რა პროცესებია მოსალოდნელი უკრაინის შემდეგ საქართველოში?!

2

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეორე ეტაპი უკვე რამდენიმე კვირაა, შევიდა ძალაში. თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიხედვით აშკარაა, რომ, ჯერჯერობით, კრემლი უკან დახევას არ აპირებს, არადა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და კვანძის გახსნას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

საუბარია იმაზე, რომ იგივე ეკონომიკური სანქციები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მოსკოვს. მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს სანქციები და რა საფრთხეებს შეიცავს იგი რუსეთისთვის?

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა, ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარალელურ რეჟიმში, მეორე ეტაპის სანქციები დაუწესეს რუსეთს. ევროკავშირის სანქციები გამოიხატება იმით, რომ რუსულ კომპანიებს მისცეს ორკვირიანი ვადა და უთხრეს, რომ ამ დროის განმავლობაში გაიტანონ თავისი ანგარიშები ევროკავშირის ბანკებიდან. პარალელურად, გაიზარდა იმ კომპანიათა რაოდენობაც, რომლებსაც ეს სანქციები დაუწესეს. მაგალითად, „ვი-თი-ბი ბანკს“, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ბანკია რუსეთში, მას პირდაპირ შეეხო როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ეს სანქციები, რომლის მიხედვითაც, მთელი მისი აქტივები დაყადაღებულია. ევროკავშირმა ასევე 90-დღიანი ვადა დაუწესა სხვა რუსულ ბანკებს და გააფრთხილა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ აღარ შეეძლებათ კრედიტების გატანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, გარდა ბანკებისა, ასევე „გაზპრომს“, „როსნეფტს“, „სიბნეფტს“ და სხვა დიდ კომპანიებსაც დაუწესა სანქციები. ამას დაემატა ისიც, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ ხოდორკოვსკის სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა მიუსაჯა რუსეთს. ესეც სანქციის ერთ-ერთი ნაწილია. ალბათ, ბევრს ახსოვს, როდესაც „იუკოსი“ 2500-ფირმიანი ჰოლდინგი იყო და ხოდორკოვსკის ეს კომპანია წაართვეს. მისი დაპატიმრების შემდეგ ჰოლდინგის ძირითადი ნავთობ-ენერგეტიკული კომპანიები და აქციები სწორედ „როსნეფტმა“ და „სიბნეფტმა“ წაიღო. აი, ამ სიტუაციის შებრუნებას ცდილობს დღეს ევროკავშირი. არადა, საინტერესო ის არის, რამდენიმე თვის წინ ხოდორკოვსკი რომ შეიწყალა რუსეთის პრეზიდენტმა და ციხიდან გამოუშვა, ყოფილი ოლიგარქი და პუტინის პირად პატიმრად არცთუ უსაფუძვლოდ მონათლული ხოდორკოვსკი, სწორედ, პუტინის მზეს იფიცებდა. გასაგებია, ეს რატომაც მოხდა, ფაქტობრივად, ხოდორკოვსკიმ თქვა, _ თავისუფლებას ვეღირსე და მე თავი დამანებეთო… მაგრამ ეს მაინც სხვა საკითხია. მთავარია სანქციები, რომელიც მეორე ეტაპისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთს ამერიკასთან თითქმის ყველანაირი ურთიერთობა გაუწყდა ვაჭრობის სფეროში და ბევრი კომპანიის აქტივები კიდევ გაიყინება.

სხვათა შორის, ეკონომიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი სანქციების გარეშეც გარდაუვალია. რამდენიმე დღის წინ  მოხსენებით გამოვიდა ერთ-ერთი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის დირექტორი, რუსი ებრაელი რაბინოვიჩი, რომელმაც საინტერესო ფაქტი დააფიქსირა: რომ მათი ინსტიტუტი ემსახურება მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებს და შექმნილი სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სანქციების გარეშეც უკვე მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკის ნგრევა. უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები, მაგალითად, ტოკიოს ბანკი, ლონდონის ბანკი, დოიჩე ბანკი და ასე შემდეგ, უკვე შეთანხმდნენ, რომ რუსულ ბანკებთან და კომპანიებთან არავითარი კომერციული ურთიერთობები არ იქონიონ. რაბინოვიჩი ამბობს, რომ მე ვიძლევი, მაქსიმუმ, 20 თვეს და რუსეთი რა პრინციპითაც დღეს ავითარებს თავის სტრატეგიას, თუ ამ პრინციპით გააგრძელებს საქმიანობას, სწორედ ამ დროის შემდეგ იქ დაიწყება შეუქცევადი პროცესები, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური კრახი.

