მთავარი პოლიტიკა დათო გამცემლიძე: „ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა _ ობივატელური...

დათო გამცემლიძე: „ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა _ ობივატელური უმრავლესობა“

458
0
გაზიარება

2018 წლის უმთავრეს მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს:

_ 2018 წელი შევაჯამოთ. წლის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები გახდა. როგორ შეაფასებდი არჩევნების პერიპეტიებსა და მის შედეგს?
_ ამ საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი პრომოუტერი, მისი დღის წესრიგის შემოქმედი და შედეგის დამდები იყო ის ნიჭიერი და კრეატიული ფენომენი, რომელსაც ჰქვია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“!
ახლა არა მხოლოდ ღირსპატივცემული ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ცდილობენ საკუთარ „დამსახურებად“ გამოაცხადონ ის, რომ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც იქნა, ჩატარდა მართლა კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის წვლილი, ასევე გრიგოლ ვაშაძის დამსახურება, რომელმაც საკმაოდ ჭკვიანურად და პროფესიონალურად წარმართა საარჩევნო კამპანია, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ტურის შედეგი 70-80%-ით ოპოზიციური მედიის დამსახურებაა. პირველ რიგში, სწორედ ამ სამაუწყებლო კომპანიისა. იგი რომ არა, ვეჭვობ, არანაირი ინტრიგა ამ საარჩევნო კამპანიაში არ იქნებოდა და აქვე უნდა ითქვას აუცილებლად, რომ კოლეგები მოიქცნენ მაღალი პასუხისმგებლობით, როდესაც მეორე ტურის შემდეგ გამოაცხადეს Exit Poll-ის ის შედეგი, რაც ავტორიტეტულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა დადო. არ უცდიათ ამ შედეგის რაიმენაირად გაყალბება რევოლუციის „გასაპრავებლად“, რასაც მათგან ბევრი ელოდა. ზოგი ელოდა შიშით, თუმცა სხვები _ დიდი იმედით, რაც იგრძნობოდა კიდეც ზოგიერთ ბრაზიან კომენტარსა თუ ინტონაციაში.
არჩევნების კონკურენტულობა, ვიმეორებ: პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებისა _ ფარავს ყველა სხვა სისტემურ თვისებას, რაც ასევე გამოვლინდა. პოლიტიკური შედეგის მხრივ კი სრულიად აშკარაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ დაფიქსირდნენ, როგორც „ქართული ოცნების“ რეალური _ თან ერთადერთი, შემძლე ალტერნატივა.
_ ნიშანდობლივია არჩევნების პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები, რასაც ხელისუფლება, როგორც ჩანს, არათუ საგანგაშოდ, სასაუბროდაც არ მიიჩნევს ღირსად. როგორ შეიძლება, ეს დამოკიდებულებები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან აისახოს მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე?
_ ზოგადად, საერთაშორისო დამკვირვებელთა პოსტსაარჩევნო დასკვნებთან დაკავშირებით, ტრადიციულად, უკვე შეიძლება ითქვას, ისტორიულადაც, ძალიან პოლიტიზებული მიდგომა დამკვიდრდა საქართველოში.
პოლიტიზებული იმ აზრით, რომ ჩვენში მეტისმეტად ხშირად ურევენ პროცედურას და ამ პროცედურის შეფასებას პოლიტიკურ ვერდიქტთან. სინამდვილეში კი ეუთოს ODHIR-ის დასკვნა ყოველთვის უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა დაწერილია და მუდამ დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებისგან.
ის, რაც ჩვენს პოლიტიკოსებს „პოლიტიკური შეფასებები“ ჰგონიათ, ან ცდილობენ, ასეთად წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცივი, სკრუპულოზური „პროცედურული აღნუსხვაა“, თუ რამდენად შეესაბამებოდა ესა თუ ის დემოკრატიული (ამ შემთხვევაში ელექტორალური) პროცედურა თვით საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ასევე დემოკრატიულ მსოფლიოში მიღებულ ნორმებსა თუ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს.
ზოგჯერ ნამდვილ კომედიად იქცევა ის, რაც ჩვენს ქვეყანაში უკლებლივ ყველა არჩევნების შემდეგ იმართება, როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ, ესა თუ ის დებულება, ლამის, „რევოლუციის საერთაშორისო კურთხევად“ ან, პირიქით, არსებული ხელისუფლების „სამარადჟამო ლეგიტიმურობის“ დადასტურებად გამოაცხადონ დასავლეთის მხრიდან.
რასაკვირველია, პროფესიულად შედგენილ „პროცედურულ“ დოკუმენტში ორივე მხარე მუდამ „იპოვის“ მისთვის სასურველ არგუმენტსმ ანუ იმგვარ დებულებას, რაც მისთვის ხელსაყრელია.
