რატომ ტოვებს საქართველოს ზურა დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად?

მას შემდეგ, რაც მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა გულის ოპერაცია გაიკეთა, პრესაში მისი ინტერვიუ აღარ გამოქვეყნებულა. ბუნებრივია, დავინტერესდით, თუ სადაა, რას აკეთებს და როგორია მისი ჯანმრთელობა დღეს? არცთუ ისეთ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საქართველოს ტოვებს და დეტალებზე ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-თან საუბრობს:

_ ბატონო ზურა, დიდი ხანია, თქვენი ინტერვიუ პრესაში არ დაბეჭდილა. საინტერესოა, რა ხდება დღეს ზურა დოიჯაშვილის ცხოვრებაში? ალბათ, სალაპარაკო ბევრი დაგიგროვდათ. პირველ რიგში, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც გულის ოპერაცია გაიკეთეთ?
_ მადლობა უფალს, ცოცხალი ვარ. ოთხი სტენტი მაქვს ჩაყენებული, ორი _ შუნტირება. რომ არა პროფესიონალი ექიმები, არ ვიცი, რა იქნებოდა. დიდი მადლობა მათ. თავს უკეთ ვგრძნობ. დეპრესიული პერიოდები მქონდა, პრობლემები, რომელიც დღესაც არსებობს, მაგრამ არა უშავს. ამ პრობლემებს არ უნდა შევუშინდეთ. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და ყველაფერს შევძლებ. ნევროზიც გაივლის, პრობლემებიც დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება.
_ რისგან არის ეს დეპრესია გამოწვეული? მოგვიყევით იმ რთული პერიოდის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დადგა…
_ იყო პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც დღემდე არსებობს.
_ მაგალითად?
_ უმუშევრობა. რთულია, როცა ადამიანს არ გაქვს სტაბილური შემოსავალი და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ნერვიულობ. ახლა მალე, სამწუხაროდ, აქედან მივდივარ.
_ სად მიდიხართ?
_ ისრაელში. ამჟამად საბუთებს ვაკეთებ და 5 ნოემბერს საქართველოს დავტოვებ, თუმცა ჩემი გული აქ რჩება.
_ ანუ საქართველოს სამუდამოდ ტოვებთ?
_ ასე გამოდის, თუმცა ჩამოვალ ხოლმე. თვითმფრინავით 2 საათში აქ ხარ.
_ სამსახური გელოდებათ?
_ სამსახური მელოდება. ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. ცოტა დალაგებული ქვეყანაა და ბევრი დახმარებაცაა. გარდა ამისა, იქ უამრავი მეგობარი მყავს.
_ ცოტა კი არა, კარგად დალაგებული ქვეყანაა. თქვენი პროფესიით აპირებთ მუშაობას?
_ პროფესიითაც და ისედაც. მუსიკოსი ვარ და ამ კუთხითაც ვიმუშავებ. შევქმნი ახალ ნამუშევრებს. რაღაც გეგმები მაქვს და იმედია, განვახორციელებ. ამიტომ ვამბობ, რომ არასოდეს უნდა დაეცე და დაკარგო რწმენა. ყოველთვის წინ უნდა წახვიდე ადამიანი და აუცილებლად გამოჩნდება რაღაც. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ.
_ მარტო მიდიხართ?
_ ოჯახთან ერთად მივდივარ.
_ გასაგებია, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რთული პერიოდი, მაგრამ რატომ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
_ რთული სიტუაცია მაქვს. იმისთვის. რომ პრობლემები მოვაგვარო, საჭიროა წავიდე აქედან და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ისრაელში. უამრავი მეგობარი მყავს.
_ თქვენ სამი წელი მოსკოვში მოღვაწეობდით. საქართველოში რატომ ჩამოხვედით?
_ იქაურ მომღერალთან, ანგელინა კაპლანთან ერთად უნდა მემღერა. სიმღერა მეგობრობაზეა, დავწერე მუსიკა. ტექსტი ნანა ცინცაძემ გამომიგზავნა საქართველოდან და ბოლოს ეს ვითომ დუეტი მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან თემურ თათარაშვილთან, აჩი ფურცელაძესთან და მამუკა ონაშვილთან ერთად ჩავწერე. კლიპის გადაღება თბილისში გადავწყვიტეთ და ამიტომ ჩამოვედით. ამ ყველაფრის პარალელურად ცუდად ვხდებოდი. სიმღერის დროს მეწყებოდა სპაზმი, ტკივილი. რამდენჯერმე კონცერტის დროს სპაზმი დამემართა. მეგობარი მყავს ექიმი, დათო ლოლიაშვილი, ძალით წამიყვანა ექიმთან. სასწრაფოდ საოპერაციო აღმოვჩნდი. კიდევ რომ დაგეგვიანა, სადღაც მოკვდებოდიო, _ ექიმმა მითხრა. ხელახლა დავიბადე. ზვიად ბახუტაშვილმა გამიკეთა ოპერაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალია. მისი და ღმერთის დამსახურებაა, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. ალბათ, ჯერ არ არის ჩემი წასვლის დრო.
