მთავარი საზოგადოება საქართველოს უცნობი ქრონიკები: 1919 წლის აგვისტო

საქართველოს უცნობი ქრონიკები: 1919 წლის აგვისტო

490
0
გაზიარება

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-38.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში

1919 წლის აგვისტოში კავკასიის რეგიონიდან ბრიტანული არმიის გასვლა დაიწყო. აგვისტოს ბოლოსთვის ბრიტანელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დატოვეს აზერბაიჯანი და ქალაქი ბაქო. იგივე პროცესი მიმდინარეობდა საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნიდან ბრიტანელთა სრული ევაკუაცია სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულებულიყო. ამ შემთხვევაში გამონაკლისს მხოლოდ ბათუმის ოლქი წარმოადგენდა, რომელიც ბრიტანელთა ოკუპაციის ქვეშ რჩებოდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამხედროების ნაცვლად რეგიონში დიპლომატიური მისია მიავლინა. ეს არ იყო საელჩო, რომელსაც დამოუკიდებელ ქვეყნებში აგზავნდნენ. ამ მისიის ძირითადი მოვალეობა იყო: რუსეთის მოხალისეთა არმიასა და კავკასიელებს შორის გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობების მიწოდება და რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების დაცვა. მისიის ხელმძღვანელად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონის ინიციატივით, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, სერ ოლივერ უორდროპი დაინიშნა. დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი _ ასე ერქვა უორდროპის თანამდებობას კავკასიაში. იგი საქართველოში აგვისტოს მიწურულს უნდა ჩამოსულიყო.
ბრიტანელთა ახალი დიპლომატიური მისიის შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულ პრესაში აგვისტოს მიწურულს გამოჩნდა. 1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მცირე ცნობა დაიბეჭდა, რომელიც ბრიტანული მისიის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეიცავდა: „თბილისში მყოფ ინგლისის მისიამ აუწყა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრის ცნობით, ამიერ-კავკასიაში იგზავნება, ბრიტანეთის მთავრობის ახალი პოლიტიკური მისია საქართველოში კარგათ ცნობილ ოლივერ-უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ექნება ბრიტანეთის უმაღლეს კომისრის სახელწოდება.
მისიის წევრებად არიან: ბ. ბ. უაიტი, მილიგანი, გრუნდი და სხვანი. უორდროპს დავალებული აქვს მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა შორის და ხელი შეუწყოს ბრიტანიას და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა შორის ეკონომიურ დამოკიდებულების გაფართოებას“.
გაზეთ „საქართველოს“ შემდეგ ნომრებში უორდროპის შესახებ ვრცელი წერილების მთელი სერია დაიბეჭდა. რა თქმა უნდა, ამავე თემაზე წერილებს სხვა ქართული გაზეთებიც ბეჭდავდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ქართული გამოცემა უორდროპს მხოლოდ დადებითად ახასიათებდა და ყველა წერილი მის მიმართ თბილ განწყობას გადმოსცემდა. ამაში გასაკვირი არც არაფერი იყო, რადგან ოლივერ უორდროპი და მისი და _ მარჯორი, ქართველებზე შეყვარებული ბრიტანელები იყვნენ. მცირე სტატია, რომელიც გაზეთ „საქართველოში“ 29 აგვისტოს დაიბეჭდა. ეს წერილი ნათლად გადმოგვცემს ოლივერ უორდროპის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას: „ოლივერ უორდროპმა ხანგრძლივი შრომით შეისწავლა ბალკანეთის ნახევარი კუნძულის, მცირე აზიის ქვეყნები და ამიერ-კავკასია. კერძოდ საქართველოსთან მისი დამოკიდებულება იწყება ოთხმოციან წლებიდან, როცა საქართველოს ისტორიიდან რამდენიმე ნაშრომი დასწერა. მასვე ეკუთვნის წიგნი „საქართველოს სამეფო“, რომელმაც თავის დროზე დიდი აურზაური ასტეხა. მისმა დამ მარჯორმა, რომელიც ბუქარესტში 1909 წელს გარდაიცვალა, ინგლისურ ენაზედ სთარგმნა „ვეფხის ტყაოსანი“ და შემდეგ „ვისრამიანი“. მის „ვეფხის ტყაოსნის“ თარგმანს ინგლისის სამეფო აზიურ საზოგადოებამ 1912 წელს პრემია მიუსაჯა. განსვენებულის გულმოდგინეობით არის დაარსებული ფონდი ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის დასაარსებლად. მან სულ მოკლე ხანში შეისწავლა ქართული ენა და ქართველ მწერლებთან მიწერ-მოწერა ჰქონდა გამართული.