მაგალითად, ხელისუფლება (დღესაც და წინა რეჟიმის დროსაც) იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ დასკვნაში არაფერია ნათქვამი არჩევნების „უკანონობის“, შესაბამისად, არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ. დიახ, არ ყოფილა ასეთი ჩანაწერი, არ არის და არც იქნება არასდროს, რადგან ეს ODHIR-ის თუ სხვა ავტორიტეტულ სადამკვირვებლო მისიათა უფლებამოსილებას სცილდება. მაშასადამე, ამ არგუმენტის მოყვანა ხელისუფლების მხრიდან სასაცილოა: „რაკი იქ არ წერია, რომ უკანონონი ვართ, ე. ი. კანონიერნი ვართო“.
ოღონდ არანაკლებ ცრუპენტელობს, ხშირად, მეორე მხარეც. მაგალითად, როდესაც უთითებს დასკვნაში არსებულ ფრაზას, რომ არჩევნები იყო Free but Unfair: „თავისუფალი, თუმცა უპატიოსნო“, რადგან ეს Unfair, თუ ყურადღებით წავიკითხავთ დოკუმენტს, არ გულისხმობს, თითქოს შემფასებლის აზრით, მხოლოდ ხელისუფლება არღვევდა „თამაშის წესებს“, ხოლო მეორე მხარე ამ მხრივ უმწიკვლო იყო.
მეტიც: ევროპელი შემფასებელი, რომელიც მის ცივილიზაციაში საუკუნეობით გამომუშავებულ კულტურასა და ტრადიციას ეყრდნობა (რისი განუყოფელი „მენტალური კორელატია“ „პარადოქსული დაშვებების“ შესაძლებლობა) უეჭველად გულისხმობს იმასაც, რომ Free-მ, ზოგიერთ შემთხვევში, განაპირობა კიდეც Unfair! თან არა მხოლოდ ერთი რომელიმე, არამედ ორივე მხრიდან. ისევ მაგალითად: „შემფასებელმა“ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური კანდიდატი საკუთარ საეთერო დროს იყენებდა არა თავისი კანდიდატურის პრომოუტირებისთვის, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგო კლიპების გასაშვებად. ჰქონდა ამის უფლება? რა თქმა უნდა, ჰქონდა და არანაირი კანონის დარღვევა აქ არ არის.
თუმცა ეს რთული თემაა. მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც შესაბამისი კულტურა და მენტალობა არ გააჩნიათ.
_ ბუნებრივია, ოპოზიცია მუდამ შეეცდება, ეუთოს დასკვნა ხელისუფლებას აპოკალიფსად უქციოს.
_ გააჩნია, როდის გაუვათ და როდის _ არა. 2003 წელს გაუვიდათ, 2008 წელს აღარ გაუვიდათ, როგორც ჩანს, ახლაც არ გაუვათ და ა. შ.
ევროპელები კი, ალბათ, ბევრს ხალისობენ ამ ბავშვურ ორომტრიალზე, თუ „ვინ ვის მოერევა“, რაკი ხედავენ, რომ საერთაშორისო საარჩევნო დასკვნებთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში ვერა და ვერ დამკვიდრდა ჯანსაღი შეგნება: რომ ეს „დასკვნები“ არა მხოლოდ ხელისუფლების, მმართველი პარტიის ან საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებათა შეფასებაა, არამედ ელექტორალური სისტემისა სრულად. მათ შორის, მთლიანობაში, პოლიტიკური კლასისა და არა მხოლოდ მმართველი პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის.
_ არასამთავრობო სექტორის კონტექსტში რას გულისხმობ? იქნებ, გავშალოთ ეს თემა.
_ აი, კონკრეტული მაგალითი: ერთ-ერთ დასკვნაში წერია: გულმოდგინედ მიჩქმალა ყველა მხარემ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო სწორედ „არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ საკუთარი მისიის არასწორად გაგება“.
_ ამ დებულებით შემფასებელი რას გვეუბნება?
_ რომ დაუშვებელია NGO სექტორი არჩევნებზე იყოს მხარე, ანუ ხელისუფლებას ჰყავდეს „საკუთარი არასამთავრობოები“, რომელიც მისთვის სასურველად მოქმედებს, ოღონდ ასევე დაუშვებელია, ამავე NGO სექტორის მეორე სეგმენტი კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ფუნქციას ასრულებდეს არჩევნებზე, რომელიც თავად არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მისი წარმომადგენლები იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ოპოზიციურ პარტიათა დამკვირვებლები.
სამწუხაროდ, ასეთი სისტემური დარღვევები არჩევნებზე კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან თუ, ვთქვათ, ე. წ. კოორდინატორთა ინსტიტუტს ავიღებთ, ამ „კოორდინატორთა“ – ე. ი., „რვეულებიანი ციცო დეიდების“ ნახევარი ან ნახევარზე მეტი ნამდვილად სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი იყო. ოღონდ მეორე ნახევარი ან ნახევარზე ოდნავ ნაკლები _ ოპოზიციისა. მით უმეტეს, რომ ეს „კოორდინატორთა“ ინსტიტუტი საერთოდ იმათი მოგონილია და „ინსტიტუციონალიზებულია“, ვინც ამჟამად ოპოზიციაშია.
