მთავარი რელიგია საქართველოს ეკლესიის 25 მილიარდი და უკიდეგანო გავლენა

საქართველოს ეკლესიის 25 მილიარდი და უკიდეგანო გავლენა

12332
0
გაზიარება

კიდევ ერთხელ მკაფიოდ შევთანხმდეთ: როდესაც ვმსჯელობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებზე და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, ბრმადმორწმუნე მრევლმა და ცალკეულმა _ არასასურველი მიზნებით მოტივირებულმა, საკუთარ თავში ჩაკეტილმა მღვდელმსახურმა უნდა გაითვალისწინოს _ „გარეშე პირები“ არ დაობენ საეკლესიო დოგმებზე და არავინ მოითხოვს ნათლობის, ზიარებისა თუ სხვა საიდუმლოებების აღსრულების შეცვლას. ეს პირები ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის გულშემატკივარნი მისი მესაჭეებისგან პატიოსნებას, ღიაობას, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას, პროგრესისა და სახელმწიფოს თანადგომას მოითხოვენ.

საზოგადოების წევრები _ საქართველოს მოსახლეობა და „გარეშე პირებიც“ კი, მინიმუმ, პატივისცემასა და მოკრძალებას იმსახურებენ იმის გამო, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გადასახადებით ასაზრდოებენ და კვებავენ ეკლესიას. ეს იმის მიუხედავად, რომ თავად ეკლესია არად დაგიდევთ თუნდაც მადლიერებასა და ღიაობას. არავინ ეუბნება გადასახადის გადამხდელს და აქ სულაც არ არის სავალდებულო გადასახადის გადამხდელის რწმენა, მისი სენტიმენტები რელიგიასთან, თუ სად იხარჯება ეკლესიის მხრიდან ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლები. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ჰყავს ათი ათასობით მშიერი, უპოვარი, უსახლკარო, დავრდომილი, უმწეო, უპატრონო მოქალქე, ეკლესია სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და, ცალკეული ფაქტების გათვალისწინებით, კორუმპირებული ინსტიტუტია. როდესაც ეკლესიის კორუმპურებულობაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს ის ღვთისმსახურნი, რომლებიც არაკანონიერ საქმიანობაში არიან ჩართულნი და ფარად, ისევ და ისევ, ქრისტეს რწმენას, ეკლესიას იყენებენ.

***
მარტივი კითხვა დავსვათ, _ ცხოვრობს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საკუთარი ერის ცხოვრებით და ერის გასაჭირით, მისი ტკივილითა და საზრუნავით? პასუხი იდეოლოგიურ პასაჟებში კი არ ვეძებოთ, არამედ _ ფაქტებში.
არქივებში ნაპოვნი გუჯარის (გუჯარი XI საუკუნიდან შემოდის ქართულ ლექსიკაში და იგი მეფისგან ნაბოძები საბუთის ზოგადი სახელწოდებაა. სულხან-საბას განმარტებით „გუჯარი“ არის დიდი სიგელი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი) კალენდრის მიხედვით (წყარო: აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი) 1864 წლისთვის დასავლეთ საქართველოში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა ქონება, რომელიც შეფასებეული იყო 29 მილიონ ოქროდ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შეფასებული ქონების მოცულობა 28 მილიონი იყო. ეკლესია ფლობდა ათობით ათას დესიტინა მიწებს, საამქროებს, საწარმოებს, ოქრო-ვერცხლსა და ა. შ. ამ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ შემდგომ რუსეთში გაიზიდა, ეს, ვგონებ, ყველასთვის გასაგებია.
გაგახსენებთ იმ ფაქტსაც, როცა 1990 წელს პაატა კოღუაშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად გააჟღერა წინადადება ეკლესიისთვის 1918 წლისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე ტოლი რაოდენობის მიწების (24 ათასი ჰა) გადაცემის შესახებ.
მოგვიანებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 22 ათასი ჰა მიწა, რამდენიმე საწარმო, საბჭოთა მეურნეობები. თანდათანობით ეს ქონება იზრდებოდა.
2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების _ კონკორდარტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეკლესიისთვის მეფის რუსეთისა და საბჭოთა მმართველობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. შეიქმნა შესაბამისი კომისიაც, რომელიც სულ ორჯერ თუ სამჯერ შეიკრიბა და კონკრეტული ზიანის მოცულობა არ დადგენილა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ ერთპიროვნულად აიღო საკუთარ თავზე გარკვეული საბიუჯეტო ვალდებულებებიც კი.
რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1869 წელს კი საბოლოოდ დაასრულა ქონების ჩამორთმევის პროცესი. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლამდე, ეკლესია 7000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფლობდა.
რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წლის 12 მარტს, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ვერ მოხერხდა ქონების საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. 1990 წლის 12 აპრილს საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საპატრიარქოს უკან დაუბრუნდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ყველა საკულტო ნაგებობა.
90-იანი წლების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყო.

