„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ გურული ფინალისტი და საუბრები მასლოუს პირამიდაზე

წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელმა დავალებად ჯოხის ათი სანტიმეტრით აწევა დაგავალათ. ერთი შეხედვით, ამ მარტივ დავალებას ადვილად გაართვით თავი, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გთხოვათ, ჯოხი ისე დაგეწიათ ქვემოთ, რომ ის ხელის ქვემოთ აღმოჩენილიყო, თქვენ უკვე გამოწვევის წინაშე დადექით და დაფიქრდით. ყველაზე მთავარი სწორედ ესაა _ ფიქრი და გამოსავლის ძიება დაიწყეთ.

ჯოხის ეს უცნაური დავალება ლადო მასწავლებლის გაკვეთილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საფირმო მეთოდია, რომელსაც ხშირად იყენებს. როგორც თვითონ ამბობს, მოსწავლეებს ყოველთვის იწვევს, ცდილობს, მათში საგნისადმი ინტერესი, ერთი შეხედვით, უცნაური მეთოდებით გააღვიძოს და მთელი სემესტრი შეინარჩუნოს ეს მონდომება.
უბრალო ჯოხსა და ლადოს გამჭრიახ მეთოდს შედეგი მოაქვს და დღეს ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ, ერთხმად გიპასუხებენ, რომ მათი საყვარელი მასწავლებელი ლადო ბიძია, საყვარელი საგანი კი სამოქალაქო განათლებაა. სწორედ ასე მიმართავენ მოსწავლეები ვლადიმერ აფხაზავას, რომელიც გასული წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა და წლის პედაგოგის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო.

***
ლადო 1976 წლის 9 იანვარს სოფელ ნიგვზიანში დაიბადა, აქვე დაამთვარა საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკიდან უნდოდა პედაგოგობა და ეს ცხოვრების მოწოდებად მიაჩნდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა და საბოლოოდ ბევრი ჩაწყობისა და ბიუროკრატიის გამო უმაღლესი განათლება ეკონომიკის განხრით მიიღო ბათუმის კოოპერაციულ ინსტიტუტში.
გზა ეკონომიკიდან _ სკოლამდე, ციფრებიდან _ ბავშვებამდე, რაციონალიზმიდან _ ემოციებამდე საკმაოდ რთული და საინტერესო იყო. თუმცა ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა გურულმა მაინც იპოვა საკუთარი ადგილი და 2010 წლიდან მოყოლებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ასწავლის ბავშვებს სამოქალაქო განათლებას.
გარდა აქტიური სასკოლო საქმიანობისა ლადო ჩართულია ბევრ სოციალურ პროექტში, ბევრი მათგანის ინიციატორი და წამომწყები თავადაა, ხშირად ფიქრობს პრობლემურ საკითხებზე და ცდილობს, მის მოსწავლეებს წარსულისა და მომავლისადმი თანაბრად გაუღვივოს სიყვარული და პატივისცემა.
2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. გარდა ამისა, სეზონურად ზრუნავს ბავშვების განწყობაზე, არაფორმალური განათლების მიღების ფორმებს ეფექტიანად იყენებს ბავშვების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად. რაიონის სამხარეო მუზეუმში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და მოსწავლეებს ისტორიული ცოდნა გაუღრმავა ამ მნიშვნელოვან პატრიოტულ თემატიკაზე.
„ლადოს ბანაკის“ დამფუძნებელი, პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ინიციატორი, პროექტ „ეთნო რძლების“ დამსახურებით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, წლის საუკეთესო მასწავლებლად წოდებული ლადო ყველაზე ცოცხალ გაკვეთილებს ატარებს სკოლაში, დერეფნებს ახმაურებს, სკოლასაც, სოფელსაც, რაიონსაც. გურული მიზანდასახულობითა და მონდომებით დგამს ნაბიჯებს, ზუსტად იცის ყოველი წამოწყების მიზანი და საბოლოო შედეგი, არ ისვენებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვერ ასვენებს მისი მშფოთვარე და მუდამ სიახლისკენ მიდრეკილი ხასიათი. მოსწავლეებთან ერთად გასვლითი შემეცნებითი ტურები, თევზაობა და საუბრები ცხოვრებაზე _ ეს ის უშუალო და გამორჩეული მიდგომაა, რაც ლადო აფხაზავას სხვა პედაგოგებისგან გამოარჩევს. ბავშვი მისი საქმიანობისა და ცხოვრების უმთავრესი ამოსავალი წერტილია და სწორედ მათი უფლებების დასაცავად იბრძვის ბევრი სხვადასხვა ფორმით.
ფობიები ბევრი არ აქვს, ყველაზე მეტად მოსწავლის ცუდად ყოფნა და ამ დროს საკუთარი უმწეობა აშინებს, სურვილებიც და სამომავლო გეგმებიც სრულად სკოლას, მოსწავლეებსა და ბავშვებს უკავშირდება. ლადო და ბავშვები ნამდვილად ცალკე ფენომენია, რომელიც ურთიერთობის საოცარ ფორმებს ქმნის და უზიარებს გარშემომყოფებს.
კრეატიული პედაგოგი საერთაშორისო წარმატებებს ზეიმობს და თებერვალში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის გამოცხადებას ელის, რომლის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს. ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

სანამ შორეული საზღვარგარეთიდან პასუხები მოვა და წარმატებული ქართველი პედაგოგი საერთაშორისო გადაწყვეტილებას გაიგებს, ლადო „ქრონიკა+“-ს ესაუბრა და პირად და ზოგად კითხვებს უპასუხა. საინტერესოა, როგორია საუკეთესო მასწავლებლის თვალით დანახული თანამედროვე განათლების სისტემა და განსხვავებული მიდგომების საჭიროება ისეთ პროფესიაში, როგორიც პედაგოგობაა?

