ასლან აბაშიძე – „ჩვენ რომ სახელმწიფო გვერქვას, არხეინად არ უნდა გვეძინოს!“

1

აჭარაში გასულ წლებში თურქი ეროვნების მოქალაქეთა მასობრივმა შემოდინებამ, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამ და რიცხობრივმა (დაახლოებით 70 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული თურქი, არაოფიციალურად კი _ 120-140 ათასი) რაოდენობამ მაშინვე გააჩინა ეჭვი იმისა, რომ მთელ ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდაჭერა არცთუ შემთხვევითი, მეტიც, წინასწარ განზრახული ნელი მოქმედების ნაღმის ასამუშავებლად იყო გამიზნული და „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში სტატია: „ყარსის ხელშეკრულება, როგორც დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე“, _ სწორედ ამ საფრთხეებს მიეძღვნა!..

როგორც დაგპირდით, ყარსის ხელშეკრულების ლაბირინთებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ საერთაშორისო სამართლის პროფესორის, ასლან აბაშიძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც, სხვათა შორის, ყარსის ხელშეკრულების ვერაგულ საფრთხეებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან წერდა თავის წიგნში „ადჟარია“, რომელიც 1998 წელს დაისტამბა.

_ ბატონო ასლან, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და მოდით, პირდაპირ გკითხავთ, _ რატომ ხდება ყარსის ხელშეკრულების დოკუმენტი კვლავაც აქტუალური და აჭარაში თურქთა მასობრივმა შემოდინებამ რა პროცესები შეიძლება დააჩქაროს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ასეთი დაძაბული, მეტიც, ომების წინაპირობებია შექმნილი?

_ მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩემდამი გამოჩენილი ყურადღების გამო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, _ რამდენად აქტუალური შეიძლება გახდეს ყარსის ხელშეკრულებაო? მოგახსენებთ, რომ ის აქტუალური შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს, რადგან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის ერთგვარი ულტიმატუმის ფონზე, 1992 წელს, ყარსის ხელშეკრულებას უვადოდ არსებობის ხანგრძლივობის სრული გარანტია საკუთარი ხელმოწერით დაუდასტურა!.. ეს იყო ძალიან დინჯი, რბილად რომ ვთქვა, შეცდომა, მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და დღეს რომ კვლავ ყარსის ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, სწორედ იმ პერიოდის ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მთლიანად ხელისუფლების ბრალია!..

საქართველოს პოლიტელიტას შესანიშნავად უნდა ახსოვდეს ეს პერიოდი და ისიც უნდა ახსოვდეს, რომ როცა საქართველო თურქეთთან ძმობის, მეზობლობისა და ათასი თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მიდიოდა, სულეიმან დემირელმა პირდაპირ უთხრა შევარდნაძეს: „თუ აღიარებ ვალდებულებას, რაც წერია ყარსის ხელშეკრულებაში, მაშინ მოვაწეროთ ხელი ყველანაირ თანამშრომლობას, თუ არადა, არაო“… ანუ ყარსის ხელშეკრულება, როგორც იურიდიული დოკუმენტი, კვლავაც სცანი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგიწერ ხელს, რაზეც გინდაო…