იგივე ითქმის „კუნთმაგარ ბიჭებზე“, რომლებიც საარჩევნო უბნებთან მორიგეობდნენ, განსაკუთრებით რეგიონებში. ისინი ორივე მხარეს დარეზერვებული ჰყავდა შეხლა-შემოხლისა და ჩხუბის, ანუ ძალისმიერი ჩარევის შემთხვევისთვის.
_ ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს გაჟღერებულ მოთხოვნებსაც მივაპყროთ ყურადღება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა ამ მოთხოვნების არათუ შესაფასებლად, არამედ განხილვის ღირსადაც არ მიიჩნია იგი. ეს მაშინ, როდესაც გარდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნებისა, სხვა გაჟღერებული მოთხოვნები სრულიად შეესაბამება ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებსაც. თვით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე. ანუ რა ხდება?
_ რეალურად, უკვე ისეთი სიტუაცია იქმნება, როდესაც ხელისუფლებისთვის თვით ეს მოთხოვნა კი არ არის მთავარი პრობლემა, ანუ „მაჟორიტარული კორპუსის“ გაუქმება ან თუნდაც ვადამდელი არჩევნების ჩატარება (თუმცა „ოცნებისთვის“ ორივე არასასურველია, რასაკვირველია),
უკვე მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ხელისუფლება ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, მიტინგებისა და სატელევიზიო დაცინვა-„გადარდუბალების“ ფონზე რაიმე დათმობაზე წავა, თუნდაც მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება, ეს აუცილებლად იქნება აღქმული, როგორც შეშინება, უკან დახევა, დათმობა, კაპიტულაცია და ა. შ.
ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია და ოპოზიციური მედია სწორედ ასე წარმოაჩენს „ოცნების“ თანხმობას, თუნდაც მოლაპარაკება დაიწყოს ამ თემებზე. და ამით „შეასრულოს ოპოზიციის ულტიმატუმი“, როგორც იქნება, უეჭველად შეფუთული.
ამ ქვეყანაში კი, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, შეშინებული, დათმობაზე წასული, ულტიმატუმზე დამყოლი ხელისუფლება უკვე დამარცხებულად აღიქმება, ანუ „მისი საქმე წასულია“.
_ და რაკი ასეა, მაშინ გაუგებარია, რა „რეზონი“ აქვს მმართველ პარტიას, ეს „ულტიმატუმი“ შეასრულოს იმ ვითარებაში, როცა ოპოზიციას აშკარად არ გააჩნია რესურსი, იგი რაიმენაირად აიძულოს? როგორც ვხედავთ, სერიოზული „პროტესტული მასის“ შეკრება პერმანენტული მიტინგებისთვის ვერ ხერხდება. ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ფაქტია: ხალხი ქუჩაში არ გამოდის და საახალწლოდ უფრო ემზადება, ვიდრე რევოლუციური მძვინვარებისთვის.
_ რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ასევე სხვა პარტნიორთა მოწოდებებს, ისინი არ არიან იმ სიმწვავისა, რაც ხელისუფლებისთვის პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო. პრობლემა იქნებოდა, მაგალითად ის, რაც მოლდოვასთან დაკავშირებით მოხდა. მოლდოვას ევროკავშირი უკვე პირდაპირ, აშკარად და დაუფარავად ემუქრება უვიზო რეჟიმის შეწყვეტით დემოკრატიული ნორმების დარღვევისთვის.
_ რატომ არ ხდება იგივე საქართველოსთან მიმართებით?
_ სწორედ იმიტომ, რომ ბრიუსელში ყურადღებით წაიკითხეს ODHIR-ის დასკვნა, ხოლო ეს დასკვნა, სინამდვილეში, ისეთი არ არის, როგორადაც ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს. მისი დედააზრი მაინც ისაა, რომ პროცედურულ დარღვევებსა და სხვადასხვა ხრიკს არსებითი(!) გავლენა არჩევნების შედეგზე არ მოუხდენია.
კიდევ ერთი მაგალითი: რამდენიც არ უნდა იყვირონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომ დაუშვებელია მმართველი პარტიის ლიდერი, მისი მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ხალხს ვალების ჩამოწერას ჰპირდებოდესო, ეს აბსოლუტური სიმართლე იქნება, ოღონდ ბრიუსელში ისიც იციან იმავე დასკვნიდან, რომ ზუსტად ასეთივე დაპირება, ანუ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხალხისთვის ვალების ჩამოწერა, ოპოზიციურმა კანდიდატმაც გააჟღერა. უბრალოდ, ხალხმა მილიარდერს უფრო დაუჯერა, ვიდრე მას და რა ვქნათ ახლა?
ბიძინა ივანიშვილმა ამ დაპირების აღსრულება უკვე არჩევნების შემდეგ დაიწყო და არა პირველსა და მეორე ტურს შორის. ასეა, რაოდენ საწყენი და გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს.
_ ცხადია, რომ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს არასაკმარისი ლეგიტიმაციის პირობებში სხვა მხრივ მოუწევს თვითდამკვიდრება. როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი საქმე, რომელიც პუბლიკას მომხდარს დაავიწყებს და ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის?
_ ბუნებრივია, აქ იგულისხმება პოლიტიკური ლეგიტიმაცია და არა _ იურიდიული, რაც მუდამ ერთი და იგივე არ არის.
