რუსეთის ფიასკო _ უკრაინის ეკლესია ერთიანია და საქართველოს მხარდაჭერას ელოდება

გაერთიანებულმა სინოდის სხდომამ უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა და წინამძღოლად ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი, მიტროპოლიტი ეპიფანი აირჩია.
„ეს დღე შევა ისტორიაში, როგორც წმინდა დღე, უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შექმნის დღე, დღე რუსეთის ფედერაციისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვებისა“, _ ამის შესახებ გაერთიანებული სინოდის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სოფიის ტაძრის მიმდებარე მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.

გაერთიანებულ სინოდს ესწრებოდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქები.
გაერთიანებულ სინოდში მონაწილეობა ორასმა სასულეირო პირმა მიიღო. უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე იმთავითვე უარი განაცხადეს პატრიარქმა ფილარეტმა და მიტროპოლიტმა მაკარმა. პირველ ტურში ყველას მიეცა უფლება, დაესახელებინა მისთვის სასურველი კანდიდატი _ გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა. სარეიტინგო კენჭისყრით გამოვლენილი სამი კანდიდატი: მიტროპოლიტი ეპიფანი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო), მიტროპოლიტი სიმეონი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო), ეპისკოპოსი ვლადიმირი (უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია) მეორე ტურის ბიულეტენში შეიყვანეს. მესამე ადგილზე გასულმა ექვსმა მიტროპოლიტმა უარი განაცხადა ბიულეტენში საკუთარი კანდიდატურის შეყვანაზე და ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგებით უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად გაერთიანებულმა სინოდმა მიტროპოლიტი ეპიფანი აირჩია.
ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი უკრაინული მედიიდან პატრიარქ ფილარეტის შესახებ: უკრაინელი ერის სულიერმა მამამ, უწმინდესმა ფილარეტმა, თავისი თავგანწირული ბრძოლით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური აღიარება და ავტოკეფალია მოუტანა. მისი დიდსულოვნება უსაზღვრო აღმოჩნდა _ მან უარი განაცხადა გაერთიანებული ეკლესიის მეთაურობაზე და მამამთავრის კვერთხი თავის მიერ აღზრდილ მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა.
სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის გაერთიანებული ეკლესია და მისი წინამძღოლი დალოცა მსოფლიო პატრიარქმა და მიტროპოლიტი ეპიფანი 2019 წლის 6 იანვარს ტომოსის გადასაცემად სტამბოლში (კონსტანტინოპოლი) მიიწვია.
გაერთიანებული სინოდის გადაწყვეტილებით განისაზღვრა გაერთიანებული ეკლესიის ოფიციალური სახელი _ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ასევე განისაზღვრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის წოდება _ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურმა ოროფეიმ ოფიციალურად დაკარგა კიევის მიტროპოლიტის წოდება.
„რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, გაანადგუროს უკრაინა, ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი და ექნება საკუთარი ეკლესია, _ ამის შესახებ გაერთიანებული სინოდის დასრულების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ განაცხადა და დასძინა, _ ჩვენ მყარად ვაცხადებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო და უკრაინის ეკლესია იარსებებს! რუსეთის იმპერიას (რომელსაც აქვს სხვადასხვა სახელი: მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია, მაგრამ მათში არის იმპერიის სული) სურს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და გაანადგუროს ჩვენი სული. უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის განთიადიდან ჩვენ ვოცნებობდით ჩვენი ეკლესიის აღდგენაზე, ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნაზე და დადგა ეს უდიდესი ისტორიული დღე“.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ეკლესიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა გაერთიანებული სინოდის გამართვაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ორი იერარქი, ალექსანდრე და სიმეონი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს სინოდის სხდომაში, საკუთარი ეკლესიიდან მოკვეთა.