_ რაზე გწყდებათ გული?
_ გული მწყდება, რომ რასაც ვუყურებ, მარტო ერთმანეთის დაჭმა მიდის. ტელევიზორს აღარ ვრთავ, „ფეისბუქშიც“ ნაკლებად შევდივარ, რადგან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გხვდება. პატარა ერი ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ. ღმერთმა სიყვარულისთვის შექმნა ადამიანი და საზოგადოება არ უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად. მთელი საქართველო გახიზნულია, მერე ვიღაც გადამთიელი ჩამოვა, გამრავლდება, რეფერენდუმს ჩაატარებენ და წიხლს გვკრავენ.
_ ეგ პროცესი დაწყებულია…
_ დაწყებულია. მინდა, ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ ერთმანეთს მოვეფეროთ. არ შეიძლება, საზოგადოება იმისიანებად და ამისიანებად დავყოთ.
_ თქვენ საით იხრებით?
_ მე ყოველთვის სიმართლის გვერდით ვიდექი. ფულის გულისთვის არასოდეს მიკეთებია ის, რაც არ მეკადრება. არც ერთი მთავრობისთვის არ მიმღერია, კარის მუსიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ხალხისთვის ვმღეროდი სულ და ვმღერი ახლაც. ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ვუყვარვარ და საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება. ჯობს, სხვამ ილაპარაკოს.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქ იქნებით?
_ დიახ.
_ თქვენი არჩევანი როგორია?
_ ყველას თავისი არჩევანი აქვს. თავიდანვე „ოცნებისტი“ ვიყავი და ბოლომდე დავრჩები მათი ერთგული. არ მიყვარს ღალატი. თუ დემოკრატიაა, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევანის უფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ვაძაგო. ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. არ მინდა, პოლიტიკაში გადავვარდე, მაგრამ საკმაოდ კარგად ვერკვევი ამ სფეროში. ყოველთვის ვიღაცას ვაბრალებთ საკუთარ უსუსურობას, თუ რამე კარგი ხდება, საკუთარ შესაძლებლობებს მივაწერთ. ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ახერხებს ქვეყნის ორად გახლეჩას _ ვიღაცისტებად და ვიღაცისტებად. ასე ვიმართებით ყოველთვის. შეიძლება, სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს შენი მტერი, რომელიც გგონია, რომ კარგს აკეთებს შენთვის. ეს ღმერთმა იცის. ყოველთვის სხვისი გულისთვის ვიჭედებით, ვიღუპებით. დემოკრატიაო, გავყვირით. სად არის დემოკრატია? ადრე რუსეთს ვეკითხებოდით, ახლა _ ევროპას, ამერიკას. ეს არის დამოუკიდებლობა? მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ანალიზს ვაკეთებ.
ერთადერთი სწორი გზა ვიცი, რომელიც ტაძრისკენ მიდის. ღმერთის უნდა გვწამდეს, ერთმანეთის ზიზღი დავივიწყოთ, ერთმანეთის სიხარული გავიზიაროთ, გაჭირვებულებს კი არ წავართვათ, დავეხმაროთ, წაქცეულს წიხლი კი არ დავაჭიროთ, ფეხზე წამოვაყენოთ. ათეისტურად გაგვზარდეს, ამანაც თავისი კვალი დატოვა, ღმერთის არ გვწამს, მაგრამ როცა ადამიანი ასაკში შევა, ამაზე დაფიქრდება. უბრალოდ, მეშინია, მერე გვიან არ იყოს. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, გიყვარდეთ ერთმანეთი, არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი.
_ ბატონო ზურა, თქვენ თბილისობის კონცერტზე არ იყავით და გამიკვირდა. ბევრი ახალი სახე ჩანდა, ხალხისთვის უცნობი მომღერლებიც კი. რატომ?
