ლაშა ნაცვლიშვილი: „იქნებ, უკეთესი ყოფილიყო, რუსეთს რომ აეღო თბილისი!“

ის ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა. დიახ, მის სახელთან არაერთი სკანდალი და შავბნელი ისტორია ასოცირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველმა გუნდმა მაინც საჭიროდ მიიჩნია, რომ საკუთარი პიარი სწორედ ამ ბნელით მოცული სუბიექტისთვის ჩაებარებინა. ისე, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, გარკვეული შანტაჟის საფუძველზე მიიღო, რამეთუ არცთუ შორეულ წარსულში ცნობილი გახდა, რომ უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი „ოცნების“ მამხილებელი მასალებით ვაჭრობდა, თუმცა ვიდრე ამ ისტორიას დეტალურად გავიხსენებთ, ჯერ ლაშა ნაცვლიშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიას გადავხედოთ.

„ოცნების“ „რუხი კარდინალი“ ქვეყანას მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, კერძოდ, 1966 წლის 2 თებერვალს მოევლინა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1990 წელს ნაცვლიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს. მანამდე კი, კერძოდ, 1985-1987 წლებში საბჭოთა ჯარში მსახურობს… უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისთანავე ნაცვლიშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს პროკურატურაში; 1999-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჯერ განყოფილების, შემდეგ კი აპარატის უფროსია. ბოლოს, სამმართველოს უფროსად აწინაურებენ.
2001 წელს ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ ინიშნება და ამ თანამდებობას 2003 წლამდე იკავებს. სხვათა შორის, იმ დროს, როცა ნაცვლიშვილი უშიშროების მაღალჩინოსანი ხდება, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია უკვე აჭრილია, ანუ მაშინდელ მმართველ პარტია „მოქკავშირში“ ბზარებია გაჩენილი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს აქვს განცდა, რომ ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა ეს განცდა ნაცვლიშვილს, როგროც ჩანს, არ ჰქონდა და შევარდნაძის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის დაკავებას მაინც დასთანხმდა. ზუსტად ეს დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარიერული მიდრეკილებები აქვს, თუმცა კარიერულ მიდრეკილებებთან ერთად, „ოცნების“ მთავარ „პიარშჩიკს“, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ღალატი სისხლში აქვს გამჯდარი.
ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი გარემოება იძლევა _ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაცვლიშვილი უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტს ტოვებს და მაშინდელი მმართველი გუნდის, ანუ „მოქკავშირის“ სახელით, ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
მოგეხსენებათ, „რესპუბლიკური პარტია“ იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „მოქკავშირის“ წინააღმდეგ ხმალამოღებული იბრძოდა, თუმცა „მოქკავშირის“ სახე ნაცვლიშვილისთვის ამას ოდნავი უხერხულობაც არ შეუქმნია და 2005 წელს „რესპუბლიკური პარტის“ წევრი გახდა.
ნაცვლიშვილის პიროვნების შესახებ მეტ-ნაკლებ წარმოდგენას ქმნის სტატია, რომელიც 2010 წლით თარიღდება და რომელსაც ასე ჰქვია: „ნაცვლიშვილის კარიერა“.
ამ სტატიაში ვკითხულობთ:
„…2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ლაშა ნაცვლიშვილმა დააფინანსა ლაგოდეხის ადგილობრივი ტელევიზია, რის შედეგადაც ორწლიანი პაუზის შემდეგ ლაგოდეხის ტელეარხმა შეძლო მუშაობის განახლება. გაარემონტა რაიონში საავტომობილო გზების ნაწილი, ლაგოდეხში უფასო კინოთეატრი გახსნა და ამით ადგილობრივი ახალგაზრდების კეთილგანწყობა და ხმები მოიპოვა.
…ნაცვლიშვილი იშვიათად ჩანდა ეკრანზე და ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა.
ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, რომელიც რუს ჟურნალისტს მისცა, სკანდალური აღმოჩნდა. ინტერვიუ 2009 წლის 12 აპრილს რუსულ ინტერნეტგამოცემა www.polit.ru-ში გამოქვეყნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები საკნებისა და კარვების თანხლებით მიმდინარეობდა. რუსულ გამოცემასთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ორმაგ ოკუპაციაში ვიმყოფებით. რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს სააკაშვილის ხელისუფლებას… ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ, უკეთესი ყოფილიყო, რუსეთს რომ აეღო თბილისი“.