თუმცა ვიდრე შევარდნაძე ხელახალ სიცოცხლეს შესძენდა ამ ხელშეკრულებას, იქამდე ბათუმში საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ 1918 წლის 4 ივნისს თურქეთს ერთობ წამგებიანი ხელშეკრულება დაუდო, სადაც ერთ-ერთ დანართში ვკითხულობთ, რომ: თუკი საქართველოში მუსლიმების მუფთს აირჩევენ, ეს უნდა შეთანხმდეს თურქეთის მუფთთან, თორემ, სხვაგვარად, თუნდაც აჭარაში არჩეული მუფთი ვერ გახდება სრულუფლებიანი სასულიერო პირი ამა თუ იმ საკითხების გადაჭრაშიო, გესმით?!. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოდიან და რუსეთ-თურქეთს შორის 1921 წლის 16 ოქტომბრის ცნობილი ხელშეკრულება ფორმდება, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ მაისში თურქეთს იქვე ულტიმატუმს უყენებს _ თურქეთმა დაუთმოს საქართველოს ბათუმის პორტზე დაწესებული სუზერენიტეტი და შეიქმნას ფართო ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში. ამის შემდეგ, 1945 წელს, სტალინს უნდოდა, თურქეთის მიერ მიტაცებული საქართველოს ტერიტორიების უკან დაბრუნება მოეთხოვა თურქეთისთვის. პოტსდამში ეს თემა წამოწია კიდეც სტალინმა, მაგრამ უკვე 1953 წელს ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ხრუშჩოვი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ რუსეთს თურქეთთან, ტერიტორიების თვალსაზრისით, პრეტენზია არ გვაქვსო… მაგრამ მინდა, ყარსის ხელშეკრულებაში ჩაწერილ მეტად მნიშვნელოვან ციტატაზე მივაპყრო თქვენი ყურადღება. კერძოდ, _ ყარსის ხელშეკრულების მოთხოვნით ფართო ავტონომია გულისხმობს და ითვალისწინებს იმას, რომ საადგილმამულო, ანუ მიწის კანონი ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა იყოს მოქმედებაში!.. ახლა რომ მიწის საერთო კანონით ეძლევა ყველას ათასი საზიზღრობის, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივი სარგებლობის უფლება და ვგულისხმობ შემოსულ, ასევე ათასი ჯურის ე. წ. ინვესტორს, რომლებიც თავიანთი სარგებლობისთვის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად აშენებენ ჰესებს, რაღაცა საერთო პროექტებით შემოდიან და ა. შ., აქ განსაკუთრებულად სწორედ ყარსის ხელშეკრულებაში ჩაწერილი ვალდებულებით უნდა ხდებოდეს მიწის საკითხის გადაწყვეტა. თუ მოსახლეობას არ სურს სადმე რაიმე აშენდეს, არც უნდა აშენდეს კიდეც, გამიგეთ?!.

ახლა ამბობენ, რომ ყარსის ხელშეკრულება კომუნისტების დროინდელი დრომოჭმული ხელშეკრულებაა და მასში ჩაწერილი ესა თუ ის საკითხი საბჭოთა კავშირის შემდეგ არაფერს ნიშნავს და შეიძლება გავაუქმოთო… თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, 1992 წელს, სულეიმან დემირელის ულტიმატუმით, საქართველომ ყარსის ხელშეკრულება უვადოდ ცნო და ხელმოწერილი დოკუმენტის პრიამბულაში ვკითხულობთ: „საქართველო და თურქეთი ცნობენ ხელშეკრულებას დაწყებული ყარსის ხელშეკრულებიდან“, რაც იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის ენაზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ყარსის ხელშეკრულების გაგრძელებას!..

ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამბობენ, რომ 2004-2005 წლების პარლამენტს ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია განუზრახავს, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაა, რომელსაც საერთაშორისო სამართალი ვენის კონვენციის სახელით იცნობს და რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების უფლებების კუთხით მოქმედებს!..

ვენის კონვენციის მიხედვით, გაამახვილეთ ყურადღება ციტატაზე: „სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს (დენონსაცია გაუკეთოს) ნებისმიერი ხელშეკრულებიდან, მაგრამ არ შეუძლია გამოვიდეს ისეთი ხელშეკრულებიდან, სადაც ფიქსირდება საზღვრები!..“ ახლა ავიღოთ იგივე ყარსის ხელშეკრულება და ვნახოთ, რა წერია მასში?.. ამ ხელშეკრულებით დანარჩენი მხარეები, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუსეთი ჯერ თურქებს უფიქსირებენ ტერიტორიას, შემდეგ კი საქართველოს რომელი მხრიდან შემოდის საქართველოს შემადგენლობაში ბათუმის ოლქი, ანუ ეს არის თურქეთსა და საქართველოს შორის დაფიქსირებული პოლიტიკური საზღვარი და მისი დენონსაცია საერთაშორისო სამართლით ვერ მოხდება!.. როდის გამოიყენებენ ამ ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ, არ ვიცით და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობდა რუსეთი და რუსეთს ჯერ ეს თემები არ წამოუწევია, მაშინ, მისი სურვილის შემთხვევაში, თურქეთთან ერთად, როცა ნებავთ, წამოწევენ და ადვილი საპროგნოზოა, რა პროცესები შეიძლება მივიღოთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით!..