მოკლედ, რუსეთში ეკონომიკურ კრიზისს წინასწარმეტყველებენ და ასეთი შეფასება სავსებით რეალურია. ფაქტია, რომ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობის გადახედვა ხდება და ეს ყველა ვარიანტში ცუდად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. სახაზინო ბანკმა უკვე ასახა ეს თავის საქმიანობაზე. სახაზინო ვალდებულებების გაცემა რომ ხდება 30-დღიანი, 90-დღიანი თუ 120-დღიანი ვადით, სესხის განაკვეთი 3%-დან ასწია 5-ზე, მერე 6-ზე და ახლა უკვე 8%-ზეა. ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 25%-ზეც ავიდეს და მხოლოდ ამ პირობით გასცენ სესხები. 8% ისედაც ძალიან დიდია და თუ კიდევ აწევენ, ეს სერიოზულ რყევებს გამოიწვევს რუსეთში, სადაც დღეს უკვე აქვთ პრობლემები. მაგალითად, რუსები ძალიან ცდილობენ, რომ დოლარი 40 რუბლზე შეაჩერონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. მოკლედ, ცალსახაა, რომ რუსეთის ეკონომიკაში მწვავე კრიზისი იწყება. თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი. საერთო ჯამში, თეორიულადაც თუ მივუდგებით, _ ამბობს რაბინოვიჩი, _ ერთი საათიც საკმარისია რუსეთის ეკონომიკური კოლაფსისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული ვარიანტია და ევროპა ჯერ ამისთვის მზად არ არისო. საუბარია იმ მთავარ კოზირზე, რითაც ევროპას დღემდე ემუქრებოდა რუსეთი, _ ნავთობისა და გაზის ონკანის გადაკეტვით. რაბინოვიჩის აზრით, პირიქით უნდა მოხდეს და თუ აქამდე რუსეთი ემუქრებოდა ევროპას, დღეს თვითონ ევროპამ უნდა გადაკეტოს ეს ონკანი, მაგრამ ამ წუთისთვის კიდევ არ არის მზად. ანუ, პრაქტიკულად, ევროპას დღეს კიდევ არ შეუძლია, ასე მომენტალურად წავიდეს მსგავს ცვლილებაზე, მაგრამ თეორიულად ეს ძალიანაც შესაძლებელიაო, _ ამბობს რაბინოვიჩი.

საინტერესო ისიცაა, რომ ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთი სხვა ზომების მიღებასაც აპირებს. ვრცელდება ინფორმაცია ობამას გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის სამხედრო ძალით დახმარების თაობაზე. ეს კი უკვე მართლა სერიოზული განცხადებაა, თუმცა საინტერესოა, რა სახის დახმარება იგულისხმება? სამხედრო ექსპერტების აზრით, აქ საუბარია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და რამდენიმე სენატორმა წინადადება წამოაყენეს კონგრესში _ დახმარება გაუწიონ უკრაინას სამხედრო ინსტრუქტორებით. ამ წინადადების მიხედვით, ჯერ უნდა შეიყვანონ ინსტრუქტორების ერთი ნაწილი და დროებითი ბაზა მოაწყონ უკრაინაში, ამის გარდა, საუბარია თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდების თაობაზე და ყველაზე საინტერესოც: რადგანაც აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მთავარი მოკავშირე პოლონეთია, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთის არმია უკრაინას დაეხმაროს. იგივეს გაკეთებას აპირებს, როგორც ეტყობა, მოლდოვაც, რომელიც უკვე ღიად იმუქრება.

