ციანიდის საქმის უცნობი დეტალები

„ციანიდის საქმეზე“ ბევრი ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, დაპატიმრებული მღვდელმსამხურის საქმეში ახალი თითქოს აღარაფერია, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, თვის ბოლოს აღნიშნული საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპული სასამართლო, ქართულისგან განსხვავებით, გიორგი მამალაძის უდანაშაულობას დაადასტურებს და ყველა, ვინც „ციანიდის აფერა“ შეკერა, სათანადოდ დაისჯება.

სხვათა შორის, ადვოკატი რამიშვილი „ქრონიკა+“-თან საუბრისას „ციანიდის სკანდალის“ კონტექსტში იუსტიციის მინისტრს პირველად ახსენებს და ასევე გარკვეულ ინტიმურ მინიშნებასაც აკეთებს, ანუ ადვოკატი ამბობს, რომ დატუსაღებულმა მამა გიორგიმ ბევრი რამ იცის და დადგება დრო, როცა ყველაფერს მოყვება:

_ მიშიკო, თავის დროზე, ანუ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყავი?
_ არა, თუმცა არჩევნების დროს იმედიანად ვიყავი, რომ ჭაობში არ აღმოვჩნდებოდით.
_ ამის იმედი რატომ გქონდა?
_ რატომ და, _ ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომ ჩავთვალე, არ შეიძლება, ადამიანი ამხელა ქონების პატრონია და ტყუილად ამბობდეს-მეთქი.
_ ანუ გეგონა, რომ ივანიშვილი დაპირებებს შეასრულებდა?
_ დიახ, მის კადრებსაც გადავხედე. საერთოდ, კადრები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს…
_ ამას ჯერ კიდევ სტალინი ამბობდა…
_ ჰოდა, აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა, რომ ცოტა სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრებდით.
_ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი უსამართლობა, რომელიც ე. წ. ციანიდის საქმემდე თვალში მოგხვდა, რა იყო?
_ „ციანიდის საქმემ“ ყველაფერი დააგვირგვინა, ანუ წინასაარჩევნო პერიოდმა რომ ჩაიარა და ხალხმა ნდობა გამოუცხადა, მოსახლეობასთან აბსოლუტურად ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. ამასთან, დაპირება, რომ ყველაფერი გაიაფდებოდა და ხალხს ცხოვრების შესაძლებლობა ექნებოდა, გაქრა და ყველაფერი უკუღმა წავიდა. ამას კოჰაბიტაციაც დაემატა და ეს უკვე გარკვეული მინიშნება იყო, რომ „ვაის“ გავეყარეთ და „უის“ შევეყარეთ.
_ „ციანიდის სკანდალამდე“ უსამართლობის მსხვერპლი ადამიანები დასახმარებლად მოგმართავდნენ?
_ იცი, როგორ იყო? ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულოები იყვნენ და დამნაშავეებად იყვნენ ცნობილები, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაფერი შეხებიათ…
_ ლამის ორი წელია, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეშია… დღევანდელი გადასახედიდან, „ციანიდის სკანდალი“ ვის სჭირდებოდა?
_ ვის და, _ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, საპატრიარქოს ადმინისტრაციასა და გარკვეულ სასულირო პირებს.
_ ამ სკანდალის მიზანი რა იყო?
_ მიზანი მხოლოდ ფინანსური ინტერესი იყო და მეტი არაფერი!
_ ფინანსური ინეტრესები ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამხელა სკანდალად უღირდათ?
_ იცი, რა ხდება? _ მაგათ ერთი ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდათ.
_ კერძოდ?
_ საერთოდ, რაღაც გადაწყვეტილებას რომ იღებ, ისე უნდა შეფუთო, სკანდალი არ მიიღო, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე უარესისკენ წავიდნენ…
მამა გიორგი წმინდა სინოდის წევრთა წინაშე ასაჯაროებდა, ქონებასთან დაკავშირებით საერო მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების რა კორუფციული ინტერესები არსებობდა. სწორედ ეს უშლიდათ ხელს და მამა გიორგის დაჭერა სხვებისთვის მინიშნება იყო, _ როგორც კი ჩვენ წინააღმდეგ წახვალთ, აი, ასე დაისჯებითო, თორემ თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს სიმართლე არ იყო!
