კრემლის ტიკინა და არადანი

ამ კვირა დღეს, არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, სამეგრელო მოვიარე, ანაკლია, სალხინო, დადიანების სასახლე ზუგდიდში და გზად რაც ვნახე… გზად კი სამეგრელოში სწორედაც რომ ნახავ ბევრ რამეს, კოხტა, ლაზათიანი, მოვლილი და წალკოტი მეგრული ეზოები სწორედაც რომ ბევრ რამეს გეუბნებიან როგორც ამ მხარის ბუნების, ისე ამ სახლებში მცხოვრებთა ბუნების შესახებ _ რაც არ უნდა ღარიბი იყოს, მაინც კოხტად და კოპწიად რომ აქვს ეზო-კარი მოვლილი.

სწორედ ამ ეზოებმა დამზაფრა ზედ ამ არჩევნების წინ. დამზაფრა რა, აღმაფრთოვანა და სწორედ ამ აღტაცებამ დამცა თავზარი და დამამძიმა, კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ რა არ ეღირსა ამ ხალხს, ამ ქვეყანას ხეირიანი პატრონი, რა დააშავეს, რომ მათ არჩევანის ნაცვლად არადანს ტენიან ცხვირში პიტნასავით, აგერ უკვე მერამდენე წელია… დიახ, ჩვენ რეალურად არჩევნები კი არა, არადანი გვაქვს! არჩევანს გააზნაურებული მდაბიო აკეთებს და ჩვენ არადანს გვიტოვებს. ასე იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე _ მოინდომა მარგველაშვილის გაპრეზიდენტება და გააპრეზიდენტა. ხალხს რა, დაუტოვა არჩევანი? რეალურად, ხალხს არადანი „გასთხარა“ მისი წლევანდელი კანდიდატის ლექსიკით რომ ვთქვათ. არადანი გასთხარა, ვინც უინდოდა, აარჩევინა, მერე გული აიცრუა თუ გულაცრუების თამაში დაიწყო და ამ ცრუებ-ცუებაში გაგვატარებინა მთელი მისი საპრეზიდენტო ვადა. მარგველაშვილი ვითომ მასთან დაპირისპირებული იყო, ვეტოებსაც ადებდა მისი უმრავლესობის მიღებულ კანონებს. მერე რა, რომ მისი უმრავლესობა იოლად ძლევდა ამ ვეტოებს და ხალხიც და მისი ვეტომდებელი პრეზიდენტიც რჩებოდა ვეტოამოგდებული… მერე რა, რომ ეს ვეტომდებელი მარგველაშვილი არც ერთ პრინციპულ საკითხზე არ უპირისპირდებოდა მის გამპრეზიდენტებელ ივანიშვილს და მათი კინკლაობა რეალურად სასახლეში-შესვლა-არაგამოსვლის პერიპეტიებამდე დაიყვანებოდა და არსობრივად კი ის იყო, რომ ეს ვითომ დაპირება „დემოკრატიულობის შპაკლი“ იყო მის ფასადზე, რომლის მიღმაც ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა.
მოკლედ, მარგველაშვილი იყო ლეღვის ფოთოლი და წარმატებულად თამაშობდა ამ როლს. ამ როლის თამაშის სანაცვლოდ კი ფეშქაშად მთელი ეს წლები განცხრომაში გაატარა, სასახლეში. დადიოდა, ჭამდა, სვამდა, კარტოფილიც მოჰყავდა და ქსოვდა, გულს აყოლებდა.
ახლა, გააზნაურებული მდაბიო სალომე ზურაბიშვილს გვტენის. თუ მაშინ ჭარბი ნდობის წყალობით კიდევ ინარჩუნებდა სახეს და მარგველაშვილი სწორედ საზოგადოებაში მის მიმართ არსებული მხარდაჭერის ხარჯზე დაგვასვა, ახლა უკვე ეს აღარ გასდის და ძალადობს საზოგადოებაზე. დიახ, ის ძალადობს და ძალით გვჩრის და გვტენის არადანს, არჩევანის ნაცვლად. გვტენის სალომე ზურაბიშვილს. გვტენის არა მის, არამედ პუტინის რჩეულს. დიახ, სალომე ზურაბიშვილი სულაც არაა მისი რჩეული, მან გადასარევად იცის, რომ მარგველაშვილი კი არა, სწორედ ეს ქალი იქნება ურჩი, როგორც კი თავს პრეზიდენტად დაიგულებს, მაგრამ რა ქნას, ასეთია პუტინის საშინაო დავალება _ როგორღაც გაათრიოს და თავზე დაგვასვას ის, ვინც უნდა გააკეთოს ის საქმე, რომელიც არ გააკეთა თავად მან, ამ 6 წლის მანძილზე!