***
რუსეთის ეკლესია მუდამ იყო რუსეთის იმპერიის უმთავრესი იდეოლოგიური იარაღი. თანამედროვე რუსეთის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკაში კი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. უნდა ითქვას, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიამ და რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უამრავი ხრიკის, პოლიტიკური თუ მორალური ზეწოლის მიუხედავად, ვერ შეძლო, საბოლოოდ ხელი შეეშალა უკრაინის ეკლესიის გაერთიანებისთვის. რეალურად, ეს არის უდიდესი იდეოლოგიური და პოლიტიკური ფიასკო, რაც ისტორიულ პერსპექტივაში რუსეთის იმპერიის სამომავლოდ სახარბიელო პერსპექტივას არ უქადის.
ამ ისტორიულ მოცემულობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი და მთლიანად იერარქები, დღეს მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან.
წილი ნაყარია _ გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უნდა გაირკვეს, სად აღმოჩნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. გაყვება გზასა და პრინციპებს, რომლითაც ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები და გამორჩეული მღვდელმთავრები იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის და დაუდგება თუ არა გვერდით თავისუფლებისმოყვარე ერის ნებას, თუ შეურთდება რუსეთის იმპერიის (რომლის შემადგენელი ნაწილია მისი ეკლესია) ნების გამოხატულებას და აღმოჩნდება დიდი სქიზმის _ განხეთქილების თანამონაწილე?
საქართველოს წმინდა სინოდმა სახელმძღვანელოდ უნდა გაიხადოს
კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ისა და მისი სწავლება, მის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლის ჟამს გაჟღერებული მოსაზრებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები უნდა იაზრებდნენ, რომ რაც სამართლიანი იყო და არის ჩვენთვის, ასევე სამართლიანია უკრაინისთვისაც. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე აქვს პრეტენზია, ეს არის ამ სახელმწიფოს იმპერიალისტული სულისკვეთება და საქართველო, მისი ყოველი მოქალაქე, განურჩევლად აღმსარებლობისა, ეროვნებისა, კანის ფერისა თუ სოციალური კუთვნილებისა ვალდებულიც არის, წინ აღუდგეს ამ იმპერიალისტურ ზრახვებს არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებით, არამედ ნებისმიერი უსამართლო გამოვლინებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულიც კი არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და აღიაროს უკრაინელი ხალხის, უკრაინელი მართლმადიდებლების მისწრაფებები _ აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რეალურად, ამ საკითხს დროში უსაშველოდ გაწელა არ სჭირდება. ახლა ის ისტორიული წამია, როდესაც ამ ვითარებაში ჩვენს ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოსაც შეუძლია მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა არა მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის მხრიდან, თუნდაც იმავე აფხაზეთის საკითხზე, არამედ სხვა პოლიტიკურ საკითხებშიც.
ამ პროცესში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოკავშირე უნდა იყოს ქართველი ხალხი, რაც მას ამ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხით სპეკულირებას, უნდა გავაცნობიეროთ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც არ აღიარებს, თუნდაც ფორმალურად, ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ეკლესიის ნაწილად და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არც კი მოიხსენიებს სრული ტიტულით. ამავდროულად, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ტერიტორიებს საეკლესიო თვალსაზრისით რუსეთის ეკლესია მაიკოპის ეპისკოპოსის მეშვეობით მართავს.
საქართველოს წმინდა სინოდის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს გადაწყვეტილება თანაბრად სჭირდებათ მათ და ასევე ჩვენ _ ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი. აი, რას ვგულისხმობ: პირადად მეც და მრავალ ადამიანს აქვს გარკვეული არგუმენტები საქართველოს ეკლესიის წიაღში დიდი პრორუსული გავლენების არსებობის შესახებ. ამის გამო არსებობს მნიშვნელოვანი განცდები სამომავლო კურსთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას გაუჩენს განცდას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეუქცევადად დაუბრუნდა იმ გზასა და კურსს, რომელიც მისთვის, ჯერ კიდევ, VIII საუკუნეში განსაზღვრა გრიგოლ ხანძთელმა და რომლის დეკლარირების ჩვენამდე მოტანა უზრუნველყო გიორგი მერჩულემ: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო შეგვიწყალენ“. ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის ლინგვისტური გაგება, ეს არის საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მისწრაფებების წარმოჩენა. რას მისცემს ეს სინოდს, ეკლესიასა და მის მსახურებს? პირველ რიგში, მნიშვნელოვან სიმშვიდეს ეკლესიის ორიენტაციასთან დაკავშირებულ მსჯელობაზე და მას საშუალებას გაუჩენს, უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს ეკლესიის წიაღში არსებული ცალკეული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ საკითხში მათ გვერდით აღმოჩნდებიან ის ადამიანებიც კი, რომლებიც გარკვეული სკეპტიციზმით არიან განწყობილნი ეკლესიის საგარეო კურსთან მიმართებით.
ყველა სხვა გადაწყვეტილება და საკითხის დაუსრულებლად გაწელვა კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და ერში გააღრმავებს ეჭვებს საქართველოს ეკლესიის ორიენტაციის შესახებ.
აქ ერთ ციტატას მოვიტან ჩემი ადრინდელი პუბლიკაციიდან: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა აუცილებლად უნდა დაინდონ საკუთარი ერი თუნდაც იმიტომ, რომ „ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: „მეწყალის ერი ესეო“ (მარკ. 8,2).
შესაბამისად, „ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო“, _ გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას, შეძლებისდაგვარად, უნდა მივსდიოთ ერმაც და ბერმაც. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში ეს ქართული სამღვდელოების ვალდებულება და მოვალეობაა“.

***
რამდენიმე დღეში შობაა. მინდა, ეს დღე ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, ასევე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მღვდელმთავრებს, მრევლს, მივულოცო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ღვთისმსახურებსა და მრევლს, ვუსურვო სიმშვიდე, გამარჯვებები და გამბედაობა.

ჩვენთან არს ღმერთი!
დიდება უფალს!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!

გოჩა მირცხულავა