რა კომპრომატები ინახება სუს-ში თბილისის მერზე?

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე ბედნიერების მონუმენტი დადგეს. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბედნიერებისკენ არ ისწრაფვის და ამ გადასახედიდან ბედნიერების ქვაში უკვდავყოფაც გამართლებულია, მაგრამ ქალაქში, სადაც სიკვდილი „დანავარდობს“ და სადაც ცხოვრება ჯოჯოხეთად არის ქცეული, ბედნიერების მონუმენტის წამოჭიმვა, მოგვიტევეთ და, ცინიზმია!

ზოგმა შესაძლოა, გააპროტესტოს, ჟურანალისტები სულ ნეგატივზე რატომ ხართ ორიენტირებულნიო, მაგრამ თუნდაც წინამდებარე ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს ოპტიმისტური განწყობა დაეუფლოს.
დიახ, ყველა ის კორუფციული ფაქტი, რომლის შესახებაც „ქრონიკა+“-ს მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმიტრი ბიძინაშვილი უყვება, ნათელყოფს, რომ ქვეყანა უსამართლობისა და მექრთამეობისკენ მიექანება.
შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, ნათელ და ევროპულ მომავალზე ოცნება ოცნებად დარჩება!
ევროპა და ოცნება იქით იყოს და, როგორც ირკვევა, მაღალჩინოსნები ხალხის ფულს ისეთ რაღაცებშიც ფლანგავენ, როგორიც, მაგალითად, ვარდისფერი დათვი და შავი სპაიდერმენია, ანუ მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისის მერიამ ტენდერი ზუსტად ვარდისფერ დათვსა და შავ სპაიდერმენზე გამოაცხადა.
რისთვის არის საჭირო ან დათვი ან სპაიდერმენი? _ ამ კითხვაზე ოფიციალურ სტრუქტურებს პასუხი არ გააჩნიათ. დიმიტრი ბიძინაშვილის ვარაუდით კი თბილისის მერიასა და საკრებულოში, ალბათ, ეგონათ, რომ დათვისა და სპაიდერმენის გარეშე ახალი წელი არ დადგებოდა.
ჯანმრთელობისთვის საშიში არც სათამაშო დათვია და არც _ სპაიდერმენი. სამაგიეროდ, ჩვენი სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის საშიშია კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უხარისხო საკვებით კვებავს. ამის მიუხედავად, აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში ორჯერ გაიმარჯვა.
კორუფციული ტენდერების გარდა დიმიტრი ბიძინაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულ შიდა დაპირისპირებაზეც საუბრობს და „ქრონიკა+“-ს იმასაც ეუბნება, რომ სუსში არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, „ოცნების“ თავმჯდომარემ, შესაძლოა, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ გამოიყენოს.

გთავაზობთ ინტერვიუს მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ დიმიტრი ბიძინაშვილთან:

_ ხელისუფლებას არ უნდა, აღიაროს, მაგრამ ფაქტია: ბოლო წლებში კორუფციამ იმატა და ამას, სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ კორუფციის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი რამდენიმე დღის წინათაც დააკავეს. დიმიტრი, თქვენი აზრით, კორუფციამ რატომ შემოგვიტია?
_ კორუფცია რომ პრობლემაა, ამაზე წლებია, ფაქტებით ვსაუბრობთ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს. ხელისუფლება, რომელიც ფულს კორუფციული გზებით თავად შოულობს, შეუძლებელია, ამას ებრძოდეს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და მაღალჩინოსნების დაჭერა ვითომ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, სინამდვილეში კი ამ მეთოდს ხელისუფლება შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს გაჩერებისკენ მიანიშნებს.
არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, წინა პრემიერ-მინისტრის მიმართაც კითხვის ნიშნები დაისვა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც კვირიკაშვილმა შიდა თუ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გამყარება დაიწყო. მაგრამ ივანიშვილის დაუმორჩილებლობა როგორც დამთავრდა, ყველამ კარგად ვიცით _ კვირიკაშვილი პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ ამის მიზეზი კაციშვილმა ვერ გაიგო და მას შემდეგ განცხადებასაც არაფერზე აკეთებს. ხაზარაძეზე კი იმ ფაქტის გამო აღძრეს საქმე, რომელიც ათი წლის წინათ მოხდა და ამ ხნის განმავლობაში, რატომღაც, თაროზე იყო შემოდებული.
ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული, დღევანდელ ხელისუფლებაში ყველაფერი მოსულა. მთავარია, „ატკატი“ სწორი მიმართულებით წავიდეს.