ერთი სიტყვით, სულაც არ არის ისე, როგორც ძლევამოსილ პუტინს სურს, იყოს. ის აშკარად წამგებიან თამაშს თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასე ჩანს და პოლიტოლოგების აზრით, როგორც კი დონბასის საკითხი გადაწყდება, მომენტალურად დაიწყება ყირიმზე საუბარი. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, რუსეთი აქაც კრახისთვისაა განწირული.  მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს, მიზანმიმართულად ხდება  ტერორისტებისგან აღმოსავლეთ უკრაინის განთავისუფლება. კრამატორსკი და შახტარსკი წაიღეს სამთავრობო ჯარებმა,  ხდება ტერორისტების შევიწროება. რაც შეეხება ნელ ტემპებს, აქ ერთი საინტერესო მომენტია _ უკრაინის ახალი ხელისუფლება, ჯერ კიდევ, ვერ არის ჩამოყალიბებული, როგორც ერთიანი გუნდი. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. იაცენიუკი რომ გადადგა და კლიჩკო უმრავლესობიდან გავიდა, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებაში არსებობს. შეიარაღებული სტრუქტურები _ ეროვნული გვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ მოხალისეთა რაზმები ცალ-ცალკე მოქმედებენ. როგორც ჩანს, მართლა კლანები მართავენ ამ ძალებს, ამიტომ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება ვერ ხდება. შესაბამისად, უკრაინის ახალ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, სერიოზული პრობლემები აქვს. პრინციპში, ეს გასაგებიც არის _ მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, სულის მოთქმის საშუალებაც არ ჰქონდა, პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში ამოჰყო თავი. თუმცა უკრაინას დღეს პოლონეთი უდგას გვერდით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საყრდენი, სტრატეგიული მოკავშირე და სერიოზული სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოა. ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც, თავის დროზე, საკუთარ თავზე იწვნიეს რუსული ჩექმის ძალა, ისინი არიან მოწადინებული, რომ რუსეთს არაფერი დაუთმონ.

ყველა ეს ფაქტორი სერიოზულად განაწყობს დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ,  რამაც მოცემულობა შეცვალა უკვე რუსეთის შიგნით. აქ სიტუაციას ისე ვერ გავაანალიზებთ, თუ ერთ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შთამბეჭდავი რაოდენობით არიან წარმოდგენილი რუსი მილიარდერები და მულტიმილიონრები. ეს არის მდიდართა ის კასტა, რომელმაც თავისი აუარება ქონება საბჭოთა კავშირის დროს დააგროვა და დღეს თავის ფინანსებს ამუშავებს მთელ მსოფლიოში. ამ ფენისთვის მიუღებელია რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია. ამ ფენისთვის ასევე მიუღებელია რუსეთის მიერ ნაწარმოები ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც აუცილებლად მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ეს კი ოლიგარქების გეგმაში არ შედის _ ფული და ქონება მაშინაა კარგი, როცა მისით ტკბობა და სიამოვნების მიღება შეგიძლია, ომში კი ფულით ვერ დატკბები, ასეთი ფული გინდ გქონია და გინდ _ არა. ევგენი პრიმაკოვი  ბოლო ორი თვის განმავლობაში ოთხჯერ აკეთებს ძალიან სერიოზულ განცხადებას, რომელიც, პრაქტიკულად, ანტიპუტინური განცხადებებია. შეგახსენებთ, რომ ეს კაცი _ ევგენი პრიმაკოვი _ არის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და რუსი ოლიგარქების ლობი საზღვარგარეთ. ასევე არის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ფიგურა რუსეთის სივრცეში და კრემლშიც მის სიტყვას უდიდესი წონა აქვს. პრიმაკოვის გარდა, ყველა ის ოლიგარქი, ვის მხრებზეც პუტინი დგას, გაჩუმებულია და არავინ ხმას არ იღებს. ჟირინოვსკის გამოსვლაც გოსდუმაში, პუტინს ყველაფერი რომ დაახურა თავზე, მთლიანობაში მიანიშნებს, რომ, საშუალოდ, ექვსი თვის თავზე, სპეციალისტები ოლიგარქიულ გადატრიალებასაც არ გამორიცხავენ, რის შემდეგაც კრემლში მოვა ახალი მმართველი, რომელიც ცალსახად იქნება ოლიგარქიული წრის წარმომადგენელი და რომელსაც ექნება დასავლეთთან უფრო ლიბერალური მიდგომა. დღეს პუტინს აქვს ორი გზა: საბოლოოდ ორივე დამღუპველია მისთვის, მაგრამ ცუდსა და უარესს შორის აქვს ასარჩევი. ერთია ის, რომ წავიდეს ხელისუფლებიდან და კარიერა ამით დაამთავროს. მეორეა, რომ მთელი ძალებით შეუტიოს დანარჩენ მსოფლიოს და რუსეთი ჩაითრიოს იმ საშინელებათა ორმოში, რასაც ომი ჰქვია. საბოლოოდ, ეს, შეიძლება, რუსეთის სახელმწიფოს კატასტროფად ექცეს და არც სხვებს მოუტანს დიდ სიკეთეს.

