დაკარგული 5 მილიარდი იაპონური იენი და გადაგდებული „ლაჯანურჰესი?!“

10647564_10203913891143067_1265530255_n

„ქრონიკა+“ განაგრძობს სკანდალური მასალების გამოქვეყნებას, რომლის პირველწყაროც გახლავთ პროფესიით ეკონომისტი, სერტიფიცირებული აუდიტორი და „სილქნეტის“ შესახებ იმ სკანდალური აუდიტორული დასკვნის ავტორი, ბატონი ზურაბ მელაძე. აღნიშნული დასკვნა ჩვენს წინა ნომერში დაიბეჭდა. ამჯერად საუბარი ეხება წინა ხელისუფლების პირობებში საეჭვოდ გაყიდულ ჰესებს და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იაპონიისგან 5 მილიარდი იაპონური იენის კრედიტს, რომლის ირგვლივაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. სად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ბერმუდის სამკუთხედი“ და რა სქემით ხდებოდა სახელმწიფო ქონების აქტივების გაყიდვა-გაფორმება? ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის #35-ე განკარგულება და გაყიდული ჰიდროელექტროსადგურები, რომლის თანხაც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, მყიდველ კომპანიას დღემდე არ აქვს გადახდილი… საუბარი კი ათეულობით მილიონ აშშ დოლარზეა.

ზურაბ მელაძე:

_ 2007 წლებში საქართველოს პრეზიდენტის 35-ე განკარგულების საფუძველზე გადაწყდა, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაყიდულიყო „საქართველოს სადისტრიბუციო კომპანია“ და აჭარის ანალოგიური სამსახური, თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ: 2006 წელს საქართველომ იაპონიისგან მიიღო კრედიტი 5 მილიარდი იაპონური იენის რაოდენობით (66 მილიონი აშშ დოლარი). ამ კრედიტის მიზნობრიობა იყო ის, რომ „ლაჯანურჰესზე“ უნდა ჩატარებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა იქ რა ჩატარდა და რა _ არა, კაცმა არ იცის. ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „მომხმარებელთა და გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტი“ (გენდირექტორი გ. კიკნაველიძე) უგზავნის წერილს ფინანსთა სამინისტროს, _ 2006 წელს რომ იყო გამოყოფილი ის 5 მილიარდი იაპონური იენი, გთხოვთ, გვაცნობოთ, რეალურად შესრულდა თუ არა „ლაჯანურჰესზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ნამდვილად დაიხარჯა თუ არა ეს თანხა მიზნობრივადო? ფინანსთა სამინისტროდან იმდროინდელი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოადგილე გვინდაძე წერილობით პასუხობს: „თქვენი 2010 წლის 25 ოქტომბრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 1998 წლის 19 იანვარს საქართველოს და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის OECF , ამჟამად JICA -ს შორის, „ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტისათვის“, ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას _ 5332,0 მილიარდ იაპონურ იენზე. სასესხო ხელშეკრულებით, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იყო ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია. სესხი გამოიყო 30-წლიანი პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხიდან „ლაჯანურჰესის“ რეაბილიტაციაზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 2746751229 იაპონური იენი. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2008 წლის იანვრიდან და სესხის მომსახურება მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად (წერილს ხელს აწერს არა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, არამედ მისი მოადგილე დიმიტრი გვინდაძე);

