ცოლების “გაცვლის” პრინციპი ცესკოში

 

სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

თუმცა ამ კოკრეტული რიცხვის დასახელებამდე ბევრად ადრე დაიწყო საარჩევნო პოლიტიკური ციებ-ცხელება. სხვადასხვა პარტიამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ძალებით წარდგა ამომრჩეველის წინაშე, მმართველ პარტიას კი დღემდე არ დაუსახელებია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი და დამოუკიდებელი პრეტენდენტის მხარდამჭერად მოგვევლინა.
ცენტრალური ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების ან საინიციატივო ჯგუფების რაოდენობა, რომელმაც ცესკოს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით მიმართა, 16-ს შეადგენს, მათ შორის, სხვადასხვა პარტია და საინიციატივო ჯგუფიცაა. ამ 16-დან მხოლოდ ერთს ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.
მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე ცესკო-ს დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. ამ დადგენილების მიხედვით, „არჩევნები 2018-ისთვის“ ცენტრალური საარჩევნო კომისია 39 136 784 ლარს დახარჯავს.
აღნიშნული თანხიდან არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის გათვალისწინებულია 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 7 619 000 ლარი.
წინასაარჩევნო სამზადისი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინმსწრები პროცესია, აქტიურ ფაზაში ნელ-ნელა შედის. ამის პარალელურად დარღვევები, რომელიც ამ პროცესებს თან ახლავს, კიდევ უფრო აქტიურად იკვეთება და სააშკარაოზე გამოდის.
მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში სხვადასხვა მიზეზით მოექცა. მათ შორის ისიცაა, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით 2023 წელს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. ანუ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობა პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევდეს.
სხვა ბევრი ფაქტორი განაპირობებს 2018 წლის ოქტომბრის არჩევნების აქტუალობასა და მისდამი დიდ ინტერესს.
პოლიტოლოგების შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა და მათი ტაქტიკა, რომლითაც ისინი ქვეყნის სათავეში აპირებენ მოსვლას. ასევე ცვლილებები, რომელიც ერთიანი ოპოზიციის შექმნას ან მოქმედ პარტიაში გარკვეული სახის გადანაცვლებებს გამოიწვევს. ვინ იქნება ამჯერად ხალხის რჩეული? არიან კი დამოუკიდებელი კანდიდატები დამოუკიდებლები და განმეორდება თუ არა მარგველაშვილის სცენარი, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ პირადი ინიციატივებით არც ისე სასურველი გახდა მმართველი პარტიისთვის?
ყველა ამ კითხვას პასუხი ორ თვეში გაეცემა, მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიებს აგრძელებენ და მოსახლეობას საკუთარ სამომავლო გეგმებსა და მიზნებს აცნობენ სხვადასხვა საშუალებით, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და სხვა აქტებით არჩევნებთან დაკავშირებით.
არჩევნები ეს არის პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.
სხვადასხვა სახელმწიფოსთვის არჩევნების სხვადასხვა პროცედურა არსებობს. ყოველი არჩევნები ეროვნული სუვერენიტეტის არსებობის შემთხვევაში პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს.
არჩევნებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რომელიც ისტორიულად არის აღიარებული და დასაბუთებული. ის გარკვეული პერიოდულობით ტარდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, როგორიც არის საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება; ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება; ფარული კენჭისყრის ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს; მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება; ასოციაციების თავისუფლება; სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეების ზეპირად, წერილობით ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლების ჩათვლით; ქვეყნის მოქალაქეთა უფლება _ შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.