_ ე. ი. განუკითხაობაა? ისე, ოპოზიციაც დაუსჯელობის სინდრომზე სვამს მახვილს. რეალურად, წინ, 90-იანი წლებისკენ მივდივართ თუ ყველაფერი ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და „ოცნების“ გაშავების მცდელობაა?
_ „ოცნება“ საკუთარ თავს თავადვე იშავებს და ამას ისიც ნათლად ასახავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სათანადოდ ან საერთოდ არ ისჯებიან, მაგალითად, ადამიანი, რომელმაც მოქალაქეს საკუთარი შარდის წასმა აიძულა, დღეს თავისუფალია.
_ მარნეულის ყოფილ მერს გულისხმობთ?
_ დიახ. აბაზოვი საზოგადოების მაღალი პროტესტის გამო დაიჭირეს, მაგრამ სიტუაცია ჩაწყნარდა თუ არა, გაათავისუფლეს.
გეგა გეგეშიძემ ხუთი ათასი ადამიანის თვალწინ ევროპის ჩემპიონი და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ჯაჭვით სცემა, მაგრამ ხელისუფლებას მისი დაკავება არც უფიქრია.
ისე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები, ანუ ჭიდაობის ფედერაციას ვგულისხმობ, კორცხელში განვითარებულ მოვლენებში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ხელისუფლების „ზონდერებს“ წარმოადგენენ.
მოკლედ, თითოეული ასეთი ფაქტი კრიმინალს, რა თქმა უნდა, ახალისებს და ამაზე ჩვენი ყოველდღიური ყოფაც მეტყველებს _ დღე ისე არ გავა, ვინმე ან არ მოკლან, ან არ დაჭრან, ან არ დააყაჩაღონ და გაქურდონ…
წელიწადზე მეტია, შვილმოკლული მამები შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ, მაგრამ ვხედავთ, სახელმწიფო დამნაშავეებს ხელს როგორ აფარებს.
დიახ, დღეს დანაშაულთან ბრძოლა პირად ინტერესებზე გადის, მაგალითად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ დავით კირკიტაძე დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს. ამასობაში კი ზემოხსენებული აბაზოვი და გეგეშიძე თავისუფლები არიან. ე. ი. კირკიტაძე უფრო საშიშია, ვიდრე _ კოლექტიური აბაზოვები და გეგეშიძეები!
ასეთი ორმაგი სტანდარტით მართვა საშინელებაა. ეს ყველაფერს აზიანებს, მათ შორის, ქვეყნის წინსვლასაც.
ზოგადად, სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ თავად შსს-ც ვერ მალავს და მისივე სტატისტიკით, კრიმინალი, მხოლოდ წინა წელთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა, დანაშაულის გახსნა კი 34%-ით შემცირდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება მხოლოდ მათ ებრძვის, ვინც ხელს უშლის და არა _ მათ, ვინც არჩევნების ჩატარებაში ეხმარება!
_ დიმიტრი, თქვენი ორგანიზაცია „მონიტორინგი“, უმეტესად, კორუფციის ფაქტებს შეისწავლის. შესაბამისად, როგორია დასკვნა _ ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწყება რომელია?
_ ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობები გამოირჩევიან, მათ შორის, ყველაზე კორუმპირებული თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებია.
_ რატომ?
_ ბიუჯეტიც დიდია და, შესაბამისად, მის მჭამელებსაც უფრო დიდი მადა აქვთ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყება თვითმმართველობებს ჩამორჩება.
იმის მიუხედავად, რომ ეს უწყებები კორუფციაში არიან ჩართულები და თითქმის ყველა დონეზე კორუფციულ ფაქტებს ვხვდებით, პრემია-დანამატებზე უარს არავინ ამბობს. ასე მაგალითად, თბილისის მერიაში, 2018 წლის დეკემბერში, 4 მილიონ 528 ათას 341 ლარის პრემია და 608 ათას 264 ლარის დანამატი გაიცა, 5 სამინისტროში კი _ 1 მილიონ 604 ათას 487 ლარის პრემია-დანამატი.
_ როცა კორუფციაზეა საუბარი, უმეტესად ტენდერებს ახსენებენ. თქვენი მონაცემებით და ინფორმაციით, როგორია ტენდერების სქემა, ანუ ვინ და როგორ იმარჯვებს შესყიდვებში? შეგიძლიათ, ეს თემა კონკრეტულ მაგალითებზე გაშალოთ?