_ ე. ი., დეკანოზი მამალაძე მთავრობის წევრებსა და სასულიერო პირებს კორუფციულ გარიგებებში უშლიდა ხელს?
_ კი ბატონო, კი ბატონო… მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან…
_ იუსტიციის მინისტრთან მჭიდრო ურთიერთობა ვის ჰქონდა?
_ მამა გიორგის.
_ და ეს მჭიდრო ურთიერთობა როდის ჰქონდა?
_ როცა ქონების მართვის სამსხურის უფროსად დაინიშნა.
_ საუბარი იქითკენ მიგყავს, რომ „ციანიდის საქმეში“ თეა წულუკიანიც არის გარეული?
_ ყოველ შემთხვევაში, მამა გიორგის აქტივობა ბევრ ადამიანს არ ესიამოვნა. მანამდე ყველაფერ ამას განაგებდა ჩემთვის უსახელო, მათთვის კი მეუფე იაკობი. პატრიარქმა მამა გიორგის სპეციალურად სთხოვა, მეუფე იაკობს ქონებრივი საკითხები გამოვუყავი და მინდა, ბოლომდე შესწავლილი იყოს, სად მიდის და ყველაფერი მიზანმიმართულად იხარჯება თუ არაო.
_ პატრიარქს ეჭვი გაუჩნდა, რომ საპატრიარქოს ქონება არამიზნობრივად იხარჯებოდა და გიორგი მამალაძეს დახმარება სთხოვა?
_ კი ბატონო, ასე გამოდის…
ოთხი თვის განმავლობაში მამა გიორგიმ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა და ოთხჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე გაეტანა, მაგრამ ოთხივეჯერ დაუბლოკეს.
_ უწმინდესმა გიორგი მამალაძის ქონებრივი სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო?
_ რა თქმა უნდა.
_ თუ პატრიარქი შორენასა და მღვდელმთავრების ტყვეობაში იყო, ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად როგორ მიიღო?
_ ტყვეობას ვერ დავარქმევ, რადგან მაშინ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი იყო და პატრიარქი ბოლომდე იზოლაციაში არ ჰყოლიათ.
სხვათა შორის, როგორც კი ციანიდის ამბავი დაიწყო, პირველი სოსო ოხანაშვილი და აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი „გავიდა“, რომელიც 15 წლის განმავლობაში პატრიარქის პირად დაცვაში იყო.
_ ეს ადამიანები საკუთარი ნებით „გავიდნენ“ თუ აიძულეს, რომ „გასულიყვნენ“?
_ როგორც მე ვიცი, სოსო ოხანაშვილს თვითონ პატრიარქმაც ურჩია, რომ „გასულიყო“.
_ რატომ? მამალაძის მსგავსად საფრთხე ოხანაშვილსაც ემუქრებოდა?
_ არ ვიცი, ამაზე გამოძიება არ მიწარმოებია და ჩემთვის უცნობია.
_ შეიძლება, გამოძიება არ გიწარმოებია, მაგრამ ოხანაშვილის „გასვლასა“ და პატრიარქის რჩევაზე დეკანოზი მამალაძე რას ამბობს?
_ ეს შეთითხნილი საქმე მხოლოდ მამა გიორგის კი არა, ყველას თანმიმდევრულად მოიცავდა.
_ ცალკეულ მაღალჩინოსნებსა და სასულიერო პირებს ნერვებს სულ რამდენი ადამიანი უშლიდა?