თვით მისტერ უორდროპს არა ნაკლებ უყვარს საქართველო. იგი სასტიკად ებრძოდა საქართველოს მიკერძოებულ მოწინააღმდეგეთ პარიზსა, ლონდონსა და ნიუ-იორკში, სადაც ათასგვარი შეუსაბამი ცილისწამება და ჭორი ვრცელდებოდა ჩვენს შესახებ. ან ვის არ ახსოვს მისი გამოსვლა ლორდ ბრაისის ძალაუნებურ ინსინუაციების წინააღმდეგ, რომელსაც შემდეგ ასე ნანობდა განთქმული სომეხთა ჩემპიონი. მისტერ უორდროპმა სხვათა შორის სთარგმნა „მოქცევა ქართლისა“.
ქართული გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ საქართველში დიპლომატიური მისიის დაარსებით დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ერა იწყებოდა. აქამდე ბრიტანეთი ამიერკავკასიაში მხოლოდ ანტანტის წარმომადგენელი იყო, ხოლო ამჟამად მისი უდიდებულესობის მთავრობა რეგიონში საკუთარ, დამოუკიდებელ დიპლომატიურ მისიას აფუძნებდა, რომელიც დამოუკიდებელ და ბრიტანეთისთვის საჭირო პოლიტიკას გაატარებდა.
გაზეთები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის ასეთი ნაბიჯი დადებით გავლენას იქონიებდა პარიზში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. სტატიებში იმასაც აღნიშნავდნენ, რომ უორდროპის პიროვნებიდან და საქართველოსადმი მისი სიმპათიებიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის სულ უფრო ნაკლები იქნებოდა უთანხმოება. ვინაიდან საქართველოში მყოფ დიდი ბრიტანეთის წარმოამდგენლებს ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც არ ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაზე, მაშინ, როდესაც უორდროპმა ძალიან კარგად იცოდა საქართველო და მისი ისტორია.
უორდროპი იყო ის პიროვნება, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. აღნიშნულია, რომ იგი საქართველოში უკანასკნელად 1911 წელს იმყოფებოდა და წასვლის წინ ქართულმა საზოგადოებამ მას სანაქებო ბანკეტი გაუმართა. ამ ბანკეტს მაშინ ქართული საზოგადოების თითქმის ყველა გამოჩენილი პიროვნება დაესწრო. უორდროპს მაშინ მხურვალე სიტყვით მიმართეს: ექვთიმე თაყაიშვილმა, გრიგოლ დიასამიძემ, იოსებ მაჭავარიანმა, ვასილ მაჩაბელმა. წერა-კითხვის გამარცელებელმა საზოგადოებამ მას მშვენიერ ყდაში ჩასმული „ვეხისტყაოსანი“ გადასცა საჩუქრად. ამ სტატიას გაზეთი „საქართველო“ შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მზიური და ნათელი იყოს ხელახალი ჩამობრძანება ჩვენი ძვირფასი მეგობრისა“.
30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ უკვე მოცემულია ინფორმაცია თბილისში ოლივერ უორდროპის ჩამოსვლის შესახებ. აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი საქართველოს დედაქალაქში ბათუმიდან მატარებლით, დაახლოებით, დილის 10 საათისთვის ჩამოვიდა და მას სარკინიგზო სადგურზე საზეიმო დახვერდა მოუწყვეს: „დღეს დილის 9 საათზე ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა ინგლისის ახალი პოლიტიკური მისიის თავმჯდომარე მისტერ ოლივერ უორდროპი. სადგური მორთული იყო ეროვნული დროშებით, ბაქანზე იდგნენ საპატიო დარაჯები. პატივცემულ უორდროპს შეხვდნენ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელნი და სხვა და სხვა უწყებათა წარმომადგენელნი. წარმოითქვა ორივე მხრიდან მისასალმებელი სიტყვები, რის შემდეგაც მისტერ უორდროპი მთავრობის წარმომადგენელთა თანხლებით გაემგზავრა მისთვის საგანგებოდ მორთულ ბინისკენ“.
მართალია, გაზეთებში უორდროპის განწყობასა და მის ემოციებზე არაფერი წერია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი წერილი მოვიყვანოთ, რომელიც ოლივერმა თავის მეუღლეს _ მარგარეტ კოლეტს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისწერა და სადაც იგი ქართველების მიერ გამართულ დახვედრაზე საუბრობს: „თითოეული ნაბიჯი კინოფირზე აღიბეჭდა და ფოტოგრაფთა სამიზნედ ვიქეცი… გზა მორთული იყო დროშებითა და აღმოსავლური ხალიჩებით. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ხალხს კი დერეფანი გაეკეთებინა. დღემ სახალხო დღესასწაულის მსგავსად ჩაიარა….
…ამ არაჩვეულებრივი დახვედრის მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ კარგად იციან საქართველოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული… ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნა მათ იმის ნიშნად მიიღეს, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული საქართველოს მიმართ და რომ საქართველოსთვის ახალი ერა დაიწყო“.

