1919 წლის სექტემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-39 (2018 წ.)

ბრიტანული არმიის გასვლა საქართველოდან

1919 წლის სექტემბერში საქართველოდან დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დასრულდა. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, ბათუმის გარდა, საქართველოში ინგლისური ნაწილები უკვე აღარ იმყოფებოდნენ. მართალია, ჩვენი ქვეყანა უცხო ქვეყნის ჯარისკაცებმა დატოვეს, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უცხო სამხედრო შენაერთი საქართველოს დამოუკიდებლობას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე _ პირიქით.
გაზეთი „საქართველო“ 12 სექტემბრის ნომერში, ბრიტანელთა ევაკუაციის თაობაზე, ვრცელ წერილს აქვეყნებს. ამ წერილში, ძირითადად, სოციალ-დემოკრატთა პარტიულ გაზეთ „ერთობის“ კრიტიკას შევხვდებით, მაგრამ აქვე ისიც არის აღნიშნული, თუ რა განწყობით ტოვებდნენ საქართველოს ბრიტანელები და რატომ იყო ჩვენი ქვეყნისთვის მათი გასვლა წამგებიანი: „ბრიტანეთის ჯარებმა სრულიად მოულოდნელად დატოვეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები. მართალია, ზაფხულის დასაწყისშივე ამბობდნენ მათ მიერ ამიერ-კავკასიის დაცლის შესაძლებლობაზე, მაგრამ სხვა და სხვა მოსაზრებით ჯარები აქ დარჩნენ და უკანასკნელ დროს არც ველოდით მათ წასვლას.
ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების გამოურკვეველი მდგომარეობა, მათ შორის წინააღმდეგობათა არსებობა და ძირითადი შეუთანხმებლობა სახელმწიფო საზღვრების საკითხში, გარდა ამისა ჩრდილოეთისა და ნაწილობრივ სამხრეთის მოუშორებელი საფრთხე, ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებს წალეკას უმზადებს. სუყველა ეს მოვლენანი საჭიროდ ხდიდნენ ევროპის რომელისამე დიდ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალების აქ ყოფნას წესიერებისა და მყუდროების დასაცავად…
რამდენადაც მწვავე ფიქრები დაჰბადა ჩვენში ინგლისის ჯარების აქ ყოფნის პირველ პერიოდმა, იმდენად სასიხარულო და გამამხნევებელი შეიქმნა მათი საქართველოში ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი, როცა სარდლობა და ჯარი ადგილობრივ დარწმუნდა ჩვენი რესპუბლიკის სინამდვილეში და ქართველ ერში ჰპოვა გულწრფელი მეგობარი ევროპის კულტურისა და კერძოდ ინგლისის სახელმწიფოებრიობისა. ესოდენ ხნის განმავლობაში საქართველოში ყოფნამ ინგლისის სარდლობას ისე შეაცვლევინა შეხედულება, რომ ეჭვით შეპყრობილნი აქ მოსვლისას, გულითად მეგობრებად გვეთხოვებიან შორეულ ქვეყანაში მიმავალნი…
პოლიტიკური მისიის გამოგზავნა განათლებულ და საქართველოს ნაცად მეგობრის მისტერ ოლივერ უორდროპის ზედამხედველობით ნათლად გვიჩვენებს ინგლისის ხელმძღვანელთა აზრს ჩვენს პოლიტიკასა და სუვერენობაზე. ჯარი მიდის სამშობლოში, ხოლო კავშირი ინგლისთან ამიერიდან განუწყვეტელი იქნება“.
5 სექტემბერს თბილისში საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიას საზეიმო გაცილება მოუწყო. ქართული კლუბის საზაფხულო ბაღში მთავრობამ მდიდრული მიღება გამართა, რომელიც საღამოს 8 საათზე დაიწყო. ბაღი მორთული იყო ხალიჩებით, ფერადი ელექტრონათურებით, ყვავილებით. უკრავდა ორკესტრი, რომელიც რიგრიგობით ასრულებდა ქართულ და ბრიტანულ მელოდიებს. ვახშამს დაესწრო საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, სამუსლიმო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძე, ამიერკავკასიაში ბრიტანული მისიის ახლად დანიშნული უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, ბრიტანული ჯარების სარდალი გენერალი კორი და შტაბის ხელმძღვანელი ბიჩი.
საზეიმო სუფრას დიდ ბრიტანეთში საქართველოს წარმომადგენელი დავით ღამბაშიძე უძღვებოდა. პირველი სადღეგრძელო ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა, რომელსაც ინგლისურად ღამბაშიძე თარგმნიდა. გეგეჭკორმა იმედი გამოთქვა, რომ ის კავშირი, რომელიც საქართველოსა და ინგლისს შორის დამყარდა, მტკიცე და სამუდამო იქნებოდა. ბრიტანეთის მხრიდან საპასუხო სადღეგრძელო შესვა გენერალმა კორიმ. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყება, ვახშმის ბოლოს გაიმართა ცეკვა ლეკური და მხიარულებამ იმ უმაღლეს წერტილს მიაღწია, რომლის დროსაც საერთო ფერხულში ინგლისელებიც ჩაებნენ. საზეიმო მიღება დილის 5 საათამდე გაგრძელდა.
9 სექტემბერს გაზეთი „საქართველო“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის საქართველოდან გამგზავრების რეპორტაჟს ბეჭდავს. როგორ გაზეთი გადმოგვცემს, 6 მაისს ბრიტანული მისიის საგანგებო მატარებელმა თბილისი საღამოს 7 საათზე დატოვა. მათ აცილებდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, მიწათმოქმედებისა და გზათა მინისტრი ნოე ხომერიკი, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი საბახტარიშვილი, სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. სადგურზე საპატიო ყარაული იყო გამწკრივებული და საზეიმო მარში უკრავდა.
18 სექტემბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ ამიერკავკასიაში ბრიტანული ჯარების ხელმძღვანელ გენერალ კორის სამადლობელ წერილს აქვეყნებს, რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იყო: „თქვენო აღმატებულებავ! ამჟამად დამთავრებულია საქართველოსა და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის ევაკუაცია. უკანასკნელმა სამხედრო მატარებელმა დასტოვა თბილისი ამ თვის 9-ს. ბრიტანეთის მთელი ჯარის ევაკუაცია მოხდა სწორედ სამ კვირაში და საერთოდ ყოველი მატარებელი გადიოდა თანახმად გეგმისა და მთელი ოპერაცია შესრულებულ იქნა სრულიად შეუჩერებლად. მე ვფიქრობ, რომ საქმის ასეთი შესრულება უნდა მიეწეროს საქართველოს მთავრობის პატიოსანს დახმარებას. იგი იწვევს უმაღლეს ნდობის გრძნობას საქართველოს რკინის გზათა ადმინისტრაციის და მოსამსახურეთა მიმართ. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მადლობა იმ დამსახურებისათვის, რომელიც თქვენმა მთავრობამ გაუწია გენერალ ბროფს ევაკუაციის დროს და გადასცეთ ჩემი გულითადი მადლობა საქართველოს რკინის გზათა მოსამსახურეთ იმ კეთილ შრომისათვის, რომელიც მათ გასწიეს ჩვენთან საერთო მოღვაწეობის განმავლობაში. გენერალ მაიორი კორი“.