_ მამა გიორგი, სოსო ოხანაშვილი თავისი დაცვით… პატრიარქთან 24-საათიანი ურთიერთობა სოსო ოხანაშვილს ჰქონდა…
_ მიშიკო, აქამდე „ციანიდის სკანდალის“ კონტექსტში თეა წულუკიანი არ გიხსენებია, დღეს კი იუსტციის მინისტრზე არ მგონია, რომ შემთხვევით გააკეთე მახვილი…
_ მას მერე, რაც მამა გიორგი ზემოხსენებულ თანამდებობაზე დაინიშნა და ქონებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაუჩნდა, იუსტიციის მინისტრს მიმართა, ესა და ეს ქონება ამა და ამ მეუფის სახელზე როგორ და რის საფუძველზე მოხვდაო?..
_ დეკანოზმა მამალაძემ იუსტიციის მინისტრს ოფიციალურად მიმართა?
_ დიახ.
_ იუსტიციის მინისტრმა რა უპასუხა?
_ მოვიდა ინფორმაცია, რომელი ქონება რომელ მეუფეს ეკუთვნოდა. ამაზე „რუსთავი 2“-მაც გააკეთა გადაცემა… მამა გიორგის პატრიარქისგან ვალდებულება ჰქონდა, რომ ქონების თაობაზე სრული ინფორმაცია მოეპოვებინა…
_ მოკლედ, თუ „ციანიდის საქმეზე“ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, ცუდ კონტექსტში, შესაძლოა, წულუკიანიც გამოჩნდეს?
_ წულუკიანი, უბრალოდ, ის მაღალჩინოსანია, რომელსაც ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს _ საჯარო რეესტრი მის დაქვემდებარებაშია.
_ გასაგებია… თუ გიორგი მამალაძე სასულიერო თუ საერო მაღალჩინოსნებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მისი გაჩუმება და მოცილება სხვანაირადაც შეიძლებოდა _ დააშინებდნენ…
_ იცოდნენ, რომ დაშინება მამა გიორგიზე არ გაჭრიდა.
_ დაშინების მცდელობა იყო?
_ ყოველ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, წინააღმდეგობები არსებობდა.
_ ე. ი., მამა გიორგის აფრთხილებდნენ, რომ გაჩერებულიყო?
_ დაიბარეს…
_ ვინ დაიბარა?
_ შორენამ, იაკობმა და მკაცრად მოსთხოვეს, საჭირო არ არის, რომ ყველაფერი ეს პატრიარქის ყურამდე მივიდეს, ეს ინფორმაცია ჩვენ უნდა მოგვაწოდოო. მამა გიორგიმ უთხრა, _ მე ვალდებული პატრიარქის წინაშე ვარო.
_ დეკანოზმა მამალაძემ პატრიარქი თუ ჩააყენა საქმის კურსში, რომ შორენა და იაკობი გაჩუმებას ურჩევდნენ?
_ ეს დეტალები არ ვიცი…
_ შორენამ და იაკობმა მამა გიორგი „ციანიდის საქმემდე“ რამდენი ხნით ადრე გააფრთხილეს?
_ რამდენიმე თვით ადრე…
_ მამა გიორგი ვერ მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა?
_ როგორ უნდა მიმხვდარიყო? უბრალოდ, ხვდებოდა, რომ მისი აქტიურობა ბევრ სასულიერო და საერო პირს არ სიამოვნებდა…
_ შორენა და იაკობი გასაგებია, მაგრამ საერო ხელისუფლებიდან გიორგი მამალაძის წინააღმდეგ კონკრეტულად ვინ მოქმდებდა?
_ ვინ და, _ სოსო გოგაშვილი, ასევე ანზორ ჩუბინიძე.
სხვათა შორის, ამ დღეებში სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ეუბნება, ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია და მთელი აეროპორტები მაგის ხელშიაო. მაგის ხელში რომაა მთელი აეროპორტები, სწორედ ეს გახდა საფუძველი, აეროპორტის ჩანაწერი რომ ვერ ამოვიღეთ, თუ როგორ მოხდა მამა გიორგის დაკავება! აი, როგორ არის შერწყმული საერო და სასულიერო პირების ინტერესები.
