ალასანია, ჭიკაიძე, წულუკიანი, ფანჯიკიძე, სანიკიძე, – შემოდგომაზე მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები?!

mt2

წიწილების დათვლის დრო მოდის. ჯერ უცნობია, ვინ რამდენს მიითვლის, მაგრამ ფაქტია, რომ წინ აშკარად საინტერესო შემოდგომა გველოდება. საქმე ის არის, რომ რაღაც დასათვლელი არ ჩანს და ბევრისთვის ეს შეიძლება პოლიტიკური შემოდგომაც გამოდგეს… არსებობს ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტში მორიგ საკადრო წმენდას განახორციელებს. საქმეში ჩახედულთა თქმით, პრემიერმა ეს ორი მიზეზის გამო უნდა გააკეთოს. პირველი: თუკი ძალაუფლების შენარჩუნება სურს, სასწრაფოდ უნდა მოიცილოს რამდენიმე მისთვის არასასურველი მინისტრი და მეორეც: დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა აშკარად დისკრედიტაციას უწევს მმართველ გუნდს და ეს ფაქტორი აისახება კიდეც ამ გუნდის იმიჯზე. რეიტინგის დაქვეითების შესაჩერებლად კი საკადრო ცვლილებებია აუცილებელი…

მოდით, ვნახოთ, რა მოცემულობა გვაქვს ამჟამად და რომელ მინისტრებს შეიძლება მოუსწროს პოლიტიკურმა შემოდგომამ? მართალია, ზაფხულში მინისტრთა კაბინეტის 1/3 შეიცვალა, მაგრამ სპეციალისტთა აზრით, ეს არაფრისმთქმელი, უფრო სწორად, არაფრისმომცემი ცვლილებები იყო.  ღარიბაშვილმა შეცვალა შვიდი მინისტრი, არც ექვსი და არც რვა, ანუ ზუსტად შეცვალა მინისტრების 1/3. რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. მესამედის შეცვლის შემდეგ აღარ არის საჭირო ხელახალი საპარლამენტო პროცედურები და შესაძლებელია, დაჩქარებული ტემპებით მოხდეს თითო-ოროლა მინისტრის ჩანაცვლება. პრემიერი ახალ მინისტრს მთელი კაბინეტის პარლამენტში გამოცხადების გარეშეც წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს. ამით დროსაც დაზოგავს და მოქილიკე ნაცუმცირესობის  სელფების გადაღებაც აღარ იქნება საჭირო. მოკლედ, ეს საქმე ღარიბაშვილმა ჭკვიანურად მოაგვარა.

რაც შეეხება უკვე მოხსნილ მინისტრებს, მათ შორის თითქმის ყველა „ოცნების“ პარტიიდან იყო. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ღარიბაშვილი იმიტომ შეელია ადვილად, უპატრონო მინისტრები იყვნენ და მათ უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ იდგაო. თუმცა უპატრონობის გარდა აქ სხვა ჩანაფიქრი უფროა – შეიძლება ვინმემ თქვას, ეს მინისტრები ვერ მუშაობდნენ და იმიტომ გაუშვესო, მაგრამ ამ ლოგიკით არც სხვები წყვეტენ ვარსკვლავებს და საკადრო ცვლილებაც გაცილებით მასშტაბური უნდა ყოფილიყო. რადგან ასე არ მოხდა, ე. ი. ღარიბაშვილმა სხვა კუთხითაც შეამზადა ნიადაგი: თუკი ის „კარენოი“ „ოცნებისტებს“ შეელია, მით უმეტეს შეელევა კოალიციაში შემავალ სხვა პარტიის წარმომადგენლებს; ანუ სათქმელი აქვს, რომ პარტიული წარმომავლობა არაფერ შუაშია და ყველა თანაბარ პირობებში იმყოფება. ეს საჭირო სვლაა.

თუ გავითვალისწინებთ, როგორია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, ცალსახად ადვილი გამოსაცნობია, ღარიბაშვილი თავისი გუნდის შემდეგ ვის მიადგება. მთავარი ვექტორი ამ კუთხით რესპუბლიკური პარტიაა, სადაც, წესით, ღარიბაშვილი თავის მთავარ პოლიტიკურ კონკურენტს უნდა ხედავდეს.