_ როდესაც ამა თუ იმ ტენდერის შესწავლას ვიწყებთ, უმეტესად ან რომელიმე მაღალჩინოსანთან დაკავშირებულ კომპანიას აღმოვაჩენთ ხოლმე, ან კომპანიას, რომლის მესაკუთრეებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ასეთი კომპანიები, ძირითადად, დარღვევებით ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ ექმნებათ პრობლემები.
გვინახავს ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებული კომპანიები ან კომპანია, რომელიც ავტოფარეხშია დარეგისტრირებული. საზოგადოებისთვის მტკივნეულ მაგალითებს მოვიყვან და მოგიყვებით კომპანია „ნილზე“, რომელიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია _ ამ კომპანიის მეწილეებმა „ოცნებას“ ათეულობით ათასი ლარი შესწირეს და ამის სანაცვლოდ საბავშვო ბაღების კვებაზე მიიღეს უფლება.
_ საიდან ან როგორ ასკვნით, რომ „ნილმა“ საბავშვო ბაღების კვებაზე „ოცნებისთვის“ შეწირული თანხის სანაცვლოდ მიიღო უფლება?
_ ამის თქმის საფუძველს ერთი მარტივი ფაქტი გვაძლევს: წინა წელს კომპანია „ნილი“ უხარისხოდ კვებავდა ბავშვებს, რაც მერიის შიდა აუდიტის დასკვნაშივეა ასახული, მაგრამ 2019 წლის ტენდერში ისევ ამ კომპანიამ გაიმარჯვა და 60 ათასზე მეტი ბავშვი, სავარაუდოდ, ისევ უხარისხო საკვებით კიდევ ერთი წელი უნდა გამოკვებოს.
თავის დროზე ასეთივე პრობლემას წავაწყდით უფასო სასადილოებში, სადაც თავად ვიყავი ჩართული მონიტორინგსა და ბენეფიციარების აღწერაში. დადგინდა, რომ უფასო სასადილოებში, 40-ათასამდე ბენეფიციარის მაგივრად, ნახევარიც არ დადიოდა, რაც, მეტწილად, უხარისხო საკვებმა გამოიწვია, მაგრამ ამის მიუხედავად, თბილისის ბიუჯეტიდან ბენეფიციარების კვება მაინც სრულად ფინანსდებოდა, ანუ 8-10 მილიონამდე ლარი იფლანგებოდა, მაგრამ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან ამ კომპანიის დირექტორები მაშინდელი მერის მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობლები იყვნენ.
არსებობს კომპანია „ჯი-თი გრუპი“, რომლის მფლობელებმაც „ოცნებასა“ და მის კანდიდატს 217 000 ლარი შესწირეს, ამის სანაცვლოდ კი 80-მილიონამდე ლარის ხელშეკრულება მიიღეს სხვადასხვა კომპანიის საშუალებით და არა მარტო ხელშეკრულება, არამედ მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა, გიორგი გველესიანმა, ბათუმში, დელფინარიუმთან 3500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც მიიღო, რომელშიც 525 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, ერთი წლის შემდეგ კი, დაახლოებით, 4 მილიონად გაყიდა.
ასეთივე სქემა იყო ოთარ ფარცხალაძისა და მოსამართლე ნაზღაიძის შემთხვევაშიც, რომლებსაც ხელისუფლებისთვის კარგად შესრულებული სამუშაოები დაუფასეს და ქალაქის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთები კაპიკებად მიჰყიდეს, შემდეგ კი მათ ამ ქონების გასხვისებით მილიონობით ლარი იშოვეს.
ასევე არ შეიძლება, არ შევეხოთ კომპანია „პასაჟი საქართველოს“, რომელიც ავტოფარეხშია დარეგისტრირებული, მოგებული აქვს რამდენიმე მილიონი ლარის ტენდერი, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაციაზე, როგორიცაა აეროპორტის გზაზე მდებარე ხიდი. ამ კომპანიაზე თავად მერმა განაცხადა, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ ამ განცხადების პარალელურად, კრწანისის რაიონის გამგეობამ ხელშეკრულება გაუფორმა. შესაბამისად, თუ კალაძე გულწრფელი იყო, აუცილებლად უნდა დამდგარიყო შესყიდვების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ასე არ მომხდარა.
სხვათა შორის, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი გამოცხადდა და მისი მოთხოვნა იყო, რომ კომპანიას ვარდისფერი დათვი და შავი სპაიდერმენი უნდა ჰყოლოდა.
_ რა? ხუმრობთ?