_ ამ კონკრეტულ საქმეში ანზორ ჩუბინიძის ინტერესი რა იყო?
_ რა თქმა უნდა, ფინანსები.
_ ანუ მეუფეების ბიზნესებიდან გოგაშვილსა და ჩუბინიძესთან წილი მიდიოდა?
_ მათაც თავიანთი ინტერესი ჰქონდათ.
_ კონკრეტულად, რა ინტერესი?
_ ქონებრივი… მოგეხსენებათ, ადამიანებს არაფერი ჰქონდათ და ორ-სამ წელიწადში ამხელა ქონება იშოვეს. ქონება ციდან არ ცვივა! სწორედ ამიტომ იყვნენ წინააღმდეგობაში მამა გიორგის ქმედებებთან.
_ თითქმის ორი თვეა, გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე აღარ არის. „ციანიდის საქმეში“ რატომ არაფერი შეიცვალა?
_ იმათთან მიმართებით, ვინც ორი წელია, წავიდნენ, რამე შეიცვალა? თუ ერთი ადგილიდან მიდის, მეორეგან გადაჰყავთ და ისე არ ხდება, რომ ადამიანმა პასუხი აგოს! დაუსჯელობის სინდრომი წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ახლაც ამის გადმონაშთია! შერჩევითი სამართალიც ისევ არის! აქედან გამომდინარე, არაფერი შეიცვალა და არც შეიცვლება!
კარგად რომ გადავხედოთ იგივე პარლამენტის წევრებს, რომლებიც წარსულში ადვოკატები იყვნენ, სიმართლეს იცავდნენ და უკან არ იხევდნენ, დღეს ციანიდისა თუ ხორავას საქმესთან დაკავშირებით, რატომღაც, სხვანაირი პოზიცია აქვთ, პროკურატურა მტყუანი არ არისო. არადა, ჩვენს ადგილას რომ იყვნენ, ზუსტად ჩვენნაირი პოზიცია ექნებოდათ, მაგრამ მათი მდგომარეობა შეიცვალა და ავიწყდებათ, რომ დაცვა სიმართლეს სჭირდება!
სხვათა შორის, მხოლოდ გოგაშვილი კი არა, მთავარი პროკურორიც დასანახად მოხსნეს.
_ შოთაძეს გულისხმობ?
_ არა, მანამდე რომ იყო, ფარცხალაძე, მაგრამ რა შეიცვალა? _ ყველაფერს კარგად აკონტროლებს _ ბათუმის პორტს და მთელ სიტუაციას… ბადაშვილიც გაუშვეს, მაგრამ მშვენივრად არის!
_ მამა გიორგის გოგაშვილსა და ჩუბინიძესთან უშუალო შეხება ჰქონია?
_ არა.
_ არც ის იცოდა, რომ მათ უპირისპირდებოდა?
_ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა…
ღვინის ქარხანა გაიყდა, რომელიც მილიონები ღირდა და გარკვეული წილები 150 თუ 300 ლარად დაითმო…
_ წმინდა სინოდი საგამოძიებო ორგანო არაა. შესაბამისად, მამა გიორგის ეს საქმეები სინოდზეც რომ გაეტანა, ყველაფერი დარჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“…
_ ის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, სინოდის ნამუსზე იქნებოდა, მაგრამ მამა გიორგის თავისი საქმე ხომ უნდა შეესრულებინა?
_ ეს მესმის, მაგრამ რატომ არ უნდოდათ, რომ მამა გიორგის საქმის კურსში სინოდი ჩაეყენებინა? დეკანოზი ხომ არ აპირებდა, რომ მასალები პროკურატურისთვისაც გადაეცა?
_ არა, არა… მაგათ, უბრალოდ, ასეთი წესი აქვთ, რომ მსგავსი საკითხები წმინდა სინოდის დახურულ სხდომაზე უნდა იყოს განხილული.