საგანგებო რაზმი

გაზეთ „საქართველოს“ 1919 წლის პირველ აგვისტოს ნომერში, დაბეჭდილია დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი სხდომის მოკლე ანგარიში, რომელიც საკმაოდ საინტერესო თემას ეხება. დეპუტატებს შორის კამათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგანგებო რაზმის საქმიანობის შესახებ გაიმართა. საგანგებო რაზმი იმ პერიოდის საქართველოს ერთგვარი უშირშროების სამსახური გახლდათ, რომელიც 1918 წლის ზაფხულში შეიქმნა. ეს სამსახური ებრძოდა სპეკულაციას, დივერსანტებს, უცხო ქვეყნის აგენტურას, ყალბი ფულის მჭრელებსა და ა. შ.
საგანგებო რაზმს თავიდან დროებით, ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციამდე უნდა ემოქმედა, მაგრამ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა ამ სამსახურის მოქმედებას პერიოდულად ახანგრძლივებდა.
თავისთავად ცხადია, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას მსგავსი სამსახური ყოველთვის სჭირდება, თუმცა ზოგიერთი დეპუტატი მიიჩნევდა, რომ საქართველოს საგანგებო რაზმი თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებდა. დამფუძნებელი კრების ერთ-ერთმა დეპუტატმა ლ. შენგელიამ, რომელიც სოციალ-რევოლუციონერთა პარტიას ეკუთვნოდა, სხდომაზე განაცხადა, რომ საგანგებო რაზმი არ იყო რევოლუციური სულისკვეთების და ამიტომ მისი მოქმედების გახანგრძლივების შესახებ დეკრეტს მხარს არ დაუჭერდა. შენგელიას ამ განცხადებამ დეპუტატებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია და მას თავად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა უპასუხა, რომელიც ფაქტებით ამტკიცებდა, რომ საგანგებო რაზმის არსებობა საჭირო იყო: „მინისტრი აღნიშნავს იმას, თუ რა გააკეთა საგანგებო რაზმმა სომხებთან ომის დროს, დენიკინთან ბრძოლის საქმეში, ყალბი ბონების მბეჭდავთა წინააღმდეგ. მინისტრის განმარტებიდან ირკვევა, რომ რაზმს დიდი საქმეები გაუკეთებია სპეკულაციასთან და კონტრრევოლიუციასთან ბრძოლით. დასასრულ ორატორი აცხადებს, რომ საგანგებო რაზმი იღებდა და მომავალშიც მიიღებს სასტიკ ზომებს იმათ წინააღმდეგ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის“. მიუხედავად სოციალ-რევოლუციონერების უარყოფითი პოზიციისა, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საგანგებო რაზმის შესახებ დეკრეტი მიიღო და მას მოქმედების ვადა კვლავ გაუხანგრძლივა.
როგორც გაზეთ „საქართველოს“ აგვისტოს ნომრებიდან ირკვევა, საგანგებო რაზმი განსაკუთრებით ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიურობდა და კომუნისტების პროპაგანდისტებს გასაქანს არ აძლევდა. 23 აგვისტოს გაზეთში დაბეჭდილია ცნობა, რომ დიდი ვანქის ქუჩაზე საგანგებო რაზმის თანამშრომლებმა ვინმე აკოფოვის სტამბაში 5 ფუთი ბოლშევიკური ლიტერატურა აღმოაჩინა. ეს ლიტერატურა დაბეჭდილი იყო როგორც ქართულად, ასევე რუსულად, სომხურად და აზერბაიჯანულადაც. გაზეთის ცნობით, სტამბის პატრონი დააპატიმრეს, ბოლშევიკური ლიტერატურა გაანადგურეს, ხოლო თავად სტამბა კი დალუქეს.
კიდევ ერთ მსგავს ინფორმაციას გაზეთი „საქართველო“ 28 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგები რაზმის უფროსმა ბ. კედიამ მინისტრის ამხანაგის განკარგულებით დაჰხურა სტამბები „პროგრესი“ (ლორის-მელიქოვის ქუჩაზე), „ისკუსტვო“ (ველიამინოვის ქუჩა) და სწრაფლ-მბეჭდი მატინიანცისა მადათოვის კუნძულზე. ყველა ამ სტამბაში ბოლშევიკური პროკლამაცია იბეჭდებოდა. პირველ ორ სტამბების პატრონნი დაპატიმრებულ იქმნენ. აგრეთვე დააპატიმრეს ბოლშევიკი ასოთ-ამწყობნი“.