ასევე საუბარია, ირაკლი ალასანიაზე. „ქრონიკა+“ უკვე წერდა იმ დაპირისპირების შესახებ, რაც ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის არსებობს. დღევანდელი თავდაცვის მინისტრის წარსული და ამერიკული კავშირები არ აძლევს საშუალებას ღარიბაშვილს, ალასანია მთლად ოდიშარიასავით მოიცილოს თავიდან, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი აუცილებლად შეეცდება, მეტოქე თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშოროს და შედარებით ნაკლებამბიციური სამინისტროს მართვა ჩააბაროს. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი მინისტრის პორტფელი. თავისი დანიშნულებით ეს სამინისტრო ხელწამოსაკრავი არ არის და ცხადია, საკვანძო რგოლს წარმოადგენს ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით. როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრებს საშინაო პოლიტიკაში შედარებით ნაკლებად ახედებენ  და ნაკლები გავლენაც აქვთ ხოლმე, ამიტომ აქ გადაყვანით ღარიბაშვილი ალასანიას ამბიციებს დააცხრობს, თუკი, ცხადია, ღარიბაშვილს ამ ნაბიჯის გადადგმის თავი ექნება. ისე, კაცმა რომ თქვას, ალასანიაც აქ უფრო ეფექტურად წარმოაჩენდა საკუთარ თავს, ვიდრე თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სადაც თავისი შსს-ელი კოლეგის – ლექსო ჭიკაიძისნაირი უცოდინარობა მთლად არ გამოუმჟღავნებია, მაგრამ აღარც ბევრი დააკლო: სამხედრო სპეციალისტები დღემდე არ პატიობენ ალასანიას ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას, როცა მან ამერიკელებს „პეტრიოტის“ სისტემის ანტისარაკეტო დანადგარების საქართველოში განლაგება შესთავაზა. დიახ, ეს თითქმის ისეთივე შეცდომა იყო, როგორც ჭიკაიძის თალიბანი, ამიტომ იმეორებს დღემდე ალასანია, რომ „პეტრიოტის“ დადგმა ჟურნალისტების ინტერპრეტაცია იყო და სინამდვილეში მან ამერიკელ მეგობრებს სრულიად სხვა რამე სთხოვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ალასანია უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ამან მის ამბიციებს ვერაფერი დააკლო. შეხვედრისას ღარიბაშვილს პირზე კოცნითაც ხვდება და ხელსაც დიდხანს ართმევს, მაგრამ ამ დროს მათ გულში რა ხდება, ღმერთის გარდა, კიდევ ბევრმაც იცის – ირაკლის დიდი ამბიციები აქვს, უფრო ზემოთ უმიზნებს. მოკლედ, ბევრჯერ დაუდო კვანტი ღარიბაშვილს და ერთხელაც იქნება, წააქცევს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა კონტრილეთს თუ არ მიმართა. მით უმეტეს, რომ დღევანდელ მინისტრთა კაბინეტში ალასანია სულაც არ არის მარტოხელა მოთამაშე – მისი მხარდამჭერები არიან: პაატა ზაქარეიშვილი, წულუკიანი, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე. სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე რამდენიმე მათგანი თანამდებობას დატოვებს. პირველ რიგში, ეს, ალბათ, თეა წულუკიანს ეხება, რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა თავდაპირველი იმედები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მმართველი გუნდი მის შემცვლელს მალე დაასახელებს. საკადრო წმენდაში აუცილებლად მოყვება მაია ფანჯიკიძეც. აქ მხოლოდ შიდადაპირისპირებაზე არ არის საუბარი. ბევრი ექსპერტი და პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ფუნქციებში ძალიან მოიკოჭლებს და აქ საკადრო ცვლილების განხორციელება  აუცილებელიც კია. რაც შეეხება ზაქარეიშვილსა და პეტრიაშვილს, როგორც ამბობენ, მათ არაფერი ემუქრებათ და, ჯერჯერობით, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს. თუმცა მათ რომ სამინისტროები აბარიათ, ისეთ სამინისტროში ზაქარეიშვილი იქნება მინისტრი თუ დობორჯგინიძე, ამით არც არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება სხვა მინისტრებს, თამარ სანიკიძეზე ამბობენ, რომ მარგველაშვილის კადრია. მინისტრს ეს ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ თავისი განათლებით და სპეციალობით განათლების სამინისტროსთან არაფერი აკავშირებს. პრინციპში, შეიძლება მინისტრი კარგი მენეჯერი იყოს და სრულიად უცნობი სფეროც კი წარმატებით ამუშაოს. ასე რომ, ნურც ამას ჩავუთვლით ცოდვად, მაგრამ საქმე ის არის, რომ არც სანიკიძის მენეჯერული ნიჭის შესახებ სმენია ვინმეს და იმასაც ამბობენ, სამინისტრო თავისი მეგობრებით გაავსოო. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი მასაც მოიცილებს თავიდან, რადგან სამწუხაროა, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან თუ ვიმსჯელებთ, სანიკიძეც არაპოპულარულ მინისტრთა ჩამონათვალში შედის. დიახაც, ასეა – რამდენიც არ უნდა თქვან, რომ განათლებაში რეფორმები ხორციელდება, ეს ასე არ არის. თუ იმას გულისხმობენ, რომ უკვე მეორე წელია, სკოლის სახელმძღვანელოებს ბავშვები უფასოდ მიიღებენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ სოციალური აქტია და რეფორმასთან არაფერი აქვს საერთო. არადა, საქართველოში განათლების სისტემა, ალბათ, ყველაზე უფრო საჭიროებს რეფორმას და რადიკალურ ცვლილებებს. ნებისმიერი პედაგოგი დაგიდასტურებთ, რომ დღეს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საშუალო სკოლაში მიღებული ცოდნა აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს კავშირი საშუალო და უმაღლეს სკოლებს შორის – ე. ი. საშუალო განათლება ყველანაირ აზრს კარგავს, ანუ განათლების სისტემა მთლიანად დანგრეულია და ეს სიტუაცია სასწრაფოდ თუ არ გამოსწორდა, რამდენიმე წელიწადში სერიოზულ კრიზისში, ანუ განათლებული კადრების გარეშე აღმოვჩნდებით.

