მიხეილ ცაგარელი: „მესამე ძალის გამოჩენის დრო მოვიდა“

კალენდარზე უკვე 2019 წელია. ყოველი წლის დასაწყისში ასტროლოგიური პროგნოზი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ძველი წელი და გავიგოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ 2019-ში?
რადიკალურად შეიცვლება თუ არა პოლიტიკური მდგომარეობა? რა სიახლეებს გვპირდება ტახის წელიწადი? გამოჩნდება თუ არა მესამე ძალა და ვის უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ველზე?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა:
_ მახსოვს თქვენი პროგნოზი. ამბობდით, რომ პრემიერი გადადგებოდა. ეს ასეც მოხდა. ასევე ხშირად გვირჩევდით, როგორ უნდა გვემოქმედა. შევაჯამოთ 2018 წელი, რა არ გავითვალისწინეთ, რა გამოგვეპარა?
_ ყველაფერი გამოგვეპარა და, სამწუხაროდ, არც არაფერი გავითვალისწინეთ. არ ვსწავლობთ შეცდომებზე ისე, როგორც საჭიროა. ჯერ კიდევ წინა წელს ითქვა, რომ რადიკალური ცვლილებები იქნებოდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ბევრი სხვა ხელმძღვანელი პირის შეცვლით დამთავრებული, მაგრამ გამოსწორების ელემენტებს ჯერ ვერ ვხედავ. გამოსწორება კი ნიშნავს კოჰაბიტაციის შეწყვეტას, როგორც აბსოლუტურად არაფრის მომცემ ფუნქციურ ერთეულს, რომელიც პირიქით _ სიტუაციას ძაბავს, ქვეყანას უკან ხევს და გაუთავებელ კომპრომეტაციას იწვევს. გასაგებია, რომ გავუშვით ძველი მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვინ მოგვყავს?! უკეთესი? _ მე ამას ვერ ვხედავ. რომელი მინისტრია უკეთესი? რა შემოიტანა განათლების მინისტრმა? რა სიახლები გვაქვს ამ მიმართულებით? _ ვერც სიახლეების მეთოდოლოგიას ვხედავ. სად არის „აი ია“? „აი იას“ მნიშვნელობაც კი არ იციან, გოგებაშვილმა რატომ ჩადო და რას ნიშნავს ხმოვანი ა და ი ენერგეტიკული კუთხით. ამით გოგებაშვილმა უფალს გულისკენ გაუხსნა გზა. სწორედ ამას ნიშნავს ა და ი, ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ. ბავშვებს რაღაც სისულელეები დაუმატეს სასწავლებლად. სამეცნიერო-კვლევითი სფერო გამოსწორდა? ეგეთი თუ არსებობს საერთოდ, არც ახსოვთ. ძირითადი შეცდომები რაც იყო, იგივე დარჩა. პიარკამპანიაში საერთოდ ნულზე არიან. ბიძინა ივანიშვილს გაზეთების მეშვეობით ვაფრთხილებდი. რასაკვირველია, ისე კონტაქტი არ მაქვს.
_ ივანიშვილს თქვენთან დაკავშირება არ უცდია?