_ როგორია ლადო აფხაზავა? დაახასიათეთ საკუთარი თავი მოკლედ.
_ ლადო აფხაზავა არის ძალიან უბრალო ადამიანი, ამავდროულად, მიზანდასახული და შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მოსწავლეების მოსალოდნელი გამოწვევები.
_ როგორი იყო გზა ეკონომიკიდან სკოლამდე და როდის გაჩნდა ბავშვები თქვენს ცხოვრებაში პირველად?
_ ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ვანი-ბაღდადის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. შემდეგ სკოლაში შემოვიდა რელიგიის ისტორიის საგანი და თავდაპირველად სწორედ ამ საგნის სწავლება დავიწყე. თავიდანვე დიდი სურვილი მქონდა, მასწავლებელი გავმხდარიყავი, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმ დროს რამდენად რთული იყო მსგავს ფაკულტეტებზე მოხვედრა. ფულით ნაყიდი ადგილები სულ შევსებული მხვდებოდა და საბოლოოდ იძულებით ჩავაბარე ეკონომიკის მიმართულებაზე.
სკოლაში სწავლების შემოთავაზება ჩემთვის შანსი იყო, ამესრულებინა ბავშვობის ოცნება და მოსწავლეებთან მემუშავა, თუნდაც რელიგიის მასწავლებლად. ყველა მასწავლებელს, ვინც სკოლაში მუშაობს, უპირველეს ყოვლისა, ბავშვი უნდა უყვარდეს, ეს არის ამოსავალი წერტილი. სწორედ ამ სიყვარულმა მომიყვანა ამ პროფესიამდე და ბავშვებამდე.
ჩემმა მოსწავლეებმა რომ იცოდნენ, რა რთულია მასწავლებლობა, არც ერთი აირჩევდა პედაგოგობას, მაგრამ მათ ისიც რომ იცოდნენ, რა ტკბილია მასწავლებლობა, მაშინ ყველა მასწავლებელი გახდებოდა.
ჩემმა მასწავლებლებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს პროფესიულ არჩევანზე. ისინი ნამდვილად მისაბაძი ადამიანები იყვნენ და დღემდე არიან. მიხარია, რომ ახლა ჩვენ კოლეგები ვართ, რომლებსაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებით გამოვყოფ ჩემს მასწავლებელს, რომელიც დღეს ჩემთან ერთად მუშაობს, იგი ისტორიის მასწავლებელი ნუნუ ტუღუშია, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა წლები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა და ფულადი პრიზის მიღების შემდეგ თანხის დიდი ნაწილითა და მოსწავლეებისა და თანასოფლელების გვერდით დგომით დავაფინანსეთ ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგის მკურნალობა. ის ნამდვილად ერთობლივი ძალისხმევით გადავარჩინეთ, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად გასახარი და საამაყოა. მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ მხოლოდ აღიარება და ცნობადობა არ მომიტანა, მან უფრო მთავარი _ ადამიანის სიცოცხლე შემანარჩუნებინა.
_ რა გახდა თქვენი სწავლების განსხვავებული მეთოდების ინსპირაცია და როგორია ლადოს ერთი გაკვეთილი?
_ მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არსებობენ რთული ბავშვები. ეს ბავშვები კი არ არიან რთულები, არამედ ის ქცევები, რომელიც განმტკიცებული აქვთ ოჯახიდან, სკოლიდან და საზოგადოებიდან. თუ მსგავსი ტიპის ბავშვები არიან ჩვენ ირგვლივ, მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა შევცვალოთ მიდგომები. მოსწავლეს იმიტომაც ჰქვია აღსაზრდელი, რომ ისინი უნდა აღვზარდოთ. არ მესმის, როდესაც მასწავლებლები ბრაზობენ ბავშვებზე და ეჩხუბებიან მათ რამე მასალის ვერათვისების ან ჩამოუყალიბებლობის გამო. ეს ჩვენ ვაყალიბებთ მოზარდებს და სწორედ ჩვენზეა ეს საპასუხისმგებლო მისია.
მიხარია, როდესაც მოსწავლე მიბრაზდება, თუნდაც ამ ბრაზს ჩხუბით ან შეურაცხყოფით გამოხატავდეს, რადგან ამ დროს ჩემთვის მთავარი ისაა, რომ მან სიჩუმე დაარღვია, ხმა ამოიღო, ასევე თან ამოაყოლა მთელი გულის ნადები და წინ დამიდო. შემდეგ უკვე მაქვს მასალა, რომლის დამუშავებაც შემიძლია და სწორედ ამის საფუძველზე ვაყალიბებ ყველა ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას.