კრიმინალური ქრონიკა

1919 წლის აგვისტოს ნომრებში უამრავი კრიმინალური შემთხვევაა აღწერილი. 19 აგვისტოს ავჭალის სარკინიგზო სადგურთან ფოთიდან შემოსულ საფოსტო მატარებლებს თავს დაესხა ყაჩაღთა რაზმი, რომელსაც მატარებლის გაქურდვა ჰქონდა განზრახული. ატყდა სროლა, რომლის დროსაც მატარებელის მცველმა რაზმმა თავდამსხმელთა მოგერიება შეძლო. თბილისში, სიონის ქუჩაზე მცხოვრებმა ვინმე დელიანცმა მილიციას განუცხადა, რომ მისი სახლიდან მძარცველებმა 11 ათასი მანეთი და ვერცხლის ქამარი წაიღეს.
სოფელ იკოთიდან იუწყებიან, რომ ყაჩაღთა ბრბო დაუსჯელად დათარეშობს და თავისუფლად ძარცვავს მოსახლეობას. ბანდას თურმე გატაცებული ქალებიც ჰყავს, მათთან ერთად, „გარმონის“ მუსიკის თანხლებით სოფლებში თავისუფლად დასეირნობენ და ადმინისტრაციას მათთან ბრძოლის საშუალებაც კი არ გააჩნია. აქვე აღნიშნულია, რომ ამ ყაჩაღთა უმრავლესობა ოსია.
16 აგვისტოს დუშეთის ციხიდან 28 ტუსაღი გაიქცა. დამნაშავეებმა სატუსაღოს მცველი მოისყიდეს, რომელიც მათთან ერთად გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში მილიციამ ერთ-ერთი გაქცეულის თიანეთში დაკავება შეძლო.
21 აგვისტოს ექვსი შეიარაღებული პირი თავს დაესხა სენაკიდან ზუგდიდში მიმავალ დილიჟანს და პირწმინდად გაძარცვა ყველა მგზავრი. ყაჩაღებს ზუგდიდიდან მაზრის მილიცია და სახალხო გვარდიის ადგილობრივი რაზმი დაედევნა. მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც მოკლეს ერთი მილიციელი, ხოლო ორი მძიმედ დაჭრეს. ყაჩაღები ალყაში მოაქციეს, მაგრამ მათი შეპყრობა გაჭიანურდა. როგორც იტყობინებოდნენ, ამ ბანდას ზუგდიდის მაზრის ცნობილი ყაჩაღი ვინმე დარასელია ხელმძღვანელობდა.
უცნაური ინფორმაცია დაიბეჭდა 29 აგვისტოს ნომერში. როგორც ცნობიდან ვიგებთ, გვარდიის მთავარ შტაბში 17 წლის გოგონა ოლღა ივანოვი მიიყვანეს, რომელიც ჩეჩნეთში 1200 მანეთად ოსმალეთის მოქალაქე მამედ მამედოვმა იყიდა და თურქეთში მიჰყავდა. საქმის გარკვევის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო რაზმმა მამედოვი დააპატიმრა, გოგონა კი თბილისში ჩამოიყვანა.
თუმცა კრიმინალური შემთხვევებით დახუნძლულ 1919 წლის აგვისტოს ქრონიკაში ორ შემთხვევას მაინც გამორჩეული ადგილი უკავია. პირველი ამბავი თბილისში ინგლისელი ჯარისკაცის მკვლელობას ეხება, რომლის გამოძიებაშიც ქალაქის მთელი ხელისუფლება ჩაერთო. 1919 წლის 8 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 6 აგვისტოს საღამოს, ინგლისელთა სამხედრო ყაზარმების მახლობლად მდებარე მინდორში, უცნობებმა ინგლისელი ჯარისკაცი, ედმონდ მარატონი მოკლეს და მასთან ერთდ მყოფი ქალბატონი, ვინმე ანა კანიშოვი დაჭრეს. 