ჩვენ რა როლი გვაქვს განკუთვნილი ამ თამაშში? სხვათა შორის, არსებობს ვარაუდი, რომ თუკი რუსეთი პოზიციებს საბოლოოდ დათმობს უკრაინაში, კრემლი შეეცდება საკუთარი თავის რეაბილიტაციას კავკასიაში. ისეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ შესაძლოა ერთგვარი გარიგებაც კი მოხდეს და უკრაინის სანაცვლოდ რუსეთს საქართველო და აზერბაიჯანი დაუთმონ. თუმცა ეს მხოლოდ სკეპტიკური ვარაუდები უფროა. პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს, უკრაინაში წაგებული საქართველოში ამოქაჩოს, მას ამის რესურსი აღარ აქვს. უკრაინაში რუსეთს სანქციებით თუ დაუპირისპირდნენ, ის რომ შემოვიდეს კავკასიაში, მაშინ ნატო უკვე პირდაპირ სამხედრო ძალით დაუპირისპირდება. ამ მოცემულობით გამორიცხულია რუსეთის მორიგი აგრესია სამხრეთ კავკასიაში. პუტინს ამის შანსიც აღარ გააჩნია, ანუ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად რუსეთს სამხედრო ძალებიც დაუპირისპირდება, იმიტომ რომ თუ რუსეთმა წაიღო კავკასია თავიდან ბოლომდე, ეს იქნება პირდაპირ ნატოსთვის გამოცხადებული ომი. საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიძლება მეათეხარისხოვანიცაა ნატოსთვის, მაგრამ ლაპარაკია ტერიტორიაზე, სადაც გადის ენერგეტიკული ქსელები, რომლითაც ევროპა მარაგდება. თუ დასავლეთი რუსეთს უწესებს სანქციებს ენერგოსფეროში, ამ ენერგოსფეროს რაღაც ნაწილი საქართველოშიც არის და თუ ამ ნაწილს რუსეთი წაიღებს, მაშინ ევროპა ყოფილა სრულ კატასტროფაში.

ჩვენი საგარეო უწყებები აშკარად მოისუსტებს. საუბარია იმაზე, რომ თუკი დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია უკრაინის პროცესებისადმი, ამ მსოფლიოს ყოველ წუთს უნდა შევახსენოთ, რომ უკრაინა აფხაზეთისა და ცხინვალის გაგრძელებაა და თუ ბრძოლა იმისთვისაა, რომ რუსეთმა უკრაინაში სეპარატისტული ამბიციები უნდა დათმოს, ასევე უნდა დათმოს ის საქართველოშიც. ყველგან ერთ სიბრტყეში უნდა იყოს განხილული სეპარატიზმის დაგმობა. თუ უკრაინაში ხდება ის, რომ რუსეთი არის სეპარატიზმის მხარდამჭერი, იმ სეპარატიზმის მხარდაჭერის კონტექსტში აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც უნდა განიხილონ. მაშინ ჩვენ გვიჩნდება თეორიული შანსი, რომ რუსეთის ახალი ხელისუფლების პირობებში შეიძლება უკან წაიღონ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების დოკუმენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და „ოსეთი“ მაშინვე ჩვენს შემადგენლობაში შემოვა, მაგრამ თუ ეს აღიარება წაიღეს და იქ დასავლეთი შემოვა, როგორც მშვიდობისმყოფელი, გვიჩნდება ძალიან დიდი შანსი, რომ პროცესი დაიძრას ადგილიდან და ფინიში ჩვენთვის სასიკეთო იყოს. სანაცვლოდ კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის არის საჭირო, რომ რუსეთის მიერ საქართველოში მიტაცებული ტერიტორიების საკითხმა აქტუალობა არ დაკარგოს.

დავით დევიძე