_ თქვენ ბრძანეთ, რომ თუ თურქეთსა და რუსეთს მოესურვებათო…

_ დიახ, თუ ისურვებენ და შეთანხმდებიან, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენმა მხარემ მაშინ, როცა ახალ ვითარებაში ცნო ყარსის ხელშეკრულება და ეს მოხდა 1992 წელს, უკვე მაშინვე გაჩნდა საფრთხეები იმისა, რომ შესაძლოა მავანთა პოლიტიკური ამბიციების სამიზნე გამხდარიყო საქართველოს ეს მონაკვეთი, რომელსაც აჭარა ჰქვია!..

ქართულ მხარეს რომ საერთაშორისო კონვენციების სიკეთით 1992 წელს ესარგებლა, მაშინ არანაირი პრობლემა ყარსის ხელშეკრულებით არ დაგვემუქრებოდა, რადგან დაიშალა საბჭოთა კავშირი, მისი კანონმემკვიდრეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან იურიდიულად არაფერ შუაში არ იქნებოდა და ამ ხელშეკრულების დენონსაცია, იგივე საერთაშორისო სამართლით, სრულიად შესაძლებელი გახდებოდა!.. მაგრამ შენ რომ 1992 წელს, მაშინ, როცა ამ ხელშეკრულებას ვადა უკვე გასდიოდა და ახალ ვითარებაში სცანი მისი იურიდიული არსებობა, უკვე აღარაფრის უფლება აღარ გაქვს, გამიგე?!.

დღეს ჩვენს რეგიონში _ საერთაშორისო გლობალური თვალსაზრისით _ ურთულესი ვითარებაა და თუ გავიხსენებთ აგერ, ახლა მომხდარ ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს, მაშინ აუცილებლად უნდა განვიხილოთ რუსეთ-თურქეთის შეთანხმებული პოლიტიკური მოქმედებების შედეგები, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთსა და თურქეთს ყოველთვის შეეძლოთ ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთდაბალანსებული პოლიტიკური კავშირი ერთმანეთთან და ეს მალევე გამოიხატა იმით, რომ დღეს სიმფეროპოლიდან ანკარა-ინსტამბულში საჰაერო მიმოსვლები სრულდება, ხოლო თურქეთის ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად კი პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, _ თურქული მხარე იფიქრებს საბაჟო კავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებითო!.. მისი მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებასაც აქვს თავისი მიზეზი და ამის მიზეზი არის ის, რომ თურქეთი ევროკავშირში შესვლას რამდენიმე ათეული წელია, უშედეგოდ ელოდება და ამ დროს მის გვერდით ყაზახეთი, უფრო იქით კი ბელარუსი და სხვა ქვეყნები ეკონომიკურად მომგებიან ახალ კავშირს ქმნიან, ერთიანდებიან მათში და ამით დიდ სარგებელს ელოდებიან თავიანთი სახელმწიფოებისთვის. ანუ გეოპოლიტიკურ დონეზე აზროვნებს თურქეთი და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს და გითხრას: აჭარაში ჩემთან დადებული ყარსის ხელშეკრულებით ყველაფერი არასწორად კეთდება, მათ შორის, მითითებული ფართო ავტონომია და რელიგიური ნიუანსები არასწორად არის შესრულებული. მოგიყვანს მაგალითს, რომ დე იურე აფხაზეთის აბსოლუტურად უფუნქციო ავტონომიას 7 სამინისტრო აქვს, აჭარას კი მხოლოდ 3, დაგიდებს წინ ბუტაფორიად ქცეულ ყარსში ჩაწერილ რელიგიასთან დაკავშირებულ მომენტებსაც, იმასაც გეტყვის და ამასაც _ ამ მდგომარეობით ჩემთან დადებული ხელშეკრულება დამირღვიეთო!.. განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თურქეთი ყოველთვის _ გუშინაც და გუშინწინაც _ ითხოვდა იმ დაზარალებული თურქებისთვის კომპენსაციების გაცემას, რომლებიც აქ 1921 წლამდე ცხოვრობდნენ, ჰქონდათ როგორც მიწები, ასევე შენობები, მაგრამ წაართვეს და მატერიალური კომპენსაცია მათთვის არავის გაუკეთებია, ანუ რომლებმაც მიწა ან ქონება დაკარგეს და დე ფაქტო ჩვენ რომ კიდევ არ ვიცით, რამდენი საბუთია შენახული არქივებში, ნებისმიერ დროს _ საერთაშორისო სასამართლომდე თუ მივიდა საქმე _ მოგ-ვი-გე-ბენ!!!