წეღან ჭიკაიძე ვახსენე. ელოდებიან, რომ ღარიბაშვილი ჭიკაიძესაც შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში თავისი ხელდასხმულია და თვითონვე „აკურთხა“ შს მინისტრად. ეს ცვლილება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ჭიკაიძემ მთელ მინისტრთა კაბინეტს და საერთოდაც ყველას მოჭრა თავი, როცა განაცხადა, რომ თალიბანი, თურმე, პიროვნება ყოფილა(!!!). ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასეთი იაღლიში კიდევ რომ არ მოუვიდეს, ღარიბაშვილი მას ისეთ ადგილზე გადაყვანას უპირებს, სადაც  თალიბანის თუ ჰესბოლას თაობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აღარ მოუწევს.

ერთადერთი მინისტრი, რომელიც, ჯერჯერობით, რეიტინგს ინარჩუნებს – დავით სერგეენკოა, ამიტომ მიიჩნევენ, რომ იგი პოსტს შეინარჩუნებს. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვაშიც ბევრი პრობლემაა. საყოველთაო დაზღვევა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც უფასო მშობიარობა, მაგრამ მოსაგვარებელია პაციენტის ექიმთან კონტაქტის საკითხი. პოლიკლინიკებში არსებულ გულისგამაწვრილებელ რიგებს ვგულისხმობ. რეცეპტების გაცემამ კი სექტემბრიდან შესაძლებელია, ახალი სირთულეები წარმოქმნას, რაც უკვე ძალიან სერიოზულად იმოქმედებს სერგეენკოს რეიტინგზე. არადა, თავისთავად, წამლების რეცეპტებით გაცემის აუცილებლობა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ამით თვითმკურნალობას ავიცილებთ თავიდან და რეკლამებითაც ვეღარ მოგვატყუებენ, რომ რაღაც გაურკვეველი პროდუქცია შემოგვატყუონ… მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და მიიჩნევენ, რომ ეს კანონი მძიმედ დააწვება მოსახლეობის ბიუჯეტს. ორმოცდაათთეთრიანი „ნიმესილის“ საყიდლად კაცი რომ ექიმთან მივა და ამ ვიზიტში 15 ლარიდან ზევით გადაიხდის, ცოტა გაუგებარია, როგორ იქნება ეს საქმე? ალბათ, არც „ნიმესილს“ იყიდის და არც ექიმთან მივა. მოკლედ, აქ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის სოციალური ფონი და მხოლოდ ამის შემდეგ გადასულიყო რეცეპტული სისტემა ევროპულ ყაიდაზე. მთლიანობაში რომ შევაფასო, არ მინდა წინასაარჩევნო ლოზუნგი გავიმეორო, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია!!! თანაც, ძალიან ბევრი!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში რამე წინსვლაზე საუბარიც ზედმეტი იქნება და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასაც ხშირ-ხშირად მოუწევს გამოცვლა.