_ ჰოდა, სინოდი განიხილავდა და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. ამხელა „ციანიდის სკანდალი“ რაღა საჭირო იყო?
_ მამა გიორგის მსგავსი ჯიუტი მღვდლები სხვებიც არიან და „ციანიდის საქმე“, ალბათ, მათ დასანახად სჭირდებოდათ, აი, ვინც ჩვენ არ დაგვიჯერებს, ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებაო.
_ მიშიკო, შენი ინფორმაციით, „ციანიდის სპეცოპერაცია“ რამდენ ხანს მზადდებოდა?
_ ეს ფორმულირება წელიწადზე მეტ ხანს, თუმცა თავიდან გველის, კონკრეტულად, გიურზის შხამი იყო, ამას მოჰყვა ციანიდი, რაზეც სხვა რაღაც იყო აგებული…
_ ფაქტია, რომ მამა გიორგი გერმანიაში მიდიოდა და ამ დროს დააკავეს. მას ევალებოდა, რომ პატრიარქისთვის გერმანიაში ჩაეკითხა?
_ დიახ, ევალებოდა.
_ თუ ევალებოდა, დელეგაციასთან ერთად რატომ არ წავიდა?
_ პატრიარქი გერმანიაში ძალიან სწრაფად წაიყვანეს. საერთოდ, როცა პატრიარქი უცხოეთში მიდის, გარვეული ძღვენი მიაქვს ხოლმე, უმეტესად, ღვინო. სხვათა შორის, საქმეშიც არსებობს, თუ როგორ შეაგროვა მამა გიორგიმ ღვინო, რომელიც პატრიარქის მოთხოვნით გერმანიაში უნდა ჩაეტანა…
_ დეკანოზს გერმანიაში ღვინის ჩატანა უშუალოდ პატრიარქმა სთხოვა?
_ მეუფე დიმიტრისთან ჰქონდა კონტაქტი.
_ ანუ მამა გიორგის მეუფე დიმიტრიმ უთხრა, რომ გერმანიაში ღვინო ჩაეტანა?
_ დიახ, ჩამოდი და ღვინო ჩამოიტანეო.
_ სხვა ვიზიტები გასაგებია, მაგრამ, ამჯერად, პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა და ღვინო მედპერსონალის ძღვენი იყო?
_ ასე გამოდის…
სხვათა შორის, როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მამა გიორგის პატრიარქთან ყოფნა პროტოკოლითაც ევალებოდა.
_ გიორგი მამალაძემ იცოდა, რომ პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში მიჰყავდათ?
_ არა.
_ როდის გაიგო?
_ პატრიარქი რომ გაფრინდა, მეორე დღეს.
_ ვინ იცოდა, რომ მამა გიორგი გერმანიაში წასვლას აპირებდა?
_ ეცოდინებოდა შორენას, იაკობს… თვითონაც უთხრა ირაკლი მამალაძეს, გერმანიაში მივდივარო.
_ თუმცა, გერმანიაში წასვლის წინ, რამდენიმე დღე, მამა გიორგი გაქრა…
_ უშიშროების სამსახურმა ყველაფერი ზეპირად იცის… სასამართლოს განჩინებით, ორი კვირის განმავლობაში მამა გიორგიზე თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა და დეტალურად იციან, სად იყო და ეს მეც ძალიან კარგად ვიცი.
_ სად იყო?
_ ბათუმში იყო, სადაც სტუმრები ჰყავდა… „დაჟანგული“ მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, გაქრაო, თორემ უშიშროებამ ყველაფერი იცის _ მთელი ჩანაწერები არსებობს და საქმეშიც დევს. სატელეფონო საუბრებიც იციან, თუ როგორ სთხოვდა ბათუმში კრედიტის გამოტანას, 15 ათას დოლარს მამა გიორგი.
_ ამ კრედიტის აღებას როდის ცდილობდა?
_ როცა გერმანიაში მიდიოდა.
_ გერმანიაში თავისი ხარჯით უნდა წასულიყო?