***
ზემოთ ნახსენები კონკორდატის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები“. იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო, ფაქტობრივად, არ იძლევა საშუალებას, საზოგადოებამ იცოდეს მისი შემოსავლების წყაროებიდან მიღებული სახსრების შესახებ, მოგვიწევს მხოლოდ იმ მწირი მონაცემებით დავკმაყოფილდეთ, რაც ვიცით ბიუჯეტის ნაწილში და სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტიდან.
როგორც ირკვევა, საქართველოს საპატრიარქოს, გნებავთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, 1988 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს 6270 კვადრატული კილომტრი მიწა. თუ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ეს, დაახლოებით, ქალაქ ბათუმის ტოლი ტერიტორიაა (შესაძლოა, არასწორი შედარებაც კი იყოს, მაგრამ ვატიკანის ტერიტორია 44 ჰა-ს შეადგენს). მხოლოდ ერთი მაგალითი: საპატრიარქოსთვის გადაცემული „ბობოყვათის რეზიდენცია“ 35 მილიონ დოლარად (92 750 000 მილიონი ლარი) იყო შეფასებული. შეფასებაში არ შედის ლამის ერთკილომეტრიანი სანაპირო ზოლი. იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ინვესტორი, სახელმწიფომ რეზიდენცია საპატრიარქოს აჩუქა.
ცალკე კვლევით ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქომ სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფოსგან მიღებული მიწის ნაკვეთები, დაახლოებით, 11-13 ათასი ჰა (იძებნება სხვა მონაცემებიც) დაუბრუნა სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს. დოკუმენტების შესწავლით დგინდება, რომ ამ გადაცემულ მიწებს მათ ან უცვლიდნენ სხვა მიწის ნაკვეთებში, ან „ჩაბარებიდან“ უმოკლეს ვადაში ეს ქონება სხვა მეპატრონეზე ფორმდებოდა. არის ფაქტები, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ახალი მფლობელები ცალკეულ ღვთისმსახურებთან დაახლოებული პირები არიან. თუმცა პრეცედენტების არსებობის გათვალისწინებით ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საეკლესიო ქონების მიტაცების კორუფციული ფაქტებია.
რადგან დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია ვგონებ, ამ მიმართულებით ცალკე მასალის გამოქვეყნება აუცილებლობას წარმოადგენს და აქ კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან თავს შევიკავებ. ერთი მხრივ, არ დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმპცია და მეორე მხრივ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის მოკვლეული მასალები იძლევა გონივრული ეჭვის წარმოშობის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, ადგილი გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებთან _ დაწყებული თაღლითობიდან და სხვისი (ეკლესიის) ქონების მითვისებით დასრულებული. ფაქტობრივად, რაც წინასწარ ჩანს, იმ ინფორმაციის საფუძველზე, უმეტეს შემთხვევაში, იკვეთება სასულიერი და საერო პირების დანაშაულებრივი გარიგებები ანგარებისა და პირადი გამორჩენის მიზნით.
საკითხის მორალურ მხარეს მივხედოთ, _ ვინ ეკითხებოდა ცალკეულ ღვთისმსახურებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ამ მიწების _ ეკლესიის ქონების ასეთი ფორმით „მოვლას“? დაიჯერებს ვინმე იმის გამო, რომ მიწას ვერ უვლიდნენ და კეთილშობილი მიზნებით დაუბრუნეს სახელმწიფოს? რა უფლება ჰქონდათ ეკლესიის მესვეურებსა თუ მსახურებს, გაენიავებინათ ქონება და ცალკეულ შემთხვევებში, რეალურად, საეჭვო გარიგებებში შესულიყვნენ საერო პირებთან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან?
და ამის მიუხედავად, ექსპრტების ნაწილი აცხადებს, რომ მხოლოდ საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული მიწის ჯამური საბაზრო ღირებულება, შეწონილი მინიმალური ფასის პირობებშიც კი, რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