_ არა, არ ვხუმრობ… როგორც აღმოჩნდა, ასეთი კომპანია მხოლოდ ერთი არსებობდა და ასიათასობით ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა, ანუ მერია და საკრებულო ამბობდნენ, ახალი წელი ვარდისფერი დათვისა და შავი სპაიდერმენის გარეშე არ დადგებაო.
ასევე ყოველ წელს, რატომღაც, ფორსმაჟორში გვიწევს ახალი წლის ჩატარება _ მერიაში, ჯერ კიდევ, ვერ ისწავლეს, რომ ახალი წელი 31 დეკემბერს დგება. შესაბამისად, არ ცხადდება ტენდერი და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ვაფორმებთ ხელშეკრულებებს კომპანიებთან, რომლებიც შემდგომში თბილისს რთავენ. გაგიკვირდებათ და ეს კომპანია მილანურია, რომელსაც 2 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულება დაუდო თბილისის მერიამ, ხოლო როდესაც მილანურ კომპანიაზე უამრავი კითხვა გაჩნდა, მეორე წელს ტენდერი გამოაცხადეს, სადაც, იგივე კომპანიასთან ერთად, ქართული კომპანიაც მონაწილეობდა. იმის მიუხედავად, რომ ქართული კომპანია უფრო ნაკლებ თანხად სთავაზობდა მომსახურებას, თბილისის მერიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა და ისევ მილანურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც კალაძემ 3 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, რაც რეკორდულად დიდია, მაგრამ ამის საპასუხოდ ხელისუფლებაში აცხადებდნენ, ამ გასანათებელ მოწყობილობებს რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიყენებთო. გაგიკვირდებათ და 2019 წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა ახალი განათების შესაძენად და იგივე კომპანია უკონკურენტო იყო.
შესაბამისად, თბილისის მერმა და მისმა გუნდმა ნებისმიერი სახის ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის წყაროდ გადააქცია.
_ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ცხოვრება გაუარესდა, მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ხელისუფლებისგან მხარდაჭეერილ კანდიდატს მისცა ხმა. ამას რით ხსნით?
_ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ ხელისუფლების კანდიდატს დაუჭირა მხარი, რადგან ეს საპრეზიდენტო არჩევნები ყველაფერი იყო არჩევნების გარდა. გაყალბების პარალელურად ვნახეთ არჩევნებს შეწირული ია კერძაია, დაჭრილი, ნაცემი, მოსყიდული, დაშანტაჟებული და დაშინებული ადამიანები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საარჩევნო ყუთებთან არ გამოხატავდნენ საკუთარ არჩევანს. ივანიშვილმა პირდაპირ 600 000 კაცი მოისყიდა ე. წ. ვალების ჩამოწერით, მაგრამ ეს ფული არჩევნების დამთავრებისთანავე პურისა და პროდუქტის გაძვირებით უკანვე დაიბრუნა. ყველაფერ ამის მიუხედავად, ოპოზიციამ 800 ათასზე მეტი ხმა აიღო, რაც რეკორდულია _ აქამდე ამდენი ხმა არც ერთ ოპოზიციურ ძალას თუ გაერთიანებას არ აუღია.
_ დიმიტრი, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვით, რომ ივანიშვილი კალაძეზე შურისძიებას ცდილობს. ამის თქმის რა საფუძველი გაქვთ ან შურისძიება რაში გამოიხატება?
_ ივანიშვილმა კარგად იცის, რომ კახა კალაძე ერთ-ერთია, ვისაც გუნდის შიგნით გავლენების მოპოვება და ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია. ასე რომ, ყოველი ქმედება, რაც კალაძის რეიტინგის აწევისთვისაა გამიზნული, კრახით მთავრდება.
მარტივ მაგალითს მოვიყვან: კალაძემ მთავრობის სხდომაზე საკუთარ გუნდს მოუწოდა, ყურადღებით ყოფილიყო და ქრთამი არ აეღო. ეს მიუთითებს, რომ გუნდის შიგნით მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შესახებ იცის, რაც რამდენიმე დღის წინ დადასტურდა _ კალაძემ ვაკის პარკში ვითომ მის მიერ შეჩერებული სასტუმროს მშენებლობა იზეიმა, მაგრამ ეს ზეიმი მისი კადრის, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებით დამთავრდა.
კალაძე, ჯერ კიდევ, ენერგეტიკის მინისტრი იყო, როცა მისი ცოლისძმა მერიაში ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშნა. ზოგადად, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია _ ახლობლებს სხვადასხვა სტრუქტურაში ხშირად ასაქმებს. სწორედ ამ დროს აღიძრა არეშიძეზე სუსში საქმე, რომელიც ჯერაც არ დაუხურავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი მას კალაძის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებს.