_ რა თქმა უნდა. დაცვის თანამშრომლებს თანხა არ ჰქონდათ და მათთვის უნდა ჩაეტანა. წესით, თანხა იაკობს უნდა გადაეხადა, მაგრამ ძალიან იშვიათად უხდიდა და მამა გიორგიმ კრედიტი ამიტომ აიღო… ისიც ზეპირად იციან, მამა გიორგი აეროპორტში როგორ მივიდა.
_ აეროპორტში ვინ მიიყვანა?
_ თავისმა მძღოლმა.
_ მძღოლიც აიყვანეს?
_ არა. მძღოლი წამოვიდა… მამა გიორგიმ ბარგი ჩააბარა, გაიარა სკანირება… პატრიარქის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აეროპორტის უშიშროების ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკა, _ აი, მამა გიორგის ღვინო მოაქვს, გადამეტებული ტვირთის გამო პრობლემები არ შეექმნასო და ე. წ. ვიპგასასვლელში დახვდნენ, მერე, თვითმფრინავამდე რომ მისულიყო, ავტობუსში კი არა, „მარშრუტკაში“ ჩაჯდა და იქიდან მოიპარეს…
_ ასეა თუ ისე, ფარულ ჩანაწერში, რომელიც გამოძიებამ გაავრცელა, გიორგი მამალაძე ციანიდს ახსენებს…
_ ციანიდზე ლაპარაკს ირაკლი მამალაძე იწყებს… სხვათა შორის, არსებობენ მეუფეები, ერთი, მგონი, ნიკოლოზია, რომლებმაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მამა გიორგის უთხრეს, _ ორი-სამი წლის წინ, საოქრომჭედლო საქმიანობისთვის, ციანიდს ვიყენებდითო, მაგრამ ეს მეუფეები ჩუმად არიან.
_ საოქრომჭედლო საქმიანობისთვის ციანიდს, ალბათ, კანონიერად ყიდულობდნენ…
_ დიახ. შემოჰქონდათ უკრაინიდან, მაგრამ მერე ეს, ალბათ, ჩაიკეტა და ამიტომ სთხოვა შორენამ მამა გიორგის.
_ ციანიდის შოვნა ოფიციალურად რომ არ სთხოვეს, მამა გიორგი რატომ არ დაეჭვდა?
_ საპატრიარქო ქუჩა ხომ არ არის, დაგხვდები და თავს გაგიტეხავო?
_ მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
_ ხან _ ისეთი, ხან _ ასეთი. იდეალური ურთიერთობა ცოლ-ქმარს არ აქვს, მაგრამ მათი ურთიერთობა შორენასთვის საინტერესო არ იყო და უნდა დასრულებულიყო… აქ მთელი მეტასტაზებია… რა უნდა მოხდეს საპატრიარქოში და ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი…
_ გოგაშვილისა და ჩუბინიძის გარდა, საერო პირებიდან იმის საქმის კურსში, რომ „ციანიდის სკანდალი“ მზადდებოდა, კიდევ ვინ იყო?
_ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
_ ამას რით ასკვნი?
_ მამა გიორგის თავიდანვე ბრალი წაყენებული ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის, თუმცა ბრალის წაყენებიდან ორი დღის შემდეგ მთავარი პროკურორი აცხადებს, მაღალი სასულიერო პირის მოკვლას გეგმავდა და ამით გადავარჩინეთ ეკლესიაო, რეალურად, საზოგადოება მოატყუა.
_ მკვლელობა მკვლელობაა, გინდ პატრიაქრის იყოს და გინდ _ მისი რეფერენტის.