მოკლედ რომ ვთქვათ, მაგ თანხის ნახევარი კი დაიხარჯა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, მაგრამ მეორე ნახევარზე საუბარი არ არისო… იგივე არასამთავრობო ორგანიზაცია ახლა უკვე ენერგეტიკის სამინისტროს უგზავნის ანალოგიური შინაარსის წერილს, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრო კი, დაახლოებით, ასეთ პასუხს სცემს, _ რი ატამი, რა ატამიო? რა მილიარდები, რა სარეაბილიტაციო სამუშაოებიო? ჩვენ არც ხელი მოგვიწერია მაგ ხელშეკრულებაზე და არც მაგის საქმის კურსში ვართო… შემდეგ პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროში გაიგზავნა იგივე წერილი, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ გასცეს, ანუ რეალობა ვერ დადგინდა. რა იქნა ის 5 მილიარდი იაპონური იენი, იგივე 66 მილიონი აშშ დოლარი და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა და ვინ დახარჯა, არ ვიცით. ფინანსთა სამინისტროს საიდან აქვს ის ინფორმაცია, რომ თურმე დახარჯულა ამ თანხის ნახევარი, ეს არ ჩანს. ვინ გააკეთა ეს სამუშაოები, მართლა გაკეთდა თუ არა, ან რამდენად ხარისხიანად გაკეთდა, ან იმ თანხის მეორე ნახევარი რა იქნა?! ძიებით დასადგენია, თუ ვისთვის იხდის ქვეყანა ამხელა სასესხო თანხებს, ვინ და რაში გამოიყენა ეს თანხები, რომელ სესხსაც ახდევინებს გაჭირვებულ ქვეყანას?!

_ კი მაგრამ, როდესაც  ამ რაოდენობის თანხა ირიცხება „ლაჯანურჰესის“ რეაბილიტაციისთვის, ენერგეტიკის სამინისტრო ხომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმის კურსში? აღნიშნული სამინისტროს გვერდის ავლით როგორ უნდა განხორციელებულიყო საკმაოდ დიდი თანხის ტრანსფერი?

_ რასაკვირველია, უნდა ყოფილიყო! მანდ უკვე პირადული და პოლიტიკური დატვირთვაც არის. ვინაიდან ენერგეტიკის სამინისტრო ფინანსთა სამინისტრომ ძაღლადაც არ ჩააგდო, არაფერი არ მისცა იმ თანხიდან და მისი გვერდის ავლით გააკეთა ეს ყველაფერი, ენერგეტიკის სამინისტრომაც ალალად თქვა, _ არ ვიცი მაგის შესახებ არაფერი, არც ის თანხა დაგვიხარჯავს და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგვიკეთებიაო. ამას გვეუბნება არა რომელიღაცა გაერთიანების უფროსი, არამედ ენერგეტიკის სამინისტრო… ეს ერთი! ახლა მეორე! _ ამ დროს ხდება შემდეგი: პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით გადაწყდა, პირდაპირი მიყიდვის წესით, ძალიან სიმბოლურ ფასად, გაყიდულიყო ორი დიდი სადისტრიბუციო გაერთიანება, რომელზეც თავში მოგახსენეთ. ორივე ერთად გაიყიდა 46 მილიონ აშშ დოლარად, აღნიშნული აქტივები გადაეცა უკვე „ენერგო-პრო ჯორჯიას“, მაგრამ თანხები განაღდებული არ არის. ანუ ყველაფერი მისცეს, გაუფორმეს და მყიდველს ფული არ გადაუხდია! ახლა ვიანგარიშოთ: 66 მილიონი აშშ დოლარი _ ეს ერთი, 46 მილიონი აშშ დოლარი _ ეს ორი და მესამე ფაქტი: სააკაშვილის 2007 წლის 35-ე განკარგულებით, გაიყიდა ექვსი ჰესი. ესენი არის: „რიონი“, „გუმათი“, „შაორი“, „ძევრულა“, „აწი“ და „ლაჯანური“. ახლა რა ხდება: თუ „ლაჯანურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჯდა 66 მილიონი აშშ დოლარი, 73 მილიონ დოლარად ყიდი 6 ჰესს?! სადაა აქ ლოგიკა?! ამასთან, არც ეს თანხებია გადახდილი!

_ ანუ ის ექვსი ჰესიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდეს?