და რა უნდა გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს ამ 6 წლის მანძილზე? რა და უნდა ეღიარებინა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, გაეხსნა რკინიგზა, მოკლედ, უნდა გაეკეთებინა ყველაზე ბინძური რუსული საქმე, რაც მან არ გააკეთა. არ გააკეთა რატომ? პატრიოტიზმის გულისთვის? მანამ ცაში მერცხლად არ აგიფრინდეთ პინგვინი, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქცეს ასეთ პატრიოტად. ჩვენ მისმა სიმდიდრემ გადაგვარჩინა. გადაგვარჩინა იმან, რომ მას აქციები აქვს როგორც „გაზპრომში“, ისე „გუგლში“ და იძულებულია, კრემლთან ერთად ხათრი გაუწიოს დასავლეთსაც. დიახ, იძულებულია, რადგან, სხვა შემთხვევაში, ის დაკარგავს იქ, დასავლეთში დაბანდებულ კაპიტალს და მისთვის კიდევ რა მნიშვნელობა აქვს, ფულს მარცხენა ჯიბიდან ამოაცლიან თუ მარჯვენა ჯიბიდან? ჰოდა, ისიც დგას და აბალანსებს თავის საგარეო ვექტორებს. გაქაჩა, სადამდეც შეძლო, მაგრამ ახლა კრემლი უკვე სხვა ემისარს გზავნის. ახალ ემისარს დასაკარგი არაფერი აქვს. არც ფული და არც პოზიცია. მან ეს პოზიცია კარგა ხნის წინ დათმო, იმდენად კარგა ხნის წინ, რომ გაურკვეველიცაა უკვე, თუ ჰქონია ოდესმე. ყოველ შემთხვევაში, ეს ქალბატონი წორედ ისაა, ვინც დაუძინებლად, თვალებდაჭყეტილი მტრობდა ხალხის მიერ არჩეულ ზვიად გამსახურდიას და როცა იგი დაამხეს, გულმხურვალედ მიესალმა და მადლობები უხადა ზვიად გამსახურდიას დამხობის გულისთვის საქართველოს დამაქცევრებს _ თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა თუ მათზე არანაკლებ აღვირახსნილ მოღალატე თენგიზ სიგუას, რომლის სახელიც საქართველოში იქცა ჩვენი შიმშილისა და გაჭირვების სიმბოლოდ და ქართველმა ხალხმა ყველაზე ბანძ ნამცხვარს, რომელსაც იმ წლებში ვჭამდით, უწოდა სწორედ „სიგუა“. სწორედ ეგ „სიგუაა“ ამ ქალის არჩევანი, რომელსაც თავი იმით მოაქვს, რომ თერგი კი არა, სენა ცეცხლა და დღემდე ვერ მოინელა, ვერ მოინელა იმიტომ, რომ თავის პარიზელობას დღემდე გვაყვედრის და ზემოდან ყურებასაც მის ლეგიტიმურ პრივილეგიად მიიჩნევს.
როდესაც ჩვენ მას ვადარებთ თუნდაც ივანიშვილს, გვავიწყდება ბევრი რამ. მათ შორის ის, თუ მართლაც სად, რა პირობებში აღიზარდა ის და სად _ ეს. რას მიაღწია იმან და რას მიაღწია _ ამან. დიახ, ზემო იმერეთის ერთ კორტოხ სოფელში, ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბიჭი დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ რა განათლება აქვს შუაგულ პარიზში დაბადებულ, განსწავლულ და როგორც თავად უწოდებს თავს, სენადალეულ ქალბატონს? და რაში გამოიხატება მისი განათლება? რა ეტყობა მის გამოსვლებს დიდი და იმ შესაძლებლობების შესაბამისი განათლების?
საუბარი არაა მხოლოდ მის „გასთხარე“ ქართულზე. საუბარია იმაზე, რასაც საუბრობს ამ დახლართული, უთავბოლო ქართულით. და თვითონ ქართულად ასე საუბრის ფაქტიც სწორედ მისი შეზღუდული უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლინებაა. 15 წელიწადია, საქართველოშია და რა ვერ ისწავლა ქართული? მით უმეტეს, რომ როგორც თავად ამტკიცებს, იმთავითვე იცოდა ქართული? რით ვერ სრულყო უკვე ნასწავლი ენის ცოდნა? მის ფონზე ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ აკაკი შანიძედ გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ დამახინჯებული ქართული სექსუალური კონოტაციებისგან მაინცაა დაცლილი, ქალბატონ სალომეს ლექსიკონში კი ხან „გასთხარე“ გვესმის, ხან „ამსხვილებული“ და ხან კიდევ რა…
და როდესაც რაღაცას ვთხოვთ იგივე ივანიშვილს, რომელმაც მილიონები, მილიარდები იშოვა იმ რუსეთში, რატომ არ ვთხოვთ ქალს, რომელიც დაიბადა ემიგრაციაში, შუაგულ პარიზში, სადაც, წესით, თავისუფალი უნდა ყოფილიყო რუსული გავლენისგან?