მთავარია, რომ ბავშვის კარგი და ძლიერი მხარეები დავინახოთ და სწორედ ამაზე ავაგოთ მთელი სამუშაო პროცესი. მხოლოდ ეს მხარდაჭერა და გვერდით დგომა აღზრდის ბავშვებს სწორად და არა გაუთავებელი ჩხუბი და საყვედურები. უმნიშვნელოვანესია, ბავშვებთან ვიყოთ გულწრფელები და არასდროს მოვატყუოთ ისინი, რათა არ შევუქმნათ გადაჭარბებული შეხედულებები და წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე. ბავშვი ყოველთვის იგებს ტყუილს და ამიტომაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები.
ჩემი გაკვეთილები და კლასთან მუშაობა ყოველთვის იწყება, ერთი შეხედვით, უცნაურად, მე ბავშვებს ვიწვევ, დიახ, ეს ნამდვილად გამოწვევაა. თუნდაც ერთი პატარა ჯოხით, რომელიც შემაქვს კლასში, უკვე ვიწვევ მათ დაინტერესებას, ისინი სვამენ კითხვებს, მერე ფიქრობენ, მსჯელობენ, დადიან, თვითონაც ეძებენ მსგავს ჯოხებს და ჩემს გამოწვევას იღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ბავშვებს ვუჩვენო, რომ მარტივი რაღაცებიც კი არ არის მარტივი და ყველაფერი სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობ, თვით რთული საკითხებიც კი მათთვის გასაგები ცხოვრებისეული ანალოგებით ავხსნა. მაგალითად, მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის სტანდარტული ახსნა ჩემთვის მიუღებელია. ამ თავის ახსნის დროს ყოველთვის ვეკითხები ჩემს მოსწავლეებს, აქვთ თუ არა წაკითხული რობინზონ კრუზოს თავგადასავალი? შემდეგ ერთად ვიწყეებთ გააზრებას, თუ რა სჭირდებოდა და რა მოუნდებოდა რობინზონს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენის შემდეგ. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, თავად ბავშვები თვლიან ამ იერარქიულ მოთხოვნილებებს და საბოლოოდ უხარიათ, რომ მარტო მასლოუ კი არა, თავადაც მივიდნენ ამ მოთხოვნილებების განსაზღვრებამდე.
ჩემს გაკვეთილებზე ყოველთვის დიდი ხმაურია, არის სიცილი, ხტუნვა-თამაში, რადგან ამ დროს დაინტერესებული და აზარტში შესული ბავშვები ბევრ ვარაუდს გამოთქვამენ, ხმამაღლა ფიქრობენ, მაგრამ მე არ ვზღუდავ ამას და არ ვაჩუმებ, რადგან ამით მათ შემოქმედებით თავისუფლებას ვაძლევ სივრცესა და არეალს. ვფიქრობ, ეს მიდგომა ამართლებს და ეს ჩვენი მოსწავლეების აქტიურობასა და მათ მონდომებაზეც აისახება.
_ როგორია თქვენი თვალით დანახული ჩვენი განათლების სისტემა?
_ მგონია, რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენი განათლების სისტემა, ცოტა არ იყოს, დაბერდა. ეს არა მხოლოდ მოძველებულ მიდგომებზე აისახება და კადრებზე, ასევე იმ დამოკიდებულებებზე, რაც სწავლის მიმართ არსებობს. ჩვენს სკოლებს აკლია ახალგაზრდა სული, შემართება და ახალი სისხლი, რომელიც სწორედ მოტივირებულ და მონდომებულ ახალ კადრებს მოაქვს.
ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ჩვენი განათლების სისტემა საკმაოდ ჩაკეტილია და ნაკლებად ისწრაფის სიახლეებისკენ, ეს არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონითაც შეიძლება აიხსნას. რთულია, მასწავლებელს მოსთხოვო მაღალ პედაგოგიურ იდეალებზე ფიქრი მაშინ, როდესაც უმეტეს მათგანს დაბალი ანაზღაურება და ბანკის სესხი აქვს, რომლის დასაფარადაც სხვა სამუშაოების შესრულებაც უწევს. მეც არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად თურქეთშიც გადავსულვარ და მიმუშავია არდადეგებზე, რადგან პედაგოგის პროფესია საკმაოდ დაუფასებელია ჩვენთან და მაღალ იდეალებზე კიდევ თანამედროვეობაში ცხოვრება საკმაოდ რთულია.
ასევე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება განათლების სისტემაში დეცენტრალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება. დელეგირება და ფუნქციების სწორი განაწილება სკოლებში ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ზრდას, ამავდროულად, ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებას ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამისთვის ღია და მონდომებულები ვართ. ხელშეწყობა ზემოდანაც უნდა იყოს.

ანა ურუშაძე