ლორეს რაიონი

ამიერკავკასიიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების გასვლამ ლორეს რაიონში სომხეთსა და საქართველოს შორის ახალი შეთანხმების დადების აუცილებლობა წარმოშვა. 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომის შემდეგ, ბრიტანელთა შუამავლობის შედეგად, ლორეს რაიონი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და ბრიტანელთა მეთვალყურეობით, მას შერეული, სომხურ-ქართული ადმინისტრაცია განაგებდა. ამ ზონაში ბრიტანელთა შეზღუდული სამხედრო კონტინგენტიც იდგა, რომელიც მხარეში სტაბილურობასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა.
რეგიონიდან და, მათ შორის, ბორჩალოს მაზრიდან, ბრიტანელთა გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანელთა ხელმძღვანელობით, სომხური და ქართული მხარეების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე, ახალი ვითარების შესაბამისად, რაიონის შემდგომი მართვის წესები უნდა შემუშავებულიყო. ლორეს რაიონთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 12 სექტემბერს ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის განხილული ის წესები, რომელიც ლორეში ბრიტანელთა გასვლის შემდეგ ამოქმედდებოდა: „ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზონიდან ინგლისელების ჯარის ევაკუაციის გამო 29 და 30 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის კონსტანტინე საბახტარიშვილის თავმჯდომარეობით და ბრიტანეთის სარდლის წარმომადგენელის მონაწილეობით, შესდგა თათბირი საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლებისა ნეიტრალურ ზონაში მართვა-გამგეობის საკითხის მოსაგვარებლად. დადგენილ იქნა: 1. ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის ადმინისტრაცია დარჩეს შერეული ბრიტანეთის ოფიცრის ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ. 2. შერეული ადმინისტრაციის არბიტრად დანიშნულ ბრიტანეთის ოფიცერს საცხოვრებელ ადგილად შუძლია აირჩიოს სურვილისამებრ ალავერდი ან თბილისი. 3. ნეიტრალურ ზონის მართვა-გამგეობისთვის საჭირო ხარჯი განაწილებულ იქმნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის“.
ამის შემდეგ, 1-ლ სექტემბერს, უკვე სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ლორეს რაიონთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ ბორჩალოს მაზრაში ქართული და სომხური სამხედრო ნაწილების განლაგების ხაზი არ შეცვლილიყო და ჯარისკაცები კვლავ ძველ ხაზზე დარჩენილიყვნენ. უცვლელი რჩებოდა ნეიტრალურ ზონაში ჯარების რაოდენობაც. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სამხედრო სპეციალისტთა შერეული კომისია, რომელსაც ლორეში იმ ხაზების შემოწმება დაევალა, სადაც უნდა განლაგებულიყვნენ სომხეთისა და საქართველოს შეიარაღებული ნაწილები. ამ კომისიის ხელმძღვანელობა ქართველ გენერალ გედევანიშვილს და სომეხ გენერალ ქიშმიშევს დაევალა.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მიღწეული ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მოსახლეობისთვის, რათა თავი აერიდებინათ, რეგიონიდან ბრიტანული ჯარების გასვლის შედეგად წარმოშობილი ჭორებისა და არასასურველი ხმების გავრცელებისთვის.
ამავე ნომერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ, ლორეს რაიონთან დაკავშირებით, სომხური ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაც გამოაქვეყნა: „გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლების მიერ ბორჩალოს ნეიტრალურ ზონის მართვა-გამგეობის შესახებ, სრულიად ეთანხმება სომხეთის მთავრობის შეხედულობას და მოხსენდება სომხეთის პარლამენტს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე სომხეთის მთავრობა მტკიცედ უზრუნველყოფს ზემო აღნიშნულ დადგენილების სისწორით სისრულეში მოყვანას“.