_ არა, არ დამკავშირებია. ჩვენ ტელეკომპანია „კავკასიის“ იუბილეზე შევხვდით. მაშინ ივანიშვილი პრემიერი იყო და მითხრა, რომ ასტროლოგია სერიოზული, მნიშვნელოვანი ეზოთერული მეცნიერებააო. ვიცი, რომ მოსკოვში ცხოვრებისას პავლე გლობასთან იყო ნამყოფი. ზოგიერთი მეუბნება, რომ მას ვიღაც ფრანგი ასტროლოგი ჰყავს. თუ ეს სიმართლეა და მართლა ჰყავს, როგორც ჩანს, ძალიან დაბალი რანგის ასტროლოგია იმიტომ, რომ ვერ ვგრძნობ მნიშვნელოვან ძვრებს. გაზეთების საშუალებით ვცდილობ, რომ დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ და გავაფრთხილე კიდეც: ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულია, 2019 წლის 5 მაისამდე საზოგადოების წინაშე ზედმეტად არ უნდა გამოსულიყო. მისი გამოჩენა მხოლოდ გაღიზიანებასა და უკურეაქციას გამოიწვევს, რადგან შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა ლილიტი, ახლა სწორედ მის ზოდიაქოს გადის, ამიტომ შეცდომების, ცდუნებების, უკურეაქციების ტენდენციები მაღალია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, როდესაც გამოვიდა, რა გააკეთა?! _ მისი გამოსვლა აბსოლუტურად უკურეაქციების მატარებელი იყო. მეტიც, სალომე ზურაბიშვილს ხმებიც კი დააკარგვინა. მეორე საკითხი: სალომე ზურაბიშვილის არჩევანი მის გარეშე ვერ ჩაივლიდა. საიდან, როგორ, რატომ გააკეთა არჩევანი ასეთ ოდიოზურ ფიგურაზე? მე ვიცნობ ქალბატონ სალომეს და მასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ როდესაც ასეთი ფიგურა მოგყავს და იცი, რომ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, შენს პარტიაში, ასევე იცი, რომ ზვიად გამსახურდიას უამრავი მომხრე მის წინააღმდეგ გამოდის, რის იმედზე ხარ? ანუ შეცდომები შეცდომებს მოჰყვებოდა. როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ უმუშევრობა იყო, რამე გამოსწორდა ამ კუთხით? _ არაფერი. ვამბობთ, რომ სასწაული მიგრაციაა, რის შედეგადაც ქვეყანა ილევა და ვერაფერი შეცვალეს ამ მიმართულებითაც. პირიქით, ამათმა ხელშემწყობი ორგანიზაცია შექმნეს. ერთი მხრივ, შეიძლება, კარგია, რომ ხელს უწყობს საზღვარგარეთ დასაქმებას, მაგრამ ეს ორგანიზაცია უფრო აქეზებს პროცესს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავიდეს ქვეყნიდან, ეს წახალისებაა. სექტემბრიდან შუქის ფასი გაიზარდა, ახლა გაზის გადასახადიც იმატებს. ამიხსენით, სად არის ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა?!
_ 6 წელია, ვუყურებთ ივანიშვილის მმართველობას, პარალელურად ვიხსენებთ მიხეილ სააკაშვილის პერიოდს. რა განსხვავებაა მათ, როგორც ლიდერებსა და პიროვნებებს შორის?
_ მიხეილ სააკაშვილი მშვილდოსანია და ეს ნიშანი ბუნებით დიქტატორია. აქედან გამომდინარე, მასში დიქტატორული ელემენტები გამოკვეთილი იყო, მას აქვს სასწაული ენერგია, ქარიზმა და საოცარი ორატორული მონაცემები, რაც ივანიშვილს საერთოდ არ გააჩნია. ამაში, რასაკვირველია, ივანიშვილს სააკაშვილი უგებს, მაგრამ სააკაშვილი საოცრად სულსწრაფი, მოუთმენელი, სასწაულად უყაირათო და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებებზე აყოლილი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე მას შავისა და თეთრის გარჩევის პრობლემა ჰქონდა. ხშირად კარგის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ცუდი გამოსდიოდა, რადგან შავს თეთრისგან ვერ არჩევდა. ეს მისი სერიოზული პრობლემაა. მას საკმაოდ ცუდი გარემოცვა ჰყავდა, რომელიც ძალიან არასწორ ინფორმაციას აწვდიდა და არასწორად უხატავდა სურათს, რაც ხდებოდა. ეს აქვთ საერთო ივანიშვილსა და სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად იგივე გარემო ჰყავს, რომელიც მას სულ სხვა სურათს უხატავს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ვაკუუმში ცხოვრობს. ის ენდობა მხოლოდ იმას, რასაც ეუბნებიან და ეუბნებიან აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას. ზოგიერთი მას ამ კუთხითაც ძალიან კარგად იყენებს. ლალი მოროშკინამ წინადადება წამოაყენა, რომ სულ სხვა ხალხისგან შემდგარი საბჭო შეიქმნას, რომელიც მას სიმართლეს მიაწვდის. ვნახოთ ახლა მისი გამოძახილი, მოვიდა თუ არა ის დრო, რომ რაღაცები შეცვალოს. თვითონვე ბრძანა, რომ შეცვლას აპირებს და რეალურად დავინახავთ, ეს მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო თუ მართლა სურს ბევრი რამის შეცვლა. მაგალითად, მას ვურჩევდი, რომ განყენებული, სულ სხვა ადამიანებისგან შემდგარი საბჭო შემოიყვანოს, რომელიც მას მოახსენებს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში და რა არის გამოსასწორებელი. ივანიშვილი მერწყულია, თუ არ ვცდები, ჩვენ ყველაზე გამოცდილი და ძლიერი მერწყული ხელმძღვანელი ერთადერთი გვყავდა და ეს დავით აღმაშენებელი იყო. დანარჩენი მერწყულებიდან მსოფლიო მასშტაბით შეიძლება გამოვარჩიოთ რონალდ რეიგანი, სხვა არც ერთია ლიდერი, არც ერთი არის ხელმძღვანელი, ქვეყნის მმართველი და ა. შ., ვინაიდან მერწყულების ფსიქოტიპში ეს ნაკლებად ზის, თუმცა ამბიციურობა დიდი აქვთ. ვიმეორებ: ბიძინა ივანიშვილის პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე აღმოჩნდა თხის რქის ზოდიაქოში, რომელიც მართავს პოლიტიკას და იდეოლოგიას, ეს პირდაპირი მითითებაა იმისა, რომ პოლიტიკა მისთვის სახიფათოა. მისთვის პოლიტიკასთან ურთიერთობა არ შეიძლება, იგი დამანგრეველი ენერგიის არის. რა მიზეზებით, არ ვიცი, მაგრამ მან პოლიტიკის ყულფში მაინც შეყო თავი. მერწყული ძალიან ინტუიციური ნიშანია, ამიტომ ივანიშვილსაც ქვეცნობიერი ინფორმაციის შეგრძნება ექნება, ის ამას თავის თავთან აღიარებს და ამიტომაც ძალიან მალე პრემიერ-მინისტრობაზე უარი თქვა. მისი წარმატების ფორმულა უკავშირდება რუხი კარდინალის ფუნქციას, ეს ბიზნესშიც ასეა, ანუ ის უნდა იყოს კულისებს მიღმა და იქიდან უნდა მართოს. როცა ჩვენ არ ვიცნობდით, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, მერე გავარკვიეთ, რა და როგორ, აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ ჰქონდა აშენებული, გაკეთებული. ეს არის მისი კრედო, მათ შორის, პოლიტიკაშიც, მაგრამ პოლიტიკაში სიტუაციები ისე დატრიალდა, ისეთი შეცდომები დაუშვა, რომ აღმოჩნდა, მას, თურმე, ქარიზმა, ორატორული მონაცემები აკლია, ხმის ტემბრი არ უვარგა. თურმე, სწორად არ აწყობს წინადადებებს, ერთი თემიდან მეორეზე გადადის