მოხდება თუ არა უკრაინაში სამხედრო გადატრიალება?

10647741_10203933121503814_1446835576_n

ექსკლუზიური ინტერვიუ ბატალიონ „დონბასის“ ქართველ მებრძოლთან – დავით მარტიაშვილთან.

 

_ დათო, მოგესალმები. პირველი ინტერვიუ რამდენიმე თვის წინ ჩვენ ჩავწერეთ ფრონტის წინა ხაზიდან. მაშინ შენი ვინაობა საჯარო არ იყო. ამ წუთებში ერთკვირიანი შვებულებით იმყოფები სახლში, მაგრამ იმის გამო, რომ დონბასში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ვადაზე ადრე ბრუნდები უკან. რა შეიცვალა ჩვენი ინტერვიუს მერე?

_ მე მგონი, დასამალიც არაფერია, უკრაინის ტელევიზიასაც მივეცი ინტერვიუ. დიახ, ეს მე ვარ – დავით მარტიაშვილი. უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ვიბრძვი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. სიმართლე რომ გითხრა, ელისო, არ არის კარგი მდგომარეობა, იმიტომ, რომ დონეცკის ოლქამდე ადვილად მივედით, მაგრამ დონეცკის ოლქთან მიმდინარეობს ძალიან მძიმე ბრძოლები. ჩვენ, ქართველები, აფხაზეთის ომიდან გამომდინარე გამოცდილებით, ვვარაუდობდით, რომ, ალბათ, რუსები აქაც ასე მოიქცეოდნენ, არ ეყოფოდათ ძალები, რომ ნახევარი ქვეყნის ტერიტორიაზე ეწარმოებინათ ბრძოლები, ამიტომ კონცენტრირებას მოახდენდნენ დონეცკის ოლქში და ასეც მოხდა. გამარჯვებებს ადვილად მივაღწიეთ. ჩვენ, ქართველები ვფიქრობდით ასე, რომ სეპარატისტებს ძალები არ ჰყოფნიდათ. ახლა კი დონეცკის ოლქთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იმიტომ, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში შევედით, რომელსაც მათი არტილერია აკონტროლებს. შესაძლებელია, რომ ქვეითი ძალებიც სრული მობილიზაციით ჩაერთონ საქმეში.

_ დათო, რუსეთის როლი როგორია? რუსეთი სეპარატისტებს ეხმარება ძალით და იარაღით, თუ ჯერჯერობით საბრძოლო მოქმედებებში არ ერევა?

_ რა თქმა უნდა, დრო არის, სიმართლე ითქვას, – იმათ ჩვენზე უკეთესი შეიარაღება აქვთ, ჩვენზე უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, რა თქმა უნდა, რუსეთის წყალობით.

_ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ძალიან დიდი ამბებია ატეხილი საქართველოში, რომ მებრძოლები არიან მიშას მხარდამჭერები, დაქირავებულები და იღებენ ფულს.

_ ელისო, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრა, რომ დაქირავებული მებრძოლები აქ არ არსებობენ. ბატალიონ „დონბასში“ 10 ქართველი იბრძვის, არც ერთი თეთრი არც ჩვენ არ გვინახავს და არც ჩვენს ოჯახებს, იმიტომ რომ ჩვენთან ეს არ არსებობს. მეორე ის, რაც საქართველოში ამბებია ატეხილი, ეს არის ე. წ. ინტერნეტის მებრძოლებისგან ატეხილი.

_ ანუ სპეციალურად ამახინჯებენ ინფორმაციას?

_ რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ არსებობს. ის ქართველი მებრძოლი დობერმანი ზღაპრებს ყვება, ეს ყველაფერი მოგონილია.

_ რას მეუბნებით, დობერმანის ისტორია ტყუილია? წალეკა ინტერნეტი ვიდეომიმართვებმა…

_ კი, დობერმანის ინტერვიუ ტყუილია, დობერმანს პირადად ვიცნობ, ვინც არის, არასდროს არ მინახავს ბრძოლაში და ფრონტის წინა ხაზზე, არც ის გამიგია, რომელიმე ბრძოლაში მიეღოს მონაწილეობა. ეს არის ფეიკი. მას აქვს თავისი პირადი ინტერესები, მანქანაც კი, რომელსაც ვიდეომასალაში იყენებს, სხვისია. ერთ-ერთ ვიდეოში სხვა მებრძოლის მიერ აყვანილი ტყვეებით მარიაჟობს.

_ ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია, შენ რომ კაცი მიშისტობას დაგაბრალებს, ძალიან უსინდისო უნდა იყოს, ნახევარი ცხოვრება ციხეში გაქვს გატარებული ამის წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს.

_ გაგახარა ღმერთმა!!! თუ ვინმეს იმის განცდა აქვს, რომ მე დამაბრალოს მიშისტობა, იმას ძალიან ცუდად ჰქონია საქმე. რა შუაში აქ მიშა? 1992 წელს მიშა საერთოდ არ არსებობდა, როცა ჩემს ბატალიონში 5 უკრაინელი იბრძოდა. ვალს ვიხდი. რა შუაშია აქ მიშა? ძაან ცუდად ჰქონია ტვინთან საქმე, ვინც მე მიშისტობას დამაბრალებს. ბატალიონ „დონბასში“ 10 ქართველი ვართ, გულანთებულები ვიბრძვით. რაც შეეხება ვინმე დობერმანს, ის არც მიშისტია, არც მებრძოლია, ეს არის ადამიანი, რომელსაც უკრაინაში ინტერნეტის მებრძოლს ეძახიან. არ მინდა შორს წავიდე და მასზე ლაპარაკში დრო დავკარგო.

_ დათო, დავუბრუნდეთ ისევ ბრძოლების უშუალო ადგილს. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მიღწეული გამარჯვებების შენარჩუნებას? რეალურად, რუსეთის პირისპირ დარჩით.

_ ელისო, მე ამათ ვაფრთხილებდი, რომ ყველაფერი ძალიან ჰგავდა აფხაზეთს თავისი გამარჯვებებით, თავისი დამარცხებებით. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ჩვენ წარმატებით მივედით დონეცკის ოლქამდე, ამ წუთებში დონეცკთან მიდის დიდი ბრძოლები, სადაც მთელი ძალების მობილიზება მოხდა. აქ ამის აღიარება დღეს არავის უნდა. სამწუხაროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სეპარატისტებს არ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრულყოფილი საბრძოლო მოქმედებები დაეწყოთ. ისინი ახდენენ მობილიზებას ფრონტის წინა ხაზზე, სადაც, დღეს იქნებოდა თუ ხვალ, აუცილებლად მივიდოდით.

_ ამიტომ შეწყვიტე შვებულება და ბრუნდები შენს თანამებრძოლებთან?

_ მე ხვალვე ვბრუნდები უკან. ორი დღეა, ჩემი ბატალიონი მოყვა ალყაში და იქ, რა თქმა უნდა, ქართველები არიან. ოთხი შვებულებაში წამოვედით, სამი დარჩა, ორი დაიჭრა, დანარჩენი ალყაშია, ამიტომ დილით ბიჭებთან ვბრუნდები.

_ უკრაინის ხელისუფლება რას აპირებს? რაღაც პოლიტიკური შეფასებები და განცხადებებიც არ ისმის ამ მძიმე სიტუაციაში.

_ სიმართლე თუ გინდა გითხრა, უკრაინის მთავრობა არც იბრძვის, აქ იბრძვის უბრალო უკრაინელი ხალხი, ხელისუფლება არ იბრძვის, რაც უნდათ, ის მიქნან, სიმართლე უნდა ვთქვა!

_ დათო, როგორ ფიქრობ, დაიწყება თუ არა უკრაინაში კიდევ ერთი ახალი `მაიდანი~? ამჯერად უკვე ამ ხელისუფლების წინააღმდეგ?

_ ალბათ „მაიდანი“ აღარ იქნება, ღმერთმა ნუ ქნას. თუ ის მოხდა, რასაც უკვე დღეს დონბასში იმუქრებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეს უკვე „მაიდანი“ აღარ იქნება.