***
ზემოთ მოყვანილი მაგალითის კონტექსტში შევხედოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს. იმთავითვე ითქვა, რომ დეკანოზი მამალაძე იმიტომ გახდა სამიზნე, რომ მან საპატრიაქოს კუთვნილი ქონების განკარგვაში არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი აღმოაჩინა. თუ გავითვალიწინებთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს მიწასთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, არც არის მოხვედრილი მამალაძის მიერ გამოვლენილ ფაქტებში, ნამდვილად არსებობს იმის განცდა, რომ მამალაძის ციხეში ყოფნა შედიოდა გარიგებებში მყოფი მეუფეების, უფრო დაბალი იერარქებისა თუ საპატრიარქოში გავლენის მქონე საერო პირების ინტერესებში.

***
როგორც ირკვევა, 2002 წლიდან საპატრიარქოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 310 მილიონი ლარი, 2019 წელს მისაღები თანხის ჩათვლით _ 335 მილიონი. უფრო ადრინდელ მონაცემებს ამ მიმრთულებით ვერ მივაკვლიე.
განსაკუთრებით საგულისხმოა საპატრიარქოს მიერ „ავადსახსენებელი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა.
2003-2012 წლებში საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ შეადგინა: 2003 წელი _ 909 000 ლარი (ცნობისთვის: 2002 წელს _ 857,600 ლარი); 2004 წელი _ 1 637 900 ლარი; 2005 წელი _ 1,290,100 ლარი; 2006 წელი _ 4,803,300 ლარი; 2007 წელი _ 4,270,600 ლარი; 2008 წელი – 12,933,400 ლარი; 2009 წელი – 26,394,900 ლარი; 2010 წელი _ 25,675,300 ლარი; 2011 წელი _ 24,391,700 ლარი; 2012 წელი _ 22,800,000 ლარი;

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოს ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, კვლავ გაიზარდა და 25 მილიონი ლარი შეადგინა. 2014-2018 წლებში საპატრიარქოს დაფინანსებამ ყოველწლიურად შეადგინა 25 მილიონი ლარი. 2019 წელსაც საპატრიარქოს მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსება 25 მილიონ ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან დაფინანსებას სხვა გზებითაც იღებდა. მაგალითისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2006-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და მთავრობის დადგენილებებით სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოყოფილია 8 მილიონ 388 200 ლარი. დამატებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამავე პერიოდში საპატრიარქოს მიღებული აქვს 10 მილიონ 401087 ლარი. ამ სახსრებიდან მხოლოდ ავტომანქანების შესაძენად გამოყოფილი თანხის მოცულობა შეადგენს 2 მილიონ 170290 ლარს. ორგანიზაცია ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრეზიდენტის ფონდიდან საპატრიარქოს 1 700 000 ლარი ჩაერიცხა, ხოლო 2012 წლის ივლისში შსს-მ (მინისტრი ბაჩო ახალაია) „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ღირებულების შესაძენად საპატრიარქოს 110 ათასი ევრო გამოუყო.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საპატრიარქო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად რეგულარულად იღებს თანხებს ცალკეული უწყებებიდან. ასევე რეგულარული ხასიათი აქვს ამ ინსტიტუტისთვის სხვადასხვა სახის ქონების მიკუთვნებას უფასოდ, 1 ლარად ან 1 აშშ დოლარად.