ტერორისტული აქტი

1919 წლის სექტემბერში თბილისში ტერორისტული აქტი მოხდა. დენიკინის წარმომადგენელ ბარათოვს, რომელიც თბილისში ქართულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით იყო ჩამოსული, ვერის დაღმართზე ხელყუმბარა ესროლეს. ნიკოლოზ ბარათოვი ქართული წარმოშობის სამხედრო იყო და პირველი მსოფლიო ომის დროს სპარსეთში რუსეთის საექსპედიციო კორპუსს მეთაურდა. ბარათოვი ანტონ დენიკინთან დაახლოებული პირი, თეთრი გენერლის უახლოესი გარემოცვის წევრი და ამიერკავკასიაში მისი პირადი წარმომადგენელი გახლდათ. სწორედ მას ევალებოდა საქართველოსთან მოლაპარაკების წარმოება სოჭის ოლქში დაძაბული ვითარების განმუხტვასთან დაკავშირებით.
ამ ტერაქტის შესახებ გაზეთი „საქართველო“ ვრცელ ინფორმაციას 1919 წლის 14 სექტემბერს ათავსებს: „გუშინ, 13 ენკენისთვეს, ნაშუადღევის 1-ლ საათზედ ვერის დაღმართზედ ორმა ბოროტმოქმედმა ორი ბომბა ესროლეს სამხედრო სამინისტროს ავტომობილს, რომელშიც ისხდნენ მოხალისეთა ლაშქრის წარმომადგენელი გენერალი ბარათოვი და გენერალი ოდიშელიძე. ავტომობილი, რომელშიც გენერლები იყვნენ სრულებით დაიმსხვრა და მძიმეთ დაიჭრა გენ. ოდიშელიძე და შოფერი, ხოლო გენ. ბარათოვი მსუბუქად დაჭრილი თვით შევიდა მახლობელ აფთიაქში ჭრილობის შესახვევად. არიან დაჭრილნი რამოდენიმე სხვა ქუჩაში მიმავალნიც.
ბოროტგამზრახველნი სირბილით გაემართენ ვერის დაღმართით, მაგრამ ერთი მათგანი მოკლული იქმნა მიმავალ ოფიცრის მიერ. მოკლული აღმოჩნდა ბოლშევიკი. მეორე მსროლელი დაჭერილ იქმნა, როდესაც ვერის ხიდიდან მტკვარში სურდა გადახტომა. იგი აღმოჩნდა ტომით სომეხი, მაგრამ გვარი ჯერჯერობით გამორკვეული არ არის. საქმის გამოსარკვევად, ადგილობრივ გაემართენ ბრალმდებელი, სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენელნი და ვერის დაღმართი ალყაშემორტყმულ იქმნა თბილისის მილიციის მიერ, მილიციის უფროსის მეთაურობით. ნახევარი საათის განმავლობაში სროლის ადგილას იყვნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, გვარდიის შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირნი.
მომხდარმა ამბავმა ღრმად აღაშფოთა ქართველი საზოგადოების ყველა წრეები და ერთიანი ფიქრია, რომ უმზგავსო პროვოკაციით სურდათ მოეწყოთ ეს ავი საქმე. გამოსაძიებლად უკვე მიღებულია სასტიკი ზომები და საზოგადოებრივი აზრი ითხოვს, რომ დამნაშავენი დასჯილი იყოს მთელი სისასტიკით და თბილისი სრულებით გაწმენდილი იყოს იმ ელემენტებისაგან, რომელნიც ესოდენ ხიფათში აგდებს ჩვენს სახელმწიფოს თავიანთი ბნელი საქმეებით“.
როგორ ირკვევა, ტერაქტის შედეგად მოკლეს გენერალ ბარათოვის თანმხლები სამხედრო _ პოლკოვნიკი სელიმ ალხავი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის მძღოლი _ ვასილ ჟუჟუნაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამადაძე, აგრეთვე ერთ-ერთი გამვლელი მოქალაქე. გენერალი ოდიშელიძე ნიკაპში დაიჭრა, ხოლო ბარათოვს ყუმბარის ნამსხვრევებმა კიდურები დაუზიანეს.
ეს ტერაქტი ბოლშევიკებმა განახორციელეს, რომლებსაც მოხალისეთა მოძრაობასა და საქართველოს შორის შეთანხმება არ აწყობდათ და ამ მოლაპარაკების ჩაშლას ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ. მოკლული თავდამსხმელი ბოლშევიკი არკადი ელბაქიძე გამოდგა. თავის დროზე, ელბაქიძე, სტალინის მსგავსად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და 1907 წელს იოსებ ჯუღაშვილთან ერთად, ერევნის მოედანზე, საფოსტო დილიჟანსის გახმაურებულ ძარცვაშიც მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ საბჭოთა საქართველოს დროს, სწორედ ტერორისტი ელბაქიძის პატივსაცემად შეუცვალეს კომუნისტებმა სახელი ვერის დაღმართს.

