვის ლომის წვლილი!
ღვთისმსახურება მარტო ანაფორით სიარული არ არის, ის უფრო მეტია, ვიდრე საცეცხლურის ქნევა…
მამა რომ დათვრებოდა, ხშირად იგინებოდა, ბავშვი ვიყავი და სახლიდან გავრბოდი, რადგან ბილწსიტყვაობას ვერ ვიტანდი, ანუ პატივს არ ვცემ ადამიანს, ვინც გინდა იყოს, ვისაც საკუთარი ძალების დემონსტრირებისთვის უხამსი სიტყვების მოშველიება სჭირდება! თუ ამას არ გამოვასწორებთ, ის ხალხიც აღარ მოვა ტაძარში, ვინც დადის!
პირადად მე უამრავი რამ მაბრკოლებს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება!..
_ მართალია, 21-ე საუკუნეა, მაგრამ საქართველოში სექსი მაინც სირცხვილად ითვლება. სექსი ცოდვაა თუ, უბრალოდ, ქვეყანაში ტოტალური გაუნათლებლობაა და ზოგს ამიტომ ჰგონია, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ ან კომბოსტოში პოულობენ?
_ სიტყვა „სექსი“ უხერხულობასა და გაუკუღმართებულ წარმოდგენას იწვევს. არადა, მეორენაირად, ეს არის ურთიერთობა, ოღონდ ურთიერთობასაც გააჩნია.
ხშირად უფროსები უმცროსებს ამ თემებზე არ ესაუბრებიან, რა საჭიროა, ისედაც გაიგებენო. არადა, ისე ხდება, რომ მოზარდებმა ამ თემაზე მეტი იციან, ვიდრე _ მშობლებმა. ეს მეტმა ინფორმირებულობამ, საკითხისადმი მეტმა წვდომამ გამოიწვია.
უფროსები ან თავს იტყუებენ, ან უცოდინარობის გამო ჩიხში შედიან. მეტი კომუნიკაცია, მეტი სწორი დამოკიდებულებაა საჭირო ერთმანეთთან, რომ 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი უხერხულობას აღარ იწვევდეს…
მაპატიეთ, მაგრამ ჯვარდაწერილ ოჯახებშიც ხშირად შეინიშნება ეს პრობლემა. წყვილები ერთმანეთს გაურბიან, ერთმენითისთვის ვეღარ იცლიან, არ მოსწონთ, აღარ უყვართ ერთმანეთი… ესეც იმის ბრალია, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ…
არ არის საინტერესო სხვისი საბნის ქვეშ თავის შეყოფა… მორალს სწორედ ისინი უკითხავენ სხვებს, რომლებიც საკუთარ ცოლსა თუ ქმართან არ არიან რეალიზებულნი!
ამ დროს ყველას აქვს უფლება, საკუთარი ცხოვრება მოიწყოს და არ დაინტერესდეს იმით, ვის ვისთან აქვს სექსი!
_ ქართული ანდაზაა, როგორიც ერი, ისეთი ბერიო, ანუ თუ ერში პრობლემებია, ე. ი., პრობლემები ეკლესიასაც აქვს, არა? მამა პეტრე, დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი პრობლემა რა არის?
_ პრობლემა ბევრია, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ჩაკეტილობა, საზოგადოებასთან კავშირის გაწყვეტა, რაღაც კუთხით ჩამორჩენილობა, ცოტა სიბნელე და გარკვეულწილად უწიგნურობაა…
ფანატიზმი და ცრუსასწაულების რწმენა ანგრევს ეკლესიის მომავალს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მეტი ახალგაზრდა მოვიდეს ეკლესიაში. მათი შეხედულების, ჩაცმისა და თმის ფერის მიუხედავად, მზად უნდა ვიყოთ, ყველა გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ!
ეკლესია მარტო სასულიერო პირების არ არის, ის ადამიანებს ეკუთვნით! ყველაზე მეტად კი მათ, ვინც ნუგეშს, სითბოსა და სიყვარულს საჭიროებს!