_ დიახ, ესენიც „პრო ჯორჯიაზეა“ მიყიდული. 73 მილიონის გადახდის ფაქტი კი ძალიან ცუდად და საეჭვოდ არის გადახდის საბუთში ასახული. მე მაქვს ცხრილი: 2005-დან 2007-მდე ამ ჰესების მიერ გამომუშავებული კილოვატსაათების წარმადობები და ეს კილოვატსაათები ლარებში. მაგალითისთვის გეტყვით: „რიონჰესის“ მიერ 2005 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენდა 296,0 მილ.კვ.სთ-ს, გაყიდვის შემდეგ კი შეადგინა 290,5 მილ.კვ.სთ-ს; 2007 წელს 289,4 მილ.კვ.სთ-ს; ხოლო 2008 წელს 159,2 მლ.კვ.სთ-ს, მაშინ, როდესაც 2000-05 წლებში მისი საშუალო წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 272,0 მილ.კვ.სთ-ს. დინამიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გაყიდვის შემდეგ აღნიშნული ელექტროსადგურის წარმადობამ მნიშვნელოვნად იკლო. ისე გამოვიდა, რომ ამ ჰესების საყიდლად მათ მიერ გამომუშავებული თანხების ოდენობა გადაიხადეს… აქვე ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: წარმოდგენილი „ჰიდროელექტროსადგურების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში“ ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ჰესების პრივატიზაციის ფორმა არის კონკურსი, მაშინ როდესაც პრეზიდენტის #35 განკარგულებით პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო ამ ჰიდროელექტროსადგურების პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ ჰესების გაყიდვა (პრივატიზება) მომხდარია 2006 წლის 20 ივნისს, პრეზიდენტის განკარგულება კი გამოიცა 2007 წლის 2 თებერვალს, ანუ გაყიდვიდან 8 თვის შემდეგაა ნაჩვენები… მოკლედ, საოცრებები ხდება, რა!

_ ოფიციალური წერილით თუ მიმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყო, თუ რა ხდებოდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 46 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვასთან დაკავშირებით?

_ დიახ, მივმართეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ. ჩვენი წერილი მთავარი პროკურატურის დავალებით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ლადო ქარქაშაძეს, რომელიც შესასრულებლად გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს. როგორც ჩანს, საკითხი მათ არ შეუსწავლიათ და შემატყობინეს, თითქოს აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურია, რაც არასწორია. საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი ეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ხოლო ჩემ მიერ დასმული საკითხი ეხება სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შესყიდული ქონების ღირებულების ანაზღაურებას, რომლის გარეშეც საკუთრებაში მისი დაფიქსირება საჯარო რეესტრში არ შეიძლება… საბოლოო ჯამში, აღნიშნული უგზოუკვლოდ დაკარგული თანხების რაოდენობა, თითქმის, 190 მილიონამდე ავიდა. რა იქნა ეს თანხები?!

ვეკითხები კონტროლის პალატას: როდესაც 2006-07 წლებში ეს ამბავი ხდებოდა და 2007-ის ივლისიდან ლევან ჭოლაძე მოვიდა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ, რატომ არ გაარკვია ეს საკითხები?! 5 მილიარდი იაპონური იენის საქმე ხომ სახელმწიფო კრედიტს ეხება?! რატომ არ დაინტერესდა კონტროლის პალატა, გაკეთდა თუ არა „ლაჯანურჰესზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები?! ან ის სადისტრიბუციო გაერთიანებები რომ გაიყიდა 46 მილიონად, რატომ არ გაარკვია, გადახდის გარეშე რომ გადასცეს „პრო ჯორჯიას“ ეს აქტივები?! ან ის ექვსი ჰესი რომ გაიყიდა, იქაც რომ ამხელა კითხვის ნიშნებია, რატომ არ დაინტერესდა კონტროლის პალატა ამ თემით?! ისიც საინტერესოა, 66 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს რა გრაფიკით იხდიდნენ?! ერთგვარი „ბერმუდის სამკუთხედი“ გამოდის: ერთ თავშია ენერგეტიკის სამინისტრო, მეორე თავში _ კონტროლის პალატა და მესამე _ ფინანსთა სამინისტრო. რეალურ „ბერმუდის სამკუთხედში“ დაკარგული თვითმფრინავების მსგავსად, ამ „ბერმუდის სამკუთხედშიც“ უამრავი თანხაა დაკარგული, რომელთა ასავალ-დასავალი დღემდე არ ჩანს.

_ ბატონო ზურაბ, თუ იცით, ნამდვილად არის კი გადმორიცხული ის 5 მილიარდი იაპონური იენი? თუ ესეც ერთგვარი პიარი იყო?