***
როგორც ირკვევა, ცენტრალურ ხელისუფლებას არც ადგილობრივი ხელისუფლებები ჩამორჩებიან. ეს იმ პირობებში, როცა ადგილობრივი ბიუჯეტებით ვერ ხერხდება უამრავი პროგრამის დაფინანსება, ხელმოკლე ოჯახებისა თუ უმწეოებისთვის დახმარებების გაწევა. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ეპარქიებისა და ღვთისმსახურებისთვის გაწეული დახმარება, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ლამის, 20 მილიონ ლარს აღწევს. გამოყოფილი თანხების დანიშნულება სხვადასხვაგვარია, დაწყებული ეკლესიის მშენებლობით (მაგალითად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დავით აღმაშენებლის ეკლესიის მშენებლობისთვის გამოყოფილი 200 000 ლარი) ან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის (მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყოფილი 1,118,275 ლარი) ან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის (მაგალითად, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიისთვის გამოყოფილი 140 ათასი ლარი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებისთვის).
ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გაუგებარიც კი არის, რა დანიშნულებითაა თანხები გამოყოფილი. ზოგიერთმა კი სახრების ხარჯვის ორიგინალურ ხერხს მიაგნო და ფულს ფიზიკურ პირებს უყოფდა. მაგალითად: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მთელ რიგ შემთხვევებში ფინანსურ დახმარებას არა საპატრიარქოს ან ადგილობრივ ეპარქიას, არამედ _ ფიზიკურ პირებს პირდაპირ აძლევდა, რადგან სასულიერო პირები იყვნენ.

***
ძალიან საინტერესოა სხვადასხვა უწყების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს მიწას, ტრანსპორტს, საწარმოებს, სამშენებლო მასალებს, შენობა-ნაგებობებს, ინფრასტრუქტურას, საძილე ტომრებს, ხელთათმანებს, შეშას, წიგნების ბეჭდვასა და თარგმნას.
თუმცა განსაკუთრებით ნიშანდობლივია საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ოთხი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, ორი არაკომერციული („თერაპიული კლინიკა უპოვართათვის“, „წმ. გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო“), ორი კი შპს („წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ და საეკლესიო საავადმყოფო _ „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსნენონი“). არაკომერციული- არამომგებიანი აქ იურიდიული ნორმისთვისაა, თორემ ისინიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან. ისევე როგორც მოგებაზეა ორიენტირებული ორი კლინიკა, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ დავადგინე რამდენ ადამიანს მოემსახურა უფასოდ საპატრიარქოს კლინიკები.
საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი „ბაგრატი“ ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე „კრწანისის ტყე-პარკი“, ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში, სამშენებლო-საპროექტო კომპანია შპს „იბერია ბურჯი“ და ა. შ.
როგორც ირკვევა, საპატრიარქოს ეკუთვნის შპს „თანადგომა“. ამ კომპანიის საქმიანობაა ნავთობის იმპორტი და რეალიზაცია. ისე, ფრიად გასაკვირი კი არის, ეს ბიზნესი როგორ პასუხობს საეკლესიო-სასულიერო მოთხოვნებს.
ხელმისაწვდომი დოკუმენტებით დგინდება, რომ საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს 100-მდე არასამეწარმეო იურიდიული პირი _ მათ შორის უნივერსიტეტები, სემინარიები, სკოლები, სოციალური დაწესებულებები, სხვადასხვა ფონდი.