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ჯერ კიდევ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ნაცვლიშვილი თავს იმით „იმართლებდა“, რომ ჟურნალისტმა მისი ნათქვამი დაამახინჯა და სხვა კონტექსტში გამოიყენა, თუმცა ნათქვამის არგუმენტად და მეტი დამაჯერებლობისთვის ინტერვიუს ჩანაწერი არ გამოუქვეყნებია.
ნაცვლიშვილის რუსულ, უფრო კონკრეტულად, რუსულ „ეფესბესთან“ საიდუმლო კავშირებზე მინიშნებები 2011 წელს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემაც გააკეთა. იმ დროს ჩვენი გამოცემის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი საზოგადოებრივ მოძრაობა „ჩემს საქართველოს“ წარმოადგენდა. 2011 წელს ერთ-ერთ ქართულ ბეჭდურ გამოცემას ელისო კილაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა და ნაცვლიშვილის რუსულ კავშირებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე „ქართული პარტია“ გამოჩნდა, რომლის ერთ-ერთი სახეც „ოცნების“ დღევანდელი ფეისი სოზარ სუბარიც გახლდათ. აღნიშნულ ინტერვიუში ელისო კილაძე შვეიცარიაში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობდა, რომელშიც რამდნეიმე ქართველ პოლიტიკოსთან ერთად, ლაშა ნაცვლიშვილი და რუსული „ეფესბეს“ გენერლები მონაწილეობდნენ:
„ეფესბეს გენერლებთან შეხვედრა 2010 წლის ოქტომბერში შვეიცარიაში გაიმართა, რომელშიც უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა… სხვათა შორის, ნაცვლიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ 2010 წლის ზაფხულში დატოვა… ამ შეხვედრაში მონაწილეობდა სერგეი ბესედკაც. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულის მიცემაც, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ეს ფული საქართველოში როგორ შემოიტანეს… როგორც ვიცი, პირველ ეტაპზე 30 მილიონზე იყო ლაპარაკი…“
თუნდაც ამ დეტალის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რატომ გამოჩნდა ლაშა ნაცვლიშვილი „ოცნების“ გვერდით ამ პარტიის შექმნის დღიდანვე _ მოგეხსენებათ, იმთავითვე არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ „ოცნება“ გარკვეულწილად რუსული პროექტი იყო.
მას შემდეგ კი, რაც დღევანდელმა მმართველმა ძალამ საპრეზიდენტო არჩევნებში ფსონი პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე დადო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა: ჰააგაში აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ზურაბიშვილის განცხადებას იყენებს, ომი საქართველომ დაიწყოო. ნაცვლიშვილიც, პრაქტიკულად, იმავეს ამბობს რუსი ჟურნალისტისთვის 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში, _ ხანდახან ვფქირობ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღოო.
„ოცნების“ მიერ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. 2012 წლის 27 ნოემბერს გავრცელებულ ნიუსში ვკითხულობთ:
„საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ლაშა ნაცვლიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გადაინაცვლა.
ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილის რანგში მისი საკურატორო სფერო იქნება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების, ასევე შსს-ის უსაფრთხოების ბლოკის დეპარტამენტებში, თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე გამოძიებების საპროცესო ზედამხედველობა; ასევე მთავარი პროკურატურის საერთაშორისო და ანტიკორუფციული დეპარტამენტების კურირება“.
ნაცვლიშვილის პროკურატურაში მისვლიდან მალევე ბიზნესწრეებში გავრცელდა ხმა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ბიზნესმენების დატერორებასა და წილების მოთხოვნებს მიჰყო ხელი. ამ კუთხით საინტერესოა მოკლული ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ინტერვიუ, რომელიც მან 2014 წელს მისცა ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემას.

„ოცნების“ მთავარ იდეოლოგ ლაშა ნაცვლიშვილზე სრული სურათის შესაქმნელად „ქრონიკა+“ ამ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:
„ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ერთ-ერთია, რომელიც მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას მისცემს. არაოფიციალურად, პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის საქმიანობის შესწავლა დაწყებულია. თავად ნაცვლიშვილი საქართველოში არ იმყოფება. მან საქართველო თურქეთის გავლით დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ის შვეიცარიაში იმყოფება. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან 100 მლნ. დოლარი გაიტანა.