დღეს კრემლი და კრემლის დავალებით ივანიშვილი სწორედ ამ ქალბატონს გვტენის, გვპარავს არჩევანს და გვაყენებს არადნის მდგომარეობაში. არჩევანი კრემლში გაკეთდა, ფსონი დაიდო, ივანიშვილზე დავალება გაიცა. ივანიშვილიც არადანშია და ახლა ჩვენ გვაყენებს არადანში. არადანს გვტენის იმისთვის, რომ თვითონ დავალება შეასრულოს და თავისი მილიარდების ხელშეუხებლობა უზრუნველყოს. სალომე ზურაბიშვილის გათრევით და პრეზიდენტად დასმით ის იცავს მილიარდებს დაკარგვისგან და ჩვენ საბოლოოდ გვაკარგვინებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. მას ერთიც ზებრის ჩლიქზე ჰკიდია და მეორეც, მას არც აფხაზეთი სტკივა, არც _ ცხინვალი. მას თავისი ჯიბეები სტკივა მხოლოდ.
ახლა ყველაფერი უკვე ხალხზეა. დაყაბულდება ამ არადანს და შეეგუება არჩევანის მოპარვას თუ არა. ფაქტია და დღესავით ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. ის არ უნდათ თვითონ ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც კი. არ უნდათ იმდენად, რომ არც მალავენ ამ უკმაყოფილებას. ამ უკმაყოფილებას არ მალავენ ისინიც კი, ვინც ამ ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებშია, ან უბრალოდ საჯარო სამსახურშია. მათ შეიძლება როგორღაც მოათოკინონ ეს უკმაყოფილება და აიძულონ, ხმა მისცენ ზურაბიშვილს, მაგრამ რანაირად აიძულებენ მოხალისე „ქოცებს“, რომელნიც ამ ხელისუფლებისგან არანაირი ბერკეტით არ კონტროლდებიან? ცხადია, ისინი ხმას არ მისცემენ მათთვის სხვადასხვა მიზეზის გამო მიუღებელ სალომე ზურაბიშვილს და ის ვერას გზით ვერ მოაგროვებს გამსვლელ ხმებს. რა რჩება ივანიშვილს? ან თამარა ჟვანიას? რა რჩებათ და ყალბი ციფრების დაწერა. დაწერს ჟვანია ყალბ ციფრებს და მასაც ზუსტად ისე ითრევენ თმებით, როგორც ითრიეს 2003 წელს ნანა დევდარიანი. შეუძლია, ჰკითხოს დევდარიანს და ის ეტყვის, დღემდე როგორ სტკივა კეფა.
ამ ხელისუფლებას რჩება ერთადერთი გამოსავალი _ მონაცემების უხეშად გაყალბება. აი, ასე, უნამუსოდ, აშაღლარულად, უტიფრად. ეს არჩევნები კი არა, რეალურად გადატრიალებაა, ხალხის ნების, ხალხის სურვილისა და მისწრაფების გადატრიალება. მეტიც, ქვეყნის ორიენტაციის გადატრიალება. ქვეყანას რუსეთი არ უნდა და კრემლი თავზე ასვამს თავის ტიკინას _ სალომე ზურაბიშვილს.
გაუვა? დაბეჯითებით რაიმეს გამორიცხვა ძალზე ძნელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს აღარავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და ტრამპის ფანკლუბის გარდა ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი ჩარეული იყო ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებშიც კი. დიახ, ნაწილს სჯერა, რომ ამ ჩარევამ გავლენა იქონია ტრამპის არჩევაზე, ნაწილს არ სჯერა, რომ ამ ჩარევამ გავლენა იქონია, მაგრამ უკვე აღარ დაობენ, რომ ეს ჩარევა მოხდა… და სადაც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ახერხებს კრემლი ჩარევას, რა იქნება აქ, ჩვენთან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ მისი ტიკინაა _ გახსნილი, ღია ტექსტებით.
ეს ის შემთხვევაა, ტიკინის _ მარიონეტის ძაფებსაც რომ არავინ მალავს. და სადაა გამოსავალი? თუ ყველა მოერევა თავს და იმ საკრალურ ადგილს, რომელსაც ასე უფრთხილდებიან, თუ აწევენ იმ საკრალურ ადგილს და ყველა მივა არჩევნებზე, არჩევნების გაყალბებას ვეღარც ბიძინა შეძლებს, ვეღარც თამარ ჟვანია.
გამოსავალიც ესაა _ მივიდეს ყველა და ხმა მისცეს ყველას, კრემლის ტიკინის _ სალომე ზურაბიშვილის გარდა.

რეზო შატაკიშვილი