ზუსტად ამ უკანასკნელის გამო არსებობდა, ჯერ კიდევ, უძველეს სახელმწიფოებში ხმის მიცემისა და კენჭისყრის წესები, რომელიც ხალხის ჩართულობასა და მათ მონაწილეობას განაპირობებდა პოლიტიკურ პროცესებში.
რაც შეეხება არჩევნების ისტორიას საქართველოში, პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია. არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით ჩატარდა. მასში 15 პარტია მონაწილეობდა.
ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში 1991 წლის 14 აპრილს შემოიღეს. ამ დროისთვის უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები კონკურენტული არ ყოფილა, კამპანიის უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია გახლდათ. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა, არჩეული კი ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას მიიღებდა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს.
სწორედ ამ ისტორიული და პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ საყოველთაო არჩევნების ჩატარება, რომლის მთავარი მახასიათებელიც გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა უნდა იყოს.
იმისთვის, რომ მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში _ მისცეს ხმა არჩევნების დღეს _ იგი უნდა შეიყვანონ საარჩევნო სიაში, ანუ მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. საქართველოს კანონმდებლობით ამომრჩეველი უნდა შეიყვანონ სიაში მისი მუდმივი სახოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს ახალი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეებს (საქართველოში კანონიერად მყოფ ნებისმიერ პირსაც) უფლება აქვთ, აირჩიონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან გამოიცვალონ იგი საკუთარი სურვილის მიხედვით. ოღონდ ამ უფლებას ახლავს ვალდებულებაც _ გაიარონ რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში. ე. ი. აცნობონ ამ ორგანოებს მათი მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და აიღონ შესაბამისი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი _ რეგისტრაციის მოწმობა.
მოქალაქის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის მისამართი, რომელზეც იგი არის რეგისტრირებული. ამომრჩევლის სიაში შეიყვანენ მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ამომრჩევლის საარჩევნო სიაში შეყვანას ეწოდება ამომრჩევლის რეგისტრაცია. საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან, ამომრჩევლის სია საყოველთაო გაცნობისთვის გამოაკრან არჩევნებამდე 10 დღით ადრე. ყოველ მოქალაქეს _ ამომრჩეველს _ უფლება აქვს, გამოთქვას პრეტენზია, თუ იგი რეგისტრირებული არ არის შესაბამის ტერიტორიაზე და გამორჩენილია ამომრჩევლის სიაში. პრეტენზია უნდა წარადგინონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში. თუ კომისიისგან უარს მიიღებენ, მათ უფლება აქვთ, პრეტენზია წარადგინონ შესაბამის სასამართლოში. იმ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, რომელიც რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები უნდა შეიყვანონ ცალკე ამომრჩეველთა სიაში.
საარჩევნო სიები წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მექანიზმი და საშუალებაა დარღვევების წარმოსაქმნელად და აღმოსაჩენადაც. არჩევნების თანმდევ პროცესს წარმოადგენს გაყალბებების მცდელობა. ამ დარღვევების ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდში იჩენს თავს. მათ შორის, უმეტესი წილი დარღვევებისა სწორედ საარჩევნო სიებზე მოდის, სადაც ხშირია ე. წ. მკვდარი სულების არსებობა, ასევე დარღვევები რეგისტრაციის ადგილისა და ხმის მიცემის უბნის მიხედვით.
გამონაკლისი არც „არჩევნები 2018-ია“, რომელიც აქტიურ ფაზაში შევიდა, შესაბამისად, გააქტიურდა დარღვევების გამოვლენისა და მათზე პროტესტის გამოხატვის ფორმებიც.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხვადასხვა დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო სიებში აღმოაჩინა და მათზე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებსაც მიმართა.