ხარძიანი ქონების დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენზე ზეწოლა ძველბიჭური საუბრების ფონზე მიმდინარეობდა და მას რუსეთში მყოფი ე. წ. ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის სახელითაც ემუქრებოდნენ.
მოგვიანებით კი მთავარი პროკურატურის ყოფილი მოადგილის ჩხატარაშვილის საქმეში ჩარევის შემდეგ, თავადაც დააპატიმრეს და კუს ტბის აქციების გადაფორმების მიუხედავად, არ გაათავისუფლეს. ბესო ხარძიანი ციხეში ყოფნის დროს განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს, მისი თქმით, მასთან ანგარიშსწორების მიზნით ციხეში მთვრალი დათა ახალაიაც მივიდა, ხოლო დაპატიმრების დროს პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით პირში ჰეროინი ჩააყარეს. ხარძიანი განმარტავს, რომ წართმეული ქონების დაბრუნება ვერც ახალი ხელისუფლების პერიოდში შეძლო და კულუარულად გაიგო, რომ საქმე ლაშა ნაცვლიშვილთან იყო „მოგვარებული“.
_ თქვენს საქმეზე პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ამ პერიოდის განმავლობაში თუ გამოიკვეთა ახალი დეტალები?
_ სანამ თეა წულუკიანის დაქვემდებარებაში იყო პროკურატურა, საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი ლაშა ნაცვლიშვილი შევიდა პროკურატურაში და პროკურატურა გამოაცალეს იუსტიციის სამინისტროს, ამის შემდეგ ნაცვლიშვილმა საპროკურორო ზედამხედველობა ხელში აიღო. ერთ მშვენიერ დღეს ისინი, ვინც ქონება წამართვეს, მეუბნებიან, რომ ჩვენ პროკურატურაში „გავაიასნეთო“, საუბარი იყო ლაშა ნაცვლიშვილზე და მითხრეს, რომც გვინდოდეს ვერ დაგიბრუნებთ შენს ქონებასო. ამის მოწმეც მყავს, მოქალაქე ძაგნიძე, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა.
_ გითხრეს, რა „გააიასნეს“ ნაცვლიშვილთან?
_ ნაცვლიშვილთან ის „გააიასნეს“, რომ უდესიანი ძებნაზე არ დაესვათ… როცა მითხრეს, რომ ნაცვლიშვილთან „გააიასნეს“ ყველაფერი, ხომ უნდა გამერკვია ეს ამბავი? მივედი ნაცვლიშვილთან სახლში, მაგრამ სიდედრ-სიმამრი დამხვდა და მათ ვუთხარი, ვინც ვიყავი და რაზეც ვიყავი მისული. ჩემი ტელეფონიც დავუტოვე და თავისი ბიძაშვილიც მივიყვანე, რომ მოწმე მყოლოდა, მაგრამ ნაცვლიშვილი არ დამიკავშირდა. ამის მერე შევუთვალე, რომ შემხვედროდა, ყველა გზა გამოვიყენე ამისთვის, მაგრამ ამ კაცთან შეხვედრას ვერ მივაღწიე. ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა _ არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობდა, საქმე თაროზე იყო შემოდებული.
_ ნაცვლიშვილი თქვენი ბიზნესიდან ითხოვდა წილებს?
_ ნაცვლიშვილი ბუნებით თაღლითია. იცით, რას აკეთებდა? გამოძიების პერიოდში დაკითხვაზე ყოფნის დროს შემოვიდა პროკურორი ია დარჯანია და მითხრა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ხვდებით ქურასბედიანს და ვიცით, რომ ეს ქონება უნდა დაგიბრუნონ. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მფლობელებს თუ დაუბრუნებთ წართმეულ ქონებას, განთავისუფლდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგანო. ჩვენი მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ თუ მე დამიბრუნებდნენ ჩემს ქონებას, პროკურატურიდან გამოვიტანდი საქმეს.
_ ია დარჯანია ვისი დავალებით მოვიდა თქვენთან?
_ ია დარჯანია ლაშა ნაცვლიშვილის გამოგზავნილი იყო. მან მითხრა, რომ საქმე სახელმწიფოებრივი დონის არის და არ გამოიტანოთო. ამ საუბარს ესწრებოდა გამომძიებელი ლაცაბიძეც. სინამდვილეში, ნაცვლიშვილმა უდესიანი მოატყუა, რომ ხარძიანს საქმე არ გააქვს და აქედან გამომდინარე, მე მოგხედავო.