_ დიახ.
_ გეთანხმები, რომ სწორედ პოლიტიკური ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, „ასე და ამგვარად“ არჩეულ პრეზიდენტს ეს რესურსი ნამდვილად აკლია. რაც შეეხება თვითდამკვიდრებას, ძალიან ბევრი რამ სალომე ზურაბიშვილის ნიჭსა და უნარზე იქნება დამოკიდებული. ანუ რამდენად შეძლებს და რამდენად მოახერხებს, როგორც ამ უკვე ნაკლოვან სახელმწიფო პოსტს, ასევე საკუთარ ფიგურას შეჰმატოს სოლიდურობა, ავტორიტეტულობა…
ზოგიერთი პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებთ გადადგა: მაგალითად, როცა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები მიიწვია ინაუგურაციაზე; ჭკვიანი და ნიჭიერი „სფიჩრაიტერებიც“ (უმაღლესი სახელმწიფო პირების, პოლიტიკოსების, დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეთა და ბიზნესმენების სიტყვის ტექსტის შემდგენელი, _ რედ.) იპოვა საინაუგურაციო გამოსვლისთვის; ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე განცხადებაც გააკეთა… სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს რესურსი, ანუ შესაძლებლობათა ფანჯარა, ითამაშოს იმ სეგმენტში, სადაც მოხდება, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის, მეორე მხრივ, შედარებით ზომიერი ოპოზიციის ინტერესთა თანხვედრა.
ეს სალომე ზურაბიშვილს ძალუძს უფრო მეტად, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს, რომლის სიჯიუტემ და სწორხაზოვნებამ პირველივე თვეებში ამის საშუალება მოუსპო. მათ შორის, მაგალითად, საპრეზიდენტო სასახლის თვისობრივად მეასეხარისხოვან საკითხში, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის „ნარატიულად სტატუსური“(?!!) და ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამგვარი საკითხის გამო მმართველ გუნდთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს და მით მეტი რესურსი ექნება, ხსენებულ „ინტერესთა დაახლოებას“ შეუწყოს ხელი.
_ გვერდს ვერ ავუვლი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს. იმის მიუხედავად, რომ იმ 800 ათას ხმაში, რომელიც ვაშაძემ მიიღო, სააკაშვილის მომხრეთა რიცხვი საკმაოდ სოლიდურია, იზიარებ თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არა მისი ასეთი მძლავრი ინტეგრირება საარჩევნო პროცესში და უფრო ზომიერი საარჩევნო სტრატეგიის პირობებში ვაშაძეს ჰქონდა შანსი, ასე არ „გაებრაზებინა“ ხელისუფლება და ბევრად სოლიდური ხმები მიეღო? და, ზოგადად, რამდენად პოზიტიური იყო და არის ამ ეტაპზეც სააკაშვილის როლი?
_ კვლავ ვიმეორებ: პირველი ტურის შედეგიც და მეორე ტურში მიღებულ ხმათა უპრეცედენტო ოდენობა _ არასდროს ოპოზიციას ამდენი ხმა არ მიუღია საქართველოში _ უდიდესწილად არის ოპოზიციური მედიის, პირველ რიგში, „რუსთავი ორის“ დამსახურება.
რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ოპოზიციური მედიის ძალისხმევით იქცა ეს არჩევნები არჩევნებად არა Pro არამედ Contra. ანუ არა „მომხრედ“ არამედ „საწინააღმდეგოდ“ ორივე მხრიდან.
თუ არა ეს სისტემური მოცემულობა, რასაც ხელი შეუწო მმართველი პარტიის მიერ მოწყვლადი კანდიდატის დასახელებამ, არავითარი ინტრიგა, სინამდვილეში, ამ არჩევნებს არ ექნებოდა, რამდენიც არ უნდა ეაქტიურა ნებისმიერ პოლიტიკოსს, თუნდაც ისეთ ძლიერსა და პოპულარულს, როგორიც დღემდე მიხეილ სააკაშვილია.
ანუ არჩევნების კონკურენტულობა ზუსტად იმ „მძვინვარე ვნებამ“ გამოიწვია, რამაც მთელი საზოგადოება მოიცვა. ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილიც, მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო, ისეთივე როლს ასრულებდა, როგორც ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება, ასევე ორმხრივად.
რაც შეეხება ხმათა სტრუქტურას, ეს ძალიან რთული თემაა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუდამ ცდილობს, იგი მარტივად წარმოგვიდგინოს. სოციოლოგები მთელ მსოფლიოში ამტკიცებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით მეორე ტურში, სწორედ ამ სტრუქტურის დადგენა ხდება ყველაზე ძნელი _ თუ როგორ მოიქცა პირველ ტურში გამოთიშულ კანდიდატთა ამომრჩეველი.