თავდასხმები რკინიგზაზე

1919 წელს საქართველოში გახშირდა ყაჩაღობა რკინიგზაზე. სარკინიგზო შემადგენლობების ძარცვა, ჯერ კიდევ, 1919 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ხოლო შემოდგომაზე თავდასხმების სიხშირე იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, ამ მიმართულებით სპეციალური ზომები მიეღო. ადრე თუ მგზავრებს მხოლოდ ორ-სამკაციანი ბანდები ატერორებდნენ, შემოდგომაზე მატარებლებს უკვე მრავალრიცხოვანი კრიმინალური დაჯგუფებები ესხმოდნენ თავს.
წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა 5 სექტემბერს ხეთა-ახალი სენაკის მონაკვეთზე: როდესაც მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე გაჩერდა, სადგურის სიახლოვეს მდებარე ტყიდან ინტენსიური სროლა დაიწყო. ამის პარალელურად ექვსი მძარცველი ვაგონებში შევარდა და იარაღის მუქარით ყველა მგზავრი ბაქანზე ჩამოყარა. თავდამსხმელთა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა მატარებლის დაცვამ. პატარა სადგური ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა. დაცვა იძულებული გახდა, მხოლოდ ტყის მიმართულებით ესროლა, რადგან ბაქანზე მყოფი ყაჩაღები მგზავრებს ფარად იყენებდნენ. უწყვეტი ცეცხლის ფონზე ბაქანზე მყოფი ექვსი მძარცველი თავის საქმეს მაინც აუღელვებლად აკეთებდა. მგზავრებს სათითაოდ ასუფთავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ ვაგონებში. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა.
ამ შემთხვევიდან ერთ კვირაში მატარებლებზე თავდასხმამ უწყვეტი ხასიათი შეიძინა. 12 სექტემბერს ქსანი-კავთისხევის მონაკვეთზე დააყაჩაღეს სამგზავრო მატარებელი. ბოროტმოქმედებმა ლიანდაგი აყარეს, რის შედეგადაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამის შემდეგ ვაგონებს შეიარაღებული ბანდა შეესია და ყველა მგზავრი პირწმინდად გაძარცვა. დაიღუპა ორი ადამიანი. ამ შემთხვევას გაზეთი „საქართველო“ 13 სექტემბრის ნომერში ასე აღწერს: „12 ენკენისთვეს ბათომში მიმავალ სასწრაფო მატარებლისთვის ბოროტ განზრახვით ლიანდაგი აუყრიათ ქსანსა და კავთისხევის შუა. მატარებელი ჩავარდნილა. დამტვრეულია ორთქმავალი და 3 ვაგონი. ამ დროს მატარებელს თავს დასხმიან 100-მდე შეიარაღებული პირნი და სასტიკი სროლა აუტეხნიათ, შეცვენილან მატარებელში და დაუძარცვავთ მგზავრები. დაჭრილ დახოცილთა რიცხვი გამოურკვეველია. თბილისიდან გაიგზავნა ჯავშნიანი და სანიტარული მატარებელი“.
სამი დღის შემდეგ ზედიზედ ორი თავდასხმა მოხდა დასავლეთ საქართველოში. 16 სექტემბერს საღამოს 10 საათზე მძარცველებმა სადგურ რიონიდან ქუთაისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი გააჩერეს და იქ მყოფ მოქალაქეებს 200 ათასი მანეთი წაართვეს. ამ შემთხვევიდან ოთხი საათის შემდეგ იგივე ბედი ეწია ბათუმიდან გამოსულ სამგზავრო შემადგენლობას. მძარცველებმა სადგურ ნატანების სიახლოვეს ლიანდაგი აყარეს და შემდეგ მატარებელი დაარბიეს.
რკინიგზაზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო, დამფუძნებელი კრების წინაშე სპეციალური მოხსენება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა. მისი თქმით, რკინიგზაზე თავდასხმები უცხო ქვეყნის აგენტების ძირგამომთხრელ მუშაობასთან იყო დაკავშირებული. რამიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყანაში ანარქიას ბოლშევიკური რუსეთი თესავდა და დამფუძნებელი კრებისგან რკინიგზაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების ნებართვა ითხოვა. რამიშვილის გეგმით, რკინიგზაზე დროებითი გენერალ-გუბერნატორი დაინიშნებოდა და მატარებლების დასაცავად განსაკუთრებული შეიარაღებული რაზმი შეიქმნებოდა. საბოლოოდ, დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური დადგენილება გამოიტანა, რომლის ძალითაც შინაგან საქმეთა და გზათა მინისტრებს რკინიგზაზე ბოროტმოქმედებასთან საბრძოლველად გეგმის შემუშავება დაევალა.
1919 წლის 18 სექტემბერს ხელისუფლებამ საქართველოს რკინიგზის მთელს ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. გენერალ-გუბერნატორად თბილისის მილიციის უფროსი ვ. სულაქველიძე დაინიშნა, რომელიც ამავე დროს მილიციის უფროსის პოსტსაც ინარჩუნებდა. სულაქველიძე აცხადებდა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა, რათა უსწრაფესად აღეკვეთა რკინიგზაზე ყველა ყაჩაღური თავდასხმა და ამ მიზნის მისაღწევად დაუნდობლად იმოქმედებდა.
25 სექტემბერს გაზეთმა „საქართველომ“ მთავრობის მიერ რკინიგზის დასაცავად შემოღებული წესები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ მიმდინარე ხარჯების დასაფარად სულაქველიძეს განკარგულებაში 100 ათასი მანეთი გადაეცა. შემდეგ ჩამოთვლილი იყო კონკრეტული ღონისძიებები: „1. აუცილებელ საჭიროებად იქნას ცნობილი, რკინის გზის ლიანდაგის მახლობლათ მდებარე სოფლების ადგილობრივ მოსახლეობის მონაწილეობა ხსენებულ ლიანდაგის დაცვაში და ამ დაცვის ორგანიზაცია დაუყოვნებლივ დაევალოს ერობებს. 2. ლიანდაგის აყრის, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, მატარებლის დამსხვრევით მცარცველთა დაცემით და სხვა ამგვარ მოვლენით რკინის გზის მიერ ნახული ზარალისთვის ქონებრივად პასუხს აგებს ის სოფლები, რომელთა შესახებაც გამორკვეულ იქნება, რომ ისინი მალავდნენ ბოროტ-განმზრახველებს და არ ღებულობდნენ შესაფერ და შესაძლებელ წინასწარ ზომებს ბოროტ-მოქმედების აღსაკვეთად ან არ სცდილობდენ ბოროტ-განმზრახველთა აღმოჩენას და ინდეფერენტულად ეკიდებოდნენ რკინის გზის ინტერესებს. 3. საჭიროთ იქნას ცნობილი ჯავშნიან მატარებლების _ შეძლებისდაგვარათ ხშირათ მიმოსვლა _ მხოლოდ წინასწარ შემუშავებული გეგმით. 4. გაძლიერებულ იქნას სამგზავრო მატარებელთა დაცვა შემდეგი ზომით: ყოველ სახალხო მატარებელს გაჰყვება რაზმი რკინის გზის მილიციისა _ აღნიშნული მილიციის შტატის საჭირო რიცხვით შევსებამდე წინადადება მიეცეს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს, ზემოთ აღნიშნულ მიზნისთვის გამოჰყოს გვარდიელთა საჭირო რიცხვი“.

