ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკას უტევს

g2

სენეგალში, ებოლას ციებცხელების ახალი კერა დაფიქსირდა, როგორც სააგენტო Agence France-Press-ი იუწყება, აღნიშნული დაავადება ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მოიწევს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაციენტი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, გვინეადანაა და დაავადება საკუთარ ქვეყანაში შეეყარა. ამის შემდეგ დაავადებული ახალგაზრდა შეეცადა სენეგალის საზღვრის გადაკვეთას. ინციდენტის შედეგად დაკარმა სასაზღვრო გამშვები ზონის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დაავადებული პაციენტი დაკარის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურ დაკვირვებას აწარმოებენ პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის კონტაქტურ პროცესებზე. ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებით, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ექვემდებარება. ებოლას ვირუსი პირველად მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, გვინეაში გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით მეზობელ სიერა-ლეონეში, ლიბერიაში და ნიგერიაშიც დაფიქსირდა. 25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ებოლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც უტევს, სადაც დაავადების შედეგად როგორც მინიმუმ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დაავადების აღმოჩენის დღიდან დღემდე, ებოლას ვირუსმა 1552 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ვირუსის მატარებლად 3500 პაციენტი ითვლება.