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემს კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და სულ მიხარია, როდესაც ვინმე წარმატებას აღწევს. ნიჭიერი თაობა მოდის. ერთდერთი გული მწყდება, რომ ძირითადად ინგლისურად მღერიან და ქართული იკარგება. ძველ მომღერლებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან ხელოვან ადამიანებს სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ ავიწყდებათ ყოველთვის ძველი თაობის მომღერლები?
_ ზოგადად, მთელ მსოფლიოში 360 გრადუსით შემოტრიალდა ყველაფერი. სტრატეგიულად სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა რუსეთს ან ამერიკას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ აგინეთ ოკუპანტ ქვეყანასო და თვითონ კიდევ ელაპარაკებიან. ჩვენ ხელოვანები ვართ. იმ ოკუპანტის ქვეყანაში იცით, რამდენი ქართველი ცხოვრობს? სწორედ ოკუპანტის ქვეყნიდან აგზავნის ფულს იმისთვის, რომ ოჯახი შიმშილით არ დაეღუპოს. მე ვინ ვარ, რომ ვინმე გავკიცხო, უბრალოდ, მინდა ვთქვა, ასე არ შეიძლება, მოღალატის იარლიყს აკრავენ ადამიანებს, რომლებიც მოსკოვში ქართველ ხალხს ქართულ რესტორანში უმღერიან. ეს დაპირისპირება ვიღაცას სჭირდება.
ჩემი აზრით, აწყობთ ქვეყნები, სადაც ქაოსია და იქიდან გააქვთ ის, რაც აწყობთ. ჩვენი ძველი მეფეები შვილებს სწირავდნენ სამშობლოს გულისთვის და მტერსაც ელაპარაკებოდნენ, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო. შენ თუ მეფე ხარ, მხოლოდ შენს ოჯახზე არ უნდა იფიქრო. ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი გვყავს, რომელიც სახლში სხედან.
_ სხვა რამე შეგეკითხეთ. მომღერლების ნაწილს პრეტენზია ჰქონდა, რომ სააკაშვილის დროს იბლოკებოდნენ, მაგრამ დღეს რა ხდება? დღესაც ხომ მომღერლების უმრავლესობას კონცერტებზე არ ეძახიან?
_ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. საერთოდ, როცა ვხედავ, რომ არასწორ ნაბიჯებს დგამს ადამიანი, მილიონიც რომ გადამიხადოს, გვერდით არ დავუდგები.
_ სააკაშვილს გულისხმობთ?
_ არა, ზოგადად ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს. მინდა, რომ ყველა კარგად ცხოვრობდეს. სხვა ურთიერთობები იყო, დღეს ეს ყველაფერი დაიკარგა.
_ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ოცნებამ“ მხარი დაუჭირა, მოგწონთ?
_ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მას დავუჭერ მხარს.
_ რა მოგწონთ სალომე ზურაბიშვილში?
_ გამოცდილი ქალბატონია.
_ საპრეზიდენტო არჩევნების კონცერტებში ჩასმული ხართ?
_ წავალ კონცერტზე, რადგან ღალატი არ მიყვარს.
_ როდესაც თქვენ გღალატობენ, მაგ დროს როგორ რეაგირებთ?
_ შემიძლია, რომ ვაპატიო. გააჩნია ღალატს.
_ თბილისელი კაცი ხართ, თქვენი სიმღერების უმეტესი ნაწილი თბილისზეა, ერთგული ადამიანი ხართ და როგორც თქვენ ამბობთ, ღალატი არ გიყვართ. ზურგშექცევას, უყურადღებობას არ გრძნობთ?
_ ოღონდ საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს და შემიძლია, საკუთარი თავი შევწირო. არის პატარ-პატარა გულისწყვეტა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ჩემს ქვეყანაში იყოს ყველაფერი კარგად.
_ დაბოლოს, რა არის დღეს ზურა დოიჯაშვილის მთავარი სათქმელი?
_ მინდა, რომ ეს ქვეყანა შედგეს. თითქმის 30 წელი გავიდა: სულ ომები, არჩევნები, არეულობა და მინდა, ისეთი მთავრობა მოვიდეს, რომელიც ველოსიპეტით ივლის ქუჩებში და ხალხზე იზრუნებს. ჩვენ ცისკარას ვეძებთ ხოლმე ყოველთვის და არ არის ეგრე. ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ვისაც რით შეგვიძლია. მთავარია, პატივი ვცეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს. მინდა, სიმართლემ გაიმარჯვოს.

გიორგი საკარული