თბილისის ამბები

როგორც გაზეთებიდან ჩანს, 1919 წელს თბილისის შენობებზე წარწერები, ჯერ კიდევ, რუსულ ენაზე იყო და ქართულ აბრებს ქალაქში იშვიათად თუ ვინმე ხმარობდა. თბილისის მაღაზიები, დუქნები, სხვადასხვა სახელოსნო და სავაჭრო ადგილი კვლავ რუსულ ენაზე ცდილობდა მოქალაქეების ყურადღების მიპყრობას. ამის გამო თბილისის გამგეობამ 2 სექტემბრის სხდომაზე დაადგინა, რომ ქალაქის ყველა საზოგადო, სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებაზე მთავრი წარწერა სახელმწიფო, ანუ ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო შესრულებული.
22 სექტემბრის სხდომაზე კი ქალაქის საბჭომ წარწერების გაქართულებასთან დაკავშირებით უკვე სპეციალური სავალდებულო დადგენილება მიიღო. ამ შემთვევაში საქმე ეხებოდა არა მხოლოდ დუქნებსა და სავაჭრო ობიექტებს, არამედ ქალაქის ქუჩებსაც:
„1. ქალაქში ყველა საზოგადო სავაჭრო-სამრეწველო და სხვა და სხვა დაწესებულებებზედ მთავარი წარწერანი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს სახელმწიფო ენაზედ.
2. მეპატრონეს უფლება ეძლევა გარდა ხსენებული მთავარი წარწერებისა, რომელიც ქართულ ენაზედ იქნება, სხვა ენაზეც იქონიოს მცირედი წარწერანი.
3. ვადა ასეთი წარწერების დამზადებისა და გამოკიდვის დღეიდან სამი თვეა.
4. მართლწერის და სტილის დასაცავად ყველა მეპატრონე ვალდებულია, წარწერის ტექსტი წინდაწინ წარუდგინოს საქართველოს სავაჭრო პალატას, რომელიც შესაფერ ტერმინოლოგიას შეიმუშავებს და დახმარებას გაუწევს მსურველთ უფასოდ.
5. ვინც ამ სავალდებულო დადგენილებას არ შეასრულებს, დასჯილნი იქნებიან წესდების მე-29 მუხლის ძალით“.