***
ამ ფონზე განსაკუთრებით ყურადსაღებია ის იდეოლოგიური გავლენა, რომელიც საპატრიარქოს აქვს სახელმწიფოში არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ხალხზე. რა არის ხალხზე _ მასაზე გავლენის საფუძველი და როგორ მანიპულირებს საპატრიარქო მათი ემოციებით, ამაზე, ალბათ, ცალკე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ახლა ერთი მეტად საინტერესო მონაცემი საპატრიარქოს ვებგვერდიდან. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალსა და რაოდენობას გადავხედოთ.

საქართველოს საპატრიარქოს კულტურულ-საგანმანათლებლო
დაწესებულებანი

მცხეთა-თბილისის ეპარქია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
თბილისის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი;
თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი;
თბილისის დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი;
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი „გალობა“;
საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;
თბილისის ახალი პროფესიული კოლეჯი;
თბილისის წმ. ილია მართლის გიმნაზია;
თბილისის წმ. გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების გიმნაზია;
თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. სკოლა-გიმნაზია;
თბილისის ნიკო ბაგრატიონის სახ. თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი;
თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი;
მცხეთის თორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზია;
ძეგვის ბავშვთა სახლი.

ქუთაის-გაენათის ეპარქია

გელათის სამეცნიერო აკადემია;
გელათის სასულიერო აკადემია-სემინარია, სასწავლებელი;
ქუთაისის წმ. ახალმოწამეთა სახ. გიმნაზია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი:
ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახ. სასულიერო სემინარია;
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა;
ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახ. მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი;
ბათუმის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახ. სმენადაქვეითებულ ბავშვთა ბაღი (ინკლუზიური სწავლებით);
ბათუმის წმ. ილია მართლის სახ. საბავშვო ბაღი;
ჩაქვის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. სკოლა;
ჩაქვის წმ. მეფე თამარის სახ. საბავშვო ბაღი;
ბათუმის წმ. ეკატერინეს სახ. სათნოების სავანე (მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლი);

ქობულეთის წმ. კირიონ II-ის სახ. საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი:
ქობულეთის წმ. გიორგის სახ. სკოლა;
ქობულეთის წმ. გიორგის სახ. საბავშვო ბაღი;
ქობულეთის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-ბანაკი.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სასულიერო სწავლების ცენტრი:
წმ. ტბელ აბუსერიძის გიმნაზია;
წმ. თეოდორე აჭარელის სახ. ბაგა-ბაღი;
ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა;
წმ. აბუსერიძე ტბელის სახ. უნივერსიტეტი (ხულო).
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზია;
ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო პროფესიული სწავლების ცენტრი;
საირხის (საჩხერის რ-ნი) წმ. ნინოს სახელობის სასულიერო სკოლა-პანსიონი.

გორისა და სამთავისის ეპარქია

გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის . გიმნაზია.

ურბნისისა და რუისის ეპარქია

ქარელის წმ. გიორგი მთაწმიდელის სახ. გიმნაზია.

ალავერდის ეპარქია

თელავის წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა.

ნეკრესის ეპარქია

გრემის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია;
ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია

ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სასწავლებელი.

დასავლეთ ევროპის ეპარქია

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში)

მარგვეთისა და უბისის ეპარქია

ზესტაფონის წმ. სვიმეონ კანანელის სასულიერო სწავლების ცენტრი:
წმ. ეკატერინეს სახ. საბავშვო ბაგა-ბაღი;
წმ. ნინოს სახ. საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

სურამისა და ხაშურის ეპარქია

ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის . სასულიერო ლიცეუმი;
ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი.

შემოქმედის ეპარქია

ოზურგეთის წმ. ნინოს სახ. სამრევლო სკოლა;
ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. სკოლა;
ოზურგეთის წმ. ბარბარეს სახ. მცირე საოჯახო ტიპის სახლი;
ოზურგეთის წმ. მართალი ტაბითას სახ. დღის ცენტრი;
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. საშუალო სკოლა;
ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. გიმნაზია;
ლანჩხუთის ქრისტეფორე გურულის სახ. საოჯახო ტიპის სახლი.