10 აგვისტოს ნომერში კი გაზეთი ამ შემთხვევას ვრცელ წერილს უთმობს, საიდანაც ირკევა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ ჯარისკაცის მკვლელი დააკავა: „რადგან მაშინვე ეს ამბავი არ ეცნობა სისხლის სამართლის მილიციის უფროსს ფაჩულიას, უკანასკნელი მივიდა მკვლელობის ადგილზე მხოლოდ მეორე დღეს დილის 11 საათზე, სადაც აგრეთვე მივიდა ქალაქის მოურავი ბ-ნი ჩხიკვიშვილი. აქვე გამოცხადდა ინგლისელთა სამხედრო პოლიციაც.
დაჭრილმა ახალგაზრდა ქალმა განუცხადა ქალაქის თავს, რომ მკვლელები იყვნენ ქართულ პოლკის ჯარის-კაცები და ერთი მათგანის სახეზე ცნობა მას შეუძლიან. საჩქაროდ გამოიყვანეს რკინის გზის ბათალიონის ჯარისკაცები და ჩაამწკრივეს ქალის წინ და 40 კაცში მან იცნო ერთი ჯარისკაცი _ აბულაძე, რომელიც იმ წამსვე შეიპყრეს.
აბულაძემ ვერ მოახდინა ვერც ქალაქის მოურავზე და ვერც მილიციის უფროსზე მკვლელის შთაბეჭდილება. მაგრამ მილიციის უფროსმა ფაჩულიამ სალდათებში ყურადღება მიაქცია ერთს, რომელსაც ემჩნეოდა მღელვარება და სწორე ვერ უყურებდა სახეში მილიციის უფროსს და ხშირად ეცვლებოდა სახის ფერი და გამომეტყველება. ფაჩულიამ უბრძანა, შეეპყროთ ეს ჯარისკაცი ერმალოზ ბარდაველიძე, რომელიც ბევრი დაკითხვის შემდეგ გამოტყდა ინგლისელი ჯარისკაცის მკვლელობაში. მან აგრეთვე გათქვა თვისი ამხანაგი ბაგრატ ღვენაძე _ ორივეს ერთად მოეკლათ ინგლისელი ჯარისკაცი და დაეჭრათ ახალგაზრდა ქალი. ღვენაძე შეუშინდა პასუხისგებას და დააპირა გაპარვა, მაგრამ რკინის გზის სადგურზე შეიპყრეს. ისიც გამოტყდა თავის დანაშაულში. ორივე ბრალდებულმა წარადგინეს თოფები, რომლითაც მათ მკვლელობა ჩაიდინეს“.
23 აგვისტოს ნომერში კი გაზეთი „საქართველო“ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო მინისტრის თანაშემწის განცხადებას აქვეყნებს. ამ ცნობის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია მადლობას უხდიდა სისხლის სამართლის მილიციის უფროს ფაჩულიას იმ ენერგიული მოქმედებისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მან ინგლისელი ჯარისკაცის საქმის დროულ გახსნაში გამოიჩინა.
მეორე შემთხვევა იმერეთში მოქმედ ყაჩაღურ დაჯგუფებას ეხება, რომელიც ოკრიბაში დაძრწოდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოსვენებას არ აძლევდა. ამ ბანდას ვინმე მორჩაძე ხელმძღვანელობდა. ბანდიტები ისე გათავხედდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შიშით ვერაფერს უბედავდა. მორჩაძე დაუსჯელად გადაადგილდებოდა მაზრაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს გადასახადიც კი დაუწესა და სასტიკად სჯიდა ყველას, ვინც ხელისუფლებას მის დევნაში დახმარებას უწევდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში მოხდა, სადაც მორჩაძემ ადგილობრივის შვილი მოკლა, რადგან მამამისი რამდენიმე დღით ადრე მისი უშედეგო დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 10 აგვისტო: „ყაჩაღებმა თ. მორჩაძემ და მისმა ამხანაგმა ძოწენიძემ მოკლეს სოფელ ჯვარისას მცხოვრებ იოსებ მესხის შვილი, ქუთაისის გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე მალხაზ მესხი.
მკვლელობის ისტორია შემდეგია: როდესაც შევიდნენ მესხის ეზოში, ხალხი დააყენეს ცალკე და გამოიძახა იოსებ მესხი, მაგრამ რადგანაც იოსები არ იყო შინ, გამოეგება წინ მისი შვილი მალხაზი. მორჩაძე შეეკითხა: სად არის მამა შენიო? ყმაწვილმა მიუგო: მამა ჩემი არ არის სახლში, მგონი წისქვილშიაო. მაშინ მორჩაძემ გადასცა ეს ყმაწვილი თავის ამხანაგს ძოწენიძეს და თვითონ სახლში შევიდა, მოხუცებულ მამის _ იოსების საძებნად და როდესაც შინ ვერ იპოვა, მიუბრუნდა ყმაწვილს: თუ მამა შენი არ არის, შენ მოგკლავო და ორჯერ ესროლა რევოლვერი და ყმაწვილი წაიქცა დაჭრილი და მუდარება დაუწყო, ნუ მომკლავთ, რა დაგიშავეთო. დაჭრილ შვილს 60 წლის დედა მივარდა და უკანასკნელად თავის მშობლიური კალთა მიაფარა, მაგრამ მეორე მხეცმა ამხანაგმა დაურთო თოფის კონდახი თავში და სხეულში დედას და დაჭრილს ყმაწვილს დაუწყო სროლა და სიცოცხლეს გამოასალმა. ააგლიჯეს ყმაწვილის გვამს დედა და თმის თრევით ხალხის წინ გაძღოლით წაიყვანეს მამის საძებრად“.
როგორც ამ სტატიიდან ირკვევა, მორჩაძემ ტყვიით დაცხრილა სოფლის წისქვილი, სადაც იოსებ მესხი ეგულებოდა, ხოლო შემდეგ იოსების ნათესავ მიხეილ მესხს მიუვარდა. ატყდა სროლა, რომლის დროსაც მორჩაძე დაიჭრა. სროლამ ორ საათს გასტანა, მაგრამ სოფლის გამგეობამ და ადგილობრივმა მილიციამ მორჩაძისა და მისი ამხანაგის დაკავება ვერ გაბედა და სოფლიდან გაიქცნენ.
28 აგვისტოს კი გაზეთი „საქართველო“ მოკლე ცნობას ბეჭდავს, საიდანაც ირკვევა, რომ ყაჩაღი მორჩაძე მოკლეს: „ოკრიბიდან ჩამოსულ პირთა ცნობით, ყაჩაღი მორჩაძე მოუკლავთ არა მილიციონერებს, როგორც ეს გაზეთებში იყო აღნიშნული, არამედ მისივე ამხანაგ ძოწენიძეს. საქმე ასე ყოფილა: ადგილობრივ ადმინისტრაციას მოუსყიდნია ძოწენიძის მამა, შენს შვილს არაფერს დავუშავებთ თუ მორჩაძეს მოჰკლავსო. მამის გავლენით ძოწენიძეს განუზრახავს თავის ამხანაგის მოკვლა და ტყეში მძინარ მორჩაძესთვინ რევოლვერი დაუხლია. მორჩაძეს კიდევ მოუსწრია და თავის ამხანაგი ძოწენიძე დაუჭრია და შემდეგ კიდევ გარდაცვლილა“.