მე სოციოლოგი არ ვარ და მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი: ის შედეგი, რაც მეორე ტურში ვიხილეთ, უმეტესწილად და ძალიან დიდწილად განაპირობა, რასაკვირველია, იმან, რომ მეორე ტურში არჩევნებზე მივიდა ის კატეგორია, ვინც 28 ოქტომბერს „სახლში დარჩა“ და გარკვეულწილად მცირედ, თუმცა არსებითად იმანაც, რომ ამომრჩეველთა იმ კატეგორიამ, ვინც პირველ ტურში დავით ბაქრაძეს მისცა ხმა, მეორე ტურში ან არ მივიდა არჩევნებზე, ან თუ მივიდა, ხმა მისცა არა ვაშაძეს, არამედ _ ზურაბიშვილს, ანუ „მიშას წინააღმდეგ“. თუმცა ამ კატეგორიის უმეტესობამ, უბრალოდ, არმისვლა არჩია.
მეორე ტურში გადამწყვეტი ფაქტორი კი ლოიალური ელექტორატის ტოტალური მობილიზება გახდა ხელისუფლების მხრიდან. პირველ რიგში, ადმინისტრაციული რესურსი და მილიარდერის ბევრისთვის სასიხარულო დაპირება კრედიტებზე, რომელიც სრულდება. ჩვენი ამომრჩეველიც საკმარისად „გაეშმაკდა“, რათა მეორე ტურამდე მიმხვდარიყო, რომ გრიგოლ ვაშაძე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ანალოგიურ დაპირებას, უბრალოდ, ვერ შეასრულებდა.
_ „სიძულვილის ენა“, ზღვარგადასული აგრესია და რუსული ფაქტორი არჩევნებში _ ცალ-ცაკლე განვიხილოთ თითოეული და უმთავრესი _ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
_ „სიძულვილის ენას“ რასაც ვუწოდებთ და რაც ნამდვილად ამაზრზენია, სამწუხაროდ, თან სდევს დემოკრატიულ პროცესს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში; ბუნებრივია, აქ არ ვგულისხმობ მოწინააღმდეგის დამცირებას მისი სქესის, რასის, წარმომავლობისა თუ ნებისმიერ სხვა საფუძველზე, რაც ტოლერანტობის სტანდარტს ეწინააღმდეგება; მაგრამ თუ „სიძულვილის ენაში“ იგულისხმება, უბრალოდ, ტალახის სროლა, მაგალითად ის, რაც 2016 წელს ხდებოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე… ამაზე მეტი და ამაზე უარესი ჩვენში არც არაფერი მომხდარა.
ანუ, ისევ და ისევ, სამწუხაროდ და სავალალოდ, ეს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის თანამდევია, რასაც უნდა შევურიგდეთ. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ დავარცხნილ, აკადემიურ, მშვიდ არჩევნებს, როგორიც ტარდება რუსეთში, ბელარუსში, ბოლოს კი, ალბათ, იმგვარს, რასაც არჩევნებს უწოდებენ თურქმენეთში.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, თუ იგულისხმება ყბადაღებული „საგარეო ორიენტაციის“ საკითხი, ჩემი აზრით, არანაირი „ისტორიული არჩევანი“, ამ მხრივ, ქართველ ამომრჩველს არ გაუკეთებია; ანუ ჩავლილ არჩევნებზე მთავარი ის კი არ იყო, ვისი კრემლის აგენტობა დაიჯერა ამომრჩეველმა, არამედ ის, ვინ უფრო წარმატებით ისხლეტდა ამ ბრალდებებს.
ვაშაძე ბევრად წარმატებით, ვიდრე ზურაბიშვილი და სწორედ ეს გარემოება ადასტურებს, რომ არ ყოფილა არჩევანი „რუსეთთან თუ დასავლეთთან“. ამგვარი მოტივაცია ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონია, რაკი შესანიშნავად იცის, რომ საკითხი ისტორიულად გადაწყვეტილია, ამიტომ ვერანაირი „პუტინის ფრანგი მოახლის ბიძაშვილი“ და ვერანაირი „ბირთვული განიარაღების კომიტეტის კლერკი“ საქართველოს რუსეთისკენ ვეღარ შეატრიალებს! ეს საკითხი ისტორიულად ამოწურულია _ საქართველოს უკანდასახევი გზა აღარ აქვს!
ანუ თამაშობენ, როგორც ყოველთვის, თორემ ქართველმა პოლიტიკოსებმაც კარგად უწყიან: ნებისმიერი „პრორუსული ნაბიჯები“ არის პირდაპირი გზა ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომისკენ. ამიტომაც ამას არავინ „მოაწერს ხელს“ და ასე არავინ გარისკავს.
_ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ეს არის ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი, თუ ხელისუფლებას ეშინია კრიზისის აღიარება და ამას აპოკალიფსად მიიჩნევს?
_ ხელისუფლება, ჯერ ერთი, იმიტომ არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას, რომ ამგვარი „აღიარება“, პოლიტიკური ანა-ბანას თანახმად, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს, რადგან პოლიტიკურ კრიზისზე ქვეყანაში მუდამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა.