ფოთისა და ხობის ეპარქია

ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი:
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი:
• მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
• კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი;
ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის სამრევლო სასწავლებელი;
ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლა.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია

ახალციხის სასულიერო სემინარია;
უდეს წმ. ანთიმოზ ივერიელის სახ. საშუალო სკოლა;
არალის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახ. საშუალო სკოლა.

სამტრედიისა და ხონის ეპარქია

სამტრედიის წმ. მიტროპოლიტ ნაზარის სახ. მართლმადიდებლური საშუალო სკოლა.

ვანისა და ბაღდათის ეპარქია

ვანის წმ. ნინოს სახ. მართლმადიდებლური გიმნაზია.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი;
ახალქალაქის წმ. ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი;
წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი;
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმი; ა(ა)იპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის საბავშვო ბაგა-ბაღი;
ჯავახეთის ნინოწმიდის წმ. ნინოს სახ. ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონი.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდის წმ. გიორგის სახ. გიმნაზია;

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია

ცაგერის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია;
ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. სასულიერო სემინარია;
ლენტეხის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიის ქრისტიანული კულტურის ცენტრი;
მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახ. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია.

ბოლნისის ეპარქია

ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახ. სასულიერო სკოლა.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

სენაკის ღირსი ალექსი შუშანიას სახ. სკოლა-გიმნაზია.

ჭყონდიდის ეპარქია

მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას საშუალო სკოლა.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

სტეფანწმიდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი.

საპატრიარქო ასევე ფლობს ტელევიზიასა და რადიოს.

***
როგორც მასალის მზადებისას გაირკვა, საქართველოს საპატრიარქო დღეს წარმოადგენს ფინანსურად ყველაზე შეძლებულ ინსტიტუციას, რომლის ქონების შეწონილი ფასი, დაახლოებით, 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ექსპერტების ნაწილი უფრო მეტ, ზოგი კი ნაკლებ თანხას ასახელებს. ამ ჩამონათვალში არ შედის საეკლესიო საგანძური, რომელსაც საპატრიარქო ფლობს.
შესაბამისად, ეკლესია სახელმწიფოში ყველაზე მძლავრი ინსტიტუციაა, რომლის ქონება და მატერიალიზებული გავლენა ბევრად აღემატება სახელმწიფოში არსებული რომელიმე ერთი ინსტიტუციისა თუ ინსტიტუციების გავლენასა და დოვლათს.
ამ პირობებში საინტერესოა, აინაზღაურა თუ არა საქართველოს ეკლესიამ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი და, მინიმუმ, საბიუჯეტო სახსრებით რამდენი წელი უნდა აფინანსოს სახელმწიფომ საპატრიარქო, ჯერაც დაუთვლელი, გასტუმრებული თუ გაუსტუმრებელი ზიანის საბაბით?
მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ეკლესიის მსახურების კუთვნილება, ეკლესია არის ყველასი, ვისაც სწამს უფალი. რწმენის სიძლიერე და სიწმინდე არ განისაზღვრება ადგილით საეკლესიო იერარქიაში და არც ეკლესიისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლით.
„ვერცხლისმოყვარის გულისთქმანი და გრძნობანი იქ არის, სადაც მისი სიმდიდრეა. განუწყვეტლივ იმაზე ფიქრობს, როგორ დაიცვას და გაზარდოს თავისი ქონება… მკვდარი და ცივია მისი ლოცვა. ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან ვერცხლისმოყვარე არა უფლის, არამედ ფულის მიმართ სასოებს, მისთვის იგი ქცეულა ღმერთად. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგარია. მასზე, ისევე, როგორც ფოლადის საჭრეთელი _ ალმასზე, ლოცვა თითქმის არ ტოვებს კვალს“, _ არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).

გოჩა მირცხულავა

დატოვეთ კომენტარი