_ დიახ, მაგრამ საზოგადოებას მოატყუეს, პატრიარქი გადავარჩინეთო…
_ მიშიკო, საქმეს თუ სტრასბურგში გაასაჩივრებთ, ადვოკატებს, ალბათ, ფაქტები დაგჭირდებათ, რითაც დაამტკიცებთ, რომ მამა გიორგი შეთქმულების მსხვერპლია…
_ რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ და ფაქტებიც გვაქვს… ისე, იაკობი ერთ წუთში ამბობდა, გამოძიებას ვენდობითო, მეორე წუთში კი, _ გამოძიებამ ძალიან ბევრი ეჭვი დატოვაო და წინააღმდეგი არ იყო, მამა გიორგი პრეზიდენტს შეეწყალებინა, ოღოდ თუ ჩუმად იქნებოდა.
_ ისე, პრეზიდენტმა დეკანოზი რატომ არ შეიწყალა?
_ იმ კომისიაში არის მეუფე თეოდორე ჭუაძე, რომელიც მაგათი ჯგუფის წევრია.
_ პატრიარქის მესაყდრე შიო და პრეზიდენტი მეგობრები არიან. ამბობენ, რომ შიოს პატრიარქობა უნდა… ესეც ხომ არ არის მიზეზი, რის გამოც მარგველაშვილი დეკანოზს არ იწყალებს?
_ ყველაფერი შესაძლებელია.
_ საქმე სტრასბურგში როდის უნდა გაასაჩივროთ?
_ თვის ბოლოს გავაგზავნით…
_ რას მოითხოვთ სტრასბურგისგან?
_ მორალური ზიანის ანაზღაურებას და ყველას პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც ამ საქმეში ჩართული იყო. თუ გახსოვს, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო, თავიდან დაიწყო და სწორედ ამის მერე დააკავეს მელნიკოვი, რომელიც მერე საპროცესოთი გაუშვეს…
_ მიშიკო, ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეთ, ამ საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია და თუ მამა გიორგი უფლებას მოგვცემს, გავახმაურებთო. მაინც, რა არის ასეთი სკანდალური?
_ ამ თემას ვერ შევეხები…
_ რატომ, რამე ინტიმურია?
_ დიახ…
_ ეს ინტიმური თემები სასულიერო პირებს ეხება?
_ დიახ.
_ ანუ სექსამდე მივდივართ?
_ არ ვიცი… ვნახოთ…
_ რას ნიშნავს, ვნახოთ? მამა გიორგის არ აქვს შენთვის მოყოლილი?
_ დიახ, მაგრამ ეს კონფიდენციალურია…
_ რატომ არ ამბობს მთელ სიმართლეს მამა გიორგი? ის საფრთხეშია?
_ მამა გიორგი საფრთხეში ყოველთვის იყო. პარალელს გავაკეთებ: დედა თამარი ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს, თუ რა ხდება საპატრიარქოში, ზვიად გამსახურდიას დროიდან ყველაფერში ჩახედულია, მაგრამ პატრიარქთან შესვლა შეუზღუდეს… კელიაშია ჩაკეტილი _ ლიფტს არ უკეთებენ და მეუფე იაკობი ეუბნება, როდის მოკვდებიო… დედაომ იმდენი რამ იცის და იმდენი რაღაცის თქმას აპირებს, ვინ საიდან არის, რა ფუნქციის მატარებელია და დედაოსგან მეც ვიცი…
_ მიშიკო, პატრიარქმა „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე, ბოლოს და ბოლოს, გაიგო?
_ მაშინ გაიგო, როცა პირველად შევხვდით… სხვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსებს შევხვდი და ეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან თავი პედაგოგთა საბჭოზე თუ პროკურატურაში, დაკითხვაზე მეგონა!
_ პატრიარქს „ციანიდის საქმის“ დეტალები რომ უამბე, რა გითხრა?
_ მითხრა, მამა გიორგი მკვლელობას არათუ ჩაიდენდა, არამედ არც გაიფიქრებდაო.
_ ამის თაობაზე უწმინდესმა საჯარო განცხადება რატომ არ გააკეთა?