_ რა სახის სარგებელი მიიღო ამ საქმიდან ნაცვლიშვილმა? წილში ჩაჯდა?
_ „კრიშავდა“. წილში ჩაჯდომას ვერ გაბედავდა. როგორც წესი, ნაცვლიშვილი თავშივე იღებს ფულს და მერე გარბის. თეორიულად შეიძლება დავუშვათ ასეთი მიდგომა _ დაანახა ჩემი საქმე და უთხრა, რომ სისხლის სამართლის საქმე წამების შეკვეთის მუხლით გაქვს აღძრული, მოდი, გადამიხადე 20 მილიონი დოლარი და საქმე ჩაწყნარდებაო. უკრაინიდან მაქვს ინფორმაცია, რომ უდესიანი დადიოდა და ტრაბახობდა, _ ხარძიანთან მე საქმე „გაიასნებული“ მაქვსო. „გაიასნება“ კი ნიშნავს, რომ თუ არ დავსვამ მას ძებნაზე, საქმე დამთავრებულია. აი, ასე „დაკრიშა“ უდესიანი ნაცვლიშვილმა.
_ ვარაუდის დონეზე უშვებთ, რომ მართლა გადაუხადა 20 მილიონი დოლარი ნაცვლიშვილს?
_ რა თქმა უნდა, თუმცა ამას ვერ დავამტკიცებ. ნაცვლიშვილთან სახლში მივედი, შეხვედრა მოვითხოვე, რომ დამემტკიცებინა, როგორ დაადეს პირადად ხელი, რომ უდესიანს „კრიშავდა“. რატომ უნდა დამმალვოდა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, თუკი იგი მართალი იყო? ყოველთვის მემალებოდა. სხვათა შორის, დავით ჩხატარაშვილიც ერია ამ საქმეში.
_ ამბობენ, რომ ჩხატარაშვილის დახმარებით გადიოდა ნაცვლიშვილი იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ დატოვეს და რომელთა წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი იყო შესული, ეს იქნებოდა წამება თუ ქონების მითვისება…
_ როცა ციხეში ვიყავი, კუს ტბას ჩხატარაშვილი და უდესიანი ყიდდნენ. ამის მოწმე არის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც ჩხატარაშვილს დაადო ხელი. ჩხატარაშვილი გვერდით ეჯდა და ამას ადასტურებს გია ხუხაშვილი, რომ მე მასთან გავდიოდი კონსულტაციებსო. ხუხაშვილი, ნაცვლიშვილი და ჩხატარაშვილი ერთი წრე იყო. შეცდომა იყო ის, რომ ნაცვლიშვილსა და ხუხაშვილს მიანდეს სამართლის აღდგენა. სწორედ მათ შეიყვანეს ეს საქმეები ჩიხში. ჩხატარაშვილი, რომელმაც უკანონოდ დამიჭირა, წამალი ჩამიდო და ჩემი ციხეში ყოფნის დროს ყიდდა კუს ტბას, წარმოგიდგენიათ, რას ეტყოდა ნაცვლიშვილს? რა თქმა უნდა, ეტყოდა, რომ უდესიანისგან ფული ავიღოთ და „დავკრიშოთო“. ჩხატარაშვილი და უდესიანი მეგობრობდნენ, მათ სამართალს ფეხებით გადაუარეს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაცვლიშვილი არაა ის ადამიანი, წილებში ჩაჯდესო, ის პირდაპირ იღებს ფულს და მერე გარბისო. რის საფუძველზე ამბობთ ამას, რამე მტკიცებულება გაქვთ?
_ მტკიცებულება სხვა თემაა, მაგრამ სამართალწარმოებაში პირდაპირ წერია, რომ თუ გვინდა მტკიცებულებამდე მივიდეთ, უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა და თანმიმდევრულობა. მტკიცებულებათა ერთობლიობა იცით, რა არის? პირველი: მე მითხრეს, რომ ნაცვლიშვილი „კრიშავს“ უდესიანს, ის, რომ მე ვეძებდი ნაცვლიშვილს და ვერაფრით დაუკავშირდი, რომ გადამემოწმებინა, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილი. მეორე: ჩხატარაშვილი ჩემი ციხეში ყოფნისას ყიდდა კუს ტბას, ეს მტკიცებულებაც მაქვს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ისე წავიდა, არც ერთ კითხვას არ უპასუხა. დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამაზე უნდა იმსჯელოს გამოძიებამ და ინფორმაცია მაქვს, რომ მოკვლევა დაწყებულია.
_ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მოკვლევაა დაწყებული?
_ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე ვინც დამაზარალა და ვისთანაც მქონდა საუბარი, მან მითხრა, რომ ნაცვლიშვილთან „გაიასნებულია“ ვითარებაო და ამის მოწმეც მყავს. ამიტომაც ვეძებდი ნაცვლიშვილს, მაგრამ ვერაფრით მივაღწიე მასთან შეხვედრას. თავისი სიდედრი და სიმამრია მოწმე, რომ მასთან სახლში ვიყავი და მისი ბიძაშვილიც მივუყვანე, ეს არის ჩემთვის მტკიცებულება.
_ აპირებთ მიმართოთ პროკურატურას, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება კონკრეტულად თქვენს საქმესთან დაკავშირებით?
_ ლაშა ნაცვლიშვილი რომ ვერ ვნახე, ჩემს გამომძიებელ ჩიქოვანთან მივედი და სიტყვიერად განვუცხადე ის, რაც თქვენ გითხარით. ჩიქოვანმა მითხრა, რომ ოფიციალურად განაცხადეთო, მაგრამ ორ დღეში ის გაათავისუფლეს. ჩემს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, დამატებით ჩვენებას მას მივცემ“.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა ქართულ მედიაში ნაცვლიშვილზე კომპრომატების გამოქვეყნება დაიწყო. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც „ოცნებამ“ ჯერ შს მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ივანიშვილი „ძალიან განათლებულ და ნიჭიერ ადამიანს“ უწოდებდა:
„გამოიკვეთა, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს ლობირებდა, აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ამ ლობირების უკან ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა. ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადადგა, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ევროპას მიაშურა, კონკრეტულად შვეიცარიაში გაფრინდა. ცნობილია, რომ გენერალური პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს შვეიცარიაში საკუთარი სახლი აქვს და ცოლ-შვილიც იქ ჰყავს. ნაცვლიშვილის ქალიშვილი შვეიცარიაში სწავლობს.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეობის პერიოდში ნაცვლიშვილს ევალებოდა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და ფინანსური პოლიციის ზედამხედველობა. ფინანსურ პოლიციაზე ზედამხედველობა მას გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოერთვა, რადგანაც ლაშა ნაცვლიშვილსა და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან უშუალო მოლაპარაკებები ჰქონდათ, საქმის „ჩაფარცხვაში“ ვის რამდენი უნდა გადაეხადა. ამ საქმეების „გაპრავება“ ლაშა ნაცვლიშვილის ხელშეწყობით ხდებოდა.
…არსებობდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს გახსნიდა, მაგრამ ეს მთელი წლის განმავლობაში არ მოხდა. უამრავი სტატია იწერებოდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ, მაგრამ მთავარი პროკურატურა დუმდა. დაახლოებით 6 თვის წინ პრესაში გაჩნდა ახალი ვერსია, თითქოს ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი ერთ-ერთ ბინაში ერთად მართლაც იყვნენ და სხვა გარემოებაში გარდაიცვალნენ, რომ ამ მკვლელობაში არაფერ შუაში იყო მიხეილ სააკაშვილი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო მაშინ ინკოგნიტოდ დარჩა. ახლა კი გაირკვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი საჯაროდ ამბობდა ამ ყველაფერს. ამ ინფორმაციას ფარულად მასთან დაახლოებულ ჟურნალისტებს აძლევდა და ამ გზით ხდებოდა ინფორმაციის ტირაჟირება. ის გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, _ რის მკვლელობა, რა მკვლელობა, ერთი „…..“ ტიპი იყოო“.
2013 წელს საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ „ოცნება~ ნაცვლიშვილს საკადრისად დასჯიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, კარგა ხანს უშიშროების მინისტრისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე აღარავის გახსენებია.