_ ფინანსთა სამინისტრომ მაშინ თქვა, მივიღეთ ეს თანხაო, მაგრამ მერე ისიც თქვა: ხელშეკრულების გრაფიკის თანახმად, პირველი 10 წელი შეღავათით გადავიხდითო და მერე, ეტყობა, „გულიაი, ვასია“ იყო. შესასწავლია, ნამდვილად მივიღეთ თუ არა კრედიტი? თუ არ მივიღეთ, როგორ დაიხარჯა იმ კრედიტის, თუნდაც, ნახევარი?! დანარჩენი ნახევარი რა იქნა?! რა გამოვიდა? _ ე. ი. აიღეს კრედიტი, გაუშვეს თანხები სადღაც თავიანთ ყულაბაში და სახელმწიფო იხდის ახლა ამ ფულს?! ხვდებით, რა ხდება?! ფორმა #2-ები, ხარჯთაღრიცხვები სად ინახება?! სად იყო გადმორიცხული კრედიტის თანხები _ ხაზინაში?! და თუ ხაზინაში იყო, ვის გაჰქონდა და მიჰქონდა?! ეს ყველაფერი სანახავია და რეალობის დასადგენად ფინანსური აუდიტის ჩატარებაა საჭირო, ანუ მამაპაპურად რომ ვთქვათ, აუცილებელია დოკუმენტური რევიზია.

_ დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ ჩაატაროს სრულყოფილი ფინანსური აუდიტი ზემოთ ჩამოთვლილ სამინისტროებსა და სტრუქტურებში და ამოიღოს კონკრეტული დოკუმენტაცია ამა თუ იმ საქმეზე, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ძიება იმის საფუძველი, რომ იგივე ყოფილ ფინანსთა მინისტრს და კიდევ სხვებს ბრალი წარუდგინონ?

_ რასაკვირველია! ფინანსური აუდიტის ჩატარების შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები რომ გამოვლინდება, ამაში ხუთი თითივით ვარ დარწმუნებული! საინტერესოა, ვინ აწერდა ხოლმე დოკუმენტებზე ხელს? ვის პერიოდში და ვისი მითითებით ხორციელდებოდა ამა თუ იმ ხელშეკრულებების დადება და გარიგებები?!

_ თუ იცით, ტარდება დღეს წინა წლებთან დაკავშირებულ პერიოდში სრულფასოვანი ფინანსური აუდიტი სხვადასხვა სამინისტროში? ან თუ არ ტარდება _ რატომ?

_ არ ვიცი… რასაც მე ვფიქრობ, იმას არ ვიტყვი, თავს შევიკავებ… ყველა ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში ვამბობდი: თუ გნებავთ სამართლიანობის აღდგენა და ამ პროცესში ობიექტური ძიება, ჩაატარეთ ფინანსური აუდიტები საბიუჯეტო ორგანიზაციებში! ფაქტია, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაგრამ აფარებს თუ არა ხელს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ამას ვერ იტყვი ადამიანი. როდესაც არ გაქვს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები და არგუმენტირებული მიზეზი, ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ კითხვები რომ წარმოიშობა, ესეც ფაქტია. ამ ყველაფრის გაკეთებას კი პოლიტიკური ნება სჭირდება… ჩვენ, პროფესიონალი აუდიტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვკითხულობთ: რატომ არ ატარებთ წინა წლებზე აუდიტებს?! აგერ, ბატონო, თქვენთან ვართ, დაგვიხმარეთ, დაგვიყენეთ გვერდში და საწრაფოდ დაიწყეთ შემოწმებები მთელი ქვეყნის მასშტაბით! თუ შემოწმდება ბევრი საბიუჯეტო ორგანიზაცია, იქ თუ გამოვლინდება დანაშაულისა და კორუფციის ნიშნების შემცველი ფაქტები და თუ ამა თუ იმ ყოფილ ჩინოვნიკს მიიყვანენ დაკითხვაზე, ის იტყვის, რატომ ჭრიდა ბიუჯეტიდან თანხებს და ვისი დირექტივა იყო ეს? ერთი იტყვის, მეორე იტყვის და ეს მთელ საქართველოს მოიცავს. დარწმუნებული ვარ, ყველა გზა, რომის მსგავსად, სააკაშვილთან მივა!

ნინო ლაბარტყავა