რა კონკრეტული საფრთხეები ახლავს თან ამ დარღვევებს და როგორ აისახება იგი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე, „ქრონიკა+“ ამ და სხვა კითხვებით დაინტერესდა და ლევან ხაბეიშვილს წინასაარჩევნო გარემოსა და მის მახასიათებლებზე გაესაუბრა:
_ რა კონკრეტული დარღვევები იკვეთება საარჩევნო სიებში?
_ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი, რომელიც ეხებოდა საოლქო კომისიებში დანიშნულ ე. წ. ნეიტრალურ პირებს, ანუ ოლქის წევრებს, რომლებიც წესით, ნეიტრალურები და პროფესიული ნიშნით შერჩეულები უნდა იყვნენ, თუმცა ყველა ოლქში, სადაც ცესკომ ე. წ. დამოუკიდებელი წევრი დანიშნა, ყველა არის ვიღაცის ნათესავი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მაზლის შვილი და ა. შ.
ეს ნათესაური კავშირები დეტალურად არის გაშიფრული. ნაცვლად იმისა, რომ კომისიის წევრები დამოუკიდებელი და პროფესიული ნიშნით შერჩეული ყოფილიყვნენ, ეს დარღვევები იკვეთება. ასევე გამოიკვეთა ე. წ. ცოლების „გაცვლის“ პრინციპიც. მაგალითად, კრწანისის რაიონის ოლქის თავმჯდომარემ მისი ცოლი სხვა ოლქში დაასაქმა, იგივეა ქარელის ოლქის თავმჯდომარის შემთხვევა, რომელმაც მეუღლე გორის ოლქში დაასაქმა და ა. შ.
ყველგან მოხდა მსგავსი ტიპის გადათამაშებები. ნათესავების გაცვლა ოლქებში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ საზოგადოებისთვის კვალი აერიათ და თავისი ნათესაური კავშირი დაეფარათ, რომელიც ბევრად შესამჩნევი გახდებოდა ერთ ოლქზე მუშაობისა და დარეგისტრირების დროს.
დაფიქსირდა და აღმოვაჩინეთ ასევე მერიის თანამშრომლების დანიშვნის ფაქტები ვითომდა დაოუკიდებელ და ნეიტრალურ კომისიის წევრებად და ა. შ. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არის „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტირებული და ზუსტად მასთან შეთანხმებით მოქმედებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ისინი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან.
_ რა საფრთხეები ახლავს ამ დარღვევებს მომავალი არჩევნების ჩასატარებლად?
_ წარმოუდგენელია, რომ საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ნათესაურ კავშირში არიან მმართველ პარტიასთან ან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ისინი, ამავდროულად, დამოუკიდებელნი იყვნენ არჩევნების ჩატარებისა და მისი პროცედურების გაკონტროლების დროს. ამ ადამიანებს პარტიული კუთვნილება აქვთ, ასევე გამომდინარე აქედან, პარტიული ვალდებულებები და შეუძლებელია, ისინი დამოუკიდებლები იყვნენ.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების ჩატარებას კი არ აპირებს, არამედ ოპოზიციურ პარტიას ბაზარში ეპატიჟება, სადაც გამყიდველიც და მოვაჭრეც თავად იქნება.
_ დარღვევების აღმოჩენის შემდეგ როგორი იყო თქვენი რეაგირება?
_ რაც შეეხება რეაგირებას, ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ამაზე მკაცი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
ასევე გაერთიანებული ოპოზიცია ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა, კერძოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მათ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ამ დარღვევების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების დიდი იმედი არ გვაქვს, მაინც მივმართეთ მათ განცხადებით და ამ საქმის დეტალური გამოძიება და შესწავლა მოვითხოვეთ. იურიდიულად სხვა გასაქანი არ გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთაა, რადგან ისეთ არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, რომელიც სამართლიანი და დემოკრატიული იქნება.
საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს _ არჩევნები ყალბდება არჩევნების გამოცხადების დღიდან და ეს აქტიურად ხდება ჩვენ რეალობაში.
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, ქალბატონ ჟვანიას ანაზღაურება თვიდან თვემდე არის, ფაქტობრივად, ათი ათასი ლარი. უკანასკნელი შვიდი თვის ანაზღაურებას თუ ავიღებთ, მან ხელფასის სახით 70 000 ლარზე მეტი თანხა აიღო.
ამას თუ დავამატებთ მისი მოადგილისა და კიდევ ერთი მდივნის ხელფასს, ვნახავთ, რომ მხოლოდ ამ სამი პირის შენახვა ცესკოში 200 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. სწორედ ეს თანხა ღირს არჩევნების გაყალბება ამ შემთხვევაში. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბიუჯეტიდან, ანუ რეალურად ჩვენი ჯიბიდან გამოყოფილი თანხებით ყალბდება საბოლოოდ არჩევნები.
ცესკოს უკანასკნელ შვიდ თვეში ქვეყნის გარეთ 77 000 ლარის სამივლინებო ხარჯი ჰქონდა, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ეს თანხა 44 000 ლარს შეადგენს.
მაშინ, როდესაც მილიონობით ლარს ვხარჯავთ იმაში, რომ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს და ცესკო ღია იყოს ამ მიმართულებით, პირიქით _ „ქართული ოცნების“ შტაბს ვიღებთ. ე. ი. ჩვენ ცესკოს კი არ ვაფინანსებთ, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს და მისი შტაბის უფროს თამარ ჟვანიას. ეს არჩევნები ამას აჩვენებს, წინა არჩევნებიც ამას ადასტურებს.
მიუხედავად დარღვევებისა, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ვეღარ გაყალბდება. ამას ადასტურებს სხვადასხვა კვლევაც, რომელიც აჩვენებს, რომ 52% ჩვენი მოსახლეობისა არ ენდობა ცესკოს, ანუ ყოველი მეორე ადამიანი არ ენდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ დაწესებულების მიმართ უნდობლობა გაიზარდა.
მჯერა, რომ საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება და შეფასებები იქნება. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთაა, რომ ეს არჩევნები იყოს არჩევნების ჭრილში და ის არ გახდეს ქაოსი, რასაც უკვე ცდილობს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო სიებში დარღვევები და სხვა წინმსწრები ფაქტები მომავალი არჩევნების მიმართ ბევრ კითხვას ბადებს. პოლიტიკური თამაშები აქტიურ ფაზაში გადადის, ხალხის ნებასა და არჩევანს კი ჩვენი ქვეყანა ოქტომბრის ბოლოსთვის ელოდება, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და კიდევ უფრო მეტ ვარაუდს ან მოლოდინს აქცევს რეალობად.

ანა ურუშაძე