2014 წელს კი ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტპორტალმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა სათაურით: „შვეიცარიაში მყოფი ლაშა ნაცვლიშვილი, ნარკოტიკის მოხმარების გამო, საავადმყოფოში მოხვდა“:
„არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურატურის პოსტიდან წასვლით წერტილი დაესვა ლაშა ნაცვლიშვილის პროკურორობასაც.
ბევრი საუბრობდა, რომ ნაცვლიშვილი დაკავებულ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და პროკურატურაში რამდენიმეთვიანი მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა. პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნაცვლიშვილი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო ბიზნესი. ჩვენი ინფორმაციით, მისი განთავისუფლების შემდეგ ნაცვლიშვილის მიერ შევიწროებულმა ბიზნესმენებმა პროკურატურას საჩივრითაც მიმართეს.
სულ ახლახან კი, „პრესა.ჯი“-ს წყაროს ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. ნაცვლიშვილმა გარემოცვას უთხრა, რომ ოჯახური საკითხების გამო მიდიოდა შვეიცარიაში.
დღეს კი ჩვენმა რედაქციამ სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც შვეიცარიაში მიმალული ლაშა ნაცვლიშვილი საავადმყოფოში მოხვდა.
წყარო ყვება, რომ მან ნარკოტიკისგან ინტოქსიკაცია მიიღო და ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
„პერესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას პირადად ნაცვლიშვილთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სულ რამდენიმე დღეა, რაც კლინიკიდან გაწერეს“.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ნაცვლიშვილს თავად ივანიშვილი, როგორც იტყვიან, კბილებით იცავდა.
არქივში მოიპოვება 2013 წელს ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ნაცვლიშვილთან დაკავშირებით, სადაც „ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს:
„რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილსა და არჩილ კბილაშვილს შორის კონფლიქტს, კონფლიქტი არ არსებობს. ლაშა არის გამოცდილი. იგი არის ნიჭიერი ინტელექტუალი კაცი, აჩიკოს ის მხარში უდგას. არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ, ევროპელებსაც მოსწონთ. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს ის იმას, რაც კბილაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა“.
ყველაფერ ამიდან გამოხდა ხანი და „რუსთავი 2-ის“ ეთერიდან საზოგადოებამ სკანდალური ინფორმაცია შეიტყო. კერძოდ, ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენლმა განაცხადა:
„მას შემდეგ, რაც განაწყენებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, საიდანაც იგი გააგდეს, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერებისა და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა“.
„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავარმიამ კი ამ ნათქვამს დასძინა, რომ ჟენევაში ლაშა ნაცვლიშვილმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მას ლაშა ნაცვლიშვილმა უთხრა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „მოგონილია“:
„მას ეს მასალები დღემდე ერევანში აქვს შენახული. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს მასალები ერევანში მის მეგობართან ინახება, დიდი რაოდენობითაა და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან, უბრალოდ, დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს და მითხრა, რომ ეს რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდება“.
როგორც აღვნიშნეთ, კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც ნაცვლიშვილის გვარმა გაიჟღერა, ბესო ხაძიანის მკვლელობას ეხებოდა.
კერძოდ, 2015 წლის მარტში გარდაცვლილი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მეგობარმა, ირაკლი კორძაიამ, ის დაადასტურა, რასაც ხარძიანი სიცოცხლეშივე ამბობდა:
„პირადი მტრები ბესიკ ხარძიანს არ ჰყოლია… ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც, ეს გვარებია ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს, ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი“, _ განაცხადა მაშინ კორძაიამ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, ნაცვლიშვილი და ჯანყარაშვილი ამ მომენტისთვის თანამდებობებზე არ არიან, მათ გარკვეული გავლენა მაინც აქვთ თავიანთ ყოფილ უწყებებზეო.
მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავბნელი წარსულის მქონდე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა რამიშვილთან ერთად, ინტერნეტტელევიზია „პოსტტვის“ ხელმძღვანელად მოგვევლინა, „ქართული ოცნების“ პრესისა და ანალიზის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ანალიტიკოსებმა მაშინვე თქვეს, რომ ეს ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო გადაწყვეტილება იყო, რადგან ნაცვლიშვილი „ოცნებას“ უფსკრულში გადაჩეხდა და, პრინციპში, ასეც მოხდა _ 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა ნათელყო, რომ ნაცვლიშვილის პიარმა სრული კრახი და ფიასკო განიცადა.

გიორგი აბაშიძე