_ თუმცა ბოლო დროს მმართველ გუნდში დაწყებულ ომში კალაძე არ ფიგურირებს. ისე, უვადო მოსამართლეების საბაბით დაწყებული დაპირისპირება „ოცნებას“, როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაშლის?
_ არანაირი უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის დაწყებული დავა არ არსებობს.
_ აბა, რა არსებობს?
_ არსებობს მხოლოდ ერთი _ ძალაუფლებისთვის ბრძოლა!
ერთ ფაქტსაც კი ვერავინ მოიყვანს, რომ მმართველ გუნდში სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ეჩხუბათ. ვინმეს უნახავს, პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე მოჩხუბარი „მეოცნებეები“? რა თქმა უნდა, _ არა და ვერც ვნახავთ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები 2019 წელსაც ისეთები არიან, როგორებიც 2012 წლამდე და მას შემდეგ იყვნენ. ამიტომ არ მგონია, ვინმეს შვიდი წელი დასჭირვებოდა იმის მისახვედრად, როგორ ყარს კოლექტიური მურუსიძეებისა და ჩინჩალაძეების სასამართლო!
„ქართულმა ოცნებამ“ სრულად გადაიფორმა ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კითხვებს აჩენდნენ. ჩინჩალაძესა და მურუსიძეზე ჩხუბი უხერხულია მაშინ, როდესაც პარლამენტში იმაზე მეტი პორტირებული „ნაციონალი“ ჰყავს „ოცნებას“, ვიდრე დანარჩენია! პრობლემა მურუსიძეა და ზარდიაშვილი არაა? თუ ენზელ მკოიანი გამოსწორდა ან ოქრიაშვილს აღარ აქვს მედიკამენტების მონოპოლია? „ქართულ ოცნებას“ ხალხი მოსამართლეების საბაბით დაწყებული შიდა დაპირისპირებისთვის კი არა, სიღარიბის, შიმშილის, უმუშევრობის, გაზრდილი ფასებისა და სახელმწიფოსთვის მოღალატეობრივი პოზიციის გამო დაშლის!
ხელისუფლებას, რომელიც ხმის ამოუღებლად ეგუება თუნდაც მცოცავ ოკუპაციას, საერთო არაფერი აქვს ქვეყნის რეალური ინტერესების გატარებასთან!
_ რაც შეეხება პირადი ცხოვრების კადრებს, საზოგადოების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამ კადრებს წინა ხელისუფლება იღებდა. თქვენი აზრით, მხოლოდ გამავრცელებლები უნდა დაისაჯონ თუ ისინიც, რომლებმაც, თავის დროზე, გადაღებას მწვანე შუქი აუნთეს?
_ ეს არის თემა, რომელიც არ „პრავდება“, ყველა ადამიანი, რომელიც რაიმე სახით ამ კადრების გადაღებასა და გავრცელებაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, დასასჯელია! რომელი ხელისუფლების დროსაც ეს კადრები გავრცელდება, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, _ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და არავითარ შემთხვევაში არ გამოუვა, რომ ოპოზიციისკენ გადაიტანოს ისრები, რადგან უშიშროებას აკონტროლებს ხელისუფლება და არა _ ოპოზიცია!
_ სხვათა შორის, დიმიტრი, ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც გაზის ტრაგედიებში თბილისის მერს ადანაშაულებს. რას ერჩით კალაძეს?
_ არავისთვისაა დამალული, რომ „ყასტრანსგაზის“ რეალური მმართველი კალაძეა _ ეს კომპანია მისი კადრებით არის დაკომპლექტებული, შესაბამისად, ყველაფერზე პასუხისმგებელიც ის არის. გია ბენაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის დეპუტატია, თავის დროზე, კალაძის „კალა-კაპიტალის“ უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2016 წელს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა. მისი შვილი, მარიამ ბენაშვილი კი ამავე კომპანიაში მთავარ სპეციალისტად არის დასაქმებული.
რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ დირექტორია, კალაძის მერიაში, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პარალელურად გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რაც რა თქმა უნდა, ადასტურებს კალაძის ინტერესებს და მის მონაწილეობას კადრებისა და მთლიანად ამ კომპანიის პოლიტიკის განსაზღვრაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს, რომ კახა კალაძე დავადანაშაულოთ ყველა იმ ტრაგედიაში, რომელიც სენივით მოედო დედაქალაქს და უამრავი ადამიანი შეიწირა.