და ასრულებს მესამეზე, რის გამოც საზოგადოება იბნევა. ცხადია, ამან საზოგადოების უკურეაქცია გამოიწვია. საზოგადოებამ ივანიშვილის განსხვავებული პორტრეტი დაინახა, თუმცა თავიდან სულ სხვა ეგონა. რასაკვირველია, მან ეს იგრძნო და ამიტომაც გადავიდა კულისებში. ვეთანხმები ამას და ერთადერთი ვარ, რომელიც ვამბობ, რომ მისი მოსვლა არც პრემიერ-მინისტრად და არც პოლიტიკაში არ შეიძლება. ის გუნდის ხელმძღვანელია და, ასე თუ ისე, უნდა აკონტროლოს სიტუაცია, ამიტომ იყოს რუხი კარდინალი, მაგრამ ამ კარდინალობის დროსაც კი შეცდომებს უშვებს. მას სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა უშველა. მიშას გამოსვლამ და ძალიან გაუთვლელმა სიტყვებმა, მათ შორის, ქართველი ერის მიმართ დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებამაც, ძალიან ცუდად იმოქმედა, ასევე გრიგოლ ვაშაძის აგრესიულმა რიტორიკამ წყალი დაასხა სალომე ზურაბიშვილის იუპიტერზე. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი სალომეს ვერძის ზოდიაქოში ჰყავს, ამიტომ რაც უფრო მეტად იქნება მის წინააღმდეგ აგრესია, სალომე უფრო მეტად იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძის ტაქტიკა უნდა ყოფილიყო დიპლომატია, მშვიდობიანი გზით კომპრომისების მიღწევა, სწორედ აქ იმარჯვებს იგი. რადგან მან არ იცოდა ელემენტარული ასტროლოგია, სულ სხვა გზით წავიდა, რომელმაც წარმატება არა მას, არამედ სალომე ზურაბიშვილს მოუტანა. სააკაშვილი კი ამ ყველაფერში დაეხმარა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ამასთანავე ხალხის თანადგომაც, რომელსაც, საბოლოოდ, მაინც შეეშინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის.
_ ხალხს საფუძვლიანად შეეშინდა თუ ეს, უბრალოდ, პროპაგანდის შეედეგად გამოწვეული უსაფუძვლო ისტერიკა იყო?
_ ხალხს პოლიტიკური მეხსიერება აქვს, მას ძალიან კარგად ახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს. რას ნიშნავს სააკაშვილის მოსვლა? კაცი პირდაპირ გეუბნება: „მე რომ მოვალ, ძალიან ბევრს მანდ თავი მოძვრება“. ეს არ არის შიშის ნიშანი?
_ თუმცა ის ცვლიდა თავის განცხადებებს და ამბობდა, რომ რევანშით დაბრუნება არ იყო მის ინტერესებში.
_ სააკაშვილი წინასწარ განუსაზღვრელია, მას სიტყვაზე ვერ ენდობი. ის დღეს რომ ერთს იტყვის, საღამოს სხვას გააკეთებს. ამიტომ როგორ შეიძლება, ხალხი მას ენდოს? რადგან ერთხელ წამოსცდა, ე. ი., ქვეცნობიერად, სადღაც უზის და მართლა ფიქრობს ამაზე. შეიძლება, მერე დასჭირდა და გადაასხვაფერა, მაგრამ მან ხომ თქვა. სააკაშვილის უბედურება სწორედ ის არის, რომ ჯერ ლაპარაკობს, შემდეგ _ ფიქრობს. ხალხმა ეს იცის, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და გამოცდილებაც გვაქვს. შესაბამისად, არ ვენდობით. ეს ის კაცია, რომელმაც უზარმაზარი ტერიტორიები დაგვაკარგვინა თავისი აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკით. ამ დროს რუსეთი იმდენად არაფერ შუაშია(?!!), რამდენადაც სააკაშვილის პოლიტიკა.
_ ჩვენ ჯერ არ გვყოლია პრეზიდენტი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით თევზები იქნებოდა, რას უნდა ველოდოთ ზურაბიშვილისგან?