თქვენ როგორ გგონიათ, ბათუმში  აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წამოწევა შემთხვევითი იყო?!. დამერწმუნეთ, ასე მხოლოდ გულუბრყვილოები ფიქრობენ, მაგრამ, სინამდვილეში, ამ თემის მანიპულირებით თურქებმა, უპირველესად, იმ მიწაზე, რომელზეც აზიზიეს მეჩეთი იდგა, გააკეთა აქცენტირება და გითხრა, _ ჩემიაო და ამის აფიშირება მოახდინა!!!

კიდევ რომელ შენობა-ნაგებობებზე და მიწებზე გაუჩნდება პრეტენზია თურქეთს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, რადგან არ ვიცით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რა ქონება მიეყიდა ამა თუ იმ ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტორებს.

_ ბატონო ასლან, თქვენ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის მხოლოდ მცირე დეტალებს შეეხეთ, მაგრამ ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც მე, აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, _ თუკი რუსეთ-თურქეთი აჭარაშიც მოინდომებს პოლიტიკური კარტების გათამაშებას, რა პერსპექტივა გვაქვს თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით? ხომ ცნობილია, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე ისტორიულად თურქეთს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქეთმა, ფაქტობრივად, უსიტყვოდ გადასცა იგი რუსეთს?!.

_ მართალი ბრძანდებით, თურქეთს ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, პირიქით კი მოხდა და, როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთთან ერთად დაიწყო ახალი გეოპოლიტიკური თამაში, როგორც საბაჟო კავშირის ფარგლებში, ისე ეკონომიკური და ფართო სავაჭრო საკითხების კუთხით!.. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე თურქეთმა ევროპას კვიპროსის ნახევარკუნძული შუაზე გაუყო _ მაშინ ვის აქვს გარანტია იმისა, რომ ნატოში გასაწევრიანებლად გამზადებული საქართველო, რომელსაც რუსეთი თავის გავლენის სფეროებიდან დაკარგავს, თურქეთთან არ შეთანხმდეს და არ უთხრას, _ მიდი, რაც შენი წასაღებია, წაიღე, მე ხელს არაფერში შეგიშლიო?!! ანუ, ჯერ კიდევ, 1921 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1992 წლამდე და შემდეგაც უვადოდ, ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთს ჩვენთან ბევრი მიზეზი აქვს თავისი ტერიტორიული ამბიციების დაკმაყოფილების კუთხით და ჩვენ რომ სახელმწიფო გვერქვას, არხეინად კი არ უნდა გვეძინოს, არამედ ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უნდა ვუკიჟინებდეთ: გაინძერით, იმოქმედეთ და ეს საფრთხეები დღის წესრიგიდან მოხსენითო!!!