არც შეცდომების აღიარება უნდა გაგვიჭირდეს, თუ გვინდა, რომ თაობები გადარჩეს! ყოველთვის დამნაშავე მარტო ერთი მხარე არ არის, შეცდომები მეორე მხარესაც მოსდის… მთავარია, ყველამ საკუთარი ნაკლოვანება ჯერ აღიაროს და შემდეგ გამოასწოროს…
_ მამა პეტრე, როგორც სასულიერო პირი, ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარხართ. რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი ბულინგისგან?
_ ბულინგის მსხვერპლი საბოლოოდ ის არის, ვინც სხვას აბულინგებს!
საწყის ეტაპზე ძალიან მოქმედებდა, მერე მივხვდი, რომ გამოცდილებას ვიძენდი _ ჩემი შინაგანი გაზრდისთვის ეს აუცილებელიც იყო. მთავარია, ისეთი სუსტი არ აღმოჩნდე, რომ ჩაგვრას ემსხვერპლო. ახლა ისე ვარ, რომ ნებისმიერს გვერდით დავუდგები, ვისაც აბულინგებენ და ყველას ფეხზე დავაყენებ! არავის მივცემ უფლებას, რომ დაუცველი დაჩაგროს! არავის მივცემ უფლებას, საკუთარი უბადრუკობის, აგრესიის, სისუსტისა და უსუსურობის რეალიზებას სხვების დაბულინგებით ახდენდეს!
_ ზოგადად, ადამიანს სხვისი დაჩაგვრის სურვილი როდის უჩნდება?
_ როცა ხვდება, რომ ის სხვა მასზე უკეთესია, როცა მას არასრულფასოვნების კომპლექსები სტანჯავს, როცა გაუნათლებელი, უწიგნური, ბნელია, სწორედ სხვების შეურაცხყოფის ხარჯზე ცდილობს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. სხვისი ჩაგვრა სიძლიერე კი არა, ყველაზე დიდი სისუსტეა!
_ აქვე გკითხავთ: რატომ არ პატიობენ ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას?
_ ადამიანებს უყვართ გაუბედურებული სახეების ყურება და მხოლოდ ამის მერე ეხმარებიან წამოდგომაში! ეს კი შურის, ბოროტების, პატარა ადამიანობის ბრალია…
რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება გარშემო, რაც მეტად გაიღიმებენ, ნაკლები ბოროტება, სიძულვილი და აგრესია იარსებებს!
ბედნიერებისთვის ხშირად მიზეზი არ არის საჭირო. ბედნიერება სულის მდგომარეობაა, რაც მადლიერებით არის გამოწვეული!
უმადური ადამიანი რაც უნდა რეალიზებული იყოს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება! ჩვენ შინაგანად უნდა გადავწყვიტოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები!
ნამდვილ ბედნიერებას კი მაშინ იგრძნობ, როცა ცდილობ, სხვაც გააბედნიერო! გახსოვთ, დოსტოევსკი ამბობს: „შეგვინდეთ ბედნიერება!“
_ თუ ღმერთი სიყვარულია, რატომ გახდა სიყვარული მოჩვენებითი?
_ სიყვარულს ნიჭი უნდა!
თანამედროვე ადამიანს ყველაფრის ნიჭი აქვს, გარდა _ სიყვარულისა. მეტიც, სიყვარულსა და პატივისცემას სისუსტეში გითვლიან!
თითქოს აღარავის სცალია სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის… ყველაფერი ეს სამუზეუმო ექსპონატად იქცა. მხოლოდ წიგნებში თუ გადავაწყდებით სასიყვარულო თავგადასავლებს, მსხვერპლშეწირვებს…
ხშირად ცრემლი მადგება, თუ შემთხვევით ქუჩაში გადავაწყდი შეყვარებულ წყვილს ან, უბრალოდ, ადამიანს, რომელიც ყვავილებით ხელში გარბის დაგვიანებულ პაემანზე…
დღევანდელი ახალგაზრდების სული ისე გაუხეშდა, არც აქვთ მოთხოვნილება, ყვავილებით ან ბარათებით იარონ! სამაგიეროდ, ღამის კლუბებში გარბიან და ტაბლეტებს იტენიან პირში, უარეს შემთხვევაში, კვდებიან… რომ ჰკითხოთ, გიპასუხებენ, შეყვარებულთან ნარკოტიკით უნდა იკაიფონ. არადა, თავად სიყვარულია ყველაზე დიდი „კაიფი“ _ მას სხვა დანამატი არ სჭირდება… ყველაფერ ამას დანახვა უნდა… დანახვა სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში!
