რა საუბარი შედგა სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის სარფის საბაჟოზე?!

12

სარფის საბაჟო, რომელიც ამ დრომდე შეფერხებული „პროცედურებითა“ და კილომეტრიანი რიგებით იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, დღეს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ადგილიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან. გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბეჟაშვილი – მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პოლიტიკოსების, რომლებიც სარფის საბაჟოზე ყოფილი მმართველი გუნდის პირველ პირსა და „შიდა ძებნილის“ სტატუსით ცნობილ სააკაშვილს შეხვდნენ.

„ქრონიკა+“-ს ამ შეხვედრის შესახებ ექსკლუზიურად ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე:

„ – საკმაო წარმომადგენლობით ვიყავით ამ შეხვედრაზე. ვისაუბრეთ საქართველოში, ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, ასევე უკრაინის სიტუაციაზე. პუტინის გადაწყვეტილებებსა და პოზიციაზე, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს გარშემო და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სიტუაციაში საქართველოს, იმიტომ რომ, მართლა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები კიევში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პროცესი იყოს საქართველოში და მთავარი საკითხი – ის რომ ვიწრო პარტიული ინტერესის ზემოთ უნდა დავდგეთ და ამ სიტუაციაში, მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით.

_ ადგილობრივ თემატიკას როდესაც შეეხეთ, ისაუბრეთ თუ არა იმ მდგომარეობაზე, რაც ხდება ლოკალურ პოლიტიკაში, თუნდაც დამოკიდებულებებზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომ მსგავსმა ურთიერთობებმა საითკენ შეიძლება წაიყვანოს ქვეყანაც და ქვეყნის პოლიტიკაც?

_ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ადგილობრივ სიტუაციაზე გვქონდა საუბარი, რა ხდება საქართველოში, როგორ ვითარდება მოვლენები. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობას, ამაზე ნამდვილად არ გვქონდა საუბარი, იმიტომ რომ ეს მათი პრობლემაა და ჩვენი გუნდისთვის ნაკლებსაინტრესო. თუმცა მნიშვნელოვანი საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ საქართველოში დღესდღეობით არსებული ინსტიტუტები დასუსტებული და მოშლილია, ნამდვილად ხაზგასმით გაკეთდა აქცენტები შექმნილ კრიმინოგენულ, ეკონომიკურ, საერთაშორისო და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც ამ დროისთვის საშიშზე მეტად, კატასტროფულია. აი, ამ თემებზე გვქონდა ძალიან ინტენსიური განხილვა და მუშაობა.

_ რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საკითხს, როდის გეგმავს ჩამოსვლას მიხეილ სააკაშვილი, ამაზე არ ყოფილა საუბარი?

_ ჯერჯერობით, ამაზე არ არის საუბარი, დაკონკრეტება გამიჭირდება.“