ახლა, მოდით, ვთქვათ, რა არის სახელმწიფო?..

მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო სამართალმა იცის, რომ მარტო ჰიმნი, დროშა და გერბი სახელმწიფოს არ წარმოადგენს, როგორც ეს სააკაშვილს ჰგონია, რადგან საერთაშორისო სამართლით, სახელმწიფო, უპირველესად, შემოსაზღვრული, საერთაშორისოდ აღიარებული, წითელი ხაზებით შემოვლებული ტერიტორიაა და ისეთი ფართობი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს ეძახიან. საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველო ვერაფრით ჩაითვლება სახელმწიფოდ, რადგან, სინამდვილეში, არ გააჩნია უმთავრესი რამ, _ არ გვაქვს არც ერთი პოლიტიკური საზღვარი დაფიქსირებული არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან!.. შეეკითხეთ ქვეყნის მთავარ დიპლომატს, მაია ფანჯიკიძეს, ან ჰკითხეთ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, _ ქვეყნის პოლიტიკური საზღვრების საკითხს რატომ არ აყენებენ და არ აყენებდნენ უპირველესად პრიორიტეტულ საკითხთა შორის?!. იქნებ, ისიც ჰკითხოთ, სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, იქნებ, დაგვიკონკრეტონ?!! იქნებ, ისიც დააკონკრეტონ, რატომ აჭიანურებენ უმთავრესი პრობლემის _ საზღვრების დაკანონების საკითხის გადაჭრას და საერთოდ, ხომ შეიძლება, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ პროცესებში ამგვარი მიდგომებით „უსაზღვრო საქართველო“ კვლავაც არაერთი ქვეყნის გასაგლეჯი გახდეს?!.

ზეპირი საუბრები, ამბასადორიალები, ვიზიტები საზღვარგარეთ _ ევროპასა და ამერიკაში, მხოლოდ ანტურაჟია, უფრო სწორად, მირაჟია იმისა, რომ თითქოს რაღაც კეთდება, მაგრამ, სინამდვილეში, ლაყბობაში გაჰყავთ დრო და მეტი არაფერი!!!

აი, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ზუსტად ამავე რთულ გეოპოლიტიკურ დროში თავისი ქვეყნის ფარგლები იმავე ამბასადორიალების ფარგლებში არა მხოლოდ რუსეთთან, ჩინეთთანაც კი მოაგვარა, შემოხაზა და ხელშეკრულებებით განამტკიცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანისთვის პატრიოტიზმი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ანუ ჩვენში პატრიოტიზმი ისე ესმით, როგორც ესმით და ეს არა მხოლოდ სამწუხარო, არამედ ძალიან საგანგაშოა!!!

სულ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით გამოვიდა სააკაშვილი და დაგვმოძღვრა, _ მე ქართული სახელმწიფო შევქმენიო! მაგრამ არავინ ეკითხება მას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არც პოლიტიკოსები, რომელ პოლიტიკურ საზღვრებში შექმნა მან ქართული სახელმწიფო და რომელი ხელშეკრულებებითაა განმტკიცებული იგი?!!

_ რა არის თქვენი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით?..

_ ყველა ადევნებს თვალყურს, როგორი დრამატული მოვლენები ვითარდება თითქმის მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი სახელმწიფო კი ამ სიტუაციებში თავისი სარგებლისთვის ირჯება, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენზე… თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ არათუ არავინ დაგველაპარაკება, საერთოდ მიგვატოვებენ და ვიქნებით უპატრონოდ დაგდებული ქვეყანა…

_ მერე, ჩვენც ხომ ეგ გვინდა მეტი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით?..

_ არა, ჩემო კარგო, უპატრონოდ დაგდებულს ან ვიღაც იღებს, ან ექცევა ისე, როგორც თვითონ გაეხარდება და ეს არის ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემართოს!..

ირინე გოგოსაშვილი