_ სალომეს მთავარი დადებითი მხარეა უზარმაზარი გამოცდილება, ის ევროპულ ინტეგრაციას კარგად იცნობს. ევროპულ ქვეყნებს, ევროპული პოლიტიკოსების მეთოდოლოგიას ძალიან კარგად იცნობს. მას დიპლომატიის სერიოზული, ფრანგული სკოლა აქვს გავლილი. ჩვენთან კი დიპლომატიის სკოლა საკმაოდ დაბალია და პოლიტიკოსების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რომ არსებობს საგანი, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია. მათ ეს არც უსწავლიათ, ამათგან განსხვავებით, სალომეს ცოდნა და გამოცდილება აქვს. მეორე მხრივ, თევზების ზოდიაქო სასწაულად ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა, წინათგრძნობის გასაოცარი უნარით. სალომე ზურაბიშვილი ძალიან ხისტი და მებრძოლი სულისკვეთების მატარებელია იმიტომ, რომ გამარჯვების პლანეტა ვერძშია და ვერძი ყველაზე უშიშარი ნიშანია გამარჯვების პლანეტებიდან. ამიტომ რაც უფრო უშიშრად დადგება თავის პოზიციაზე, მით მეტად გაიმარჯვებს იგი. მისი ამ თვისებების კომბინაცია ხელს უწყობს წარმატებულ მოქმედებებს. გახსოვთ, რა უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ყველას თვალწინ: „თქვენ ქაჯები ხართო“, ვინმე შეძლებდა ამის თქმას, რომელიმე პოლიტიკოსმა გაბედა?
_ დავიწყოთ საუბარი უკვე ახალ 2019 წელზე, პოლიტიკაში რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
_ მესამე ძალის გამოჩენის დრო მოვიდა. ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პიარს სერიოზულად აგებს. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იშლებოდა და პარტიებად დაიყო, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უხაროდა, „ნაციონალები“ იშლებიანო. მაშინ ინტერვიუებში ყველგან ვამბობდი, რომ კი არ იშლებიან, ეს არის პიარის ხრიკი, ტრანსფორმაცია, რომელიც აუცილებელია და მომავალში პიარის კუთხით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაამარჯვებინებს კიდეც. ამის შემდეგ ვნახეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდა ჟურნალისტიკა, ანუ მათ უნდა გააშუქონ ყველა და უცებ აღმოჩნდა, რომ თუ აქეთ ერთი ძალაა ივანიშვილის ჯგუფი, მეორე მხარეს 5 ძალაა. უკვე 1 კი არა, 5 ადამიანი გამოდის, ერთი და იგივეს ამბობს და მმართველ პარტიას აგინებს. როცა ყოველდღე გესმით 5 ერთის წინააღმდეგ, ეს პიარი სასწაულად მოქმედებს ქვეცნობიერზე. მმართველმა პარტიამ ელემენტარულად ხომ შეიძლება, ცოტა ტვინი ჩართოს და გაიაზროს, რომ საჭიროა ამის გაბათილება. ე. ი. საჭიროა, თუნდაც, 5 მომხრე ფრაქციის, პარტიისა თუ სატელიტი პარტიის შექმნა, რის გამოც ჟურნალისტიკა იძულებული იქნება, 5 აქედან და 5 იქიდან გააშუქოს.
_ სატელიტ პარტიებზე საუბრისას „პატრიოტთა ალიანსი“ მახსენდება, შესაბამისად, „ოცნებას“ შესაძლოა, თავის დროზე, კარგად აქვს ამაზე ნაფიქრი…
_ „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი აბსოლუტურად ცალკეა. მე ძალიან კარგად ვიცი, ირმა ინაშვილი ვინც არის, მაგრამ როცა „ნაციონალური მძრაობის“ საფრთხე დაინახა, „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვაჟკაცურად დაუდგა და ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მას მადლობა უნდა გადაუხადოს, რაც, სხვათა შორის, არ გაუკეთებიათ. ირმამ ამ შემთხვევაში თავისი სწორი ფუნქცია დაიკავა იმიტომ, რომ იგი მსჯელობს ისე, როგორც ჩვენ. რეალურად, ორი ძალა გვყავს, მან ორი ცუდიდან აირჩია უკეთესი. არჩევნებმა კარგად დაგვანახა, რომ პარიტეტული სისტემაა, ხმები ერთმანეთს მიუახლოვდა, აქ უკვე კოსმოსიდანაც არის სიგნალი, შესაბამისად, ზუსტად მესამე ძალის დრო მოვიდა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი მისცემს ხმას 2 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, თუ, რა თქმა უნდა, ეს მესამე ძალა გამოჩნდა.