_ „ქართული ოცნების“ ყველაზე სუსტი რგოლი, მაინც, რა არის?
_ ერთმმართველობა, რის შედეგებსაც ყოველდღე ვიმკით. ასევე კრიმინალის კატასტროფული მატება, კორუფცია, ნეპოტიზმი, გაძვირებული ფასები საკვებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, კომუნალურ გადასახადებსა და ა. შ. ამის ფონზე უამრავი ტყუილი, დაწყებული უფასო ფულიდან, დამთავრებული განახევრებული ტარიფებითა და ათასობით აშენებული ქარხნით, რომელიც ყოველი არჩევნების წინ ცოცხლდება. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას ერთი და იგივე ტყუილითა და ძალადობრივი გზით ინარჩუნებს!
_ როგორ გგონიათ, ხალხს სჯერა ოპოზიციის?
_ რა თქმა უნდა, სჯერა და ეს არჩევნებმაც დაადასტურა, სადაც მოკლული, დაჭრილი, ნაცემი, მოსყიდული, დაშანტაჟებული და დაშინებული ადამიანების ფონზე, ოპოზიციამ 800 ათასზე მეტი ხმა აიღო. ოპოზიციამ შეძლო და ამომრჩეველს რეალურად დაანახა, რომ დღეს ქვეყანას გადარჩენა და ჭაობიდან ამოსვლა სჭირდება.
შესაბამისად, თუ ოპოზიცია აქტიურობას შეინარჩუნებს, უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებასაც შეძლებს.
_ ამდენი პრობლემის მიუხედავად, ამომრჩეველი ქუჩაში რატომ არ გამოდის?
_ ხალხს იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს, რომ მისი ქუჩაში გამოყვანა რთულია. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევანი კუჭზე გადიოდეს და არა _ სიახლეებზე, ქვეყნის აღმშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება. 2003 წლის მსგავსად, ხალხი ქუჩაში აუცილებლად გამოვა და ცვლილებებს მოითხოვს, რომელიც მოქალაქეებს უამრავ სიკეთეს მისცემს.
წარმოიდგინეთ, არჩევნების დამთავრებისთანავე მიზანმიმართულად დაიწყო ხალხის კიდევ უფრო გაღატაკება, რადგან ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ გაღატაკებული და მშიერი ხალხის მართვა ადვილია და არჩევნების დროსაც უფრო მარტივი მოსასყიდია.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ასეთი მმართველები ან ნებით მიდიან, ან ხალხი ძალით აგდებს მათ.
შესაბამისად, ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც „ქართული ოცნების“ ბნელი მმართველობა დასრულდება და მას დაასრულებს ის ხალხი, ვისაც „ოცნება“ სიღატაკისკენ მიაქანებს!
ეს პროცესი შეუქცევადია და მას ვერც ტელევიზიების დახურვით შეაჩერებენ, ვერც _ ცენზურის შემოღებით და ვერც _ შიშის დათესვით!
_ ყოველივე ამის ფონზე, რას მიიჩნევთ ოპოზიციის შეცდომად?
_ ოპოზიციამ სრული გაერთიანება ვერ მოახერხა. ამის გარეშე ამ კრიმინალური ხელისუფლების ჩამოშორება, ჩემი აზრით, წარმოუდგენელი იქნება.
ოპოზიციას დღეს ისე, როგორც არასოდეს, სჭირდება კომუნიკაცია მოქალაქეებთან და კოორდინებული მოქმედება მიზნის მისაღწევად.
დღეს ოპოზიცია ხალხისა და სიმართლის მხარეს დგას, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებს.
_ ისე, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო აქტიურობა უფრო მაღალი რომ იყოს, შედარებით ნაკლები პრობლემები ხომ არ გვექნებოდა?
_ ერთმნიშვნელოვნად ასეა.
უამრავი მაგალითია, როცა საზოგადოების მაღალმა აქტივობამ ხელისუფლება აიძულა, უკან დაეხია და ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც საზოგადოების დაკვეთა იყო. ავიღოთ თუნდაც პარლამენტიდან მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა, უვადოდ მოსამართლეების არდანიშვნა, სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების შეჩერება.
ამავდროულად , საზოგადოების ყურადღება მოდუნდება თუ არა, მაშინვე იმას აფუჭებენ, რისი საშუალებაც, თავის დროზე, ხალხმა ბრძოლით არ მისცა!

გიორგი აბაშიძე