_ გერმანიიდან რომ ჩამოვიდა, ჩვენ მეორე დღეს შევხვდით, შემდეგ მასთან შევიდნენ შორენა, თეოდორე, იაკობი და უთხრეს, _ თქვენო უწმინდესობავ, მამა გიორგის პირად თავდებში რომ ჩაუდგეთ და ციხიდან გამოვიდეს, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს, რადგან ხალხმა იცის, რომ მას თქვენი მოკვლა უნდოდაო, ანუ პატრიარქი მოატყუეს და დილემის წინაშე დააყენეს.
_ უწმინდესთან შეხვედრა მას მერე აღარ გიცდია?
_ სიმართლე გითხრა, არა.
_ რატომ?
_ ყველაფერს გააკეთებენ, რომ პატრიარქი არ ვნახო!
_ ოხანაშვილთან ურთიერთობა გაქვს?
_ არა!
_ ოხანაშვილმა „ციანიდის სკანდალის“ ყველა დეტალი იცის?
_ დიახ, მან ძალიან ბევრი რაღაც იცის.
_ თუმცა არ ლაპარაკობს…
_ როცა გარდაუვალი დრო და საჭიროება იქნება, ყველაფერს, ალბათ, მაშინ იტყვის.
_ „ციანიდის საქმეზე“ ამომწურავ სიმართლეს ჩვენ, მოსახლეობა, ოდესმე გავიგებთ?
_ აუცილებლად!
_ და ადვოკატები ახლა რატომ არ ასაჯაროებთ, რას ელოდებით?
_ რას ველოდებით და, _ გარკვეულ საკითხებზე საპატრიარქოს რეაგირებას, ანუ საპატრიარქო აპირებდა კომისიის შექმნას და დადგენას, რა მოხდა. ხომ უნდა შეხვდნენ მამა გიორგის და ჰკითხონ, რა, როგორ და რისთვის მოხდა?
_ მეუფე დიმიტრი მამა გიორგის მხარესაა?
_ მისი სულიერი მამაა… მამა გიორგი გულდაწყვეტილია, რომ გაუგებარი პოზიცია უჭირავს… სხვათა შორის, მამა გიორგი რომ დააკავეს, პირდაპირ უთხრეს, დაადე ხელი მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილს, რომ ამ საქმეში იყვნენ ჩართულები და შენ გაგიშვებთო…
_ რომ დაიჭირეს, მამა გიორგიმ პირველად ვის დაურეკა?
_ დაკავებიდან ექვსი საათის შემდეგ მეუღლეს დაურეკა, ადვოკატი მომიყვანეთო.
_ მეუფე დიმიტრის რატომ არ დაურეკა?
_ მეუფეს ხომ არ დაურეკავდა, ადვოკატი მომიყვანეო?
_ მიშიკო, „ციანიდის საქმე“ „ოცნების“ წინააღმდეგ მთავარ სამხილად გამოდგება?
_ დიახ, გამოდგება, რადგან ის კადრები, რომლის დროსაც „ციანიდის საქმე“ შეიკერა, ჩემი კი არა, „ოცნების“ მოყვანილი იყო და ყველას პასუხისმგებლობა დადგება!
ამიტომაც მივმართავ პრეზიდენტს, ამ ქვეყანაში, იქნებ, კიდევ დარჩეს ღირსებისა და სიტყვის ნათელი წერტილი _ ყველანაირი მტკიცებულება უდევს და თუ ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია, იმასთან მიახლოებული გადაწყვეტილება მაინც ხომ უნდა მიიღოს, რა განაჩენსაც სტრასბურგის სასამართლო მიიღებს?!
ჰოდა, პრეზიდენტმა მამა გიორგი შეიწყალოს! მინდა, მამა გიორგი სტრასბურგის მიერ გამოტანილ თავისუფლებას საქართველოში უკვე თავისუფალი შეხვდეს!
_ ისე, ეკლესიას გიორგი მამალაძე არ განუკვეთავს, არა?
_ არა. განკვეთის საფუძველი არ არსებობს, უბრალოდ, მღვდელმსახურება შეუჩერეს…

გიორგი აბაშიძე