_ ვინ შეიძლება იყოს მესამე ძალა? ვიცი, რომ ასე რთული სათქმელია, მაგრამ თქვენ გექნებათ ვერსიები.
_ ძნელი სათქმელია, შეიძლება იყოს ლევან ვასაძე, ნინო ბურჯანაძე, ლალი მოროშკინა, შეიძლება შექმნან კოალიცია ან ცალ-ცალკე გამოვიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე შესაძლოა, იყოს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე, ის უბრწყინვალესი დიპლომატი და გადასარევი ნიჭის პატრონია, რაც მთავარია, უმწიკვლო რეპუტაციის მატარებელია. ნებისმიერი შეიძლება იყოს მესამე ძალა, ვისაც ხალხი ენდობა და ვინც გასვრილი არ არის. ეს არ შეიძლება იყოს შალვა ნათელაშვილი, გამორიცხულია. ასევე შეიძლება იყოს კახა კახიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ იყენებს და რომელმაც მთელი ციხეები მოაწესრიგა. ეს კაცი „ოცნებამ“ მოისროლა, თუმცა ის გადასარევი იურისტია, ბრწყინვალე რეპუტაცია აქვს და გვაჩვენა, რომ მუშაობა იცის.
_ რეალურად, ძალიან ბევრს ექნება პრეტენზია, რომ მესამე ძალა იყოს. ასეთ დროს, როგორც წესი, ახალი პარტიები და პოლიტიკური ლიდერები ჩნდებიან, მაგრამ ვის ექნება უფრო მეტი შანსი, რას მიაქცევს საზოგადოება ყურადღებას და რა ნიშა უნდა ჰქონდეს პარტიას, რომ მესამე ძალად ყოფნა შეძლოს?
_ ხალხი, პირველ რიგში, უმწიკვლოებას მიაქცევს ყურადღებას, არ უნდა იყოს გასვრილი. ეს უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხი ენდობა, რომელსაც შეუსრულებელი დაპირებები არ ექნება. ასევე არ უნდა იყოს კორუფციულ სქემებში შემჩნეული. უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, ითვლებოდეს ჭკვიან ადამიანად და შეყვარებული უნდა იყოს თავის სამშობლოზე. მას უნდა ჰქონდეს ქარიზმა, რითაც ხალხს დააჯერებს, ასევე კარგი ორატორული მონაცემები უნდა ჰქონდეს და გამოირჩეოდეს შინაგანი სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით. ხალხი აირჩევს იმას, ვინც არავის აგინებს, ზვიად გამსახურდიასავით სულ არ იყვირებს, არ არის ინდიფერენტული, როგორიც შევარდნაძე იყო, არ სჭირს სიგიჟეები მიხეილ სააკაშვილივით და არ არის ისეთი უნიათო ელემენტების მატარებელი, რაც ზოგჯერ აქვს ბიძინა ივანიშვილს. ასეთი ლიდერი გვჭირდება ჩვენ. მე, მაგალითად, ბატონ ზურაბ ხონელიძეში, ლევან ვასაძეში ვხედავ ამ თვისებებს.
_ გასაგებია, რომ ასეთი გვჭირდება, მაგრამ ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც მუდმივად აქტიურ, ემოციურ ბელადს ეძებს, აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ მივიღოთ მშვიდი და გაწონასწორებული ლიდერი?