მეორე მიზეზი, თუ რატომ არ აღიარებს ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის არსებობას ისაა, რომ, სინამდვილეში, ოპოზიციამ ვერანაირი „პოლიტიკური კრიზისი“ ვერ შექმნა! ოპოზიციური მედიის „პრესინგი“ ამ შემთხვევაში არ ითვლება, რადგან „პოლიტიკური კრიზისი“ იქმნება არა მედიაში, ე. ი. საინფორმაციო სივრცეში, არამედ ქუჩაში, _ მიწაზე, ანუ როგორც ანგლოსაქსები ამბობენ On the Ground. აქ კი ხელისუფლება, ჯერჯერობით, ყველა გამოწვევას იოლად გაუმკლავდა: „რუსთაველი“ თავისუფალია, კარვები ცარიელია, ოპოზიციამ ძალით თელავისკენ გაჭრა და ამით ხელისუფლების საჯარო-თვალსაჩინო დამცირება ვერ შეძლო, ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა ძალზე მწვავე განცხადებები, თუმცა On the Groundმაინც არაფერი შეცვლილა.
მაშ, რატომ აღიარებს ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის არსებობას? მით უმეტეს, რომ იგი არ(ც) არის?! მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ამას ოპოზიცია აიძულებს. თუმცა, როგორც ვხედავთ, ოპოზიცია ამას ვერ ახერხებს. ვერ ხერხებს იმიტომ, რომ საამისოდ აუცილებელი „ქუჩის რესურსი“ არ აღმოაჩნდა. იმ 800.000-მდე ხმიდან, რაც ოპოზიციამ მიიღო, მხოლოდ მიზერი აღმოჩნდა „ქუჩის რესურსი“. იმიტომ, რომ ჰყავთ „ელექტორალური ლიდერი“ გრიგოლ ვაშაძის სახით, შესანიშნავი „კოორდინატორი“ გიორგი ვაშაძის სახით, უქარიზმო „მაჩხუბარა“ ნიკა მელიას სახით, თუმცა ადგილზე(!) არ ჰყავთ ქარიზმატული რევოლუციური ლიდერი, ვინც ყველა ამ თვისებას გაიერთიანებდა, მიხეილ სააკაშვილის სახით, ვისაც ძალუძს ათეულობით ათასი „პასიონარის“ ქუჩაში გამოყვანა. ამსტერდამიდან _ თბილისში მიშა ამას ვერ მოახერხებს, რასაკვირველია.
_ ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ კრიზისის აღიარება შესაძლოა, ხელისუფლებამ სწორედ იმ „ერთი წლის“ კარგი სტარტისთვის გამოიყენოს?
_ გულწრფელად რომ გითხრა, ვერაფრით მივხვდი, ეს „ერთი წელი“ რას ნიშნავს და რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი ამ „ერთ წელში“. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხდი. შესაბამისად, ამ კითხვაზე არ ძალმიძს პასუხის გაცემა.
_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია იმ პირობში, როდესაც მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვა. ცივილიზებული _ საერთაშორისო პრაქტიკა როგორია ამ მიმართულებით და რამდენად აქვს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის უფლება ამ პირობებში ოპოზიციას?
_ რელევანტურობას რაც შეეხება, ყველაფერი რელევანტურია, რასაც, შესაბამისად, რელევანტური არგუმენტი და მოტივაციური ინსტრუმენტი ახლავს თან.
პოლიტიკას საკუთარი „საზრისული სისტემა“ აქვს. უკვე ნათქვამს რომ არ დავუბრუნდეთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არარელევანტური მხოლოდ იმიტომ და იმდენადაა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, ხელისუფლებას აიძულოს და ეს მოთხოვნა რელევანტურად უქციოს.
2003 წლის 21 ნოემბერსაც ამბობდა იმდროინდელი მმართველი პარტიის ბევრი წარმომადგენელი რაღაც იურიდიულ პუნქტებზე აპელირებით, რომ არარელევანტური იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ რელევანტურად იქცა და 2004 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები მაინც გაიმართა.
_ რამდენიმე წლის წინ მედიაში იყო საკმაოდ საინტერესო სტატია სათაურით: „ქვეყანა გაჩერდა“. იმ მასალის ძირითადი პათოსი იყო, რომ ქვეყანა გაჩერდა არათუ რეფორმების მხრივ, არამედ სტაგნაციის _ პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს. სად არის, ჯერ კიდევ, 2014 წლისთვის გაჩერებული ქვეყანა?
_ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის უმძიმესი შეცდომა იყო და არის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში იმ რეფორმებზე, იმ გარდაქმნებზე, იმ ცვლილებებზე უარის თქმა, რაც ტრანსფორმაციის პროცესებს თვალსაჩინოდ, ე. ი. „ხელის შევლებადად“ აქცევდა. მასის ფსიქოლოგია ისეთნაირად არის მოწყობილი, რომ მას მხოლოდ იმის სჯერა, რასაც თვალნათლივ ხედავს, რასაც შეიძლება „ხელით შეეხოს“. ხშირად პირდაპირი მნიშვნელობითაც კი.
ეს ბრწყინვალედ იცოდა მიხეილ სააკაშვილმა და უპირველესად ზუსტად ამან განაპირობა მისი წარმატება პირველ წლებში: იგი ახორციელებდა არა გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან პროექტებს ყველა მიმართულებით, რაც მყისიერ შედეგს მოიტანდა და ხელისუფლებას „სათქმელს“ უძლიერებდა.