კრიმინალური შემთხვევა

გაზეთი „საქართველო“ 11 სექტემბერს მოკლე ცნობას ბეჭდავს, რომელიც ზესტაფონში ყაჩაღობის შემთხვევას ეხება. ეს ამბავი იმით არის უჩვეულო და საგულისხმო, რომ ვაჭარ გაჩეჩილაძის სახლზე თავდასხმა გიმნაზიის რამდენიმე მოსწავლემ განახორციელა. მოზარდებმა გაჩეჩილაძეს წინასწარ მუქარის წერილი გაუგზავნეს, სადაც 60 ათას მანეთს ითხოვდნენ და აცნობებდნენ, რომ ფულის წასაღებად მას ახლო მომავალში სახლში ღამე ესტუმრებოდნენ.
გაჩეჩილაძემ ეს წერილი ზესტაფონის ერობის სამმართველოს აჩვენა და ერობიდან იარაღის ნებართვა აიღო. ამ იარაღით ვაჭარი ყოველ ღამე ჩასაფრებული ელოდა ყაჩაღთა თავდასხმას სახლში.
12 სექტემბერს გაზეთი „საქართველო“ ამ შემთხვევაზე უკვე ვრცელ რეპორტაჟს ბეჭდავს, სადაც გიმნაზიელების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზეა მოთხრობილი: „სამშაბათს, 2 ენკენისთვეს, ღამის 1 საათზე ფულის გატაცების განზრახვით თავს დაესხნენ შეიარაღებულნი ადგილობრივი გიმნაზიის მოწაფენი ვაჭარ სილოვან გაჩეჩილაძეს. ხსენებულ გაჩეჩილაძეს ადრევე ჰქონდა მისული მუქარის წერილი ზედ კუბოს გამოხატულებით, რითაც აფრთხილებდნენ მოხუც ვაჭარს თუ ფულს არ დაახვედრებდა ნაჩვენებ ღამეს. ვინაიდან გაჩეჩილაძე ყოველ ღამე მოელოდა ამ მავნე სტუმრებს, იგი სულ მზად იყო მათთან გასამკლავებლად და არა ფულის მისაცემად.
ამ მოწაფეებმა იქირავეს პარიკმახერთან პარიკები, გამოეწყვნენ და მივიდნენ ვაჭართან. ეზოში შესვლისთანავე კარებთან შეგზავნეს ვინმე მოწაფე მდინარაძე, რომელმაც კარებს კაკუნი დაუწყო. ამ დროს ვაჭარ გაჩეჩილაძეს გაეღვიძა და მის ნაცვლად რომ კარები გაეღო, გავიდა უკანა კარში და ჩაესაფრა. ჩასაფრებულ გაჩეჩილაძემ ვინტოვკიდან რამდენჯერმე ესროლა მდინარაძეს, რომელიც კარებში შედიოდა. მდინარაძემ სული იქვე განუტევა. დანარჩენები, ეზოს ბოლოზე მდგარნი, სროლის დროს ყველანი გაიქცნენ. მოხუცმა ვაჭარმა ასტეხა საშინელი სროლა, რომელზედაც მილიცია გამოეხმაურა და გამოარკვია საქმის ვითარება. მეორე დილით შეიპყრეს ყაჩაღთა ჯგუფის წევრნი მოწაფეები, სახელდობრ: დავით ჭამკვეტაძე, ა. კოვზირიძე, გ. გეწაძე, კოწია გაჩეჩილაძე, თოდრია, ჯამგველაძე და სხვა. დაატუსაღეს პარიკმახერი „ჟორჟი“-ც, რომელმაც დამცემთ პარიკები მიაქირავა“.

მიხეილ ბასილაძე