_ უბედურება სწორედ ის არის, რომ ბელადი არ გვყავს. ხალხს კი უნდა ბელადი, მაგრამ სად არის? ერთი ბელადი სააკაშვილი საერთოდ არ არის აქ და იქიდან სისულელეებს ლაპარაკობს. მეორე ბელადი, რომელმაც უნდა იბელადოს, ვერ ბელადობს იმიტომ, რომ არ აქვს შესაბამისი ქარიზმა. ხალხი კი დაიბნა, ბელადი უნდა, მაგრამ არ არის, ამიტომაც უნდა შეიქმნას გაწონასწორებული ბელადი, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ ის ქარიზმატულია, საინტერესოდ საუბრობს, მას უჭკვიანესი აზრები და იდეები აქვს. თუ ნახეთ ლევან ვასაძის დიალოგი ინგა გრიგოლიასთან. ვასაძემ ფაქტები დაულაგა, ინგასაც კი გაუკვირდა, არ ელოდა. ასეთი ლიდერი გვინდა, რომელმაც ისტორია კარგად იცის, გაცნობიერებულია ბევრ საკითხში, რელიგიურია, 7 შვილის მამაა და უბრწყინვალესი ოჯახი აქვს, არის შეყვარებული თავის ქვეყანაზე. ბიზნესმენია და დიდ ფულსაც ფლობს.
_ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ახლა აღიარებს, რომ სწორედ ივანიშვილის დიდი ფულის გამო მოტყუვდა, ხომ შეიძლება, ანალოგიურად მოხდეს ვასაძის შემთხვევაში?
_ ვისაც ფული აქვს, იმას შესაძლებლობებიც აქვს, მაძღარია და ამიტომ ყოველთვის მაძღარი ადამიანი სჯობს. მშიერი სააკაშვილი მოვიდა და როგორც გაფცქვნა ქვეყანა, ყველამ ვნახეთ. მშიერი ადამიანის დანაყრება ძალიან ძნელია. მშიერი ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა თქვას, ის ყოველთვის გამყიდველი იქნება. აქედან გამომდინარე, სჯობს, იყოს მაძღარი, მაგრამ ყველას სჯობს, იყოს საშუალო. მაგალითად, როგორც კახი კახიშვილი, ბატონი ზურაბ ხონელიძე.
_ 2019 წელს უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის დონეზე?
_ აუცილებლად უნდა იყოს საკადრო ცვლილებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის დონეზე. პრემიერი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ახლა გაზის გაძვირება მოეწონება საზოგადოებას? რამდენიმე თვეში ურანი საბანკო-ეკონომიკურ სექტორში, ანუ კუროს ზოდიაქოში რომ შევა, რადიკალურად არევს სიტუაციას, იმიტომ, რომ ის ითხოვს მომენტალურ რეაგირებას და სერიოზულ ცვლილებებს, ასევე რეფორმების ჩატარებას საბანკო-საფინანსო სექტორში. ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო მზად არის ამისთვის? _ არა. ბრინჯივით დაიბნევიან და მერე ნახეთ თქვენ, როგორ იხტუნავებს ჩვენი ვალუტა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდება ხალხი და ბიზნესი, ეს კი ვის მოეკითხება? _ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ბოლომდე ან გაქაჩავს, ან _ არა. ტახი 12-წლიან ციკლში ბოლო წელიწადია, ახალი ციკლი იწყება და ამიტომ კოსმოსიდან განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ შემოვიდნენ პროფესიონალები და არა დილეტანტები, როგორიც გვყავდა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ქართულ იგავ-არაკებს დაერია და აცხადებდა, ბავშვებმა, უნდათ თუ არა, დილაობით ვაშლი ჭამონო. ასეთი დილეტანტები არ გვჭირდება. ეს ივანიშვილმა თუ არ გაითვალისწინა, ორი წლის შემდეგ სერიოზულად წააგებს და თუ იქამდე მესამე ძალა არ გამოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლებას ხელში აიღებს. მერე ნახეთ, ქვეყანა რა დღეში ჩავარდება…
_ თითოეულ ნიშანზე რომ გვითხრათ, რა ელოდებათ და როგორი წელი ექნებათ?