მაშინ, როდესაც, თუ არ ჩავთვლით „ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის“ პროგრამას, ბიძინა ივანიშვილი თავის უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს გრძელვადიან პროექტებზე, რომელიც ხალხისთვის ამდენად თვალსაჩინო და „ხელშესახები“ არ არის.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, ძალზე არსებითი ფაქტორია, რომ „ოცნება“ დღემდე ვერ ბედავს რაიმე განსხვავებული _ არა, მაინცდამაინც, ალტერნატიული, მაგრამ ახალი და განსხვავებული _ პროექტი შექმნას იმ ინსტიტუტების სანაცვლოდ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. ერთადერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისი საყოველთაო ჯანდაცვაა.
უამრავი ახალი ინსტიტუტი შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და როცა ხალხი ხედავს, რომ ახალი, განსხვავებული, თუმცა საკამათო არაფერი კეთდება, მას უჩნდება „უძრაობის“, „ქვეყნის გაჩერების“ განცდა. ეს კი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მჩქეფარე აქტიურობა, მუდმივი კრეატივი, ახალ-ახალი შთამბეჭდავი პროექტები ყველა მიმართულებით, ასევე ლიდერშიპი და დრაივი, ჭკვიანური პიარი, ალტერნატივების ყოველკვირეული მოძიება და შეთავაზება პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართულებით, მათ შორის, მრავალპარტიული დემოკრატიის საფუძველთა შექმნა. ანუ, მთლიანობაში, იმ განცდის ჩამოყალიბება ერის შემოქმედი, აქტიური, პასიონარული უმცირესობისთვის, რომ ქვეყანა, უბრალოდ, კი არ არსებობს, არამედ ცხოვრობს და ამის განსაცდელად სადმე „ვარდებით ხელში შევარდნა“ არ არის აუცილებელი.
სასტიკად უნდა უფრთხილდეს ხელისუფლება მშვიდი, არაპასიონარული, დინჯი და ობივატელური უმრავლესობის მხარდაჭერის იმედად ყოფნას! ამგვარი უმრავლესობის მხარდაჭერა მას ნამდვილად აქვს ისევე, როგორც ჰქონდა შევარდნაძეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ამან ვერ უშველა, რაკი ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა _ ობივატელური უმრავლესობა.
_ ქართული ხელისუფლებების ყველაზე ნეგატიური თვისება ორმაგი სტანდარტია. ხელისუფლებების ორმაგი სტანდარტი უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციას და განსაკუთრებით ცუდად აისახება ადამიანზე, ქვეყნის მოქალაქეზე. ოპოზიციას ამ დროს აქვს იმის საშუალება, რომ განაცხადოს, _ თუ ჩვენ ვიყავით ცუდი, თქვენ რატომ აკეთებთ იგივეს და უარესს? მოკლედ, რა სენია ეს ფეოდალური სტანდარტი 21-ე საუკუნეში და როგორ და ვინ უნდა უმკურნალოს ამ ავადობას?
_ აბსოლუტურად გეთანხმები: ორმაგი სტანდარტი არათუ ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს შეუმდგარობის უპირველესი მარკერია! ჩვენ რომ სუსტი სახელმწიფო და სუსტი დემოკრატია ვართ, სწორედ ორმაგი სტანდარტითა და შერჩევითი მართლმსაჯულებით მჟღავნდება.
გასული საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწე იოანე პავლე მეორემ დაამკვიდრა გაგება, რომ რაც უფრო უჭერს ხელისუფლება ქანჩებს, რაც უფრო აძლიერებს რეპრესიებს, რაც უფრო ხშირად იყენებს ძალისმიერ სტრუქტურებსა და სამართლებრივ ადმინისტრაციას ოპონენტების წინააღმდეგ, მით უფრო სუსტია იგი! ანუ ეს „ქანჩების მოჭერა“ სიძლიერის კი არა, პირიქით, სისუსტის ნიშანია. „სსრკ ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა მას შემდეგ, რაც ანდროპოვი მოვიდა ქვეყნის სათავეში“, _ თქვა თავის გამოსვლაში იოანე პავლე მეორემ 1983 წელს, როგორც კი ცხადი გახდა, რომ ანდროპოვი უფრო მკაცრი იქნებოდა ქვეყნის შიგნით, ვიდრე _ ბრეჟნევი.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, დემოკრატიის შეუმდგარობის მარკერია ის შემთხვევებიც, როდესაც ხელისუფლება შერჩევით სამართალს ახორციელებს მაშინ, როცა ვერ ბედავს კანონის აღსრულებას, რაკი ეს მის მიმართ ბრალდებებს მეტ დამაჯერებლობას შეჰმატებს.
_ ოკუპირებული ტერიტორიები _ რა ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით? არათუ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ზოგადად, ბოლო პერიოდში ეს საკითხი ყველას მიავიწყდა, გარდა სახალხო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“. რა ხდება ამ ფრონტზე?