ისე, მინისტრების შეცვლის გარდა, უმაღლეს სახელმწიფო უწყებებს ქვეყნის პიარზე მუშაობის ხარისხის გაზრდაც არ აწყენდა. მიხეილ სააკაშვილის გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟს ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, „ნაცების“ დასავლელმა ლობისტებმა ბრალდებათა რა კორიანტელი დაატრიალეს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მისამართით, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს, უბრალოდ, ბაქიბუქია და მეტი არაფერი. სააკაშვილის მხარდამჭერი შეძახილები ევროპიდან ყოველთვის გვესმოდა, მაგრამ ეს შეძახილი განსაკუთრებით ყოფილ პრეზიდენტზე ძებნის გამოცხადების შემდეგ გააქტიურდა. არადა, „ნაციონალების“ მფარველებს შესაშფოთებლად მართლა აქვთ საქმე. შევეცდები აგიხსნათ, რას ვგულისხმობ: საქართველოში დიდი რაოდენობის ნარკოტიკის დაკავებისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეც ძალიან უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს. აი, რა ხდება: არსებობს ვერსია, რომ „ნაციონალების“ დროს საქართველოზე გადიოდა აზიიდან ევროპისაკენ მიმავალი ნარკოტრასა და ამას უშუალოდ ხელისუფლება მფარველობდა. ამ ვერსიაში სიახლე არაფერია, გარდა იმისა, რომ შესაძლოა დასავლეთი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის როლი შეისწავლოს ამ საქმეში. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ნარკოტრეფიკი სისტემური დანაშაულია და საერთაშორისო თემიდა თუკი ვინმეს პატიობს შინაურულ გადაცდომებს, სამაგიეროდ არასოდეს პატიობს სისტემურ დანაშაულში მონაწილეობას. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 70 ტომი იქნება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, თუ 80, – საერთაშორისო სამართლის დონეზე ახალი გარემოებები უნდა გაჩნდეს. ეტყობა, ჩნდება, სხვანაირად მარტო საქართველოში ჩადენილი საქმეების ტომების რაოდენობა ნაკლებეფექტური იქნება. სისტემური დანაშაული უნდა იყოს, რომ მან პასუხი აგოს და შანსიც აგერ არის. თანაც იმ ნარკოტიკების დაკავება რომ არ იყო ქართველების გაკეთებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ირკვევა, აქ ამერიკელების ხელი ურევია, ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის დაკავებას საქართველოსნაირი ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებს. თუ მაინც ჩაიდენს ასეთ რამეს, მეორე დღესვე შეცვლიან მის ხელისუფლებას. ამხელა რაოდენობა როდესაც მოძრაობს და ქვეყნის გავლით გადის, ესე იგი, ეს აწყობილი სქემაა. ამ სქემის თავსა და ბოლოში ვინც ზის, იმათ იმხელა ძალაუფლება და ქონება აქვთ, ცხრაჯერ იყიდიან და გაყიდიან საქართველოს. ასე რომ, ეს მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების საქმე არ არის. ცალსახად და აშკარად ჩარეულია მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფოები. ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მათ შორის, როგორც უკვე ვთქვით, ამერიკის შეერთებული შტატებია. მოკლედ, თუ რაღაცნაირად მოხდა ამ სისტემური დანაშაულის მიშაზე მიბმა, მაშინ სააკაშვილისა და მისი „ნაცმოძრაობის“ საკითხი საერთოდ გავა ქართული მართლმსაჯულების ჩარჩოდან და გადაიქცევა საერთაშორისო სამართლის ნაწილად, სადაც ქართული მხარე, ანუ „შინაურული ბრალდებები“, მხოლოდ მცირე დოზით თუ იქნება წარმოდგენილი. თუმცა მიშასთვის ესეც საკმარისია.