სხვადასხვა ამბავი

ქართული საფოსტო მარკები

7 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ ცნობას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ 5 ათასი მანეთით დააჯილდოვა მხატვარი შევარდნაძე ქართული საფოსტო ნიშნების პროექტის შესრულებისთვის. იქვე აღნიშნულია, რომ 1919 წლის 15 აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბრუნვაში შედიოდა ქართული საფოსტო მარკები და გაუქმებულად ცხადდებოდა რუსული საღერბო ნიშნები.
მეორე დღეს, 8 აგვისტოს, ქართულ მარკებთან დაკავშირებით გაზეთი უკვე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს: „თანახმად ფინანსთა მინისტრის განკარგულებისა, ამ თვის ხუთმეტი რიცხვიდან რესპუბლიკის ფარგლებში გაბათილებულად ითვლებიან რუსეთის საღერბო მარკები და იმავე რიცხვიდან მიღებულ უნდა იქნეს სახმარებლად ახლად დამზადებული ქართული საღერბო მარკები.
ხუთმეტი აგვისტოდან ყოველგვარი ქაღალდების და საბუთების საღერბო ხარჯი გადახდილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართული მარკებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ასეთ ქაღალდებს და საბუთებზე სრულიად არ არის გადახდილი საღერბო ხარჯი და იმ პირებს, რომლებისგანაც არის მიცემული ან რომლებიც მიიღებენ ასეთ ქაღალდებს და საბუთებს, გადახდებათ ჯარიმა საღერბო წესდების თანახმად.
ზემო აღნიშნულ ფინანსთა მინისტრის განკარგულებას სამართველო აწოდებს რედაქციას გაზეთის მასალათ ქრონიკაში მოსათავსებლად. გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამართველოს უფროსის მაგიერ _ გ. კიკნაძე“.

საზღვარგარეთის პასპორტები

საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის მოთხოვნის შესაბამისად, 1919 წლის ივლისიდან ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ წამსვლელი მოქალაქეებისთვის პასპორტების გაცემის საქმის ორგანიზება დაიწყო. 2 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი თუ სად, როგორ და რა წესით შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთული პასპორტების მიღება: „საზღვარ-გარეთ გასავალ პასპორტების მიღება ხდება შემდეგი წესით: 1. მთხოვნელმა უნდა წარადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება თავისი ნიშნების აღნიშვნით. 2. განცხადებაზე უნდა იყოს დაკრული 4 მანეთის საღერბო მარკა, შემოწმებული მილიციის უფროსის, ან კომისრის მიერ; 3. საჭიროა მოწმობა: ა) სამხედრო ბეგარიდან განთავისუფლების შესახებ, ბ) რომ მთხოვნელს არ ეხება რაიმე სასჯელი, გ) რომ მთხოვნელზე არ ითვლება რაიმე სახელმწიფო გადასახადი; 4. განცხადებაზე დაკრული უნდა იყოს მთხოვნელის ფოტოგრაფიული სურათი, 5) პასპორტის მიღებისათვის მთხოვნელმა წინასწარ უნდა შეიტანოს ხაზინაში 20 მანეთი და კვიტანცია ხაზინიდან, მიცემული ნომრის აღნიშვნით იქმნას განცხადებაზე მიკრული“.

სტუდენტური სადილი

სახალისო ინფორმაციაა გამოქვეყნებული გაზეთ „საქართველოს“ 23 აგვისტოს ნომერში. ცნობა სტუდენტურ სასადილოს ეხება. როგორც ირკვევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა სტუდენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასადილო, სადაც ისინი შეღავათიან ფასად სადილობდნენ. მაგრამ ცნობიდან ჩანს, რომ ამ სასადილოს ის მოქალაქეებიც ხშირად აკითხავდნენ, რომლებმაც დაბალი ფასების შესახებ იცოდნენ. თავისთავად ცხადია, რომ სასადილომ მოკლე ხანში დიდი ზარალი განიცადა. ყოველივეს გათვალისწინებით, სასადილოს გამგეობამ შესაფერისი ზომები მიიღო და შემდეგი დაადგინა: „25 მარიამობისთვიდან, სტუდენტურ ფასებში სადილის მიღება შეუძლიანთ მხოლოდ მატრიკულების საშუალებით“.

მილიცია

2 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული განცხადებით, ქალაქ თბილისის მილიციის უფროსმა შემდეგი შინაარსის ბრძანება გამოსცა: „ქუჩებში ბევრი მილიციონერი დადის მათრახით, რაც ძლიერ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. მილიციის უფროსი კატეგორიულად უკრძალავს მილიციონერებს მათრახების ხმარებასა და მცხოვრებთა მისამართით უზრდელათ მოპყრობას“.

მიხეილ ბასილაძე

 

დატოვეთ კომენტარი