_ დასავლური კალენდრიდან ფავორიტი მშვილდოსანი გვყავს. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მთელი წელი მშვილდოსანში იქნება. იუპიტერი რადგან მშვილდოსანში გადის, მშვილდოსანი უცხოეთს მართავს, ამიტომ უცხოეთთან კონტაქტებისთვის საუკეთესო პერიოდია. ყველას, რაც შეიძლება, აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონდეს უცხოეთთან, რადგან ძალიან წარმატებული იქნება. მფარველი ანგელოზი ახლა ლომის ზოდიაქოს გადის, ამიტომ ერთ-ერთი ფავორიტი ლომია. შემდგომ კი ვერძი, ანუ სამი ძირითადი ფავორიტი გვყავს. 2019 წელს კურო გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე 2018-ში და მეტ წარმატებას მიაღწევს. ქალწული, დაახლოებით, შუა აგვისტოს შემდეგ გაცილებით წარმატებული იქნება იმიტომ, რომ მფარველი ანგელოზი მის ზოდიაქოში გადავა და შანსები თითქმის ყველა სფეროში მიეცემა. სასწორი იგრძნობს, რომ აშკარად უკეთესი წელიწადია ფინანსური და პირადული კუთხითაც, მას ამ წელს გამოსწორების საინტერესო გზები და შესაძლებლობები ექნება. რაც შეეხება კირჩხიბს, მას ერთი პარადოქსი აქვს, _ ძალიან უყვარს სახლი, მისი მთავარი ციხესიმაგრე სწორედ სახლია, მას შესაძლოა სახლში, ოჯახის წევრებთან სიტუაცია ცოტა დაეძაბოს. ამიტომ სამსახურში შეიძლება უკეთ იგრძნოს თავი, ვიდრე _ სახლში. მისთვის ეს წელიწადი საშუალოა. ტყუპებს საინტერესო ძვრები ექნებათ, მათ შორის, პროფესიონალური წინსვლის, იდეების, პროექტების კუთხით, მაგრამ ცოტა ყურადღება მიაქციონ ფსიქო-ემოციურ არასტაბილურობას. მერწყულს კი შედარებით რთული პერიოდი აქვს 5 მაისამდე, სანამ შავი მთვარე მათ ზოდიაქოს გადის. მერე უფრო უკეთ წარმართავენ ცხოვრებას, მაგრამ 5-მდე ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, მეგობრული ღალატი, ნერვული სისტემის დაქვეითება, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, ცდუნებები რადიკალურად მაღალია. ხოლო 5-მაისიდან წლის ბოლომდე თევზებს რთული პერიოდი აქვთ იმიტომ, რომ შავი მთვარე თევზებში გადადის. თევზებში შავი მთვარის გადასვლა გამოიწვევს ალკოჰოლური სასმელების, ფსიქოტროპული პრეპარატების, ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ ლტოლვის მომატებას, ეს იმოქმედებს ყველა ნიშანზე, თუმცა თევზებზე _ განსაკუთრებით. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მეტიც: არ არის გამორცხული, 5 მაისიდან, რადგან შავი მთვარე თევზებში შედის, ის კი მართავს რელიგიას, შესაძლოა, რელიგიური კუთხით აირიოს სიტუაცია. 5 მაისის შემდეგ თევზებს მეტი სიფრთხილე ჰმართებს. შესაძლოა, მეგობრულმა კონფლიქტებმა მეტად იჩინოს თავი.
რაც შეეხება აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებს, ფავორიტი ტახი გვყავს, შემდგომ თხის, კატის, მამლის, ხარის წელიწადში დაბადებულები მთავარი ფავორიტები არიან. შედარებით პრობლემურია ვეფხვის, გველის, მაიმუნის, წელიწადში დაბადებულთათვის.
_ „ქრონიკა+“-ის პირველი ნომერი გამოვიდა 2013 წლის 23 აპრილს, ე. ი. კუროს ნიშნით ვართ, როგორი წელი ელოდება მას?
_ თუ კუროს ნიშნით ხართ, კუროსთვის 2018 წელთან შედარებით 2019 წელი გაცილებით უკეთესია, ამიტომ წარმატების შანსები მეტი ჩანს. კურო ხელს უწყობს სტაბილურობას, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს წელიწადი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2018, გამარჯვების პლანეტა ურანი მაისიდან კუროს ზოდიაქოში გადმოდის. შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს.

ნენე ინჯგია