რაც შეეხება ლობისტების თემას, თეთრი სახლის განცხადება ბევრი არაფერია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა საქმე. პრინციპში, ეს მხოლოდ განცხადება განცხადებისთვისაა და არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ გამოუხატავს პროტესტი ამის გამო. მეორე მხრივ ის, რომ მსოფლიოს ცნობილი პროკურორები არიან ჩამოსული საქართველოში და ისინი ბრძანდებიან ჩართულები უშუალოდ ამ საქმეში, როგორც კონსულტანტები, ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორი. ამ პროკურორების იმიჯი იმდენად მაღალია მსოფლიოში, რომ  როდესაც წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებათა მთელი ჯაჭვი, ვერავინ იტყვის, ეს მტკიცებულებანი ფალსიფიცირებულიაო. მაშინ უნდა უთხრან იმ პროკურორებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, ამას კი ნამდვილად ვერ ეტყვიან. ანუ ყველა არგუმენტი ერთ ინფორმაციაში რომ დავამუშაოთ, ვასკვნით: დასავლეთი თვითონვე იცილებს სააკაშვილს. თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი ხდება ასოცირების ხელის მოწერიდან თითქმის მეორე დღესვე, – ჯერ უგულავას დაპატიმრება და მერე ძალიან სერიოზული სახით ბრალის წაყენება სააკაშვილისთვის. აქ მთავარი იმის მიხვედრაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და, ზოგადად, ხელისუფლება ვერ შეეჭიდება ამ საქმეს, თუ მას არ ექნება მხარდაჭერა საერთაშორისო წრეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი ლობი თუ არ ჰყავს. ახლა, ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, რომ რომელიმე მისმა გამოჩეკილმა ექსპერტმა ბიძინა ივანიშვილი მიაბას პუტინს და დღევანდელი ხელისუფლება – კრემლს, ეს, უბრალოდ, არასერიოზული საქმეა. თუნდაც ისეთმა „დიდმა პოლიტიკოსმა“ იძახოს ეს, როგორიცაა კარლ ბილდი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე სამი მთავარი მოვლენა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა და „ნაცების“ გულისგასახეთქად სამივე ანტიპუტინისტურია: პირველი ეს არის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში შედგა, როცა ამერიკამ საქართველოს მოუხსნა ყველანაირი ემბარგო სამხედრო იარაღზე, გარდა სტრატეგიული დანიშნულების იარაღისა. მიშას დროს ეს ემბარგო გვქონდა. ანუ ამით დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვეს, რომ ეს ხელისუფლება სანდოა და მას შეიძლება მივყიდო იარაღი, რომელიც შემდეგ არ გადავა რისკის შემცველ ქვეყნებში. უცხოელი პარტნიორების ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ამ  ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი; მეორე – ასოცირების ხელშეკრულება. ესეც ამ ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი; და მესამე – ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რამდენიც არ უნდა ატრიალოს ახლა მიშას ტელევიზიებმა კარლ ბილდის შეშფოთებული სახე და მისი განცხადებები, ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს. თუკი კარლ ბილდი და მისი ამფსონები მართლები არიან, მაშინ რა ხდება? – ბარაკ ობამა, თეთრი სახლის მთელი შემადგენლობა, პენტაგონი, სტრასბურგის ადმინისტრაცია პუტინის აგენტები არიან? არადა, ლოგიკურად ასეა _ თუკი სააკაშვილის ევროპელი მეგობრები მართლები არიან და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პუტინის დაკრულ დუდუკზე ცეკვავს. მოკლედ,  ადვილად გასათვლელია, რასაც სააკაშვილის ლობი თამაშობს. ჯერ ერთი, იმდენი ფული აქვთ საქართველოდან წაღებული, რატომაც არ გააკეთებენ შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს? მეორეც კიდევ ის არის, რომ თვითონ სააკაშვილიც იმდენად კარგად ერკვევა საერთაშორისო კორუფციულ სქემებში და გარიგებებში, პირი რომ გააღოს და ყველაფერი ეს ილაპარაკოს, ვიკილიქსი მონაგონი იქნება. ჰოდა, ამიტომაც იცავენ მართლმსაჯულებისგან, – ეგებ, მიშამ პირი არ გააღოსო…

დავით დევიძე