ამას გარდა, ადამიანი არსად, არც ერთ სფეროში არ უნდა შეეგუოს უსამართლობას, რადგან ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს კი არა, უფრო მომავალ თაობას დააზიანებს. უსამართლობა იმ ადამიანებისგანაც არ უნდა აიტანო, რომლებიც მორალის კითხვით და საკუთარი თავის გაღმერთებით სხვების აზრს და შეხედულებებს არაფრად აგდებენ!
სამსახურის, ლუკმა-პურის შენარჩუნების გამო ყველა სისულელესა და არაფრისმომცემ დემაგოგიაზე გუნდრუკის კმევა ადამიანს მორალურად, სულიერად საბოლოოდ დაამძიმებს და გაანადგურებს!
ნურც იმას იფიქრებთ, რომ არ შეგიძლიათ, სიტუაცია შეცვალოთ. თქვენი წილი პასუხისმგებლობა გავალდებულებთ, ის გარემო და ატმოსფერო, სადაც იმყოფებით, გაწმინდოთ და გაასუფთავოთ სიბინძურისგან, პირმოთნეობისგან!
ღირსებას, სინდისის ხმას არასდროს უნდა უღალატოთ, რადგან სწორედ ეს სინდისია ღმერთი, რომელსაც პატიოსნად უნდა ემსახუროთ!
მთელი დღე რასაც უნდა აკეთებდეთ, როგორი განსაცდელიც უნდა გქონდეთ, ყველა ადამიანის მისამართით სიკეთე და სიყვარული გაუშვით!
ამის მერე სული ისე დაგიმშვიდდებათ, რომ ყველა პრობლემა სასაცილოდ მოგეჩვენებათ!
ქარმა რაც უნდა იქროლოს, ის აუცილებლად ჩადგება, მთავარია, თქვენ იდგეთ მყარად!..
_ მამა პეტრე, გვარად კვარაცხელია ხართ, თუმცა ლიტერატურული წრეები კოლხად გიცნობენ. ფსევდონიმად „კოლხი“ რატომ აიღეთ?
_ ეს ბანალური გადაწყვეტილებაა: პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს ანტიკურ ამბებსა და რაღაცებში ძიება ძალიან მიყვარს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან თავისი ადგილი უკავია _ თუ ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიაზე ვისაუბრებთ, ჩვენი მიღწევები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადმონაშთია, რაზეც დღეს, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა დგას. მიუხედავად იმისა, რომ გარესამყაროსა და არაერთ წამყვან სახელმწიფოსთან კავშირ-ურთიერთობა ძველი აღთქმიდან გვაქვს, ეს დღეს თითქოს არ გვეტყობა, მაგრამ თუ რამეს წარმოვადგენთ, თანამედროვე პოლიტიკოსების მიღწევა და დამსახურება კი არა, სწორედ წარსულის აჩრდილების „ბრალია“. ერთ-ერთი ასეთი სწორედ კოლხეთის სამეფოა, რომელიც ჩემთვის, თავიდან ბოლომდე, მისტიკაა. წარმოშობითაც კოლხეთიდან ვარ და იქაური ტრადიციები თუ მიდგომები ძალიან მიყვარს!
ჩემთვის კოლხეთი მხოლოდ ერთი, რომელიმე პოლიტიკური თუ გეოგრაფიული გაერთიანება კი არა, სრულიად საქართველოა! კოლხეთის კულტურა ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა და ვფიქრობ, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ისტორია სწორედ აქედან აღმოცენდა. ამიტომ წინასწარდაუგეგმავად გადავწყვიტე, კოლხი გავმხდარიყავი.

გიორგი აბაშიძე