_ სამწუხაროდ, ვითარება ძალიან მძიმეა და როგორც გასული წლის მოვლენებმა დაადასტურა, _ არჩილ ტატუნაშვილის მხეცური და ნაძირალური მკვლელობით დაწყებული _ აქვს გაუარესების მკაფიოდ გამოხატული ტენდენცია. ამ ვითარებაში ქართული პოლიტიკის ზეამოცანა უნდა იყოს, როგორმე შევინარჩუნოთ არსებული ცუდი მდგომარეობა მაინც, რათა არ დავუშვათ მისი ჩაჩოჩება ბევრად უარესისკენ.
_ რა იქნება ბევრად უარესი?
_ ბევრად უარესი იქნება, თუ საოკუპაციო რეჟიმი იმდენად მიუახლოვდა სტრატეგიულ მაგისტრალს, მისი სატრანზიტო ფუნქცია დადგება ეჭვქვეშ ან ქართული სოფლებიდან მოტაცებულ ადამიანებს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის არა ადმინისტრაციულ ჯარიმებს, არამედ ხანგრძლივ პატიმრობას შეუფარდებენ ან კრემლი დივერსიული ჯგუფების შემოგზავნას დაიწყებს კონფლიქტის ასაფეთქებლად და ა. შ. და ა. შ.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ გამოსავალი მხოლოდ ისაა, საქართველომ, მთელი მსოფლიოს _ როგორც მტრის, ასევე მოყვრების _ დასანახად მკაცრად გააკონტროლოს დე ფაქტო საზღვარი მაინც, თუკი ვერ ახერხებს დე იურე საზღვრის გაკონტროლებას. ანუ მოიქცეს ისე, როგორც სამხრეთ კორეა მოიქცა 1956 წელს, როდესაც გამოასახლა ადამიანები „საოკუპაციო ზოლიდან“ და იქ ნამდვილი ზღუდე ააშენა, რითაც მტერს „მცირე ინტენსივობის ჰიბრიდული ომის“ წარმოების შესაძლებლობა მოუსპო ყველა მისი შემადგენლით.
_ მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც ქართული პოლიტიკური კლასი ვერ ამჟღავნებს. თუმცა სხვა გამოსავალი, ადრე თუ გვიან, მაინც არ იქნება.
_ და მაინც, რა მიგაჩნია ქვეყნის- სახელმწიფოს წარმატებად და წარუმატებლობად 2018 წელს?
_ პარადოქსია, მაგრამ ორივე შემთხვევაში _ საპრეზიდენტო არჩევნები! პოლიტიკაში შავ-თეთრი ფერები არ არსებობს.
_ როგორია მთავარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოლოდინები 2019 წელს?
_ მოლოდინი, სამწუხაროდ, 17 დეკემბრისთვის არსებული ვითარების კონსერვაციაა. ხოლო სურვილი და იმედი _ პოლიტიკური დიალოგი ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ყველა არსებითი პოლიტიკური ძალის მონაწილეობით: რესპუბლიკელებიდან _ ნინო ბურჯანაძემდე და ნათელაშვილიდან _ „გირჩამდე“, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყანა მრავალპარტიული, პლურალისტური, კოალიციური დემოკრატიის მოდელს დაუბრუნდეს, როდესაც არც ერთ რომელიმე პარტიას არ ექნება არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობა, ხოლო მთავრობა შეიქმნება არა პატრონყმული, არამედ მსოფლმხედველობრივი ნიშნით _ მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიათა კოალიციით.
თუ ყურადღებით დააკვირდებით, ამას არა მხოლოდ ხელისუფლება ეწინააღმდეგება, არამედ „მოდერნიზატორებიც“, რომლებიც ძალიან ოსტატურად ინიღბებიან „დემოკრატებად“. ისინი სწორედ „მოდერნიზატორები“ არიან და არა „დემოკარტები“. ეს არათუ ერთი და იგივეა, არამედ ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც პლურალისტური დემოკრატიის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს არა სწრაფ, არა მყისიერ, არა ერთბაშ, თუმცა სტაბილურ და არსებით განვითარებას.
აქვე ფრთხილად შევნიშნავ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიის დაფუძნების შემდეგ, იმედი ვიქონიოთ, ქართული პოლიტიკური კლასი ამას შეძლებს _ მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ყოვლად აუცილებელი პირობაა დაბალანსებული, კანონისმიერი და პასუხისმგებელი მედია. როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პლურალისტური დემოკრატიის მოდელი წარმატებით მოქმედებს.
ველოსიპედის გამოგონება საჭირო ნამდვილად არ იქნება. უბრალოდ ავიღოთ ამ სფეროში გერმანული ან ბრიტანული კანონმდებლობა და ვთარგმნოთ ქართულად.
ოღონდ არა 2020 წლამდე, არამედ მხოლოდ 2020-ის შემდეგ, როცა, იმედი ვიქონიოთ, პლურალისტური დემოკრატია დაფუძნდება ამ ქვეყანაში.

კოკა წერეთელი

 

გაზიარება
წინა სიახლე„ქრონიკა +“

დატოვეთ კომენტარი