_ რას გულისხმობ, დათო?

_ იმას, რომ ხალხი უკვე სერიოზულად იმუქრება კიევში დაბრუნებით. შეიარაღებული ძალები იმუქრებიან კიევში დაბრუნებით…

_ ეს რას ნიშნავს? სამხედროები ხელისუფლებას შეცვლიან?

_ ეს ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალები უკრაინაში ხელისუფლებას დაამხობენ. შესაძლებელია, მოხდეს სამხედრო გადატრიალებაც, იმიტომ რომ უკრაინა არის დიდი პოტენციალის ქვეყანა, უკრაინა არ არის პატარა და ამავე დროს ამ ბუმბერაზი ქვეყნის ასე უსუსურად ყოფნა ამ ბრძოლაში ნიშნავს იმას, რომ ეს არის ღალატი და სხვა არაფერი! ამას უკვე ხვდება უკრაინის მოსახლეობა და უკრაინელი პატრიოტები. დღეს თუ უკრაინია რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში ფეხზე დგას, ეს უკრაინის ხელისუფლების დამსახურება არ არის, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, უკრაინელი პატრიოტებისა და უბრალო ხალხის დამსახურებაა, რომელიც აჭმევს, აცმევს, ასმევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

_ დათო, შენ როგორც ქართველი, არ ელოდებოდი იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად დაუჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. ხომ არ გწყდება გული იმის გამო, რომ ეს განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა?

_ არ ველოდებოდი ამას, საქართველოს ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება ამ ორი ბუმბერაზი ქვეყნის დაპირისპირებაში. ძალიან მოზომვა გვჭირდება ქართველებს. ვიღაცამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვიღაცას პიარის გაკეთება უნდა, ამ ფონზე ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ… დღეს ამაზე გართულება არა მაქვს, საქართველო არ არის იმ მასშტაბების ქვეყანა, რომელიც ამ პროცესებში ხმაურიან  განცხადებებს უნდა აკეთებდეს. ეს ცალკეულ პიროვნებებს შეუძლიათ, მაგრამ სახელმწიფოს მხრდან არ უნდა კეთდებოდეს და ამაში საქართველოს ხელისუფლებას არ ვამტყუნებ. ჩვენი ქვეყნის ომი რომ ყოფილიყო, სხვა რამეა. საქართველოს მინდა ვუთხრა, რომ ნაკლებად აიტკიონ თავი ცნობილი დობერმანებით. ქართველი ვაჟკაცები ამ ომში უსახელოდ არიან, მათი გვარები არავისთვის ცნობილი არ არის. ხალხი იდეების გამო იბრძვის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თავდადება საქართველო-უკრაინის ურთიერთობას სამომავლოდ წაადგება.

_ დათო, აღარ დაგაყოვნებ, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა: თავის დროზე, შენი ძმა, პოლიციის კაპიტანი დააკავეს ზარისთვის, რომ „რუსთავი 2“-ში ბომბია.

_ წინა ინტერვიუს დროს მეგონა, განთავისუფლებული იყო. აღმოჩნდა, რომ დაკავებულია. სამი წელი მიუსაჯეს, მე ესეც არ ვიცოდი. ციხეში ზის საქართველოში.

_ დათო, წარმატებები და მშვიდობა მინდა გისურვო.

_ მანდ იყავით ძლიერად! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს დღეს ამ ორ გიგანტს შორის ჩარევა ხელს არ აძლევს. საქართველოს მართებს სიფრთხილე და ძალიან კარგი, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ დროს სიფრთხილეს გამოიჩენს. ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას აქ მებრძოლი ქართველები საქმით დავამტკიცებთ, ჩვენი ძმობა შეურყვნელია.

თქვენ იყავით მაგრად. ქართველი უსახელო მებრძოლები ამ წუთას ალყაში არიან ჩარჩენილები, მათთან უწყვეტი სატელეფონო კავშირი მაქვს. ხვალ ჩემს ძმებთან ვიქნები. მშვიდობა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

ელისო კილაძე